განმარტება - იოანეს გამოცხადების განმარტება_10_ანგელოზი გახსნილი წიგნით - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის განმარტება

გამოკრებილი თანამედროვე ღვთისმეტყველთა და წმიდა მამათა თხზულებებიდან
ანგელოზი გახსნილი წიგნით

(თ. 10)
იოანეს გამოცხადება
ძვ. ქართულით

1. და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, გარდამომავალი ზეცით, და ემოსა ღრუბელი; და ირისე, რომელ არს მშჳლდი ცისაჲ ბერძლებრ, იყო თავსა ზედა მისსა; და პირი მისი, ვითარცა მზე; და ფერჴნი მისნი, ვითარცა სუეტნი ცეცხლისანი. 2. და აქუნდა ჴელთა მისთა წიგნი განღებული. და დადვა ფერჴი მისი მარჯუენე ზღუასა ზედა და მარცხენე -ქუეყანასა ზედა. 3. და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა, ვითარცა ლომი რაჲ ყჳრინ. და რაჟამს ჴმა-ყო, თქუნეს შჳდთა ქუხილთა ჴმანი მათნი. 4. და რაჟამს თქუეს შჳდთა მათ ქუხილთა, მეგულებოდა წერად. და მესმა ჴმაჲ ზეცით, რომელი მეტყოდა: დაჰბეჭდე, რაჲ-ეგე თქუეს შჳდთა მათ ქუხილთა, და ნუ დასწერ. 5. და ანგელოზმან მან, რომელი-იგი ვიხილე ქუეყანასა ზედა და ზღუასა ზედა მდგომარე, აღიღო ჴელი თჳსი მარჯუენე ზეცად 6. და ფუცა მისა, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე, რომელმან დაჰბადა ცაჲ და რაჲ არს მას შინა, და ქუეყანაჲ და რაჲ არს მას შინა, და ზღუაჲ და რაჲ არს მას შინა, ვითარმედ: ჟამი არღა იყოს. 7. არამედ დღეთა მათ ჴმისა მეშჳდისა ანგელოზისა, რომელსა ეგულების დაცემად საყჳრისა, და აღესრულა საიდუმლოჲ ღმრთისაჲ, ვითარცა ახარა მონათა თჳსითა წინაჲსწარმეტყუელთა. 8. და ჴმაჲ იგი, რომელი მესმა პირველ, კუალად მეტყოდა მე, ვითარმედ: წარვედ და აღიღე წიგნი იგი განღებული ჴელთა შინა ანგელოზისა მის, მდგომარისა ზღუასა ზედა და ჴმელსა. 9. და წარვედ ანგელოზისა მის და ვარქუ მას მოცემად ჩემდა წიგნი იგი. და მრქუა მე, ვითარმედ: აღიღე და შეჭამე წიგნი ესე, და დაამწაროს მუცელი შენი, არამედ პირსა შენსა ტკბილ იყოს ვითარცა თაფლი. 10. და აღვიღე წიგნი იგი ჴელთაგან ანგელოზისათა და შევჭამე. და იყო პირსა შინა ჩემსა ტკბილ ვითარცა თაფლი. და რაჟამს შევჭამე იგი, დაამწარა მუცელი ჩემი. 11. და მრქუა მე: ჯერ-არს შენდა კუალად წინაწარმეტყუელებაჲ ერთა ზედა და წარმართთა და ენათა და მეფეთა ქუეყანისათა.


ახ. ქართულით

1. ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი ძლიერი, რომელსაც ემოსა ღრუბელი; თავს ცისარტყელა ედგა და მისი სახე იყო როგორც მზე, ფეხები კი - როგორც ცეცხლის სვეტნი. 2. ხელთ ეპყრა გადაშლილი წიგნი: მარჯვენა ფეხი ზღვას დააბჯინა, ხოლო მარცხენა - მიწას, 3. და წარმოსთქვა მგრგვინავი ხმით, როგორც ბუხუნებს ლომი; და როცა დაიგრგვინა, შვიდმა ქუხილმა გაიღო თავისი ხმა. 4. და როცა შვიდმა ქუხილმა გაიღო თავისი ხმა, მე დავაპირე წერა, მაგრამ ჩამესმა ხმა ზეცით, რომელმაც მითხრა: დაბეჭდე, რაც თქვა შვიდმა ქუხილმა, და ნუ დაწერ. 5. ხოლო ანგელოზმა, რომელიც ვიხილე ზღვასა და ხმელზე მდგარი, თავისი ხელი აღაპყრო ზეცად, 6. და დაიფიცა ცოცხალი უკუნითი უკუნისამდე, რომელმაც შექმნა ცა და ყოველივე ციური, მიწა და ყოველივე მიწიერი, ზღვა და ყოველივე ზღვიური, რომ უკვე აღარ იქნება დრო. 7. არამედ იმ დღეებში, როცა ხმას გაიღებს მეშვიდე ანგელოზი, როცა ის ჩაბერავს საყვირს, აღსრულდება ღმრთის საიდუმლო, რომელიც მან ახარა მონებს თვისას - წინასწარმეტყველთ. 8. და ხმამ, რომელიც პირველად მესმა, მითხრა: მიდი და აიღე გახსნილი წიგნი ანგელოზს რომ უჭირავს და დგას ზღვასა და ხმელეთზე. 9. და მივედი ანგელოზთა და ვუთხარი მოეცა ჩემთვის ის წიგნი. და მითხრა: აიღე და შეჭამე ეს წიგნი, და დაამწაროს შენი მუცელი, ხოლო პირსა შენსა ტკბილ იყოს ვითარც თაფლი. 10. ავიღე წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და თაფლივით მეტკბილა პირში, მაგრამ, როდესაც შევჭამე, გაამწარა ჩემი მუცელი. 11. ხოლო მან მითხრა: კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის.


IV. საღმრთო განგებულების გამოვლენის მეორე თანამიმდევრობა (თ. 7-11)

ანგელოზი გახსნილი წიგნით (თ. 10)

მე-10 და მე-11 თავებში აღწერილი მოვლენები განეკუთვნებიან იმავე მოვლენათა რიგს, რომელთაც მე-7 და მე-9 თავში აღწერილნი. წინა ხილვაში მეექვსე საყვირით უკვე ნაუწყებია გამოცხადება ბოლოს წინა ჟამის შესახებ, ანუ მსოფლიოში დემონური ძალის მოქმედებაზე, რომელიც ანტიქრისტეს პიროვნებაში ჰპოვებს თავის გამოხატულებას. მაგრამ ჯერ ეს ანტიქრისტე დასახელებული არ არის, არამედ მითითებულია მხოლოდ ის პირობები, რომელთა დროსაც არის მოსალოდნელი მისი გამოჩენა და გამეფება.

ამგვარად, მოვლენათა რიგი თავის დასასრულს უახლოვდება, ანუ გამოცხადებას სამყაროს აღსასრულისა და უფლის მეორედ მოსვლის შესახებ. მაგრამ გამოცხადების ეს პირდაპირი მიმდინარეობა წყდება და იოანე ხედავს ერთ შუალედურ ხილვას, რომელიც სწორედ მე-10 თავშია აღწერილი.

ეს ხილვა, თუმც რაღაც ახალს გვაუწყებს ბოლო ჟამის შესახებ, თავის მიზნად იოანესა და მისი აპოკალიფისის მკითხველში დიდი ყურადღებისა და კონცენტრირების გაღვიძებას ისახავს, რაც ერთის მხრივ, მიიღწევა მრისხანე შნაარსით, მეორეს მხრივ კი, განსაკუთრებული მითითებით მოსალოდნელი გამოცხადებისა (10:11).

1. ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი ძლიერი, რომელსაც ემოსა ღრუბელი; თავს ცისარტყელა ედგა და მისი სახე იყო როგორც მზე, ფეხები კი - როგორც ცეცხლის სვეტნი.

სხვა ანგელოზებთან ერთად, რომლებიც წინა ხილვებში ახსენა, იოანე ხედავს კიდევ "სხვა", ახალ ანგელოზს. სიტყვა "სხვა" ("ახალი" – ¥lloj) უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ იოანე ჭვრეტს არა ქრისტეს, რომელმაც ანგელოზის სახე მიიღო (1:13-20), არამედ ჩვეულებრივ ანგელოზს, მსახურს ყოვლისშემძლე ღმრთისა. ანგელოზის შემდგომი აღწერა ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ის ღმრთის ნების უბრალო, თუმცა ერთ ერთი უზენაესი მაუწყებელია. მოციქული მას "ძლიერს" უწოდებს. ამგვარი ეპითეტით ანგელოზი იწოდება 5:2-ე მუხლშიც. მაგრამ ეს არ არის იგივე ანგელოზი, რამეთუ შემდგომი აღწერა განსხვავებულია. ზუსტად ასევე შეუძლებელია ამ ანგელოზში (10:1) ვიგულისხმოთ მიქაელ მთავარანგელოზი, რადგან ის ცხადდება სრულიად სხვა სახის მოვლენებთან და საქმეებთან დაკავშირებით (იხ. ზაქ. 3:2; იუდა 1:9; გამოცხ. 12:7).

შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ იოანე ხედავს ისეთ ძლიერ ანგელოზს, რომელიც მას ჯერ არ უხილავს. ეს ანგელოზი ზეციდან ჩამოდის ("ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი ძლიერი"), რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის არის ღმრთის განსაკუთრებული წარგზავნილი. ასევე მითითება იმაზე, რომ ანგელოზი ციდან ჩამოდის არ გულისხმობს იოანეს ადგილის ცვალებადობას და იმას, რომ ცაში აღტაცებული ის კვლავ დედამიწაზე ჩამოვიდა და უკვე აქედან აკვირდება ახალ მოვლენას. იოანე, კვლავინდებურად ზეცაში აღტაცებული ხედავს ციდან მიწაზე ჩამომავალ ანგელოზს, რადგან მისი ექსტატური მდგომარეობისთვის ცისა და მიწის ხილვა ერთნაირად ხელმისაწვდომია.

აღწერს რა ამ ხილვას, იოანე შემდეგ თავისებურებებს აღნიშნავს:

1) ანგელოზს "ემოსა ღრუბელი", მაგრამ არა მუქი, ქარბუქისა და გაავდრების წინ რომ იცის ხოლმე, და არც დამკვირვებლის თვალისგან დასაფარად, არამედ პირიქით, რათა ადვილად სახილველი იყოს მისი სიდიადე და ბრწყინვალება; მსგავსი მნიშვნელობით ღრუბელი ჩვეულებისამებრ ველინდება წმიდა წერილის სხვა ადგილებშიაც (მათე 24:30; საქმე 1:11; გამოცხ. 1:7).

2) "თავს ცისარტყელა ედგა". ეს ცისარტყელა იყო არა "იასპისა და სარდიონის" მსგავსი, როგორც ეს 4:3-შია ნათქვამი, არამედ ჩვეულებრივი, ყველასთვის ცნობილი შვიდფერა ცისარტყელა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენთა ფერთა გარდატეხას ღრუბელში, რომელიც ანგელოზს ემოსა და მზესავით ბრწყინავდა. ხოლო რადგან წმიდა წერილში ცისარტყელა ღმრთის მოწყალების, მშვიდობისა და აღსრულებული მსჯავრის სიმბოლოა (დაბ. 9:11), მისით შემოსილი ანგელოზიც ღმრთის მოწყალებისა და მშვიდობის, ამასთანავე ღმრთის სამსჯავროს მახარობლად უნდა მივიჩნიოთ.

3) "და მისი სახე იყო როგორც მზე"
, ანუ ზეციური ბრწყინვალებით ბრწყინავდა და მეტყველებდა ღმერთზე, რომელიც არის წყარო ყოველგვარი ნათლისა და სიხარულისა, რომლის მახარობელიც ანგელოზი იყო.

4) "ფეხები კი - როგორც ცეცხლის სვეტნი"
. აღწერის ამ ნიუანსს (შეად. 1:15) ღმრთის მოწყალებასა და სახიერებაზე მინიშნებიდან, ღმრთის სამსჯავროს მინიშნებაზე გადავყავართ, რომელიც ღვთისმოსავთა და ერთგულთ წყალობს და აჯილდოვებს, მაგრამ სჯის უკეთურთ, აღხოცავს მათ პირისაგან მიწისა და განაგდებს მათ გარესკნელის ბნელში, სდაც არის დაუძინებელი მატლი და კბილთა ღრჭენა.

ანდრია კესარიელის განმარტებით: "აქ იგულისხმება წმიდა ანგელოზი, რაზეც "ღრუბელი, ცისარტყელა და მისი მზისებრი ნათელი" მიანიშნებს, რამეთუ ეს ყოველივე ზეციურ ანგელოზთა ღირსებაზე და მრავალფეროვან სათნოებებზე, მათ ნათელმოსილებასა და შემეცნებაზე მიუთითებს. "სვეტნი ცეცხლისა" შიშისა და სასჯელის სახეა, რომელსაც ანგელოზი მოაწევს მათზე, რომლებიც ზღვაში თუ ხმელეთზე ყაჩაღობენ. ამ სასჯელთა საყოველთაოობის აღსანიშნავად "დააბჯინა ანგელოზმა მარჯვენა ფეხი ზღვას, მარცხენა კი მიწას" (მ. 2) (ანდრია კესარიელი)"

2. ხელთ ეპყრა გადაშლილი წიგნი: მარჯვენა ფეხი ზღვას დააბჯინა, ხოლო მარცხენა - მიწას.

ანგელოზის ხელში იოანემ შენიშნა გადაშლილი წიგნი მცირე ზომისაა, რადგან ბერძნულ ტექსტში გამოყენებულია არა სიტყვა: b…blon, არამედ bibliod£rion, და ეს წიგნი გადაშლილი იყო. ეს ვითარება ორმხრივად განსხვავდება მე-5 თავში ნახსენები წიგნისგან, რომელიც შვიდი ბეჭდით იყო აღბეჭდილი. ეს სხვა წიგნია თუნდაც შვიდი ბეჭდის მოხსნის შემდეგ, რადგან მიუხედავად ბეჭდების მოხსნიან, არ შეიძლება ამ წიგნს "მცირე" ეწოდოს, რამეთუ ბეჭდების მოხსნით ის არ დაპატარავდებოდა თავის მოცულობაში. ცხადია, რომ ეს - სხვა წიგნია, მცირე მოცულობის და იოანესა და სხვა ადამიანების შემეცნებისთვის მისაწვდომი.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნი გადაშლილია, მისი შინაარსი ჯერ კიდევ უცნობია და მხოლოდ მომავალში გაიხსნება. ამიტომაც, არ შეიძლება თქმა იმისა, თითქოსდა მასში ასახული იყოს "იერუსალიმის ბედი მესიის მოსვლამდე" (Ewald), ან კიდევ "ქრისტეანული ეკლესიის ისტორია" (Hengstenberg); ეს არის მთელი მსოფლიო, რომლის წინაშეც გამოდის ანგელოზი გაშლილი წიგნით ხელში, თუმცა გამოდის არა როგორც მეუფე, არამედ როგორც ღმრთის ნებისა და მომავალი საშინელი სამსჯავროს მაუწყებელი (შეად.: ფსალმ. 8:7; 108:10).

"წიგნი იგი მცირე და წვრილად დაწერილი" შეიცავს იმ ბოროტ კაცთა სახელებსა და საქმეთ, რომლებიც ყაჩაღობენ ან რაიმენაირად უსჯულოებენ დედამიწაზე, ზღვაზე მოგზაურთ კი კლავენ. მათ დასასჯელად დააბჯინა ფერხნი ანგელოზმა როგორც იქ (მიწაზე) ასევე აქ (ზღვაზე)" (წმ. ანდრია კესარიელი).

როგორც გამოცხადების 5:2-მუხლში ანგელოზი ხმამაღლა ღაღადებდა: "ვინ არის ღირსი იმისა, რომ გადაშალოს ეს წიგნი და ბეჭედი ახსნას?", აქაც მე-3 მუხლში ანგელოზმა:

3. წარმოსთქვა მგრგვინავი ხმით, როგორც ბუხუნებს ლომი; და როცა დაიგრგვინა, შვიდმა ქუხილმა გაიღო თავისი ხმა.

რიცხვი შვიდი აქ აღებულია როგორც წმიდა რიცხვი, რომელიც აპოკალიფსისში არაერთხელ მეორდება (1:4; 4:5; 8:2). "შვიდი ქუხილი" ეს ჩვეულებრივი ქუხილის გრგვინვა როდია, ეს არის მეტყველება, რომელიც რაღაცას იუწყებოდა და ჩვენთვის უცნობი დარჩა. ამას ადასტურებს თვით ტექსტი აპოკალიფსისისა. "შვიდმა ქუხილმა გაიღო თავისი ხმა" - მიუთითებს იმაზე, რომ ქუხილები ნამდვილი ხმებით ლაპარაკობდნენ და მეტიც, ყოველი მათგანს "თავისი ხმა" ანუ განსაკუთრებულობა ახასიათებდა.

"მგრგვინავი ხმა" ანგელოზისა, რომელიც "ლომის ბუხუნის" მსგავსი იყო, მის სასჯელთა დაუთმენელ საშინელებაზე მიანიშნებს, რასაც მოწმობს დანიელი, რამეთუ მას მშვიდი და ურისხველი ანგელოზისთვისაც კი არ შეეძლო ეცქირა უშიშრად, არათუ მრისხანისთვის (დან. 10:8-10)" (წმ. ანდრია კესარიელი).

""შვიდი ქუხილი", როგორც ვფიქრობთ, ან ერთი მრისხანე ანგელოზის შვიდ ხმაზე, ან კიდევ მომავლის მაუწყებელ შვიდ სხვა ანგელოზზე მიანიშნებს, რამეთუ, ანგელოზთა წესრიგისამებრ, ესენი პირველის შემდგომნი არიან და არა მხოლოდ ბრძანებენ, არამედ წინასწარმეტყველების ჟამსაც მისგანვე მიიღებენ, როგორც ამას ბრძენი დიონისე მიუთითებს" (ანდრია კესარიელი).

4. და როცა შვიდმა ქუხილმა გაიღო თავისი ხმა, მე დავაპირე წერა, მაგრამ ჩამესმა ხმა ზეცით, რომელმაც მითხრა: დაბეჭდე, რაც თქვა შვიდმა ქუხილმა, და ნუ დაწერ.

"ხმა ზეცით", რომელიც იოანეს მოესმა, რომელიღაც ზეციური ბინადრის ხმაა, მაგრამ არა ღმრთისა. ხმამ იოანეს აუკრძალა ჩაეწერა ის, "რაც შვიდმა ქუხილმა თქვა" და ის სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩა. ყველა მცდელობა გამოიცნონ თუ რა შეიძლება ეთქვა "შვიდ ქუხილს", როცა "გაიღო თავისი ხმა" ამ საიდუმლოს წვდომის უსარგებლო და თვითნებური მცდელობაა. მაგრამ გვაქვს უფლება ვიკითხოთ, რატომ დარჩა აპოკალიფსისის მკითხველთათვის შვიდი ქუხილის უწყება საიდუმლოდ? ცხადია, არა იმიტომ, რომ მისი შინაარსი მიუწვდომელია ადამიანის გონებისთვის, რადგან იოანეც ადამიანია, რომელსაც ესმა შვიდი ქუხილის ნათქვამი და გაიგო იგი; ასევე არც იმიტომ, რომ მისი შინაარსი საკმაოდ საშინელია, რადგან რა შეიძლება აპოკალიპტურ სასჯელებზე უსაშინელესი იყოს?!

"შვიდი ქუხილის ხმა", როგორც ამას აპოკალიფსისის ქვეტექსტი 6-7-ე მუხლებში მიანიშნებს, უეჭველად განეკუთვნება ბოლო დროს, ხოლო რადგან ადამიანებმა არაფერი იციან სამყაროს აღსასრულისა და უფლის მეორედ მოსვლის დროის შესახებ (მათე 24:36), ქუხილთა ნათქვამიც მათთვის საიდუმლოდ უნდა დარჩეს. კაცთათვის ისიც საკმარისია, რომ ხუქილთა ხმები ღმრთის სამსჯავროს მოახლოვებას იუწყებიან.

""დაბეჭდვა" იმისა, - განმარტავს წმ. ანდრია კესარიელი, - რასაც ამბობდა "შვიდი ქუხილი", იმაზე მიუთითებს, რაც ამჟამად უცნობი და დაფარულია, მაგრამ თანდათანობით, დროთა განმავლობაში გაიხსნება. ღვთაებრივმა ხმამ უბრძანა მოციქულს, თავის გონებაში დაებეჭდა ეს ხმები, რომელთა შემეცნება და გახსნა ბოლო ჟამისთვისაა განკუთვნილი. ასევე ებრძანა ძველთაგან დანიელს, დაებეჭდა და არ გაემხილა მისთვის განდობილი მსგავსი სიტყვები".

5-6. ხოლო ანგელოზმა, რომელიც ვიხილე ზღვასა და ხმელზე მდგარი, თავისი ხელი აღაპყრო ზეცად, და დაიფიცა ცოცხალი უკუნითი უკუნისამდე, რომელმაც შექმნა ცა და ყოველივე ციური, მიწა და ყოველივე მიწიერი, ზღვა და ყოველივე ზღვიური, რომ უკვე აღარ იქნება დრო.

შთაბეჭდილების გასაძლიერებლად და იმის დასამტკიცებლად, რომ სამყაროს მომავალი გასამართლების საღმრთო განგება ჭეშმარიტი და გარდაუვალია, ანგელოზი, რომელიც "ზღვასა და ხმელეთზე" იდგა ხელს აღაპყრობს ზეცად და ღმერთს იფიცებს, რომ "უკვე აღარ იქნება დრო".

"და ანგელოზმან... დაიფიცა ცოცხალი". რადგანაც ღმერთს არავინა ჰყავს თავისზე უმეტესი, "თავისივე თავს იფიცებს" (ებრ. 6:13), მაგრამ ასე არ იქცევიან ანგელოზები, რომლებიც, როგორც ქმნილებანი, ჩვენ, ურწმუნოთ მათი ნათქვამის ჭეშმარიტებაში შემოქმედის დაფიცებით გვარწმუნებენ.

ანგელოზი იფიცებს, რომ "დრო უკვე აღარ იქნება" მომავალ საუკუნეში, როდესაც დადგება არა ისეთი დრო, მზის წრებრუნვით რომ აითვლება, არამედ მარადიული და ის დროებით აღრიცხვას არ დაექვემდებარება. ან კიდევ ეს ნიშნავს, რომ ანგელოზის ექვსი ხმის შემდეგ აღსასრულამდე დარჩება ჟამი მცირედი. ამიტომაც ამბობს (შემდეგ): "არამედ, იმ დღეებში, როცა ხმას გაიღებს მეშვიდე ანგელოზი, როცა ის ჩაბერავს საყვირს, აღსრულდება ღმრთის საიდუმლო, რომელიც მან ახარა მონებს თვისას -წინასწარმეტყველთ" (წმ. ანდრია კესარიელი).

ღმრთის მფიცავი ანგელოზის ხილვა გვაგონებს "სელით შემოსილმა კაცს" დანიელის წინასწარმეტყველებიდან, "მდინარის წყლებზე რომ იდგა". დანიელ წინასწარმეტყველი გვამცნობს, რომ მანაც "ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა და მარცხენა მკლავი და მე გავიგონე, როგორ დაიფიცა მან მარადცოცხალი, რომ წელიწადში, წელიწადებში და ნახევარში, როდესაც შეწყდება წმიდა ერის ძალის გაფანტვა, ყოველივე ეს მაშინ ასრულდებაო" (დან. 12:17).

იმ კაცმა, როცა ფიცულობდა, ორივე ხელი აღაპყრო ზეცად, ხოლო ანგელოზმა, რომელიც იოანემ ნახა, მხოლოდ ერთი "ხელი აღაპყრო ზეცად", რადგან მეორეში წიგნი ეჭირა (10:2); მაგრამ ერთიც და მეორეც ხელს ზეცისკენ აღაპყრობენ, თითქოსდა თვით ღმრთის საცხოვრისისკენ, თვით ღმრთისკენ და თავიანთი სიტყვების ჭეშმარიტების დასტურად სწორედ მას იმოწმებენ (იერ. 51:13-15).

უეჭველად, შვიდი ქუხილის ნათქვამი და "ზღვასა და ხმელეთზე მდგომი ანგელოზის" ფიცი ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ. ეს სხვადასხვა მოვლენებია, რაზეც იოანე 1-3 მუხლებშიც მიანიშნებს და 5-ე მუხლში კვლავ ამ ანგელოზის შესახებ მეტყველებს. ამიტომაც, მე-3 მუხლის "მგრგვინავი ხმა" 6-7-ე მუხლებში მოცემული ფიცისგან განსხვავებულ აქტად უნდა მივიჩნიოთ.

ანგელოზი იფიცებს ღმერთს, ანუ მას, ვინც "ცოცხალია უკუნითი უკუნისამდე" და, "რომელმაც შექმნა ცა და ყოველივე ციური, მიწა და ყოველივე მიწიერი, ზღვა და ყოველივე ზღვიური". ყოველივე ამაზე მინიშნება და არა ღმრთის რომელიმე სხვა თვისებაზე, მდგომარეობს იმ ჭეშმარიტების უწყებაში, რომ უფალ ღმერთს, როგორც ყოვლისშემძლე შემოქმედეს, შეუძლია თავისი ქმნილება მისი ყოფიერების საბოლოო მიზნამდე მიიყვანოს.

ფიცის შინაარსი ორგვარია: უარყოფითი (უკუთქმითი) და დადებითი. პირველი: "უკვე აღარ იქნება დრო", დრო სიცოცხლისა, ჟამი ყოფიერებისა, რომელიც ადამიანებს სულის საცხოვნებელი ღვაწლისთვის ებოძათ. ამიტომაც, მრავალი კომენტატორი ფიქრობს, რომ მე-6 მუხლის სიტყვები: "უკვე აღარ იქნება დრო" ნიშნავს, უკვე აღარ იქნება დრო ღმრთის მოწყალებისთვის, რადგან მეშვიდე საყვირი საბოლოო და საუკუნო სამსჯავროს დადგომის ნიშანი იქნება. მაგრამ ასეთ გაგებას არ ეთანხმება მეტყველების კონტექსტი, სადაც არაფერია ნათქვამი სინანულზე და ღმრთის მოწყალების მიღებაზე, ამიტომაც, უმჯობესია დავეთანხმოთ იმ კომენტატორებს, რომლებიც ანგელოზის ფიცში ხედავენ მითითებას, რომ მალე, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, მოიწევა მიწიერი დროების დასასრული, ან ის, რომ ახლოვდება მარადისობა, რადგან მსოფლიო გადატრიალებისა და საუკუნო სამსჯავროს შემდეგ "დრო აღარ იქნება".

ანგელოზის ფიცის უარყოფითი შინაარსის ამგვარ გაგებას მისი დადებითი შინაარსი ადასტურებს. რატომ არ იქნება დრო? დრო იმიტომ არ იქნება, რომ:

7. იმ დღეებში, როცა ხმას გაიღებს მეშვიდე ანგელოზი, როცა ის ჩაბერავს საყვირს, აღსრულდება ღმრთის საიდუმლო, რომელიც მან ახარა მონებს თვისას - წინასწარმეტყველთ.

"ღმრთის საიდუმლო" სხვა არაფერია, თუ არა ღმრთის განგებულება ადამიანის ცხოვნებასა და სამყაროს მომავალზე. ეს ის განგებულებაა, რომლის შესახებაც მთელი წარსული დროის განმავლობაში ახარებდა ის თავის მონებს, წინასწარმეტყველებს.

8-10. და ხმამ, რომელიც პირველად მესმა, მითხრა: მიდი და აიღე გახსნილი წიგნი ანგელოზს რომ უჭირავს და დგას ზღვასა და ხმელეთზე. და მივედი ანგელოზთა და ვუთხარი მოეცა ჩემთვის ის წიგნი. და მითხრა: აიღე და შეჭამე ეს წიგნი, და დაამწაროს შენი მუცელი, ხოლო პირსა შენსა ტკბილ იყოს ვითარც თაფლი. ავიღე წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და თაფლივით მეტკბილა პირში, მაგრამ, როდესაც შევჭამე, გაამწარა ჩემი მუცელი.

"სხვა უზეშთაესი ანგელოზი უბრძანებს მახარობელს, წიგნის სახით მიიღოს გამოცხადებით მოცემულ დაფარულ საიდუმლოთა გულისხმისყოფანი" (ანდრია კესარიელი).

მე-8 მუხლში იოანე უბრუნდება იმას, რაც ახსენა მე-2 მუხლში, კერძოდ, გახსნილ წიგნს, ძლიერ ანგელოზს რომ ეჭირა ხელში. იოანე, რომელიც სულის ექსტატურ მდგომარეობაში იმყოფება, მივიდა ანგელოზთან. თანაც ანგელოზმა მას უბრძანა კი არ წაეკითხა, არამედ შეეჭამა წიგნი. წიგნის ეს შეჭმა ბუკვალურად უნდა გავიგოთ, თუმცა ამ ყოველივეში მისი სულიერი მნიშვნელობაც უნდა გულისხმავყოთ. კერძოდ, იიოანემ უნდა გადაამუშაოს ამ წიგნაკის შინაარსი და გაითავისოს იგი. ამის მსგავს ვხვდებით ეზეკიეილის წინასწარმეტყველებაშიც (ეზეკ. 2:8; 3:1). იოანე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ "თაფლივით ეტკბილა პირში, მაგრამ, როდესაც შევჭამა, გაამწარა მისი მუცელი".

როგორ მოხდა ეს გემოვნებითი განსხვავება პირსა და მუცელში, როდესაც ჩვეულებრივი ჭამის დროს გემო ერთი და იგივე რჩება? რას ნიშნავს ეს განსხვავება? რატომ ეტკბილა იოანეს წიგნის ჭამა და რატომ დამწარდა ის მუცელში? ზოგიერთი კომენტატორის აზრით აპოკალიფსისის წიგნის შინაარსი ტკბილია აღსაქმელად, მაგრამ მწარე გახდა მისი მომდევნო შემეცნებისთვის, როდესაც იოანესთვის ნათელი გახდა სამყაროსა და კაცობრიობის მომავლის დეტალები.

ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ დაპირისპირებულობას, რაც წმ. წერილის წარმოდგენით, არსებობს პირსა და გულს შორის (მათე 15:8, 9; 2 კორ. 6:12; გამოცხ. 2:23). ამის გათვალისწინებით განსახილველი მე-9 მუხლის ბოლო ნაწილი იმაზე უთითებს, რომ წიგნის შინაარსი ტკბილია მხოლოდ მისდამი უშუალო და პირველი შეხებით, როდესაც მას, ასე ვთქვათ, ჯერაც არ გამოუვლენია თავისი ზემოქმედება წინასწარმეტყველების მიმღების სულზე; მაგრამ ის დამწარდება, როდესაც მოახდენს ამ ზეგავლენას. იოანე არ დამწუხრებულა, პირიქით ტკბებოდა და სასოებით ივსებოდა, როდესაც ღმრთისგან ღებულობდა გამოცხადებას, რომელიც, თავისთავად, როგორც ღმერთთან ურთიერთობა, სიტკბოებისა და სასოების წყაროა. მაგრამ, როდესაც მან გადაიტანა ამ გამოცხადების შინაარსი და მათაც აუწყა, ვის გამოც ის მიიღო (ანუ კაცობრიობისთვის), მისი შიგანი (გულ-მუცელი) სიმწრით აღივსო, რადგან მისი სული აღივსო ტანჯვითა და თანაგრძნობით.

ეს ყოველივე, მომავალთან მიმართებაში ნიშნავს, რომ იოანე თუმც კი ხარობს გამოცხადების მიღებით, ეს სიხარული გადავა წუხილში, როდესაც ის გაეცნობა მის შინაარსს, როგორ აღნიშნავს ამას თავადვე მე-10 მუხლში: "ავიღე წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და თაფლივით მეტკბილა პირში, მაგრამ, როდესაც შევჭამე, გაამწარა ჩემი მუცელი".

ანდრია კესარიელის განმარტებით: ""ტკბილი" იქნება შენთვის მომავლის გულისხმისყოფაო, ბრძანებს ანგელოზი, მაგრამ "მწარეა" იგი გულისთვისო, რომელსაც "მუცლად" იტყვის, რადგან გული არის სულიერი საკვების დამტევნელი. "მწარე იქნება ის მუცლისთვის" (ანუ გულისთვის), რამეთუ აღსავსეა ის თანაგრძნობით იმათ მიმართ, ვინც უნდა დაითმინონ უფლის მიერ განსაზღვრული სასჯელები. ამის გაგება სხვაგვარადაც შეიძლება: რადგან მახარობელმა არ უწყოდა ცუდი საქმეები, რომლებიც წიგნშია აღწერილი, მას აჩვენებენ თუ როგორ ატკბობს კაცს ცოდვა დასაწყისში, რომელსაც მოაქვს დასჯის სიმწარე და სატანჯველნი... წიგნი თავიდან ტკბილი იყო სამახარობლო საქმისთვის, მაგრამ მწარე იყო აღსასრულის წყლულებათათვის; როგორც ცოდვაც ტკბილია თავიდან, თუმცა მწარეა მისი აღსასრული. ხოლო წმინდანნი, თავიანთი თანამგრძნობელობის გამო "ხარობენ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ, და ტირიან მათთან ერთად, რომელნიც ტირიან" (რომ. 12:15).

მე-10 თავის დასრულებას და მომდევნო თავის დაწყებას ემსახურება მე-11 მუხლი, რომელშიც ნათქვამია:

11. ხოლო მან მითხრა: კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის.


"მან მითხრა", ანუ იმან, ვინც სულ ახლახან ელაპარაკა იოანეს, მას კი ანგელოზი ელაპარაკებოდა, გახსნილი წიგნი რომ ეჭირა ხელში. ეს არის ძლიერი ანგელოზი, ღმრთის ნების განსაკუთრებული მაუწყებელი, რომელიც იოანეს ეუბნება: "კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება".

იოანემ კვლავ უნდა იწინასწარმეტყველოს, ანუ მიიღოს წინასწარმეტყველება მთელი სამყაროს მომავლის შესახებ; მას არ მოუწდებენ, როგორც ეზეკიელს, ადგეს და იწინასწარმეტყველოს, არამედ ჯერ მხოლოდ მიიღოს წინასწარმეტყველება.

იოანემ კვლავ უნდა განჭვრიტოს მის მიერ სიმბოლოთა სახით მიღებული გამოცხადება, რომელიც ეხება მთელი სამყაროსა და კაცობრიობის მომავალს, - "ყველა ხალხს და ერებს, ენათა და მეფეთ". ამგვარად, ეს არის არა კერძო წინასწარმეტყველება ისრაელი ერისა და იერუსალიმის დანგრევის შესახებ (როგორც ფიქრობდა ამას ზოგიერთი), და არც მხოლოდ იმის შესახებ როგორ დაისჯებიან უკეთურნი ან განიხარებენ მართალნი, ეს წიგნი ერთდროულად ყველაფერზე წინასწარმეტყველებს და იმასაც გვამცნობს, რა ბედი ეწევათ მართალთ და როგორი იქნება უკეთურთა ხვედრი.

"ამით მითითებულია ის, რომ ყოველივე, საღმრთო გამოცხადებით ნაუწყები, მყისვე კი არ აღსრულდება, არამედ სახარების ქადაგებით და მოუწევს ნეტარს სოფლის აღსასრულადმდე გამოცხადების წინასწარმეტყველება მათთვის, ვინც კითხულობს ამ წიგნს; ან კიდევ ეს ნიშნავს, რომ ის არ იგემებს სიკვდილს და სამყაროს აღსასრულის წინ კვლავ გამოჩნდება, რათა წინ აღუდგეს ანტიქრისტეს საცთურთ" (ანდრია კესარიელი).
Назад к содержимому