ანტიქრისტე - წმ. იოანე დამასკელი. ანტიქრისტეს შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
წმ. იოანე დამასკელი

"მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა" წ. IV. ანტიქრისტეს შესახებ

ანტიქრისტეს შესახებ
წმ. ირინეოს ლიონელი ანტიქრისტეს შესახებ
გვმართებს ვიცოდეთ, რომ უნდა მოვიდეს ანტიქრისტე. მართალია, ანტიქრისტედ იწოდება ყველა, ვინც არ აღიარებს ღვთის ძისა და ღმერთის ხორციელად მოსვლას, აგრეთვე იმას, რომ ის სრული ღმერთია და ღმერთად ყოფნასთან ერთად გახდა იგი სრული ადამიანი, მაგრამ საკუთრივი მნიშვნელობითა და უპირატესად ანტიქრისტედ იწოდება ის, ვინც საუკუნის (ე. ი. სამყაროს - მთარგმნ.) აღსასრულის წინ მოვა. ამიტომ საჭიროა, რათა პირველ რიგში ქადაგებულ იქნეს სახარება ყველა ხალხში, როგორ თქვა ეს უფალმა როდესაც ღმერთს ამხედრებულ იუდეველებს ამხილებდა, და ამის შემდეგ მოვა. რადგან უფალმა მათ უთხრა: "მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაითა, და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხუაი მოვიდეს სახელითა თვისითა, იგი შეიწყნაროთ" (იოანე 5,43). მოციქულმაც ბრძანა: "ამისათვის მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაი, რაითა ჰრწმენეს მათ ტყუვილისაი, რაითა ისაჯნენ ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭეშმარიტებისა მის, არამედ სათნო-ეყვნეს სიცრუესა შინა" (2 თესალონიკ. 2:11,12).

იუდეველებმა არ მიიღეს უფალი იესუ ქრისტე, ჭეშმარიტი ძე ღმრთისა და თავად ღმერთი, ამიტომაც მიიღებენ მტყუვარს, რომელიც საკუთარ თავს თვითონ გამოაცხადებს ღმერთად. ამის შესახებ იუწყება ანგელოზიც, რომელიც ასე მოძღვრავდა დანიელს: "ყოველთა მიმართ ღმერთთა მამათა მისთასა არა გულისხუმა-ყოს" (დანიელი 11:37). და მოციქულიც ამბობს: "ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ნუ რომლითა სახითა, რამეთუ უკუეთუ არა მოვიდეს განდგომილებაი იგი პირველად, და გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოებისაი, შვილი იგი წარსაწყმედელისაი. მხდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელ-დებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თვისსა, ვითარცა ღმერთი" (2 თესალონიკ. 2:3). როდესაც მოციქული ამბობს "და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა", გულისხმობს არა ჩვენს, არამედ იუდეველთა ძველ ტაძარს, რადგან ჩვენთან კი არ მოდის, არამედ იუდეველებთან; ქრისტეს გამო კი არ მოდის, არამედ ქრისტესა და ქრისტეანთა წინააღმდეგ, ამიტომ იწოდება კიდეც იგი ანტიქრისტედ.

ამრიგად, საჭიროა უწინარეს ყოვლისა სახარება იქნას ქადაგებულ ყველა ხალხთა შორის (მათე 24:14) და მაშინ გამოჩნდება უსჯულო, რომლის მოსვლა იქნება სატანის შეწევნით სიცრუის ყველა მანქანებით, ნიშებითა და სასწაულებით და უსამართლობის ყველა საცთურით წარწყმედილთა შორის, ვისაც მოსპობს უფალი თავისი პირის სიტყვით და და დაამხობს მას თავისი გამოჩენის ძალით (2 თესალონიკ. 2:8,9). არათუ თვით ეშმაკი ხდება ადამიანი, უფლის განკაცებისაებრ, - ნუმც იყოფინ! არამედ იშვება კაცი სიძვისგან და მიიღებს სატანის მთელ მოქმედებას. რადგან ღმერთი, რომელმაც წინასწარ უწყის მისი სამომავლო არჩევანის უკეთურება დაუშვებს, რომ ეშმაკი შესახლდეს მასში.

როგორც ვთქვით, ის სიძვისგან იშვება. აღზრდიან საიდუმლოდ, შემდეგ უეცრად აღზევდება, აჯანყდება და გამეფდება. თავისი მეფობის, უკეთ კი ტირანიის დასაწყისში, თავს მოაჩვენებს წმინდად და სამართლიანად, ხოლო როდესაც განმტკიცდება, დაიწყებს ეკლესიის დევნას და გადმოანთხევს მთელ თავის ბოროტებას (2 თესალონიკ. 2:9). ხოლო მოვა იგი ცრუ ნიშებითა და სასწაულებით, რაც მოჩვენებითია და არა ჭეშმარიტი და აცთუნებს და ღვთისგან განაყენებს წახდენილი და არამყარი გონებრივი საფუძველი მქონეთ ისე, რომ თუკი შესაძლებელი იქნება აცთუნოს რჩეულნიც (მათე 24:24).

მაშინ მოივლინებიან ენუქი და ილია თეზბიტელი (მალაქია 4:9), რომლებიც მამათა გულებს მოაქცევენ შვილებისკენ, ანუ სინაგოგას ჩვენი უფლის იესუ ქრისტესკენ და მოციქულთა ქადაგებისკენ, შემდეგ კი მოკლულნი იქნებიან ანტიქრისტეს მიერ (გამოცხ. 11:3). და მოვა უფალი ციდან ისევე, როგორც იხილეს იგი წმიდა მოციქულებმა აღმავალი ცისკენ (საქმე 1:11), ანუ მოვა სრული ღმერთი და სრული კაცი, დიდებითა და ძლიერებით, და მოკლავს უსჯულოს, წარწყმედის ძეს, თავისი პირის სულით. ასე, რომ ნურავინ მოელის უფალს მიწიდან, არამედ - ციდან, როგორც თვითონ დაგვიდასტურა.
Назад к содержимому