ანტიქრისტე - დიდი ჭირის ჟამი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
დიდი ჭირის ჟამი
ანტიქრისტეს მოსვლა
"იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება"

მათე 24:21

1. მთელი მსოფლიო სუპერმენის მოსვლას ელოდება! მსოფლიო ელის მას, ზეკაცს, რომელიც გადაუჭრის კაცობრიობას ყველა პრობლემას, უპასუხებს ყველა მის შეკითხვას, განკურნავს ყველა მის ეკონომიკურ სნეულებას, გააერთიანებს მისი პოლიტიკის ყველა მიმართულებას, შეწყვეტს რელიგიურ დავებს, ბოლოს მოუღებს ომებს, დაამყარებს მუდმივ მშვიდობას და კავშირს ხალხებს შორის. სამყარო ელის მსოფლიო მთავრობას, მსოფლიო ბელადს, მსოფლიო დიქტატორს, ზეკაცს!

2. არნოლდ ტოინბიმ, ცნობილმა თანამედროვე ისტორიკოსმა, შესანიშნავად გამოხატა ეს აუცილებლობა, როდესაც განაცხადა: "კაცობრიობისადმი სულ უფრო და უფრო გამანადგურებელი იარაღის თავსმოხვევით, და ამავდროულად მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკურად ურთიერთდამოკიდებულებით, ტექნოლოგიამ კაცობრიობა ისეთ სასოწარკვეთამდე მიიყვანა, რომ მომწიფდა იმისთვის, რათა გააღმერთოს ნებისმიერი კეისარი, რომელიც შეძლებს მსოფლიოსთვის ერთობისა და მშვიდობის მოტანას!

3. NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, პოლ სპააკმა, დაამატა: "ჩვენ არ გვჭირდება კიდევ ერთი კომიტეტი; ჩვენ ისედაც უამრავი კომიტეტი გვაქვს. ჩვენ გვჭირდება საკმაოდ ძლიერი პიროვნება, რომელიც უზრუნველყოფდა ყველა ერის ლოიალურობას და გამოგვიყვანდა იმ ჭაობიდან, რომელშიც ვიძირებით. მოგვეცით ასეთი ადამიანი, და მნიშვნელობა არა აქვს ღმერთი იქნება ის თუ ეშმაკი, - ჩვენ მას მივიღებთ.

4. და აჰა, მათ უკვე დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი, რადგან ბიბლიის წინასწარმეტყველებით, ასეთი ადამიანი დედამიწის არსებობის ბოლო პერიოდში გამოჩნდება. ის დროებით იხსნის მსოფლიოს სრული განადგურებისგან, უშუალოდ იმის წინ, რაც თვით ქრისტე დაბრუნდება დედამიწაზე თავისი სასუფევლის დასამყარებლად. მაგრამ, მანამ, მსოფლიო ბელადი, ცრუ-მესია, ანტიქრისტე მსოფლიოს ნათლის ანგელოზად მოეჩვენება, მაგრამ ასე იფიქრებენ მხოლოდ ისინი, ვინც დაივიწყებენ ჭეშმარიტ მესიას - იესუ ქრისტეს! ანტიქრისტე საკმაოდ გონიერი და მზაკვარი იქნება, რათა მსოფლიო პრობლემები მოაგვაროს. მისი ხანმოკლე მმართველობის დროს შეწყდება ეკონომიკური, პოლიტიკური და ბოლოს რელიგიური კრიზისები.

5. წმიდა წერილის მიხედვით, როგორც ჩანს, ეს მომავალი მსოფლიო მმართველი ძალაუფლებას ხელში მზაკვრობით ჩაიგდებს (დანიელი 11:21, 24). მისი ზებუნებრივი მოხერხებულობის, სიბრძნის და ეშმაკური პოლიტიკური მანევრირების წყალობით, ის მართლაც გადაწყვეტს დღევანდელ საჭირბოროტო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს, და ურთიერთგადამტერებულ ზესახელმწიფოებს შორის, მსოფლიოს იდეოლოგიებსა და რელიგიებს შორის მშვიდობის სახელგანთქმულ პაქტს გააფორმებს.

6. რა თქმა უნდა, მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობით შექმნილი სასოწარკვეთილება აიძულებს ყველას ხელი მოაწერონ ასეთ პაქტს! მხოლოდ სრულიად სასოწარკვეთილი ებრაელები და არაბები, რომლებიც სხვა გზას ვერ იპოვიან ჩიხიდან გამოსასვლელად და ურთიერთშესარიგებლად, რათა გაიყონ ქალაქი იერუსალიმი, უეცრად კონსენსუსამდე მივლენ, რომელსაც მათ ახალი მსოფლიო ბელადი შესთავაზებს. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო დროს ომის კერები სულ უფრო და უფრო ჩაღდება, ბირთვული დაძაბულობა არ კლებულობს და მსოფლიომ უკვე მიაღწია ამგვარი სასოწარკვეთილების ზღვარს, მზად არის მიიღოს ერთიანი მსოფლიო მთვრობა, რათა თავიდან აიცილოს მესამე მსოფლიო ომი და ბირთვული განადგურება.

7. ეს უმძლავრესი და მოხერხებული მსოფლიო მთავრობა დღევანდელ ქაოტურ სისტემაზე ბევრად უმჯობესი იქნება. მსოფლიო დამშვიდდება, რადგან მშვიდობაზე, და არა ომზე, გათვლილი ეკონომიკა კონტროლს დაექვემდებარება სიმდიდრის სამართლიანი გადანაწილებით: აიღებენ მდიდართაგან, რათა დააპურონ ღარიბები და ა. შ. იდეალური ბელადის და მისი მსოფლიო მთავრობის დახმარებით ბოლოს და ბოლოს მსოფლიო რესურსების სამართლიანი გადანაწილება დამყარდება; იმ დროს "ყველასგან უნარების მიხედვით მოითხოვენ და ყველას მოთხოვნილებების მიხედვით მიეცემა" სათბობი, საკვები და სხვა აუცილებელი საგნები. ბოლო მოეღება მსოფლიო რესურსების დღევანდელ უგნურ გაფლანგვას.

8. უკანასკნელი კაცობრივი მთავრობა ყველაზე სრულყოფილი იქნება, რომელზე ოცნებაც კი შეუძლია ადამიანის პატივმოყვარეობას: ყველაზე იდეალისტური, ყველაზე სამართლიანი, ყველაზე თანამგრძნობიერი, ყველაზე თანასწორი, ყველაზე ქველმოქმედი. ეს იქნება "ქრისტიანული" მმართველობის დამყარების მცდელობა ოღონდ ქრისტეს გარეშე! მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინი მიხვდებიან, რომ საჭიროა ქრისტე, ზეკაცი, რათა ეს ყოველივე განხორციელდეს, და სწორედ ამისი პრეტენზიით გამოცხადდება ახალი ბელადი: იყოს მესია, სამყაროს მხსნელი! არსებითად, ბოლოს და ბოლოს ის პრეტენზიას განაცხადებს ღმერთობაზე, მაშინ როდესაც, ის სინამდვილეში იქნება შარლატანი და თვითმარქვია, შენიღბული ეშმაკი და თვით სატანა, რომელიც "სინათლის ანგელოზის სახეს იღებს" (2 კორ. 11:14).

9. გარკვეული დროის განმავლობაში დედამიწაზე ცხოვრება ადამიანებს ნამდვილ სამოთხედ მოეჩვენებათ, მაგრამ ამისი საფასური ბოლოს და ბოლოს იქნება არა მარტო სრული მორჩილება მსოფლიო მთავრობისადმი, არა მარტო სრული კონტროლი ადამიანის პირად თავისუფლებაზე, რელიგიაზე და სხვა, - მტრის, ეშმაკის საბოლოო მიზანი, რომელიც ყოველივე ამას უხელმძღვანელებს, იქნება: "დაეცით მუხლებზე და თაყვანი მეცით მე, სხვაგვარად ვერ იგემებთ დედამიწისეული სამოთხის სიკეთეს, რაც მე შევქმენი! შეხედეთ, მე გაძლევთ მიწის სამეფოს, მაგრამ ეს რომ ანაზღაურდეს, თქვენ უნდა დაემხოთ და თაყვანი მცეთ მე და ეს ყოველივე თქვენი იქნება" (შეად. ლუკა 4:5-7). და სწორედ მაშინ დაიწყება მთელი უბედურება!
ანტიქრისტეს მოსვლა
იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას (დან. 9:27).


10. ბიბლიური წინასწარმეტყველების მიხედვით, ანტიქრისტეს საერთაშორისო არენაზე გამოსვლის საბოლოო აქტი და მისი შვიდწლიანი მმართველობის პერიოდი იქნება სახელგანთქმული 7 წლიანი პაქტი ანუ აღთქმა, რომელიც აღწერილია დანიელის წინასწარმეტყველებაში. ეს აღთქმა მრავალჯერ არის ნახსენები ბიბლიათი და იქნება რელიგიური თავისუფლების ერთგვარი დაპირება. სწორედ ამიტომ იწოდება იგი "წმიდა აღთქმად" (დან. 11:30). ეს იქნება რელიგიური პაქტი - რელიგიური შეთანხმება, რომელიც შეეხება ღვთისმსახურების აღდგენას, განსაკუთრებით ებრაულს. ის ებრაელებს მისცემს შესაძლებლობას აღაშენონ მათი ტაძარი იერუსალიმში და აღადგინონ მსხვერპლშეწირვა ამ ტაძრის საკურთხეელზე. ეს არის ჩვეულება, რომელიც, ფაქტობრივად, მათი რელიგიური წეს-ჩვეულების სული იყო, სანამ ორი ათასი წლის წინ, საღმრთო განჩინებით, ტაძარი არ წაერთვათ.

11. სადღეისოდ სწირავენ თუ არა ღმერთს ებრაელები მსხვერპლად პირუტყვს? არა! რადგან არსებობს მხოლოდ ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, სადაც მათ შეეძლოთ სამსხვერპლო ჩვეულებების აღდგენა: ეს იყო მორიას მთა იერუსალიმში, სადაც განლაგებული იყო მათი ტაძრის უძველესი საკურთხეველი და მოქმედებდა მანამ, სანამ რომის ლეგიონერები შევიდოდნენ იერუსალიმში. ეს მოხდა ჩვენი წელთაღრიცხვის 70 წელს. მაშინ რომაელებმა იერუსალიმის ტაძარი სრულიად დაანგრიეს. ძველი ტაძრის საკურთხევლის საძირკველი იყო ქვა მორიას მთაზე, რომელზეც აბრაამი ისააკის მსხვერპლად შეწირვას აპირებდა. ამ მიზეზით არაბები და მუსლიმებიც ამ დიდ ქალაქს, ძველ წმიდა იერუსალიმს ეთაყვანებიან, განსაკუთრებით კი მორიას მთას, რადგან აბრაამი ამავდროულად ისმაელის მამაც იყო, რომელმაც დასაბამი მისცა არაბ ხალხებს.

12. ფაქტობრივად, ჩვენი წელთაღრიცხვის 60-იან წლებში, როდესაც ისლამი მსოფლიოში გავრცელდა, დიდმა მუსლიმმა ხალიფამ ომარ დიდმა ებრაელებს იერუსალიმის მორიას მთაზე ტაძრის აშენება თავაზიანად შესთავაზა. მაგრამ ებრაელებმა უარი თქვეს და განაცხადეს, რომ მათ მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყონ ტაძრის აშენება, როდესაც მათი მესია მოვა, ამიტომ, რა თქმა უნდა, ტაძარი ვერ აშენდება ისეთი "წარმართის" მიერ, როგორიც ომარია! მაშინ, რადგან მორიას მთა ყველა მუსლიმისთვისაც განსაკუთრებულ სიწმიდეს წარმოადგენდა, რომელთათვისაც, აბრაამი ასევე მამამთავარი იყო, დიდმა მუსლიმმა ბელადმა გადაწყვიტა: "მაშ, კარგი, მაშინ მე ავაშენებ ამ დიად ლოდზე მეჩეთს ჩემი ხალხისთვის, ჩვენი დიდი მამამთავრის აბრაამის საპატივცემოდ!"

13. ამრიგად, იმ დროიდან, 1300 წლის წინ, ვიდრე ჩვენს დრომდე, დიდი მუსლიმური მეჩეთი "ტაძრის გუმბათი", ანუ ომარის მეჩეთი, პირდაპირ იმ ქვაზე დგას, რომელზეც ოდესღაც ებრაული საკურთხეველი იყო აშენებული. და სრულიად ცხადია, რომ დღეს არაბები არანაირად არ მისცემენ უფლებას ებრაელებს მოვიდნენ არაბების ტერიტორიაზე და თავიანთი ტაძარი ააშენონ! ცხადია ისიც, რომ ებრაელები, სავარაუდოდ, არასოდეს დაუშვებენ ტაძრის აშენებას არაბთა მფარველობის პირობებში.

14. ამიტომაც მათ ერთმანეთს შორის უნდა შეიმუშაონ გარკვეული შეთანხმება ან კომპრომისი, და ეს მხოლოდ მესამე ძალის ჩარევით შეიძლება მოხდეს. ეს მესამე ძალა შეიძლება იყოს მსოფლიო პოლიტიკური მთავრობა. და ამ კომპრომისზე, ანუ შეთანხმებაზე კვლავ და კვლავ ლაპარაკია ბიბლიაში, კერძოდ, დანიელის წინასწარმეტყველებაში, რომელსაც ჩვეულებისამებრ აღთქმას უწოდებენ.

15. საჭირო გახდება უდიდესი დელიკატური მუშაობა და ბრწყინვალე დიპლომატია, რატა ნაპოვნი იქნას გზა ებრაელთა ტაძრის ასაშენებლად და საკურთხეველზე მსხვერპლშეწირვის აღსადგენად, ანუ იქ, სადაც დღეს ომარის მეჩეთია აშენებული, რადგან "კლდის გუმბათი" ყველა მუსლიმის წმიდათა წმიდა ადგილია მექასთან და მედინასთან ერთად, რომლებიც მდებარეობენ საუდის არაბეთში! და რადგან ის პირდაპირ იმაზე დგას, რაც ოდესღაც ებრაული ტაძრის საკურთხეველი იყო, ჯერ კიდევ არ ვიცით რა ღონეს მიმართავენ ისინი ებრაული ტაძრის აღსადგენად.

16. შესაძლოა, იმ დროს, როდესაც ანტიქრისტე დადებს ამ ხელშეკრულებას, ებრაელები წავლენ კომპრომისზე და ტაძარს სადმე ამ ადგილის ახლოს ააგებენ. ან, შესაძლოა, ეს ბრწყინვალე მეჩთი რაღაცნაირად დაინგრევა?! მაგრამ, რაც გინდ მოხდეს, ჩვენ ვიცით, რომ მორიას მთა იერუსალიმში ებრაელთათვის ყველაზე უწმიდესი ადგილია მთელს დედამიწაზე. საუდის არაბეთის საზღვრებს გარეთ კი მუსლიმთათვისაც, მეტიც, ის ერთ-ერთი უწმიდესი ადგილია ქრისტიანთათვის!ს ამიტომაც ეს 7 წლიანი შეთანხმება უნდა გახდეს დახვეწილი კომპრომისი და, უდავოდ, ის შეეხება არა მარტო ტაძარს მორიას მთაზე, არამედ მთელ ქალაქ იერუსალიმს! ფაქტობრივად, დღეისთვის იერუსალიმი გადაუჭრელი პრობლემაა და ებრაელები იფიცებიან, რომ არასოდეს არ დაუთმობენ მას არავის, რადგან იერუსალიმი მათი მარადიული დედაქალაქია!

17. არაბები ამბობენ, რომ ისინი არასოდეს დაუშვებენ, რომ ებრაელები დაეუფლონ მორიას მთას, ხოლო ებრაელები ირწმუნებიან, რომ არასოდეს დაიხევენ უკან თავიანთი გეგმებისგან! დევიდ ბენ-გურიონი, ისრაელის პირველი პრემიერ-მინისტრი, იფიცებოდა: "ჩვენ ავიღეთ იერუსალიმი და არასოდეს არ დავთმობთ მას, სანამ იცოცხლებს თუნდაც ერთი ებრაელი მამაკაცი ან დედაკაცი, რომელიც დაიცავს მას! რაც გინდ დაგვიჯდეს, ჩვენ მას არ დავთმობთ, სანამ თუნდაც ერთი ებრაელი იქნება ცოცხალი! და ასე ფიქრობს მთელი ჩვენი ერი!".

18. ამგვარად, თუკი ქვეყნერებაზე არსებობს ადგილი, სადაც აუცილებელია გენიალური კომპრომისი, ეს იერუსალიმია! ამ პრობლემის გადაჭრა უფრო ძნელია, ვიდრე პალესტინის საკითხისა, რადგან ორივე მხარე, უკიდურეს შემთხვევაში, თანხმდება მოლაპარაკებებზე გამოიმუშაონ გარკვეული რეგულაციები პალესტინელებთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი სრულიად შეუდრეკელნი და უკომპრომისონი არიან იერუსალიმთან დაკავშირებით! ორივე მხარე კატეგორიულად აცხადებს, რომ არ წავა არავითარ კომპრომისზე. ებრაელები ამბობენ, რომ ისინი არასოდეს დაიხევენ უკან, არაბები კი ამბობენ, რომ ისინი არასოდეს შეურიგდებიან იმას, რომ ებრაელები დაეუფლონ იერუსალიმს. ამიტომაც გარკვეული კომპრომისი მიღწეულ უნდა იქნას ამ ძალიან ძნელი საკითხის გადასაწყვეტად.

19. და ყოველი, ვინც კი შეძლებდა ამ უმძაფრესი პალესტინური კრიზისის დაძლევას, განსაკუთრებით იერუსალიმის საკითხს, გახდებოდა გენიოსი, სუპერმენტი, და ყოველგვარ ეჭვგარეშე, მთელი მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობდა! რამეთუ, დღემდე ვერავინ შეძლო ამ მტრობის დაძლევა, იმ ანტაგონიზმის დასრულება, რაც დღემდე გრძელდება ებრაელებსა და არაბებს შორის! ამიტომაც, ყოველი, ვინც კი რაღაცნაირად შეარიგებს მათ წინააღმდეგობებს და შეწყვეტს მათ ომს, ყოველი, ვინც შეძლებს მათი დაპირისპირების შეჩერებას და მათ შერიგებას, ნამდვილი გენიოსი და ზეადამიანი იქნება! სწორედ ასეთ ადამიანად წარმოჩინდება ანტიქრისტე!

20. შეგვიძლია ბიბლიის საფუძველზე ვამტკიცოთ, რომ ანტიქრისტე გადაწყვეტს იერუსალიმის პრობლემას! როგორ? ბიბლია ამბობს, რომ ანტიქრისტე დაიპყრობს მას და ინტერნაციონალურ ქალაქად გადააქცევს. არსებითად, ბიბლიის თანახმად, ეს მსოფლიო დიქტატორი და მსოფლიო მთავრობის მეთაური ამ ქალაქს საკუთარ დედაქალაქად გადააქცევს! მისი პოლიტიკური კაპიტალი მსოფლიო მთავრობაში სწორედ იერუსალიმი გახდება (დანიელი 11:45). მაშ, როგორ არის შესაძლებელი ის ეკუთვნოდეს რომელიმე ქვეყანას ან რელიგიას? სავარაუდოდ იერუსალიმი არც არაბების იქნება, არც ებრაელების, არც პალესტინელების, არც მუსლიმების და არც ქრისტიანების, არამედ ყველა მათგანის ერთდროულად! უმეტესად კი ანტიქრისტესი!
ანტიქრისტეს მოსვლა
21. იერუსალიმი გახდება ინტერნაციონალური ქალაქი. არსებითად, ბიბლიის თანახმად, მსოფლიო მთავრობის ეს მსოფლიო დიქტატორი იერუსალიმს თავის დედაქალაქად გადააქცევს! მსოფლიო მთავრობაში იერუსალიმი იქნება მისი პოლიტიკური კაპტალი (დანიელი 11:45). მას, როგორ არის შესაძლებელი ის ეკუთვნოდეს რომელიმე ქვეყანას ან რელიგიას? იერუსალიმი არ იქნება არც არაბების, არც ებრაელების, არც პალესტინელების, არც მუსლიმების, არც ქრისტიანების, არამედ - ყველა მათგანის ერთად! უმეტესად კი ანტიქრისტესი!

22. ამიტომაც, მყარი ძალაუფლებისა და მტკიცე კონტროლის მისაღწევად, ის, ამ 7-წლიანი სამშვიდობო აღთქმის მეშვეობით იერუსალიმის ინტერნაციონალიზაციის წინადადებას წამოაყენებს. ეს, უეჭველად, იქნება ერთგვარი საერთაშორისო შეთანხმება, რომელსაც მხარს დაუჭერენ ასევე გაერო და მსოფლიო მთავრობა - შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც ყველა რელიგიას მისცემს რელიგიურ და საკულტო მსახურების აღსრულების თავისუფლებას; მისცემს უფლებას აღადგინონ სხვადასხვა ტაძრები, სალოცავები და ა. შ., შეასრულონ ღვთისმსახურება და ასევე ყველა მათგანს მისცემს შესაძლებლობას თავისუფლად შევიდნენ იერუსალიმში.

23. სწორედ იმ დროს, როდესაც ანტიქრისტე მოახდენს იერუსალიმის ინტერნაციონალიზირებას და მსოფლიოს ყველა აღმსარებლობას თავისუფლებას აღუთქვამს, სავარაუდოდ, ებრაელები თავიანთ ტაძარს აღადგენენ. ბოლოს და ბოლოს ეს მათ ბრწყინვალე შესაძლებლობას მისცემს აღადგინონ მსხვერპლშეწირვა, რომელსაც მათი რელიგია 2000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო მოკლებული.

24. როდესაც 1967 წელს ისრაელმა დაიპყრო წმიდა ქალაქი იერუსალიმი, ჟურნალი "ტაიმი" იმოწმებდა მოხუცი ებრაელი ისტორიკოსის ისრაელ აიდადის სიტყვებს, რომელმაც თქვა: "ჩვენ იმავე სტადიაში ვართ, როგორშიც იყო დავითი, როდესაც მან გაათავისუფლა იერუსალიმი. იმ დროიდან სოლომონის ტაძრის აღდგენამდე გავიდა მხოლოდ ერთი თაობა. იგივე იქნება ჩვენს შემთხვევაშიც!" 1983 წლის მარტში, იერუსალიმში, მორიას მთის "სიმბოლური ოკუპაცია" ებრაელ რელიგიურ ფანატიკოსთა მიერ, კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ ისრაელის მძლავრი რელიგიური ორგანიზაციები მორიას მთაზე სატაძრო ღვთისმსახურების აღდგენას აპირებენ. ომამდე ორი კვირით ადრე, როდესაც 1967 წლის 21 მაისს ებრაელებმა მოახდინეს ტაძრის მთის რაიონის ოკუპაცია და საკუთარი ძალაუფლება დაამყარეს ძველ იერუსალიმზე, გაზეთებმა "ვაშინგტონ პოსტმა" და "ნიუ-იორკ ტაიმსმა" შემდეგი შინაარსის ანონიმური განცხადება გამოაქვეყნეს:

"მთელი მსოფლიოს ებრაელებს.
 
ისრაელში დაიწყო ღმრთის ტაძრის აღდგენის პროექტი. ღმრთის წყალობითა და მისდამი იმედით, ტაძარი აიგება. ის აღნიშნავს იუდაიზმის ახალ ერას. ებრაელები ისეთ ზნეობრივ გმირობებზე იქნებიან შთაგონებულნი, რომ ჩვენი შემოქმედი შესაძლებლად ჩათვლის ჩვენთან, დედამიწაზე ჩამოსვლას. ღმერთი მრავალი, სხვადასხვა ებრაული თემის ადამიანთა გულებში ჩანერგავს სურვილს მონაწილეობა მიიღონ ამ მშენებლობაში. საჭიროა: ნიჭიერი ხელმძღვანელები, ადმინისტრატორები და ყველა დონის მუშები. ყველა მიღწევა ანონიმური იქნება. ღმერთს ეცოდინება ყველა, ვინც კი მონაწილეობას მიიღებს ამ საქმეში. ღმრთის ნება აღსრულდება!

25. გახსოვთ, რა უთხრეს ებრაელებმა დიდ ხალიფა ომარს, როდესაც მან 60-იან წლებში მათ ტაძრის აშენება შესთავაზა? მათ უთხრეს: "არა, ტაძარი თვით მესიამ უნდა ააშენოს". კარგი, მაგრამ, რატომ ააშენებენ ებრაელები ტაძარს ანტიქრისტეს მეთაურობით? იმიტომ, რომ ისინი მას თავიანთ მესიად ჩათვლიან! არსებითად, სავარაუდოა, და არსებობს გარკვეული მინიშნებები წმიდა წერილშიც, რომ ეს თვითმარქვია მესია ებრაელი იქნება! სხვაგვარად ისინი მას არ მიიღებენ!

26. მრავალი ადამიანი, ვინც სწავლობს ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს, ფიქრობს, რომ ანტიქრისტე ებრაელი იქნება, რადგან დანიელის წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: "არც მამა-პაპის ღმერთებს მიაქცევს ყურადღებას" (დანიელი 11:37). გარდა ამისა, ებრაელთა უმრავლესობა საკმაოდ ანტიქრისტიანულად არის განწყობილი. ისინი უკვე 2000 წელზე მეტია ეომებიან ქრისტიანობას! მათ უარყვეს თავიანთი ჭეშმარიტი მესია, იესუ ქრისტე, სასტიკად აწამეს, ჯვარზე გააკრეს თავიანთი მეუფე, მოჰკლეს საკუთარი მესია და უარყვეს ის, ვინც მათ საცხოვნებლად მოვიდა - ამიტომაც, როდესაც ეს თვითმარქვია მტარვალი მოვა (როგორც აფრთხილებდა მათ ღმერთი): "არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი.  ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე, და განკითხული იქნეს ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა შეიტკბო" (2 თესალონიკ. 2:10-12).

27. ასე რომ, სულაც არ გაგვიკვირდება, თუკი თვით ანტიქრისტე უშუალოდ დაეხმარება მათ ააშენონ ტაძარი, რადგან ისინი იფიქრებენ, რომ სწორედ ანტიქრისტეა მათი მესია! ისინი უსაფრთხოდ მიიჩნევენ ტაძრის აღდგენას, როდესაც მათი ახალი მესია, ანტიქრისტე, მათ ამას ეტყვის და მოახდენს ქალაქ იერუსალიმის ინტერნაციონალიზაციას, გარდაქმნის მას ყველა რელიგიის და ყველა ხალხის ქალაქად და ეტყვის მათ: "ძალიან კარგი, აი ახლა თქვენი ტაძრის აშენება უსაფრთხოა"!

28. ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მენაჰიმ ბეგინი, რომლის ექსპანსიონისტურ-ტერიტორიული ამბიციები ძველი ისრაელის ყოფილი დიდების დაბრუნებასთან მიმართებაში კარგად არის ცნობილი, ამბობდა: "ერთადერთი საბოლოო გამოსავალი ჩვენი დღევანდელი კრიტიკული მდგომარეობიდან - ეს მესიის მოსვლა გახლავტ, რომელიც გვიხსნიდა ამ მდგომარეობიდან"! რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი მესია უკვე მოვიდა, რათა ეხსნა ისინი, მაგრამ მათ მისი სულიერი ცხონება და სიყვარულის გზავნილი უარყვეს, რასაც მატერიალური კეთილდღეობა და პოლიტიკური ძალაუფლება ამჯობინეს. "იუდეველები, რომელთაც "მოკლეს უფალი იესოც და მისი წინასწარმეტყველნიც, ხოლო ჩვენ გამოგვაძევეს, რადგანაც არას დაგიდევენ ღმერთს და ყოველი კაცის მტრები არიან. ვინაიდან გვიკრძალავენ ვუქადაგოთ წარმართთ და, ამრიგად, ვიხსნათ ისინი. ასე რომ, გამუდმებით ავსებენ თავიანთ ცოდვათა საწყაულს, რისთვისაც უკვე თავს ატყდებათ რისხვა" (1 თესალონიკ. 2:14-16).

29. დოქტორი მოზინსონი იაფეს ებრაული კოლეჯიდან რამოდენიმე წლის წინ აცხადებდა: "დაფიქრდით ყველა დიდ რევოლუციურ ლიდერზე, ვინც კი აღმოსავლეთიდან მოვიდა: მოსე, ბუდა, იესუ, და ა. ს. ჩვენ დარწმუნებულნი გეუბნებით, დასავლეთის ხალხებო, თუკი თქვენ აღადგენს ებრაელს მისი წინაპრების სახლში, უმოკლეს დროში მოგცემთ სხვა უდიადეს რელიგიურ ლიდერს, ვინც, შესაძლოა, გადაწონის ყველას, ვინც კი მანამდე იყო! და ისინი, ყოველგვარ ეჭვგარეშე მისცემენ დაცემულ მსოფლიოს ასეთ ლიდერს - ანტიქრისტეს!

30. ებრაელები პირველად გამოაცხადებენ მას და აღიარებენ საკუთარ მესიად, იმის საწინააღმდეგოდ, რაც გაუკეთეს მათ ჭეშმარიტ მესიას, იესუს, რომელიც მათ ეუბნებოდა: "მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ" (იოანე 5:43). ისინი მიიღებენ ამ ცრუ-მესიას, ანტიქრისტეს, მიიღებენ მას ხელგაშლით, სიხარულით, და მადლიერნი იქნებიან, რომ ბოლოს და ბოლოს, მათი მესია გამოცხადდა! ისინი მიიღებენ მას და გვირგვინს დაადგამენ, შემდეგ კი აიძულებენ მთელ მსოფლიოს თაყვანი სცენ მას! გარდა იმ ერთგულებისა, ვისაც მართლა უყვარს იესუ და იცის მისი სიტყვების ჭეშმარიტება; ვინც იცნობს იუდეველთა ცრუ-მესიას, მხეც-ანტიქრისტეს, ვინც არის კიდევაც სინამდვილეში მხეცი.
ანტიქრისტეს მოსვლა
"ყოველდღე არჩევდეთ წერილს, ასეა თუ არა ეს" (იოანე 5:39; საქმე 17:11)
 
 
31. ახლა მივმართოთ წინასწარმეტყველ დანიელის წიგნს და განვიხილოთ ზოგიერთი სპეციალური ადგილი, რომელიც ამ ანტიქრისტეს, ებრაელებთან დადებულ მის ხელშკრულებას და სხვა საკითხებსაც ეხება: "იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი, ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს" (დანიელი 9:27). ჭეშმარიტი მესიის, მისი პირველი მოსვლის და ჯვარცმის შესახებ წინასწარმეტყველების ყურადღებით შესწავლის შემდეგ ამავე თავის 24-26 მუხლებში ვკითხულობტ, რომ "ერთი შვიდეული" ნიშნავს შვიდ წელს. აი როგორ უნდა იქნას წაკითხული ეს მუხლი:
 
32. "მრავალთან განამტკიცებს აღთქმას შვიდი წლით". როგორც უკვე განვმარტეთ, და როგორც წმიდა წერილის სხვა ადგილებიდანაც ნახავთ, რომელთაც ქვემოთ დავიმოწმებთ, ის ამ აღქმას მსოფლიო სამშვიდობო აღთქმად გადააქცევს და ყველაფერს ბრწყინვალედ მოაწესრიგებს: ის აღადგენს მშვიდობას, ის შეეცდება ყველა ადამიანის გაბედნიერებას; ის შეძლებს მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას - სანამ ყველაფერს არ მოიხელთებს. როდესაც ის დაამყარებს მის მსოფლიო მთავრობას, ის იტყვის: "მშვიდობა და უშიშობა! ახლა ყველაფერი მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იქნება! შეწყდება ყოველგვარი ომი, ყველა უზრუნველყოფილი იქნება, ყველასთვის დადგება სიუხვე და კმაყოფილება, ჩემი სამეფო ცისა და მიწის, მშვიდობისა და უშიშოების სამეფო გახდება" (შეად. 1 თესალონიკ. 5:3).
 
33. "საძულველი დადგება; ... უხმაუროდ შემოიპარება და მზაკვრობით დაეუფლება სამეფოს" (დანიელი 11:21). ადამიანები იფიქრებენ: "ნახეთ, როგორი მშვენიერია! მან მსოფლიო იხსნა! მან გვიხსნა ბირთვული კატასტროფისგან, მან გადაარჩინა ეკონომიკა, მან გადაწყვიტა ახლო-აღმოსავლეთის პრობლემა, მან ინტერნაციონალურ ქალაქად აქცია იერუსალიმი; ის დაეხმარა ებრაელებს აეშენებინათ თავიანთი ტაძარი და ა. შ." ის ყველას უბრძენეს ადამიანად მოაჩვენებს თავს, რომელსაც კი ოდესმე დედამიწაზე უცხოვრია; ის იქნება უძლიერესი, უგონიერესი, ყოველგვარი პრობლემის გადაწყვეტის შემძლე, შეწყვეტს ყველა ომსდა ყველას დააწყებინებს მუშაობას, რათა მსოფლიო აღადგინონ. მაგრამ უეცრად, იმ დროს, როდესაც თითქოსდა ყველაფერი საბოლოოდ დალაგებულია, საჰაერო ბუშტი გასკდება: ანტიქრისტე აკრძალავს ყველა ღვთისმსახურებას, თავს ღმერთად გამოაცხადებს და ყველასგან, მთელი მსოფლიო მასშტაბით, იძულებით თაყვანისცემას მოითხოვს, ვინც ამ განკარგულებას არ შეასრულებს დაექვემდებარება დევნას, დაპატიმრებას და სიკვდილით დასჯასაც კი; უნდა მოიკლას ყველა, ვინც კი ანტიქრისტეს თაყვანს არ სცემს!
 
34. "შვიდეულის ნახევარში" - ანუ 3-1/2 წლის შემდეგ - "შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი, ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს" (დანიელი 9:27). მიაქციეთ ყურადღება: თუკი "მსხვერპლი და ძღვენი" შეწყდება, მაშასადამე ისინი ჯერ უნდა დაწყებულ იქნან. და თუკი მსხვერპლის და ძღვნის შეწირვა დაიწყება, მაშინ ებრაელებს ტაძარი აშენებული უნდა ჰქონდეთ, და ა. შ. ამიტომაც, ამ აღთქმას, რომელსაც ანტიქრისტე დადებს ებრაელებთან, კავშირი უნდა ჰქონდეს მის მიერ ტაძრის აშენებისა და სამსხვერპლო ღვთისმსახურების აღდგენის ნებართვასთან.
 
35. ანტიქრისტე შეიცვლება, რადგან ის გააუქმებს ახლახან აღდგენილ ებრაულ ღვთისმსახურებას, შებილწავს საკურთხეველს და თავს ღმერთად გამოაცხადებს სწორედ შვიდეულის ნახევარში, ანუ დადებული აღთქმიდან 3-1/2 წლის გასვლის შემდეგ. "იგი ამ მხედრობის მთავრამდე გაიზარდა და წაერთვა მთავარს მუდმივი მსხვერპლი და მიტოვებული იქნა მისი საწმიდარის ადგილი. მხედრობა მიუშვეს ცოდვის მუდმივი მსხვერპლის წინააღმდეგ და მან მიწაზე დაამხო ჭეშმარიტება და წარმატებით მოქმედებდა" (დანიელი 8:11, 12).
 
36. "წარმოდგება მისგან ლაშქარი და შელახავენ საწმიდარს, ციხე-სიმაგრეს და შეწყვედენ მუდმივ შესაწირავს; და გატიალების სიბილწეს დაამყარებენ" (დანიელი 11:31). ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძო ადგილი, რადგან მის თანახმად, ამ მომენტში, ანუ 3-1/2 წლის გასვლის შემდეგ, რაც გაფორმდება შეთანხმება ებრაელებთან - "შვიდეულის ნახევარში" - ის არა მარტო ძალადობით შეიჭრება მის მიერ ახლახან აშენებულ ტაძარში იქ, მორიას მთაზე, იერუსალიმში, და "შეწყვეტს მსხვერპლს და ძღვენს", არამედ იქ "დადგამს" ისეთ რამეს, რაც "გატიალების სიბილწედ" იწოდება.
 
37. დანიელის წინასწარმეტყველების გასვლიდან 500 წლის შემდეგ, იესუ თავის ცნობილ სიტყვაში მისი მოსვლისა და სამყაროს აღსასრულის ნიშნების შესახებ ბრძანებს: "როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს" – "წამკითხველმა გაიგოს" – ანუ ეს ძალზედ მნიშვნელოვანია და ეს თქვენ უნდა გაიგოთ, - "რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება" (მათე 24:15, 21).
 
38. ბიბლია კვლავ და კვლავ იმოწმებს ანტიქრისტეს შვიდწლიანი მმართველობის ამ მეორე ნახევარს და მას "დიდი ჭირის" პერიოდს უწოდებს. ეს არის უბედურებათა ყველაზე საშინელი და შემაძრწუნებელი პერიოდი, რომელიც კი წმიდა წერილში აღწერილა. "ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა" (დანიელი 12:1). ეს იქნება დედამიწაზე ადამიანის მმართველობის დასასრული, ანტიქრისტეს 7 წლიანი მმართველობის ბოლო 3-1/2 წელიწადი. ამის შესახებ ლაპარაკობენ წინასწარმეტყველები დანიელი, ესაია, იერემია, ეზეკიელი და ბოლოს ჩვენი მაცხოვარი იესუ ქრისტე. მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომისა და ზეცაში ამაღლების შემდეგ ამის შესახებ წერენმოციქულები მათე, მარკოზი, იოანე ღვთისმეტყველი, რომელმაც დაწერა "გამოცხადება" ("აპოკალიფსისი") და მოციქული პავლე.
 
39. ღმრთის თითქმის ყველა წინასწარმეტყველი, ვინც კი შეეხო ბოლო ჟამს, სამყაროს აღსასრულის წინ მოსახდენ უმძიმეს ჟამზე და დიდ ჭირზე ლაპარაკობს. ეს არის არნახულ უბედურებათა, გადატრიალებათა, ტანჯვათა და უმძიმეს განსაცდელთა პერიოდი, რომელიც მთელი მსოფლიოს და დედამიწის ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა! ამ პერიოდზე ბიბლია საკმაოდ მკაფიოდ მეტყველებს და მისი ხანგრძლივობის დროსაც ზუსტად მიგვითითებს. ბიბლია გვეუბნება, თუ რამდენი ხანი გასტანს უმძიმესი ჭირვება, - ის 3-1/2 წელიწადი, ანუ 42 თვე, ან კიდევ 1260 დღე გაგრძელდება! (იხ. დანიელი 7:25; 9:27; 12:7; Отк. 11:2,3; 12:6,14; 13:5).
ანტიქრისტეს მოსვლა
40. მაგრამ, რა თქვა იესუმ იმ ნიშანზე, სიმპტომზე, სიგნალზე, რომელიც მიგვითითებს, როდესაც ეს საშინელი უბედურებები დაიწყება? უფალმა თქვა: "ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს)" (ძველი ქართულითაა: "მდგომარე ადგილსა წმიდასა"; რუს. სინოდ. თარგმანში: "стоящей на святом месте") (მათე 24:15). ამიტომაც "გაპარტახების სიბილწის" დასაწყისი, როგორც ჩანს, განსაზღვრავს დიდი ჭირის პერიოდსაც, და როდესაც დაინახავთ რომ ის დაიწყო, იცოდეთ, - დიდი ჭირის ჟამი უკვე დადგა!
 
41. ამიტომაც, ახლა ძირითადი კითხვა შემდეგია - რას ნიშნავს "მოოხრების სისაძაგლე?" იესუმ თქვა, - ჩვენ "გაპარტახების სისაძაგლეს" ვნახავთ წმიდა ადგილას მდებარეს ("წმიდა ადგილას მდგომარეს"). მაშასადამე ის დადამს მას და ისიც იდგება წმიდა ადგილზე, მოგვიანებით, გამოცხადების (აპოკალიფსისის) 13-ე თავში ვამჩნევთ, რომ ეს თვით მისი გამოსახულებაა! ის მკაფიოდ გვეუბნება, რომ ეს არის "მხეცის", ანუ ანტიქრისტეს ხატი! წმიდა წერილის მიხედვით, ეს ხატი ხის ან ქვის უბრალო მუნჯი კერპი კი არ არის, არამედ გასაოცარი მაქინა, რომელიც ოდესმე ადამიანს შეუქმნია, რადგან ანტიქრისტეს მიეცემა "იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა" და, მოკლავენ ყველას, "ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას" (აპოკ. 13:15).
 
42. ამგვარად, ებრაელთათვის ამ ყველაზე წმიდა ადგილას მთელ დედამიწაზე, მორიას მთაზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, იერუსალიმში, ანტიქრისტე აღმართავს, ანუ "დადგამს" საკუთარ მაგიურ ხატებას, "გაპარტახების სისაძაგლეს", რათა მას სცემდეს თაყვანს მთელი მსოფლიო, როდესაც ყველა რელიგიას გააუქმებს და განაცხადებს, რომ ისინი ახლა ვალდებულნი არიან მას სცენ თაყვანი, როგორც ღმერთს!
 
43. სინამდვილეში ჩვენ ვიცით, რომ ის არა მარტო დადგამს თავის ხატებას, გაპარტახების ამ სიბილწეს, რომელიც საზოგადო თაყვანისცემისთვის აღდგენილ ტაძარში განთავსდება, არამედ თვით ანტიქრისტეს დაჯდება ტაძარში ვითარც ღმერთი და თავს გამოაცხადებს ღმერთად! მას ღმერთობაზე ექნება პრეტენზია და აიძულებს ყველას უშუალოდ მას, ანუ ანტიქრისტეს სცენ თაყვანი! მოციქული პავლე წერდა: "გევედრებით, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო, იოლად ნუ შეიძვრით გონებით, ნურც შეშფოთდებით, ნურც სულის, ნურც სიტყვის, ნურც ვითომცდა ჩვენს მიერ მოწერილი წერილის გამო, თითქოს უკვე მოიწია უფლის დღეო" (2 თესალონიკ. 2"1-2). სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, მოციქული თესალონიკელებს ეუბნება: "ნუ იმშფოთვარებთ, იესუს მეორედ მოსვლის დღე და ეკლესიის ზეცად აღტაცება ჯერაც არ მოახლოვებულა". ბოლოს და ბოლოს, როდესაც ის ამას წერდა, ეს ჯერ კიდევ არ იყო ჟამთა დასასრული! საჭირო გახდა გასულიყო 2000 წელზე მეტი, კაცობრიობა ამ მომენტს რომ მიახლოვებოდა.
 
44. "ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, - ანუ უფლის მეორედ მოსვლა, - ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე, წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:3-4). აჰა, მაშ გაიგეთ? აი თურმე რა უნდა მოხდეს ქრისტეს მოსვლამდე? მოციქული პავლე საკმაოდ მკაფიოდ გვეუბნება, რომ: არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე". - ჯოჯოხეთის პირმშო! - ეშმაკის ძე! - ანტიქრისტე! – "წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად".
 
45. ამგვარად, ის არა უბრალოდ დადგამს საკუთარ კერპს "წმიდა ადგილას", იერუსალიმში, რათა აიძულოს მსოფლიო თაყვანი სცეს მას, არამედ დაჯდება თვით ღმრთის ტაძარში, რომელსაც ებრაელები პირდაპირ აქ, მათთვის წმიდათა წმიდა ადგილზე ააშენებენ და თავს ღმერთად გამოაცხადებს. "თაყვანი მეცით მე!" - იტყვის ის და დაიწყებს მტკიცებას, რომ ღმერთია! "რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს" (2 თესალონიკ. 2:7). აი, რა არის ანტიქრისტე და მისი სამეფო! საიდუმლო, რომელიც ისეთი დემონური იქნება, ისეთი ბოროტი, ისეთი მხეცური, რომ წარმოდგება კიდევაც, როგორც ბოროტების საიდუმლო! და ის "უკვე მოქმედებს" - რა თქმა უნდა, ეშმაკი ძლიერ მოქმედებდა, პავლეს დროს და ძლიერ იმოქმედებს ჩვენს დროშიც.
 
46. "რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას" (2 თესალონიკ. 2:7) ის, რაც ახლა ხელს უშლის ანტიქრისტესა და ეშმაკს დაიპყრონ ძალაუფლება მთელ მსოფლიოში, ჯერაც შეაკავებს ამ ბოროტებას, - უსჯულოების, ბოროტების მოძალებას, რომელიც წალეკავს მსოფლიოს, როდესაც ანტიქრისტე გამეფდება და ეშმაკი დაიწყებს მსოფლიოს მართვას.
 
47. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი და მისი წმიდა სული, მათი შემკავებელი ზეგავლენა დღეისთვის განაგებენ მთელ მსოფლიოს. ღმერთი აკავებს ბოროტებისა და უსჯულოების სრულ გაბატონებას, სატანური ძალების შემოსევას, მაგრამ, მალე, ერთ დღესაც, როდესაც "შუაგულით აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის" ანტიქრისტეს გაბატონებას, უსჯულოების ნაკადი თვით სატანის მმართველობით, რომელიც ანტიქრისტეს მიერ იმოქმედებს, მთელ მსოფლიოს წალეკავს.
 
48. "და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესუ შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით, მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით" (2 თესალონიკ. 2:8, 9). ბიბლია ამ უსჯულოს აღწერს, როგორც სატანის პირმშოს, რომელიც ადამიანის სახით მოგვევლინება. ეშმაკი ბოლოს და ბოლოს მიაღწევს იმას, რასაც ის ყოველთვის ელტვოდა: გაბატონებულიყო მთელ მსოფლიოზე! მას ყოველთვის სურდა მსოფლიოს მართვა, და ის შეეცდება ანტიქრისტეს მეშვეობით გაბატონდეს დედამიწაზე და ამ პერიოდში მისი მმართველობა არნახული ძალით დამყარდება.
ურჩული და ეკლესია
მხეცი და ურჩხული
 
49. ღმრთის სიტყვა გამოცხადებაში ბრძანებს, რომ ეს ყოველივე მოხდება ანტიქრისტეს მეფობის შუა პერიოდში - ამ მომენტში, ანუ როდესაც გავა 3 წელიწად ნახევარი, ანტიქრისტე დაარღვევს აღთქმას და გადაწყვეტს დადგას საკუთარი ხატი, მსოფლიოს კი მის თაყვანისცემას უბრძანებს - ამ დროს ანტიქრისტე შეპყრობილი იქნება თვით სატანის მიერ! სატანა წარგვიდგება ანტიქრისტეს სახით და ბოლო 3-1/2 წლის განმავლობაში გაბატონდება მსოფლიოზე.
 
50. "და ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ურჩხულს, ურჩხული და მისი ანგელოზები კი ებრძოდნენ მათ.  მაგრამ ვერ იმძლავრეს და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში. და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები" (გამოცხ. 12:7-9). სატანა გადმოგდებულ იქნა ციდან მის მიმდევარ ანგელოზებთან ერთად რათა ებრძოლონ ეკლესიას, განსაკუთრებით ბოლო 3-1/2 წლის განმავლობაში.
 
51. შენ იტყვი: "რა გაქვს მხედველობაში? მე არ ვიცოდი, რომ ცაში არსებობენ დემონები, ეშმაკები და მეამბოხეები!". საქმე იმაშია, რომ საკმარისი ყურადღებით არ ვკითხულობთ ბიბლიას. იობის წიგნში სატანა ღმრთის წინაშე წარდგება ღთისშვილებთან (ანგელოზებთან) ერთად. მართალია, ის ღმრთის მოწინააღმდეგეა, მაგრამ, ზეცა ჯერაც (ქრისტეს განკაცებამდე, ჯვარცმამდე და მის მკვდრეთით აღდგომამდე) მისაწვდომია მისთვის. ის არის ღმრთის წინაშე წმიდათა ცილისმწამებელი. იობის წიგნის მე-2 თავის 1-ელ მუხლში ნათქვამია: "ერთ დღეს მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინშე წარსადგომად სატანაც მივიდა მათ შორის უფლის წინშე წარსადგომად" (იობი 2:1). ხოლო აპოკალიფსისში ნათქვამია: "მომესმა მგრგვინავი ხმა ცაში, რომელმაც თქვა: აწ იქმნა ხსნა, ძალი და სუფევა ჩვენი ღმრთისა და ხელმწიფება მისი ქრისტესი, რადგანაც დაემხო ბრალმდებელი ჩვენი ძმებისა, რომელიც ბრალს სდებდა მათ ჩვენი ღმერთის წინაშე დღისით თუ ღამით" (გამოცხ. 12:10).
 
52. ამიტომაც, ზეციური ხმა გვაფრთხილებს: "მაშ, ხარობდეთ ზეცანო და ზეცის მკვიდრნო! მაგრამ ვაი მიწას და ზღვას, რადგანაც თქვენში ჩამოგდებულ იქნა ეშმაკი, აღსავსე სასტიკი რისხვით, ვინაიდან იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი" (გამოცხ. 12:12). ამიტომაც მსოფლიო ისტორიის ამ უკანასკნელ, მოკლე პერიოდში, ანუ დიდი ჭირვების 3-1/2 წელიწადში, როდესაც დადგება მსოფლიო ისტორიის არნახული განსაცდელი და, როდესაც მთელი მძვინვარებით იბობოქრებს ეშმაკი - მას უკვე აღარ ექნება ღმრთის წინაშე წარდგომის და წმინდანთა ცილისწამების უფლება; თუმცა, დედამიწაზე ჩამოგდებული, რაკიღა მალე სამარადისო შეპყრობას, უკუნ ბნელეთსა და ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩაგდებას ელოდება, გააფთრებული შეუტევს ქრისტეს ეკლესიას.
 
53. დედამიწა დაინახავს, რომ ის არის ცრუ-მესია! და ებრაელებიც, რომლებმაც თავიდან ის მიიღეს, მალევე მიხვდებიან, მის სიცრუეს! და ნაცვლად იმისა, ზეცა ჩამოეტანა დედამიწაზე, რასაც ის პირდებოდა თავის მიმდევრებს, ჯოჯოხეთის ცეცხლს დაანთებს კაცთა შორის!
 
54. "და როცა იხილა ურჩხულმა, რომ დაემხო ქვეყნად, დევნა დაუწყო ქალს, რომელმაც შვა ვაჟი" (აპოკ. 12:13), ანუ დევნა დაუწყო ეკლესიას, ქრისტეს პატარძალს, იმათ, ვინც აღიარა ქრისტე, როგორც მაცხოვარი. "მაგრამ მიეცა ქალს ორი ფრთა ვეება არწივისა, რათა გარიდებოდა ურჩხულს და გაფრენილიყო უდაბნოში, თავის ადგილას, სადაც უნდა ერჩინა თავი დროის, დროთა და ნახევარი დროის მანძილზე" (აპოკ. 12:14).
 
55. ეს უკანასკნელი 3-1/2 წელიწადი უკვე ვეღარ წარდგება ღმრთის წინაშე და ვეღარ დასწამებს ცილს უფლის მართალთ: ის აქ იქნება დედამიწაზე, ქრისტიანთა თვალწინ და არა მარტო დაადანაშაულებს, არამედ დაიწყებს მათ დევნას და განადგურებას. "მაშინ განრისხდა ურჩხული ქალზე და გასწია, რათა შებმოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესოს მოწმობა" (გამოცხ. 12:17). შემდეგ თავში ჩვენ ვხედავთ, როგორ ებრძვის ეშმაკი ეკლესიას ბილწი ანტიქრისტეს მეშვეობით და როგორ ანთხევს მთელ თავის ბოროტებას მასზე. ანტიქრისტე კი ამ დროისთვის იქნება მსოფლიო დიქტატორი, რომელშიც ის შესახლდება.
 
56. "დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი" (აპოკ. 13:1). "ზღვა" - არის კაცობრიობა, რომლიდანაც ამოვა მხეცი. მხეცი ასევე ნახსენებია დანიელის წინასწარმეტყველების წიგნში (იხ. თ. 7), სადაც ის წარმოადგენს სხვადასხვა მსოფლიო იმპერიებს, რომლებიც მმართველობდნენ დედამიწაზე. გამოცხადების მე-17 თავიდან ვიგებთ, რომ "შვიდი თავი არის შვიდი მეფე", ანუ სამეფო, "რომელთაგანაც ხუთი დაემხო, ერთი არის, სხვა კი ჯერაც არ მოსულა, მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს". სამეფოები, "რომელთაგან ხუთი დაემხო" არიან - ეგვიპტე, ასურეთი, ბაბილონი, მიდო-სპარსეთი და საბერძნეთის - ყველანი მოდიოდნენ და ქრებოდნენ. "ერთი არის" - ანუ რომის იმპერია, რომელიც ჯერაც არსებობდა იოანეს დროს, როდესაც ის წერდა აპოკალიფსისს - "ხოლო სხვა ჯერ არ მოსულა", - ანტიქრისტეს მსოფლიო იმპერია. "მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს" (იხ. აპოკ. 17:9-10). ამგვარად, ეს შვიდი თავი - შვიდი მსოფლიო იმპერიაა, რომლებიც გამოჩნდებიან ისტორიის სცენაზე, და ჩამოდიან იქიდან ადრინდელი ეგვიპტიდან მოყოლებული ვიდრე ანტიქრისტეს ბოლო იმპერიამდე, რომელიც ახლა იკრებს ძალას.
 
57. "ათი რქა, შენ რომ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ, როგორც მეფენი, მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, ერთი საათით". "მხეცთან ერთად", ანუ ანტიქრისტესთან ერთად, "როგორც მეფენი მიიღებენ ხელმწიფებას ერთი საათით", ანუ ძალიან მოკლე დროით (აპოკ. 17:12). რადგან ამ ათ მეფეს, სამეფოს ან სახელმწიფოს "ჯერ არ მიუღიათ მეფობა" იოანეს სიცოცხლის პერიოდში, და მეექვსე თავზე, რომის იმპერიაზე არ აღმოცენებულან, ყველანი გაჩნდებიან ბოლო, მეშვიდე თავზე: ანტიქრისტეზე! მათ ერთი აზრი ექნებათ და "თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მისცემენ მხეცს" (აპოკ. 17:13). დანიელის წიგნშიც არის ათი მსოფლიო სახელმწიფო, რომლებიც, ხელს უწყობენ ანტიქრისტეს მოსვლას. უფრო დეტალურად ეს აღწერილია დანიელის წინასწარმეტყველების 2:34,41-43-ში და ასევე 7:7,8,20-24-ში.
 
58. "მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება" (გამოცხ. 13:2). ეს უზარმაზარი წითელი ურჩხული, რომელიც წინა თავში ვიხილეთ - თვით სატანაა, გადმოგდებული ციდან. ის გააფთრებით დევნის ეკლესიას და ებრძვის მას დიდი ჭირვების 3-1/2 წლის განმავლობაში. რას უზამს ის მეშვიდე თავს, ამ უკანასკნელ მსოფლიო იმპერიას, რომლის იმპერატორი იქნება ანტიქრისტე? მისცემს მას "თავის ძალას, თავის ტახტს და უსაზღვრო ხელმწიფებას". ძველი გველი თვითონ შესახლდება ამ ურჩხულში, ამ მხეცში, ადამიან-ანტიქრისტეში!
 
59. ვუბრუნდებით რა დანიელს, ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ ანტიქრისტეს უდიდესი ძალაუფლება - ეს თვით მისი ძალაუფლება როდია: "მისი მეფობის ბოლოს, როდესაც მოღალატენი თავიანთ საქმეს აღასრულებენ, დადგება პირქუში და იგავთა მცოდნე მეფე. განმტკიცდება მისი ძლიერება, ოღონდ არა მისი სკუთარი ძალით". - არამედ სატანის ძალით - და "შეუდგება საშინელ გაპარტახებას და წამატებული იქნება მისი მოქმედება, და გასწყვეტს ძლიერებს და წმიდათა ერს" (დანიელი 8:23-25). შემდეგ, დავუბრუნდეთ კვლავ იოანეს გამოცხადებას:
 
60. "ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ. და თაყვანი სცეს ურჩხულს" - ანუ ეშმაკს! – "რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება" - ანუ ანტიქრისტეს - და "თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?" (აპოკ. 13:3, 4).
 
61. გასაკვირი არ არის, რომ ანტიქრისტე ასეთი ძლიერია, ასეთი სუპერმენია, და ასეთი საკვირველმოქმედია! რადგან სატანა გადმოგდებულია ციდან, გააფთრებულმა, რადგან იცის დრო ცოტა აქვს, შესახლდება ანტიქრისტეში, ამ მხეცში, და მას სუპერმენად შეიქს. ანტიქრისტე გახდება ადამიანი-ეშმაკი, "ხორცშესხმული" ეშმაკი, მსგავსად იმისა, როგორც ქრისტე იყო განკაცებული, ოღონდ ანტიქრისტეში ასე როდი იქნება, ეშმაკი მხოლოდ გამოიყენებს მის სხეულს, შესახლდება რა მასში.
 
62. ამგვარად, ცხადი ხდება, რომ თავის მმართველობის პირველ 3-1/2 წელიწადში, ანტიქრისტე უდავოდ შთაგონებული იქნება ეშმაკისგან, მიიღებს სატანის სიბრძნეს, და ა. შ., მაგრამ სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში, "შვიდეულის შუალედში", ის გაწყვეტს აღთქმას, შეწყვეტს მსხვერპლშეწირვას, აღმართავს თავის ხატს და თავს ღმერთად გამოაცხადებს. ამიერიდან ანტიქრისტე ღმრთის შესაფერის თაყვანისცემას მოითხოვს. ანუ, მაშინ, როდესაც ის უშუალოდ იქნება შეპყრობილი ეშმაკისგან, თვით სატანისგან! ამიტომაც, როდესაც ანტიქრისტეს აღმართავს თავის ხატს და მსოფლიოს გამოუცხადებს: "თაყვანი მეცით მე", როგორ ფიქრობთ, მისი პირით ვინ ილაპარაკებს? - ცხადია, ეშმაკი, "ღმერთი ამა-სოფლისა" (2 კორინთ 4:4). ეს არის ის, რაც მას ყოველთვის სურდა! რათა მთელი მსოფლიო გართხმულიყო მის ფერხთით! და ის ამას მიაღწევს, ოღონდ მცირე ხნით! ამ თაყვანისცემაში მონაწილეობას არ მიიღებენ ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომელთაც გულითადად უყვართ ღმერთი, გაბედავენ ანტიქრისტესადმი წინააღმდეგობას და არ დაემორჩილებიან მას.
 
63. "მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე" (აპოკ. 13:5). ჩვენ აქ კვლავ ვხედავთ დიდი ჭირვების სამ წელიწად ნახევარს. "და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი. და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას" (აპოკ. 13:6, 7).
 
64. მაგრამ რას ნიშნავს სიტყვები: "ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი"? (გამოცხ. 13:3). ჩვენ ვიცით, რომ აქ მხედველობაშია მეშვიდე თავი, ანტიქრისტესი, რადგან მოგვიანებით ამავე თავში დავინახავტ, რომ ანტიქრისტეს ჰყავს ცრუწინასწარმეტყველი, წამქეზებელი, რომელიც "მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა. და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე. და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა" (აპოკ. 13:12-14).
 
65. გამოცხადების მე-17 თავი კვლავ ანტიქრისტეზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ "... დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, განცვიფრდებიან, როდესაც იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა. ხოლო მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან, და წარსაწყმედლად მიდის" (აპოკ. 17:8, 11). მაგრამ, ამ მხეცს, რომლის შესახებაც წავიკითხეთ, მხოლოდ შვიდი თავი აქვს, რაც შვიდ მსოფლიო იმპერიაზე ან სამეფოზე მიანიშნებს! მაშინ საიდან გამოძვრება მერვე?
 
66. ერთადერთი ახსნა, რომელიც შეგვიძლია ჩვენ მივცეთ ამ მოვლენას, არის შემდეგი: როდესაც ის პირველად დაიპყრობს ძალაუფლებას და დაამტკიცებს 7 წლიან აღთქმას, ის იქნება ანტიქრისტეს მეშვიდე მსოფლიო იმპერია. ის ჯერ კიდევ არ არის სრული ანტი-ქრისტე, ის ჯერ კიდევ სრულიად არ არის შეპყრობილი ეშმაკის მიერ, ის ჯერ კიდევ არ არის ის ანტიქრისტე, რომელიც იქნება მერვე მსოფლიო მბრძანებელი. მაგრამ, "გატიალების სისაძაგლისა" და შვიდეულის მეორე ნახევრის 3-1/2 წელიწადში ის შეპყრობილი გახდება ეშმაკისგან, და მით შეიქმნება იმ მმართველად, რომელსაც სრულად დაეპატრონება ეშმაკი: ანტიქრისტე გახდება ის კაცი, მეშვიდე თავი, ამიერიდან კი მერვე!
 
67. "მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა..." - ეს აიხსნება მით, რომ "მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი ... მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა" (აპოკ. 17:8; 13:3, 14). როგორც ჩანს, ანტიქრისტეს მოკლავენ, გაანადგურებენ, "სასიკვდილოდ მოსწყლავენ" - ცხადია, იმ დროს არ იყო ცეცხლსასროლი იარაღი, მაგრამ პისტოლეტები - ჩვენი დროის "მახვილები" იზამენ ამას. თუმცა, ანტიქრისტეს კვლავ დაუბრუნდება სიცოცხლე ეშმაკის ზებუნებრივი მანქანებით! ის შესახლდება მასში და თითქოსდა აღადგენს მას მკვდრეთით. "აღდგომა" იქნება მისი "ღმერთობის" მანდატი. ის უკვე აღარ იქნება ის, ვინც იყო: ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს მშვიდობა მოუტანა და მოუხსნა ყველა პრობლემა, აღასრულა აღთქმა იერუსალიმზე, და ა. შ. ის იგივე ახალგაზრდა კაცი იქნება, მაგრამ არც მთლად იგივე (1).
______________
 
1. ამ ადგილას პუბლიკაციის ავტორს ვერ დავეთანხმებით, რადგან ანტიქრისტეში სატანა თავიდანვე იმოქმედებს, მაშინაც კი, როდესაც ის მსოფლიოში მშვიდობას დაამყარებს. მისი სასიკვდილო დაჭრა, შეიძლება იყოს ინფორმაციული გათამაშება, ანუ ანტიქრისტეს მართლა დაჭრიან, მაგრამ გამოაცხადებენ, რომ ის მოკვდა, შემდეგ კი მასში შევა ეშმაკი, რომელიც "სასწაულებრივად" აღადგენს მას მკვდრეთით, რათა მსოფლიო გააკვირვოს ამ "აღდგომით". ადამიანი-ანტიქრისტე ისევ იმავე ადამიანად დარჩება და მასში შესახლდება სატანა, რადგან სხვაგვარად, თუკი ანტიქრისტე მოკვდება და ეშმაკი დაეუფლება მხოლოდ მის გვამს, რომელსაც "გააცოცხლებს", ანტიქრისტე აღარ იქნება მის მიერ ჩადენილი დანაშაულობების თანაზიარი და დამნაშავე. აპოკალიფსისი კი ცხადად გვეუბნება, რომ ანტიქრისტე, ისევე როგორც სატანა და ცრუწინასწარმეტყველი ჩაიყრებიან ცეცხლის ტბაში. მაშასადამე, ანტიქრისტეს თავისი ადამიანური ნება და ცნობიერება არ წაერთმევა, ის ნებაყოფლობით დაუთმობს საკუთარ სხეულს ეშმაკს და იმოქმედებს მასთან ერთად.
______________

 68. ის დარჩება მეშვიდე თავად, მაგრამ იქნება "მერვე შვიდთაგან". მსოფლიო ვერ გაარკვევს ამ სხვაობას და იფიქრებს, რომ ეს იგივე მთავრობაა, იგივე ადამიანია, მაგრამ მას ეუფლება ეშმაკი! ამით აიხსნება გასაოცარი ცვლილებები, თუ რატომ გაწყვიტავს ის უეცრად აღთქმას, შებილწავს წმიდა ადგილს და "გატიალების სიბილწეს" დაამკვიდრებს, რაც გამოიხატება მხეცის გაღმერთების მოთხოვნასა და მისი ხატების თაყვანისცემაში. ანტიქრისტე იქნება სატანის ჭურჭელი, ხორცშესხმული სატანა... ამისი შედეგი კი იქნება ჯოჯოხეთის დამკვიდრება დედამიწაზე ანტიქრისტეს მმართველობის ამ ბოლო სამ წელიწად ნახევარში.

მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.

გაგრძელება იქნება.
Назад к содержимому