ანტიქრისტე - ანტიქრისტეს მოსვლამდე... - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
ანტიქრისტეს მოსვლამდე...
ანტიქრისტეს ნიშანი
"ათი რქა, შენ რომ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ, როგროც მეფენი, მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, ერთი საათით. ერთი აზრი აქვთ და თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მისცემენ მხეცს. ერთადვე შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი იმძლავრებს მათზე, რადგანაც ის არის უფლებათა უფალი და მეუფეთა მეუფე, ხოლო მასთან მყოფნი ხმობილნი, რჩეულნი და სარწმუნონი არიან. კვლავ მითხრა მე: წყალნი, რომელნიც იხილე, სადაც ზის დიდი მეძავი, ხალხები არიან და ბრბონი, ერები და ენანი" (აპოკ. 17:12-15).
 
პერიოდს ანტიქრისტეს მოსვლამდე და მის 7 წლიან ბატონობამდე წმიდა წერილი აღწერს არა როგორც "ჩიპიზაციას" ან "ვაქცინაციას", არამედ, როგორც:
 
1. უპრეცედენტოს, რომელსაც ანალოგი არა აქვს ისტორიაში ხალხთა და ერთა ცთუნების თვალსაზრისით და, რომელიც კაცობრიობას მიიყვანს იქამდე, რომ მთელი დედამიწა (ცხადია ქრისტიანთა "მცირე სამწყსოს" (ლუკა 12:32) გარდა) უარყოფს ჭეშმარიტებას და შეიყვარებს სიცრუეს.
 
ამავდროულად ეს იქნება:
 
2. უსჯულოების პერმანენტული მატება, სისასტიკე და ადამიანის ელემენტარული უფლებებისა და თავისუფლების უგულებელყოფა. არავითარი დემოკრატია. ამასთან "უსჯულოება" ნიშნავს არა საერთოდ უკანონობას, როგორც ასეთს, არამედ იმგვარ კანონებს, რომლებიც მიმართულნი იქნებიან ღმრთის სჯულის წინააღმდეგ (ეს პროცესი დაწყებულია - ერთსქესიანთა ქორწინება, პატარა ბავშვების გახრწნა საბავშვო ბაღებიდანვე ე. წ. "სექსუალური განათლების", როგორც საგნის შემოღებით, ლგბტ საზოგადოების უფლებათა მატება და სხვა).
 
3. უნიკალური ცრუწინასწარმეტყველის ამოქმედება, რომელიც ფაქტობრივად უმძლავრესი ჯადოქარი და ორატორი აღმოჩნდება. ეს იქნება ჰებელსი მილიონ ხარისხში. მისი მთავარი თავისებურება იმაშია, რომ ფლობს დამარწმუნებლობის შემზარავ ძალას და ზებუნებრივ უნარებს. ცრუწინასწარმეტყველი დაიწყებს არა საკუთარი თავის, არამედ ანტიქრისტეს განდიდებას.
 
4. წარმოუდგენელი, უპრეცედენტო და სუპერ-მეგა ულტრა იდეოლოგიის / მსოფლმხედველობის გამოჩენა, რომელიც იქნება ჯადოქრობის, ოკულტიზმის, მამონის, წარმართობის, ნიუ-ეიჯის, პოლიტიკის, ფსიქოლოგიის, ექსტრასენსორიკის, ეზოთერიკის სიმბიოზი; უფრო სწორედ, არა სიმბიოზი, არამედ ყოველივე ამის წყარო - დიდი და მეძავი ბაბილონი, უძველესი სული, რომელიც ჯერ კიდევ კაენის ზურგს უკან იდგა. ეს იდეოლოგია უმოკლეს დროში გავრცელდება მთელ დედამიწაზე და მილიარდები გაჰყვებიან მას. მსოფლიო ელიტა გაჰყვება მას, ტრანსნაციონალური კორპორაციები გაჰყვებიან მას, პრეზიდენტები გაჰყვებიან მას. რელიგიები გაქრებიან, რადგან ამ იდეოლოგიაში აითქვიფებიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს მეგა ულტრა იდეოლოგია ყველა რელიგიას შეისრუტავს.
 
და ბოლოს, რა თქმა უნდა, ნომერ პირველი ნიშანი:
 
5. მეძავი ბაბილონი - სახელმწიფო, რომელსაც, ძველი მეფეების მსგავსი 10 უმძლავრესი ლიდერი ეყოლება. ეს მეფეები (პრეზიდენტები, გენსეკები, როგორც გინდათ უწოდეთ ...) იქნებიან საურონის ნაზგულებივით; როგორც ჯადოქართა შავი საზოგადოება, შტორმივით შემოვარდებიან მსოფლიო არენაზე და განაცვიფრებენ ყველას. ისინი დააფუძნებენ ახალ სახელმწიფოს, რის შემდეგაც მთელ ძალასა და ხელისუფლებას გადასცემენ ანტიქრისტეს.
 
დააკვირდით - აქ არ არის ლაპარაკი არც ჩიპებზე, არც ვაქცინაციაზე და მის მსგავს მოვლენებზე. ანტიქრისტიანული მოძრაობა ეს არის უდიდესი და უმზაკვრესი საცთური, მოსახლეობის მოტყუება, უსჯულოება, აბსოლუტური გარყვნილება, ჯადოქრობა, ოკულტური და დემონური აქტივობა და სხვა.
 
ეს იქნება სწორედ ის დრო, როდესაც "მრავალი განუდგება ჭეშმარიტ რწმენას", რადგან "შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას" (1 ტიმ. 4:1). ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი უეცრად ურწმუნო გახდება და იესუს ზურგს შეაქცევს, არა - ეს ნიშნავს იმას, რომ მილიონობით ფორმალური ქრისტიანი, რომლებსაც არსებითად არასოდეს სწამდათ ქრისტესი, გამოვლენ ქრისტიანობისგან, რადგან "... არ იყვნენ ჩვენგანნი, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ გამოვიდნენ, რათა ცხადი გამხდარიყო, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი" (1 იოანე 2:19). ისინი განაცხადებენ, რომ "ქრისტიანობაში იმედი გაუცრუვდათ". სხვათა შორის, ეს მოვლენა უკვე ხდება და მრავალი ქრისტიანი გაცივდა ქრისტიანობის მიმართ, მრავალმა (მათ შორის სასულიერო პირმაც) დატოვა თავიანთი სარწმუნოებრივი მოწოდება.
 
აი ძირითადად ის მოვლენები, რაც ანტიქრისტეს გამოჩენამდე მოხდება.


მომზადებულია მართლმადიდებლურ წყაროებზე დაყრდნობით.
 
საიტი "აპოკალიფსისი". 12 მაისი. 2021 წ.
Назад к содержимому