ანტიერეტიკონი - წმიდა ნაწილთა თაყვანისცემის შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
წმიდა ნაწილთა თაყვანისცემის შესახებ
მკვდრის გაცოცხლება ელისე წინასწარმეტყველის საფლავში
ავტორი: დეკანოზი იოანე (სმოლინი).

ზემოთ ფოტოზე: ელისეს საფლავის სასწაული. მხატვარი იან ნაგელი (Jan Nagel) († 1602)


I. მართლმადიდებლური სწავლება ღმრთის წმინდანთა ნაწილების თაყვანისცემის შესახებ

II. ღმრთის სიტყვა, როგორც წმინდა ნაწილთა თაყვანისცემის შესახებ მართლმადიდებლური სწავლების საფუძველი

III. წმიდა გადმოცემა, როგორც წმინდა ნაწილთა თაყვანისცემის შესახებ მართლმადიდებლური სწავლების საფუძველი

IV. მართლმადიდებლის პასუხები შემცდარის კითხვებზე

V. სექტანტებთან მისიონერული პოლემიკის დამხმარე სახელმძღვანელო წმიდა ნაწილთა თაყვანისცემის შესახებ.
 

***

 
I. მართლმადიდებლური სწავლება ღმრთის წმინდანთა ნაწილების თაყვანისცემის შესახებ

ღმრთის სიტყვა ანუ წმიდა წერილი ასწავლის, რომ ღმერთმა დასაბამითგან იცის თავისი მართლები და მთელი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში გამოცხადებებითა და სასწაულებით განადიდებს (მაგ.: მოსე, მეფე დავითი, სოლომონი და წინასწარმეტყველები). ასე რომ ისინი არიან "ნათელი ქვეყნისა" (მათე 5:14). უფალი სიკვდილშიც განადიდებს თავის წმიდათ მოწამეობრივი აღსასრულით ან საიქიო სავანეებში სიკვდილის გარეშე გადასახლებით (მაგ.: ილია და ენოქი); წმიდა წერილი უფლის წმინდანებს გამოსახავს ასეთი სახით: ზეცად ისინი იმოსებიან სპეტაკი შესამოსელით და თავზე ედგმებათ ოქროს გვირგვინები (იხ. იოანეს გამოცხადება, ანუ აპოკალიფსისი). ხოლო დედამიწაზე დარჩენილ სხეულთა სიწმიდეს უფალი სასწაულებითა და უხრწნელებით წარმოაჩენს (იგავნი 2:3, 22; 1 ტიმ. 1:8-10).
 
ამიტომაც, ყველას თვალწინ, მრავალი საუკუნის განმავლობაში აღესრულება დიადი სასწაული: საფლავებიდან ამოყვანილ ღმრთის წმინდანთა სხეულის ნაწილები ან მათი ძვლები კეთილსურნელებას აფრქვევენ და მადლშემოსილნი არიან მაკურნებელი ძალით.
 
საყოველთაო აღდგომის შემდეგ სხვა ადამიანებსაც ექნებათ მკვდრეთით აღმდგარ იესუ ქრისტეს მსგავსი უხრწნელი სხეულები (ფლპ. 3:20-21). მაგრამ ქრისტეს ეკლესიის წმინდანები, როგორც სულიწმიდის უწმიდესი ჭურჭლები და, როგორც ქრისტეს უპატიოსნესი ხორცისა და სისხლის მოზიარენი, ჯერ კიდევ მიწიერ ცხოვრებაში ასწრებენ საკუთარი სხეულების განწმენდას ცოდვებისგან იმდენად, რომ ღმრთის მადლით "ხრწნადები შეიმოსებიან უხრწნელებით" (1 კორ. 15:53); და რადგან ღმრთის მადლი მათთან სიკვდილის შემდეგაც რჩება, უნარმოსილნი ხდებიან სასწაულთმოქმედების.
 
წარმოადგენენ რა წმიდა მსხვერპლს, ღმრთის წმინდანები და მათი პატიოსანი ნაწილებიც, საყოველთაო მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებით, ისეთივე პატივისცემას იმსახურებენ, როგორც წმიდა მართალთა ხატები და სხვა საეკლესიო ნივთები.
 
მართლმადიდებლური კატეხიზმო ასწავლის, რომ როდესაც პატივს მივაგებთ ზეცად გადასახლებულ წმინდანთა სულებს, ამით ვაღიარებთ, რომ მათში დავანებული იყო თვით ღმერთი; მაგრამ, ამავდროულად პატივს მივაგებთ მიწაზე დარჩენილ მათ წმიდა სხეულებს, რომლებიც ასევე ღირს იქმნენ ყოფილიყვნენ სულიწმიდის ტაძრები (1 კორინთ. 6:19 შეად 3:17); პატივს მივაგებთ წმინდანთა ნაწილებს, რომლებიც მათ მიერ განიწმინდნენ, მაგალითად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართს და სარტყელს, წმ. მოციქულ პეტრეს ბორკილებს და სხვა.
 
ამგვარად, ეკლესია, წმიდა მოწამეთა, მოღვაწეთა და მართალთა ნაწილების პატივისცემით, პატივს მიაგებს არა ხორცსა და სისხლს, არა გარდაცვლილ ადამიანთა გვამებს, არამედ ღმრთის მადლს, უფლის ძალას, რომელიც ამ ნაწილთა მიერ ვლინდება საკვირველ ნიშებსა და სასწაულებში.

ესოდენ ბუნებრივი პატივისცემა წმიდა ნაწილებისა და ღმრთის წმინდანთა სხვა ნარჩენებისა მყარ საფუძველს ჰპოვებს იმაშიც, რომ თვით ღმერთმა კეთილინება პატივი მიეგო თავისი რჩეული წმინდანებისადმი ურიცხვი ნიშებითა და სასწაულებით. ასე, მაგალითად, წმიდა წერილში ვკითხულობთ როგორ გაცოცხლდა ერთი მიცვალებული კაცი წმ. ელისეს ძვლებთან შეხებით.

მთლიანი სახით იყო დაცული წმ. წინასწარმეტყველ ელისეს სხეული? არა, ის სრულიად მიეცა მიწას; უხრწნელი დარჩა მხოლოდ ღმრთის წინასწარმეტყველის ძვლები: "მოკვდა ელისე და დამარხეს იგი", - ნათქვამია ღმრთის სიტყვაში. "მოაბის მოთარეშენი დაეცნენ ქვეყანას წლის დამდეგს. ერთხელ ვიღაც კაცს მარხავდნენ და, აჰა, როცა დაინახეს მოთარეშენი, ჩააგდეს ეს კაცი ელისეს სამარხში. როგორც კი შეეხო კაცი ელისეს ძვლებს, მყისვე გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა" (4 მეფ. 13:21).
 
ვინ გაბედავს დაეჭვებას იმაში, რომ წმ. წინასწარმეტყველის ძვლები ღმრთის მაცოცხლებელი ძალის ჭურჭელი იყო, თუმცა მისი ხორცი ამ დროს ხრწნილებას იყო მიცემული!



II. წმიდა ნაწილთა თაყვანისცემის ბიბლიური საფუძვლები
 
წმიდა წერილი ადასტურებს, რომ წმიდა ნაწილთა თაყვანისცემა ჯერ კიდევ ძველაღთქმისეული პერიოდიდან არსებობდა. ასე, მაგალითად, გამოსვლათა წიგნში გადმოცემულია, თუ როგორ წამოიღო მოსემ ეგვიპტიდან გამოსვლისას იოსების ძვლები (გამ. 13:19).
 
იუდეის ღვთისმოსავმა მეფემ ოსემ გარდაცვლილ ადამიანთა უამრავი ძვალი დაწვა, მაგრამ ღმრთის წინასწარმეტყველის ძვლების ხელის ხლება აკრძალა და "თქვა: მოასვენეთ, ნურვინ დაძრავს მის ძვლებს. ასე იხსნა მისმა ძვლებმა სამარიიდან მოსული წინასწარმეტყველის ძვლები" (4 მეფ. 23:18).
 
იმავე წიგნში მოთხრობილია ერთი გარდაცვლილის სასწაულებრივი გაცოცხლების ამბავი, რადგან მისი გვამი წინასწარმეტყველ ელისეს ძვლებს მიედო (4 მეფ. 13:21).
 
ხოლო ბრძენი სოლომონი პირდაპირ ამბობს: "ღმერთმა ადამიანი უხრწნელად შექმნა და თავისი მარადიულობის ხატად დაბადა იგი" (სიბრძნე 2:23).
 
წმიდა წერილი ასევე ადასტურებს, რომ მართალ ადამიანთა ტანისამოსიც კი სასწაულთმოქმედების ძალით განიდიდებოდა უფლის მიერ:
 
"დაარტყა წყალს მოსასხამი, ელიას რომ დაუვარდა, და თქვა: სად არის უფალი, ელიას ღმერთი? დაარტყა წყალს და შუა გაიპო წყალი და გავიდა ელისე გაღმა" (4 მეფ. 2:14).



"დაარტყა წყალს მოსასხამი, ელიას რომ დაუვარდა, შუა გაიპო წყალი და გავიდა ელისე გაღმა" (4 მეფ. 2:14).
 
სისხლმდინარე დედაკაცი რწმენით მიეახლა ქრისტეს სამოსის კიდეს და განიკურნა, "ვინაიდან გულში ამბობდა: მის სამოსსაც რომ შევეხო, მეშველებაო. და მართლაც, შეხებისთანავე შეუწყდა სისხლის დენა, და ტანმა უგრძნო, რთმ განიკურნა სნეულებისგან" (მარკ. 5:28-29).
 
მოციქულ პავლეს "ნაქონ ხელსახოცებს თუ წელსაკრავებს თვით სნეულთაც კი აფენდნენ, რომელნიც იკურნებოდნენ და უკეთური სულები გამოდიოდნენ მათგან" (საქმე 19:12).
 
მოციქულ პეტრეს ჩრდილსაც კი საკვირველთმოქმედების ძალა ჰქონდა:
 
"ასე რომ, ქუჩაში გამოჰყავდათ სნეულნი და საკაცეებსა და სარეცლებზე აწვენდნენ, რათა ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა მათ" (საქმე 5:15).
 
მაშ, თუკი მოციქულთა ხელსახოცებს, წელსაკრავებს და თვით ჩრდილსაც კი საკვირველთმოქმედების ძალა ჰქონდა, ნუთუ ამგვარი მადლი არ ექნებოდა თვით მოციქულთა სხეულებს? ფსალმუნთმგალობელი დავითი მართლებზე ბრძანებს: "ის იცავს მის ყოველ ძვალს, მათგან ერთიც არ შეიმუსრება" (ფსალმ. 33:21).
 
"რადგან არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს, გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას" (ფსალმ. 15:10).
 
მაგრამ, რადგან ქრისტე იყო არა მარტო ღმერთი, არამედ უცოდველი ადამიანიც, წინასწარმეტყველება ქრისტეს სხეულის უხრწნელებაზე ამავდროულად მის მიმდევართა სხეულებსაც ეხება, რადგან ასე ბრძანებს მოციქული პავლე: "როგორც ვატარებდით მიწიერის ხატებას, ასევე ვატაროთ ზეციერის ხატებაც" (1 კორ. 15:49).
 
ბრძენი იესუ, ზირაქის ძე, თორმეტ უკვე დიდი ხნის წინ გარდაცვლილ წინასწარმეტყველზე ამბობს:
 
"აყვავდეს თორმეტი წინასწარმეტყველის ძვლები, სადაც არიან, ... არც იოსების მსგავსი კაცი დაბადებულა, ძმების წინამძღოლი, ხალხის სახსარი. პატივი მიაგეს მის ძვლებს" (49:10, 15)
 
ხოლო ელისე წინასწარმეტყველზე ბრძანა: "განსვენების ჟამსაც იწინასწარმეტყველა მისმა ცხედარმა. როგორც სიცოცხლეში მოიმოქმედა სასწაულნი, ასევე საკვირველი იყო მისი საქმეები მისი აღსასრულის შემდეგ" (ზირ. 48:13-14).
 
"ახლა კი გამოჩნდა ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოცხადებით, რომელმაც გააბათილა სიკვდილი და სახარებით გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელება" (2 ტიმ. 1:10).
 
"განიხვნენ საფლავნი და წმიდა განსვენებულთა მრავალი გვამი აღდგა" (მათე 27:52).
 
"კურთხეულია მართლის მოსაგონარი, ხოლო ბოროტეულთა სახელი დალპება" (იგავნი 10:7).



III. წმიდა გადმოცემა, როგორც წმინდა ნაწილთა თაყვანისცემის შესახებ მართლმადიდებლური სწავლების საფუძველი
 
უხრწნელების ჭეშმარიტება, ღმრთის სიტყვით ნაუწყები, განუყოფელია წმიდა ნაწილთაგან და მჭიდროდ არის დაკავშირებული რწმენისა და ღვთისმოსაობის შესახებ ღმრთითგამოცხადებული სწავლების მთელ სიმწყობრესთან, დადასტურებულია და განმარტებულია წმიდა გადმოცემითა და, როგორც აღმოსავლეთის, ასევე დასავლეთის ეკლესიის მამათა სწავლებებით.
 
მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომით ძლეულია სიკვდილი, და წმინდანთა უხრწნელება სიკვდილზე გამარჯვების მკაფიო დადასტურებაა (1 კორინთ. 15:54). შემდეგ, ქრისტიანული სწავლებით, სხეული არის არა მარტო სულის ორგანო, არამედ სულიწმიდის ტაძარიც (1 კორინთ. 6:19-20), ამიტომაც, სულთან ერტად, ისინი იღებს მონაწილეობას გარდაცვლილი მართლის განდიდებაში. ამის საფუძველზე აცილებენ საფლავამდე ასეთი პატივით გარდაცვლილი ქრისტიანის სხეულს. ხოლო სხვა მართალ ქრისტიანთა პატიოსანი გვამებს, იოანე ნათლისმცემელით დაწყებული, დიდი მოშურნეობით მიაგებენ პატივს მართლმადიდებელი ქრისტიანები.
 
იოანე ნათლისმცემელის თავი რამოდენიმეჯერ მოხვდა ქრისტიანობის მტრების, მაგალითად, იულიანე განდგომილის ხელში, რომლებიც არაერთხელ ეცადნენ მის განადგურებას, მაგრამ უფალმა ყოველთვის დაიცვა იგი ღვთისმოშიში თაყვანისმცემლებისთვის (Блаж. Феод. Церк. Ист., кн. 3. гл. 7:10). ზუსტად ასევე მიეგებოდა პატივი წმ. მოციქულთა წმიდა ნაწილებს, როგორც ადასტურებს ამას წმ. იოანე ოქროპირი, რომელიც მსჯელობს მოციქულ პეტრესა და პავლეს ძვლების პატივისცემაზე; ასევე, ნეტ. იერონიმე, ევსები (Церк. ист. кн. 8) და სხვები. III საუკუნიდან ჩვენ ვპოულობთ ცნობებს, რომ ქრისტიანები დიდი ღვთისმოშიშებით აგროვებდნენ წმიდა მოწამეთა ეგნატე ღმერთშემოსილისა და პოლიკარპე სმირნელის ძვლებს, როგორც "უძვირფასეს საგანძურს, იმაზე უმეტესს, ვიდრე ოქროა და ძვირფასი თვლები" (Евсевий Ц. ист. кн. 4, гл. 15). III საუკუნიდანვე ვპოულობთ კიდევ უფრო მეტ მითითებებს წმიდა ნაწილთა თაყვანისცემაზე. წარმართები დიდი მონდომებით ცდილობდნენ წმიდა მოწამეთა სხეულების განადგურებას, რათა ქრისტიანთა ხელთ არ მოხვედრილიყვნენ პატივისცემისთვის, ამიტომაც მათ სხეულებს წვავდნენ, ან წყალში აგდებდნენ და ა. შ. (Евсевий, Ц. ист. к. 8, гл. 6).
 
IV ს-ში, ქრისტიანობის დამტკიცების შემდეგ, წმიდათა ნაწილებს, რომლებიც ადრე წარმართთაგან დაფარული იყო, უკვე მიწიდანაც იღებენ. ამ დროიდან, წმიდა ნაწილთა გახსნისას, იწყება განსაკუთრებული კვლევები, და მათი ჭეშმარიტების საუკეთესო დასტურად მიიჩნევა მათგან მომდინარე სასწაულები. ასე მოიქცა, მაგ., ამბროსი წმ. მოწამეთა გერვასისა და პროტასის წმიდა ნაწილების ამოღების დრო: "თქვენ ხართ თვითმხილველნი იმისა, - ამბობს ის წმიდათა ნაწილების გახსნისას წარმოთქმულ სიტყვაში, - თუ როგორ იკურნებოდნენ იმწამსვე, წმიდათა სამოსის შეხებისთანავე, ავადმყოფი ადამიანები" (Письмо 22, 9).
 
წმ. ბასილი დიდი წმ. მოწამე მამანტის ხსოვნის საპატივცემოდ წარმოთქმულ ჰომილიაში წერს: "ყველამ იცის ის სასწაულები, რომლითაც წმიდა მოწამე ზოგს ჯანმრთელობას ანიჭებდა, ზოგს კი - სიცოცხლეს". ხოლო წმიდა ივლიტასადმი მიძღვნილ ჰომილიაში წმ. ბასილი დიდი წერს, რომ როდესაც მისი წმიდა ნაწილები ერთ უწყლო ადგილას მიიყვანეს, მიწიდან სასიამოვნო გემოს მქონე წყალი ამოვიდა, რის გამოც იმ ადგილის მცხოვრებლებმა წმ. ივლიტას თავიანთი მკვებავი უწოდეს.
 
დოგმატი წმიდათა ნაწილების თაყვანისცემის შესახებ დაამტკიცა VII მსოფლიო კრებამ, რომელმაც წმიდათა ნაწილებს კურნებათა წყარო უწოდა და ვინც მათ პატივს არ მიაგებს სასჯელს უქვემდებარებს. "ჩვენმა უფალმა იესუ ქრისტემ - ნათქვამია კრების დადგენილებებში, მოგვანიჭა წმიდათა ნაწილები, როგორც მაცხოვნებელი წყაროები, რომლებიც მრავალგვარად ღვრიან ჩვენნაირ უძლურებზე ღმრთის წყალობას. ამრიგად, ვინც გაბედავს მოწამეთა ნაწილების უარყოფას, რომელთა შესახებაც იცოდნენ, რომ ისინი ნამდვილი და ჭეშმარიტნი იყვნენ: თუ ეპისკოპოსი ან კლირიკოსი იყოს, - დაემხოს, ხოლო ოთუ ბერი და ერისკაცი, - განიკვეთოს ზიარებისგან" (Деян. соб. пр. 3 и 7). იგივე VII მსოფლიო კრებამ განსაზღვრა, რომ წმიდა ნაწილები ჩადებულიყო ეკლესიებში მათი კურთხევის დროს, და ამის შეუსრულებლობისთვის ეპისკოპოსებს ემუქრება პატივის აყრით (Прославл. святых. Прот. П. Смирнов, стр. 58–59).


ამრიგად, რას მიეგება პატივი ეკლესიაში წმიდა ნაწილთა სახით?
 
ვრცელი აზრით წმიდა ნაწილებში იგულისხმება ყოველი გარდაცვლილი ქრისტიანის სხეული. ასე, მაგალითად, გარდაცვლილთა დაკრძალვის წეს-განგებაში ნათქვამი: "ვიღებთ გარდაცვლილის გვამს, და მასთან ერთად მივდივართ ეკლესიაში". მაგრამ საკუთრივ გვამში იგულისხმება ღმრთის მართალთა პატიოსანი ნაწილები. მაგრამ აქ სიტყვა "ნაწილებს" გააჩნია სხვადასხვა მნიშვნელობა. უპირველეს ყოვლისა "ნაწილებად" იწოდებიან წმ. მართალთა ძვლები. ჩვენ უკვე მოვიტანეთ ძველი მოწმობები წმ. მოწამეთა: ეგნატე ღმერთშემოსილისა და პოლიკარპე სმირნელის ძვლების პატივისცემის შესახებ. საეკლესიო ისტორიკოსი ევსები, როდესაც მსჯელობს მოციქულ ლუკას და ტიმოთეს ნაწილების გადასვენებაზე IV ს-ში, ამატებს, რომ "პატრიარქს ისინი ესვენა თავის მუხლებზე, მცირე ზომის კიდობნებში, ანუ ყუთებში" (Ц. истор. кн. 8). ცხადია, ამ კიდობნებში წმიდა მოციქულთა მხოლოდ ძვლებიღა თუ ჩაეტეოდა.
 
ჩვენი სულიერი წინაპრები სიტყვაში "ნაწილები" უმთავრესად ძვლებს გულისხმობდნენ. 1472 წელს მოსკოვში მიძინების ტაძრის შერემონტების მიზნით გახსნეს მიტროპოლიტების კუბოები მათი სხეულების დასათვალიერებლად და აი, როგორც ერთ მატიანეშია ნათქვამი: "იონას სხეული სრულად შენარჩუნებულიყო, ხოლო ფოტისა არასრულად, კვიპრიანესი კი სულ გახრწნილიყო და მხოლოდ ნაწილებიღა იყო დარჩენილი" (Собр. русск. лет. Т. VI, стр. 196).
 
მაგრამ ჩვეულებისამებრ ჩვენი მორწმუნე ერი წმიდა ნაწილებში მარტო გარდაცვლილ წმინდანთა უხრწნელად შენარჩუნებულ მთელ სხეულებს გულისხმობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ნაწილთა ზოგიერთი ასო ექვემდებარება ჩვეულებრივ ხრწნილებას, ღმრთის სიტყვის თანახმად, რომელმაც ბრძანა: "მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი" (დაბ. 3:19), და როგორც მოწმობა იმისა, რომ დანარჩენი სხეული დაცულია არა ბუნების ძალით, არამედ ღვთიური სასწაულით.
 
ასეთი ნაწილები ინარჩუნებენ გარდაცვლილი ნათელ ან მოყვითალო სახეს, ხშირად აფრქვევენ კეთილსურნელებას და ზოგჯერ მირონიც კი სდით. ზოგიერთი ნაწილი იმდენად ინარჩუნებს ნატურალურ სახეს, რომ სხეულის ასოთა სირბილითა და მოქნილობით გამოირჩევა. სწორედ ასეთ მდგომარეობაში იმყოფება კუნძულ კორფუზე წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის უხრწნელი ნაწილები. 1,5 ათას წელზე მეტია ამ წმინდანის სხეული ნეტიან და ცხელ კლიმატურ პირობებში წევს, მაგრამ შეინარჩუნა სხეულის ნაწილთა სირბილე და მოქნილობა, რომლებიც განსაკუთრებულად შესამჩნევია მაშინ, როდესაც წმიდა სპირიდონის სხეულს ასვენებენ სპეციალურ კიდობანში, რათა ქალაქში ჩამოატარონ. ყველა ქვეყნის მეცნიერ უკვირს ღმრთის სიდიადე, რომელმაც საკვირველად დაიცვა წმინდანის სხეული (Арсений, Летоп. Церк. событий, срт. 564 и дал.). სხეულის ნაწილთა ასეთივე სირბილე და მოქნილობა ახასიათებს ანდრია ბოგოლუბსკის შვილის, წმიდა თავად გლების, უხრწნელ სხეულს, რომელიც ქ. ვლადიმირში იმყოფება.
 
დასასრულ, ზოგიერთი წმიდა ნაწილი გალღობილი სახით დაცულია განსაკუთრებულ სითხეში ან მირონში, როგორიცაა, მაგალითად, წმ. ნიკოლოზ მირონ-ლუკიის საკვირველთმოქმედის სხეული. ის იმყოფება ქ. ბარში (სამხრეთ იტალია). ეკლესიის საკურთხევლის ქვეშ, მცირე ჩარღმავებაში დგას მარმარილოს საძვალე, რომელიც მძიმე სახურავითაა დაფარული. ამ უკანასკნელში არის ნახვრეტი, რომლიდანაც ჩანს საძვალის შიგთავსი, რომელიც ნახევრად ნათელი სითხით, ანუ წმიდა მირონით არის დაფარული. ამ მირონშია განზავებული წმინდანის სხეული, საძვალის ფსკერზე მხოლოდ თეთრი ძვლებიღაა დარჩენილი.
 
ყოველივე ზემოთთქმულიდან, როგორც აუცილებელი შედეგი, გამომდინარეობს მთელი საეკლესიო შეხედულება, რომ ერთი მხრივ სხეულის უხრწნელება ჯერ კიდევ არ არის ადამიანის სიწმიდის მაჩვენებელი, და მეორე მხრივ, სიწმიდისთვის, ანუ ამა თუ იმ მოღვაწის წმინდანად შერაცხვისთვის აუცილებლად საჭირო არ არის მისი ნაწილები მთლიანად და უხრწნელად იყოს შენარჩუნებული.
 
ზოგიერთი წმინდანის სხეულიდან მხოლოდ ძვლებია შემორჩენილი. მაგრამ წმ. ეკლესიის მიერ წმინდანთა ნაწილებად პატივდებული ძვლებიც კურნების სასწაულთმოქმედებით იყვნენ მადლმოსილნი. მრავალ ასეთ მაგალითს ვპოულობთ მატიანეებსა და წმინდანთა აღწერილობებში. როგორც წმიდა წერილი ბრძანებს: "დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს" (ფსალმ. 33:21) და განსვენების შემდეგაც "წინასწარმეტყველებენ" (ზირაქი 48:14-15). და პირიქით, საეკლესიო ისტორიაში ცნობილია ზოგიერთი მთლიანად უხრწნელი სხეული, რომელიც ამისდა მიუხედავად არ არის შერაცხილი წმინდანთა დასში. ასე, მაგალითად, სლუბენსკის მონასტერში განისვენებს კონსტანტინოპოლის პატრიარქ ათანასეს (1644 წ. 5 აპრ.) უხრწნელი სხეული, რომელიც რუსეთში გარდაიცვალა (История Иерарх. V, 25), კიევო-პეჩორის ლავრაში განისვენებს ტობოლსკის მიტროპოლიტ ეგნატეს უხრწნელი გვამი, რომელიც 1770 წლის 4 ნოემბერს გარდაიცვალა (Филарет. Обзор Литерат. кн. 2. § 52).
 
1724 წლის 23 ნოემბერს, კიევის მღვდელმთავარი ბარლაამ ვანატოვიჩი წმიდა სინოდისადმი მიწერილ თავის მოხსენებაში წერდა, რომ კიევის ახლომდებარე ქალაქებში გოტვასა და სოროჩინცაში საფლავების თხრისას, მიცვალებულები რომ დაეკრძალათ, აღმოჩენილ იქნა ორი ქალის უხრწნელი სხეული, რომლებიც მან თვითონ ნახა და დაადასტურა, რომ ისინი უხრწნელნი იყვნენ და მთლიანნი. "უჩვეულო იყო უხრწნელი ნაწილების ხილვა, მაგრამ არ არსებობს არც ერთი სანდო მოწმობა იმისა, რომ მათი სხეულები იყვნენ სასწაულთმოქმედნი". ამიტომაც მათ არ მიეგო ისეთი პატივი, როგორიც მიეგებათ წმინდანთა ნაწილებს.
 
 
ეკლესიაში წმინდანის კანონიზაციისთვის, რომელი კრიტერიუმია უმთავრესი და ჭეშმარიტი საფუძველი?
 
მართლმადიდებლურ ეკლესიაში, წმინდანთა კანონიზაციის მთელი ისტორია, გარდაუვალი სიცხადით ადასტურებს, რომ ძველად, გარდაცვლილი მოღვაწის წმინდანთა დასში შერაცხვის ერთადერთ საზოგადო საეკლესიო საფუძვლად მიიჩნეოდა ცხოვრების სიწმიდე, უბიწო აღსასრული და გარდაცვლილი მოღვაწის განდიდება სასწაულთმოქმედების მადლით. მხოლოდ იმ გარდაცვლილს შერაცხავს ეკლესია წმინდანად, რომლის ლოცვებითაც მიიღება ესა თუ ის სასწაული, და მხოლოდ მაშინ შერაცხავენ მას წმინდანთა დასში, თუკი დეტალურად და მთელი სიმკაცრით გამოკვლეული სასწაულების რაოდენობა საკმარისია, რათა დადგეს ამ მოღვაწის წმინდანად შერაცხვის საკითხი. ასეთ დროს არ უნდა გახდეს საეჭვო, ამ წმინდანის მეოხებით ხდება თუ არა ესა თუ ის სასწაული.
 
ანიჭებს რა ასეთ მნიშვნელობას სასწაულებს, ეკლესია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მათ შემოწმებას, რათა ბუნებრივი ან ცრუ მოვლენები, თუნდაც ის ღვთისმოშიშებითი ფანტაზიით ყოფილიყო ნაწარმოები, სასწაულად არ მიეჩნიათ. ამგვარი მზრუნველობის გამო ეკლესია, ზოგჯერ ფიცის ქვეშაც კი, გამოჰკითხავს ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც საკუთარ თავზე განიცადეს საკვირველი ზემოქმედება გარდაცვლილ ადამიანთადმი ლოცვის მეშვეობით.
 
 
როგორ უნდა მივაგოთ პატივი წმიდა ნაწილებს?
 
მართლმადიდებლურ ეკლესიაში წმინდანთა ნაწილებს პატივი მიეგება შემდეგი სახით: 1) მათი საზეიმო გახსნა და გადასვენება; 2) წმიდა ნაწილთა ღვთისმოშიშებითი შეგროვება და შენახვა; 3) მათ სახელზე წმიდა ტაძრებისა და საკურთხევლების აგება, სადაც შემდეგ მოთავსდებიან თვით წმინდანთა ნაწილები; 4) დღესასწაულთა დაწესება მათი ნაწილების მოპოვნებისა ან გადასვენების საპატივცემოდ; 5) მომლოცველობანი მათ სავანეებში და მათი გამშვენება; 6) ეკლესიის სავალდებულო წესია წმ. ნაწილები დაიდოს საკურთხეველთა საძირკველში ან დაცულ იქნას საყდარზე ოდიკში (Догм. Богосл. м. Макария,т. 2, ст. 567–568, изд. 1895), 7) სანთელთა ანთებით; 8) საკმევლის კმევით; 9) ამბორისყოფით და 10) ლოცვითი თაყვანისცემით, რადგან წმიდა ნაწილები წმიდაა და ღმრთივსათნო (შეად. 12:1). "უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ მოგვანიჭა წმინდანთა ნაწილები, როგორც მაცხოვნებელი წყაროები, რომლებიც მრავალგვარ სიკეთეს აფრქვევენ უძლურებზე" (VII მსოფლ. კრების მე-6 საქმე).
 
ასე რომ, ღმრთის წმიდათა უხრწნელი და სასწაულთმოქმედი ნაწილების გამოჩენა წარმოადგენს ეკლესიაში დავანებული მადლისა და ჭეშმარიტების დასტურს. მწვალებელთა ეკლესიებში არ არსებობენ წმინდანთა ნაწილები.

გაგრძელება იქნება.

წყარო: Протоиерей Иоанн Смолин. Меч духовный в ограждение от сектантских лжеучений. С.-Петербург. 1910 г.
Назад к содержимому