ანტიერეტიკონი - ვინ ხელმძღვანელობს პაპიზმს - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > ანტიერეტიკონი

გ. ალექსეევი

ვინ ხელმძღვანელობს პაპიზმს

(დედანში თხზულების სახელწოდებაა: "რომაული კათოლიციზმი და ეკუმენიზმი")

(ვატიკანის II კრების მიერ ეკლესიის შესახებ მიღებული დოგმატის მიხედვით)

კათოლიციზმი

დღეს მრავალი ქრისტეანული კონფესია მონაწილეობს ეკუმენისტურ მოძრაობაში და ეს გაერთიანება ეფუძნება ქრისტეანული ერთობისკენ სულიწმიდის მოწოდებას, რაიც გვიბიძგებს იესუ ქრისტეს მცნების აღსრულებისკენ, რომლის მიხედვითაც: "და იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაითა სოფელსა ჰრწმენეს" (იოანე 17:21). თავის მხრივ ეს მოძრაობა შესამჩნევ გავლენას ახდენს როგორც საეკლესიო ცხოვრებაზე, ასევე მასში მონაწილეთა დოგმატიკაზე. წინამდებარე ნაშრომში გვსურდა მოკლედ შევჩერებულიყავით იმ საკითხზე თუ როგორ აისახა ეს ოფიციალური, რომაული კათოლიციზმის სწავლებაზე ეკლესიის შესახებ, რომელიც ჩამოყალიბდა ვატიკანის II კრებაზე და რომელმაც სრულიად სამართლიანად დაიმკვიდრა სახელწოდება - "ეკუმენისტური".

შინაარსი:

1. კრების იმ დოკუმენტთა ანალიზი, რომლებიც ეხება ეკლესიის შესახებ დოგმატს

2. ეკლესიის შესახებ ახალი დოგმატის აზრი და დასაბუთება

3. ქრისტეანული დამოკიდებულება ცხოვნებისა და სარწმუნოებრივი სიწმიდის საკითხთან

4. ვინ ხელმძღვანელობს პაპიზმს?

5. რას წარმოადგენს რომაული კათოლიციზმი?

6. კათოლიციზმის სწავლება მადლის შესახებ

7. რმე-ს ოფიცალური პოზიცია

შენიშვნები:

დანართი



1. კრების იმ დოკუმენტთა ანალიზი, რომლებიც ეხება ეკლესიის შესახებ დოგმატს


დოკუმენტთა მთავარი განყოფილების ("დოგმატური დადგენილება ეკლესიის შესახებ" – Второй Ватиканский собор. Конституции, декреты, декларации. Изд. "Жизнь с Богом", Брюссель, 1992 (оффициальные документы Ватикана на русском яз. Tipografia Poliglotta Vatikana, - 1966. Репр. доп. указателями и сквозной нумерацией) I თავში განსაზღვრულია ცნება "ქრისტეს ეკლესიის შესახებ". კერძოდ, აქ ნათქვამია, რომ ერთმა შუამავალმა ქრისტემ, აღასრულა რა მამის ნება, დედამიწაზე დასაბამი მისცა ცათა სასუფეველს და თავისი წმიდა ეკლესია დააფუძნა, ხოლო ორმოცდამეათე დღეს მოავლინა სულიწმიდა, რათა "მისით განუწყვეტლივ ეკურთხებოდეს ეკლესია და მით მორწმუნეებისთვის ქრისტეს მიერ ერთსულოვნად მისაწვდომი ყოფილიყო მამა" და ღმრთის ძალმოსილებით მთელ მსოფლიოში განვრცობილიყო ეკლესია. "ამგვარად, საყოველთაო ეკლესია წარმოადგენს ერთგვარ ერს, რომელიც მამის, ძის და სულიწმიდის ერთობაშია შეკრებილი" (2) აქ და შემდგომ დამოწმებული პუნქტები და გვერდთა ნუმერაციები მითითიებულია კრების დოკუმენტთა მიხედვით) (§ 4. გვ. 4, 9).

II თავში, რომელსაც "ღვთის ერის შესახებ" ეწოდება, ნათქვამია, რომ ქრისტემ, დადო რა "ახალი აღთქმა სისხლისა მისისაი" (შეად. 1 კორინთ. 11:25), მოუწოდა იუდეველთა და წარმართთ, რათა შეერთებულიყვნენ არა ხორცით, არამედ სულით და შექმნილიყვნენ ღვთის ახალ ერად (§ 9. გვ. 15). რადგან ევქარისტიის უდიდეს საიდუმლოში ქრისტეს ხორცით დაპურებული ერი არის "ღვთის ერის ერთობა" (§ 11, გვ. 17). ამ მტკიცებულებათა მიმართ მოცემულ სტატიაში არსებითი შენიშვნები არ ჩნდება.

მაგრამ ამის შემდეგ ნათქვამია: "ყველა ადამიანი მოწოდებულია გახდეს ღვთის ერი, ამიტომაც ის ერი, რომელიც ინარჩუნებს მთლიანობას და ერთადერთობას, მომდევნო საუკუნის განმავლობაში უნდა განივრცოს მთელს მსოფლიოში... საყოველთაოობა, რომელიც ღვთის ერს ამშვენებს, არის თვით უფლის ნიჭი, რომლითაც კათოლიკე ეკლესია ქრისტეს მეთაურობითა და მის სულში ერთობით მიისწრაფვის მთელი კაცობრიობის გაერთიანებისკენ, ყოველგვარი ფასეულობების დართვით" (ცხადია, თუ ლაპარაკია მისაღებ ფასეულობებზე - ავტ.) (§ 13. გვ. 19, 20).

აქ ჯეროვანია აღინიშნოს, რომ ეთიკურ და რელიგიურ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა რაიმე შკალა ან "პირამიდა", როგორც ცნობილია, არ არსებობს. ის, რაც კარგია ერთი ხალხისთვის, ან გარკვეულ პერიოდსა თუ რელიგიაში, შესაძლებელია გამოუსადეგარი იყოს სხვა ხალხისთვის. ამიტომაც ქრისტეანული პოზიციიდან აუცილებლად უნდა აღნიშნულიყო: "თუ ეს ღირებულებანი არ ეწინააღმდეგებიან ქრისტეანულ ღირებულებებს". მაგრამ თუ რატომ არ გაკეთდა ასეთი შენიშვნა, ცხადი გახდება ქვემოთ. 13-ე პარაგრაფი მთავრდება მნიშვნელოვანი დასკვნით:

"მაშ ასე, ღვთის ერად კათოლიკურ ერთობაში გაერთიანებისკენ, რომელიც საყოველთაო მშვიდობის მომასწავებელი და განმამტკიცებელია, მოწოდებულია ყველა ადამიანი და ეს სხვადასხვაგვარად ეხება ყველას, როგორც ერთგულ კათოლიკეთ, ასევე ქრისტეს სხვა მორწმუნეებსაც და საბოლოოდ, განურჩევლად ყველა ადამიანს, ვინც მადლის მიერ ცხოვნებისკენ არის მოწოდებული" (§ 13. გვ. 20). სხვაგვარად, მსოფლიო ეკლესიას მიეკუთვნება ან მისთვის სახელდებულია სულიწმიდის მადლით ცხოვნებისკენ მოწოდებული ყველა ადამიანი.

ამის შემდეგ მოდის განმარტება და დასაბუთება იმისა, თუ ვინ არის მოწოდებული სულიწმიდის მადლით ცხოვნებისკენ. უპირველესად, ესენი არიან "ერთგული კათოლიკეები" (§ 14. გვ. 20, 21). შემდეგ ისინი, "რომლებიც ნათელღებულნი არიან და ატარებენ ქრისტეანის სახელს (§ 15. გვ. 21, 22); შემდეგ კი ამას მოსდევს 16-ე პარაგრაფი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც განმარტავს, ქრისტეანთა გარდა, კიდევ ვინ და რატომ არის მოწოდებული და როგორ ცხონდებიან ისინი. 16-ე პარაგრაფი მთლიანად დამოწმებულია დანართში (იხ. დანართი).

ტექსტის (1) აბზაციდან (იხ. დანართი) ცხადი ხდება, რომ სულიწმიდის მიერ ცხოვნებისკენ მოწოდებულთა მესამე კატეგორიას წარმოადგენენ თავისი გზით მავალი იუდეველები, რომელთაც თურმე სულიერი სიახლოვე გააჩნიათ ქრისტეანებთან და რომაელთადმი მოციქულ პავლეს ეპისტოლეს ეყრდნობიან (რომ. 9:4-5 და 11:28-29). განყოფილებაში "ებრაული რელიგია" გვხვდება დეკლარაცია არაქრისტეანულ რელიგიათა შესახებ, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი: "კრება აღნიშნავს იმ საკვრელთა შესახებ, რომელიც "სულიერად აერთიანებს ახალ აღთქმისეულ ერს აბრაამის შთამომავლობასთან, რადგანაც "ეკლესიას არ შეუძლია დაივიწყოს... რომ საზრდოობს იმ შინაური ზეთისხილის ფესვებითა და წვენით, რომელსაც ველური ზეთისხილის რტოები, ანუ წარმართი ხალხები დაემყნენ (რომ. 11:17-24). რამეთუ ეკლესიას სწამს, რომ ქრისტემ, რომელიც არის "მშვიდობაი ჩვენი", ჯვრის ძალით შეარიგა ებრაელები და წარმართები და ორივე ერთ სხეულად შქმნა თავისთვის (ეფეს. 2:14-16) (გვ. 433 § 4).

გარდა ამისა, ამტკიცებენ, თითქოსდა წმიდა წერილისგან არ გამომდინარეობდეს, რომ იუდეველი ერი ღმრთისგან იქნა უარყოფილი" (გვ. 434). პირიქით, უმეტეს სულიერ სიახლოვეზე აცხადებს პაპი იოანე-პავლე II, როდესაც ებრაელებს მოიხსენიებს "უფროს ძმებად სარწმუნოებაში". "ეს სიტყვები იმის დასტურია რაც ბრძანა კრებამ და იმისიც, რაც ღრმადა სწამს ეკლესიას" (Папа Иоанн Павел II. Преступить порог надежды. Изд. "Истина и жизнь". М. 1995, § 134).

მაგრამ საჭიროა იმის კონსტატირება, რომ ქრისტეანთა და აბრაამის შთამომავალთა შორის სულიერი სიახლოვის მტკიცება სრულიად არ შეესატყვისება იმას, რასაც გვამცნობს ბიბლია. როგორც ცნობილია, აბრაამმა ღმრთისაგან მიიღო აღთქმა, რომ მისგან წარმოიშვებოდა დიდი ხალხი და კურთხეული იქნებოდა მასში მიწიერთა მთელი მოდგმა (დაბ. 12:2-3), რაც ისააკისა და იაკობის დროს ღვთის რჩეულ ერად აქცევდა. ეს აღთქმა ებრაელთა ერს ძველაღთქმისეულ ეპოქაში აღურსულდა, მაგრამ როდესაც ებრაელებმა უარყვეს იესუ, მან უწინასწარმეტყველა მათ: "მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით და აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან ერთად ინახად დასხდებიან ცათა სასუფეველში" (მათე 8:11-12); და კიდევ: "წაგერთმევათ ღმერთის სასუფეველი და მიეცემა ხალხს, რომელიც გამოიყენებს მის ნაყოფს" (მათე 21:43). რაც მოხდა კიდეც იუდეველთა მიერ ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ.

იგივეს ბრძანებს წმ. პავლე მოციქულიც რომაელთადმი მიწერილ ეპისტოლეში. წმ. წერილში ვკითხულობთ: "მაგრამ არა ისე, თითქოს გაცუდდა სიტყვა ღმრთისა, ვინაიდან ყველანი როდი არიან ისრაელიტნი, რომელნიც არიან ისრაელისგან; არც შვილნი არიან ყველანი, რომელნიც არიან აბრაამის თესლისგან... ხორციელნი შვილნი კი არ არიან შვილნი ღმრთისა, არამედ აღთქმის შვილნი შეირაცხებიან თესლად" (რომ. 9:6-8), ხოლო შემდგომ წინასწარმეტყველ ოსიაზე დაყრდნობით ბრძანებს: "„ხალხს, რომელიც ჩემი არ იყო, ჩემს ხალხს ვუწოდებ, ხოლო იმას, ვინც არ მიყვარდა - საყვარელს... თქვენ არა ხართ ჩემი ხალხი, იქვე ცოცხალი ღმრთის ძეებად იწოდებიან" (რომ. 9:25-26).

რომაელთა მიმართ ეპისტოლეს სხვა ადგილშიც (რომ 11:17:17-20) მოციქული ლაპარაკობს არა მხოლოდ იმის შესახებ, რომ აღთქმისაებრ წარმართები გახდნენ აბრაამის მემკვიდრენი, არამედ იმაზეც, რომ იუდეველნი, რომელთაც არ ირწმუნეს ქრისტე, ცათა სასუფეველის გარეშე დარჩნენ: "რტოთაგან ზოგი მოტყდა და შენ, ველურო ზეთისხილო, მათ ადგილას დაემყენ... ისინი ურწმუნოებით გადატყდნენ, ხოლო შენ რწმენით დგახარ" (რომ. 11:17-20). ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში კი ბრძანებს, რომ ქრისტემ ჯვარზე თავისი ხორცითა და სისხლით შეირიგა მისდამი მორწმუნე ებრაელები და წარმართები, ურწმუნოთა შემორიგებაზე კი აქ სიტყვაც კი არ არის ნათქვამი.

ამრიგად, მტკიცება ქრისტეანთა და იუდეველთა "სულიერ სიახლოვეზე" და "სარწმუნობრივ ძმობაზე" უარყოფს წმიდა წერილის ახალაღთქმისეულ ადგილთა ჭეშმარიტებას (შეად. მათე 8:11-12; 21:43; რომ. 9:6-8; 25-26; 11:17, 20), ხოლო მისი მტკიცებულება აგებულია მოციქულის ეპისტოლეთა ჭეშმარიტი აზრის დამახინჯებაზე და მას საწინააღმდეგო შინაარსით ცვლის.

მაშ, თუ მივმართავთ იესუ ქრისტეს წინასწარმეტყველებას, "მოიწიოს თქვენზე ამქვეყნად დათხეული ყოველი მართალი სისხლი აბელ მართლის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ბარაქიას ძისა, ზაქარიასი, რომელიც მოჰკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოიწევა ამ მოდგმაზე" (მათე 23:35-36; ლუკა 11:26, 31-32; 21:23-24) და თვით იუდეველთა სიტყვებს: "ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე მაგისი სისხლი" (მათე 27:25), ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ცხადი გახდება, რომ ლაპარაკიც კი შეუძლებელია მაცხოვრის მიერ იუდეველებზე სულიწმიდის მადლის მოვლინებაზე მანამ, სანამ ისინი არ შეინანებენ და მოექცევიან ქრისტესკენ. საწინააღმდეგოს მტკიცება შესაძლებელია მხოლოდ ამ სიტყვათა ჭეშმარიტი აზრის უარყოფით და (ზემოთ ნათქვამს თუ გავითვალისწინებთ) თვით ახალი აღთქმის ჭეშმარიტი შინაარსის უარყოფით. ხოლო, რაც შეეხება იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც წმ. წერილში თითქოს არ არსებობს მტკიცება, რომ იუდეველებმა დაჰკარგეს ცათა სასუფეველი, ეს ნიშნავს, რომ წმ. წერილში არ არსებობს ყველა ზემოთდამოწმებული მუხლი, რაც უკვე აშკარა ტყუილია.

ახლა 16-ე პარაგრაფის 2-ე აბზაცს გადავხედოთ. სულიწმიდის მიერ ცხოვნებისკენ მოწოდებულთა მეოთხე კატეგორიას, რომლებიც ასევე საკუთარ გზას მიჰყვებიან შეადგენენ მუსლიმები, რომლებსაც თურმე ასევე სულიერი სიახლოვე აკავშირებთ ქრისტეანებთან, რადგან "ჩვენთან ერთად ეთაყვანებიან ერთ ღმერთს, მრავალმოწყალეს, რომელიც განსჯის კაცთა მოდგმას უკანასკნელ დღეს". განყოფილებაში "მუსულმანური რელიგია" – დეკლარაციები არაქრისტეანული რელიგიების შესახებ გვამცნობენ, რომ მართალია, მუსულმანები ქრისტეს ღმერთად არ სცნობენ, არამედ მხოლოდ წინასწარმეტყველად, მაგრამ მაინც თაყვანს სცემენ "ერთ ღმერთს, ცხოველს და მყოფს, მოწყალესა და ყოვლადძლიერს, ცისა და მიწის შემოქმედს, რომელიც ადამიანებს ესაუბრა" (გვ. 432, § 3).

ნუთუ მართლაც ასეა ყოველივე? სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემდეთ, მოდი თავიდანვე დავადგინოთ, ვის ეთაყვანებიან ქრისტეანები და ვის - მუსულმანები. თუ ქვეყნიერების შემოქმედი ღმერთის არსებობა გვწამს, რომელიც ამასთანავე ყოვლადძლიერი, ზებუნებრივი (ე. ი. ყოველგვარ ქმნილ ბუნებას აღმატებული - მთარმგნ.) არსებაა - ცხადი ხდება, რომ ჩვენ თავად არ ძალგვიძს საკმარისად შევიმეცნოთ იგი, მისი არსი და მისი დამოკიდებულება თავისივე ქმნილებისადმი, რამეთუ არავის ძალუძს ამისი გადამოწმება ექსპერიმენტულად, ცდისეულად, რის გამოც ეს (ჩვენი ნებისმიერი შეხედულება ღმერთზე - მთარგმნ.) იქნება არასრულფასოვანი და ოდენ ვარაუდი. ამიტომაც, ვალდებულნი ვართ ჩვენი შემეცნება ღმერთზე დავაფუძნოთ მხოლოდ იმას, რის თქმასაც ინებებს თავად ღმერთი საკუთარ თავზე და რასაც ადამიანებს თავის საღმრთო გამოცხადებებში ამცნობს. ასეთ წერილობით გადმოცემად ქრისტეანები მიიჩნევენ ბიბლიას, მუსლიმები კი ყურანს, რომელსაც ისინი ჭეშმარიტად და საღვთოდ თვლიან.

გამოცხადების თანახმად, ერთი ღმერთი, რომელსაც თაყვანს სცემენ ქრისტეანნი, არის ყოვლადწმიდა სამება. იგი თავისი არსით წარმოადგენს ერთარს და განუყოფელ სამიპოსტასოვან ღვთაებას - მამას, ძეს და სულიწმიდას. თაყვანისცემაში განსაკუთრებული ადგილი უკავია სამების მეორე პირს - ძე ღმერთს, ღმრთის სიტყვას, კაცობრიობის მაცხოვარს, იესუ ქრისტეს, რომელიც იშვა მამისგან უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ანუ არსებობდა მარადის და ყოველივე მის მიერ იქმნა, რომელიც "ჩვენ კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის" მოევლინა ქვეყნიერებას და განკაცდა, ჯვარს ეცვა, ევნო და დაეფლა, მესამე დღეს აღსდგა მკვდრეთით, და ამაღლდა ზეცად, უკანასკნელ დღეს კი მოვა განსასჯელად ცოცხალთა და მკვდართა.

ბუნებრივია, რომ სწორედ წმ. სამებამ შექმნა სამყარო, რაც დასტურდება იმითაც, რომ ის აბრაამს სამი მოგზაური სახით გამოეცხადა (დაბ. 18:1), თუმცა ძველაღთქმისეული ერისთვის ეს იყო საიდუმლო, რომელიც კაცობრიობას თავის სახარებაში გაუმხილა ქრისტემ.

ქრისტეანობის ეს უმთავრესი და ზოგიერთი სხვა ჭეშმარიტება მოცემულია ნიკეო-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლოში, რომელიც მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა ურყევ სარწმუნოებრივ საიდუმლოს წარმოადგენს (ოღონდ იმ განსხვავებით, რომ კათოლიკეებს სამების დოგმატში შეტანილი აქვთ ცვლილება და, მართლმადიდებლებისგან განსხვავებით, ასწავლიან, რომ სულიწმიდა გადმოდის არა მხოლოდ მამისგან, არამედ "ძისგანაც" (filioque).

ბიბლიისგან განსხვავებით, ყურანი, რომელიც მუსლიმებს ალლაჰის გამოცხადებად მიაჩნიათ, და რომელსაც ყველა მუსულმანი სცემს თაყვანს, ღმრთის სამპიროვნებას უარყოფს. შედეგად ის უარყოფს იესუ ქრისტეს ღმრთეებასაც და მას ერთ ერთ დიდ წინასწარმეტყველად განიხილავს, ადამის, ნოეს, აბრაამის, მოსეს და სხვა წინასწარმეტყველთა დარად. მიიჩნევს მას ქმნილებად, უმთავრეს წინასწარმეტყველად კი მუჰამედს აღიარებს, ქვეყნიერებისა და კაცობრიობის შემოქმედად და მსაჯულად კი ალლაჰს.

ყურანის მტკიცებით "ურწმუნოები არიან ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ მესია, მარიამის ძე, ღმერთია... ურწმუნოები არიან ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ ღმერთი სამებაა, მაშინ როდესაც არ არსებობს ღმერთი, გარდა ერთი ღმერთისა"; "გწამდეთ ღმრთისა და მის წარგზავნილთა და ნუ იტყვით: სამება. შეიკავეთ თავი თქვენდა სასიკეთოდ. ღმერთი ერთია, რომელსაც ეკუთვნის კიდეც თაყვანისცემა. აქებდით მას: შეუძლებელია, რომ მას ჰყავდეს შვილები"; "მესია, მარიამის ძე, მხოლოდ წარგზავნილია იმათ მსგავსად, რომლებიც მის მოსვლამდე იყვნენ" (Коран. пер. с араб. 1895 г., стихи: 5:76, 77, 79; 4:169). ამასვე იმეორებს ყურანის სხვა მუხლებიც (იხ. იქვე მუხლები 3:52-53; 3:78; 5:19; 9:30-31; 17:111; 25:2).

ყურანი უარყოფს ქრისტეს ჯვარცმას, ჯვარზე მის სიკვდილს და აცხადებს, რომ სინამდვილეში ჯვარს აცვეს მისი აჩრდილი (იხ. იქვე მუხლი 4:156). გარდა ამისა, გამოდის რა სახარების კომენტატორის როლში, რომელიც ასევე მიჩნეულია ალლაჰის გამოცხადებად, ყურანში სახარებაც მრავალგზის არის დამოწმებული იესუ ქრისტეს გამონათქვამებთან ერთად, მაგრამ, პრაქტიკულად ყველა მათგანი ან რაიმე გამონაგონს შეიცავს, ან იმ ზომამდეა დამახინჯებული, რომ მათი ცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ასე, მაგალითად, მოტანილია ვითომცდა იესუ ქრისტეს სიტყვები, რომლებითაც დადასტურებულია ყურანის ჭეშმარიტება და მითითებულია წინასწარმეტყველ მუჰამედის მოვლინება (იხ. იქვე მუხლი 61:6). ცხადია, არაფერი ამდაგვარი სახარებაში არ მოიპოვება. ყურანის მიხედვით, ადამიანებს ალლაჰი განიკითხავს.

როგორც ვხედავთ, ბიბლია და ყურანი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან უძირითადეს და სარწმუნოებისთვის უმთავრეს დოგმატებში. ამიტომაც არის, რომ ქრისტეანები, რომლებიც აღიარებენ ბიბლიას და ერთადერთ ჭეშმარიტებად მხოლოდ ღვთივბოძებულ ქრისტეანულ დოგმატებს მიიჩნევენ, ყურანს ყალბ გამოცხადებად თვლიან (ყოველ შემთხვევაში ასე იყო დღემდე), რომელიც ვიღაცამ მოიფიქრა. ხოლო ალლაჰი ეს გამოგონილი ღმერთ-კერპია (პირიქით ფიქრობენ მუსულმანები). ახლა კი ვიკითხოთ, განა შეუძლია ადამიანს რომელიც თავს ქრისტეანად მიიჩნევს, სერიოზულად ამტკიცოს, რომ მუსულმანები თაყვანს სცემენ ჭეშმარიტ, ცხოველმყოფელ ღმერთს, შემოქმედს ცისა და ქვეყანისა, მსაჯულს კაცობრიობისა, რომელიც მათ დაელაპარაკა. ასეთი რამ მხოლოდ სამ შემთხვევაშია შესაძლებელი (ან ამ შემთხვევათა კომბინაციით), თუკი ადამიანი:

1. ცუდად იცნობს ბიბლიას და ქრისტეანული სარწმუნოების საფუძვლებს. ასევე ცუდად იცნობს ყურანს.

2. უარყოფს ბიბლიის ჭეშმარიტებას და ქრისტეანობის უძირითადეს დოგმებს და ჭეშმარიტებად მიიჩნევს ყურანს, ე. ი. ან მუსულმანია ან კიდევ მუსულმანობის თანამრგძნობი.

3. ჭეშმარიტად მიიჩნევს ბიბლიასაც და ყურანსაც და აღიარებს, რომ ღმერთი თავის შესახებ გვამცნობს ურთიერთგამომრიცხავ ჭეშმარიტებებს, საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, საკუთარი სიტყვების უარმყოფელია და იტყუება - თანაც უარყოფს ერთ-ერთ უძირითადეს და ფუძემდებლურ ქრისტეანულ ჭეშმარიტებას ღმრთის თვისებათა შესახებ - მის ყოვლადმართლადობას.

პირველი პუნქტი, კრების სიტყვების მიხედვით, წმიდა მამებს არ ეხებათ, რჩება მეორე და მესამე, მაგრამ, თუ დავეთანხმებით იმ აზრს, რომ ღმერთი გვატყუებს, რაღა უნდა ვქნათ ადამიანებმა? "ჭეშმარიტად, ღმერთს თუ ვინმეს დასჯა ნებავს, ჯერ გონიერებას წაართმევს", მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ ქრისტეანთა და "სარწმუნოებაში ჩვენი უფროსი ძმების", იუდეველების სულიერი სიახლოვის მტკიცება აგებულია მოციქულთა ეპისტოლეების დამახინჯებაზე, მათი შინაარსის საპირისპირო და საწინააღმდეგო აზრით შეცვლაზე, მაცხოვრის მრავალ წინასწარმეტყველებათა უარყოფაზე და აშკარა ტყუილზე, ცხადი გახდება: აქ, საქმე გვაქვს არა გონების დაბნელებასთან, არამედ უმთავრეს ქრისტეანულ ჭეშმარიტებათა უარყოფასთან, რაც არის ქრისტეს გაცემა.

მაგრამ, ისინი, ვინღა არიან, რომელთაც "მოიცავს მაცხოვნებელი განგებულება"? იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც განყოფილებაში "სხვადასხვა არაქრისტეანული რელიგიები" (გვ. 432) წერია, მას შეიძლება განვაკუთვნოთ ის წარმართები, რომლებიც "აღიარებენ უმაღლესი ღვთაებისა ან მამისა" (?!), მათ შორის ზოგიერთი ინდუისტიც, რომლებიც "ღმერთს სიყვარულითა და სასოებით შეუვრდებიან" (?!); აი, ბუდისტები კი ამ კატეგორიას ვერ ეთანაწყობიან (შესაძლებელია იმიტომ, რომ ისინი უარყოფენ პიროვნული ღმერთის არსებობას - მთარგმნ.).

რა თქმა უნდა, ყოველივე ის, რაც კრებამ 13-ე პარაგრაფის ბოლოში და 16-ე (2)-ე პარაგრაფში გამოითქვა, როგორც "ეკლესიის შესახებ დოგმატური დადგენილება", არცთუ ადვილი განსახილველია, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ ამ დოკუმენტის უაღრეს მნიშვნელობას არა მხოლოდ მთელი ქრისტეანული სამყაროს, არამედ კაცობრიობისთვის მთლიანად, გვმართებს ძალის მოკრება და ამ დოკუმენტის შემდგომი განხილვა; აღვიჭურვოთ მოთმინებით - მცირედიღა დაგვრჩა.

გავაგრძელოთ 16-ე პარაგრაფის კითხვა, აბზაცი მე-3 (იხ. დანართი). აქ ცხადად ჩანს, რომ "სამარადისო ცხოვნების დამკვიდრება შეუძლია" იმასაც, ვინც ჯერ კიდევ ღმრთის ძიებაშია, ან ცდილობს გასწიოს პატიოსანი ცხოვრება და რომელიც დამნაშავე არ არის იმაში, რომ სხვადახვა მიზეზით არ მიუღია სახარება, რამეთუ მისი საქმეები ადასტურებენ მის მზადყოფნას სახარების მისაღებად, ეს კი თვით უფლისგან ბოძებული ნიჭია. მაგრამ, აქაც იმის საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, რასაც ბრძანებს ახალი აღთქმა, რომელიც არაერთგზის უსვამს ხაზს, რომ მხოლოდ სათნოებებით, იესუ ქრისტესადმი რწმენის გარეშე ვერავინ ცხონდება, მაგალითად: "ადამიანი სჯულის საქმეებით კი არ გამართლდება, არამედ მხოლოდ იესუ ქრისტესადმი რწმენით,... რამეთუ სჯულის საქმეებით ვერავითარი ხორციელი ვერ გამართლდება" (თ. 2:16). 16- პარაგრაფის 4-ე აბზაცი (იხ. დანართი) კომენტარს არ საჭიროებს.


2. ეკლესიის შესახებ ახალი დოგმატის აზრი და დასაბუთება




ამჯერად ვნახოთ, მთლიანობაში რის შესახებ იყო საუბარი განხილულ მასალაში. თუ ყურადღებით წავიკითხავთ 13-ე პარაგრაფის დასკვნით ნაწილს და 16-ე პარაგრაფს, ნათელი გახდება, რომ კრების განცხადებით: საყოველთაო ეკლესიისთვის განსაზღვრულია ან მას განეკუთვნება ყველა ის ადამიანი, ვინც სულიწმიდის მადლით მოწოდებულია ცხოვნებად, კერძოდ: ყველა ქრისტეანი და რომელთაც ჯერ კიდევ არ მიუღიათ სახარება. ასევე, სხვადასხვა გზით მავალი იუდეველნი, მუსლიმნი და სხვანი, რომლებიც აღიარებენ შემოქმედს; მათაც კი, ვინც ჯერ კიდევ ღმრთის ძიებაშია, შეუძლიათ მარადიული ცხოვნების დამკვიდრება (უკანასკნელნი ამას მიაღწევენ გარკვეულ პირობებში). თანაც ცხადია, რომ სახარებისა და ქრისტეანობის მიღება ზემოთ ხსენებულ კატეგორიათათვის თურმე არ ყოფილა აუცილებელი პირობა, ამ მოთხოვნაზე II თავის არც 16-ე და არც ბოლო, 17-ე პარაგრაფებშია ლაპარაკი.

პირიქით, ხაზგასმულია ცხოვნების მისაღწევი სხვა და სხვა გზები, ამტკიცებენ იუდეველთა, მუსულმანთა და ქრისტეანთა სულიერ სიახლოვესაც (ეს მტკიცებულება ვრცლად წარმოდგენილია დეკლარაციაში "არაქრისტეანული რელიგიებთან ეკლესიის დამოკიდებულება") და განმარტავენ თუ რატომ შეიძლება ცხოვნდეს ის, ვინც მხოლოდ ეძებს ღმერთს, მაგრამ მიღებით ჯერაც არ მიუღია.

ცხადია, რომ ეს არის სრულიად ახალი, კათოლიკური დოგმატი, რომელიც საფუძველშივე ცდილობს ქრისტეანობის მოდერნიზაციას. ამ სწავლების მიხედვით გამოდის, რომ ყველა მონოთეისტური რელიგია და ინდუიზმი - ჭეშმარიტი სარწმუნოებებია, რომლებიც მიღებულია ზეგარდმო გამოცხადებით; მათი ღმერთები ცოცხალი შემოქმედები ან შემოქმედია, რომლებიც ერთურთისგან მხოლოდ სახელებით განსხვავდებიან და, თუმც სხვადასხვაა გზები, რომლებსაც ისინი გვთავაზობენ, ყველა ზეციურ მამასთან (ან "უმაღლეს ღვთაებასთან") მიმყვანია.

თავისი რევოლუციურობით ეს დოგმატი ჩრდილავს კათოლიციზმის ყველა მანამდე არსებულ სიახლეს ერთად აღებულს! მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რაზე და როგორ აფუძნებს კრება ქრისტეანთა, იუდეველთა და მუსულმანთა სულიერ ერთობას (იხ. ზემოთ), ეს ახალი სწავლება უცნაურად არ მოგვეჩვენება.

ძნელი მისახვედრი არ არის, ვის წინააღმდეგ არის მიმართული ეს რევოლუცია. რა როლი განაკუთვნა ამ დოგმატმა იესუ ქრისტეს, გარდა იმისა, რომ მან უნდა მიაწოდოს იუდეველთ, მუსულმანთ და მათ მსგავსთ მადლი სულისა წმიდისა? ჭეშმარიტად არა აქვს ზღვარი განდგომილებას და ვატიკანის "წმიდა მამათა" პირმოთნეობას!

საინტერესოა, მაინც რა მიზეზებით ხსნის კრება "შემოქმედის" ყველა აღმსარებელზე (იუდეველებზე, მუსულმანებზე და სხვა) და მის მაძიებლებზე სულიწმიდის მადლის გარდამოსვლას, ასევე სხვადასხვა გზებით მავალთა ცხოვნების შესაძლებლობას და, საერთოდ, რაში ხედავს მთლიანობაში ამ დოგმატის დასაბუთებას? - იმაში, რომ ღმერთს სურს ყველას ცხოვნება. რადგან "შორს როდია ღმერთი, არამედ თვითონ ანიჭებს ყველას სიცოცხლეს და სუნთქვას და ყოველივეს" (შეად. საქმე 17:25-26); და რადგანაც "ქრისტეს სურს, რომ ყველა კაცი ცხონდეს" (1 ტიმ. 2:4), "... საღმრთო განგებულება განა უარყოფს აუცილებელ შეწევნას, რაც საჭიროა სულის საცხოვნებლად..." და ა. შ. (იხ. 16-ე პარაგრაფის 3-ე აბზაცი. იხ. დანართი).

მაგრამ, აქ არც ისე ძნელია იმის დანახვა, თუ როგორ არის აღრეული ერთმანეთში საღმრთო განგებულებისა და საღმრთო მადლის ცნებები. მართლაც, საღმრთო განგებულება კაცობრიობის ცხოვნების საქმეში მოიცავს მსოფლიოს ყველა ადამიანს შეუზღუდავად. ეს განგებულება ბიბლიაში იხსნება ადამის ცოდვით დაცემის მომენტიდან. ძველ აღთქმაში მაცხოვრის მოსვლასთან დაკავშირებით მოცემულია 300-ზე მეტი წინასწარმეტყველება, ხოლო მისმა უკვე აღსრულებულმა მოსვლამ ამქვეყნად და ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად საკუთარი თავის ტარიგად შეწირვამ გახსნა გზა კაცობრიობის საცხოვნებლად.

ღმრთის მაცხოვნებელი ძალი, ანუ მადლი სულიწმიდისა ენიჭება მხოლოდ იმას, ვინც ცხოვნების გზაზე დგება, სურს და მოდის კიდევაც ქრისტესთან, ჭეშმარიტ ღმერთთან (რადგანაც სულიწმიდა, რომელიც ქრისტემ ორმოცდამეათე დრეს თავის უახლოეს მოწაფეებს მოუვლინა, მხოლოდ ქრისტეს ეკლესიაში სუფევს), ვინც ქრისტეში ეძებს ცხოვნებას და არავითარ შემთხვევაში იმას, ვინც "საკუთარ" ღმერთს ეძიებს, და... პოულობს კერპებს.

არ მიეცემა ღვთის მადლი არც იუდეველთ და არც მუსლიმთ, რომლებიც ქრისტეს უარყოფენ, და რაც წარმართებს. ის, ვისაც მადლი ენიჭება, უცილობლივ მოდის ქრისტესთან, თუ თავადვე არ უარყო იგი.

ცხოვნება რომ შესაძლებელია მხოლოდ ქრისტესადმი რწმენითა და მისი სწავლების მიმდევრობით, მრავალგზის არის ხაზგასმული სახარებაში და მაცხოვრის პირდაპირ მითითებებში. ასე, მაგალითად, მაცხოვარი ბრძანებს: "ვისაც სწამს ძე, აქვს საუკუნო სიცოცხლე, და ვისაც არა სწამს ძე, ვერ იხილავს სიცოცხლეს, და რისხვა ღვთისა არ დაუტევებს მას" (იოანე 3:36); "ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწივით გადაიგდება და გახმება; ხოლო შემდეგ აგროვებენ, ცეცხლში აგდებენ და იწვის" (იოანე 15:6); "მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მოვა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ" (იოანე 14:6); ამასვე ბრძანებს მოციქულიც: "ვინც უარყოფს ძეს, აღარც მამა ჰყავს; და ვინც აღიარებს ძეს, მამაცა ჰყავს" (1 იოანე 2:23).

მოციქულთა ეპისტოლეების უმრავლესობა დაწერილია იუდეველთა შესაგონებლად, რომ მხოლოდ სჯულის საქმეებით ცხოვნება შეუძლებელია, "რადგან თუ გამართლება სჯულიდან არის, მაშინ ქრისტე ამაოდ მოკვდა" (გალატ. 2:21).

"ყველა, ვინც უსმენს მამას და სწავლობს, ჩემთან მოვა" (იოანე 6:45) - აქ მაცხოვარი პირდაპირ გვიცხადებს, რომ ნებისმიერი არაქრისტეანული რელიგია გამომდინარეობს არა ღვთისგან, არამედ მზაკვარისგან, და არის რა მტყუვარი, ცრუ რელიგია, ვერც ღმერთთან მიიყვანს ადამიანს და ვერც მაცხოვნებელი იქნება. ცხოვნება შესაძლებელია მხოლოდ ქრისტეანობაში და მთელი სახარებისა და ახალი აღთქმის არსიც სწორედ ამაშია. ხოლო ვატიკანის მიერ დაშვებული შესაძლებლობანი არათუ ეწინააღმდეგება ზემოთხსენებულ მუხლთა ჭეშმარიტებას, არამედ მთლიანად უარყოფს სახარებას. ეს შეიძლება აიხსნას ურწმუნოებითაც. მაგრამ, ამგვარ დაშვებათა გამართლებისა და "დასაბუთების" მცდელობა, თვით მაცხოვრისა და ახალი აღთქმის დამოწმებით, უფრო მეტი დანაშაულია ვიდრე ურწმუნოება - ეს არის ახალი აღთქმის მიზანმიმართული დამახინჯება და მისი არსის საწინააღმდეგო შინაარსით შეცვლა. ასეთ მკრეხელობამდე და ღვთისმრძოლობამდე თვით ათეისტებიც კი არ მისულან.

კრებამ უყურადღებოდ არ დატოვა "წმიდად ქრისტეანული ეკუმენიზმიც" და მას მიუძღვნა დადგენილება "ეკუმენიზმის შესახებ", სადაც ნათქვამია, რომ ყველა ქრისტეანს შორის ერთობის აღდგენა - ეს "საღმრთო მოწოდებიაა". ამჯერად, ვხედავთ თუ როგორ განავრცო "სულიწმიდამ" თავისი მოწოდება და "საღმრთო მადლით" მოიცვა ყველა, ვინც კი აღიარებს "შემოქმედს" ან ეძებს მას და, მსოფლიო უნივერსალური ეკლესიის შექმნის განზრახვით, სადაც თითოეულს თავისი გზის შეეძლება ცხოვნება, ქრისტეანული ეკუმენიზმის სტატუსი ზოგადრელიგიურ დონემდე ასწია.

ამ მოწოდებით შთაგონებული და აღფრთოვანებული ვატიკანი ფართო მოღვაწეობას ეწევა "ზემოდან" დასახული მითითებების რალიზაციისთვის. მიმდინარეობს აქტიური "ქრისტეანულ - ებრაული დიალოგი" (Папа Иоанн Павел II, стр. 135), სადაც, როგორც პაპი აღიარებს, უმთავრეს როლს თამაშობს ვატიკანის II კრების განწესება: "შეგნება იმისა, რომ ისრაელის ძენი არიან ჩვენი "უფროსი ძმები", თანდათანობით მომწიფდა დიალოგის, მ. შ. ეკუმენისტური დიალოგის მეშვეობითაც" (იქვე. გვ. 188-189).

პაპი უძმობილდება კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსს; პაპი გვთავაზობს სინას მთაზე მოხდეს ყველა რელიგიის წარმომადგენელთა შეხვედრა. ახლა უკვე საკმარისია რაბინთა ჯგუფი ან მართლმადიდებელ პატრიარქთაგან ვინმე დადგეს პაპის ომფორის ქვეშ ან შექმნას მასთან ერთგვარი რელიგიური ალიანსი და უნივერსალური ეკლესიის დაფუძნება აღსრულებულ ფაქტად ჩაითვლება. ასე, რომ მისი შექმნა უახლოესი მომავლის საქმეა.


3. ქრისტეანული დამოკიდებულება ცხოვნებისა და სარწმუნოებრივი სიწმიდის შესახებ




რომის პაპი ეამბორება ყურანს


აქ საჭიროა გავაკეთოთ დამატებითი შენიშვნა, იმ პრინციპული პოზიციის გასარკვევად, რომელიც ამა თუ იმ ადამიანის ცხოვნებასთან (ან განკითხვასთან) და უფლის მიერ მოცემული, სამოციქულო სარწმუნოების უცვალებლად და წმიდად შენარჩუნებასთან დაკავშირებით უპყრია ჭეშმარიტ ქრისტეანობას.

როდესაც ამბობენ, რომ ცხოვნებისკენ მხოლოდ ქრისტეანობას მივყავართ, ქრისტეანებს არ შეუძლიათ იმისი თქმა ვის გაამართლებს მაცხოვარი მიცვალებულთა საყოველთაო აღდგომისა და განკითხვის დღეს სხვაგვარადმორწმუნეთაგან, ათეისტთაგან ან თვით ქრისტეანთაგანაც კი. ჩვენ არ ძალგვიძს, ადამიანური საზომებით ვიმსჯელოთ და განვსაჯოთ სხვა ადამიანები. ერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ყველა ან თითქმის ყველა ღირსია ცათა სასუფეველისა, მეორე კი პირიქით. "ნუ განსჯით და არ განისჯებით; ნუ დაჰგმობთ და არ დაიგმობით; მიუტევეთ და მოგეტევებათ" (ლუკა 6:37).

ქრისტეანობა, ეს არის სიყვარულის რელიგია და ჭეშმარიტი ქრისტეანი მოვალეა, ყველას მიუტევოს თავისი შეცოდებანი და არათუ ბოროტს მიაგოს ბოროტებით, არამედ შეიყვაროს თავისი მტრები, ყველა ადამიანი განურჩევლად. "ჩემია შურისგება, და მე მივაგებ, ამბობს უფალი" (რომ. 2:19) და "ყველანი წარვსდგებით ქრისტეს მსჯავრის წინაშე" (რომ. 14:10).

მეორეს მხრივ, სრულიად ნათელია, რომ შეუძლებელია ყველა ადამიანმა დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი, თორემ ჩვენი დედამიწის შემხედვარე, ადვილი წარმოსადგენია, რას დაემსგავსებოდა იგი; ამდენად ადვილად სავარაუდებელია, რომ ყველა ვერ შევა სასუფეველში და საუკუნო სამსჯავროც, როგორც ჩანს, მეტად მკაცრი იქნება. "ნუ შეცდებით: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი, ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს" (1 კორინთ. 6:9-10).

აქედან ჩანს, რომ თვით ქრისტეანთაგანაც კი ყველა როდი გამართლდება: "არა ყველა, ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო! - შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს მამის ჩემის ზეციურის ნებას" (მათე 7:21). მაგრამ, ქრისტეანებს, თუ ისინი ჭეშმარიტად არიან ასეთები, ყველა დანარჩენთან შედარებით უზარმაზარი უპირატესობანი აქვთ, ჯერ ერთი, მათ სწამთ ჭეშმარიტი ღმერთი და არ არიან კერპთაყვანისმცემელნი; მეორეც, ქრისტეს ეკლესიის წმიდა საიუდუმლონი შესაძლებლობას აძლევთ მათ, მათივე მონდომებით განიწმინდოს ცოდვათაგან და მიიღონ ღმრთის მაცხოვნებელი მადლი და შეწევნა, რათა არ სცოდონ მომავალში; მაგრამ, თუ მაინც შესცოდავენ, გულწრფელი სინანულის შემთხვევაში შეუძლიატ უფლისგან მიიღონ მიტევება.

აი, რატომ არის აუცილებელი სამოციქულო სარწმუნოების სიწმიდის შენარჩუნება, ხოლო სხვადასხვა გზების ძიება, რომლითაც თითქოსდა შესაძლებელია ეკლესიის გარეთ მყოფიც შევიდეს ცათა სასუფეველში, კათოლიკურმა ეკლესიამ კაცთმოყვრული მოსაზრებითაც რომ ახსნას, სხვაგვარადმორწმუნეებს ცხოვნებას ვერ მიაახლოვებს, რამეთუ მათ განიკითხავს არა რომის პაპი, არამედ იესუ ქრისტე; მეტიც, ამ გზით მას ადამიანი საცთურში შეჰყავს და ჭეშმარიტების მაძიებელ მილიონობით ადამიანს უკეტავს ცათა სასუფეველში შესასვლელ კარს.


4. ვინ ხელმძღვანელობს პაპიზმს?





ვინ შეიძლება იდგეს ვატიკანის ზურგს უკან, არსებობს თუ არა ისეთი ვინმე, ვინც მართავს მის ეკუმენისტურ საქმიანობას? ურწმუნო, ბუნებრივია, აქ წმიდად მიწიერი, ადამიანური ფაქტორების ძიებას დაიწყებს და შეეცდება სააშკარაოზე გამოიყვანოს "საერთაშორისო სიონიზმი", მასონობა, "იატაკქვეშა მსოფლიო საიდუმლო მთავრობა" ან ახსნა ეძიოს პაპის უდიდეს პატივმოყვარეობაში, მის მისწრაფებაში დაამყაროს მსოფლიო თანხმობა და უსაფრთხოება, - ამ მიზეზთაგან ზოგიერთი შეიძლება მართლაც არსებობდეს, მაგრამ მათ არა აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა, რამეთუ თვითონაც სხვაზე არიან დამოკიდებულნი.

ამავე დროს, ჭეშმარიტებისგან უფრო შორს დგანან ისინი, ვინც მიიჩნევენ თითქოსდა ვატიკანსა და ეკუმენისტურ მოძრაობას სულიწმიდა ხელმძღვანელობდეს. ამ შეხედულებას რომ პასუხი გაეცეს, საჭიროა კვლავ ზემოთხსენებული დოკუმენტების ანალიზის შედეგებს მივუბრუნდეთ.

ამრიგად, როდესაც ვხედავთ, რომ კრების მტკიცებულება იუდეველთა და მუსულმანთა ცხოვნებისკენ სულიწმიდისეული მოწოდების შესახებ რომელიც თითქოსდა ქრისტეანებთან მათ სულიერ სიახლოვეს ეფუძნება, მთლიანად აგებულია მაცხოვრისა და წმ. წერილის ურიცხვ წინასწარმეტყველებათა ჭეშმარიტების უარყოფაზე, ტექსტის დამახინჯებასა და მოციქულთა მთელ რიგ ეპისტოლეთა შინაარსის უკუღმართ განმარტებაზე, აშკარა ტყუილზე ახალი აღთქმის შინაარსთან დაკავშირებით; და ასევე ღმრთის გამონათქვამთა განმარტებაზე ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ; იმის აღიარებაზე, რომ ღმერთი თავის თავს ედავება და ეწინააღმდეგება, უარყოფს თავის სიტყვებს და იტყუება; დოკუმენტთა შემდგენლების მიერ ქრისტეანობის ფუძემდებლურ ჭეშმარიტების უარყოფასა და საკუთარი საღი აზრის დათრგუნვაზე.

ასევე, ვხედავთ თითქოსდა დასაშვებია არაქრისტეანულ რელიგიათა მიმდევრებიც ცხონდნენ, ხოლო მისი დასაბუთება უარყოფს სახარებისა და ახალი აღთქმის ჭეშმარიტებას; რომ ისინი განიმარტება მათი ჭეშმარიტი შინაარსის საწინააღმდეგოდ; ასევე გამოთქვამენ შემზარავ ცილისმწამებებს ღმერთზე, გამოცხადებაზე და საერთოდ, მთელი მათი მტკიცებულებები აგებულია აბსურდზე.

მაშინ ნებისმიერი მორწმუნისთვის და, განსაკუთრებით კი მართლმადიდებლისთვის, ცხადია, რომ ამ ცილისწამებისა და აბსურდის შთამაგონებელი არის სული, მაგრამ წმიდა სული კი არა, ის, რომელიც ღმრთისადმი სიძულვილშია გახევებული და შეურიგებლად ებრძვის მას. - ეს არის "მამა სიცრუისა" (იოანე 8:44). ვისაც ყოველთვის ჩრდილში დარჩენა სურს, ხოლო როდესაც სააშკარაოზე გამოჰყავთ, მისი ნების შემსრულებელთა პირით ცდილობს განაცხადოს: "არა, ეს მე კი არ ვარ, - ეს ის არის, ქრისტე. ეს მისი გამოცხადებაა, მე არაფერ შუაში ვარ"-ო!

"მაშ, გაიხსენე, საიდან დაეცი და შეინანე, და უწინდელი საქმენი ჰქმენი, არა და, მალე მოვალ შენთან, და თავისი ადგილიდან დავძრავ სასანთლეს შენსას, თუ კი არ შეინანებ" (გამოცხ. 2:5).

ამოიწურა უფლის მოთმინება, რომაელ კათოლიკეთა სინანულზე, ჩააქრო მათი სასანთლე და გადასცა ისინი სატანას.


5. რას წარმოადგენს რომაული კათოლიციზმი?




ახლა კი ვუპასუხოთ მთავარ შეკითხვას, რაც ვატიკანის II კრების დოკუმენტთა კითხვისას გვებადება: როგორ რელიგიას წარმოადგენს რომაული კათოლიციზმი?

ამის განსაზღვრა შესაძლებელია თუ განვიხილავთ არსს რელიგიისა, მისი თაყვანისცემის ობიექტის უმთავრეს ჭეშმარიტებებს, რომელთაგან ფუძემდებლურია ჭეშმარიტება ღმრთის არსის შესახებ, რომლითაც მას რელიგია მოსავს, ის ძირითადი ჭეშმარიტებანი, რომელიც აკონკრეტებს მისი ღმერთის თვისებების ხასიათს და მის დამოკიდებულებას სამყაროსთან. ისინი გამომდინარეობენ ღმრთაებრივი (ან სხვა "უმაღლესი") გამოცხადებიდან, რომელიც მოცემულ რელიგიაში განიხილება, როგორც უცვალებელი და უდავო ჭეშმარიტება და შედგება საღმრთო წერილისა (ან საღმრთო წიგნთა) და (ხშირად) საღმრთო გარდამოცემისაგან.

როგორც ცნობილია, ყველა ქრისტეანული კონფესიის წმიდა წერილი ბიბლიაა (კანონიკური წიგნები) მაშინ, როდესაც მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა წმ. გადმოცემა განსხვავებულია და მას პროტესტანტთა უმრავლესობა საერთოდ არ ღებულობს. ყველა არაქრისტეანული რელგიის წერილსა და გადმოცემებს, ანუ ე. წ. "გამოცხადებებს" ქრისტეანები ყალბად მიიჩნევენ, რომლებიც მომდინარეობს არა ღვთისგან, არამედ კაცისგან ან ეშმაკისგან. ღვთის თვისებათა შესახებ ქრისტეანულ ჭეშმარიტებათა შორის, უმთავრესს განეკუთვნება მისი (ღმრთის) ყოვლადსამართლიანობა.

რომაელი კათოლიკენი კი რას ამტკიცებენ? ვატიკანის II კრების თანახმად ისინი ბიბლიას საღმრთო გამოცხადებად აღიარებენ, მაგრამ უცვალებელ და საღმრთო ჭეშმარიტებად არ მიიჩნევენ, რამეთუ პირდაპირ და დაუფარავად, ტყუილების გამოყენებით ახდენენ ახალი აღთქმის ფალსიფიცირებას (იხ. ზემოთ) და აყალბებენ მის ჭეშმარიტ შინაარსს. ბიბლიის გარდა ისინი საღმრთო გამოცხადებად მიიჩნევენ ყურანსაც (შესაძლოა ბიბლიისგან განსხვავებით, არა მთლიანად) და ამტკიცებენ, რომ მუსულმანები თაყვანს სცემენ ერთ ღმერთს, ცოცხალს, შემოქმედს ცისა და ქვეყანისა, რომელიც ესაუბრებოდა ადამიანებს, ანუ კრებას მიაჩნია, რომ ღმერთი ადამიანებს აძლევდა საფუძველშივე ერთმანეთის გამომრიცხავ გამოცხადებებს (იხ. ზემოთ), რაც უარყოფს ღმრთის ყოვლადსამართლიანობას.

როგორც ზემოთ ითქვა, ქრისტეანობა ეფუძნება ერთი ღმერთისადმი, ერთარსი და განუყოფელი სამებისადმი რწმენას, ანუ ღმერთი ქრისტეანული რწმენის თანახმად, სამპიროვანი (ანუ სამიპოსტასოვანი) არსებაა, და აქ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მეორე იპოსტასს - ძე ღმერთს, სიტყვა - ღმერთს, იესუ ქრისტეს. "სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სულიწმიდა; და ეს სამი არის ერთი" (1 იოანე 5:7).

ღმრთის არსების სამპიროვნება ქრისტეანული სარწმუნოების უძირითადესი ჭეშმარიტება, მისი ფუძემდებლური დოგმატია, რომელსაც ეფუძნება ქრისტეანობის ყველა დანარჩენი ჭეშმარიტება. დოგმატის მიხედვით სამივე პირი ერთობაა განუყოფელ არსებაში, ერთარსია, თანასწორია და სამივეს თანასწორი პატივი მიეგება. თუ ადამიანი არ მიიღებს დოგმატს სამების შესახებ, ის ვერც ერთი ქრისტეანული კონფესიის წევრი ვერ გახდება და პირიქით, ღმრთის, როგორც არა სამიპოსტასოვან არსებად აღიარება ადამიანს ქმნის არაქრისტეანად.

მაშ, როგორი დამოკიდებულება გამოამჟღავნა სამების დოგმატისადმი ვატიკანის მეორე კრებამ? ის ღმერთს აღიარებს სამებად, მაგრამ ამავდროულად მიიჩნევს, რომ "ღმერთს" იუდეველებიც და მუსულმანებიც ეთაყვანებიან, რომლებიც თავიანთი თალმუდითა და ყურანით უარყოფენ სამებასაც და ქრისტეს ღვთაებრიობასაც. ე. ი. კრება აღიარებს არასამიპოსტასოვან ღმერთს, რომელსაც ებრაელნი უწოდებენ "იაჰვეს", ხოლო მუსლიმები "ალლაჰს"; ასევე კრება მიიჩნევს, რომ ზოგიერთი წარმართიც "აღიარებს" უზენაეს ღვთაებას, ანუ "მამას" (3.2 გვ. 432); რომ "ღმერთს" ეთაყვანებიან ზოგიერთნი ინდუისტთაგან და ნეოინდუისტთაგან (იქვე), რომლებიც უარყოფენ წმ. სამებას, როგორც ერთ ღმერთს, ხოლო ქრისტეზე ამბობენ, რომ ის კრიშნას ერთ-ერთი ავატარაა (ანუ გარდასახვაა).

მაშასადამე, ეს კრება არაქრისტეანულ, მონოთეისტურ რელიგიათა ღმერთ-კერპებს და წარმოდგენათა "უმაღლეს ღვთაებას" უთანაბრებს მამა ღმერთს, რითაც წმ. სამების პირველ იპოსტასს გამოყოფს როგორც დამოუკიდებელ ღმერთს, რომელიც სამების ღვთაებრივ პირთა - ძისა და სულიწმიდისგან დამოუკიდებლად მოქმედებს. აქედან, რომაელ-კათოლიკეები აღიარებენ ღვთაებათა არასამიპოსტასოვნებას და ამიტომ ისინი არ არიან ქრისტეანნი.

ქრისტეანობაში სამყაროსადმი საღმრთო მზრუნველობის და მოქმედების უმთავრესი ჭეშმარიტება იმაშია, რომ ის არის ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედი, მათ შორის ადამიანისაც. სამყაროს შექმნაში მონაწილეობდა განუყოფელი სამება, მისი სამივე იპოსტასი. ნიკეო-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლოში ნათქვამია: "მრწამს ერთი ღმერთი მამა, ყოვლის მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა. და ერთი უფალი იესუ ქრისტე. და სულიწმიდა, უფალი ჭეშმარიტი და ცხოველმყოფელი..." ე. ი. სამყარო შექმნილია არა მხოლოდ მამის მიერ, არამედ ძის მიერაც "და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა" (იოანე 1:1-18; კოლოს. 1:16; დაბ. 1:2; ებრა. 11:3; იოანე 5:19).

ღმრთის ძის, როგორც შემოქმედის შესახებ გადმოგვცემს ახალი აღთქმის შემდეგი მუხლი: "მის მიერ შეიქმნა ყოველივე; რაც ცაშია და რაც ქვეყანაზეა, ხილული და უხილავი; საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი; ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა" (კოლას. 1:16).

აი, რას ამბობს წმ. იოანე დამასკელი ყოვლდწმიდა სამების, როგორც შემოქმედის შესახებ: "ღმერთი, რომელიც ერთია და დაუსაბამო, თვითონ არის ყოველთა, როგორც საუკუნეთა, ასევე ყოველივე არსებულის შემოქმედი. ცხადია, როდესც ღმერთზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ მამას და მის მხოლოდშობილ ძეს, ჩვენს უფალს იესუ ქრისტეს, და მის ყოვლადწმიდა სულს, ანუ ჩვენს ერთ ღმერთს" (წმ. იოანე დამასკელი. "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა"). წმ. იოანე დამასკელის ციტირებული თხზულება სანიმუშოა არა მხოლოდ აღმოსავლელ, არამედ (ყოველ შემთხვევაში, დღემდე მაინც) დასავლელ ღვთისმეტყველთათვისაც (Христианство. Энциклопедический словарь, т. 1. М. "БРЭ" 1993, стр. 625).

მაგრამ, როგორ დამოკიდებულებას ამჟღავნებს შესაქმის დოგმატისადმი კრება? "ეკლესიის შესახებ დოგმატურ განწესებაში" ვკითხულობთ: "პირველადმა (Первичный) მამამ, უთავისუფლესი და თვისი სიბრძნისა და სახიერების საიდუმლო რჩევით, შექმნა სამყარო" (§ 17, გვ. 12). "შემოქმედის ნებითა და მისი სიტყვის ნათელით" (§ 36, გვ. 43) - შემოქმედის უნარი მიაწერეს არა სამებას, არამედ მხოლოდ მამა ღმერთს. ძეს განაკუთვნეს მხოლოდ შუამავლის როლი, რომლის მიერაც მან (ე. ი. მამამ - რედ.) შექმნა საუკუნენი (§ 3, გვ. 473). ამავდროულად, "შემოქმედად" აღიარებულნი არიან არა სამიპოსტასოვანი იაჰვე და ალლაჰი, არამედ კიდევ რომელიღაც "ღმერთ"-კერპები (§ 16, გვ. 22), სადაც უკვე ქრისტეს შუამავლობაც უარყოფილია და მათ, როგორც ერთპიროვნულ შემოქმედთ, მამა ღმერთის თვისებები განეკუთვნებათ.

შემდეგი საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეიძლება ითქვას, გლობალურია მთელი კაცობრიობისთვის: როგორ არის შესაძლებელი ადამიანის ცხოვნება, ღმრთის სასუფეველში მოსვლა და სამარადისო ცხოვრების დამკვიდრება? ქრისტეანობა ამ კითხვას ერთმნიშვნელოვნად პასუხობს: მხოლოდ სახარებისადმი რწმენით, ქრისტესა და მისი სწავლებისადმი რწმენით და მისი მიმდევრობით (იხ. ზემოთ. და თ. 3).

სამწუხაროდ, რომაული კათოლიციზმი ამას აუცილებლად არ მიიჩნევს - კრების მტკიცებით ღვთის სასუფეველში მოსვლა და ცხოვნების მიღება შეუძლიათ თავიანთი გზებით მავალ იუდეველებსაც, მუსულმანებსაც და ყველას, ვინც "შემოქმედ" კერპებს აღიარებს, და იმათაც, რომლებიც ეძებენ ღმერთს, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ უპოვიათ იგი, - და აი, ყველა ისინი, რომელთაც ჯერ კიდევ არა სწამთ ქრისტე და სახარება თურმე ცხონდებიან (თუ როგორი მეთოდებით ცდილობს ამის დამტკიცებას კრება, ნაჩვენებია 1 და 2-ე თავებში).

კრების მტკიცებით, არაქრისტეანულ რელიგიათა მიმდევრები ან ისინი, ვინც ჯერ კიდევ მხოლოდ ღმრთის ძიებაშია, თუმცა ვერ იპოვეს იგი, სულიწმიდის მადლით მოწოდებულნი არიან ცხოვნებად, ხოლო კაცობრიობის მსაჯულად ქრისტეს გარდა ალლაჰიც მოიაზრება (§§ 13 და 16; გვვ. 20 და 22).

ამრიგად, კრება ოფიციალურ დოკუმენტებში:

1. უარყოფს წმ. წერილის ჭეშმარიტების უცვალებლობას. აყალბებს ახალი აღთქმის შინაარსს, და საწინააღმდეგო მნიშვნელობით ცვლის მის აზრს. ასევე ჭეშმარიტ წერილად მიიჩნევს არაქრისტეანულ რელიგიათა წერილსაც (მაგ. ყურანს).

2. უარყოფს ღმრთის ყოვლადსამართლიანობას (ყოვლადსამართლიანობისა და რელიგიის ჭეშმარიტებაზე ინდუიზმში. იხ. შენიშვნა 1, ბოლოში).

3. უარყოფს სამების შესახებ დოგმატის ჭეშმარიტებას და არასამიპოსტასოვან კერპ-"ღმრთაებათა": იაჰვეს, ალლაჰისა და წარმართთა "უზენაესი ღმრთაებისადმი" თაყვანისცემას ჭეშმარიტი ღმრთისადმი თაყვანისცემად მიიჩნევს. ასევე, ათანაბრებს მათ თვითმყოფად არსებასთან, რომელიც მოწყვეტილია წმ. სამების მეორე და მესამე იპოსტასთაგან.

4. შესაქმის ფუნქციას სამებაში მხოლოდ მამა-ღმერთს აკისრებს და ასეთივე "შემოქმედ ღმერთებად" მიიჩნევს იაჰვეს, ალლაჰს და სხვა არასამიპოსტასოვან ღმერთ-კერპებს; იგი კაცობრიობის მსაჯულის ფუნქციას ავრცელებს ალლაჰზეც.

5. სულიწმიდის მადლის შესახებ ამტკიცებს, თითქოსდა მისით, სულის ცხოვნება შესაძლებელია ქრისტეს ეკლესიის გარეშეც.

6. აცხადებს, რომ შესაძლებელია ცხოვნება სხვადასხვა გზებით, როგორც ქრისტეანობის მეშვეობით, ასევე არაქრისტეანულ რელიგიათა მეშვეობითაც.

ცხადია რომ ვატიკანის II კრების შემდგომ რომაული კათოლიციზმის ქრისტეანობისათვის მიკუთვნებაზე ლაპარაკიც შეუძლებელია - ეს არის არაქრისტეანული რელიგია, რომელცი მსოფლიო უნივერსალური რელიგიისა და სხვა არაქრისტეანული რელიგიების: იუდაიზმის, მუსულმანობისა და ნეოინდუიზმის მსგავსად, აქტიურ ბრძოლას აწარმოებს ქრისტეანობის წინააღმდეგ; ჭეშმარიტი ღმერთის, ყოვლადწმიდა სამების, ღმრთის ძის, - იესუ ქრისტესა და ახალი აღთქმის საღმრთო გამოცხადების წინააღმდეგ.

ამ ბრძოლის მიზანი ცხადია: საღმრთო გამოცხადების შედარებითი ჭეშმარიტება მიაკუთვნონ არაქრისტეანულ რელიგიებს და მათ წერილს; წმიდა სამების პირთა სუბორდინაციის გზით გაჰყონ განუყოფელი სამება, სადაც უმთავრეს და თვითმყოფად მნიშვნელობას, განცალკევებული ღმრთის სახით, მამა ღმერთს ანიჭებენ; ღმერთ-კერპები და წარმართთა უმაღლესი "ღვთაებანი" გაუთანაბრონ მამა ღმერთს, როგორც "უმაღლეს ღმერთს, რათა ძის, მხოლოდ წარგზავნილის, შუამავლის და მამის ნების შემსრულებლის დონემდე ჩამოქვეითეიბთ "უმაღლესი ღმერთის" (ან "მამის") პატრონაჟის ქვეშ შექმნან მსოფლიო უნივერსალური ეკლესია, სადაც შესაძლებელი იქნება "ცხოვნება" ქრისტეს გარეშე. სატანა თავისი დამქაშების ძალისხმევით მიისწრაფვის, ცხოვნების გზა გადაუკეტოს ადამიანებს და გზა გაუხსნას ანტიქრისტეს მოსვლას.

როგორ გაიხარებდა ვივეკანანდა ცოცხალი რომ ყოფილიყო: ნეოწარმართთა ოცნება, შეექმნათ მსოფლიო უნივერსალური რელიგია, ხორციელდება თვით "ქრისტეანთა" უდიდესი ძალისხმევით (იხ. ზემოთ და 2-ე შენიშვნა ბოლოში). თუ არაქრისტეანული რელიგიები აშკარა ბრძოლას ეწევიან ქრისტეანობის წინააღმდეგ, უხვ ქრისტეანულ ფრაზეოლოგიას ამოფარებულ კათოლიკობას ამას მისთვის დამახასიათებელი, ფარული, იეზუიტური მეთოდებით აკეთებს, რაც ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ტყუილსა და ფალსიფიკაციას (იხ. ზემოთ). ამიტომაც, მთელი ქრისტეანული სამყაროსა და, განსაკუთრებით, მართლმადიდებლობისთვის სხვა, არაქრისტეანულ რელიგიებსა და ათეიზმზე გაცილებით საშიში სწორედ კათოლიციზმია.

თუკი შევაჯამებთ "ეკლესიის შესახებ დოგმატური განწესებისა" და "არაქრისტეანულ რელიგიებთან ეკლესიის დამოკიდებულების დეკლარაციის" ზემოთჩატარებულ ანალიზს, შევძლებთ ჩამოვაყალიბოთ პასუხი შეკითხვაზე - რას წარმოადგენს რომაული კათოლიციზმი?

თავისი უმთავრესი დოკუმენტებით ვატიკანის II კრებამ აჩვენა, რომ რომაული კათოლიციზმი ეს არის სატანის კონტროლის ქვეშ მყოფი ანტიქრისტეანული რელიგია, რომელიც ქრისტეანულ ფრაზეოლოგიას ამოფარებული, აქტიურ და ფარულ ბრძოლას ეწევა ღმერთის (წმიდა სამების, განსაკუთრებით კი მისი მეორე იპოსტასის, ქრისტეს) წინააღმდეგ, მისი გამოცხადების (ახალი აღთქმის) წინააღმდეგ, რითაც ქმნის საფუძველს მსოფლიო უნივერსალური რელიგიისა და ეკლესიის შესაქმნელად.

ცხადია, ამ დასკვნით ახალი ამერიკა არავის აღმოუჩენია. კათოლიციზმის ჭეშმარიტი სახე უკვე დიდი ხნის წინათ გამოაააშკარავეს მართლმადიდებელმა მოღვაწეებმა, რომლებიც ამბობდნე: "პაპიზმი წააგავს იმ ნაყოფს, რომლის ქრისტეანული ეკლესიურობის ქერქი (გარსი), რომელიც ძველთაგანვე მიუღია, თანდათანობით იხრწნება და ცვივა, რათა გამოაჩინოს მისი ანტიქრისტეანული გული" (Папство и его борьба с Православием; сост. С. Носов. М. Изд. "стрижев – центр", 1993, стр. 94).

ასევე დიდი ხანია, რაც დადგენილია თუ ვინ არის ეკუმენიზმის ჭეშმარიტი შთამაგონებელი და ორგანიზატორი, როგორია ამ მოძრაობის ნამდვილი მიზნები და ამოცანები, რაც განსაკუთრებული სიცხადით აჩვენა სერაფიმე როუზმა თავის ნაშრომებში (Иеромонах Серафим Роуз. Православие и религия будущего – в кн. Святое православие XX в. Изд. Донского монатрыря, 1992 г.).

სიახლეა მხოლოდ ის, რომ იმის შემდეგ, რაც რომაელმა კათოლიკეებმა ოფიციალურად აღიარეს არაქრისტეანული ეკუმენიზმი თავიანთი საქმიანობის უმთავრეს დოქტრინად, მათ ჩამოეხსნათ ღვთისმოსაობის ნიღაბი, რომელსაც იყვნენ ამოფარებულნი, როგორც ეკუმენიზმის ორგანიზატორები და მთელი მსოფლიოს წინაშე ცხადად გამოჩნდა თუ ვის ემსახურებოდა ვატიკანი. პაპმა ამჯერად აშკარად განაცხადა თავისი პრეტენზიები როლზე "მეორე აპოკალიფსური მხეცისა ორი რქით", "მსგავსი კრავისა, რომელიც იზრახს, როგორც ურჩხული" და "აიძულებს მთელს დედამიწას და მის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს" (გამოცხ. 13:1-12).


6. ღმრთის მადლის შესახებ კათოლიციზმში



როგორ ახერხებს მზაკვარი პაპსა და მის ეპისკოპოსებს, რომლებიც ქრისტესადმი ჭეშმარიტი რწმენისათვის მებრძოლებად გამოდიან, მოახვიოს საკუთარი ნება და რატომ არის, რომ თავად მათ ვერ აცხოვნებს მადლი ღვთისა, რომელსაც ასე გულუხვად ურიგებენ მთელს მსოფლიოს? ამ შეკითხვებზე პასუხი რომ გავცეთ, საჭიროა ორიოდე სიტყვა კიდევ ვთქვათ მადლზე და ვნახოთ, როგორ მოქმედებს ის კათოლიციზმში.

ამ პუბლიკაციის ფარგლებში ძნელია რამდენადმე მაინც შევჩერდეთ ღმრთისადმი რწმენის საკითხზე, მაგრამ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ჩვენი უფლისა და ღმრთის, იესუ ქრისტესადმი რწმენა, ჭეშმარიტი მოქცევა და მობრუნება მისკენ, ეს არის ზნეობრივი, უსაიდუმლოესი აქტი და თვით ღმრთის მიერ ადამიანს ეძლევა საკუთარი ცოდვებისგან განწმენდისა და სახარების რწმენისადმი მისწრაფების შემთხვევაში. "ვერავინ მოვა ჩემთან, თუკი არ მიეცემა მას მამის ჩემის მიერ" (იოანე 6:65), ანუ თავისი მადლისმიერი ძალით ყოვლადწმიდა სამება მოუწოდებს ადამიანს ცხოვნებისკენ და აყენებს მას სარწმუნოების გზაზე.

ადამიანზე მადლი განსაკუთრებულად უხვად გადმოიღვრება ნათლისღების და მირონცხების საიდუმლოთა აღსრულების შემდეგ, თანაც მაშინ, თუ ადამიანი ნამდვილად ისწრაფვის ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ - მიისწრაფვის ქრისტესთან ერთობისკენ, სარწმუნოებაში აღმავლობისკენ, ცოდვასთან, სატანასთან და ცოდვის წამახალისებელ ყოველგვარ დემონურ გამოვლინებასთან ბრძოლისკენ. მაგრამ ნათლობის შემდეგ, სხვადასხვა ცდომილებებში ჩავარდნის გამო მადლი ან განშორდება, ან საერთოდ ტოვებს ადამიანს. მისი ზემოქმედების აღდგენისა და შენარჩუნებისთვის არსებობს სინანულის (აღსარების), ზიარებისა (ევქარისტიის) და ზეთისკურთხევის საიდუმლონი, მაგრამ, თუ ადამიანი ჯიუტად დადგება თავის ცოდვაზე და არ ინანიებს, საღმრთო მადლი არ დაუბრუნდება და ის ხდება უმადლო.

მადლი, როგორც წესი, ადამიანზე უხილავად მოქმედებს, ღმრთის მხარდაჭერას ადამიანი გრძნობს არაპირდაპირ (გამონაკლისია პირჯვრის წერისა და ლოცვა-ვედრებათა საზოგადოდ ხილვადი, საღმრთო მადლისმიერი შეწევნა, რომელიც დემონების მზაკვრობათა ქმედითი ზეგავლენისგან ათავისუფლებს და განამტკიცებს მორწმუნეთ).

ამით (ანუ იმით, რომ ღმრთის მადლისმიერ შეწევნას ადამიანი გრძნობს უხილავად - მთარგმნ.) ღმერთი იფარავს ადამიანს, რათა მას არ დაეუფლოს რჩეულობის ამპარტავნული გრძნობა - თითქოსდა ის ყველაზე ღირსეულია ღვთის წინაშე და ეს მაშინ, როდესაც იგი ქრისტეანობისკენ მოწოდებული მილიონობით სხვა ადამიანისგან არაფრით გამოირჩევა. ღმერთი იცავს მას სიამაყეში ჩავარდნისგან (თუნდაც შინაგანისგან), რომლის შემდეგ უკვე ვერავითარ მადლს ვერ მიიღებს, რამეთუ "ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს" (იაკობ. 4:6; 1 პეტრე 5:5). მხოლოდ დროდადრო, თუკი სათნო ცხოვრებით იცხოვრებს და თანდათანობით განთავისუფლდება ცოდვათა მონობისგან, ადამიანი შეძლებს უფრო ცხადად შეიგრძნოს უფლის მხარდაჭერა და საღმრთო მადლის ზემოქმედება. ხოლო ზოგჯერ, თუმც იშვიათად და მეტად ზომიერად, სარწმუნოებრივი დაკნინების მიზეზით, რომელიც მთელს ქრისტეანობას დაეუფლება, უფალი აშკარად გვიჩვენებს საღმრთო მადლის გამოვლინებას, მორწმუნისთვის კერძო, პირადი გამოცხადების სახით. მაგრამ ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენა არასოდეს ხდება ადამიანის სურვილით, მისი ნებით, ან ძალისხმევით, იგი მხოლოდ ღვთის ნებითა და თანაც მუდამ მოულოდნელად აღესრულება ხოლმე და მხოლოდ ადამიანის სულის ცხოვნების საქმეს ემსახურება.

მაგრამ თუ დღევანდელი ცოდვილი ადამიანი, რომელიც განსაკუთრებულად არის აღვსილი საკუთარი ღირსების გრძნობით და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენით, თვითონ ესწრაფვის ან ელოდება, ან სასოებს მასზე საღმრთო მადლის აშკარა და ცხად გამოვლინებას (ე. ი. ელოდება სასწაულს და აქვს მიდრეკილება სასწაულთქმედებისკენ და ა. შ. - მთარგმნ.), ყოველივე ამის სანაცვლოდ მას მალულად თავის საცთურებს შემოაპარებს ხოლმე მზაკვარი. საღმრთო მადლისმიერ ნიჭთა ეს შეცვლა, რომელიც გამოწვეულია საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენით და ეშმაკისეული საცთურებით, "ხიბლად" იწოდება. მისი მეოხებით შესაძლებელია ადამიანს დაეწყოს სხვადასხვა სახის "ხილვები", "ნეტარებანი", "სიამოვნებანი", "გონების გაცისკროვნებანი", "წმინდანებთან", "ღვთისმშობელთან" და თვით "ქრისტესთან" გასაუბრებანი. ეს შეიძლება იყოს ასევე უხვი ცრემლები, სისხლის გახურება, სხეულებრივი ათრთოლებანი და შეტოკებანი, გრძნობისმიერი სასჯელნი (მაგ. სტიგმატური და სხვა მსგავსი სახის მოვლენები - მთარგმნ.), შეიძლება გაუჩნდეს ზებუნებრივი თვისებები და ა. შ. ან კიდევ შესაძლებელია განუმტკიცდეს რწმენა თავის რჩეულობაში, უცთომელობაში და სიწმიდეში, იმის რწმენაში, რომ შეუძლია თავისებურად განმარტოს და მეტიც, საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს კიდეც წმ. წერილი და ა. შ.

ეშმაკი საკმაოდ მოხერხებულად აწყობს ამ ხრიკებს და ასეთივე მოხერხებით უჭერს მხარს ადამიანს განმტკიცდეს ხიბლისმიერ შეხედულებებში. საშინელი ბოროტებაა ხიბლი, ეს არის პირდაპირი კონტაქტი დაცემულ სულებთან, რომელთაც მათი ნების დაქვემდებარებისა და სულიერი, ზოგჯერ კი ხორციელი სიკვდილისკენაც მიჰყავთ ადამიანი. პრაქტიკულად შეუძლებელია ხიბლში მყოფი ადამიანის დარწმუნება, ებრძოლოს ამ ხიბლს. ასეთი ადამიანის გადარჩენა მხოლოდ ღმერთს ხელეწიფება.

ხიბლი წმიდად მართლმადიდებლური ცნებაა. მართლმადიდებლობა, რომელიც თავისი ეკლესიის წმიდა მამათა უდიდეს გამოცდილებას ეფუძნება, ცნობს ხიბლს და თვის შვილებს ასწავლის როგორ განასხვავონ სულიწმიდის მადლი ხიბლის სიყალბისგან. თვით ამ საცთურთა ამოცნობასა და წარმატებით დაძლევაში მდგომარეობს სულიერი აღმასვლა და ქრისტეანის სრულყოფა, რაც მას სულიერ ცხოვრებაში მოუწევს. ეს არის მისი ცხოვრების უმთავრესი შემადგენელი ნაწილი. თუ მართლმადიდებლური ეკლესიის წმ. მამათა დარიგებებს შეისმენს, დემონთ მზაკვრობასთან განუწყვეტლად მებრძოლი მოწმუნე ცოდვით მიდრეკილებებს აირიდებს და გათავისუფლდება იმ ყალბი სულიერებისგან (აზრებისა და გრძნობებისგან), რომელთაც იგი ხიბლში შეჰყავთ და რომელთაც დაჟინებით ახვევს თავს ეშმაკი. ერთი მოღვაწე მართლმადიდებელი მორწმუნის სულიერი ცხოვრების დახასიათებისას აღნიშნავს: "ცთომილნი ვართ. მარტო ამისი შეგნებაც კი უდიდესი ფარია საცთურთაგან თავდასაცავად". ხოლო მოციქული წერს, რომ "ჩვენ ვიბრძვით არა სისხლისა და ხორცის, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს ქვეყნისმპყრობელთა და ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ" (ეფეს. 6:12).

მაგრამ, სულ სხვა მდგომარეობაა კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმში. დასავლური ქრისტეანობისა და აღმოსავლურ სარწმუნოებათა ბრწყინვალე მცოდნე სერაფიმე როუზი ბრძანებს: "ხიბლის ცნება, რომელიც უმთავრესი და საკვანძო ცნებაა მართლმადიდებლურ-ასკეტურ სწავლებაში, პროტესტანტულ-კათოლიკურ სამყაროში საერთოდ არ არსებობს". მთელი ეს ეშმაკეულობა დასავლეთში ჭეშმარიტებად არის მიჩნეული და, ცხადია, რომ ხიბლის ცნება, აქედან კი მასთან ბრძოლა, აბსოლუტურად უცხოა არაქრისტეანული რელიგიებისათვის.

წარმართობაში, მათ შორის კრიშნაიზმში და ნეოინდუიზმში, ყოველ ზებუნებრივს უცილობლივ უკავშირებენ "უმაღლეს ღვთაებას" და "ღმერთებს", "უმაღლესს", ანუ "კოსმიურ" გონს, "აბსოლუტს" და ა. შ. ხოლო წარმართული პრაქტიკა, რომელიც საკმაოდ ფართოდ ვრცელდება ამჟამად დასავლეთში: მედიტაციისა და ინიციაციის (განდობის) სხვადასხვა სახეები, მათ შორის "ქრისტეანული ძენი" (христианский дзен), "ქრისტეანული მედიუმიზმი" - ბოროტ ძალებთან საბრძოლველად კი არა, დაცემულ სულებთან უმჭიდროვესი კონტაქტის დამყარებისკენ არის მიმართული და მხოლოდ ვატიკანის II კრების მონაწილეთა უმეტესობა და პირადად პაპის უმეცრება აძლევს მათ შესაძლებლობას, განაცხადონ, რომ აღმოსავლურ რელიგიებში "სულიწმიდა ნაყოფიერად მოქმედებს ეკლესიის ხილული ორგანიზმის გარეთაც" (II Ватиканский собор. Догматическое постановление о церкви. § 13).

მოქმედებს ის სწორედ tesemina verbi-ზე (სიტყვის თესლებზე) დაყრდნობით, რომლებიც წარმოქმნიან ყველა რელიგიის ერთგვარ "საზოგადო, საერთო სოტერიოლოგიურ ფესვებს" (Папа Иоанн Павел II, § 113).

III თავში "იერარქიული მოწყობის შესახებ", "ეკლესიის შესახებ დოგმატური დადგენილებაში", II კრებამ დაადასტურა და კიდევ ერთხელ დააკანონა ვატიკანის I კრების დოგმატი პაპის მეთაურობისა და უცთომელობის შესახებ, ანუ: "რომის მღვდელმთავრის პირველობისა და მისი უცთომელი მოძღვრობის" შესახებ, როდესაც კიდევ ერთხელ აღიარა იგი "ქრისტეს ნაცვალად და მთელი ეკლესიის ხილულ თავად, ცოცხალი ღმრთის სახლის მმართველად დედამიწაზე" (II Ватиканский собор, стр.24 § 18).

აქ უპრიანი იქნება გავიხსენოთ კათოლიკე არქიეპისკოპოსის, ი. ი. შტროსმაიერის სიტყვა, რომელიც წარმოთქვა მან ვატიკანის პირველ კრებაზე და რომელშიც აკრიტიკებდა და დასცინოდა დოგმატს პაპის უცთომელობის შესახებ; მან ისტორიიდან ათეულობით მაგალითი დაიმოწმა, როდესაც პაპნი "კათედრიდან" ღებულობდნენ და აუქმებდნენ, როგორც თავიანთ, ასევე მათ წინამორბედ პაპთა დადგენილებებს, დაიმოწმა მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი ცოდვები და ბრძანა: "კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თუ თქვენ უცთომელობას ამჟამინდელი ეპისკოპოსის მიხედვით საზღვრავთ, მაშინ უცთომელებად უნდა გამოაცხადოთ ყველა მისი წინამორბედიც, გამონაკლისის გარეშე... მაშ, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ და აღიაროთ, რომ ხარბი, სისხლის აღმრევი, მკვლელი და სიწმიდეთმკრეხელი პაპები ქრისტეს ნაცვალნი იყვნენ?" (И. Ю. Штросмаиер. Речь на ватиканском Соборе 1870 г. Венско-Виленское братство, 1898, стр. 24-25).

საკუთარი უცთომელობისადმი აბსოლუტური რწმენა, ამსოფლის თავადისეული წარმოუდგენელი ვნება და მისწრაფება ძალაუფლებისა და დიდებისკენ, პირმოთნეობას ამოფარებული უსაზღვრო სიამაყე, - ყველა ეს უმძიმესი ცოდვა იოტისოდენა ეჭვსაც არ გვიტოვებს, რომ პაპიზმი უმადლო რელიგიაა, რამეთუ, როგორც წმ. ანტონი დიდი (IV ს.) ბრძანებს: "ყველა ცოდვა საძაგელია ღმრთის წინაშე, მაგრამ ყველაზე უსაძაგლესია გულის სიამაყე" (Добротолюбие. Т 1, Изд. Свято-Троицкой Сергиевой Лавры. 1992 г., стр. 58). იმის შემდეგ, რაც 1000 წლის წინათ მართლმადიდებლობასთან სულიერი სიახლოვე დაკარგა და განშიშვლდა ღვთის მადლისგან, პაპიზმი ცდილობს შეცვალოს იგი ყალბი სულიერებით. ასე, მაგალითად, აშკარად ხიბლში მყოფთ კათოლიკეები წმინდანებად რაცხენ. ამ მხრივ მეტად სანიმუშაო უდიდესი კათოლიკე "წმინდანისა" და "ეკლესიის მოძღვრის", ტერეზა ავილიელის "ზეგარდმო" "გამოცხადებანი":

"მრავალრიცხოვანი გამოცხადებების შემდეგ "ქრისტე" ტერეზას ეუბნება: "ამ დღიდან შენ იქნები ჩემი მეუღლე... აწ მე არა მხოლოდ შენი შემოქმედი ვარ და ღმერთი, არამედ მეუღლეც... უფალო, - პასუხობს ტერეზა ავილიელი, - ან დავიტანჯები შენთან ერთად, ან მოვკვდები!". და ამგვარ ფერებაში ქანცგაწყვეტილი ეცემა, მინაბავს თვალებს, სულ უფრო და უფრო უხშირდება სუნთქვა, მთელს სხეულში ჟრუანტელი უვლის. ყოველივე ეს ბიწიერ, მაგრამ სიყვარულში გამოცდილების მქონე დედაკაცს რომ ეხილა, - წერს მერეჟკოვსკი, - იმწამსვე მიხვდებოდა თუ რას ნიშნავდა ეს და როგორ გაოგნდებოდა, ტერეზასთან ამ მომენტში მამაკაცი რომ არ იყო. ეს ქალი ჯადოქრობაშიც გამოცდილი რომ ყოფილიყო, იფიქრებდა, რომ ტერეზასთან მამაკაცის ნაცვლად იყო უწმინდური სული, რომელთაც ჯადოქრები და გრძნეულები "ინკუბუსს" უწოდებენ. "შეყვარებული სულს ისეთი გულისგანმგმირავი სტვენით ეძახის, რომ შეუძლებელია ეს არ გაიგონო" - იხსენებს ტერეზა, - და ეს ძახილი სულზე ისე მოქმედებს, რომ სურვილისგან ქანცი მელევა" (А. И. Осипов. Основное богословие. М 1994 г., стр. 85).

"ეგნატე ბრიანჩანინოვის, თეოფანე დაყუდებულის და ოპტინელ ბერთა მტკიცებით, ხიბლის მდგომარეობაშია დაწერილი თომა კემპიელის წიგნიც "ქრისტესადმი მიბაძვისთვის", ასევე მთელი რიგი კათოლიკური და პროტესტანტულ-სექტანტური სამოძღვრო და ასკეტური ლიტერატურა" (იქვე. გვ. 87). ტერეზას და სხვა კათოლიკე "წმინდანთა" შთაგონებული ცდები ეშმაკთან "სულიერი" ერთობისა ფართოდ რეკლამირდება და მტკიცედ ინერგება რიგით კათოლიკეთა სულიერ ცხოვრებაში. მეტიც, ლოცვის დროს ოფიციალურად ნებადართულია (თუმც გარკვეული შენიშვნების დართვით) მედიტაციის ზოგიერთი ფორმა. ამიტომაც, სრულიად გასაგებია, რომ პაპსა და მის კარდინალებს, რომლებმაც დიდი ხანია დაკარგეს სულიწმიდის მაცხოვნებელი მადლი, იოტისოდენა წარმოდგენაც კი არა აქვთ მასზე და, იმყოფებიან რა უმძიმეს ხიბლში, მადლად მიიჩნევენ მას და განურჩევლად "ურიგებენ" ყველა რელიგიას. მხოლოდ უღრმესი ხიბლით თუ შეიძლება აიხსნას იმ დოქტრინის აღმოცენება, რომლითაც, ყოველგვარი საღი აზროვნების საპირისპიროდ დააფუძნეს "დოგმატური განწესება ეკლესიის შესახებ" და "დეკლარაცია არაქრისტეანულ რელიგიებთან ქრისტეს ეკლესიის დამოკიდებულების შესახებ" და პირდაპირ (თუმც ფარულად) დაუპირისპირდნენ ქრისტეს, წმ. სამებას და საღმრთო წერილს. სავარაუდოა, რომ აშკარა ბრძოლაზე ისინი არ გამოვლენ, მაგრამ იუდეველებთან ერთად სიხარულით შეიწყნარებენ "მესიის" ახალ "მოსვლას", სინამდვილეში კი - ანტიქრისტეს.

სხვათა შორის, ვატიკანის მეორე კრებას კრინტიც არ დაუძრავს ქილიაზმზე (მწვალებლური სწავლება დედამიწაზე 1000 წლოვანი ნეტარი სუფევის შესახებ - მთარმგნ.). თუმც უნივერსალური მსოფლიო ეკლესიის შექმნა - სწორედ ეს არის პირდაპირი მომზადება ანტიქრისტეს მისაღებად (და "სამოთხის" გასაშენებლად დედამიწაზე - მთარგმნ.).


7. რმე-ს ოფიცალური პოზიცია




როგორია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური წრეების რეაქცია ვატიკანის II კრების გადაწყვეტილებებზე? გადავხედოთ 1994 წლის სამღვდელმთავრო კრების მასალებს: სინოდალური საღვთისმეტყველო კომისიის თავმჯდომარის, მიტრ. ფილარეტის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ "მართალია, კათოლიკეები მოსწყდნენ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთობას, მაგრამ კრებითად ისინი არ განკითხულან, როგორც ერეტიკოსები; მართალია, ჩვენი თვალსაზრისით, მათი ეკლესიოლოგია (და ფილიოკვე) არასწორია... მაგრამ, ისინი ჩვენგან განუყოფელი ქრისტესმიერი ძმები არიან, რომლებთანაც გვაკავშირებს სრწმუნოება წმ. სამებისადმი, რწმენა იესუ ქრისტესადმი, როგორც ღმრთისა და მაცხოვრისადმი..." (Архиерейский собор РПЦ. 29 XI – 2 XII 1994, документы и доклады. Изд. Москва. Патр. М, стр. 99, §§ 60 и 62).

ყოველივე ეს დიდად საკვირველად გვეჩვენება. აქ ისე ლაპარაკობენ, თითქოსდა ვატიკანის არც I და არც II კრებები არ ყოფილან. პატივცემულო ღვთისმეტყველებო - კათოლიკეების ძმებო! ხელში აიღეთ ვატიკანის II კრების მასალები, გადაშალეთ, თუ შეიძლება, 16-ე პარაგრაფი "დოგმატური განწესებანი ეკლესიის შესახებ" და ასევე 2-4 პარაგრაფები: "დეკლარაციები ქრისტეს ეკლესიის დამოკიდებულების შესახებ არაქრისტეანულ ეკლესიებთან" და, თუ ჯერ კიდევ ყოველივე უცნობია თქვენთვის - წაიკითხეთ, რომ კათოლიკეებს დღემდე სწამთ ისეთი "შემოქმედისა", როგორიცაა ალლაჰი, იეღოვა, წარმართთა "უმაღლესი ღვთაება" და კიდევ ვინ იცის, რომელი ღმერთ-კერპი; წაიკითხეთ, "ვინ განსჯის ადამიანებს უკანასკნელ დღეს" და დარწმუნდით, თქვენთან ერთად კიდევ ვის მიიჩნევენ თავიანთ სულიერ ძმებად და ვის ურიგებენ ღვთის მადლს რომაელი კათოლიკეები!

ვატიკანის II კრების შემდეგ რომაელი-კათოლიკენი იმსახურებენ ყველა იმ ანათემას, რომელიც ოდესმე გამოუთქვამთ მოციქულებსა და წმიდა მსოფლიო საეკლესიო კრებებს და ჩვენ რა, ამ კერპთაყვანისმცემელ "ძმობას" უკვე დავეთანხმეთ? უფალო, მოგვიტევე ჩვენ ცოდვილთ.

რა თქმა უნდა, ეკუმენისტური "დიალოგი" კათოლიკეებთან და ემს-ს წევრობა (წერს ბროშურის ავტორი - მთარგმნ.) გვავალდებულებს თავშეკავებულნი ვიყოთ ჩვენი პარტნიორების ქმედებათა შეფასებისას, მაგრამ რა დიალოგი შეიძლება გვქონდეს მათთან, ვინც უარყოფს სამებას, როგორც ერთადერთ შემოქმედ ღმერთს და, მეტიც, ებრძვის კიდევაც მას; ვინც ებრძვის ქრისტეს და მის გამოცხადებას, და შესაძლებლად მიიჩნევს არაქრისტეანულ რელიგიათა მიმდევრების ცხოვნებას, თანაც (ამ სიყალბის გასამართლებლად) წმ. წერილსა და თვით მაცხოვარსაც კი იმოწმებს? ათეისტებსაც კი არ მოფიქრებიათ ამგვარი რამ! სრულიად აშკარაა, რომ საერთო ლოცვები მწვალებლებთან და წარმართებთან, ხიბლში მყოფ კათოლიკე "წმინდანთა" კანონიზაციაში მონაწილეობა, თვალის დახუჭვა მართლმადიდებლობის წიაღში კათოლიკური და პროტესტანტული პროპაგანდის გაძლიერებაზე - ეს არის ეკუმენისტური პოლიტიკის ნახელავი, რომელიც არაფერს გვაძლევს წარმართულ სარწმუნოებათა და სექტათა გამრავლების გარდა. ის ხელს შეუწყობს კათოლიკურ-პროტესტანტულ პროზელიტიზმს მართლმადიდებლობის წიაღში და დანერგავს აქ ათასგვარ ხიბლისმიერ მოძღვრებასა და ერესს. ერთადერთი "სარგებლობა", რასაც ის იძლევა, ეს უცხოეთში მოგზაურობა და სხვადასხვა ეკუმენისტურ ფურუმებზე წუთისოფლის სულისკვეთებით აღძრულთა მონაწილეობაა. მართლმადიდებლობამ კარგად უწყის, რა სულისკვეთებაა ეს. მაგრამ რით ვუშველოთ ათასობით ცთუნებულს? ესეც არ იყოს, როგორც ვატიკანის გამოცდილება გვიჩვენებს, ეს სული არ ჯერდება მცირეოდენ განდგომილებას და მანამდე იბრძვის, სანამ (მის მიერ ცთუნებულთა) სრულ და საბოლოო განდგომილებას არ მიაღწევს. ბოლო ჟამი თავის დასასრულს უახლოვდება, ძმანო! დროა, ყველა გამოვფხიზლდეთ. მხოლოდ ჩვენზე, ჩვენს რწმენაზეა დამოკიდებული ანტიქრისტეს მოსვლა. დე, ნუ განვუდგებით ქრისტეს! ღმერთმა გვიშველოს! უფალო, შეგვეწიე! უფალო, შეგვიწყალე!

________________________


შენიშვნები:


1. წარმართულ ინდუიზმში (ვედანტაში) ღმერთების სამართლიანობის ცნება არ არსებობს. უმაღლესი ღვთაებები შეიძლება განხორციელდნენ სხვა ღმერთებში, ადამიანებში, ცხოველებში, გახდნენ უდიდესი მოძღვრები, ილაპარაკონ და იმოქმედონ ვითარების შესაბამისად.

ვედიზმის ფილოსოფიის უმაღლესი ღვთაების მრავალსახოვნების შესახებ სხვადასხვა რელიგიებისთვის ტრანსფორმირება მოახდინა ნეოინდუიზმის დამფუძნებელმა შრი რამაკრიშნამ (1836-1886), რომელიც ქალღმერთ "კალის" უწიგნური მოგვი იყო და რომელიც "უმაღლეს გამოცხადებებს" ღებულობდა სამადხის იუგურ მდგომარეობაში. აი, რას ამბობდა ის: ვაიშნავები, მაჰმადიანები, ქრისტეანები და ინდუსები, ყველანი მოწყურებულნი არიან ერთ ღმერთს; მაგრამ, მათ არ იციან, რომ ის, ვინც არის კრიშნა, ამავე დროს არის შივაც, ღვთაებრივი დედაც, ქრისტეს და ალლაჰიც. ღმერთი ერთია, მაგრამ მას უამრავი სახელი აქვს... ის, ვისაც ეთაყვანებიან ერთია, მაგრამ მას დროის, ადგილისა და თაყვანისმცემელთა ეროვნებისდაგვარად სხვადასხვა სახელს უწოდებენ. მსოფლიოში არსებულ ყველა "წმიდა წერილში" ერთსა და იმავე ღმერთზეა ლაპარაკი. ის, ვინც ვედებში აბსოლუტურ ყოფიერებად იწოდება, ტანტრებში შივაა, პურანებში კრიშნა, ყურანში ალლაჰი და ახალ აღთქმაში ქრისტე (Провозвестие Рамакришны. Изд. Нлвый человек. СПБ. 1914, стр. 20).

რამაკრიშნა ღმერთს ადარებდა ხეზე მჯდომ ქამელეონს, რომელიც სხვადასხვა რელიგიაში სხვადასხვა ფორმით გვევლინება (იქვე გვ. 20) და ირწმუნებოდა ღმერთს იმდენი სახის მიღება შეუძლია, რომ ყოველი მათგანის ცოდნა შუძლებელი არისო; რომ მას შეუძლია ასევე იყოს პიროვნებაც და უპიროვნოც, რომელიც უამრავ სხეულში შეიძლება განხორციელდეს. მართლმადიდებელი ქრისტეანისთვის ცხადია თუ ვისი "გამოცხადებები" იყო ეს.

რამაკრიშნას ერთ-ერთმა უახლოესმა მოწაფეთაგანმა, ფართო განათლების მქონე ბრწყინვალე ორატორმა, სვამი ვივეკანანდამ (1863-1902) განავითარა მისი სწავლება და წამოაყენა მსოფლიო უნივერსალური რელიგიის შექმნის იდეა. 1893 წ. ჩიკაგოში გამართულ რელიგიის მსოფლიო კონგრესზე მისი გამოსვლის შემდეგ ვივეკანანდას ეს იდეა დიდი აღფრთოვანებით აიტაცა მრავალმა დასავლელმა რელიგიურმა მოღვაწემ და მათ შორის "ქრისტეანებმაც". ხოლო ვატიკანის II კრებამ, მცირეოდენი შესწორებების შემდეგ, რომაული-კათოლიციზმის ოფიციალურ დოქტრინად გამოაცხადა.

2. სერაფიმე როუზის წიგნში კათოლიციზმის მიერ მსოფლიო (უნივერსალური) რელიგიის შექმნის ინდუისტური იდეის შეთვისების შესახებ ნათქვამია: "ჩვენ ვხედავთ ინდუიზმის, ანუ სვამი ვივეკანანდას წარმატებასაც, იმ ძალის წარმატებასაც, რომელიც ამოძრავებს ვივეკანანდას. მან საბოლოოდ გაანადგურა კათოლიციზმი. მისმა მოდარაჯე ქოფაკებმა ქურდი მიიღეს თავიანთი ბატონის მეგობრად და სახლიც მათ თვალწინ გაიძარცვა. ქურდმა თქვა: "მოდი, დავამყაროთ ყველა სარწმუნოების ურთიერთგაგება" და ისიც ეზოში შემოუშვეს. ეს იყო საკმაოდ მარტივი ფანდი. ქრისტეანმა ინდუისტებმა (სვამი), უბრალოდ, ქრისტეანული ტერმინოლოგიის გამოყენებით გადმოსცეს ვედანტის ფილოსოფია. ინდუისტმა ქრისტეანებმა კი (მოდერნის-კათოლიკეებმა) ინდუიზმის ჩართვით მოახდინეს თავიანთი რელიგიის ექსტრაპოლაცია (გაფართოება); სწორედ მაშინ, ჭეშმარიტება გადაიქცა ცთომილებად, ცთომილება - "ჭეშმარიტებად..." მსოფლიო რელიგია იქნება ის გამანადგურებელი ხანძარი, რომელიც შთანთქმით დაემუქრება ქრისტეანობას. მაგრამ, ყოველივე ამაში მთავარი მაინც ის არის, რომ იეზუიტმა მღვდელმა ტეარ დე შარდენმა უკვე ჩაუყარა საფუძველი "ახალ ქრისტეანობას", რომელიც ზედმიწევნით ემთხვევა ვივეკანანდას მიერ მოცემულ მსოფლიო რელიგიის თავისებურებათა განსაზღვრებებს".



________________________

დანართი:


§ 16. ვატიკანის II კრების "დოგმატური განსაზღვრება ეკლესიის შესახებ" (გვ. 22-23).

"16.1. დაბოლოს, ისინი, ვისაც ჯერ კიდევ არ მიუღია სახარება, სხვადასხვა გზებით არიან მოწოდებულნი საღმრთო ერისკენ. უპირველეს ყოვლისა კი ის ხალხი, რომელსაც ებოძა ცნებები და აღთქმანი და რომლისგანაც ხორციელად იშვა ქრისტე (შეად. რომ. 9:4-5). ერი, რომელიც არჩევის მიხედვით საყვარელია მამათა გამო; რამეთუ ღმრთის ნიჭი და მოწოდება უცვალებელია (შეად. რომ. 11:28-29).

2. მაგრამ მაცხოვნებელი განგებულება მოცავს მათაც, ვინც აღიარებს შემოქმედს, მათ შორის კი, უპირველეს ყოვლისა, მუსულმანებს, რომლებიც, თვლიან რა საკუთარ თავს აბრაამის რწმენის მიმღებლებად, ჩვენთან ერთად ეთაყვანებიან ერთ ღმერთს, მრავალმოწყალეს, რომელიც განსჯის კაცთა მოდგმას უკანასკნელ დღეს.

3. მაგრამ, არც დანარჩენთაგან არის შორს ღმერთი, ანუ მათგან, რომლებიც აჩრდილთა და მსგავსებათა მიხედვით ეძიებენ უცნობ ღმერთს, რამეთუ თვითონ ანიჭებს ყველას სიცოცხლეს და სუნთქვას და ყოველივეს (შეად. საქმე 17:25-28), ამიტომაც, მაცხოვარს ნებავს, რათა "ყველა კაცი ცხონდეს" (შეად. 1 ტიმ. 2:4). ხოლო მას, ვინაც მისგან დამოუკიდებლად არ იცოდა სახარება და ქრისტეს ეკლესია, მაგრამ წრფელი გულით მაინც მის ძიებაშია და მადლის ზემოქმედებითა და საკუთარი საქმეებით მისი ნების აღსასრულებლად მიისწრაფვის, რაც სინდისის ხმით შეიცნობა, შეუძლია დაიმკვიდროს სამარადისო ცხოვნება. საღმრთო განგებულება აუცილებელ შეწევნას არ მოაკლებს მათ, ვინაც თვითონ არ არის დამნაშავე იმაში, რომ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია ღმრთის ცხად შემეცნებას და ღვთის მადლით ცდილობს გასწიოს მართალი ცხოვრება. რამეთუ ყოველივე კეთილსა და ჭეშმარიტს, რაც მათ ებოძათ, ეკლესია მიიჩნევს სახარების მისაღებ მზადებად და ნიჭად იმისა, ვინც განანათლებს ყოველთა კაცთა, რათა მან საბოლოოდ დაიმკვიდროს ცხოვნება.

4. მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ მზაკვარეის მიერ მოტყუებულნი თავიანთი ცრუბრძნობით მიეცნენ ამაოებას და სიცრუეზე გაცვალეს ჭეშმარიტება და მსახურებენ შექმნილსა და არა შემოქმედს (შეად. რომ. :21-25) და, ცხოვრობენ რა ღმრთის გარეშე, უკიდურეს სასოწარკვეთას მიცემულნი აღესრულებიან. ამიტომაც, ღმრთის დიდების შესაწევნად და ყველა ამ ადამიანის გადასარჩენად, ეკლესია, უფლის სწავლებაზე დაყრდნობით, რომელმაც ბრძანა: "უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას" (მარკ. 16:15), გულმოდგინედ ზრუნავს სამისიონერო საქმიანობის გასაშლელად" (კრების მოხსენებაში 16-ე პარაგრაფი მოცემული მთლიანი, უწყვეტი ტექსტით. აბზაცები და ნუმერაცია ეკუთვნის გ. ალექსეევს).

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню