ანტიერეტიკონი - იეჰოვას მოწმეები - კალია უფსკრულიდან - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
იეჰოვას მოწმეები - კალია უფსკრულიდან
იეჰოვას მოწმეები
ქუჩაში მიმავალი სასიამოვნო გარეგნობს ადამიანები, რელიგიური ბროშურებით ხელში, უკვე იმდენად ჩვეული სურათია ჩვენი დღევანდელობისა, რომ არ გამკვირვებია, როდესაც ტელეფონმა დარეკა და ყურმილის მეორე მხარეს მანდილოსნის ხმამ მკითხა: ხომ არ ვისურვებდი ღმრთის შესახებ კეთილი უწყების ("ხარების") მოსმენას. იმწამსვე მივხვდი ვისთან უნდა მქონოდა საქმე. ჩემს კითხვაზე რომელი რელიგიური ორგანიზაციიდან იყო ჩემი მოსაუბრე, მივიღე მოსალოდნელი პასუხი: "იეღოვას მოწმეთა მსოფლიო ორგანიზაციიდან".

ჩვენი საუბარი ტრადიციული კითხვით დაიწყო იმის შესახებ, ვეთანხმები თუ არა, რომ ყველა რელიგიური ორგანიზაცია არ მისდევს ჭეშმარიტებას? ცხადია, ამ კითხვას დადებითად ვუპასუხე და ვაღიარე, რომ მართლაც, ყველა რელიგიური ორგანიზაცია როდი მისდევს ჭეშმარიტებას და ეს ყველამ კარგად უწყის! მომდევნო კითხვაზე, ვეთანხმები თუ არა იმ აზრს, რომ მხოლოდ ერთი ორგანიზაცია წარმოადგენს ღმერთს დედამიწაზე, საწინააღმდეგო არაფერი მქონია.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ "იეღოვას მოწმეების" აზრით მათ ყველაზე უკეთ იციან ბიბლია, ამის შესახებ მეტად მკაფიოდ მეტყველებს მათი, როგორც "ბიბლიის მკვლევართა" სახელწოდება. რადგან ღვთისმეტყველების სფეროში ელემენტარული ცოდნა გამაჩნია, პირველობის პალმისთვის ბრძოლა არ დამიწყია, უბრალოდ ჩემს მოსაუბრეს შევთავაზე განგვეხილა რამოდენიმე ადგილი წმიდა წერილიდან.

თემა შემთხვევით არ ამირჩევია, რადგან "საგუშაგო კოშკის" (იეღოველთა ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო - რედ.) ერთ ერთ ნომერში გამოაქვეყნეს მეტად საინტერესო სტატია და მაინტერესებდა რას მეტყოდა ამის შესახებ ჩემი ოპონენტი იეღოველთა ორგანიზაციიდან. მოსაუბრეს ვთხოვე გადაეშალა ახალი აღთქმა, კერძოდ იოანეს გამოცხადების (აპოკალიფსისის) მე-9 თავი, თანაც შევუთანხმდი, რომ მე დავასახელებდი თავსა და მუხლს წმიდა წერილიდან, ხოლო ის ამავე მუხლს ტელეფონიდან ხმამაღლა წამიკითხავდა და მის მნიშვნელობასაც ამიხსნიდა. შევთანხმდით და მანდილოსანმა მშვიდი და ზომიერი ხმით კითხვა დაიწყო:

"მეხუთე ანგელოზმა ჩაჰბერა და ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა; გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან. გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ. და ითქვა მათ მიმართ, რომ არა ავნონ რა არც ბალახს მიწისას, არც მწვანილს რასმე და არც ხეს რასმე, არამედ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე. და მიეცა მათ ნება, კი არ მოეკლათ, არამედ ხუთი თვე ეწამებინათ ისინი; ხოლო წამება მათგან, როგორც წამება მორიელისგან, როდესაც მოწყლავს კაცს. იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი, და ვერ ჰპოვებენ; ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ. ხოლო კალიები გარეგნობით ცხენებსა ჰგვანდნენ, საომრად გამზადებულთ, და თავს ედგათ გვირგვინი, როგორც ოქროსი; და სახე მათი, როგორც სახე კაცთა. მათი თმები დიაცთა თმებს მოგაგონებდათ, კბილები კი მიუგავდათ ღოჯებს ლომისას. ტანთ ეცვათ ჯაჭვნი, როგორც რკინისანი, და მათი ფრთების ხმა, როგორც ცხენმრავალ ეტლთა გრიალი, რომელნიც მიჰქრიან საომრად. ნესტრიანი კუდები ჰქონდათ, მორიელთა კუდების მსგავსნი, ხოლო კუდებში - ხელმწიფება კაცთა წამებისა ხუთი თვის განმავლობაში. მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ ("წარმწყმედელი" - რედ.)".

ამის შემდეგ ჩემს მოსაუბრეს ვთხოვე წაეკითხა მთელი რიგი მუხლები ძველი აღთქმიდან, სადაც ასე თუ ისე, ლაპარაკია კალიაზე და სადაც ნახსენებია უფსკრულის ანგელოზი აბადონი ("წარმწყმედელი"). მან კითხვა განაგრძო: "მუხლუხოს გადარჩენილი კალიამ შეჭამა, კალიას გადარჩენილი კუტკალიამ შეჭამა, კუტკალიას გადარჩენილი ბოცომკალმა შეჭამა" (იოველი 1:4).

"...რადგან მოადგა ჩემს ქვეყანას ძლიერი და ურიცხვი ხალხი, კბილები მისი ლომის კბილებია, ყბები ძუ ლომისა აქვს" (იოველ 1:6).

"ქალაქში ნავარდობენ, გალავანზე დარბიან, სახლებში იჭრებიან, სარკმლებიდან მიძვრებიან ქურდებივით" (იოველ 2:9).

"ამ ჩრდილოელსაც მოგაშორებთ და შევყრი ურწყავ და უკაცრიელ ქვეყანაში, მის წინა რიგებს - აღმოსავლეთის ზღვაში, უკანა რიგებს - დასავლეთის ზღვაში. აუვა სუნი და ამყრალდება, რადგან ცუდი საქმეები აქვთ ჩადენილი" (იოველ 2:20).

"გაშიშვლებულია მის წინაშე ჯოჯოხეთი და არა აქვს საფარველი წარსაწყმედელს" (იობი 26:6);

"ჯოჯოხეთი და წარსაწყმედელი ცხად არიან უფლის წინაშე, მით უფრო გულები კაცთა" (იგავნი 15:11);

"როგორც ჯოჯოხეთი და წარსაწყმედელია გაუძღომელი, ასე კაცის თვალიც გაუძღომელია" (იგავნი 27:20).

ამით ბიბლიის ციტირება დავასრულეთ. მადლობა მოვახსენე ჩემს თანამოსაუბრეს იმისთვის, რომ ეყო მოთმინება და ჩემს მიერ მითითებული მუხლები სრულად და ხმამაღლა წაიკითხა. იქვე ვკითხე: ვისზეა-მეთქი ლაპარაკი ამ მუხლებში და რას გულისხმობდნენ ჩამოთვლილი ბიბლიური მუხლების ავტორები სახელში "აბადონ" ("წარსაწყმედელი")? პასუხი დაუყოვნებლივ მივიღე. დედაკაცმა სწორედ ის მიპასუხა, რის მოსმენასაც ველოდი: უფსკრულის ანგელოზი, - "აბადონი" ("წარმწყმედელი") - ეს თვით სატანა, ხოლო უფსკრულიდან ამოსული კალია - დემონები, ბოროტი სულები და უფსკრულის ბინადარნი არიან. მაშინ კიდევ ერთხელ ვკითხე, იქნებ სცდება და ამ მუხლებში სულ სხვა რამეზეა ლაპარაკი? მაგრამ ჩემი თანამოსაუბრე ჯიუტად თავისაზე იდგა და მიმტკიცებდა, რომ უფსკრულის ანგელოზი "აბადონი" ("წარმწყმედელი") სხვა არავინაა თუ არა სატანა, ხოლო უფსკრულიდან ამოსული "კალიები" დემონები, ბოროტი სულები და ჯოჯოხეთის ბინადრები არიან, თანაც დაამატა, რომ მხოლოდ ბრმას არ შეუძლია ამისი დანახვა.

ამაშიც დავეთანხმე, მაგრამ იმ მომენტში ჩემთვის ცნობილი იყო ისეთი რამ, რასაც ჩემი მოსაუბრე "იეღოველი" ვერც კი ივარაუდებდა. საქმე იმაშია, რომ "საგუშაგო კოშკის" 1998 წლის 1 მაისის ნომერში, სტატიაში" "იეღოვას დღე ახლოვდება", შავით თეთრზე წერია: "იოველის 1:6-სა და გამოცხადების 9:7-ე მუხლებში "კალია" ღმრთის ერის სიმბოლოა", ხოლო ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ სტატიას წაიკითხავს, ადვილად მიხვდება - "ღმრთის ერი" "იეღოვას მოწმეები" არიან.

ჩემთან მოსაუბრე "იეღოველმა", რომელიც ვერაფერს ეჭვობდა, მკითხა თუ რა მიზნით წავაკითხე მას წმიდა წერილის სწორედ ეს მუხლები. დავინტერესდი რა მისი სულის სიმტკიცით, დავაზუსტე, გააჩნია თუ არა მას "საგუშაგო კოშკის" ხსენებული ნომერი და როდესაც დადებითი პასუხი მივიღე, შევთავაზე თავიდან წაეკითხა ეს სტატია, ხოლო ერთი-ორი საათის შემდეგ გადმოერეკა ჩემთვის და საუბარი გაგვეგრძელებინა.

მაგრამ, გავიდა ერთი საათი, ორი, დღეები და არავინ მირეკავდა. რატომ არ დარეკა იეღოველმა ქალბატონმა? ისეთი რა არის განთავსებული "საგუშაგო კოშკის" ხსენებულ ნომერში, რომ რიგითმა ადეპტმა ჩემთან საუბრისგან თავი შეიკავა? შემოვიფარგლები რა იმ განმარტებით, რომლითაც იეღოველმა მოსაუბრემ უფსკრულიდან ამოსულ კალიას მისცა, მოვიტან ამონარიდს სტატიიდან "იეღოვას დღე ახლოვდება", რომელიც "საგუშაგო კოშკის" 1998 წლის 1 მაისის ნომერში გამოქვეყნდა.

"დედამიწაზე შავი ღრუბელი ეშვება. ეს - მწერების ურდოა. ო, რა გაპარტახებას გამოიწვევენ ისინი!... აჰა, მოდის უფრთო, მხოხავი და დამშეული კალიების მთელი ხროვა... კალია იმდენად გაუმაძღარია, რომ მილიონ ინდივიდს შეუძლია აყვავებული ბაღი უდაბნოდ აქციოს... მოდიან ასევე მუხლუხოები, რომელთაგან გამოდიან ჩრჩილი და პეპელა. დამშეულ მუხლუხოთა ურიცხვ რაოდენობას, ისევე როგორც კალიებისას, შეუძლია გადაჭამოს მთელი მწვანე საფარი და მცენარეულობა. ხოლო იმას, რაც მათი შემოსევის შემდეგ რჩება, ხოჭოები და ტარაკნები ესევიან".

"მაშ, წარმოიდგინეთ კალიების უთვალავი რაოდენობა! "რადგან მოადგა ჩემს (ღმერთთან დაკავშირებული ნაცვალსახელს "ჩემი", რუსულ და სხვა ევროპულ ენებზე, "იეღოვას მოწმეები" პატარა ასოთი წერენ - ავტ.) ქვეყანას ძლიერი და ურიცხვი ხალხი, კბილები მისი ლომის კბილებია, ყბები ძუ ლომისა აქვს" (იოველ. 1:6). შეიძლება თუ არა ეს წინასწარმეტყველება მივუყენოთ იმ ხალხს, რომელიც ძველ იუდეას შეესია? არა, ამ წინასწარმეტყველებას მომავალი და უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. იოველის 1:6-სა და გამოცხადების (აპოკალიფსისის) 9:7-ე მუხლებში "კალია" ღმრთის ერის სიმბოლოა.

"კალიის" თანამედროვე ხროვა - სხვა არაფერია, თუ არა იეღოვას მიერ ცხებული მხედრობა, რომელსაც სადღეისოდ იესუს დაახლოებით 5 600 000 "ცხვარი" შეუერთდა "სხვა ეზოდან" (იოანე 10:16). განა სასიხარულო არ არის ეკუთვნოდე იეღოვას ამ უდიდეს და უთვალავ ლაშქრობას?... მთელი მსოფლიოს მასშტაბით ღმრთის მხედრობის, ანუ "კალიების" შემოსევა, ნათლად გვიჩვენებს, რომ იეღოვას დიადი და საშინელი დღე ახლოვდება...

წარმოიდგინეთ, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა წინასწარმეტყველზე ხილვამ, სადაც უმოწყალო კალიამ ნამდვილი ედემის ბაღი უდაბნოდ აქცია... ღმრთის თანამედროვე მხედრობა, ანუ "კალია" შეესევა "ქალაქს", რომელსაც იოველთან "ქრისტეანული მსოფლიო" ეწოდება (იოველი 2:9). მოწმობა მთელს მსოფლიოს მიეცა. სიმბოლურად კალია ყოველი წინააღმდეგობის გადალახვას აგრძელებს, იჭრება მილიონობით სახლებში, მიეახლება მილიონობით ადამიანს ქუჩებში, ელაპარაკება ტელეფონით და ცდილობს იპოვოს ყოველი გზა იმისთვის, რათა მიაწვდინოს ცნობა იეღოვასგან".

აქ შევნიშნავ, რომ კალიების შემოსევასთან დაკავშირებულ სიტყვებს "ქურდი" და "ჩრჩილი" "იეღოვას მოწმეები" შეგნებულად არ ახსენებენ. არც არის გასაკვირი, "ქურდი", "ჩრჩილი", "მატლი" და "ღმრთის ერი" ხომ ყოვლად შეუსაბამო ცნებებია.

"განა სასიხარულო არ არის მონაწილეობდე ღმრთის მიერ ცხებულ "კალიათა" ამ უკანასკნელ შემოსევაში, იეღოვას საშინელი და დიადი დღის დადგომამდე?"

უფრო სრული სურათისთვის მოვიტანთ კიდევ რამდენიმე კითხვას, რომელიც ხსენებული სტატიის ყოველ გვერდზეა განთავსებული:

"ვინ არის დღეს "კალია"? რატომ უნდა შევადაროთ დღეს ღმრთის ერის მოქმედება კალიის შემოსევას?

ვინ აღასრულებს დღეს იოველის წინასწარმეტყველებას და ვინ არის იეღოვას "კალია"?

როგორია ამ "კალიის" შემოსევის მასშტაბები XX საუკუნეში და რამდენი ხნით გაგრძელდება?

გსურთ თუ არა იყოთ იეღოვას "კალიათა" რიცხვში და მონაწილეობა მიიღოთ ამ მხედრობის შემოსევაში?"

გამოდის, რომ "იეღოვას მოწმეებმა", რომლებმაც სტატია 128 ენაზე გამოაქვეყნეს და 22 მილიონზე მეტი ტირაჟით გაავრცელეს, საკუთარ თავს უფსკრულიდან ამომავალ კალიასთან აიგივებენ, რომლის მეფე უფსკრულის ანგელოზი აბადონია ("წარმწყმედელი"). ამასთან, ჩემი თანამოსაუბრის სახით, თვით იეღოველები ამ სტატიას აძლევენ საკუთარ კომენტარს, სადაც აღნიშნავენ, რომ უფსკრულის ანგელოზი აბადონი ("წარმწყმედელი") თვით სატანაა, უფსკრულიდან ამომავალი კალიები კი - ეშმაკები, დემონები, ბოროტი სულები და უფსკრულის ბინადრები არიან. ამის შემდეგ გამოუცდელ მკითხველს მხოლოდ ისღა რჩება გაეცნოს მთელს ამ უშნო და უბადრუკ ინფორმაციას და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს.

P. S. როგორც იტყვიან, კომენტარები ზედმეტია, მაგრამ მაინც რაღაცის დამატება გვსურს... წმიდა წერილის მიხედვით, იმის შემდეგ, რაც "იეღოვას მოწმეები" გაქრებიან, მათგან ქვეყანა აყროლდება, რადგან ჩაიდინეს უამრავი ბოროტება. სწორედ ამ კონტექსტშია მოცემული კალიისგან გათავისუფლება იოველის წინასწარმეტყველებაში: "ამ ჩრდილოელსაც მოგაშორებთ და შევყრი ურწყავ და უკაცრიელ ქვეყანაში, მის წინა რიგებს - აღმოსავლეთის ზღვაში, უკანა რიგებს - დასავლეთის ზღვაში. აუვა სუნი და ამყრალდება, რადგან ცუდი საქმეები აქვთ ჩადენილი" (იოველი 2:20).

ნეტ. იერონიმეს განმარტებით, მის დროსაც ყოფილა მკვდარ და ხმელთაშუა ზღვაში ჩახოცილი კალიის აყროლება. ამ სიმყრალეს ჰაერი ისე მოუწამლავს, რომ შავი ჭირი და მრავალგვარი უბედურება გამოუწვევია. ამიტომაც, აბსოლუტურად გამორიცხულია აქ ლაპარაკი იყოს ღმრთის ერზე და, რომ წინასწარმეტყველ იოველს შეეძლო საკუთარი თავისთვის უფლება მიეცა ღმრთის ერი ესოდენი შეუფერბელი სიმბოლიკით წარმოსახა.

ღმრთის ერის შესახებ წინასწარმეტყველი იოველი სრულიად საპირისპიროს ბრძანებს: "გამოესარჩლება უფალი თავის ქვეყანას და დაინდობს თავის ერს. მიუგებს უფალი და ეტყვის თავის ერს: აჰა, გიგზავნი პურს, ღვინოსა და ზეთს, და გაძეხით ამით; სასირცხოდ აღარ გაგხდით ხალხების თვალში" (იოველ 2:18-19).

ამის შემდეგ უფალი თავის ერს აღუთქვამს კალიის განადგურებას, რომელმაც მრავალი ბოროტება ჩაიდინა და აუნაზღაურებს მას იმ დანაკლისს კალიამ რომ მიაყენა: "აგინაზღაურებთ იმ წლებს, რომლებიც შეჭამეს კალიამ, კუტკალიამ, ბოცომკალმა და მუხლუხომ - ძალმა ჩემმა, რომელიც გამოვავლინე თქვენდამი" (იოველი 2:25).

ბიბლიის არც ერთ მითითებულ მონაკვეთში ღმრთის ერს კალია არ ეწოდება. ასევე უნდა გვახსოვდეს განსხვავება "ღმრთის ლაშქარსა" და ძალებს შორის, რომლითაც უფალი აწესებს თავისი მართლმსაჯულებისთვის და ასევე, "ღმრთის ერს" შორის, რომელშიც მისი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები და მორწმუნეები იგულისხმებიან.

მაგრამ, "იეღოვას მოწმეები", რომლებმაც თავიანთ გამოცემებში განათავსეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "იოველის 2:11-ში ღმერთი თითქოსდა კალიას "თავის ლაშქარს" უწოდებს, შეეცადნენ მის დამახინჯებას. რა გამოიწვია ამან, თქვენთვის უკვე ცნობილია. მანდილოსანმა, ვინაც კალიასთან დაკავშირებით თავისი მიუკერძოებელი კომენტარი მომაწოდა, ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.

რამოდენიმე დღის შემდეგ ამ თემაზე კვლავ მომიწია სატელეფონო საუბარმა, თუმცა ამჯერად უკვე უფრო გამოცდილ "იეღოველთან", რომელიც, უნდა ითქვას, დროზე მიხვდა "საგუშაგო კოშკის" ამ სტატიას რაღაც რომ სჭირდა...

კითხვაზე, ვისზეა ლაპარაკი წინასწარმეტყველების იმ მუხლებში, სადაც ლაპარაკია კალიაზე, და ვის გულისხმობდნენ აბადონში ("წარმწყმედელში") წმიდა წერილის ხსენებული მუხლების ავტორები, მოსაუბრემ უშფოთველად მიპასუხა: "უფსკრულიდან ამომავალი კალია - ეს ღმრთის ერია, ხოლო უფსკრულის ანგელოზი აბადონი - იესუ ქრისტეა".

ადამიანურად შეიძლება გავიგოთ - მიზანი ამართლებს საშუალებას. სხვა გამოსავალი მას არც ჰქონდა, გარდა ერთისა: ეღიარებინა საკუთარი შეცდომა. მაგრამ განა ასეთები არიან "იეღოვას მოწმენი"? ოკეანის გაღმა მდებარე "ერთგულმა და კეთილგონიერმა მონამ", როგორც უწოდებს საკუთარ თავს "იეღოვას მოწმეთა" მმართველი კორპორაცია ბრუკლინში, ლაფსუსი დაუშვა, რის გამოც ადგილობრივ "იეღოველებს" თავის მართლება და ათასგვარი სისულელეების მოფიქრება უწევთ.

"მეხუთე ანგელოზმა ჩაჰბერა და ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა; გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი... გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ. და მიეცა მათ ნება, კი არ მოეკლათ, არამედ ხუთი თვე ეწამებინათ ისინი (ადამიანები - რედ.); ხოლო წამება მათგან, როგორც წამება მორიელისგან, როდესაც მოწყლავს კაცს. იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი, და ვერ ჰპოვებენ; ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ" (გამოცხ. 9:1-11). წმიდა წერილის ტექსტი სრულიად მკაფიოდ მოწმობს, რომ "კალიის" ჭეშმარიტი მიზანი არის არა ადამიანთა გადარჩენა, არამედ მათი დაზიანება!

"მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ" (გამოცხ. 9:11). უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ანგელოზი არის "უფსკრულისა", რომელშიც ბორტ სულთა სამკვიდრო იგულისხმება. შედეგად, კალიების მეფე უფსკრულის მოციქულია ან თვით სატანაა. წერილი მას აბადონს ("წარმწყმედელს")უწოდებს და სატანაზე მიანიშნებს, რომელიც წარწყმედისა და სიკვდილის გამოხატულებაა. და თუკი უფსკრულის კალიებს სატანა ხელმძღვანელობს, თვით კალია - დემონები, ბოროტი სულები და უფსკრულის ბინადრები ყოფილან. ამის შესახებ ცხადად მეტყველებს წმიდა წერილი: "შიშუელ არს ჯოჯოხეთი წინაშე მისსა და არა არს საფარველ წარსაწყმედელისა (აბადონისა)" (იობი 26:6).

"ჯოჯოხეთი და წარსაწყმედელი (აბადონ) ცხად არიან წინაშე უფლისა, რაოდენ უფროჲს გულნი კაცთანი" (იგავნი 15:11).

"როგორც შავეთი და წარსაწყმედელია (აბადონი) გაუძღომელი, ასე კაცის თვალიც გაუძღომელია" (იგავნი 27:20)

"წარსაწყმედელი (აბადონი) და სიკვდილი ამბობენ: ყური კი მოგვიკრავსო მისთვი" (იობი 28:22).

ზემოთდამოწმებული მუხლებიდან შემაძრწუნებელი კავშირი იკვეთება:

ქვესკნელი > ქვესკნელის ანგელოზი აბადონი ("წარმწყმედელი") > კალია > "იეღოვას მოწმეები".

ამრიგად, ჩემს თხოვნაზე, დაეკონკრეტებინა თუ ვის გულისხმობდნენ აბადონში წმ. წერილის ხსენებული მუხლების ავტორები, "იეღოვას მოწმეები" იძულებულნი არიან გვიპასუხონ, რომ უფსკრულის ანგელოზი აბადონი ("წარმწყმედელი") - იესუ ქრისტეა (!!!).

გამოდის უცნაური "ევოლუცია":

იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა > მიქაელ მთავარანგელოზი > უფსკრულის ანგელოზი აბადონი > წარმწყმედელი ("იეღოვას მოწმეები" იესუ ქრისტეს მთავარანგელოზ მიქაელად მიიჩნევენ და უარყოფენ ქრისტეს ღვთაებრიობას - ავტ.).

როგორ უნდა აზროვნებდე ან რა ლოგიკით უნდა ხელმძღვანელობდე, რათა გააკეთო ისეთი განცხადება, რომლის აზრი მხოლოდ "იეღოვას მოწმეებმა" თუ უწყიან!

როგორი შემაძრწუნებელიც უნდა იყოს, "იეღოვას მოწმეები" საკუთარ ლიტერატურაში საკუთარ თავს "კალიასთან" - ეშმაკის ლაშქართან აიგივებენ, რომელსაც სიკვიდილი და წარწყმედა მოაქვს. ეს ხომ არ არის მიზეზი იმისა, რომ ყოველთვის, როდესაც წერენ სიტყვებს "სატანა" და "ეშმაკი", "იეღოვას მოწმეები" მათ მთავრული ასოებით იწყებენ. ამ გამოკვლევის შემდეგ ეჭვიც კი არ შეიძლება არსებობდეს, რომელი უფსკრულიდან არიან "იეღოვას მოწმეები" და ვის ემსახურებიან.

ბროშურის პირველი გამოცემის შემდეგ ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა წიგნი: "გამოცხადება: მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოვდება!", რომელიც "საგუშაგო კოშკმა" 2002 წელს გამოსცა და სადაც "იეღოვას მოწმეები" კიდევ ერთხელ აღიარებენ თავს უფსკრულიდან ამომავალ კალიად, რომლის მეფე აბადონი, ანუ წარმწყმედელია. ყოველგვარ ეჭვს გარეშე, ამ წიგნში მოთავსებულია ბიბლიურ მუხლთა სრულიად აბსურდული განმარტება, რომელსაც თან ახლავს უფსკრულიდან ამომავალ კალიათა ამაზრზენი დასურათება.

არ არის აუცილებლობა მთლიანად გავაანალიზოთ გზააბნეული ცნობიერების ეს "ქმნილება", ქვემოთმოტანილი, დამამთავრებელი სტროფიც საკმარისად მეტყველია:

"მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ..." (გამოცხ. 9:11). იესუმ, როგორც "უფსკრულის ანგელოზმა" და "წარმწყმედელმა", ქრისტეანულ სამყაროს ჭეშმარიტად წარმწყმედელი ჭირი მოუვლინა" (გვ. 148).

ამგვარი მკრეხელობის დაშვება უფალ იესუ ქრისტეს მიმართ წარმოუდგენელია!

"სიმყრალე", "მატლი", "უფსკრული", "ბოროტება", "ქურდი", "დაზიანება", "აბადონი", "წარმწყმედელი", "კალია", "ჭირი", "უბედურება", "ტანჯვა", "სიკვდილი", - ეს ყოველივე, "იეღოვას მოწმეთა" თქმით, ღმრთის ჭეშმარიტი ერის თვისებებია.

"იეღოვას მოწმეთა" ამგვარ "ღვთისმეტყველებას" ყურადღებას უნდა აქცევდნენ სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციისთვის. ღვთისმოსაობას ამოფარებული, მაგრამ მთელ ქრისტეანულ სამყაროს დაპირისპირებული, აშკარად კაცთმოძულე და რელიგიური ექსტრემიზმის მქადაგებელი "იეღოვას მოწმეები", უკვე აღარც მალავენ თავიანთ დემონურ მისიას.

დღემდე არც ერთ უგუნურ და დესტრუქციულ სექტას არ უწოდებია საკუთარი რელიგიურ მისიისთვის "წარმწყმედელი უბედურება", "ქრისტეანული სამყაროს რელიგიურ ხელმძღვანელობათა სულიერ წამება" და სიამაყით არ განუცხადებია იმ "მტანჯველ ძალაზე", ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა რომ შეუძლია (გვ. 145).

წიგნში "გამოცხადება: მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოვდება!", სადაც "იეღოვას მოწმეები" სიხარულით უწოდებენ საკუთარ თავს "ჭირსა" და "კალიას", დამატებული აქვს კითხვები თვითშემოწმებისთვის:

"როგორი საბრძოლო დავალება მიიღო კალიამ?", "რამდენად დიდი იქნება ადამიანთა ტანჯვა?", "რამდენი ხნით მიეცა უფლება კალიას აწამოს ღმრთის მტრები და რატომ არ შეიძლება ამ ვადას მოკლე ეწოდოს?", "რატომ მიეცა უფლება კალიას მხოლოდ სულიერად ტანჯოს ქრისტეანული მსოფლიოს რელიგიური ხელმძღვანელები, მაგრამ არ მოკლას ისინი?".

უნებურად იბადება ეჭვი: რამდენიმე ხნის შემდეგ ხომ არ მოხდება ისე, რომ "იეღოვას მოწმეთა" რომელიმე ლიდერს მთლად თავს გაუვა და მართლა მისცემს მათ საბრძოლო განკარგულებას მოიკლან ქრისტეანული სამყაროს რელიგიური ლიდერები, და ზიანი მიაყენონ ადამიანებს, - "ღმრთის მტრებს", როგორც ეს "აუმ სენრიკიოს" სექტამ გააკეთა?

ვინ გვაძლევს გარანტიას იმისა, რომ ჯერ კიდევ მშვიდობიან "იეღოვას მოწმეებშიც" იგივე არ განმეორდება?

ნებისმიერი, ცივილიზებული ქვეყნის კანონმდებლობაში არის მუხლები, სადაც ყველა რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც აჩაღებს რელიგიურ შუღლს და ქადაგებს კაცთმოძულეობას, ასევე სასიკვდილო საფრთხეში ჩავარდნილი ადამიანებისადმი შეწევნის უარყოფას ასწავლის... ლიკვიდირებულ (გაუქმებულ) უნდა იქნას.

რაში სჭირდება სახელმწიფოს ტოტალიტარული სექტა, რომელიც თავის ადეპტებს უკრძალავს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰიმნის პატივისცემას, უკრძალავს სახელმწიფო დღესასწაულების ზეიმობას?

რაში სჭირდება სახელმწიფოს ტოტალიტარული სექტა, რომლის "ჭეშმარიტი მთავრობა" ნიუ-იორკის ბრუკლინის რაიონში იმყოფება ("იეღოვას მოწმეთა მმართველი კორპორაციის" შტაბ-ბინა)?

რაში სჭირდება სახელმწიფოს ტოტალიტარული სექტა, რომელიც კრძალავს სამხედრო სამსახურს და მისი საზღვრებისა და მშვიდობის დაცვის უარმყოფელია?

რაში სჭირდება სახელმწიფოს ტოტალიტარული სექტა, რომელიც უარყოფითად ეკიდება ადეპტთა უმაღლეს განათლებას?

რაში სჭირდება სახელმწიფოს ტოტალიტარული სექტა, რომელიც სექტიდან გარიცხვის მუქარით კრძალავს სისხლის გადასხმას იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ადამიანი მომაკვდავია, ხოლო თავისი "მქადაგებლური" საქმიანობით ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანაც კი შეუძლია?

რაში სჭირდება სახელმწიფოს ტოტალიტარული სექტა, რომელიც დიდი სიამაყით აცხადებს, რომ "წარმწყმედელი ჭირია" (?!) და მის ერთ ერთი ძირითად მიზანს სხვა რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების დაზიანება და წამება წარმოადგენს?

გამოაცხადეს რა საკუთარი თავი კალიებად, რომლებიც ქვესკნელიდან ამოდიან და რომელთა მეთაური თვით ამა სოფლის თავადი და ქვესკნელის მეფე აბადონია, "იეღოვას მოწმეები" მთელი მსოფლიოს წინაშე ადასტურებენ რამდენად მაცდურია მათი გარეგნობა.

წყარო: http://eparhia.karelia.ru/ieg.htm
Назад к содержимому