ანტიერეტიკონი ეკლესიის გარეთ არ არსებობს ცხონება 3 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > ანტიერეტიკონი

მღვდელი გეორგი მაქსიმოვი

ეკლესიის გარეთ არ არსებობს ცხონება

სულის ცხონება

შინაარსი


3. მაგრამ მართლმადიდებელი ქრისტიანები მსოფლიოში უმცირესობაში არიან, და თუკი ცხონების შესაძლებლობა მხოლოდ მათ გააჩნიათ, მაშინ ცხონებულნი მცირედნი ყოფილან, წარწყმედილნი კი ბევრნი.

რაც გინდ უცნაური იყოს, ასეთი "არგუმენტი" ხშირად გვესმის, თუმცა ეს კითხვა და მასზე პასუხი უკვე სახარებაშივე გვაქვს მოცემული. "ვიღაცამ უთხრა: უფალო, ნუთუ ცოტანი ცხონდებიან?" (ლუკა 13:23) ხოლო მან პასუხად თქვა: "იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო ბჭით, რადგანაც გეუბნებით: მრავალნი ეცდებიან შესვლას და ვერ შესძლებენ" (ლუკა 13:24).



უფალმა თავიდანვე მოგვინიშნა ის სამწუხარო რეალობა, რომ წარწყმედილთა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ცხონებულთა. ამიტომაც ბრძანა: "შედით ვიწრო ბჭით, ვინაიდან ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც მივყავართ წარსაწყმედლად, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას" (მათე 7:13-14).

განსახილველი ცრუსწავლების მიმდევრები მართალნი რომ ყოფილიყვნენ, მაშინ, პირიქით, უფალი იტყოდა, რომ ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც სიცოცხლისკენ მივყავართ, და მრავალნი ჰპოვებენ მას, ხოლო ვიწროა ბჭე და  ძნელია გზა, რომელსაც წარსაწყმედად მივყავართ, და მცირედნი ჰპოვებენ მას. ისინი მართალნი რომ ყოფილიყვნენ, მაშინ უფალი არ იტყოდა: "მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ" (ლუკა 14:24), და ეკლესიას "მცირე სამწყსოს" (ლუკა 12:32)) არ უწოდებდა.




წმინდა ლუკა (ვოინო-იასენეცკი) ამბობს: "არ არის ხალხი, ვისთვისაც არ ამობრწყინებულიყო ქრისტეს ნათელი. გავიხსენოთ, რომ უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ ცათა სასუფეველი შეადარა ზღვაში ჩაგდებულ ბადეს, რომელმაც ყოველგვარი თევზი მოისათხევლა და როცა გაივსო, ამოიზიდეს ნაპირზე, დასხდნენ და კარგად დაახარისხეს ჭურჭლებში, უვარგისები გადაყარეს. ქრისტეს ბადე მოედო მთელ კაცობრიობას, მაგრამ მის მიერ მოსათხევლებულთაგან ბევრის გადაყრა იქნება საჭირო, როგორც უვარგისისა. და დარჩება მცირე, მაგრამ ქრისტესთვის ძვირფასი სამწყსო".

მაშ, რატომ დარჩა ქრისტეს ბადეში ესოდენ მცირე რაოდენობის სასარგებლო თევზი? იმიტომ, რომ მთელი კაცობრიობა იყოფა ორ ძალიან არათანაბარ ნაწილად: უზარმაზარ ნაწილს შეადგენენ ისინი, ვისაც წმიდა წერილში "მიწის მკვიდრნი" ანუ "მიწაზე მცხოვრები ხალხი" ეწოდებათ. ეს არის ხალხი, რომლისთვისაც ერთადერთი მნიშვნელოვანი ინტერესი მიწიერი ცხოვრების კეთილდღეობას უკავშირდება, ხოლო მარადიული ცხოვრების სიკეთისადმი, რომლისაც მათ მცირედ ან საერთოდ არ სწამთ, გულგრილნი არიან. ის სულიერი განწყობა, რომელსაც ითხოვს უფალი ჩვენი იესუ ქრისტე ნეტარების მცნებებში, არა მარტო უცხოა მათთვის, არამედ ხელსაც კი უშლის მათ მიაღწიონ საკუთარ მიზნებს მიწიერი კეთილდღეობის მოპოვების საქმეში" (Св. Лука (Войно-Ясенецкий) . Беседа от 22 июля 1957 г. / Проповеди. Т.2. Симферополь, 2003. С. 83).

ერთხელ ამ სტროფების ავტორს ინდოეთში ყოფნამ მოუწია, და ერთ-ერთმა იქ მცხოვრებმა მართლმადიდებელმა ქალმა ლაპარაკში უთხრა, რომ არ შეუძლია გაგება, თუ რატომ დარჩა მთელი ინდოეთი, თავისი მილიარდიანი მოსახლეობით, გულგრილი სახარების ქადაგების მიმართ, რომელიც აქ ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან ისმის. მეორე დღეს მის ქმარ-ინდუსთან მომიწია გასაუბრებამ, და როდესაც ლაპარაკი შეეხო იმას, რომ ადამიანისთვის ჭეშმარიტება ყველაზე უზენაესი ღირებულება უნდა იყოს, ჩემმა თანამოსაუბრემ თქვა, რომ მისთვის დედა - ღმერთივითაა, და რომ ნებისმიერ ინდუსს ცხოვრების მთავარი ღირებულების შესახებ რომ ჰკითხო, ის დაასახელებს ორ რამეს: მშობლებსა და რწმენას, მაგრამ თუ არჩევანის წინაშე დააყენებ და ეტყვი: მშობლები თუ რწმენა, ინდუსები ასი პროცენტით მშობლებს აირჩევენ. მე ხელმეორედ ვკითხე მის მეუღლეს, ნამდვილად ასეა თუ არა ეს, და მანაც (ცოლმა) დამიდასტურა ამ სიტყვების ჭეშმარიტება. მაშინ ვუთხარი, რომ სწორედ ამაშია მისი გუშინდელი გაუგებრობის პასუხიც. რადგან უფალი ამბობს: "ვისაც მამა ან დედა ჩემზე ზეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი" (მათე 10:37).

იდეა იმის შესახებ, თითქოსდა ჩვენს ირგვლივ უამრავი კეთილშობილი და ღმრთისმოშიში ადამიანია, რომელიც ქრისტიანი მხოლოდ რაღაც უაზრო "ობიექტური ვითარებების" გამო ვერ ხდება - მხოლოდ ცხოვრებისგან მოწყვეტილი ფანტაზიაა, რომელიც მოხერხებულად ერგება კაბინეტურ მეცნიერებსა და ადამიანებს, რომლებიც უმეტესწილად თანამოაზრეთა წრეში ტრიალებენ. ხოლო უფლის სიტყვების ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ უმეტესობა ირჩევს წარწყმედის გზას, თვით ცხოვრებითვე დასტურდება, და ნებისმიერ მკითხველს თვითონ შეუძლია დარწმუნდეს ამაში ექსპერიმენტული გზით. მაგალითად, გადით ქუჩაში და მიმართეთ გამვლელებს, შესთავაზეთ მათ საუბარი ჭეშმარიტებაზე, ქრისტეზე, და ძნელი არ იქნება იმის დანახვა, ადამიანთა რამდენი პროცენტი გამოეხმაურება თქვენს მიმართვას, რამდენი - ზრდილობიანად, რამდენი კი კადნიერად და სრულიად შეგნებულად დაიწყებს ქრისტიანული რწმენის უარყოფის დეკლარირებას.

ზოგიერთი მართლმადიდებელი მისიონერი, რომელიც პრაქტიკაში ეწევა ქუჩის მისიას, ყველაზე ნაკლებად არის დაქვემდებარებული ზემოთ მითითებულ ცთომილებას, რადგან თვით გამოცდილება აჩვენებს მათ, რომ არა თუ ჭეშმარიტების მოსურნეთა - არამედ საკუთარ ცხონებაში დაინტერესებულ ადამიანთა რაოდენობაც კი ძალიან მცირეა. წმ. გრიგოლ პალამას, - როდესაც ის მრავალ ცოდვილთა და ურწმუნოთა შორის მცირედ ქრისტეანთა ცხონებაზე რომ ლაპარაკობს, - შემთხვევით როდი მოჰყავს ოქროს მომპოვებლის მაგალითი, რომელიც ოქროს მარცვლების ძიებაში მიწის მთებს ამუშავებს და რეცხავს. გარკვეულ პერიოდებში ამა თუ იმ ხალხში საერთოდ ამ ოქროს უმცირესი მარცვლებიც კი არ მოიპოვება - და მაშინ უფალი იქ ოქროს მომპოვებლებს აღარ აგზავნის.


3.1. რატომ შექმნა ღმერთმა ისინი, ვისზეც წინდაწინ უწყოდა რომ ვერ ცხონდებოდნენ?


კითხვაზე მაშ რისთვის არსებობენ ხალხები, რომლებსაც არ სურთ ჭეშმარიტების შეცნობა, ამომწურავ პასუხს გვაძლევს ამბროსი ოპტინელი: "თათარი მოლას ამასწინანდელი ნათლისღება, ლეკი ასანის ქრისტეანობისკენ მოქცევა, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის აბისინიელის შემოერთება და კიდევ რამოდენიმე მსგავსი მაგალითი გვაფიქრებინებს, რომ ღმერთი ამაოდ როდი ინარჩუნებს სხვადასხვა ერებსა და ხალხებს, რომლებსაც სხვადასხვა ცთომილებები აქვთ ერთი, ღვთაებრივი ჭეშმარიტების მიმართ, რადგან, თუმც არც ისე ხშირად, მაგრამ მაინც, თუნდაც იშვიათად, თითქმის ყველა ამ ხალხისგან სხვადასხვა დროს ჭეშმარიტ ქრისტიანობას ადამიანთა მცირედი რაოდენობა უერთდება.




წმიდა იოანე ოქროპირი ერთ ადგილას ბრძანებს: "ერთი ღვთისმოსავი ათას უკეთურს ჯობია". მაშასადამე, უკეთურთა ურიცხვი რაოდენობიდან თუ ერთი მაინც მობრუნდება ღვთისკენ, უფლისთვის ესეც საკმარისია; და ამ ერთადერთი მოქცეულის გამო ის მთელ თაობებს იცავს, რომლისგანაც ის წარმოიშვა. იგივე იოანე ოქროპირი ამ აზრს მრავალტანჯული იობის მაგალითითაც ადასტურებს, რომელიც ღმრთისმოძულე ესავის შთამომავალი იყო... არის სხვა მაგალითებიც. ხოლო თუ რომელიმე ტომი ან მოდგმა იმდენად უკეთური იქნება, რომ მათში ერთი მართალიც კი ვერ აღმოჩნდება, მაშინ, ფსალმუნთმგალობელის თქმით, ეს უკეთური მოდგმა ამოწყდება" (Прп. lt Амвросий Оптинский . Письма мирским лицам, 5. К А. П. Толстому).

ზოგიერთი იმასაც კითხულობს, თუ რატომ შექმნა ღმერთმა საერთოდ ისინი, ვის შესახებაც უწყოდა რომ მას უარყოფდნენ და ჯოჯოხეთში აღმოჩნდებოდნენ. წმიდა მამები ამ კითხვასაც პასუხობენ, კერძოდ, ამ თემას მიუძღვნა ერთ-ერთი თავისი გასაუბრება წმ. გრიგოლ პალამამ. ის უთითებს, რომ თავისუფალ-გონიერ არსებათა შექმნა გულისხმობს იმათ შექმნასაც, ვინც მისთვის ბოძებულ თავისუფლების ნიჭს არასწორად იყენებს, და ამიტომაც, ვინც მსგავს შეკითხვას სვამს, "არსებითად აცხადებს, რომ ღმერთი არ უნდა ქმნიდეს გონიერ არსებას; რადგან რა საჭიროა გონიერება, თუკი მას თავისუფალი ნება და თავისუფალი არჩევანის უფლება არ ექნება? როგორ ისარგებლებდა თავისუფლებითა და თავისუფალი ნებით ვინმე, თუკი ის ცუდ არსებად ყოფნას მოისურვებდა და ამისი შესაძლებლობა არ ექნებოდა? მაშ, თუკი თავისუფალი ნების გარეშე ცუდ არსებად ყოფნაც კი შეუძლებელია, რა თქმა უნდა, ამის გარეშე არც კარგ არსებად ყოფნაა შესაძლებელი" (Свт. Григорий Палама. Беседы (омилии). Ч. 2. М., 1993. Сс. 154-155).

მართლაც, ღმერთს რომ მარტო კეთილი და მისი მადლიერი არსებები შეექმნა, სად და რაში გამოვლინდებოდა თავისუფლება? მათი არსებობა, ვინც მარადიული ჯოჯოხეთის მკვიდრი ხდება, ყველაზე ნათლად ადასტურებს თავისუფლების ღვთიური ნიჭის ჭეშმარიტებას. ეს შეგვახსენებს ჩვენი არჩევანის რეალობასა და სერიოზულობას, ასევე ჩვენს პასუხისმგებლობას ამ არჩევანის გამო.

წმიდა მამა ასევე შენიშნავს, რომ ღმერთს შესაქმის დროს მხოლოდ ისინი რომ შეექმნა, ვინც სიკეთეს მიემხრობოდა და არ შეექმნა ისინი, ვინც ბოროტებას აირჩევდა, მაშინ აღმოჩნდებოდა, რომ არარსებული ქმნილების შესაძლო არჩევანი "შეკრავდა", ანუ შეზღუდავდა შემოქმედის რეალურ მოქმედებას, რაც აბსურდია და ღმრთისთვის შეუფერებელია.

სხვა მამები ამბობდნენ, რომ ღმერთმა ასეთი ადამიანები და სულები თავისი უსაზღვრო სიკეთის გამო შექმნა, რადგან მას არ ენანება სიცოცხლის მიცემა და წყალობის მოფენა მათზეც, ვინც უარყოფს მისდამი რწმენას. სწორედ ამიტომაც შეეძლო ქრისტეს ეთქვა ჩვენთვის: "ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით და სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ; და დიდი იქნება თქვენი საზღაური, და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ" (ლუკა 6:35). ღმერთს მხოლოდ ისინი რომ შეექმნა, ვინც კეთილი და მისი მადლიერია, მაშინ ის ვერ გვეტყოდა: "რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც? ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას სჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც?" (მათე 5:46-47) და ღმერთი ამ მებაჟეთა და წარმართთ დაემსგავსებოდა.




მსჯელობა იმის შესახებ, რომ ღმერთს არ აწყობს და მისთვის პრაქტიკული არ არის მის უარმყოფელთა შექმნა, არის სწორედ "მებაჟეთა და წარმართთა" შეხედულება. ეს არის ფუჭი და ამაო ადამიანური ლოგიკა, მაგრამ უფალი ამბობს: "ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები და ჩემი გზები არ არის თქვენი გზები" (ესაია 55:8). წმიდა გრიგოლ პალამა აჩვენებს, რომ ღმრთისთვის უცხოა "სტატისტიკური" შეხედულება კაცობრიობაზე, როგორც რიცხვზე, როგორც სიმრავლეზე, - ღმრთისთვის მნიშვნელოვანია პიროვნებები, ასე რომ, მაშინაც კი, დედამიწაზე თუნდაც "ერთადერთ კეთილ ადამიანსაც ეარსება", ღმრთის თავალში გამართლებული იქნებოდა მთელი სამყაროსა და კაცობრიობის შექმნა, "რადგან თუნდაც ერთი, რომელიც იქმს ღმრთის ნებას, ბევრად ჯობია ათასობით უსჯულოს. ნუთუ ოქროს მაძიებელზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ მართებს თავიდან უსარგებლო მიწის თხრა ოქროს მარცვლების მოსაპოვებლად? ... ღმერთმა, მისთვის დამახასიათებელი სიკეთითა და მოწყალებით, მათ გამო კი არ დაუშვა კეთილთა ყოფიერებად მოსვლა, ვინც საკუთარი ნებით ირჩევდა ბოროტებას, არამედ, პირიქით, კეთილთა გამო შექმნა ისინიც, ვინც ბორტებაში ისურვებდა ყონფას... ასე რომ ღმრთის სიკეთე და მოწყალება კიდევ უფრო ვლინდება იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მიუხედავად წარწყმედილთა სიმრავლისა, და იმისა, რომ მცირედნი ელტვიან სულის ცხონებას, კაცთა მოდგმა მაინც შექმნა; და... თავისი უსაზღვრო კაცთმოყვარებით, ყველას სასუფეველისკენ მოუწოდა" (Свт. Григорий Палама. Беседы (омилии). Ч. 2. М., 1993. Сс. 156-157).




სწორედ იმავე მიზეზით, ღმერთმა, რომელმაც ანგელოზები და ადამიანები შექმნა და, რომელთა შესახებაც უწყოდა, რომ ნებაყოფლობით უარყოფდნენ მას, აირჩია მოციქულთა შორის იუდა, რომლის შესახებაც იცოდა, რომ გასცემდა.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню