ანტიერეტიკონი - ცთომილთა მრავალრიცხოვნება ცთომილებას ვერ გაამართლებს - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
"ცთომილთა მრავალრიცხოვნება ცთომილებას ვერ გაამართლებს"
წარვნის მოვლინება
მართლმადიდებლებთან პოლემიკაში რომაულ-კათოლიკური ეკლესიის აპოლოგეტები (თანაც - ძალიან ხშირად!) მიმართავენ არგუმენტს, რომელსაც შეიძლება "რაოდენობრივი" ვუწოდოთ. მათი აზრით, მსოფლიოში ლათინური აღმსარებლობის რიცხობრივი უპირატესობა, მათი ფართე გეოგრაფიული გავრცელება და მისიონერული აქტივობა, რომელიც მართლმადიდებლური ქრისტიანობის ნაკლებად ინტენსიურ ქადაგებასთან შედარებით მკაფიო შეფერილობას იძენს, რომის ეკლესიის უდავო უპირატესობას ადასტურებს.
 
ამ არგუმენტისთვის არაერთხელ გვიპასუხია, მაგრამ დღემდე ამას მხოლოდ რაციონალურ ან ემოციურ არგუმენტებზე დაყრდნობით ვაკეთებდით. სავარაუდოდ, უფრო დამაჯერებელი იქნება პასუხი, რომელიც აჩვენებს, რომ "რაოდენობრივი" არგუმენტი, ისევე როგორც ყოველგვარი "სახარებისეული აყვავება" (შეუძლებელია არ დავინახოთ "რაოდენობრივი" არგუმენტის გარკვეული მსგავსება ამ დოქტრინასთან), წმიდა მამათა სწავლების საწინააღმდეგოა.
 
საბედნიეროდ, ჩვენ არ დაგვჭირვებია დამოუკიდებლად შეგვეგროვებინა წმიდა მამათა გამონათქვამები ჩვენთვის საინტერესო ამ თემაზე. ჩვენს ნაცვლად ეს 300 წლის წინ გააკეთა იერუსალიმის ნეტარსახსოვარმა პატრიარქმა დოსითეოს II ნოტარმა ეკლესიის ისტორიისადმი მიძღვნილ თავის სახელგანთქმულ თხზულებაში, როდესაც განმარტავდა რომის პაპ ნიკოლოზ V-ის ეპისტოლეს იმპ. კონსტანტინე XI პალეოლოგისადმი, რომელიც 1451 წლის 11 ოქტომბრით თარიღდება.
 
თავის ეპისტოლეში პ. ნიკოლოზმა გამოიყენა "რაოდენობრივი" არგუმენტი, რათა ეჩვენებინა, თუ რაოდენ მრავალრიცხოვანნი და ძლიერნი არიან ერები, რომლებიც მისდევენ რომაულ აღმსარებლობას და მით ცდილობდა იმპ. კონსტანტინე წაექეზებინა უნიის საქმის წასაწევად. მაგრამ, როგორც სრულიად სამართლიანად შენიშნავს პატრ. დოსითეოსი, "ნიკოლოზის ეს არგტუმენტი წმიდა მამათა სწავლებებიდან გამომდინარე დიდი დაკვირვებით არის განსახილველი და წარმოსაჩენი: სარგებლობდნენ თუ არა ღმერთშემოსილი მამები ამგვარი ან რაიმე მსგავსი არგუმენტით?"
 
 
წიგნი X. თავი XII. პაპ ნიკოლოზის მეორე მკრეხელობის მხილება, თითქოსდა პაპისტების მრავალრიცხოვება ამტკიცებდეს მათ სიმართლეს.
 
"... ესპანეთი თავისი ოთხი სამეფოთურთ - კასტილიით, არაგონით, პორტუგალიითა და ნავარათი; დიდი ბრიტანეთი, ირლანდია და შოტლანდია - დიდი კუნძულები, რომლებიც კონტინენტს მიღმა მდებარეობენ; გერმანია, რომელიც მრავალი ეროვნებითაა დასახლებული და შორეულ ქვეყნებამდე ვრცელდება; დანიელთა სამეფო, ნორვეგია და შვედეთი, რომელიც უკიდურეს ჩრდილოეთშია განლაგებული; პოლონეთი, უნგრეთი და პანონია (ლათ. Pannonia, ბერძნ. Παννονα – "აპოკ." რედ.); გალია, რომელიც გადაჭიმულია ესპანეთსა და გერმანიას შორის დასავლეთის ოკეანიდან ხმელთაშუა ზღვამდე..." (ციტ.: Pastor L. The History of the Popes. L., 1906. Vol. 2. P. 286).
 
§1. პაპ ნიკოლოზის იმპერატორ კონსტანტინესადმი მიწერილი ეპისტოლეს მეორე პუნქტთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ჩვენ განვასხვავებთ დროებას და ეკლესიის სხვადასხვა მდგომარეობას. აღმოსავლეთის ეკლესიის მდგომარეობა ნიკოლოზის დროს არ იყო ახალი და გაუგონარი, არამედ ოდითგანვე ჩვეული. ნიკოლოზი პირმოთნედ იკატუნებს თავს, თითქოსდა არ იცოდეს, რაოდენ დიდია აღმოსავლეთის ეკლესია; თუმცა, აღმოსავლელები თუნდაც არამრავალრიცხოვანნი იყვნენ, ნიკოლოზი მაინც ბოროტად მეტყველებს, რადგან მისი სიტყვები სამართლიანობასაც ეწინააღმდეგებიან და მამებსაც.
 
ამგვარი არგუმენტაციის წინააღმდეგ ავგუსტინე წერდა: "იმ დროს არიანელები ამბობდნენ: "ჩვენ გვეთანხმება მთელი მსოფლიო", მართლმადიდებლები კი პასუხობდნენ, რომ ჭეშმარიტების მტრებთან მეგობრობა ცუდია, თუნდაც ისინი მრავალრიცხოვანნი იყვნენ" (წყარო უცნობია - მთარგმნ. პ. პ.).
 
იგივე ავგუსტინე ბიკენტისადმი მიწერილ წერილში შენიშნავს, რომ ეკლესია ხშირად იმყოფება მათში, ვინც "მცირედია დანარჩენებთან შედარებით", - რადგან მაშინ მცირედნი იყვნენ ჭეშმარიტების დამცველნი, - "და ზოგიერთი მათგანი განიცდიდა დევნულებას, სხვები კი იმალებოდნენ; და ამგვარად, ეკლესია, რომელიც ერებში იზრდებოდა, იმ დროს უფლის ბეღელში იყო დაცული" (Augustinus. Epistula 93.9.31: Vincentio // PL. 33. Col. 337).
 
ხოლო იერონიმე ლუციფერიანელთა წინააღმდეგ დაწერილ დიალოგში წერს, რომ "მთელი სამყარო დამწუხრდა და გაოცდა, როდესაც საკუთარი თავი არიანულად იხილა" (Иероним Стридонский, прп. Разговор против люцефриан // Творения. К., 1880. Ч. 4. С. 81); "იოანე იერუსალიმელის წინააღმდეგ" დაწერილ თხზულებაში კი ამბობს, რომ "იმ დროს მთელ აღმოსავლეთს... დაეუფლა არიანელთა მწვალებლობა" (Иероним Стридонский. Против Иоанна Иерусалимского // Там же. С. 315). … არიანელთა მწვალებლობამ მოიცვა აფრიკა და დასავლეთიც კი; მწვალებლობით მოიწყლა თვით რომის ეპისკოპოსი, რადგან ლიბერიუს რომაელი არიანელებს მიუერთდა და ამ მწვალებლობის სასარგებლოდ წერდა, როგორც ამას მისი ეპისტოლეები წარმოაჩენს და, რომლებიც დღემდე ვატიკანის ბიბლიოთეკაში ინახება" (იხ.: Hilarius Pictaviensis. Opus historicum // PL. 10. Col. 690-691).
 
არიანელობდა ფელიქს II-ც (1), რომელიც ანათემას გადასცეს.
 
_____________________
 
1. ანტიპაპი ფელიქს II; Liber Pontificalis-ში მითითებულია, როგორც კანონიერი პაპი (იხ. Le Liber pontificalis / Text., introd. et comment.: L. Duchesne. P., 1886. Vol. 1. P. 211); თეოდორიტე კვირელის ცნობით, ფელიქსი თვითონ არ არიანელობდა, მაგრამ თანაზიარობაში იყო არიანელებთან: "დიდი ლიბერიუსის შემდეგ ხელდასხმულ იქნა მისი ერთ-ერთი დიაკვანი, სახელად ფელიქსი, რომელიც, ნიკეაში გადმოცემულ სიმბოლოს თუმც დაურღვევლად იცავდა, თავისუფალ ურთიერთობაში შედიოდა განდგომილებთან" (Феодорит Кирский, еп. Церковная история, 2.17. М., 1993 С. 96).
 
_____________________
 
იერონიმესთან პელაგიანელთა წინააღმდეგ დაწერილი მესამე წიგნის ბოლოში მართლმადიდებელი ატიკოსი არიანელ კრიტობულეს ეუბნება: "ვინც გინდ დაგიცვას და ვინც გინდ თქვას შენს უკუღმართულ რწმენაზე, რომ სწორად აზროვნებ, - სირცხვილისგან როდი გაგათავისუფლებს, არამედ სარწმუნოებისგან განდგომით ოდენ საკუთარ თავს შეარცხვენს. მრავალი მომხრე დაიწყებს არა იმის მტკიცებას, რომ მართლმადიდებელი ხარ, არამედ იმას, რომ მწვალებელი ხარ... ამიტომაც ან დაიცავი შენი რწმენა ან დატოვე ის, რისი დაცვა არ ძალგიძს. ვინც გინდ წარმოადგინო შენს დამცველად, უმალ თანამოაზრეს წარმოაჩენ, ვიდრე მფარველს" (Иероним Стридонский, прп. Разговор против пелагиан, 3.17 // Творения. К., 1880. Ч. 5. С. 279).
 
ხოლო იერემიას წინასწარმეტყველების განმარტების მეხუთე წიგნში (იგივე იერონიმე) ბრძანებს: "ჭეშმარიტება შეიძლება შეკრან და დაამწყვდიონ, მაგრამ მას ვერასოდეს დაამარცხებენ; ის სჯერდება თავის მომხრეთა მცირერიცხოვნებას და მტერთა მრავალრიცხოვნებას არ უფრთხის" (Иероним Стридонский, прп. Шесть книг толкований на пророка Иеремию, 5 // Там же. Ч. 6. С. 417). იგივე წმიდა მამა რუფინუსისადმი მიწერილ წერილში, რომელიც იწყება სიტყვებით "ის, რომ შენ რომში დიდხანს იყავი...", ამბობს: "ცთომილთა მრავალრიცხოვნება ცთომილებას ვერ გაამართლებს" (Иероним Стридонский, прп. Письмо 75: К Руфину // К., 1884. Ч. 2. С. 348).
 
 
"ჭეშმარიტება შეიძლება შეკრან და დაამწყვდიონ, მაგრამ მას ვერასოდეს დაამარცხებენ; ის სჯერდება თავის მომხრეთა მცირერიცხოვნებას და მტერთა მრავალრიცხოვნებას არ უფრთხის".
 
 
ასე იქნება ანტიქრისტეს დროსაც, რომელსაც მთელი დედამიწა თაყვანს სცემს, მცირერიცხოვან მართალთა გარდა, რომელთა სახელები ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში, ხოლო საზოგადოებრივი საქმეების წარმოების უფლებას ყველას წაართმევენ, ვისაც კი მხეცის სახელის ან მისი სახელის რიცხვის ნიშანი არ ექნება.
 
 
§ 2. მამათა მტკიცებულებების შესახებ, რომ მართლმადიდებელთათვის მრავალრიცხოვნება არასაკმარისია, თუკი რიცხვი არ მისდევს ჭეშმარიტ სწავლებას, და რომ ერთი მართლმადიდებელი მთელ სამყაროზე უფრო ძლიერია.
 
თავისთავად სიმრავლე საკმარისი არ არის სიმართლისთვის, თუკი ის შერწყმული არ არის ჭეშმარიტ სწავლებასთან. რა თქმა უნდა, არცთუ იშვიათად ჭეშმარიტების შემეცნებისას არ უნდა უგულებელვყოთ მამათა უმრავლესობის აზრი, მაგრამ თუკი წმიდა წერილსა და მამათა სწავლებებში გამობრწყინვებული ჭეშმარიტება ეწინააღმდეგება უმრავლესობის აზრს, უმრავლესობა უნდა დავტოვოთ და უპირატესობა ჭეშმარიტებას მივანიჭოთ, თუნდაც ეს უმრავლესობა მთელ მსოფლიოს მოიცავდეს, მის წინააღმდეგ კი ერთი მართლმადიდებელი დარჩეს. რადგან, როდესაც იმპერატორმა კონსტანტინემ, როგორც თეოდორიტე გადმოგვცემს, პაპ ლიბერიუსს უთხრა: "მხოლოდ შენ ... მსოფლიოსა და მთელი ქვეყნიერების მშვიდობას არღვევ?", მან უპასუხა: "რწმენის სიტყვა არ კნინდება იმისგან, რომ მას მხოლოდ მე ვიცავ. ძველადაც მხოლოდ სამი აღმოჩნდა, ვინც წინ აღუდგა ბრძანებას (ნაბუქოდონოსორისას)" (Феодорит Кирский, еп. Церковная история, 2.16. М., 1993 С. 94).
 
 
"რწმენის სიტყვა არ კნინდება იმისგან, რომ მას მხოლოდ მე ვიცავ".
 
 
§ 3. ავგუსტინეს მოწმობა პაპ ნიკოლოზის ხსენებული არგუმენტის წინააღმდეგ.
 
ავგუსტინე თავისი წიგნის "მანიქეველთა ეპისტოლეს წინააღმდეგ, რომელსაც ეწოდება ძირითადი" მეოთხე თავში, მრავალი მიზეზების ჩამოთვლის შემდეგ, რომლებიც განამტკიცებდნენ მის ერთობას საყოველთაო ეკლესიასთან, და რომელთა შორისაც ის ახსენებს ერთა და ტომთა თანხმობას და მღვდლმსახურთა მემკვიდრეობითობასაც, სიტყვას მანიქველთა წინააღმდეგ წარმართავს და ამბობს: "თქვენ არ გაქვთ რაიმე ისეთი, რაც მიმიზიდავდა და დამაკავებდა; თქვენ მხოლოდ ერთს, - ჭეშმარიტებას გვპირდებით. მაგრამ თუკი ის იმდენად მკაფიოდ იქნება დამტკიცებული, რომ ეჭვიც არ იარსებებს, ის უნდა ვამჯობინოთ ყველაფერს, რაც კი საყოველთაო ეკლესიაში მაჩერებს. მაგრამ, თუკი თქვენ მხოლოდ გვპირდებით და დანაპირებს არ ასრულებთ, მაშინ ვერავინ შემარყევს იმ რწმენაში, რომელმაც ჩემი გული და გონება ესოდენ მრავალი საკვრელებით მიაჯაჭვა ქრისტიანულ სათნოებებს" (Augustinus. Contra epistolam Manichaei quam vocant fundamenti liber unus, 4 // PL. 42. Col. 175).
 
 
§ 4. ბიკენტი ლირინელის მოწმობა პაპ ნიკოლოზის ხსენებული არგუმენტის წინააღმდეგ.
 
ბიკენტი ლირინელი თავის დარიგებებში სიახლეთა წინააღმდეგ, მე-3 თავში წერს, რომ მართლმადიდებლურია ის "რისიც სწამდა ყველას, ყველგან და ყოველთვის", მაგრამ "საყოველთაოობა ერთსულოვნად უნდა ერწყმოდეს სიძველეს; თავისთავად სიმრავლეს არანაირი ძალა არ გააჩნია - ვგულისხმობ იმათ მრავალრიცხოვნებას, ვინც სიახლეებს მისდევს" (2).
 
_________________
 
2. "რა უნდა ქნას მართლმადიდებელმა ქრისტიანმა... თუკი კვლავ აღმოცენებული გადამდები სენი ხელს აღმართავს უკვე არა მარტო ეკლესიის ნაწილზე, არამედ მთელ ეკლესიაზე? - მაშინ მან უნდა იზრუნოს სიძველის დაცვაზე, რომელსაც სიახლის ვერანაირი მზაკვრობა ვერ აცთუნებს" (Vincentius Lerinensis. Communitorium, 2 // PL. 50. Col. 640-641).
 
_________________
 
 
§ 6. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის მოწმობა მისი ეპისტოლიდან მიწერილი 150 ეპისკოპოსისადმი, პაპ ნიკოლოზის ხსენებული არგუმენტის წინააღმდეგ.
 
გრიგოლ ღვთისმეტყველი 150 ეპისკოპოსისადმი მიწერილ ეპისტოლეში ბრძანებს: "რწმენა ღია ცის ქვეშ ბევრად ჯობს საუცხოო უკეთურებას, და უფლის სახელით შეკრებილი სამი კაციც კი ღმრთის წინაშე უმეტესი რაოდენობაა, ვიდრე ღვთაებრიობის უარმყოფელთა სიმრავლე. ნუთუ ქანანეველთ, რამდენიც გინდ იყვნენ, ერთ აბრაამს ამჯობინებ, ან სოდომელებს - ერთ ლოტს, ან მიდიამელებს, ამ ჩამოსულებსა და მოხეტიალეებს - მოსეს? მაშ, ვის ამჯობინებ? სამას კაცს, რომლებიც გედეონთან გაბედულად სვლეპდნენ წყალს, თუ ათასობით გაქცეულს (მსაჯ. 7:7, 21)? აბრაამის სახლეულებს, - რომლებიც გედეონის მეომრებზე ოდნავ მეტნი იყვნენ, - თუ მეფეთა და ჯარისკაცთა უთვალავ სიმრავლეს, რომლებიც, სიმრავლისდა მიუხედავად მცირერიცხოვნებმა გააქციეს? ან როგორ გესმის სიტყვები: "ისრაელის ძეთა რიცხვი იმდენიც რომ იყოს, რამდენიც ქვიშაა ზღვაში, მხოლოდ ნაშთი თუ ცხონდება" (რომ. 9:27); ან კიდევ: "მე დავიტოვე შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოუყრიათ ბაალის წინაშე" (რომ. 11:4). არა, "მათი უმრავლესობა როდი ესათნოვა ღმერთს" (1 კორინთ. 10:5). შენ ითვლი ათეულობით ათასს, ღმერთი კი - ცხონებულებს, შენ უთვალავ მტვერს, მე კი - "რჩეულ ჭურჭლებს" (საქმე 9:15). რადგან ღმერთისთვის არაფერია იმაზე სათნო, ვიდრე განწმენდილი სიტყვა და ჭეშმარიტებით სრულყოფილი სული" (Григорий Богослов, свт. Слово 42.7-8: Прощальное, произнесенное во время прибытия в Константинополь ста пятидесяти епископов // Творения. М., 2007. Т. 1. С. 499-500).
 
 
"შენ ითვლი ათასებს, ღმერთი კი - ცონებულებს".
 
 
§ 7. მსგავსი მოწმობები დიდი ათანასესგან პაპ ნიკოლოზის ხსენებული არგუმენტის წინააღმდეგ.
 
ათანასე დიდი სხვადასხვა ჯურის არიანელთა წინააღმდეგ დაწერილი თხზულების მე-4 თავში წერს: "ერთი ღმრთი გულის მომგები უმეტესი პატივის ღირსია, ვიდრე ათასობით თავმომწონე. ძველ აღთქმაშიც ვპოულობთ ამის დასტურს, - როდესაც ათასობით ადამიანი დაეცა ღმრთითმოვლენილი სასჯელისგან, მხოლოდ "ფინესმა მოალბო მისი გული"... შენ თუ გნებავს უპირატესობა მიანიჭე ჩაძირულ კაცობრიობას, მე კი ნება დამრთე ნოეს კიდობანში შევიდე; თუ გნებავს მიუერთდი სოდომელთა უმრავლესობას, მე კი ნება მომეც სოდომიდან ლოტთან ერთად გამოვიდე... თუმცა, ჩემთვის სიმრავლეც პატივსაცემია, თუკი ის არ ხარობს სიახლეთა გამო, არამედ მამათა მემკვიდრეობას იცავს... როდესაც სიცრუეს უჭერ მხარს უმრავლესობასთან ერთად, ამით ბოროტების მეტისმეტობას აჩვენებ. რაც უფრო მეტი ადამიანი მკვიდრობს ბოროტებაში, მით უმეტესი იქნება უბედურება" (Феодор Студит, прп. Письмо 48: К Афанасию, сыну // Творения. СПб., 1867. Ч. 1. С. 287-288).
 
 
§ 8. წმ. იოანე ოქროპირის მოწმობა პაპ ნიკოლოზის "უმრავლესობის" წინააღმდეგ.
 
ოქროპირი: "მითხარი, რა სარგებლობა მოაქვს სიმრავლეს, თუკი ის უკეთურობაში ცხოვრობს?" და კიდევ: "თუკი ქალაქის მოედანზე იხილავ, თუმც მცირერიცხოვან, მაგრამ მოკრძალებულ კაცებს, თავშეკავებულთა და დარბაისელთ, ამგვარ ქალაქს ნეტარი უწოდე. მცირერიცხოვნება სულაც არ ავნებს მას, როდესაც მასში სათნოება სუფევს, ისევე როგორც მრავალრიცხოვნება ვერ მოუტანს სარგებლობას, თუკი მასში მანკიერება დაიმკვიდრებს". "ისრაელის ძეთა რიცხვი იმდენიც რომ იყოს, რამდენიც ქვიშაა ზღვაში, მხოლოდ ნაშთი თუ ცხონდება" (რომ. 9:27; ისაია 10:22), - ანუ, მრავალრიცხოვნებით ჩემს გულს ვერ მოიგებთო, უფალი ბრძანებს" (Иоанн Златоуст, свт. Беседы о статуях, 17.2: На начальников, Еллевиха вождя и Кесария магистра, посланных императором Феодосием для расследования о виновных в низвержении статуй // Творения. СПб., 1896. Т. 2. Кн. 1. С. 196-197).

ამრიგად, რაკიღა ლათინები თანხმობაში არ არიან კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის სისავსესთან, რადგან ისინი ათიათასჯერ განსჯილნი და განკვეთილნი არიან, როგორც სიახლის მოქმედნი და გაუცხოებულნი, თავიანთი სიმრავლე მათ ვერას არგებს, თუნდაც ზღვის ქვიშის მარცვლებზე მეტიც იყონ. რადგან სწორედ ამ უგუნურმა თავმომწონეობამ გამოიწვია ის, რომ მრავალი მეფე და მმართველი, და საერთოდ, პაპისტთა უმრავლესობა, რომლითაც ასე იქებდა თავს ნიკოლოზი, გადაიქცა კალვინისტად, ლუთერანად და სხვადასხვა სახეობის მწვალებლად, რომელთა რიცხვი აღურაცხელია და ყველა მათგანი უშიშრად ეწინააღმდეგება პაპიზმს.

"თუკი ჭეშმარიტება ეწინააღმდეგება უმრავლესობის აზრს, უმრავლესობა უნდა დავტოვოთ და უპირატესობა ჭეშმარიტებას მივანიჭოთ, თუნდაც ეს უმრავლესობა მთელ მსოფლიოს მოიცავდეს, მის წინააღმდეგ კი ერთი მართლმადიდებელი დარჩეს".
 

წყარო: Δοσιθέου Πατριάρχου εροσολύμων στορία περ τν ν εροσολύμοις Πατριαρχευσάντων, λλως καλουμένη Δωδεκάβιβλος Δοσιθέου, 10.12.1-4, 6-9. Θεσσαλονίκη, 1983. Τ. 5. Σ. 201-207. // pravblog.ru

საიტი "აპოკალიფსისი". 5 მარტი. 2021 წ.
Назад к содержимому