ანტიქრისტე - უღმრთოება და ანტიქრისტე - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ანტიქრისტე

პროფ. ალექსანდრე დიმიტრის ძე ბელიაევი

უღმრთოება და ანტიქრისტე

(ქვეყნდება მნიშვნელოვანი შემოკლებით)

უღმრთოება და ანტიქრისტე

პროფ. ალექსანდრე დიმიტრის ძე ბელიაევის (1849 - 1919) ნაშრომი "უღმრთოება და ანტიქრისტე" (დედანში ამ ნაშრომს ეწოდება: "О безбожии и антихристе") - წარმოადგენს მის ენციკლოპედიურ ნაშრომს, რომელშიც შეკრებილია და განმარტებულია ყოველივე, რაც კი დაწერილა და თქმულა ანტიქრისტეს, მისი მოსვლის ნიშნებისა და დროების შესახებ, დაწყებული მოციქულთა დროიდან ვიდრე მართლმადიდებელ, კათოლიკე და პროტესტანტ ღვთისმეტყველებამდე. მართლმადიდებლობის თვალსაზრისი ბელიაევმა მეცნიერულად დაასაბუთა და სცადა მსოფლიოში "უღმრთოების" გამოვლენის, მისი სახეობებისა და ნიშნების განხილვა და გაანალიზება.

პროფ. ა. დ. ბელიაევის ხსენებული ნაშრომი შედგება ორი ნაწილისგან. ჩვენ მიზნად არ ვისახავთ მთლიანი წიგნის თარგმნას, რადგან ის საკმაოდ ვრცელია. ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ შემოკლებით, მაგრამ აზრის დანაკარგის გარეშე გვეთარგმნა მხოლოდ ზოგიერთი თავი ამ ნაშრომიდან, კერძოდ მართლმადიდებელ მამათა და ღვთისმეტყველთა განმარტებები, ხოლო ლათინ (კათოლიკე) და პროტესტანტ ღვთისმეტყველთა შეხედულებები
უთარგმნელად დავტოვეთ.

შინაარსი:

შესავალი

უღმრთოება, მისი სახეობები, ნიშნები და წარმომადგენლები

ღმრთისგან განდგომა ბოლო ჟამს


ანტიქრისტეს გამოჩენამდე ღმრთისადმი რწმენისგან განდგომის ორი პერიოდი

ანტიქრისტეს წარმომავლობა


წმიდა ადგილ
ის გაპარტახების სისაძაგლე

წმიდა ადგილის გაპარტახების სისაძაგლე და დანიელის შვიდეულები


წმიდა ადგილის გაპარტახების სისაძაგლე და დანიელის შვიდეულები 2


წმიდა ადგილის გაპარტახების სისაძაგლე და დანიელის შვიდეულები 3


წმიდა ადგილის გაპარტახების სისაძაგლე და დანიელის შვიდეულები 4


რამდენი ხნით გაგრძელდება ანტიქრისტეს მეფობა?


როდის
გამეფდება ანტიქრისტე?

ეკლესიისა და მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა სწავლება ანტიქრისტეს მოსვლის დროისა და ნიშნების შესახებ


ანტიქრისტეს მოსვლის დროისა და ნიშნების შესახებ არასწორ შეხედულებათა წარმომავლობის მიზეზები და პირობები

ანტიქრისტეს მოსვლის დროსა და ნიშნებზე არსებული საერთო შეხედულებების მიმოხილვა

დასკვნა

შესავალი

შეუძლებელია უარყოფა იმისა, რომ ადამიანებისა და ხალხების ცხოვრებაში არსებობენ ნათელი და ბედნიერი, ასევე ბნელი და პირქუში დროებანი; არის აღზევებისა და გაფურჩქვნის ჟამი, მაგრამ დგება მათი დაცემის ჟამიც. დაუშვებელია არ ვიფიქროთ იმაზე, რომ ბედნიერების სიჭარბეს შეუძლია არანაკლები უბედურება მოუტანოს ხალხებს, ვიდრე მისმა უკმარობამ. ბედნიერებაში ადამიანი თავდავიწყებას ეძლევა და ბოროტად იყენებს მისდამი წილხვედრილ სიკეთეს. იგივე ხდება ხალხთა ცხოვრებაშიც. მაშინ, როდესაც, პირიქით, უბედურება ასწორებს ადამიანებსა და ხალხებს. ისტორია ამის დამადასტურებელ უამრავ მაგალითს გვაძლევს.



ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების დროს რომის იმპერია გავსებული იყო წუთისოფლის სიკეთეებითა და სიამეებით; მან დაიპყრო იმდროინდელი სამყაროს ყველა სამეფო და გაბატონდა მსოფლიოზე; რომის ძლევამოსილება დაუმარცხებელი იყო; მისკენ მიედინებოდა ქვეყნიერების ყოველი საგანძური; მასში იფურჩქნებოდა მეცნიერება და ხელოვნება; მასში დუღდა და გადმოდუღდა სიცოცხლე. მაგრამ კარგია მხოლოდ ის, რაც კარგად მთავრდება. რომის იმპერიის არსებობა კი საკმაოდ სავალალოდ დასრულდა. რომაელები ამქვეყნიური სიკეთეების ოკეანეში ცურავდნენ, მაგრამ საბოლოოდ მიეცნენ სამარცხვინო ვნებებს და ბილწ საქმეებში ჩაიძირნენ... მალე რომის იმპერია დაიღუპა.




ბედნიერებისკენ, ისევე როგორც სრულყოფილებისკენ სწრაფვა, ადამიანის ბუნებაშივეა ჩანერგილი, ამიტომაც ყველა ადამიანს სურს იგი და ელტვის მის მიღწევას. მაგრამ ჭეშმარიტი ბედნიერებისკენ ყოველი როდი მიდის, და ადამიანთა კიდევ უფრო ნაკლები რაოდენობა ახერხებს მის მიღწევას. ამას მრავალი მიზეზი აქვს. უმეტესწილად ადამიანებმა არ იციან ან ცუდად იციან, თუ რაში მდგომარეობს ნამდვილი ბედნიერება.ზოგჯერ ბედნიერებად მის აჩრდილს მიიჩნევენ, მისდევენ მას და, რა თქმა უნდა, ვერ აღწევენ. სხვა ადამიანებს გარკვეული წარმოდგენა აქვთ ნამდვილ ბედნიერებაზე, მაგრამ არ ძალუძთ წინ აღუდგნენ გრძნობისმიერ სურვილებს, არ ძალუძთ დაამარცხონ თავიანთი გულისთქმები და, გონიერებისა და შეგნების საწინააღმდეგოდ, უმაღლეს სიკეთეთ მდაბიო სიკეთეებს ამჯობინებენ და ფუჭ, ქვენა, მდაბიურ, ამაზრზენ და წარმწყმედელ სიამეებს ეძლევიან, რის შემდეგაც ხდებიან უბედურდებიან და იღუპებიან.

ადამიანები თავიანთი შურით, მტრობით, სიხარბით, მედიდურობით, თავმოყვარეობით, ძალაუფლებისმოყვარეობით, ამპარტავნებითა და მეტოქეობით მუდმივად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს ბედნიერების მიღწევაში, ასევე ძირს უთხრიან წარმატებულ ადამიანებს. ზოგჯერ ადამიანს თავიანთივე საყვარელი ადამიანები აწევენ უფრო მეტ ტანჯვასა და განსაცდელს, ვიდრე მათი მოძულენი და კაცს "მტრებად ექცევიან მისივე სახლეულნი" (შეად. მათე 10:36).

გარეგანი ბუნება, ისტორიული მოვლენები, ვითარებათა დამთხვევა, ქვეცნობიერად, მაგრამ სრულიად სასტიკად ანგრევს როგორც ცალკეული პიროვნებების, ასევე მთელი ერების ან კიდევ ადამიანთა უზარმაზარი მასების ბედნიერებას. მაგრამ, რაც მთავარია, ადამიანები თავიანთი დაუდევრობისა და თავდაჯერებულობის, მცირედმორწმუნეობისა თუ ურწმუნოების გამო არ მოუწოდებენ ღმრთის შეწევნას თავიანთ შრომაზე და ათასგვარი შეცოდებებით ღმრთის მადლს განიშორებენ.

ვინმე თუ ბედნიერებას აღწევს, თითქმის ყოველთვის განსაცდელებისა და გამოცდების გზით. გვირგვინი მხოლოდ ღვაწლისთვის ეძლევა ადამიანს; მაგრამ შესაძლებელია განა ღვაწლის ტვირთვა განსაცდელების, ზოგჯერ კი უმძიმესი განსაცდელების გარეშე? და, ვინ იცის, შესაძლოა სწორედ იმ ბედნიერმა ადამიანმა ან იმ ბედნიერმა ერმა შეიძლება თქვას ფსალმუნთმგალობელთან ერთად: "კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე, რათა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი" (ფსალმ. 118:71). მძაფრი და მწარეა უბედურების მარილი, და ღმერთმა ნუ ქნას განიცადოს ის ვინმემ იმაზე მეტად, რამდენის ატანაც ძალუძს - ზედმეტი უბედურება აუძლურებს გულს, ასასტიკებს და აბოროტებს ადამიანს, თრგუნავს მის ენერგიას და აპათიაში ძირავს, ან მიყავს იგი უიმედობამდე და დამღუპველ სასოწარკვეთამდე. მაგრამ, სამაგიეროდ ის იცავს ადამიანის სხეულს არასაჭირო გაფუფუნებისგან, სულს ზნეობრივი გარყვნისგან, გამოდევნის არასერიოზულობას და ვნებიან მიდრეკილებებს, აქრობს ვნებებს, აკაჟებს ხასიათს, ამტკიცებს და ზრდის ღმრთისადმი რწმენას, ზოგჯერ კი სრულიადაც გარდაქმნის ადამიანს. არასოდეს ისე თბილად და ალერსიანად არ ბრწყინავს მზე, არასოდეს მისი სხივების ნათება არ გვეჩვენება ისე მკაფიოდ და მხიარულად, როგორც ავდრისა და ჭექა-ქუხილის შემდეგ.

თუკი ძნელია იმისი ცოდნა, რაოდენ ბედნიერია ესა თუ ის ადამიანი, რაოდენ ძნელი უნდა იყოს იმისი განსაზღვრა, რომელი ეპოქა უკეთესია და რომელი უარესი. თუმცა, თავისთავად გასაგებია, რომ რომელიმე ეპოქის ღირსებაზე ადამიანებს ძალიან უჭირთ სწორი, მიუკერძოებელი, ობიექტური და ყოვლისმომცველი შეხედულების შექმნა.

სრული წარმოდგენა რომ გვქონდეს ცნობილი ეპოქის აზროვნების მიმართულების მთავარ მნიშვნელობასა და ხასიათზე, ამავე პერიოდის გონებრივ განვითარებაზე, განათლების ხარისხზე, მეცნიერებათა მდგომარეობაზე, რელიგიურ მიმართულებათა ღირსებაზე, რელიგიური და ზნეობრივი ცნობიერების სიწმიდეზე, რელიგიურობისა და ზნეობრიობის დონეზე, ეპოქის კეთილდღეობაზე და, ასევე სწორად შევაფასოთ იგი სხვა ეპოქებთან შედარებით, საჭიროა გაგვაჩნდეს უღრმესი და, მეტიც, გენიალური გონება, უვრცელესი შემეცნება თანამედროვე ცხოვრებაზე და მსოფლიო ისტორიაზე, გვქონდეს ცხოვრებისეული გამოცდილება, სიყვარულით აღვსილი გული, ჭეშმარიტი რელიგიურობა და ჭეშმარიტი ზნეობრიობა. ამაზე უფრო ძნელია წინასწარ განსაზღვრო განცდილი ეპოქის მნიშვნელობა მომდევნო თაობებისთვის.

ეპოქის ჭეშმარიტი შეფასება, რომელიც მიუწვდომელია ცალკეული ადამიანის გულისა და გონებისათვის, დიდი წარმატებით მიიღწევა მრავალი ადამიანის ერთობლივი ძალისხმევით. ამ ძალისხმევათა შედეგები წარმოადგენენ მეცნიერებას, ამიტომაც ეპოქათა შედარებითი ღირსების დასადგენად ჩვენ უნდა მივმართოთ მეცნიერების მსჯავრს, ასევე ისტორიულ გამოცდილებას და კაცთა მოდგმის წარსულის ძეგლთა მოწმობებს.

მაგრამ, მეცნიერების ხმაც და ისტორიული ძეგლებიც, ასევე კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი ცხოვრებისეული გამოცდილება მაინც ადამიანური მოწმობებია და, შედეგად, მოკლებულია აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, ანუ მეტ-ნაკლებად მცდარია. ამიტომაც ის უნდა გაირკვეს, შემოწმდეს და შეივსოს უდავოდ უეჭველი და ჭეშმარიტი მოწმობებით; ასეთი მოწმობები კი მოცემულია წმიდა წერილში.


როდესაც ვაფასებთ მეცნიერთა შეხედულებას კაცობრიობის წინსვლის შესახებ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მათი ევოლუციონისტური თეორიები სიცოცხლის წარმოშობასა და სახეობათა განვითარებაზე არასწორია, ხოლო სხვა მეცნიერთა აზრი საკუთრივ კაცობრიობის განვითარებაზე ასევე ცალმხრივი და გადაჭარბებულია. არ არის დამტკიცებულია და სიცრუეა, თითქოსდა ადამიანი წარმოიშვა ცხოველთაგან, რადგან ადამიანის გარკვეული მსგავსება ცხოველებთან ჯერ კიდევ არ მოწმობს პირველის წარმოშობას მეორეთაგან.

არ არის დამტკიცებული პირველი ადამიანის ველურ მდგომარეობაში ყოფნაც. არსებობს საფუძვლები იმისა, დღევანდელი ველური ხალხები ვაღიაროთ გაველურებულ და არა თავიდანვე ველურად მცხოვრებ ტომებად. პირველი ადამიანი იმყოფებოდა პატრიარქალური უბრალოებისა და უბიწოების, და არა პირუტყვული სიმხეცის მდგომარეობაში. პირველყოფილი ადამიანი, ცოდვით დაცემის შედეგად, უკეთესი მდგომარეობიდან უარეს მდგომარეობამდე გადმოვიდა. ამას მოწმობს როგორც საღმრთო გამოცხადება, ასევე სხვადასხვა ხალხების ხელოვნება. ერების ცნობიერებას შემორჩა ადამიანების მიერ დაკარგული ოქროს ეპოქის მოგონება, რომელიც ბრინჯაოს ეპოქამ შეცვალა, შემდეგ კი რკინის ეპოქამ. ამგვარად, ერების უძველესი გადმოცემები პირველყოფილი ადამიანის პროგრესზე კი არ მოწმობენ, არამედ რეგრესზე. სხვა მკაფიო მოწმობების არარსებობის შემთხვევაშიც კი დაუშვებელია არ ვენდოთ ამ გადმოცემებს, მითუმეტეს, რომ ველური ხალხების ენათა მნიშვნელოვანი სიმდიდრე აჩვენებს, რომ ისინი ადრე განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე იდგნენ მათ დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებით.

ხალხური გადმოცემები და ენათმეცნიერების მონაცემები წმიდა წერილის პირდაპირი მოწმობებით დასტურდება. დაბადების წიგნი, მსოფლიოში ეს ყველაზე უძველესი წერილობითი თხზულება, ადასტურებს, რომ პირველი ადამიანები სწორედ ღმერთმა შექმნა, ისინი უბიწონი და სხვადასხვა ნიჭებით დაჯილდოვებულნი იყვნენ, ცხოვრობდნენ სამოთხეში და არ კვდებოდნენ; მაგრამ ცოდვით დაცემის შემდეგ, რომელიც მათი ბუნებისა და შთამომავლობის მუდმივი თვისება გახდა, განდევნილ იქნენ სამოთხიდან, ხოლო მათი სხეული ხრწნადობასა და სიკვდილს დაექვემდებარა; გაუარესდა მათი დამოკიდებულება ღმერთთან და ერთმანეთთან.

მიუხედავად ადამიანის ცოდვით დაცემისა და სამოთხიდან მისი განდევნისა, ეს ჯერ კიდევ არ იყო კაცობრიობის ყველაზე უდაბლესი დაცემა. პირველწინაპართა ცოდვის დაცემის შემდეგ პირველყოფილ ადამიანთა სხეული ჯერაც იმდენად მტკიცე იყო, რომ ისინი ასობით და ათასზე მეტი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. ზუსტად ასევე, თანდათანობით იზრდებოდა სულის გახრწნა და საუკუნეთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა და ვრცელდებოდა კაცთა მოდგმაში. მცირდებოდა ადამიანთა სათნოება, ხოლო ბოროტება მრავლდებოდა. ღრმავდებოდა და ფართოვდებოდა ცოდვის ნაკადი, რომელმაც ბოლოს მთელი კაცობრიობა დანთქა. კაცთა მოდგმა იმდენად წახდა ცოდვისგან, იმდენად ღრმად დაზიანდა კაცთა ბუნება, რომ ის უკვე გამოუსწორებელი, უკურნებელი გახდა, ამიტომაც დადგა საჭიროება წარღვნის წყლებით წარწყმედილიყო დედამიწაზე მცხოვრები და ცოდვებში ჩაფლული ყველა ადამიანი.




მაგრამ დაბადების წიგნიდანვე ჩანს, რომ დაცემის გარდა იყო კაცობრიობის წინსვლაც. ის შეიმჩნევა იმაში, რომ გარყვნილ კაცობრიობაში მაინც რჩებოდნენ წმიდა ადამიანები, როგორიც იყვნენ ნოე და მისი ჯალაბობა, რომლებიც არა მარტო თვითონ იყვნენ სათნო ადამიანები, არამედ იმდენად გაბედულნიც, რომ ამხელდნენ თავიანთ თანამედროვეებს და გამოსწორებისკენ მოუწოდებდნენ მათ.

გარდა ამისა, ადამიანები აფართოვებდნენ თავიანთ შემეცნებას, წვდებოდნენ ბუნების საიდუმლოებებს და აუმჯობესებდნენ თავიანთ ყოფა-ცხოვრებას. ადამიანმა გამოიგონა მუსიკალური ინსტრუმენტები, აღმოაჩინა სპილენძისა და რკინის დამუშავების ტექნოლოგია. ქვის, ძვლისა და ხის იარაღები სპილენძის, ბრინჯაოსა და რკინის იარაღებით შეცვალა. ეს უდიადესი აღმოჩენა გახლდათ.

დაბადების წიგნის მოწმობა იმაზე, რომ პირველყოფილი კაცობრიობა გამოგონებებისა და ცხოვრების გარეგანი მოწყობის თვალსაზრისით წინ მიიწევდა, თანამედროვე მეცნიერების მიერაც სრულიად დასტურდება. გათხრებმა და აღმოჩენებმა, რომლებსაც მეცნიერები ამ ბოლო ასი წლის განმავლობაში აწარმოებენ, აჩვენა, რომ ერები და ხალხები თავიდანვე აკეთებდნენ და იყენებდნენ ხისგან და ძვლებისგან დამზადებულ ჯამ-ჭურჭელსა და იარაღს.

წარღვნის შემდეგაც კაცობრიობის წინსვლა და უკუსვლა ერთობლივად წარმოებდა. ეს დასტურდება მსოფლიო ისტორიის იმ გრანდიოზული მოვლენით, რომელზეც დაბადების წიგნი გვიყვება და რომელსაც ბაბილონის აღრევა ეწოდება.



ეს იყო დიადი და კადნიერი ჩანაფიქრი! იმ დროს სამშენებლო ხელოვნება საკმაოდ განვითარებული ყოფილა, თუკი ადამიანებმა განიზრახეს და დაიწყეს ამ ჩანაფიქრის განხორციელება! დიდი იყო მშენებელთა ენერგია! ერთი მხრივ ფიქრობ, ხომ შეიძლება ესენი არა ჩვეულებრივი, არამედ ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოვებული და გიგანტური ზომის ადამიანები ყოფილიყვნენ. თუ გავიხსენებთ ხეოფსის პირამიდას, დიდ სფინქსს, აღმოსავლეთის ოკეანიის ზოგიერთ კუნძულზე არსებული უზარმაზარი ნაგებობების ნანგრევებს, ასევე, თუ გავიხსენებთ, რომ იმ დროს მანქანები არ არსებობდა, შეუძლებელია არ გაგიკვირდეს ძველი ადამიანების სამშენებლო ხელოვნება. მეორე მხრივ, - რამდენად ბავშვური და მიამიტურნი უნდა ყოფილიყვნენ იმდროინდელი ადამიანები, რომ ცამდე გოდოლის (კოშკის) აშენება განეზრახათ! ასევე რამდენად დემონურად ამაყნი და კადნიერნი უნდა ყოფილიყვნენ ისინი, რათა მოესურვათ ამგვარი, ყოველგვარ წარმოდგენას და შესაძლებლობას აღმატებული კონსტრუქციის აშენება! ხომ არ იყო გოდოლის მშენებელთა ჩანაფიქრში ღმერთთან გატოლების ოცნება, რომელიც მოგვიანებით იმავე ბაბილონის ერთ-ერთმა ამაყმა და სახელგანთქმულმა მბრძანებელმა რომ იზრახა: "ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო!" (ესაია 14:13-14)? და როგორც იმავე ამაყ და სასტიკ დამპყრობელზე ითქვა: "მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში" (ესაია 14:15). ზუსტად ასევე, ბაბილონის გოდოლიც, დაუმთავრებელი და დანგრეული ნაგვის გროვად იქცა.




ადამიანთა ეს უჩვეულო განზრახვა ხომ არ არის მთელი კაცობრიობის პროგრესის გამოხატულება? კადნიერი ჩანაფიქრი, საკვირველი - თავისი გამომგონებლობით და ხელოვნებით, ძლიერი - ბუნებაზე აღმატებული ძალით, გასაოცარი - უამრავი მუშახელის მრავალსაუკუნოვანი და დაუღალავი შრომით, მაგრამ იმგვარი განზრახვა, ყველგან და ყოველთვის ნგრევითა და გაპარტახებით რომ მთავრდება?

მართლაც, რა მითითებებს გვაძლევს კაცობრიობის წინსვლაზე მსოფლიო ისტორია?

უპირველეს ყოვლისა, ის ნათლად აჩვენებს, რომ მთელი კაცობრიობის წინსვლითი განვითარება, არც ახლა არსებობს და არც ადრე არსებულა. არ ყოფილა ისე, რომ, რაც უფრო წინ მიიწევდა დროება, მით უფრო და უფრო ვითარდებოდა კაცობრიობა ყველა მის ნაწილში. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ კაცთა მოდგმის არსებობიდან რამოდენიმე ათასწლეულის გასვლის შემდეგ, მისი ყველა ტომი განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე იდგებოდა, ხოლო მათგან ყველაზე ნიჭიერი და შრომისმოყვარე ტომები განვითარების საკმაოდ მაღალ სტადიას მიაღწევდნენ. სინამდვილეში ძალიან ბევრი ტომი გაველურების პირასაა, მაშინ როდესაც სხვა ხალხებმა უძველესი დროიდანვე მიაღწიეს განვითარების მაღალ დონეს, თუმცა შეჩერდნენ და ათასწლეულებია უძრავად დგანან; დაბოლოს, არიან ხალხები, კერძოდ, ევროპელები, რომლებიც, ბერძნებისა და რომაელების გამოკლებით, ბარბაროსები და ნახევრად ველური ტომები იყვნენ, მაგრამ ძალიან სწრაფად განათლების მაღალ დონეს მიაღწიეს და განუწყვეტლივ ვითარდებიან.

ყოველთვის, როგორც ამას ისტორია გადმოგვცემს, დედამიწაზე ერთდროულად არსებობდნენ განათლებული, ნახევრად განათლებული და ველური ან გაველურებული ხალხები. ასე, რომ მსოფლიო ისტორია ეჭვმიუტანლად ადასტურებს იმის შესახებ, რომ, ტომებიდან და ხალხებიდან ერთნი წინ მიიწევდნენ და მიიწევენ თავიანთ განვითარებაში, სხვები კი იმყოფებოდნენ და ახლაც უძრაობაში იმყოფებიან. კაცობრიობაში იყო და არის წინსვლა, მაგრამ იყო და არის ასევე უძრაობაც, რომელიც კაცთა მოდგმის რამოდენიმე ტომში განუსაზღვრელად დიდხანს მიმდინარეობს.

უძრაობის გარდა, კაცთა მოდგმაში კიდევ სხვა, სრულიად საწინააღმდეგო მოძრაობაც შეიმჩნევა, კერძოდ - მოძრაობა უკან, ანუ ამა თუ იმ ერის ან ტომის დაცემა და დეგრადირება. მრავალი ისტორიული ერი, სწრაფად ან ნელა აღწევდა განვითარების უმაღლეს სტადიას, მაგრამ შემდეგ უკუპროცესი ეწყებოდათ და ძლიერ ეცემოდნენ. მტერთა დარტყმებით უძლურდებოდა მათი პოლიტიკური ძლიერება, მათ სხვა უფრო ძლიერი სამეფოები იმონებდნენ და კარგავდნენ ეროვნულ დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას, შემდეგ იყოფოდნენ, ფიზიკური გადაშენების გზაზე დგებოდნენ და სხვა ტომებს ერეოდნენ; ღატაკდებოდა მათი სულიერი ცხოვრებაც: ქრებოდა მათი წარმოება და ვაჭრობა, ეცემოდა მათი მეცნიერება და ხელოვნება; ზოგიერთი ერი ისე დეგრადირდა, რომ საერთოდ გაქრა პირისაგან მიწისა ისე, რომ მის შესახებ მხოლოდ ისტორიის მატიანეებსა და ნახევრად გადარჩენილ ლიტერატურულ თუ ისტორიულ ძეგლებს შემორჩა.

მართლაც, რა დარჩა ბაბილონისა და აშურეთის ძველი სამეფოებიდან, რომლებიც ოდესღაც ძლიერებით, დამპყრობლობით, ვაჭრობით, ხელოვნებით, მეცნიერებებით, სიმდიდრითა და ფუფუნებით ბრწყინავდნენ? - უდაბნო, რომლებიც დღეს მომთაბარე, ღარიბი ტომებით, ტურებით, გიენებითა და ნაგვის გროვებითაა სავსე.




რა დარჩა ფინიკიის ძველი სამყაროს მეზღვაურებისა და მდიდარი ვაჭრებისგან? სადღაა მათი გემები, რომლებიც იმდროინდელ ზღვებში დაცურავდნენ? სადღაა მათი დიადი ნაგებობები და ხუროთმოძღვრება? ყველაფერი დიდი ხანია, რაც დაინგრა და სამარადისო ფერფლით დაიფარა.




ეგვიპტელებმა გასაოცარი ძეგლები შექმნეს. ნათქვამია დროის ყველაფერს ეშინიაო, მაგრამ დროს პირამიდებისა ეშინია. მრავალმა ათასმა წელმა განვლო იმ დროიდან, როდესაც ცხოვრობდა ის გასაოცარი ხალხი, რომელმაც კოლოსალური პირამიდები ააგო, გიგანტური სფინქსები და სხვა უჩვეულო ნაგებობები შექმნა, მათი უმეტესი ნაწილი და ფარაონთა მუმიებიც კი შემორჩა ჩვენს დროებას. მაგრამ სადღაა თვით ეს ხალხი? სადღაა მისი კულტურა? ვინ და როგორია მისი შთამომავლობა? ვაი რომ ეს ერი უკვე დიდი ხანია გადაშენდა; დაიღუპა თვითონაც და მისი კულტურაც: მისი შთამომავლები დღეს ერთი საცოდავი და ნახევრად ველური მონები არიან. ერზე მეტ ხანს მისმა აშენებულმა მატერიალურმა ძეგლებმა გასძლო.




რა დარჩა ძლევამოსილი სპარსული სამეფოსგან, რომლის მეფეებს ბრძოლის ველზე მილიონიანი ჯარი გამოჰყავდათ? - ღატაკი, ღარიბი, გუდამშიერი, დაკნინებული და დაბეჩავებული თანამედროვე სპარსეთის სახელმწიფო.




სად დაიკარგა ალექსანდრე მაკედონელის მსოფლიო მონარქია? - ის მისი სიკვდილისთანავე დაიშალა.

უფრო მყარი, დღეგრძელი და ნაყოფიერი აღმოჩნდა მისი ორი კლასიკური ერის - ბერძნებისა და რომაელების სახელმწიფო და კულტურა. ბერძნებში, ძველი დროების ამ მცირერიცხოვან, მაგრამ ყველა მიმართებით სასახელო ერში, სულიერი ცხოვრების ყველა გამოვლენამ ისეთ მაღალ სრულყოფილებას მიაღწია, რომლისთვისაც არსად, არასოდეს, არცერთ ერს, არც მანამდე და არც მათ შემდეგ არ მიუღწევია.

ბერძნებისა და რომაელების ნატურალური ნიჭის სამაგალითო და უკვდავი ქმნილებანი და გამოცხადებითი რელიგიის ჭეშმარიტებით განათლებული ხალხების გენიალური ქმნილებანი, საფუძვლად დაედო გვიან ჩამოყალიბებული განათლებული ერებისა და თითქმის მთელი მსოფლიოს კულტურას ისე, რომ თითქმის ორი ათასი წელზე მეტია, რაც ისინი ბერძნულ-რომაული ნიჭის მემკვიდრეობაზე იზრდებიან. ამგვარად, ბერძნულ-რომაული ცივილიზაცია მათ წინამორბედ აღმოსავლურ ცივილიზაციებზე უფრო დღეგრძელი აღმოჩნდა.



მაგრამ ბერძნულ-რომაული ცივილიზაციის შეფასებისას მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ორი ვითარება.

პირველი, მართალია მისი ნაყოფი დღემდე არსებობს, მაგრამ ამ მემკვიდრეობის პირველშემოქმედნი - ბერძნები და რომაელები, უკვე დიდი ხანია მისი მატარებლები და მამოძრავებლები აღარ არიან. სადღაა დღეს რომის მსოფლიო იმპერია? ის დიდი ხანია სახელწოდებითაც კი აღარ არსებობს. სადღაა დღეს სახელოვანი რომაელი ხალხი? მისი ენა მკვდარი ენაა, ხოლო მისი შთამომავლები, თუმც ჯერ კიდევ ბჟუტავენ იტალიელთა მოდგმაში, გაღატაკებული, ნახევრადგანათლებული და პოლიტიკურად სუსტი ეს ხალხი დაჩაჩანაკებულ მოხუცს უფრო წააგავს.

კიდევ უფრო შესამჩნევია განსხვავება გენიალურ, ძლიერ, მდიდარ და სიცოცხლით სავსე ძველბერძენ ერსა და თანამედროვე ბერძნებს შორის. ისინი კლიმატურად მშვენიერ და ნაყოფიერ ქვეყანაში ცხოვრობენ, შეინარჩუნეს თავიანთი ენა, ნაწილობრივ ეროვნული ტიპიც და ქრისტიანული სარწმუნოებაც; და მაინც, ეს ერთგვარად დაცემული და დაჩაჩანაკებული ერია. რა თქმა უნდა, მან გაუძლო ქრისტეანთა დაუძინებელი მტრის - უმეცარი, უბირი, სასტიკი და მძვინვარე მოდგმის - თურქების მოძალებას, მაგრამ ეს მოძალებაც ხომ ადრე დაწყებული დაცემის შედეგი გახლდათ, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ბერძნების დაკნინება.

მეორეც, როგორც კლასიკური ხალხების, ასევე მათი ცივილიზაციების დღეგრძელობას დიდად შეუწყო ხელი ქრისტიანობამ. ამ ღვთაებრივმა რელიგიამ, რომლის ნათელი მათ აღმოსავლეთიდან, იუდეიდან აღმოუბრწყინდათ, ახალი სული, ახალი ძალები და ახალი სიცოცხლე შთაჰბერა მათ. თვით ბერძნებმა და რომაელებმა, მიიღეს რა ქრისტიანობა აღმოსავლეთიდან, ქრისტეს ნათელი ყველა ევროპელ ხალხებს გადასცეს, ამასთან კი მათ საკუთარი ნატურალური ნიჭის ქმნილებებიც უბოძეს. ქრისტიანობის გარეშე ბერძნულ-რომაული ცივილიზაცია ევროპის ხალხებზე ვერ მოახდენდა იმ გავლენას, რაც მან ქრისტიანობის წყალობით მოახდინა.

როგორ უჩვეულო სიცოცხლისუნარიანობას ანიჭებს ღმრთითგამოცხადებული რელიგია მის აღმსარებელ ერს და მის ცივილიზაციას, განსაკუთრებული სიცხადით ჩანს იუდეველი ხალხის მაგალითზე. მათ დაკარგეს თავიანთი სამშობლო, გაიფანტნენ მსოფლიო მასშტაბით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დღემდე არსებობენ. ხოლო ამ ერის ის ნაწილი, რომელიც მოწყდა თავის ღვთითგამოცხადებულ რელიგია, როგორიცაა, მაგალითად, ისრაელის ათი ტომი, დიდი ხანია გაქრა და სხვა ერებში აითქვიფა. ცხადია, რომ იუდეველი ხალხი თავისი სიცოცხლისუნარიანობას თავის ტომობრივ ხასიათს კი არ უნდა უმადლოდეს, არამედ თავის სარწმუნოებას, რელიგიას.

ამიტომაც, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დღევანდელი ქრისტიანი ერების გამძლეობა და სიცოცხლისუნარიანობა, ასევე მათი ცივილიზაცია მით უფრო ხანგრძლივი და სიცოცხლისუნარიანი იქნება, რაც უფრო მტკიცე და მუდმივი იქნება მათი ქრისტიანული რწმენა, რაც უფრო ნაკლები იქნება მათში გარყვნილება, რაც უფრო ნაკლებად დაეცემა მათში ქრისტიანული ზნეობა და სათნოება და პირიქით, რაც უფრო მეტად განიმსჭვალება იგი ჭეშმარიტი ქრისტიანობის ძალითა და მადლით, მით უფრო გამძლე იქნება ის წუთისოფლის საცთურთა და განსაცდელთა მიმართ.

მაგრამ რადგან დღეს, თანაც უკვე დიდი ხანია, რაც მრავალი ქრისტიანი ერი აღიარებს გარყვნილ, მწვალებლურ ქრისტიანობას, ხოლო ამ ერთა ნაწილი საერთოდ მოწყდა ქრისტიანობას ისე, რომ უკვე ღმერთისაც კი აღარ სწამს, მათი დღეგრძელობისა და ცივილიზაციის სიმტკიცე სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. მეტიც, თვით მათი არსებობაც კი საფრთხის წინაშე დგას.

არაფერია შეუძლებელი იმაში, რომ ოდესღაც ძლიერი დღევანდელი ევროპელი ერები მიაღწევენ განვითარების თავიანთ პიკს: მაგრამ ამოწურავენ საკუთარ თავს, თავიანთ ნიჭსა და ტალანტს და დაიწყებენ დაღმასვლას, რითაც სხვა ერებს დაუთმობენ პირველობას. შესაძლოა ისინი არ გაქრნენ პირისაგან მიწისა და მსოფლიო ისტორიის არენიდან, მაგრამ მათი არსებობა დღევანდელ მდუღარე ცხოვრებასთან შედარებით ნელი და მბჭუტავი აღმოჩნდება.

ახლა კი შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველი ერი, თითოეული ადამიანის მსგავსად, განიცდის სიყრმისა და სიყმაწვილის, ახალგაზრდობისა და ზრდასრულობის, დავაჟკაცებისა და დაბრძენების, შემდეგ კი ხანდაზმულობისა და სიბერის პერიოდებს, რომელიც აუცილებლად მისი სიკვდილით, - პოლიტ8იკური, ეროვნული და კულტურული არსებობის საბოლოო შეწყვეტით დასრულდება.

აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ განათლებული ერები, მიიდრიკებიან რა დაცემისკენ და დეგრადირებისკენ, თავიანთი სიკვდილის შემდეგაც აგრძელებენ ცხოვრებას თავიანთ მემკვიდრეებში - იმ ერებში, რომლებმაც მემკვიდრეობითად მიიღეს მათი კულტურა; და ეს მემკვიდრეები მიღებული სიმდიდრის წყალობით თვითონვე გარდაიქმნებიან განათლებულ ერებად. ასე, მაგალითად, კლასიკური ბერძნების წინაპრები მწყემსები, ნახევრად ველური ან საერთოდ ველური ადამიანები იყვნენ. მაგრამ, როგორც კი მჭიდრო ურთიერთობაში შევიდნენ აღმოსავლეთის განათლებულ ერებთან - ეგვიპტელებთან, ფინიკიელებთან, ბაბილოვნელებთან, აშურელებთან და იუდეველებთან, სხვადასხვა ცოდნა და ხელოვნება, უნარი და ჩვეულება შეითვისეს; მიიღეს მათი კანონები და ზნეობრივი წესები, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობა, სხვადასხვა დაწესებულება და ა. შ. ცივილიზებული აღმოსავლეთის ცხოვრების ეს მარცვლები ადვილად შეისრუტა ბუნებით უხვად დაჯილდოვებულმა ბერძენმა ერმაც, სადაც მან ნაყოფიერი ნიადაგი ჰპოვა და ბერძნული ცივილზაციის სახით დიდი ნაყოფი გამოიღო, თანაც ისეთი, რომ დაჩრდილა თვით აღმოსავლეთის ერების ცივილიზაცია ბევრად გაუსწრო რა მათ მრავალმხრივობით, სიმდიდრითა და სრულყოფილებით.

თავის მხრივ, ბერძნული განათლებულობის გავლენით გაიფურჩქნა რომაელი ხალხის ცივილიზაცია. საბოლოოდ, ბერძნულ-რომაულმა განათლებულობამ აღძრა სხვა ევროპელ ერეთა სულიერი ცხოვრება, რომლებიც ადრე ველურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, განაყოფიერა მათი გენია, რომელმაც, ამ ზეგავლენის წყალობით, განავითარა ფილოსოფია, მეცნიერება, ხელოვნება, წარმოება, ტექნიკური წინსვლა, ვაჭრობა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი დაწესებულებანი და საერთოდ მთელი სულიერი შემოქმედება და ცხოვრების მთელი წყობა ისეთი მრავალფეროვნებით, სიმკვრივით, სიმდიდრითა და სრულყოფილებით შემოსა, რომელიც ადრე არსად არავის უხილავს.



სტრასბურგის ევროპარლამენტის შენობა აგებული ჰოლანდიელი მხატვრის პიტერ ბრეიგელის "ბაბილონის გოდოლის" მიხედვით


მაგრამ თანამედროვე განათლებულ ერთა ცივილიზაციების ჩასახვას, განვითარებას, სიმტიცეს, სიმდიდრესა და სრულყოფილებას უდიდესი ძალა და გამძლეობა სწორედ ქრისტიანობამ მისცა, რომელმაც გაჰფანტა უხეში, ცრუ, გრძნობისმიერი და პირუტყვული წარმართობა, შეარბილა ზნეობა, აღმოფხვრა მონობა, ადამიანთა შეგნებაში დანერგა ერთა ძმობის იდეა, განწმინდა და აამაღლა ზნეობრიობა, მისცა ადამიანებს ძალა დაეთრგუნათ ეგოიზმი, ცოდვა, ვნებები, გააკეთილშობილა და გააუმჯობესა მთელი კაცობრიობის - კერძო, ოჯახური, საზოგადოებრივი, სახელმწიფო, საერთაშორისო ცხოვრება; ადამიანები უხეში ცთომილებებისა და ცრურწმენებისგან გაათავისუფლა; აამაღლა მათი სულიერი სწრაფვა, აზრები და იდეალები; ამცნო მათ ჭეშმარიტი და ამაღლებული შემეცნება ღმერთზე, სამყაროსა და ადამიანზე, გარდაქმნა მთელი ადამიანი და ის ხორციელიდან სულიერად ამაღლებულ ქმნილებად წარადგინა; ღვთაებრივი სიყვარულით გაათბო იგი და წარმართობის წყვდიადიდან საღმრთო მადლითა და ჭეშმარიტების ნათლით გამოიყვანა. აღმობრწყინდა აღმოსავლეთიდან და მთელი მსოფლიო გაანათლა.

ამრიგად, დიდი ხნის წინ დაიღუპა ბაბილონი, მაგრამ ბაბილოვნელთა მიერ მოპოვებული ასტრონომიული ცოდნა დროთა გამოთვლას და სამყაროს შესახებ ჩვენს თანამედროვე ცოდნას დაედო საფუძვლად. გადაშენდნენ ფინიკიელებიც, მაგრამ მათ მიერ გამოგონილი ანბანი (ალფავიტი) ყველა განათლებული ერის დამწერლობას დაედო საფუძვლად. არაბები მომთაბარეები გახდნენ, ამგრამ მათემატიკა, ბუნებისმეტყველება და არქიტექტურა, რომლებიც მათ წინაპრებში ვითარდებოდა, დიდად წაადგა დასავლეთ ევროპის განათლებულ ერებს. დაიღუპა ძველი საბერძნეთი, დაიშალა რომის მსოფლიო იმპერია, ძველ ბერძენთა და ძველ რომაელთა შთამომავლები რის ვაივაგლახით აგრძელებენ თავიანთ არსებობას. მაგრამ დღემდე ცოცხლობს და ნაყოფი გამოაქვს მათ სიბრძნეს, ფილოსოფიას, მეცნიერებას, ლიტერატურასა და ხელოვნებას. რაც შეეხება ღმრთითგამოცხადებული ჭეშმარიტების ნათელს, ის არასოდეს არ ჩაქრება.

კვდებიან ადამიანები, ინგრევიან მცირე და დიდი სამეფოები, ქრებიან მთელი ერები და ტომები, მაგრამ აღმოჩენები და გამოგონებები, ბუნების საიდუმლოებები და კანონები, რელიგიური, ფილოსოფიური და სამეცნიერო ჭეშმარიტებები; ხელოვნების ძეგლები, გადმოცემები დიად ადამიანებზე, გენიოსებზე, ბრძენკაცებზე, სათნო მოღვაწეეებზე, წმიდა ადამიანებზე, ღმრთის ერთგულ მოწამეებზე და ადამიანთადმი სიყვარულით გულანთებულ მოსაგრეთა თავდადება - ერთი ერიდან მეორე ერს, თაობიდან თაობას, სამეფოდან სამეფოს გადაეცემა და კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილის მემკვიდრეობა ხდება. საერთო ჯამში პროგრესი კაცობრიობაში არსებობს; უეჭველია, რომ ეს ნამდვილად არის წინსვლა. მაგრამ სულიერი განვითარება და ველური თუ ნახევრად ველური ერების განათლებას განათლებული ერები ყოველთვის როდი ახერხებენ. როგორც ადამიანთა ცხოვრებაში, მშობლების მიერ დატოვებულმა მემკვიდრეობან შეიძლება ავნოს მემკვიდრეს, ასევე განათლებული ერების ზეგავლენა ნატურალურ ტომებზე ყოველთვის როდია ნაყოფიერი და სასარგებლო ამ უკანასკნელთათვის, ზოგჯერ კი პირდაპირ დამღუპველიცაა. რა თქმა უნდა, შესაძლოა ამ ნაკლებად განვითარებული ერების გადაშენება მოხდა იმიტომ, რომ ევროპელებმა მათ სწორედ თავიანთი ცხოვრების უარესი მხარეები გააცნეს და მოახდინეს ამ ტომების ექსპლუატირება. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ უნარებითა და განთლების უმაღლესი რასის გავლენა უდაბლეს და გაველურებულ ტომებზე უარყოფითია: ნაცვლად იმისა განევითარებინათ, აემაღლებინათ და გაეკეთილშობილებინათ ამ უკანასკნელთა ცხოვრება, ევროპელმა ერებმა ისინი სრულ განადგურებამდე და გადაშენებამდე მიიყვანეს.

და ბოლოს, არსებობს წინსვლის კიდევ ერთი წინაღობა, რომელიც მეტ-ნაკლებად ამძიმებს ხალხებს და არა აქვს მნიშვნელობა, განვითარების რომელ სტადიაზე იქნებიან, სად და როგორ ვითარებაში იცხოვრებენ.

კაცობრიობის წინსვლის ყველაზე არსებითი წინააღმდეგობა თვით ადამიანში, მის ბუნებაში მდგომარეობს.

ადამიანის ბუნება შეზღუდულია. შეზღუდულია მისი გონება, მისი ნება უძლური და უძრავია, სხეული მისი ფაქიზია. განვითარებას კიდევ უფრო აფერხებს გარყვნილება, ადამიანური ბუნების ცოდვილიანობა. გავიხსენოთ, როგორ ზნეობრივ და რელიგიურ, და, შესაძლოა გონებრივ დაცემამდე მივიდა წარღვნამდელი ცივილიზაცია, ან როგორი უხეში, უზნეო და გარყვნილი იყო ყველაზე განათლებული ერების რელიგიური რწმენა ქრისტეს მოსვლამდე.

ღრმად გარყვნილი რელიგიური რწმენები და ზნეობრივი ცნებები, უზნეო კულტები, სისხლიანი ფანატიზმი, უაზრი და პირქუში ცრურწმენები, განუწყვეტელი ომები ერებსა და ტომებს შორის, დესპოტიზმი, მონათმფლობელობა, მრავალცოლიანობა, გარყვნილება და სნეულებები - აი რა იყო კაცობრიობის ხვედრი ცოდვით მისი გარყვნის შედეგად. ეს უდიდესი გარყვნილება სრულ განადგურებამდე მიიყვანდა კაცობრიობას, ღმრთის განგებას და მის განსაკუთრებულ მოქმედებას - ღმრთის ძის განკაცებით, ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით, - კაცთა მოდგმის გამოსყიდვა რომ არ აღესრულებინა. ბოლო ოცი საუკუნის განმავლობაში, - რომელი ერები იყვნენ ყველაზე განათლებულნი და ყველა მიმართულებით სრულყოფილებას მიწევნულნი? მხოლოდ ქრისტიანები. ყველა სხვა არაქრისტიანი ერი, როგორც წარმართები, ასევე მაჰმადიანები, დღემდე ველურ მდგომარეობაში ან განათლებულობის არცთუ მაღალ საფეხურზე იმყოფებიან, მათი წინსვლა შეჩერებულია. ქრისტიანობამ ადამიანებს ამცნო, თუ რაში მდგომარეობს მათი სრულყოფილება და მიუთითა მისი მიღწევის გზა, მისცა ძალა ამ გზაზე შედგომისა და მსვლელობისა, და ამ უკანასკნელი ღვაწლის სიმძიმეც შეუმსუბუქა.

მაგრამ ცოდვით წახდენა ქრისტიანობაშიც სრულიად როდი აღმოიფხვრა. გონების სჯულთან და შინაგან ადამიანთან (სინდისთან) ერთად, რომელიც ღმრთის სჯულით ტკბება, ცხოვრობს სხვა სჯულიც, რომელიც ეწინააღმდეგება სინდისს და ადამიანს ცოდვის სჯულს უმორჩილებს ისე, რომ კაცი "სიკეთეს, რომელიც სურს, ვერ აკეთებს, ხოლო ბოროტებას, რომელიც არ სურს, აკეთებს" (რომ. თ. მე-7). ქრისტიანობამ შეამცირა ადამიანური ბუნების ცოდვითი წახდენა, ცოდვის ზემოქმედება, მაგრამ თავის მხრივ ეს წახდენა რყვნის ქრისტიანთა გულსა და გონებას ან საერთოდ დევნის მათ ადამიანთაგან.

ხოლო თუ ხალხთა წახდენა და გარყვნა, რელიგიისა და ქრისტიანობის უარყოფა დედამიწაზე ფართოდ გავრცელდება, მაშინ კაცთა მოდგმის დაცემა იმ დონემდე დავა, რომ უკვე ვეღარ ადგება და სწორედ მაშინ დადგება არა მარტო მისი წინსვლის დასასრული, არამედ მთელი მისი არსებობისაც. და ეს განსაკუთრებულად შესამჩნევი იქნება სამყაროს აღსასრულის წინ. ბოროტების აღზევებას კაცთა მოდგმაში ხელს შეუწყობს მისი პირველმიზეზი - სატანა. მისი ბოროტი მოქმედება ბოლო ჟამს განსაკუთრებულად გაძლიერდება.



კაცობრიობის წინსვლა დასაწყისიდან დასასრულამდე დიადი სიმარტივით, სისრულითა და ძალით არის  ნაჩვენები სახარებისეულ იგავში "ხორბალსა და ღვარძლზე".

"სხვა იგავიც შესთავაზა და უთხრა მათ: ცათა სასუფეველი მსგავსია კაცისა, საღი თესლი რომ დათესა თავის ყანაში. ხოლო როდესაც ეძინა ხალხს, მოვიდა მისი მტერი, ღვარძლი ჩათესა ყანაში და წავიდა. როდესაც აღმოცენდა ჯეჯილი და თავთავი დაისხა, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი. მივიდნენ მონები ყანის პატრონთან და უთხრეს: ბატონო, შენ ხომ საღი თესლი დათესე ყანაში: საიდანღა აქვს ღვარძლი? ხოლო მან უთხრა მათ: მტერმა ქნა ეს. მონებმა კი უთხრეს: თუ გნებავს, მივალთ და გავმარგლავთ ყანას. მაგრამ მან თქვა: არა, რათა მარგვლისას ღვარძლს ჯეჯილიც არ მიაყოლოთ. აცადეთ, ერთად იზარდონ მკამდე; ხოლო მკისას ვუბრძანებ მომკალთ: თავდაპირველად შეკრიბეთ ღვარძლი, ძნებად შეკარით და ცეცხლი წაუკიდეთ, ხორბალი კი შეინახეთ ჩემს ბეღელში" (მათე 13:24-30).

ამ იგავში, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია და, რომელიც, როგორც ჩანს, ნაკლებად არის შემჩნეული ღვთისმეტყველთა მიერ, მონიშნულია კაცთა მოდგმის მსოფლიო ისტორია მისი დასაწყისიდან დასასრულამდე. ღმერთმა მხოლოდ ხორბალი დათესა, როდესაც "ღმერთმა წრფელი შექმნა კაცი" (ეკლ. 7:29). მაგრამ ეშმაკმა პირველ ადამიანებში ღვარძლი ჩათესა და სხვა მის მომხრე ბოროტ სულთა დახმარებით დღემდე თესავს მას კაცთა მოდგმაში.

ღვარძლი და ბოროტება იმდენად გამყარდა მასში და იმდენად იზრდებოდა ადრე, იზრდება ახლა და მომავალშიც იმდენად გაიზრდება, რომ ხორბლის დაუზიანებლად მისი აღმოფხვრა შეუძლებელი აღმოჩნდება. მთელი ყოფიერება და მოქმედება, კაცთა ბედი და მოძრაობა, განვითარება და დაცემა, კეთილდღეობა და წარუმატებლობა, მოკლედ, - კაცობრიობის მთელი ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ბოროტების ზრდა მასში; სხვა არაფერია, თუ არა სიკეთისა და ბოროტების პაექრობა კაცთა გულების მოსაპოვებლად. თანდათანობით ვითარდება და საყოველთაოდ იზრდება სიკეთე, მაგრამ ასევე იზრდება და ვითარდება ბოროტებაც და ასე, სამყაროს აღსასრულამდე იპაექრებენ ისინი.

ამიტომაც პანთეისტური ფილოსოფიიდან აღმოცენებული და მეცნიერთა შორის ფრიად გავრცელებული აზრი კაცთა მოდგმის უსაზღვრო პროგრესის შესახებ არასწორია, და ის კაცთა მოდგმის მთელი წარსული ისტორიით უარიყოფა, რადგან პირველდაწყებითი ცოდვით დაცემის შედეგად, ადამიანურ ბუნებაში სიკეთე აღრეულია ბოროტებასთან. პროგრესი თავისი არსით შეზღუდულია, რადგან მასში, ისევე როგორც ადამიანის ბუნებაში, სიკეთეს შერეულია ბოროტება, და ყველაზე სწრაფ წინსვლაში უკვე მოცემულია უკუსვლისა და დაცემის ჩანასახები. პროგრესი შეზღუდულია იმაშიც, რომ ის არამუდვმივია, პერიოდულად იცვლება, ზოგჯერ საკმაოდ ხანგრძლივადაც და ამისი მიზეზი კაცობრიობის დაღლილი აზროვნება, უძრაობა და დაუძლურება გახლავთ. პროგრესი შეზღუდულია იმაშიც, რომ ყოველთვის მოიცადა კაცობრიობის მხოლოდ მცირე ნაწილს; შეზღუდულია იმაშიც, რომ უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, არამედ დედამიწაზე კაცთა მოდგმის ცხოვრების დამთავრებასთან ერთად დასრულდება. პროგრესის შეზღუდულობა, ყველა მიმართებაში, დამახასიათებელი იქნება მომავლისთვისაც, თვით სამყაროს აღსასრულამდე. მეტიც, ბოლო ჟამს ის განსაკუთრებული სიავით გამჟღავნდება.

ვინც უდავო პროგრესს უშვებს ფიქრობს, რომ კაცობრიობა, რომელიც უფრო და უფრო ვითარდება, გამოიმუშავებს "ზეკაცს", რომელიც ბევრად გადააჭარბებს დღეს არსებულ ყველა სრულყოფილ ადამიანს; მისი ცხოვრება ბედნიერი და ამაღლებული იქნება; დედამიწაზე სამოთხე და ბედნიერი ცხოვრების ოქროს ხანა დამყარდება. მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ ფანტაზიაა, ოცნებაა, რომელიც არასოდეს აღსრულდება.

სამოთხე, ოქროს ხანა მხოლოდ კაცობრიობის არსებობის დასაწყისში იყო; დედამიწაზე ის უკვე აღარ განმეორდება. და ყველაზე უფრო ნაკლებად მოსალოდნელია მისი განმეორება ბოლო ჟამს, როდესაც ყველაფერი მოირღვევა და დაიქცევა.

და მაშინ, ღმრთის სიტყვის მოწმობით, როდესაც განსაკუთრებულად აღზევდება ბოროტება და ეშმაკის სამეფო ფრიად განივრცობა, ბოროტების ბრძოლა სიკეთის წინააღმდეგ თავის უკიდურეს ზღვარს მიაღწევს. დადგება რელიგიურობისა და ზნეობრიობის უკიდურესი დაცემის პერიოდი, განსაკუთრებულად გაძლიერდება უღმრთოება, ხოლო ღმრთის სასუფეველი (ეკლესია) თუმც კი იარსებებს დედამიწზე, და თუმც განსაკუთრებულად გამოვლინდება მისი სიმტკიცე და უძლეველობა, ის მაინც ძალიან შემცირდება, ადამიანთა ჭირი და უბედურებები კი გამრავლდება.




ამის შემდეგ დაიწყება სამყაროს რღვევა. "და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი" (მათე 24:29). "და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი" (2 პეტრე. 3:10). და კიდევ, ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველი გვაუწყებს, რომ ღმერთი შექმნის ახალ ცას და ახალ მიწას, "აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა" (ესაია 65:17).

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ბოროტების მარცვალთა ზრდისა და გაძლიერების კვლევის მცდელობას, განსაკუთრებით ბოლო ჟამს, როდესაც ბოროტება თავისი განვითარების პიკს მიაღწევს, ჯერ განდგომილების, შემდეგ კი საბოლოოდ ანტიქრისტესა და მისი სამეფოს სახით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню