ანგელოზები - ეშმაკთან "შეთანხმების" იურიდიული და საღვთისმეტყველო ასპექტები - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანგელოზები
ეშმაკთან "შეთანხმების" იურიდიული და საღვთისმეტყველო ასპექტები
ეშმაკთან ხელშეკრულება
ავტორი: იოანე ბუკარევი. 2020 წ.

ყველასთვის კარგად არის ცნობილი სიუჟეტი, რომელიც ლიტერატურასა და კინემატოგრაფში ხშირად გვხვდება - პერსონაჟი საკუთარი მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებას აფორმებს ეშმაკთან. სტატიის ავტორი განიხილავს ამგვარი მისტიკური ხელშეკრულების შესაძლებლობას იურიდიული და საღვთისმეტყველო თვალსაზრისით და ამ სიუჟეტის წყაროებს ადრექრისტიანულ თქმულებებსა და აპოკრიფებში ჰპოვებს.
 
 
***
 
 
"ამით იცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი:
 
ვინც არ იქმს სიმართლეს და ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, ღვთისაგან არ არის იგი.  
 
რადგანაც ეს არის უწყება, რომელიც გსმენიათ დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი"  
 
(1 იოანე 3:10-11)
 
მართლმადიდებელ ქრისტიანებში სწრაფად გავრცელდა ცნობა კანადელი მომღერლის გრაიმსის (კლერ ელის ბუშე) მკრეხელურ ლოტზე (ლოტი - ვაჭრობის ობიექტი აუქციონზე - "აპოკ." რედ.), რომელშიც განაცხადა, რომ თავისი სულის ნაწილი ათ მილიონ დოლარად გაყიდა (Pop Star Grimes Is Selling a Piece of Her Soul. URL: https://www.bloomberg.com/news/articles/2020-05-28/grimes-art-project-pop-star-sells-a-piece-of-her-soul).




კანადელი მომღერალი გრაიმსი (კლერ ელის ბუშე)

გააჩნია რა ისეთივე მდიდარი ფანტაზია, როგორც მის ახლანდელ ქმარს (ილონ მასკს), ის, სავარაუდოდ, ვერც კი წარმოიდგენდა, თუ როგორ აშფოთებას გამოიწვევდა ეს სულელური ხუმრობა მორწმუნეებში. ქრისტიანებმა მღვდლებს საკმაოდ უცნაური კითხვით მიმართეს - შესაძლებელია თუ არა, ასე მარტივად გაჰყიდო საკუთარი სული, თანაც, როდესაც გესმის, რომ მისი მყიდველი კაცთა მოდგმის დასაბამისეული მტერია? სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ღვთისმსახურს საეკლესიო საიდუმლოებებზე მეტად ეშმაკთან "ხელშეკრულების" დადებისა სჯერა, ამიტომაც საჭიროა გავერკვეთ, საიდან დამკვიდრდა ქრისტიანებში ამგვარი "შეთანხმების" იდეა.
 
მოდი, თავიდან გავარჩიოთ ტერმინ "ხელშეკრულების" იურიდიული აპექტი. ამაში ჩვენ დაგვეხმარება რომაული სამართალი და ხელშეკრულებათა ზოგადი თეორია. რომაული სამართალი ხელშეკრულებებს ჰყოფს ვერბალურ (სიტყვიერ), ლიტერალურ (წერილობით) და კიდევ ისეთ ხელშეკრულებად, რომლებიც დადებულია კონკლუდენტური (შეთანხმებითი) მოქმედების მეშვეობით (1).

___________________

1. ქცევა, რომლის მიხედვითაც შეიძლება გაკეთდეს დასკვნა განზრახვაზე, მაგალითად, საგნის (ბინის ან მანქანის გასაღების) სიმბოლური ჩუქება.
___________________
ეშმაკთან ხელშეკრულება
ხელშეკრულების დადების ფუძემდებლურ პირობას წარმოადგენს ხელშეკრულების აქტში მონაწილე პირთა ნებელობა. ანუ ლაპარაკია ხელშეკრულებაში მონაწილე პირ-სუბიექტთა ნებაზე, რომელიც გამოიხატება ობიექტივირებული ფორმით და კონკრეტულად გამოხატული მიზანი გააჩნია (მაგალითად, რაიმე საგნის ყიდვა ან გაყიდვა).

უპირველეს ყოვლისა ხელშეკრულება - ეს არის გარიგება ორ ან უფრო მეტ მხარეს (სუბიექტს) შორის რაიმე საკითხზე სამართლებრივი ურთიერთობების შეცვლის ან შეწყვეტის მიზნით (Договор / Чуковская Е.Э. // Динамика атмосферы — Железнодорожный узел. М.: Большая российская энциклопедия, 2007. С. 175-176. (Большая российская энциклопедия: [в 35 т.] / гл. ред. Ю.С. Осипов; 2004-2017, т. 9). ხელშეკრულება იყოფა სამართლებრივ და არასამართლებრივ შეთანხმებებად (სამართლებრივია შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოებრივი იძულების შესაძლებლობას, ხოლო არასამართლებრივია იმგვარი შეთანხმება, რომელსაც ამგვარი უზრუნველყოფა არ გააჩნია).

ამრიგად, გავერკვიეთ რა ხელშეკრულების იურიდიულ ცნებაში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანსა და ეშმაკს შორის ხელშეკრულებაში ფორმალურად არსებობს ორი სუბიექტი (ადამიანი და ეშმაკი), ფორმალურად არსებობს ამ სუბიექტთა ნებელობითი აქტი (2) (ორივე მონაწილეში კონკრეტულად გამოხატული მიზნის განხორციელების სურვილი), და ამ ხელშეკრულების ბუნება - არასამართლებრივი, რადგან არ არსებობს სახელმწიფო იძულების მექანიზმი. ამგვარი ხელშეკრულება შეიძლება დადებულ იქნას სიტყვიერად (ზეპირად), წერილობით ან კონკლუდენტური მოქმედებების გზით ადამიანის მხრიდან (კერძოდ, რიტუალური მოქმედების შესრულებით).

____________________

2. ნებელობითი აქტი - ეს არის წინააღმდეგობათა გადალახვის უნარი, რომელიც ჩნდება მოტივირებული საქმიანობის განხორციელების გზაზე. ის უნდა იყოს შეგნებული და მიზანმიმართული, არ უნდა იყოს დამოკიდებული ემოციაზე და თავისი განხორციელებისთვის ითხოვს დამატებით გულის წადილსა და ძალისხმევას.

____________________

მაგრამ იმის განსაზღვრისას, თუ ვინ არის ეშმაკი და შეიძლება თუ არა ის ჩაითვალოს სამართლის სუბიექტად, იურიდიული თვალსაზრისით გადაუჭრელი პრობლემაა. საქმე იმაში როდია, რომ ეშმაკის, როგორც სუბიექტის გარეგანი ობიექტივიზირება ძალიან ძნელია (მას ვერ ხედავ და ვერ შეეხები, ვერ აღიარებ ვერც ფიზიკურ და მითუმეტეს იურიდულ პირად), არამედ იმაში, რომ თუკი ადამიანი, თავისი დამოუკიდებელი ნებით შეიძლება აღქმულ იქნას სამართლის სუბიექტად, ეშმაკის ამგვარად აღიარება ძნელია, თუნდაც "ქრისტიანული იურისპრუდენციის" თვალსაზრისით.
ეშმაკთან ხელშეკრულება
მართლმადიდებლური სწავლების შესაბამისად ეშმაკს ჩვენ აღვიქვამთ "მინუსოვანი ნიშნით", და ამის საფუძველს გვაძლევს არა მისი ბუნება, არამედ მისი ნება. ღმრთისგან "მომდინარეობს ყოველი სიკეთე, ბოროტი ნება კი მოძრაობს უწესივროდ და უზენაეს სიკეთეს უქვემოეს სიკეთეებს ამჯობინებს" (Демонология / Иванов М.С. // ДАНИИЛ – ДИМИТРИЙ. М.: Православная энциклопедия, 2000. Т. 14, С. 380-388). ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, ეშმაკი იმდენად გახევებულია ბოროტებაში, რომ თავისუფალი ნების ფორმალურად ფლობის პირობებშიც კი მისი არჩევანი ყოველთვის უცვალებელია (ის აირჩევს ბოროტებას). გარდა ამისა ეჭვქვეშ დგება მისი, როგორც სამართლის სუბიექტის ქმედითუნარიანობის საკითხი, და ის ვითარება, რომ მას ადამიანის ნების გარეშე არ ძალუძს ჩვენს სამყაროში რაიმე ნებელობითი აქტის შესრულება, ათვალსაჩინოებს იმას, რომ უუნაროც არის დადოს ხელშეკრულება, რადგან არ ფლობს ელემენტარულ დამოუკიდებლობას წმიდად იურიდიული თვალსაზრისით (Казанцев М.Ф. Сделка с дьяволом: миф или реальность // Дискурс-Пи. 2006. №1. [Электронный ресурс.] URL: https://cyberleninka.ru/article/n/sdelka-s-dyavolom-mif-ili-realnost (дата обращения: 01.06.2020)). კიდევ უფრო მარტივად ვიტყვი: ადამიანის ნების გარეშე ეშმაკის ნების რეალიზება ვერ მოხდება. მაშასადამე, ეშმაკი ვერ იქნება სამართლის სუბიექტი. ეშმაკის უუნარობას აღასრულოს ნებელობითი აქტები ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდებით.

მოდი, ახლა იურიდიული მეცნიერება განზე გადავდოთ, რადგან ის, იურიდიული თვალსაზრისით, ეშმაკთან ხელშეკრულების გაფორმებას არაფრის მთქმელ აქტად მიიჩნევს, და შევჩერდეთ ეშმაკთან ხელშეკრულების მისტიკურ მხარეზე, რომელიც, დავუშვათ, თავისი "სულიერი" კანონებით მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ამიერიდან, როდესაც ვიტყვით ეშმაკთან "ხელშეკრულება" ან "შეთანხმება", უნდა ვიგულისხმოთ არა იურიდიული, არამედ ერთგვარი მისტიკური აქტი. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გამოვარკვიოთ, საიდან უნდა შემოსულიყო მართლმადიდებელთა ცნობიერებაში წარმოდგენა ეშმაკთან ხელშეკრულების დადების შესაძლებლობაზე და შეესაბამება თუ არა საერთოდ ასეთი სწავლება ქრისტიანობას?

თუკი ჩვენ მივემხრობით კონცეფციას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ეშმაკთან მისტიკური ხელშეკრულების დადება, მაშინ იმთავითვე უნდა მივმართოთ ბიბლიურ მოტივს ადამიანის ცოდვით დაცემის შესახებ (დაბ. 3:1-22). ეშმაკმა გველის სახით აცთუნა ევა მოეწყვიტა აკრძალული ნაყოფი ხისგან სიკეთისა და ბოროტების შემეცნებისა.
ეშმაკთან ხელშეკრულება
ჩვენს წინაშეა, კონკლუდენტური მოქმედების მეშვეობით (აკრძალული ხის ნაყოფის მოწყვეტა) ჩვენი პირველწინაპრის მხრიდან ეშმაკთან ხელშეკრულების დადების მკაფიო ნიმუში, რომელმაც მათი სამოთხიდან განდევნა გამოიწვია. თანაც თვით ცოდვით დაცემა შესაძლებელი გახდა ევას გაუცნობიერებელი უძლურების გამო (ცთუნება), თუმცა, ამგვარი პოზიცია შეუთავსებელია მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან, რამეთუ, მართალია, ჩვენმა პირველწინაპრებმა მცნება დაარღვიეს, მაგრამ ეშმაკთან ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ.

თვით ცოდვით დაცემა, რა თქმა უნდა, შეიძლება ეშმაკთან ხელშეკრულების დადების მეტაფორად განვიხილოთ, რომლის გამოც დაზიანდა ადამიანის ბუნება, მაგრამ მას ევას სულის დაკარგვა არ გამოუწვევია, მეტიც, ევა ამჟამად არა მარტო კაცობრიობის დედაა, არამედ წმინდანიცაა.

თუკი კანონიკური წიგნებიდან გადავუხვევთ და მივმართავთ აპოკრიფებს, დავინახავთ ეშმაკისა და ადამიანის ურთიერთობის ყალბი გააზრების უხვ რაოდენობას. ერთ-ერთ აპოკრიფში ლაპარაკია პაქტზე რომელიც თითქოსდა დაიდო ადამსა და ეშმაკს შორის, რომლის თანახმად ადამიანი იღებდა უფლებას მიწის დამუშავებაზე, სხვაგან ადამი ეშმაკთან დებს ხელშეკრულებას, რათა ამ უკანსკნელმა დედამიწაზე დააბრუნოს ნათელი, მესამე აპოკრიფში ჩვენი პირველწინაპარი შეუთანხმდება ეშმაკს, რათა მან გაათავისუფლოს კაენი შობით თანდაყოლილი დეფექტებისგან (В.Е. Багно. Договор человека с дьяволом в «Повести о Савве Грудцыне» и в европейской литературной традиции) და მრავალი სხვა.

მაგრამ ამ მოთხრობებს არავითარი კავშირი არ გააჩნიათ მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან და ბნელ სამყაროსთან გარკვეულ შეთანხმებათა დადების ნახევრადწარმართულ მოტივებს უფრო ასახავენ. მაგალითად, წელიწადის დროებზე (იხ. მითი პერსეფონასა და აიდაზე), ნათელსა და დღეზე (იხ. მითი აპოფიზზე) ან ბნელი კურნების მინიჭებაზე და სხვა. ეს მოტივები საფუძვლად უძევს მრავალ წარმართულ და ანიმისტურ კულტს, სადაც მთავარია  მაგიური რიტუალი, რომელიც მოწოდებულია განსაზღვრული შეთანხმებებით კავშირი დაამყაროს ადამიანებსა და სულებს შორის, მაგალითად, მოანიჭოს მათ ნათელი, მოვიდეს გაზაფხული და მათი მსგავსი... ანუ მოცემულ აპოკრიფებში ადამი გამოდის "შამანის" როლში, რომელიც არეგულირებს ადამიანურ ურთიერთობას ქტონურ (ქვესკნელისეულ) სამყაროსთან. მართლმადიდებლობასთან ამას არავითარი კავშირი არ გააჩნია.

ქრისტიანულ კულტურაში ყველა ეს მაგიური რიტუალი აზრს მოკლებულია, რადგან ამ სამყაროში ყოველგვარი სიკეთე მხოლოდ ღმრთისგან გვენიჭება, თანაც, თუ შეიძლება ითქვას, უსასყიდლოდ (რადგან ღმერთი ჩვენს საჩუქრებს არ საჭიროებს).
ქრისტეს გამოცდა უდაბნოში
წმიდა წერილში სხვა ძალიან მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს მაცხოვრის ცთუნება ეშმაკის მიერ: "აიყვანა იგი ეშმაკმა მაღალ მთაზე და უჩვენა სამყაროს ყველა სამეფო დროის ერთ წამში.  და უთხრა მას ეშმაკმა: მოგცემ შენ ყოველივე ამის ხელმწიფებას და დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული, და ვისაც მინდა, მას მივცემ. ...  კვლავ აიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი.  და უთხრა: ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე. მაშინ მიუგო მას იესომ: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე" (ლუკა 4:5-8; მათე 4:8-10). ამ მოვლენათა განმარტება მეტყველებს იმაზე, რომ ეშმაკი, როგორც კადნიერი მატყუარა ცდილობს უფალი აცთუნოს მით, რომ თავს დედამიწაზე უფლების მქონედ წარმოუჩენს, "თავისი ამპარტავნებით ის (ანუ ეშმაკი) სამყაროს თავის საკუთრებად მიიჩნევს..." (Феофилакт, блаженный. Толкование на Евангелие от Матфея), მაშინ როდესაც ყოველგვარი ძალაუფლება ეკუთვნის მხოლოდ ღმერთს: "ღირსი ხარ, უფალო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგანაც შენ შეჰქმენ ყოველი, შენ ინებე და შეიქმნენ" (გამოცხ. 4:11).

იმავე თეოფილაქტესთან ხაზგასმულია აზრი, რომ ეშმაკი - მხოლოდ თაღლითი და უზურპატორია, რომელიც ელტვის იმის მისაკუთრებას, რაც მას არ ეკუთვნის. ამიტომაც წმიდა სახარება მკაფიოდ მიგვანიშნებს, რომ ეშმაკთან რაიმე შეთანხმება შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მას არ შეუძლია შეასრულოს მისტიური ხელშეკრულების პირობათა დაცვა: მას არ გააჩნია უნარი ადამიანს მისცეს ან სიმდიდრე, ან ძალაუფლება - რადგან ეს ყველაფერი ეკუთვნის ღმერთს და მხოლოდ მას შეუძლია ადამიანების დაჯილდოვება ყოველი სიკეთით.

ბნელ ძალებთან შესაძლო მისტიკური შეთანხმებების სხვა საინტერესო წყაროებს წარმოადგენენ ადრექრისტიანული თქმულებები სიმონ-მოგვზე, ელადიზე, წმ. კვიპრიანესა და წმ. იუსტინაზე და წმიდა თეოფილეზე.
სიმონ მოგვი დემონებთან ერთად
სიმონ მოგვი დემონებთან ერთად
სიმონ მოგვის ჩამოგდება პეტრე მოციქულის მიერ
სიმონ მოგვის დამხობა მოციქულ პეტრეს მიერ

  1. სიმონ მოგვი ნახსენებია მოციქულთა საქმეებში (საქმე 8:9-24). მოციქული მოგვითხრობს იმაზე, რომ ცნობილი გრძნეული სიმონი, ხელდასხმა რომ მიეღო ქრთამს აძლევდა ქრისტეს მოწაფეებს (აქედან გაჩნდა ტერმინი "სიმონია", ანუ ხელდასხმის ფულით მიღება). ხელდასხმა კი მას სურდა მადლის იმ ძლიერების მისაღებად, რომელიც ენიჭებოდათ ქრისტიანებს და რომლის მიერაც მოციქულთა ადეპტები ადამიანებს კურნავდნენ და მრავალ სასწაულებს იქმოდნენ. განმარტებებში ხშირად არის ლაპარაკი იმაზე, რომ სიმონ-მოგვი თითქოსდა ფლობდა დემონურ ძალებს. გავბედავ და ვიტყვი, რომ მოცემული აზრი ეფუძნება აპოკრიფულ წყაროებს. სწორედ მათში ჩნდება მინიშნება ეშმაკთან ხელშეკრულებების დადებაზე, მაგრამ ამ თქმულებებს ან არაფერი აქვთ საერთო საეკლესიო გადმოცემებთან, ან კიდევ ატარებენ ზნეობრივი სწავლების კონტექსტს, ანუ ისტორიულ სინამდვილეზე პრეტენზიებს არ აცხადებენ  (3).
____________________

3. იხ. აპოკრიფი "პეტრეს საქმენი" ან წმ. ირინეოს ლიონელისა და წმ. იპოლიტე რომაელის შრომები, რომლებიც ეფუძნებოდნენ წმ. იუსტინე ფილოსოფოსის ჩვენამდე არმოღწეულ ნაშრომს, სადაც უფრო დეტალურად იყო აღწერილი სიმონ მოგვის პიროვნება.
____________________

გარდა ამისა, ვიღებთ რა ჭეშმარიტებად მოციქულთა საქმეებს (წმიდა წერილის ერთ-ერთ კანონიკურ წიგნს - "აპოკ." რედ.), გვეეჭვება, რომ ადამიანს, რომელიც საკუთარ ძალებს ბნელი დემონებისგან იღებდა, ხელდასხმისთვის მოციქულთათვის მიემართა ან მათი ლოცვა ეთხოვა, რადგან ასეთ შემთხვევაში ღმრთის მადლი გაწყვეტდა მის კავშირს ეშმაკთან და მას თავისი "მაგიური" უნარები წაერთმეოდა. მაშასადამე, მოციქულთა საქმეების მიხედვით, სიმონ მოგვი - მხოლოდ ახლოაღმოსავლელი გრძნეული და შარლატანია, რომელსაც ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენა შეეძლო. სიმონ მოგვის დადანაშაულება, რომ თითქოსდა მას ხელშეკრულება ჰქონდა ეშმაკთან - იგივეა, მწვალებლები არიოზი და ნესტორი ეშმაკისადმი შეგნებულ მსახურებაში დავადანაშაულოთ. მეტაფორულად, შეიძლება ასეც ითქვას (იმის გათვალისწინებით, თუ რა ზიანი მოუტანეს მათ ეკლესიას), მაგრამ სინამდვილეში ეს არ წარმოადგენს სიმართლეს.

  1. ახლა გადავიდეთ თქმულებაზე ელადის შესახებ წმ. ბასილი დიდის ცხოვრებიდან (მიტრ. დიმიტრი როსტოველის "წმინდანთა ცხოვრების" მიხედვით). მოცემულ მონაკვეთში ლაპარაკია იმაზე, რომ ელადი გახდა ერთი საინტერესო ისტორიის მოწმე. მართლმადიდებელი სენატორის პროტერიუსის ერთ-ერთი უსახელო მონა სენატორის ქალიშვილისადმი ვნებით აღიძრა. მონის აღგზნება იმდენად ძლიერი იყო, რომ მან დახმარებისთვის ჯადოქარს მიმართა. ჯადოქარმა უთხრა, რომ ამ საქმეში მხოლოდ მისი უფალი სატანა თუ დაეხმარებოდა. ვნებააღგზნებულმა მონამ უარჰყო ქრისტე და თავისი უარყოფა და ეშმაკისადმი მსახურების მზადყოფნა წერილობით დაადასტურა. ამის შემდეგ, შუაღამით მივიდა წარმართთა სასაფლაოზე და მოუწოდა ბოროტ სულებს, რომლებმაც ის სატანასთან მიიყვანეს. ეშმაკმა მოისმინა მისი თხოვნა და მიუგო: "თქვენ, ქრისტიანები ხშირად მატყუებთ: როდესაც მე მთხოვთ დახმარებას, მოდიხართ ჩემთან, და სასურველს რომ მიაღწევთ უარმყოფთ და თქვენს ქრისტეს უბრუნდებით, რომელიც, როგორც კეთილი და კაცთმოყვარე, გპატიობთ მის უარყოფას. ამიტომ მომეცი ხელწერილი იმისა, რომ ნებაყოფლობით უარყოფ ქრისტეს და ნათლისღებას, მპირდები საუკუნო მონობას და განკითხვის დღიდან ჩემთან ერთად დაითმენ საუკუნო ტანჯვას, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგისრულებ შენსსურვილს" (Ростовский Дмитрий. Жития святых. Том 1. Свт. Василий Великий). მონამ სატანას ხელწერილი მისცა და ეშმაკმაც მრუში დემონები გააგზავნა, რათა ქალწულში ვნების ცეცხლი გაეღვივებინათ. ასეც მოხდა. ქალიშვილმა, დააშინა რა მამა იმით, რომ თავს მოიკლავდა, ცოლად მონას გაჰყვა. თუმცა, ქორწინებაში მონის სულგაყიდულობა გამომჟღავნდა, და ცოლმა დახმარებისთვის წმ. ბასილი დიდს მიმართა. წმინდანმა მონას მოუხმო, რომელიც მწარედ ინანიებდა ჩადენილს, და როდესაც მისიისტორია მოისმინა, დახმარების აღმოჩენა გადაწყვიტა. ამის შემდეგ მარხვითა და ლოცვით მონა საღმრთო ლიტურგიაზე მიჰყავთ, სადაც თვით ეშმაკიც მოდის და წმიდა მამისგან თავისი მევალის გამოტაცებას ცდილობს. მაგრამ წმინდანმა ყველა ქრისტიანთან ერთად,რომლებიც ამ ლიტურგიას ესწრებოდნენ, ლოცვით გაანადგურა ეშმაკთან დადებული ხელშეკრულება, და დოკუმენტის სიმბოლური დახევის შემდეგ მონა გაათავისუფლა. ამის შემდეგ ის კვლავ ქრისტეს წმიდა საიდუმლოებებს ეზიარა.
წმმ. მოწამენი კვიპრიანე და იუსტინა
წმმ. მოწამენი კვიპრიანე და იუსტინა

  1. წმ. კვიპრიანესა და მოწამე იუსტინა ანტიოქიელის ცხოვრება. ამ ცხოვრებაში ძირითადი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ წმ. კვიპრიანე (III ს.) 10 წლის ასაკიდან სწავლობდა ოკულტურ და მისტიკურ პრაქტიკებს, ხოლო 30 წლისამ, როგორც მოგვმა, ანტიოქიაში არნახულ ძლიერებას მიაღწია. მასთან მივიდა ერთი წარმართი ყმაწვილი და სთხოვა ქრისტიანი იუსტინას ცთუნება. მოგვმა კვიპრიანემ დახმარებისთვის თავის "ღმერთებს" მოუხმო, მაგრამ ყოველგვარი ჯადო და ლოცვა ქალწულ იუსტინას წინააღმდეგ ამაო აღმოჩნდა. ბოლოს დაბოლოს, კვიპრიანემ, ამოწურა რა მთელი თავისი ცოდნა ოკულტურ პრაქტიკებში, საკუთარი უძლურება აღიარა და ქრისტესკენ მოექცა. შემდეგში კვიპრიანე ანტიოქიის ეპისკოპოსი გახდა, ხოლო წმ. იუსტინა - მონასტრის წინამძღვარი. იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს მათ მოწამეობრივი გვირგვინები მიიღეს.
     
  1. წმიდა თეოფილე ადანელი. ეს ისტორია განეკუთვნება VI ს-ს. წმ. თეოფილეს ეპისკოპოსის ხარისხი შესთავაზეს, მაგრამ მან თავმდაბლობის გამო უარი თქვა. ახალ ეპისკოპოსთან ურთიერთობა იმდენად გაურთულდა, რომ თეოფილემ დახმარებისთვის ებრაელ მოგვს მიმართა. მოგვმა თეოფილე სატანას შეახვედრა, და მათ სისხლით დაწერეს თავიანთი ხელშეკრულება. თეოფილემ ქრისტე უარყო. ამის შემდეგ თეოფილე სინდისის ქენჯნამ შეაწუხა, და ხანგრძლივი მარხვისა და ლოცვის შემდეგ თავის ეპისკოპოსს მიეახლა, საკუთარი ცოდვები მოუთხრო და შეინანა. ეპისკოპოსმა მიუტევა თეოფილეს, ხოლო ხელშეკრულება, რომელიც ეშმაკს თეოფილეს განდგომილების დასტურად ეჭირა, დაიწვა. წმ. თეოფილეს ცხოვრების სხვა რედაქციებში ხელშეკრულება პირადად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გააუქმა.

ეს ოთხი ისტორია ფუძემდებლური მნიშვნელობისაა ეშმაკთან ხელშეკრულების დადების საკითხში და საფუძვლად უდევს მრავალრიცხოვან შუასაუკუნეობრივ მონათხრობებს და თვით რენესანსის ეპოქის მრავალ რომანტიკულ ნოველასაც (4). ხოლო რეფორმაციის დროს დიდი გავრცელება ჰპოვა ლეგენდებისა და მოთხრობების სერიამ დოქტორ ფაუსტზე, რომელმაც XIX ს-ში თავისი ხელმეორე დაბადება განიცადა.

________________________

4. აი, ყვველაზე ცნობილ ლიტერატურულ ნაწარმოებთა მცირე ჩამონათვალი: უოლტერ მაპის თხზულება პაპ სილვესტრ II-ზე (Walter Map De nugis curialium distinctiones quinque), კალდერონის "მოგვი-საკვირველთმოქმედი", "თქმულება საბა გრუდცინზე" (ძველ. რუს. თხზულება), კრისტოფერ მარლოს "დოქტორ ფაუსტის ტრაგიკული ისტორია", გოეთეს "ფაუსტი", "სიტყვა ვინმე ვაჭარზე" (Слово о некоем купце) (ძვ. რუს. თხზულება), "სიტყვა მესიტ მოგვზე" (საეკლესიო წიგნიდან "პროლოგი". 2 დეკ.) და სხვა.

________________________

ახლა კვლავ ნებელობით აქტებს დავუბრუნდეთ. სტატიის დასაწყისში მე ვთქვი, რომ ფორმალურად ეშმაკს თითქოსდა შეუძლია ნებელობითი აქტის განხორციელება. თქმულებაში წმ. ბასილი დიდზე ჩვენ ვხედავთ, როგორ ახორციელებს ეშმაკი კონკრეტულ მიზანს - აცთუნებს სენატორ პროტერიუსის ქალწულს, თანაც წარმატებით. მაგრამ აქ საკვანძო მომენტს წარმოადგენს ის, რომ ქალწულზე მოქმედება აბსოლუტურად შეუძლებელია თვით ქალის ნებელობითი აქტის გარეშე - ე. ი. ეშმაკის ხრიკზე რომ წამოეგოს, საჭიროა მის ხრიკებთან დათანხმება. წმმ. კვიპრიანესა და იუსტინას ცხოვრებაში კი ვხედავთ, რომ ყოველგვარი საცთურის მიუხედავად, წმ. იუსტინა არ წამოეგო ბნელ ძალთა ხრიკებს. ადამიანი - ეს ის ლოდია, რომელსაც ვერც ერთი სული ვერ ასწევს და ვერ დაძლევს მანამ, სანამ ჩვენ თვითონ არ დავყვებით ჩვენს ვნებებს. მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარ ვნებას შევმოსავთ მოტივირებული საქმიანობით, ეშმაკს თავისი ბნელი საქმის განხორციელების შესაძლებლობა ეძლევა. ადამიანის ნების გარეშე კი ის უძლურია. მაშასადამე, გამოდის, რომ "ხელშეკრულების" დადების დროს არსებობს სამართლის მხოლოდ ერთი სუბიექტი - ადამიანი. და რაკიღა ეს ასეა, რაიმე ხელშეკრულების არსებობა შეუძლებელია.
ეშმაკების შესვლა ღორების კოლტში
ეშმაკთა შესვლა ღორების კოლტში

უცებ გავცემ პასუხს კითხვაზე, რომელიც ღადარინელ შეპყრობილს ეხება. უფალმა განდევნა ამ ადამიანის მტანჯველი ბოროტი სულები, რომლებიც შემდეგ ღორებში შესახლდნენ, ხოლო ღორები ქარაფიდან გადაეშვნენ და დაიღუპნენ. შეიძლება თუ არა ეს ნებელობით მოქმედებად ჩავთვალოთ? არა, არ შეიძლება! რა თქმა უნდა, ღორები, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ცხოველი, არც თავისუფალ ნებას ფლობენ (ისინი მოქმედებენ ინსტინქტებისა და ემოციების საფუძველზე) და არც ნებელობით უნარებს (მათ არ შეუძლიათ დაისახონ მიზანი, თუკი ის განპირობებული არ იქნება ინსტინქტით ან ემოციით). მაშ, ვინ აიძულა ღორებს ქარაფიდან გადაშვება? გამოდის, ეშმაკმა? და აქაც არასწორი პასუხია - მიზეზი ღადარინის ქვეყნის მცხოვრებთა ბოროტებასა და ცოდვებშია. იესუ ქრისტე სახარებაში ამ ჭკუის სასწავლებელ ისტორიას იმიტომ გვიყვება, რომ მიგვანიშნებს როგორ გაწირეს თავიანთი საზოგადოება ანალოგიური დაღუპვისთვის იმ ოლქში მცხოვრებმა ებრაელებმა, რომლებიც წამდაუწუმ არღვევდნენ მოსეს სჯულს. აი ეს აჩვენა მათ უფალმა ეშმაკის მიერ შეპყრობილი ღორების დაღუპვით. და განა მოვლენებიც ასე არ განვითარდა? - სინანულის ნაცვლად ებრაელებმა მაცხოვარი უბრალოდ განდევნეს ღადარელთა ოლქიდან და მისი სამახარობლო ქადაგების მოსმენა არ ისურვეს. გამოდის, რომ მაცხოვრის ნებართვისა და თვით ღადარინელ მცხოვრებთან ბოროტი ნების გარეშე ეშმაკი თვით ღორებსაც კი ვერ ავნებდა.

აღმოსავლურ ქრისტიანობაში მოთხრობები და თქმულებები ეშმაკთან დადებულ "ხელშეკრულებებზე" უმეტესწილად ალეგორიულ მოტივს ატარებს, სადაც აქცენტი მორწმუნის სულიერ განცდებსა და გულწრფელ სინანულზე კეთდება. უნდა აღვნიშნოთ კიდევ ის მომენტი, რომ ეშმაკთან შეთანხმებას მოასწავებდა მრუში შეპყრობილობა: მონის ვნება სენატორ პროტერიუსის ქალიშვილის მიმართ, წარმართის ვნება წმ. იუსტინას მიმართ, აპოკრიფებში სიმონ მოგვის შესახებ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტვიროსელ მეძავს. ეშმაკისეული ცთუნება ქალის მეშვეობით - საკმაოდ გავრცელებული სიუჟეტია, რაც საბოლოოდ დასავლეთში სუკუბუსებისა და ინკუბუსების, ანუ მამრობითი და მდედრობითი სქესის მიმღებ დემონთა განსაკუთრებული კატეგორია აღმოაცენა.

დღეისთვის "ეშმაკთან მისტიკური შეთანხმების" კონცეფციამ თავისი განხორციელება სწორედ დასავლეთის, ანუ რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში ჰპოვა, რომელიც ე. წ. სულიერ იურიდიზმს ძლიერ ექვემდებარება. სწორედ ამ ეკლესიის წიაღში გადაიქცა "ეშმაკთან ხელშეკრულება" ყველაზე ნამდვილ ნივთმტკიცებულებად. ამ დოკუმენტის არსებობა წარმოადგენდა იურიდიულ სფუძველს ეჭვმიტანილის დასასჯელად და დაპატიმრებული მოქალაქის ჯადოქრობის დასადასტურებლად.

ამგვარი პროცედურა ყველაზე სერიოზულ იურიდიულ პრაქტიკად იქცა XIV ს-ის დასაწყისში, ფრანგი მეფის ფილიპ IV ლამაზის მიერ ტამპლიერთა ორდენის დევნულებასთან დაკავშირებით. არ გააჩნდათ რა ფაქტობრივი მასალა "ქრისტეს რაინდების" გასასამართლებლად და აწყდებოდნენ რა ეკლესიის პასიურ წინააღმდეგობასაც (რომლის ზოგიერთი წარმომადგენელი აშკარად თანაუგრძნობდა უდანაშაულო რაინდებს), ინკვიზიტორები წამების გზით აიძულებდნენ ტამპლიერებს ხელი მოეწერათ "ხელშეკრულებებისთვის", რომელიც თითქოსდა მათ ეშმაკთან დადეს. ამგვარად გამოძალული ხელმოწერები ნამდვილად მიიჩნეოდა, და შემდეგ უკვე რაინდებს ასამართლებდნენ როგორც რწმენის მოღალატეებსა და ეშმაკის თაყვანისმცემლებს, რომლის შემდეგაც ცოცხლად წვავდნენ.

მსგავსმა პრაქტიკამ ფართო გამოხმაურება ჰპოვა დაკითხვის იმდროინდელ პრაქტიკაშიც. მართლაც, რატომ უნდა ხარჯო ამდენი დრო, ისედაც მწირი ჭკუა-გონება მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლო განხილვებში, როდესაც წამების გზით ადვილად შეიძლება "ეშმაკთან დადებული ხელშეკრულების" მიღება და ნებისმიერი ეჭვმიტანილის კოცონზე გამწესება?

მართლშეგნების მოცემული სახეობა მალევე განვითარდა სტრუქტურირებულ მეცნიერებად, და უკვე XV ს-ის მიწურულსა და XVI ს-ის დასაწყისში დღის ნათელზე გამოვიდა ისეთი "სამეცნიერო-საღვთისმეტყველო" ტრაქტატები, როგორიცაა "კუდიანთა სამჭედლო" (ლათ.: Malleus Maleficārum, გერმ.: Hexenhammer) ან "სოლომონის მცირე გასაღები" ("ლემეგეტონი"), რომლებშიც დეტალურად არის აღწერილი ჯადოქართა ნიშნები, ეშმაკთან დადებული ხელშეკრულებების ტიპები, ასევე ეშმაკთა ტიპაჟები, რიტუალები, მოწოდებები და, რა თქმა უნდა, ჯადოქართა სულის სახსნელი რეკომენდაციები (წამება და კოცონი).
ეშმაკთან ხელშეკრულების გაფორმება
ბრძოლამ მკითხავებთან ევროპაში უჩვეულოდ დიდი გაქანება მიიღო და ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა, როგორც ეშმაკთან კავშირის ფსევდომეცნიერული კვლევების, ასევე უზარმაზარი რაოდენობის თქმულებებისა და ლეგენდების აღმოსაცენებლად. სხვათა შორის, უმეტესწილად ისტორიებში ყოველთვის მონაწილეობს ქალი, რომლის მიერაც მოივლინება მრუში საცთური (გავიხსენოთ ელადის ისტორია წმ. ბასილი დიდის ცხოვრებიდან - სიუჟეტები აბსოლუტურად იდენტური იქნება).

რეფორმაციის დროიდან ამ სფეროში ახალმა სიომ დაუბერა. ბნელ ძალებთან შეთამაშებული ადამიანის ხატმა, საკმაოდ სპეციფიკური რომანტიზმი შეიმოსა, განსაკუთრებით პროტესტანტულ მოსახლეობაში, რადგან ისეთი გმირი, რომელიც მისტიკურ ხელშეკრულებას დებს ეშმაკთან, გარკვეულწილად გამოხატავდა საკუთარ პროტესტს არსებული მსოფლიო წყობისადმი. ასე მოიპოვა თავისი პოპულარობა დოქტორმა ფაუსტუსმა.



დოქტორი ფაუსტუსი - ეპიზოდი სპექტაკლიდან

"კუდიანთა სამჭედლო" იწერებოდა როგორც ნიშანთა და მონაჭორთა კრებული, მაგრამ შემდეგში, შუასაუკუნეობრივი გამოძიებისთვის, მან იურიდიული და საღვთისმეტყველო დოგმების კრებულის სტატუსი მიიღო. დღესაც კი, ფართო საზოგადოებას ძალიან უყვარს ეშმაკთან დადებული მისტიკური "ხელშეკრულების" ოკულტური ძალისადმი რწმენით ნერვების აწეწვა. სხვადასხვა დროს ეშმაკის "კლიენტებში" ხალხი ხედავდა მარტინ ლუთერს, ოლივერ კრომველს, ნაპოლეონ ბონაპარტს, ადოლფ ჰიტლერს და თვით გენიალურ მუსიკოსს ნიკოლო პაგანინისაც კი. ეს სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, რადგან წარსული საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა ცნობიერება დიდად არ შეცვლილა, და ზოგიერთს არაფერია სიამოვნებს იმაზე მეტად, ვიდრე გამოიგონოს მორიგი ზღაპრები წარმატებულ და მკაფიო ადამიანებზე, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით არ ეპიტნავება.

ახლა შევაჯამოთ. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ "ხელშეკრულება" ან "შეთანხმება" ეშმაკთან შეუძლებელია ჩაითვალოს იურიდიულ დოკუმენტად და მას არანაირი ძალა არ გააჩნია არც იურიდიული და არც საღვთისმეტყველო თვალსაზრისით. ეს ხელშეკრულება არ ასახავს სუბიექტთა რეალურ ნებას, თანაც არა მარტო ეშმაკის, არამედ ადამიანის მხრიდანაც, რომელიც მისტიკური "შეთანხმების" მომენტში, როგორც წესი, სულიერად შეურაცხად მდგომარეობაში (ვნებაში) იმყოფება. ერთადერთი, რაც შეიძლება ვაღიაროთ, არის ის, რომ მსგავსს "ხელშეკრულებებს", რომლებსაც ჩვენ ვხვდებით გადმოცემებში ან სასამართლო საქმეებში, მართლაც შეიძლებოდა ჰქონოდათ ხელშეკრულების ფორმა და კონსტრუქცია. მათში ჩაწერილი იყო ხელშეკრულების მონაწილეთა სახელები, ურთიერთვალდებულებები და სხვა (დრო, ადგილი, დამატებითი პირობები). მაგრამ ამ "ხელშეკრულებებს" იურიდიული ძალა ჰქონდათ მხოლოდ შუასაუკუნეთა ადამიანის ცნობიერებაში, რომლისთვისაც ამგვარი დოკუმენტის ხელმოწერა ღმრთისგან განდგომას უტლოდებოდა. ამასთან სულაც არ ითვალისწინებდნენ იმ გარემოებას, რომ თვით ამგვარი "ხელშეკრულებები" იწერებოდა სახელმწიფო ან საეკლესიო მწერლების მიერ, ეშმაკის ნაცვლად ხელს აწერდნენ შუასაუკუნეების გამომძიებლები, ხოლო მეორე მხრიდან ხელმოწერას აღწევდნენ უმძიმესი ტანჯვა-წამებით.

მაშ, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს ამგვარ "ხელშეკრულებებთან"? როგორც წმიდა ეკლესია ასწავლის - ეს არის წმიდად ალეგორიული კონსტრუქცია, მყარი გამონათქვამების მსგავსი: "სინდისთან შეკრული", "სულს გაყიდის... " და ა. შ. მისტიკურ "ხელშეკრულებაში" ჩვენ ვგულისხმობთ ადამიანის დამკვიდრებას ცოდვაში, როდესაც თვით აღსრულებული ცოდვა (ხშირად "ხელშეკრულებად" გაიგება ქრისტესგან განდგომის ცოდვა) იმდენად მძიმედ აწვება ადამიანის სინდისს, რომ მას ძლიერ უჭირს კვლავ ეკლესიაში დაბრუნება. წმინდანთა ცხოვრება, რომელიც წინამდებარე სტატიაში მოვიყვანე, და სხვა მსგავსი ცხოვრებანი იმაზე უთითებენ, რომ ძლიერ დაცემული ადამიანისთვის ყოველთვის არსებობს გამოსავალი და ეს გამოსავალი უპირველეს ყოვლისა სინანულია, რომელსაც უნდა მოჰყვეს მარხვა, ლოცვა, აღსარება, ეკლესიის მხარდაჭერა (გავიხსენოთ ეკლესიის მორწმუნეთა ერთობლივი ლოცვა ლიტურგიაზე წმ. ბასილი დიდის ცხოვრებიდან) და ბოლოს წმიდა ზიარება.

კიდევ არსებობს ცხოვრებები და თქმულებები, სადაც წმინდანმა შეჰკრა დემონი, მოაჯდა მას და წმიდა მიწაზე იმოგზაურა (წმ. იოანე ნოვგოროდელის ცხოვრება), აიძულა მსახურებაზე ეკითხა სახარება და წმიდა აიაზმით "ბანდა" და ეშმაკს ანგელოზურ მდგომარეობამდე რეცხდა - ყველა ამ ტექსტს პირველ რიგში გააჩნია ზნეობრივი და სულის მაცხოვნებელი კონტექსტი, ისინი მეტყველებენ სინანულისა და საეკლესიო მადლის ძალაზე. ეშმაკთან ურთიერთობის აღქმა იურიდიულ აქტად - არა თუ სისულელეა, არამედ ახლოსაც კი არ დგას მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებასთან.

ეშმაკთან "ხელშეკრულების" სიუჟეტის მიმზიდველობა მდგომარეობს კიდევ იმ უბედური სულის ტრაგიკულ ხატში, რომელმაც გაბედა ამგვარი ხელშეკრულების დადება. რადგან ბოლოს და ბოლოს ადამიანი მაინც მოტყუებული რჩება. თუმცა, ევროპაში განსაკუთრებულად პოპულარული იყო მოთხრობები, სადაც პირიქით, ეშმაკს ასულელებდნენ. რთული არ არის თვალი მივადევნოთ იმ ფაქტს, რომ ამგვარ წარმოდგენათა მიზეზი მდგომარეობდა უბრალო ადამიანის შიშში ანტიკურ ან შუასაკუნეთა იურისტთა წინაშე, რომლებმაც კარგად იცოდნენ კანონიც და ჰქონდათ განათლებაც. ვინ იცის, რას აწერ ხელს ქაღალდზე, თუკი კითხვაც არ შეგიძლია? ეს შიში საკუთარი თანამდებობის და მოვალეობის ბოროტად გამომყენებელ კანონისტთა წინაშე ჭკუის სასწავლ საეკლესიო სიუჟეტში განხორციელდა: უთანასწორო ხელშეკრულება ადამიანსა და წარმოუდგენლად გონიერ, ზებუნებრივ ბოროტ არსებას - ეშმაკს შორის, რომელიც ადვილად ატყუებს მიმდობ ადამიანს.

ხოლო მათთვის, ვინც ჯერაც ეძებს ეშმაკთან კონტრაქტის გაფორმების ოკულტურ მეთოდს, გზა ყოველთვის ღიაა: დამკვიდრდით ბოროტებასა და ცოდვაში, უარყავით თქვენი ადამიანური ბუნება, და საუკუნოდ დაუკავშირებთ თქვენს სულს ეშმაკს. რადგან სწორედ ასე მუშაობს მოწოდების რიტუალი - რაც უფრო საძაგელია ადამიანის საქმიანობა ღმრთის წინაშე, მით ძლიერ უკავშირდება ადამიანის სული მარადიული წყვდიადისა და სევდის სამყაროს.

და მხოლოდ ეკლესიისთვის ბოძებული საიდუმლოებების ძალით შეუძლია ადამიანს დაიხსნას საკუთარი სული ეშმაკის კლანჭებისგან. "ნუ დაემსგავსებით კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა; მერედა, რისთვის მოკლა? იმიტომ, რომ ბოროტი იყო მისი საქმე, ხოლო მისი ძმისა - მართალი" (1 იოანე 3:12).

წყარო: https://bogoslov.ru/article/6165933
Назад к содержимому