ანგელოზები - ანგელოზები - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > ანგელოზები

ანგელოზები

უფლის ანგელოზები

ანგელოზი - (ებრ. - "წარგზავნილი"; ბერძნ. - "მაცნე") - უხორცო გონიერი სული. ანგელოზები წმიდა წერილში იწოდებიან სხვადასხვა სახელწოდებებით: ღვთის ანგელოზებად (იობი 1:6; 2:1), წმიდა ანგელოზებად (დანიელი 8:13), რომლებიც ცხოვრობენ ცაში (მათე 18:10), ზეციურ მხედრობად (2 ეზრა 9:6), სულებად (ფსალმ. 150:6; ებრ. 1:14). გარდა ამისა, წმიდა წერილი, ლაპარაკობს ანგელოზთა სხვადასხვა დასებზე. ესენი არიან მრავალთვალება ქერუბიმები (დაბ. 3:24; გამ. 25:22; ეზეკ. 10:1-20) და ექვსფრთოვანი სერაფიმები (გამ. 6:2), მთავრობანი, ხელმწიფებანი, ძალნი და უფლებანი (ეფეს. 1:21; კოლას. 1:16); ძალნი (ეფეს. 1:21), საყდარნი (კოლას. 1:16), მთავარანგელოზნი (1 თესალონიკ. 4:16; იუდ. 9). ბიბლიაში ნახსენებია ასევე მთავარანგელოზთა სახელებიც: გაბრიელი (ღმერთი არს ძალი) (დანიელი 8:16; 9:21; ლუკა 1:19, 26), მიქაელი (ვინ არის მსგავსი ღმრთისა?) (დანიელი 10:13, 21; 21:1; იუდ. 9; გამოცხ. 12:7), რაფაელი (ღმერთი კურნავს) (ტობ. 3:16). ეზრას 3-ე წიგნში კიდევ ნახსენებია მთავარანგელოზი იერემიელი (4:36) და ურიელი (5:20). რაბინისტულ ტრადიციაში კიდევ რამოდენიმე ანგელოზის სახელია ცნობილი. სადუკეველნი უარყოფდნენ ანგელოზთა სამყაროს არსებობას, უარყოფდნენ ადამიანის სულიერებას და მკვდრეთით აღდგომას.

ქრისტეანულ ეკლესიას ყოველთვის სწამდა ანგელოზთა არსებობის, რაც ასახულია სარწმუნოების სიმბოლოში: "მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა..."; "არა ხილულთა"-ში ეკლესია გულისხმობს ანგელოზებს, რომლებიც ღმერთმა ადამიანზე უწინარეს შექმნა. ამ სულთაგან ზოგიერთნი, ცთუნებულნი სატანის მიერ, ღმერთს აუმხედრდნენ და ბოროტ დემონებად იქცნენ. დანარჩენები კი ღმრთის ერთგულნი დარჩნენ, რომელმაც განამტკიცა ისინი მადლში და მისცა მათ ზეციური ნეტარება. სწორედ მათ უწოდებს წმიდა წერილი და მართლმადიდებელი ეკლესია კეთილ ანგელოზებს.



ანგელოზები ხშირად გვხვდებიან ძველი აღთქმის პირველ წიგნებში, კერძოდ: დაბადების, იესუ ნავეს ძისა და მსაჯულთა წიგნებში. ქმედებებიდან, რომლებიც მათ მიწერება, ვხედავთ, რომ ისინი არიან პიროვნებები, და, რომ ისინი ნამდვილად ასეთნი არიან. ასე, მაგალითად, ანგელოზი ორჯერ გამოეცხადა აგარს უდაბნოში და ელაპარაკა (დაბ. 16:7; 21:17). ანგელოზმა ახარა აბრაამსა და სარას მათი ძის ისააკის შობა (დაბ. 18). ანგელოზებმა გამოიყვანეს ლოთი სოდომიდან (დაბ. 19). ანგელოზმა შეუშალა ხელი აბრაამს დაეკლა თვისი შვილი ისააკი (დაბ. 22:11, 22). იაკობმა სიზმარში იხილა კიბე, რომელიც აერთიანებდა ცასა და მიწას, ხოლო ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ მასზე (დაბ. 28:12). ანგელოზი გამოეცხადა ბარლაამს და მიუთითა მას, თუ რა უნდა ექნა (რიცხვ. 22). ანგელოზმა, რომელსაც ხელთ ეპყრა მახვილი, იესუ ნავეს შეჰპირდა, რომ მასთან ერთად იბრძოლებდა მტრის წინააღმდეგ (ნავ. 5:13-15). ანგელოზმა შეახსენა ხალხს ღმრთის წყალობათა და სურვილთა შესახებ (მსაჯ. 2:13). ანგელოზმა გადასცა გედეონს ხალხის გათავისუფლების დავალება (მსაჯ. 6:11-23). ანგელოზმა გააცხადა სამსონის დაბადება (მსაჯ. 13).

ანგელოზები, როგორც საკუთარი ნების მქონე გონიერი არსებანი, ახალაღთქმისეულ პერიოდშიც ეცხადებიან მართალთ და ყოველთვის კეთილი ამბის მახარობლები არიან. ასეთია თუნდაც ანგელოზის გამოცხადება ზაქარიასადმი (ლუკა 1:11), მართალი იოსებისადმი (მათე 2:13); ქალწულ მარიამს გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი და აუწყა მას, რომ "კურთხეულია ის დედათა შორის" და კურთხეულია ნაყოფი მუცლისა მისისა, რადგან ქრისტე მაცხოვარი უნდა უშვას ჩვენს სულებს".

ქრისტეს შობის შემდეგ ანგელოზები გამოეცხადნენ ბეთლემელ მწყემსებს, ხოლო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ქრისტეს საფლავთან მისულ მენელსაცხებლე დედებს. მაცხოვარი ამბობს: "ეკრძალეთ, ნუ შეურაცხყოფთ ნურცერთ ამ მცირეთაგანს, რადგანაც გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ცაში თვალს არ აშორებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს" (მათე 18:10). უფალი ანგელოზებზე ამბობს, რომ ისინი დაესწრებიან საუკუნო სამსჯავროს და გამოაცალკევებენ კეთილთ ბოროტთაგან; ცაში მობინადრე ანგელოზებს ედრებიან რჩეულნი მართალთა შორის (მათე 22:30; მარკ. 12:35).

ამ სულიერ არსებათა ბუნება ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია. თუ ყურადღებით და ღვთისმოშიშებით წავიკითხავთ წმიდა წერილს, შევძლებთ მხოლოდ მათი საიდუმლო ბუნების ზოგიერთი თვისების შეცნობას. მართალია, მათ ადამიანური თვისებები არ მიეწერებათ, მაგრამ ისინი ხშირად ღებულობენ ადამიანის სახეს, უფრო ყმაწვილთას, ბიჭუნებისას, და ამავდროულად სრულიად უხორცონი და აქედან გამომდინარე, უსქესონი რჩებიან.

მათი გამოცხადება ყოველთვის მოულოდნელი და სასწაულებრივია, რაც მათ ზეადამიანურ და წმიდად სულიერ ბუნებაზე მეტყველებს. როდესაც ადამიანის სამშვინველსა და სულზე ვლაპარაკობთ, შევნიშნავტ, რომ ჩვენ შევდგებით ორი საწყისისგან, წმიდა წერილი კი არასოდეს ლაპარაკობს ანგელოზთა სულზე, რადგან გულისმობს, რომ ისინი არისნ წმიდა სულნი (ებრ. 1:14; გამოცხ. 1:4; მათე 8:16; ლკ. 10:200. იიობი ამბობს, რომ მათ, ჩვენგან განსხვავებით, მიწიერ ელემენტთაგან შედგენილი სხეულები როდი გააჩნიათ (იობი 4:18, 19). სხვა ტექსტების მიხედვით ისინი უხილავნი არიან (კოლას. 1:16). მხოლოდ გარეგნულად ღებულობენ ისინი საკვებს, რომელსაც ადამიანები სთავაზობენ (ტობ. 12:19); როგორც უხორცონი და უსქესონი, არც ერთმანეთს შეერევიან სქესობრივი შერევით, და არც ადამიანებს (მათე 22:30). ღმრთისშვილები, რომელთა შესახებაც არის ლაპარაკი დაბადების წიგნის 6-ე თავში, და ნათქვამია, რომ დანაშაულებრივ კავშირში შედიოდნე კაცთა ასულებტან, არ იყვნენ ანგელოზნი; როგორც ჩანს აქ "ღვთისშვილებში" ღვთისმოსავი შეთის შთამომავლები იგულისხმებიან.



წმიდა დიონისე არეოპაგელის წიგნში "ზეციური იერარქიისთვის" აღწერილია ანგელოზთა სამი იერარქია (ტრიადა), რომელთაგან თითოეული კიდევ სამ დასად იყოფა.

ანგელოზთა პირველი ტრიადაა: საყდარნი, ქერუბიმნი და სერაფიმნი.

ყველაზე მაღლა მდგომი ანგელოზები არიან სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. წმინდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან ექვსფრთიანი სერაბიმები (სერაბიმი ქართულად ნიშნავს ანთებულს, ცეცხლოვანს). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლს უღვივებენ.

სერაბიმთა შემდგომ უფალს წარუდგებიან ქერუბიმები, რომელთა სახელიც ნიშნავს სიბრძნის გარდამოსვლას, განათლებას. ეს იმიტომ, რომ სწორედ მათი დახმარებით გადმოდის ჩვენზე ღვთიური სიბრძნე და ცოდნა ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ.

ქერუბიმებს მოსდევენ საყდარნი, რომლებიც ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან.

ანგელოზთა მეორე ტრიადა: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი.

უფლებანი ქვემდგომ ანგელოზთა დასებზე მეუფებენ, ასევე ღვთისაგან დადგენილ მიწიერ ხელისუფალთ ქვეყნების ბრძნულად მართვა-გამგებლობაში ეხმარებიან.

ძალნი უფლის რჩეულებზე საკვირველთმოქმედებისა და განჭვრეტის მადლს გარდამოავლენენ. ძალნი ადამიანებს შეეწევიან მორჩილების საქმეთა აღსრულებაში, ანიჭებენ მათ მოთმინებასა და სულიერ სიმტკიცეს.

ხელმწიფებათ დემონურ ძალთა დაოკების ხელმწიფება გააჩნიათ. ისინი ადამიანებს ეშმაკთა საცდურებისაგან განარიდებენ.

ანგელოზთა მესამე ტრიადა: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.

საწყისთ დავალებული აქვთ სამყაროს გამგებლობა, ქვეყნების, ხალხებისა და ტომების დაცვა. ისინი ადამიანებს ასწავლიან, რომ ყველას თავისი ღირსების შესაფერისი პატივი მიაგონ; თანამდებობის მქონეთ შეაგონებენ, სამსახურებრივი მოვალეობები პირადი განდიდებისა და გამდიდრებისათვის კი არა, არამედ უფლის სადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ გამოიყენონ.

მთავარანგელოზნი გვახარებენ დიადისა და დიდებულის შესახებ, გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს, გვაუწყებენ უფლის ნებას და ადამიანებში რწმენას განამტკიცებენ.

ანგელოზნი ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებას გვამცნობენ. არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან შეგვეწიონ.

წმიდა დიონისე არეოპაგელის თანახმად, ანგელოზთა რაოდენობა ურიცხვია. წინასწარმეტყველი დანიელი "ათასის ათას" ანგელოზებზე ლაპარაკობს.

"და ვხედევდ, ვითარმედ საყდარნი დაიდგნეს და ძუელი დღეთა დაჯდა. და შესამოსელი მისი, ვითარცა თოვლი სპეტაკი, და თმაჲ თავისა მისისა, ვითარცა მატყლი განწმედილი, საყდარი მისი - ალი ცეცხლისა, ეტლისთუალნი მისნი - ცეცხლი მოტყინარე. მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა, გამომავალი წინაშე მისსა, ათასნი ათასთანი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა სამსჯავროს" (დან. 7:10).

მაცხოვარი მოციქულებს ეუბნებოდა, რომ შეეძლო შევედრებოდა მამას, და შემწედ წარმოუდგენდა "ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და უფრო მეტსაც" (მათე 26:53). ეკლესიის ზოგიერთი წმიდა მამა და საეკლესიო მწერალი წმიდა წერილის სხვადასხვა ადგილზე დაყრდნობით ცდილობდა ამ რიცხვის განსაზღვრას. ასე, მაგალითად, განმარტავს რა იგავს კეთილ მწყემსზე, რომელმაც 99 ცხვარი დაუტევა, რათა ერთი წარწყმედული ცხვარი გადაერჩინა (მათე 18:12; ლუკა 15:4), ზოგიერთი ასკვნის, რომ ანგელოზთა რიცხვი 99-ჯერ აღემატება ადამიანებისას, რომლებსაც ოდესმე უცხოვრიათ ან იცხოვრებენ დედამიწაზე, ვიდრე ქრისტე მოვა. მოციქული პავლე კი ანგელოზთა ურიცხვ სიმრავლეზე მსჯელობს (ებრ. 12:22), იგივეს ბრძანებს წმიდა იოანე ღვთისმეტყველიც (გამოცხ. 5:11).

ანგელოზთა შექმნაზე ბიბლიაში არ არის მოცემული მეტ-ნაკლებად მკაფიო მოწმობა. დაბადების წიგნის პირველ მუხლში ნათქვამია: "თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა" (დაბ. 1:1). აქ სიტყვა "ცის" ქვეშ ტრადიციულად ანგელოზთა სამყაროს გულისხმობენ. იმის შესახებ, თუ რა დროიდან არსებობენ ანგელოზნი, ეკლესიის წმიდა მამათა და მწერალთა აზრი იყოფა. ეკლესიის მრავალი მამა, მაგალითად, ისეთები როგორებიც არიან ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, იოანე დამასკელი, ამბროსი მედიოლანელი, ჰილარიუსი, ნეტარი იერონიმე და სხვები მიიჩნევდნენ, რომ ანგელოზები მატერიალური სამყაროს გაჩენამდე დიდი ხნით ადრე შეიქმნენ. ამასთან ისინი ეყრდნობიან იობის წიგნს (38:4-7), სადაც ნათქვამია, რომ ანგელოზები აქებდნენ ღმერთს, როდესაც დედამიწა იქმნებოდა. წმიდა ეპიფანე და ნეტარი ავგუსტინე მიიჩნევდნენ, რომ ანგელოზები დედამიწასთან ერთად შექმნა ღმერთმა, თუმცა ადამიანის შექმნამდე. იობის წიგნის ზემოთდამოწმებული ადგილი ამგვარი განმარტების საფუძველსაც იძლევა.

როგორც ზემოთ ვთქვით, ანგელოზები ხშირად ეცხადებოდნენ ადამიანებს. გამოცხადებათა შორის, რომლებზეც საუბარია ძველ აღთქმაში, მრავალია ისეთი, სადაც გამოცხადებული ანგელოზი იაჰვეს ან უფლის ანგელოზია (დაბ.16: 7; 21: 17; 22:11, 15; რიცხვ. 22: 32; მსაჯ. 2: 1: 4). ხშირად ის პიროვნება, რომელიც ანგელოზად იწოდება, შემდეგში ღმერთად მოიხსენიება. ასე, მაგალითად, დაბადების წიგნში (18), აღწერილია აბრაამისადმი ანგელოზთა გამოცხადება. აბრაამმა სამი ანგელოზის სახით წმიდა სამება გამოეცხადა. შემდეგში ეს პირები გამოდიან არა როგორც სამნი, არამედ როგორც ერთი. ორი მათგანი სოდომს გაეშურება ლოთის გადასარჩენად და ისინი იქაც ანგელოზებად იწოდებიან, ხოლო ერთი, რომელიც აბრაამთან დარჩა - უფლად იწოდება. ზუსტად ასევე, ღმერთი, ანუ ებრაული ტექსტის მიხედვით "ღმრთის ანგელოზი" (გამ. 3:2) მოევლინა მოსეს ალმოდებულ მაყვლოვანში, და წმიდა პირველმოწამე სტეფანე, ახსენებდა რა ამ მოვლენას, მოსესადმი გამოცხადებულ ანგელოზს ღმერთად ხმობდა (საქმე 7:31-35).

აქდან იბადება კითხვა, ხომ არ ამ გამოცხადებისას მოვლენილი ანგელოზი თვით ღმერთი? არსებობს ამ მოვლენის რამოდენიმე განმარტება. ეკლესიის მამათა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ამ გამოცხადებებში აბრაამს და მოსეს მოევლინათ არა ანგელოზი, არამედ თვით ღმერთი (ანგელოზის სახით) და ეს ქრისტეს განკაცებას მოასწავებდა. სხვები კი ზოგიერთ ამ გამოცხადებაში წმიდა სამების სიმბოლოს ხედავდა. და ბოლოს, მესამენი ამ ანგელოზურ გამოვლინებებში ერთი ღმერთის საიდუმლოს ხედავდა, რომელიც ადამიანებს მიუთითებდა ღმრთის ერთ ბუნებასა და სამ ღვთაებრივ იპოსტასზე მიუთითებდა.

გაგრძელება იქნება.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню