საუბრები ბიბლიაზე - ესაიას წინასწარმეტყველება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა: ისაიას, იერემიას, ეზეკიელისა და დანიელის წიგნთა განმარტება
წმიდა მამათა განმარტებების საფუძველზე
უფალ იესუ ქრისტეს ჯვარცმა

I. წმიდა წინასწარმეტყველი ესაია



თავი 2
 
 
ახ. ქართ.:
 
1. სიტყვა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოსის ძემ, იუდეასთვის და იერუსალიმზე.
   
2. უკანასკნელ დღეებში უფლის მთა საჩინო გახდება, და ღმრთის სახლი მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას.
   
3. დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; და ის გვასწავლის თავის გზებს და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან.
   
4. სამართალს განიკითხავს იგი ერებს შორის და ამხილებს უთვალავ ხალხებს; მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან - ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს.
   
5. ჰოი, იაკობის სახლო! მოდით და უფლის ნათელში ვიაროთ!
 
ძვ. ქართ.:
 
1. სიტყვა ქმნილი ესაიაჲს მიმართ, ძისა ამოსისა, იუდეასათჳს და იერუსალჱმისა.
 
2. ვითარმედ იყოს უკანასკნელთა დღეთა საჩინო მთაჲ უფლისაჲ და სახლი ღმრთისაჲ მწუერვალთა ზედა მთათასა და ამაღლდეს ზეშთა ზედაჲთ ბორცუთასა და მოვიდოდიან მისდამი ყოველნი წარმართნი.
 
3. და მოუჴდენ ნათესავნი მრავალნი და იტყოდიან: მოვედით, აღვიდეთ მთად უფლისა და სახიდ ღმრთისა იაკობისსა. და მომითხრას ჩვენ გზაჲ თჳსი, და ვიდოდით მას შინა, რამეთუ სიონით გამოვიდეს შჯული და სიტყვა უფლისაჲ იერუსალჱმით.
   
4. და შჯიდეს შორის ნათესავთასა და ამხილოს ერსა მრავალსა, და თანად დაშჭრიდენ მახვილებსა მათსა საჴნისად და ლახურებსა მათსა მანგლად. და არა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახჳლი და არღა ისწავებდენ მერმე ბრძოლასა.
   
5. და აწ შენ, სახლო იაკობისაო, მოვედით და ვიდოდით ნათელსა უფლისასა.
 
 
***
 
თავი 2
 
 
1. სიტყვა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ, იუდეასთვის და იერუსალიმზე.
 
ამ თავის დასაწყისში (1-5 მ.) მოცემულია წინასწარმეტყველება უფლის მთის გამოჩენასა და მის ამაღლებაზე (უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას). იმავე საგანზე, და თითქმის იგივე სიტყვებით გადმოცემული წინასწარმეტყველება გვაქვს მიქიას წინასწარმეტყველებაში (4:1-5), რომელიც ესაიას თანამედროვე იყო (შეად. ეს. 1:1 და მიქ. 1:1). აქედან ბუნებრივად იბადება კითხვა: რომელმა წინასწარმეტყველმა წარმოთქვა ეს სიტყვები უფრო ადრე? - უფლის მთის გამოჩენისა და ამაღლების შესახებ ესაიას წინასწარმეტყველების დასაწყისში ნათქვამია, რომ ეს წინასწარმეტყველება არის გამოცხადების ნაწილი, რომელიც მას, წინასწარმეტყველ ესაიას ღმრთისგან მიეცა: "სიტყვა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ, იუდეასთვის და იერუსალიმზე" (2:1). წინასწარმეტყველ მიქასთან კი ამ წინასწარმეტყველების ბოლოს მხოლოდ დამატებულია, რომ "ცაბაოთ უფლის ბაგე ლაპარაკობს ამას" (მიქ. 4:4), იმის მითითების გარეშე, თუ კონკრეტულად ვის უთხრა უფალმა ეს სიტყვები. ეს საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ წინასწარმეტყველება უფლის მთის გამოჩენასა და მის ამაღლებაზე თავიდან მიეცა წინასწარმეტყველ ესაიას, ხოლო შემდეგ მისგან ისესხა ის წინასწარმეტყველმა მიქიამ.
 
 
1. "სიტყვა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ, იუდეასთვის და იერუსალიმზე".
 
ეს სიტყვები შეიძლება განვიხილოთ, როგორც წინასწარმეტყველის ქადაგების ზედწერილი (1), რომელიც, ამ თავიდან დაწყებული შემდეგ ორ თავშიც გრძელდება. ამ ზედწერილში მითითებულია, რომ ღმრთის (სიტყვის) გამოცხადების მთავარ საგანს, რომელიც ამ ქადაგებაშია გადმოცემული, წარმოადგენენ იუდეა და იერუსალიმი.
 
_______________
 
1. ამ ქადაგების წარმოთქმის დრო ზუსტად მითითებული არ არის, მაგრამ მასში გამოყენებული ზოგიერთი გამოთქმის მიხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის შესაძლოა წარმოთქმული იყოს ოზიას ან იოათამის მეფობის დროს. ასე, მაგალითად, 2:16-ში ნახსენებია ზღვის თარშიშული ხომალდები (ძვ. ქართ.: "ნავსა ზღჳსასა"); ჩვეულებისამებრ ასე იწოდებოდნენ ხომალდები, რომლებიც მიემართებოდნენ არა მარტო ქ. თარშიშს (ესპანეთი), არამედ საერთოდ შორეულ ნაოსნობაში, სავარაუდოდ გასიონგაბერიდან ევლათში (შეად. 3 მეფ. 9:26-28 და 3 მეფ. 10:22)). ხოლო ევლათი იუდეას მეფე ოზიამ დაუბრუნა (2 მეფ. 26:2), ხოლო აქაზის მეფობის დროს ის კვლავ წაართვეს იუდეველთ და იდუმეველებმა დაიკავეს (4 მეფ. 16:6).
 
_______________

  
2. უკანასკნელ დღეებში უფლის მთა საჩინო გახდება, და ღმრთის სახლი მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას.
 
3. დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; და ის გვასწავლის თავის გზებს და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან.
 
4. სამართალს განიკითხავს იგი ერებს შორის და ამხილებს უთვალავ ხალხებს; მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან - ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს.
 
 
2-4 მუხლებში გადმოცემულია წინასწარმეტყველისთვის იუდეასთან და იერუსალიმთან დაკავშირებით მიცემული გამოცხადების შინაარსი. გამოცხადება იყო იმის შესახებ, რომ "შემდეგში ანუ დროთა განმავლობაში ("უკანასკნელ დღეებში" - ἐν ταῖς ἐσχάταις ἡμεραις)) უფლის მთა (სიონი, რომელზეც იყო აშენებული ტაძარი), მასთან ერთად კი თვით ტაძარიც ("სახლი") ღვთისა განდიდდებიან ("საჩინო გახდება", ბერძნ. ἐμφανὲς, იქნება თვალით დასანახი, ყველასთვის ცხადი, თვალსაჩინო, მოკლედ - განდიდდება) და ყველა მწვერვალზე უმეტესად აღიმართება და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას" (მე-2 მ).
 
აქ, როგორც შეიძლება ვიფიქროთ ზაქარიას მსგავსი წინასწარმეტყველებისა (ზაქ. 8:22-23) და წმ. ეფრემ ასურელის მოწმობის საფუძველზე, ლაპარაკია უფლის მთის, ანუ სიონის, იმ ამაღლებაზე, რომელიც დაკავშირებულია იერუსალიმის მეორე ტაძრის დიდებასთან, რომელიც იუდეველთა ბაბილონური ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ აიგო (536-516 წ. ქრ. შ.-მდე). ხოლო იერუსალიმის ამ მეორე ტაძრის დიდება, წინასწარმეტყველ ზაქარიას თქმით იქნება ის, რომ "მოვლენ მრავალრიცხოვანი ხალხები და ძლიერი ერები ცაბაოთ უფლის საძიებლად იერუსალიმში (რა თქმა უნდა ტაძარში) და სამხვეწრად უფლის წინაშე" (ზაქ. 8:22).
 
იგივეს, ოღონდ უფრო მოკლედ, გვამცნობს წინასწარმეტყველი ესაია: "ყოველი ერი მისკენ (ანუ მთაზე აშენებული ტაძრისკენ) დაიწყებს დენას". იერუსალიმის ტაძრისკენ წარმართთა ეს მოქცევა კი, წმ. ეფრემ ასურელის თქმით, დაიწყო იმის შემდეგ, რაც ძველაღთქმისეული მსხვერპლისა და სამსხვერპლოს ნაცვლად იერუსალიმში აღიმართა ჭეშმარიტი სამსხვერპლო - ჯვარი და მასზე შეწირულ იქნა ჭეშმარიტი მსხვერპლი - ქრისტე.
 
ამ უჩვეულო მსხვერპლის შემდეგ უფლის მთა წარმართთა თვალში ყველა სხვა მთაზე უმნიშვნელოვანესი (უმწვერვალესი) შეიქნება, რომლებზეც ისინი ჩვეულებისამებრ თავიანთ წარმართულ მსხვერპლს სწირავდნენ. წარმართები, ჯვართან მდგომი ასმეთაურივით ირწმუნებენ, რომ "ჭეშმარიტად ღმრთის ძე იყო იგი" (მთ. 27:54), და სხვა მთების (სამსხვერპლოების) პატივისცემას დაკარგავენ, რომლებზეც ემსახურებოდნენ კერპებს (მეორე რჯლ. 12:2). უფლის მთა, როგორც ღმერთკაცის ჯვარცმის ადგილი, მათ თვალში უმაღლეს მნიშვნელობას შეიძენს და მისკენ ყველა მხრიდან დაიწყებენ დენას.
 
შემდეგ წინასწარმეტყველი უთითებს: ა) მიზანს, რომლითაც წამოედინებიან წარმართები იერუსალიმის ტაძრისკენ და ბ) იმ სულიერ-ზნეობრივ მიზეზს, რომელიც აღძრავს მათ ყურადღება მიაპყრონ იერუსალიმს, რომელიც ადრე მხოლოდ იუდეველთა წმიდა ქალაქი იყო (მ. 3).
 
ა) მიზანზე, რომლითაც წარმართები წარმოედინებიან უფლის მთისკენ, ისრაელის ღმერთის ტაძრისკენ, წინასწარმეტყველი თვით წარმართთა პირით ასე მეტყველებს: "მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის (ისრაელის) სახლში; და ის (ღმერთი) გვასწავლის თავის გზებს (სიცოცხლის გზას, ღმრთის მიერ ნაჩვენებს, ღმრთითსასურველს და ღმერთთან მიმყვანს) და მისი ბილიკებით ვიაროთ".
 
ამრიგად, წინასწარმეტყველის თქმით, წარმართები დაიწყებენ დენას სიონისკენ, რათა იქ ღმრთის რჯული ისწავლონ, გაიგო ცხოვრების გზა, რომელიც ღმერთმა მიუთითა ადამიანებს, რათა შემდეგ ამ გზებით იარონ, ანუ იცხოვრონ ღმრთის ნებით, და არა საკუთარი გულის ცოდვისმიერი მიდრეკილებებით.
 
იგივე აზრს გვაძლევენ წინასწარმეტყველები ზაქარია და იერემია, როდესაც იერუსალიმისკენ წარმართთა იმავე დინებაზე გველაპარაკებიან. წინასწარმეტყველ ზაქარიასთან ამის შესახებ ასეა ნათქვამი: "მოვლენ მრავალრიცხოვანი ხალხები და ძლიერი ერები ცაბაოთ უფლის საძიებლად იერუსალიმში და სამხვეწრად უფლის წინაშე" (ზაქ. 8:22). ხოლო იერემიას წიგნში ამავე მოვლენის შესახებ ვკითხულობთ შემდეგს: "მასთან მოიყრის თავს ყველა ხალხი იერუსალიმში უფლის სახელით და აღარ აჰყვებიან ბოროტ გულისთქმას" (იერ. 3:17).
 
ისტორია ნამდვილად აჩვენებს, რომ წარმართები, რომლებმაც შეიმეცნეს ღმერთის ნება, რომელიც იერუსალიმში იესუ ქრისტემ და მისმა ღვთაებრივმა მოწაფეებმა იქადაგეს, ტოვებდნენ თავიანთ ცოდვილ ცხოვრებას და ახალ, ღმრთითსათნო გზაზე დგებოდნენ (იხ. ამის შესახებ განმარტება ესასიას 11:6-8 მუხლებზე).
 
ბ) მიზეზი, რომელიც აღძრავს წარმართებს მიაშურონ იერუსალიმს, წინასწარმეტყველის თქმით, იქნება ის, რომ იერუსალიმში ნაქადაგები იქნება ახალი და სრულყოფილი რჯული: "რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან".
 
აქ "რჯული და უფლის სიტყვა" ერთსა და იმავეს ნიშნავს, კერძოდ - სახარებისეულ რჯულს, რომელიც არის სიტყვა, ანუ გამოცხადება და, რომელიც უფალმა ნება ეცნობებინა ადამიანებისთვის თავისი ძის მიერ: "ღმერთი, რომელიც მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა პირით, ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ" (ებრ. 1:1, 2).
 
ამ თავის განხილული განყოფილება (1-3 მ.), როგორც უკვე ზემოთაც აღინიშნა, დიდი მარხვის პირველი კვირის სამშაბათის პარემიებში შედის; გარდა ამისა ის იკითხება, როგორც ცალკე პარემია უფლის ამაღლების დღესასწაულზე. ამით ეკლესია გვამცნობს, რომ აქ, წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი იერუსალიმის ტაძრის მთაზე კავშირშია მის მეზობლად მდებარე მთასთან - ელეონთან (იერუსალიმის ახლოს), რომელიც მასზე ქრისტე მაცხოვრის ამაღლებით განდიდდა.
 
შემდეგ წინასწარმეტყველი ლაპარაკობს იმ ზნეობრივ გადატრიალებაზე, რომელიც ადამიანებში ამ სიონზე ნაუწყები ახალი რჯულის ზემოქმედებით უნდა მოხდეს. "სამართალს განიკითხავს იგი ერებს შორის (2) და ამხილებს უთვალავ ხალხებს (ამისი შედეგ კი იქნება ის, რომ მრავალი სრულიად შეცვლის თავის ადრინდელ ცხოვრებას) და მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან - ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს" (მ. 4).
 
_______________
 
2. "სამართალს განიკითხავს იგი ერებს შორის". რომელ სამართალზე ლაპარაკობს აქ წინასწარმეტყველი? - შეიძლება ვიფიქროთ, რომ აქ წინასწარმეტყველი გულისხმობს იმავეს, რაც თვით მაცხოვარმა თქვა სიტყვებით: "ვისაც სწამს იგი, არ განისჯება, ხოლო ურწმუნო ახლავ განსჯილია" (ინ. 3:18). ქვეყნად მესიის მოსვლით წარმართული სამყარო (თვით იუდეველებიც) ორად გაიყვნენ: ერთმა ნაწილმა ირწმუნა იგი, როგორც ღმერთი და თავისი მაცხოვარი, ხოლო მეორემ - უარყო. პირველებმა, ვინც მისი ღვთაებრივი მოძღვრება შეითვისა, ამ სწავლებით საკუთარი ცოდვილიანობა გულისხმაყვეს და გამოსწორდნენ (რაზეც უთითებს წინასწარმეტყველის სიტყვები: "ამხილებს უთვალავ ხალხებს და მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან - ნამგლებს".
 
_______________
 
ეს ნიშნავს, რომ ახალი მადლმოსილი სწავლება (რჯული, ღვთის სიტყვა), რომელიც დედამიწაზე მოიტანა იესუ ქრისტემ, ქვეყნად ყველა ერს შორის, ვინც კი ამ სწავლებას გულწრფელად და შეგნებულად შეითვისებს, მშვიდობასა და თანხმობას დაამკვიდრებს. ამ აზრს უფრო დეტალურად წინასწარმეტყველი ქვემოთ განგვიმარტავს (ეს. 11:6-8).
 
მაგრამ იბადება კითხვა: ესაიას ეს წინასწარმეტყველება ხომ არ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ახლა ვხედავთ, კერძოდ - ქრისტიანები ახლა ხშირად ომობენ ერთმანეთს შორის, ხოლო განხეთქილებანი და უთანხმოებანი კერძო ოჯახებსა და პიროვნებებს შორის კიდევ უფრო მეტია? ამაზე უნდა შევნიშნოთ, რომ წინასწარმეტყველი მოცემულ შემთხვევაში გვაუწყებს იმას, თუ რა უნდა ყოფილიყო, ამისგან გამონაკლისებისა და გადახრების გარეშე, რაც დამოკიდებულია იყოს ადამიანის ბოროტ ნებაზე.
 
ხოლო ომები და ხშირი განხეთქილებანი ქრისტიანებს შორის სწორედ გამონაკლისებად და იმ საერთო იდეალისგან გადახრად უნდა მივიჩნიოთ, რომლისკენ ლტოლვაც უნდა ჰქონდეს, როგორც მთელ საზოგადოებებს, ასევე ცალკეულ პიროვნებებს, რომლებმაც ქრისტე ირწმუნეს. ეს უზენაესი იდეალი გამოხატულია ასეთ სიტყვებში: "იყავით სრულყოფილნი, როგორც სრულყოფილია თქვენი ზეციერი მამა" (მთ. 5:48), გიყვარდეთ ყველა "გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის.  რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც" (მთ. 5:44-45), ხოლო მან ისე შეიყვარა ქვეყანა, რომ "თავისი ძეც არ დაინდო, არამედ ყველა ჩვენგანისთვის გასწირა იგი" (რომ. 8:32).
 
მაგრამ ეს იდეალი, თავისი სიმაღლით, სრულიად მიუწვდომელია კაცთათვის; ისინი მხოლოდ უნდა მიუახლოვდნენ მას, რამდენიც ძალუძთ. ხოლო რადგან ყველას როდი აქვს ერთნაირი ზნეობრივი ძალა და ყველას როდი აქვს ერთნაირი მონდომება, სახარებაში მითითებულ იდეალთან მიახლოვებაც არაერთგვაროვანია. სწორედ ამით აიხსნება ამ იდეალიდან გადახრები, რომელთაც ასე ხშირად ვხვდებით ქრისტიანთა ცხოვრებაში.
 
იესუ ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები ადრეც და ახლაც ავრცელებენ ეკლესიის საზღვრებს არა შუბითა და მახვილით, არამედ მხოლოდ მშვიდობისა და სიყვარულის ქადაგებით. პირველი ქრისტიანები, თვით წმ. წერილის მოწმობით, ერთმანეთში "ერთი სულით" (საქმე 4:32) ცხოვრობდნენ. მაგრამ დროთა განმავლობაში, როდესაც ქრისტიანთა რიცხვი ძლიერ გაიზარდა, ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევრებს შორის გაჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ სახელითღა იყვნენ ქრისტიანები: დათესილ ხორბალში ღვარძლმა იჩინა თავი, რაც თვით მაცხოვარმაც იწინასწარმეტყველა (მთ. 13:24-30, 37-43, 47-50). და ეს ვითარება დღემდე გრძელდება.
 
აქედან გამომდინარე ქრისტიანთა შორის ჩნდება უთანხმოებანი და სხვა უწესივრობანი, როგორც სახარებისეული იდეალისგან განდგომის შედეგი. ხოლო რაკიღა ეს ღვარძლია და სარეველა, თვით მაცხოვარის თქმით, ისინი დარჩებიან მკის დადგომამდე, ანუ ქრისტეს მეორე და საშინელ მოსვლამდე, მაშასადამე - მხოლოდ მაშინ (და არა ახლა) უნდა ველოდოთ ყოველგვარი განხეთქილებისა და უთანხმოების დასასრულს კაცთა შორის და მშვიდობისა და სიყვარულის სრულ გამეფებას.
 
აწმყო დროში მშვიდობა და სიყვარული ნარჩუნდება მხოლოდ იმ ზომით, რა ზომითაც არის ეს შესაძლებელი ქრისტეს მიმდევართათვის, რომლებიც დღეს ისე ცხოვრობენ, როგორც ცხვრები მგლებს შორის (მთ. 10:16). მისდევენ რა მოციქულის მცნებას: "თუკი შესაძლოა თქვენის მხრივ, მშვიდობისმყოფელნი იყავით ყოველი კაცის მიმართ" (რომ. 12:18), კერძო პირებიცა და ქრისტიანი მმართველებიც ომს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ, როდესაც ეკლესიისა და სახელმწიფოს მშვიდობიანად დაცვის ყველა სხვა საშუალება ამაო ხდება, და ყოველთვის დიდი ხალისით წყვეტენ დაწყებულ ომს, თუკი მოწინააღმდეგე გამოთქვამს დაზავების სურვილს.
 
 
5. "ჰოი, იაკობის სახლო! მოდით და უფლის ნათელში ვიაროთ!"
 
აღნშნა რა ის ზნეობრივი ცვლილება, რაც წარმართ ხალხებში მოხდება, წინასწარმეტყველი ესაია, მიმართავს რა მის თანამედროვე იუდეველთ, ამბობს, რომ ეს დრო წარმართთათვის ჯერაც არ დამდგარა, ხოლო მათ, იუდეველთ, უკვე ძალუძთ, თუკი ისურვებენ, ახლავე იცხოვრონ ღმრთის ნათელში, რომელიც მათ (იუდეველთ) მოსეს სჯულით გამოეცხადათ. ამისკენ მოუწოდებს მათ ესაია. "ჰოი, იაკობის სახლო! მოდით და უფლის ნათელში ვიაროთ!". და ახლა, ისრაელის შთამომავალნო ("იაკობის სახლო"), მოდი, საღმრთო ნათლის წამძღვანებით ვიცხოვროთ" ("მოდით და უფლის ნათელში ვიაროთ!"), რომელიც ჩვენ რჯულში გაგვეცხადა.
 
გამოთქმა: "მოდით და უფლის ნათელში ვიაროთ!" ნიშნავს იმავეს, რომ ვიცხოვროთ რჯულის მცნებების თანახმად, რადგან რჯულის მცნებები ანუ თავად რჯული წმიდა წერილის სხვა ადგილას არცთუ იშვიათად ნათლად ან ლამპრად არის წოდებული: "სანთელ არს ფერჴთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ-ალაგთა ჩემთა" (ფსალმ. 118:105), "რამეთუ სანთელი - მცნებაჲ, ხოლო შჯული - ნათელი და გზაჲ ცხორებისა - მხილებაჲ და სწავლაჲ" (იგავნი 6:23).
 
მოუწოდებს რა თავის თანამედროვეთ იცხოვრონ რჯულის მცნებებისამებრ, წინასწარმეტყველი ამით ცნობილჰყოფს, რომ ისინი არ ცხვორობენ რჯულის თანხმიერად, რის შესახებაც დეტალურად მსჯელობდა წინა თავში და კიდევ გაამახვილებს ყურადღებას მომდევნო თავში, როდესაც რჯულის დარღვევისთვის დაემუქრება ღმრთის სამართლიანი მსჯავრით (ეს. 2:6-22).


გაგრძელება იქნება.

წყარო: П. Н. Спасский, преп. Новгородской духовной семинарии. Толкование на пророческие книги Ветхого завета, составленное на основании святоотеческих толкований, применительно к славянскому (и греческому 70-ти) тексту по программе для 4 класса духовных семинарий : Вып. 1-2 / Новгород. 1893-1894.

თარგმანი შესრულებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი 2023 წ.
Назад к содержимому