Перейти к контенту

საუბრები ბიბლიაზე - ძველი აღთქმის წმიდა წერილი I - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
ძველი აღთქმის წმიდა წერილი
მოსე და მეფე დავით წინასწარმეტყველი
წინამდებარე ლექციათა კურსი განკუთვნილია სასწავლო სახელმძღვანელოდ ბიბლეისტიკის დარგში იმ სტუდენტთათვის, რომლებიც სწავლობენ "თეოლოგიის" სპეციალობის მიმართულებით, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის მსმენელთათვის.

***

 
ავტორი: მღვდ. გენადი ეგოროვი.
 

განყოფილება I
 
 
მოსეს ხუთწიგნეული
 
ხუთწიგნეულად იწოდება წმიდა წერილის პირველი ხუთი წიგნი. მას  უმნიშვნელოვანესი ადგილი უპყრია წმიდა წერილის სხვა წიგნთა შორის, რადგან მასში მოცემულია ბიბლიური გამოცხადების ფუნდამენტური ჭეშმარიტებანი. ჯერ-ერთი, ამ წიგნებში გვეძლევა ყველაზე საზოგადო სწავლება იმის შესახებ, რომ ღმერთი არის სამყაროს შემოქმედი, სამყაროს შესაქმის შესახებ და ადამიანის ადგილის შესახებ ამ სამყაროში. და მეორეც, მოცემულია, როგორც პირველდაწყებითი ადგილი ადამიანისა ამ ქმნილ სამყაროში, ასევე ცოდვით დაცემის ისტორია და ამ ქვეყნიერების დაზიანების ისტორია.
 
ამის შემდეგ - ვეცნობით ღმრთის მოწყალების ისტორიას კაცთა მოდგმისადმი, კაცობრიობის გამოხსნის ისტორიას, ასევე, თუ შეიძლება ითქვას, - ღმრთის საქმიანობის ისტორიას, რომელიც დაკავშირებულია პირველდაწყებით პატივში კაცთა მოდგმის აღდგენასთან და აღთქმას იმის შესახებ, რომ ეს ჭეშმარიტად მოხდება. სწორედ ხუთწიგნეულის გვერდებზე ვხედავთ იმ მიზეზს, რომლის გამოც ხდება ბიბლიური წიგნების გეოგრაფიული თვალსაწიერის არსებითი შევიწროება, მთელი კაცობრიობიდან ერთი ხალხის ვიწრო ჩარჩოებამდე.
 
ტერმინი "ხუთწიგნეული" პირველად ჩნდება ორიგენესთან და ტერტულიანესთან, ანუ ქრისტიან ავტორებთან. თვით ძველი აღთქმის ტექსტში ეს წიგნები ან "რჯულად" იწოდება, ან კიდევ "მოსეს რჯულად", ან "ღმრთის რჯულმდებლობით წიგნებად". მათი ტრადიციული იუდაური სახელწოდებაა "რჯული" – "თორა".
 
ებრაულ ტრადიციაში ბიბლიის თითოეული წიგნი მისი პირველი სიტყვის მიხედვით იწოდება (თანამედროვე პოეზიაში არსებული ანალოგიის მიხედვით, სადაც ავტორის მიერ სახელწაუწერელი ლექსი მისი პირველი სიტყვის მიხედვით იწოდება). სეპტუაგინტის, ანუ წმიდა წერილის ბერძნული თარგმანის ტრადიციაში, თითოეული ამ წიგნთაგან მისი ძირითადი შინაარსის მიხედვით იყო დასათაურებული, ამიტომაც ამ წიგნებმა მიიღეს ასეთი სახელწოდებები: პირველი წიგნი - დაბადება (შესაქმე) (ბერძნულიდან "გენეზის" - წარმოშობა ანუ ჩამოყალიბება), მეორე წიგნი - გამოსვლა, მესამე - ლევიანნი, მეოთხე - რიცხვნი და მეხუთე წიგნი - მეორე რჯულთა.
 
როგორც ადრე ითქვა, ძველი აღთქმის წმიდა წერილის ამა თუ იმ წმიდა წიგნის მნიშვნელობა ჩვენთვის განისაზღვრება ახალ აღთქმაში მისი მოხსენიებითა და დამოწმებებით. ამ წიგნთაგან სამი ხუთ ყველაზე ციტირებად წიგნთა შორის შედის, ესენია: დაბადება, გამოსვლა და მეორე რჯულთა, ისეთ წიგნებთან ერთად, როგორიცაა ფსალმუნი და ესაიას წინასწარმეტყველება.
 
რა სახის მოვლენებს მოიცავს ხუთწიგნეული? ქვეყნიერების შექმნიდან დაწყებული, ის მოიცავს პირველქმნილი კაცობრიობის, პატრიარქთა ეპოქის, აბრაამის დროების, აბრაამის შთამომავლობის ეგვიპტეში გადასახლების ისტორიას, შემდეგ იქიდან ებრაელთა გამოსვლისა და იმ მიწის საზღვრებამდე მგზავრობის ისტორიას, რომელიც ღმერთმა აბრაამის შთამომავლებს მემკვიდრეობად აღუთქვა.
 
უნდა ითქვას, რომ XVII ს-მდე არავის უდავია მოსეს ავტორობაზე. მაგრამ XVII ს-დან დაწყებული ასეთი მცდელობები უკვე გვხვდება, თუმცა რაიმე დამაჯერებელი შედეგი ჯერაც არავის მიუღია. უფრო სერიოზული არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ მაინც, ეს წიგნები ძალიან გვიან იყო დაწერილი, ვიდრე ტყვეობის შემდგომი ეპოქის ჩათვლით, წამოყენებულ იქნა XIX ს-ში. მაგრამ XX ს-ის ისტორიულმა, პალეოგრაფიულმა და არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა, ბევრწილ გააუფასურეს XIX ს-ის მეცნიერების მიღწევები, დააბრუნეს რა მეცნიერები იმასთან, რომ ეკლესიამ თავისი დასაბამიდანვე იცოდა ამ წიგნის ავტორის ვინაობა, რომ მათი დამწერი მოსეა (См., напр., статью «Археология библейская» в Православной энциклопедии (Т. III. М., 2001)).
 
თუმცა, ეს არ გამორიცხავს რაიმე გვიანდელ რედაქციებს, რომლებიც შეიძლება ამ წიგნთა ტექსტებში შეგვხვდეს. მაგალითად, არაფერი უშლიდა ხელს უფრო გვიანდელ გადამწერს რომელიმე ადგილის აღწერის დროს, რაიმე დაემატებინა, ან ამ ადგილისთვის სახელი მიეცა, და ეს ჩანართი სრულაც არ უნდა ნიშნავდეს, რომ მთლიანობაში ეს ფრაგმენტი სწორედ იმ დროს არის დაწერილი, როდესაც ესა თუ ის ტოპონიმი მართლაც გამოიყენებოდა.

 
გაგრძელება იქნება.
 
პუბლიკაცია თარგმნილია და მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2025 წ.
 
წყარო: Свящ. Геннадий Егоров. Священное писание Ветхого Завета [Текст] : курс лекций. Православный Свято-Тихоновский гуманитарный ун-т, Фак. доп. образования, Каф. теологии. - 3-е изд., испр. и доп. - Москва : Изд-во ПСТГУ, 2011.
Назад к содержимому