პატრისტიკა - ვინ არიან უვერცხლონი და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > პატრისტიკა
ვინ არიან უვერცხლონი და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ
წმმ. უვერცხლონი კოზმა და დამიანე
14 ნოემბერს ეკლესია აღასრულებს ხსენებას წმიდათა უვერცხლოთა მკურნალთა და საკვირველთმოქმედთა კოზმა და დამიანესი და დედისა მათისა ღირსისა თეოდოტიასი. ამჯერად გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ საინტერესო ფაქტები უვერცხლოთა შესახებ.

  
1. სიტყვა "უვერცხლო" მხოლოდ წმინდანთა მიმართ გამოიყენება?
 
სიტყვა "უვერცხლოს" აქვს რამოდენიმე მნიშვნელობა. ის გამოიყენება წმინდანთა მიმართ, ეს არის სიწმიდის ხატება, რომელიც დამახასიათებელია ეკლესიის მიერ მთელ რიგ პატივდებულ მკურნალთათვის, რომლებიც ადამიანებს ეხმარებოდნენ ღმრთის სადიდებლად (წმმ. კოზმა და დამიანე, პანტელეიმონი და ერმოლაოსი, კიროსი და იოანე). გარდა ამისა, ასე იწოდება ადამიანი, რომელიც კაცთა სასარგებლოდ იღვწის არა ანგარებისთვის, არამედ ზნეობრივი მოსაზრებებით; და, ბოლოს, უბრალოდ უანგარო ადამიანი.

2. არსებობს თუ არა სახარებაში რაიმე მითითება უვერცხლოებზე?

სახარებებში ბევრია ასეთი მითითება. უვერცხლოთა მნიშვნელოვა დასტურდება სიტყვებით: "წადი, გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე" (მკ. 10:21); "რადგანაც იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ ის, მდიდარი, გაღატაკდა თქვენი გულისთვის, რათა გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით" (2 კორინთ. 8:9); "... სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ" (ლკ. 6:35). "როცა წვეულება გაქვს, დაჰპატიჟე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი თუ ბრმანი. და ნეტარი იქნები, ვინაიდან ვერაფრით მოგაგებენ სანაცვლოს; ამიტომაც მოგეგება მართალთა აღდგომისას" (ლკ. 14:13-14); "ნუ იქნებით ვერცხლისმოყვარენი, დასჯერდით იმას, რაც გაბადიათ, რადგანაც თქვა: "არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ"" (ებრ. 13:5).


3. იყვნენ თუ არა უვერცხლონი ძველ აღთქმაში?
 
ძველაღთქმისეული დროისთვის ეს სათნოება ის არ არის დამახასიათებელი, როგორც ახალაღთქმისეულისთვის, მაგრამ წმიდა მამები მაინც ხედავენ უვერცხლოების ზოგიერთ მაგალითს. ასე, მაგალითად, ღირ. იოანე კიბისაღმწერელი წერს: "იობში არ იყო ვერცხლისმოყვარეობის ნაკვალევიც კი, რადგან ის, მიუხედავად იმისა დაკარგა ყველაფერი, მაინც უშფოთველი იყო".


4. ყოველთვის მკურნალნი არიან უვერცხლონი - თუ არა?
 
არა, უვერცხლონი ყოველთვის არ არიან მკურნალნი, მაგრამ მათ მაინც უკავიათ განსაკუთრებული ადგილი. მკურნალ-უვერცხლონი - არიან წმინდანები, რომლებიც ან ცხოვრებაში ექიმები იყვნენ და ადამიანებს უანგაროდ მკურნალობდნენ, ან კიდევ სიკვდილის შემდეგ სასწაულთმოქმედების ნიჭით სახელგანთქმულნი (მაგ.: წმმ. უვერცხლონი კოზმა და დამიანე, კიროსი და იოანე, პანტელეიმონი და ერმოლაოსი, სამპსონი და დიომიდა, ფოტი და ანიკიტა).


5. ზოგი ამბობს, რომ წმმ. კოზმა და დამიანე - რომაელი ექიმები იყვნენ, ზოგის აზრით კი - ასიელები. რატომ?
 
საეკლესიო ტრადიციაში აღნიშნულია კოზმა და დამიანეს სამი წყვილი: ა) რომაელი, უვერცხლო ექიმები († 284 წ.). მათი ხსენება აღესრულება 14 ივლისს (ახ. სტ.); ბ) კილიკიელი (ტანჯვის ადგილის მიხედვით) ან არაბი (წარმომავლობის შესაბამისად) უვერცხლონი († 287 ან 303 წ.). მათი ხსენება აღესრულება 30 ოქტომბერს; და გ) ასიელი უვერცხლონი და საკვირველთმოქმედნი († III ს.), ხსენება - 14 ნოემბერს.

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს - სამი სხვადასხვა წყვილია, ზოგიერთის აზრით კი "ასეთი" წყვილი იყო მხოლოდ ორი, მაგრამ სხვები მაინც იმ აზრისკენ იხრებიან, რომ ზემოთ ჩამოთვლილი წყვილები - არსებითად, ერთია, ოღონდ სხვადასხვანაირად აღნიშნული.


6. როგორ გამოისახებია ხატებზე წმიდა უვერცხლონი?
უვერცხლოები, როგორც წესი, ხატებზე გამოისახებიან ქიტონებსა და ჰიმატიებში (სწორკუთხოვანი გრძელი ქსოვილი - ლაბადა, მოსასხამი, რომელსაც იცმევდნენ ქიტონის ზემოთ - "აპოკ." რედ.), ზოგჯერ ლენტიონით, რომელიც ოლარს წააგავს, სპეციფიკური სამედიცინო ატრიბუტებით - წითელი ჩანთით წელთან, ხელში არცთუ იშვიათად უჭირავთ ფუნჯი, კოვზი ან ზეთის წასასმელი ჩხირი, ან კიდევ ქირურგიული ინსტრუმენტები, ფუტლიარი ზეთით ან კოლოფი. შეიძლება გამოხატულ იქნან როგორც მოწამეები ჯვრით ხელში, გვირგვინით ან გრაგნილით.
 
7. იხსენებს თუ არა ეკლესია უვერცხლოებს ღვთისმსახურებაზე მათი ხსენების დღის გარდა?
 
პროსკომიდიაზე უვერცხლონი მოიხსენიებიან მე-3 პროსფორის დაჭრისას. ასევე უვერცხლონი იხსენიებიან ცალკე სიაში ლიტიურ ჩამოლოცვაზე (ღამისთევითი ლოცვის ლიტია და დილის პოლიელეოსი), ასევე ზეთისცხების საიდუმლოში, მცირე აიაზმის კურთხევაზე და სხვა.


8. რატომ არის საჭირო ყველაფრის გაცემა, თუკი შეიძლება შეძლებისამებრ შეწირო ღარიბთ და შეეწიო მათ?
 
მრავალი წმინდანი წერს იმის შესახებ, რომ ორივე გზა მაცხოვნებელია, მაგრამ მათ შორის განსხვავებაც არის. უფალი სრულყოფილების მაძიებელს ურჩევს მოწყალების არა თანდათანობით გაცემას, როგორც ამას ცხონების გზაზე მდგომებს მოეთხოვებათ, არამედ ერთდროულად გაყიდოს მთელი თავისი ქონება და მისგან ამოღებული სრული საფასური ღარიბებს დაურიგოს (მკ. 10:21); აი ასე უნდა გაწყვიტოს მან ყველა კავშირი წუთისოფელთან, ამქვენიურობასთან ყოველი კავშირი და შეუდგეს ქრისტეს.
 

9. უნდა შევწიროთ უბრალოდ იმიტომ, რომ ამისკენ უფალი მოგვიწოდებს, თუ მოვალეობის გამო?

ქრისტიანული მემსხვერპლეობა ეფუძნება არა მარტო მოვალეობის გრძნობას, არამედ სიყვარულს: "მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია" (1 კორინთ. 13:3). ამასთანავე, წმიდა მამები გვასწავლიან, რომ მცნებების აღსრულებისკენ საკუთარი თავის იძულება გულითადი თანაგრძნობის გარეშეც სასარგებლოა ჩვენთვის. რადგან სული იძენს სიკეთის ქმნის ჩვეულებას, რომელსაც დროთა განმავლობაში შეიძლება გულიც გამოეხმაუროს.

 
მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
 
საიტი "აპოკალიფსისი". 2023 წ.
Назад к содержимому