პატრისტიკა - დაკნინებული წმინდანი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > პატრისტიკა
დაკნინებული წმინდანი
ნეტარი ავგუსტინე იპონიელი
ავტორი: ალექსანდრე ბუზდალოვი.
 
როდესაც უახლესი დროების საღვთისმეტყველო მოდერნიზმის პრინციპებსა და გზებზე ვლაპარაკობთ, შეუძლებელია არ ვახსენოთ ის ორაზროვნება, რომელიც თანამედროვე რუსულ და საერთოდ აღმოსავლურ ეკლესიაში ნეტ. ავგუსტინეს პიროვნებასთან და სწავლებასთან დაკავშირებით არსებობს.
ნეტ. ავგუსტინე უდავო ავტორიტეტით სარგებლობდა მსოფლიო საეკლესიო კრებათა ეპოქაში. ამ პატივისცემის გაცივება გვიან და შემდგომბიზანტიურ პერიოდში XI ს-ის განხეთქილებით და ლათინურ-მართლმადიდებლურ პოლემიკაში ავგუსტინიზმის სპეკულაციით, აქედან გამომდინარე კი, აღმოსავლეთის ეკლესიაში იპონიელი ეპისკოპოსის მეორე პლანზე გადაწევით აიხსნება.
 
"მარკოზ ეფესელის დროისთვის სიტყვა "ნეტარი" გამოიყენებოდა იმ მამების მიმართ, ვისი ავტორიტეტიც გარკვეულწილად  ეკლესიის დიდ მამათა ავტორიტეტზე ნაკლები იყო" (Иером. Серафим (Роуз). Вкус истинного православия / Августин: pro et contra. Личность и идейное наследие блаженного Августина в оценке русских мыслителей и исследователей. Антология. СПб., изд-во Русского Христианского гуманитарного института, 2002. С.460. Далее – Антология). მაგრამ დიდების ნათლის ამ შემცირებას არანაირი კავშირი არ ჰქონდა იმ დაუფარავ დაუდევრობასთან და თვით ავგუსტინეს ნეტარებისა და მართლმადიდებლურობის უარყოფასთან, რომელიც ახალი ღვთისმეტყველების განმასხვავებელი ნიშანი გახდა.
 
ფაქტობრივად, ეს დეკანონიზაცია მოხდა ე. წ. "ძველი ეკლესიის სწავლების აღორძინების" საზოგადო-საღვთისმეტყველო რევოლუციისა და "სქოლასტიკასთან", როგორც "დასავლურ გავლენასთან" ბრძოლის ჩარჩოებში. ეს ყველაფერი, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, ამ რომანტიკულ მოძრაობაში დაიწყო სლავიანოფილ ნეოგნოსტიკოსთა, ახალი საღვთისმეტყველო შეგნების ამ ბოროტ გენიოსთა ინიციატივით.
 
კერძოდ, ხომიაკოვის ცნობილი თეზისი იმის შესახებ, რომ "მაკარი (1) აყროლდა სქოლასტიკით", უპირველეს ყოვლისა ნიშნავდა ანტიავგუსტინურ გამოხდომას: "ის (მაკარის სხოლასტიკა) ყველაფერში ავგუსტინეს გაუთავებელ ციტირებაში ვლინდება, რომელიც ჭეშმარიტი მამაა საეკლესიო სქოლასტიკის" (Хомяков А.С. – Жуковскому В.А. 22.09.1848 / Хомяков А.С. ПСС. 1909. Т.VIII. С.188–189). მოკლედ, ვლაპარაკობთ რა "მაკარიზე" ვგულისხმობთ "ავგუსტინეს".
 
_______________
 
1. ეს გახლავთ ხომიაკოვის კარგად ცნობილი გამოხმაურება მიტრ. მაკარი ბულგაკოვის "დოგმატური ღვთისმეტყველების" სახელმძღვანელოზე. – "აპოკ." რედ.
 
_______________
 
"ეკლესიის როგორც ძველ, ასევე ახალ მამათაგან არავინ ისე არ გამოირჩეოდა ჭეშმარიტების ლოგიკურ მტკიცებათადმი სიყვარულით, როგორც ნეტარი ავგუსტინე... მისი ზოგიერთი თხზულება სილოგიზმებით ერთმანეთს რგოლებად გადაბმული ერთი თხზულების შთაბეჭდილებას ტოვებს. ამის გამო, - და, შესაძლოა, იმიტომაც, რომ ძალიან შორს შეტოპა, - გარეგნული სიმწყრობრის მიღმა ვერ შეამჩნია აზროვნების შინაგან ცალმხრივობა, რის გამოც, თავისი ცხოვრების ბოლო წლებში, იძულებული იყო თვითონვე ეწერა ზოგიერთი საკუთარი მტკიცებულების უარყოფა" (Киреевский И. В. О характере европейской цивилизации / Киреевский И.В. Собр. соч. М., 1911. Т.1, С.188–189). და თუკი თვით მღვდელმონაზონ სერაფიმეს (როუზი), რომელიც ნეტ. ავგუსტინეს საღვთისმეტყველო "გამათავისუფლებელი მოძრაობის" თავდასხმებისგან იცავდა (2), კირეევსკის ეს რელიგიურ-მოურიდებელი სიტყვები მთლიანობაში ავგუსტინეს მემკვიდრეობისადმი სწორი დამოკიდებულების ნიმუშად მოჰყავს, რაღა უნდა ვთქვათ თვით თავდამსხმელებზე?
 
_______________
 
2. "ნეტარი ავგუსტინე ბოლო დროს ამ "პატრისტიკული აღორძინების" მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა"... ზოგიერთი მეცნიერ-ღვთისმეტყველი (ცოდავს რა ავგუსტინეს შეცდომათა გადაჭარბებაში) სპეციალიზდება ავგუსტინესა და მისი ღვთისმეტყველების "გაცამტვერებაში", რითაც იმედსაც კი არ უტოვებს ვინმეს სწამდეს, რომ ავგუსტინე მაინც შეიძლება იყოს ეკლესიის მოძღვარი") (Иером. Серафим (Роуз). Замечание о нынешних клеветниках блаженного Августина. The Orthodox Word, 1978, №80).
 
_______________
 
როგორც შედეგი, ახლა მართლმადიდებლურ ეკლესიაში გვაქვს ისეთი პარადოქსალური ვითარება, როდესაც წმინდანს ("ნეტარს") თითქმის არა აქვს კანონიზაციის ატრიბუტები: ხატი, ტროპარები, ხსენების დღეც კი... უფრო სწორედ - ისინი არსებობენ, მაგრამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ მართლმადიდებლურ ენციკლოპედიაში ისეა დაწერილი, რომ მაინც არ არსებობს: "ავგუსტინეს პატივისცემის ისტორია აღმოსავლეთ ეკლესიაში, როგორც ჩანს, იწყება, მხოლოდ პოსტბიზანტიურ პერიოდში. ცნობილია ავგუსტინესადმი მიძღვნილი ორი მსახურება, რომლებიც შედგენილია ათონელი ბერის იაკობის (სმირნა, 1861 წ.) და არქიმ. იოანე დანილიდისის (ათონი, 1914 წ.) მიერ. რუსულ თვენში ავგუსტინეს ხსენება (15 აგვისტო) შეტანილ იქნა ნიკოდიმე მთაწმინდელის ბერძნული "სინაქსარისტიდან". თანამედროვე რუსეთისა და საბერძნეთის ტიპიკონებში ავგუსტინეს ხსენება მითითებული არ არის" (Степанцов С.А., Фокин А.Р. Августин / Православная энциклопедия. М.: Церковно-научный центр Русской Православной Церкви «Православная энциклопедия», 2000. Т.1. С.96-97).
 
სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ახალ ღვთისმეტყველებაში, ავგუსტინიზმის "ნეიტრალიზაციის" ყველაზე გავრცელებულ ფორმას, მისი რადიკალური უარყოფისგან განსხვავებით, წარმოადგენს ზომიერი ნიჰილიზმი, რომელიც საზოგადო კეთილგანწყობის ფონზე მისი ცალკეული "შეცდომების" შემწყნარებლურ კრიტიკაში ვლინდება.
 
ახალი გნოსტიციზმის რელიგიის პრინციპებით, ავგუსტინეს შემოქმედებაში "ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას" არ შეესაბამება მისი "ანთროპოლოგიური მინიმალიზმი" და "გამოსყიდვის იურიდიული თეორია", რომლებიც "ვერ აკმაყოფილებენ ქრისტიანული სასოების ელემენტარულ მოთხოვნასაც კი", "ვერ აძლევს პიროვნებას რწმენას საკუთარი ცხონებისადმი" (მაშინ როდესაც პიროვნების რწმენა საკუთარი ცხონებისადმი - ჭეშმარიტი ქრისტიანობის განუყრელი ატრიბუტია).
 
"ავგუსტინეს ასკეტური პესიმიზმი მოიცავს ანტიქრისტიანულ ელემენტს: ავგუსტინეს სწავლებას არ შეუძლია გადალახოს ... ჯოჯოხეთის მარადიულ სატანჯველთა შიში... ყოველ ადამიანს მოეპყრობიან სჯულის მიხედვით, და სამყაროს წესრიგი უპირველეს ყოვლისა არის მკაცრი იურიდიული წესრიგი; საღმრთო განგებულებაში იურიდიული სქემის ეს გადატანა ეკლესიის ლათინ მამათა უმრავლესობას ახასიათებს... ღმრთის განკაცების საიდუმლოსაც ავგუსტინე ამ თვალსაზრისით უყურებს... ღმერთკაცობის ძირითადი ქრისტიანული პრინციპის თვალსაზრისით, აქ, საკუთრივ, არანაირი კითხვა არ ჩნდება; რადგან ქრისტეს შეერთება ადამიანურ ბუნებასთან, ქრისტიანული სწავლების არსით ადამიანის ცხონების ერთ-ერთი მეთოდი კი არ არის, არამედ თვით ჩვენი ცხონებაა. ამ საკითხის აღმოცენება ძირითადი ქრისტიანული პრინციპისგან ავგუსტინეს ერთგვარ გადახრაზე მეტყველებს... ადამიანური ელემენტის დაკნინება გამოიხატა დასავლეთში იმ დროს მოარულ "გამოსყიდვის იურიდიულ თეორიაში, რომელიც ავგუსტინემაც აითვისა" (Трубецкой Е.Н. Религиозно-общественный идеал западного христианства / Антология. С.134-137).
 
შეიძლებოდა გაგვღიმებოდა ტრუბეცკოის მიამიტურ სისულელეზე, ახალი ანთროპოლოგიისა და სოტერიოლოგიის მიერ აღორძინებული ეს ორიგენისტული პრინციპები კრეტის კრების დოკუმენტებში რომ არ ყოფილიყო გაჟღერებული როგორც უკვე "სრულიად მართლმადიდებლური" სწავლება ("ღმრთის სიტყვის განკაცების მიზანს წარმოადგენს ადამიანის განღმრთობა. ქრისტემ, განაახლა რა საკუთარ თავში ძველი ადამი (შეად. ეფეს. 2:15), "საკუთარ თავში თანაგანაღმრთო ადამიანი, რაც ჩვენი სასოების საწყისია" (Евсевий Кесарийский, Доказательство в пользу Евангелия 4, 14. PG 22, 289). რადგან, როგორც ძველ ადამში იმყოფებოდა მთელი კაცობრიობა, ასევე ახალ ადამშიც შეიკრიბა კაცთა მთელი მოდგმა"; "ქრისტეს სამყარო ქრისტეში ყოველივეს გაერთიანების მწიფე ნაყოფია: ეს არის მასში (ქრისტეში) ადამიანური პიროვნების, როგორც ღმრთის ხატის ღირსებისა და სიდიადის, კაცთა მოდგმისა და სამყაროს ორგანული ერთობის, სამყაროს საზოგადოობის პრინციპების, თვისუფლების, სოციალური სამართლიანობის, და ბოლოს, კაცთა და მსოფლიოს ხალხთა შორის ქრისტიანული სიყვარულის ნაყოფის გამოვლენა" (Миссия Православной Церкви в современном мире. Вклад Православной Церкви в достижение мира, справедливости, свободы, братства и любви между народами и устранение расовой и прочих дискриминаций. пп. А1, В1). და, როგორც ვხედავთ, ეს შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ ეშრომა წინამორბედთა რამოდენიმე თაობას, რომელიც "ღმერთკაცობის, როგორც ძირითად ქრისტიანულ პრინციპს" ავგუსტინიზმის "ანტიქრისტიანული ელმენეტისგან", კერძოდ, "ადამიანური ელემენტის დაკნინებისგან..." წმენდდა.
 
სწორედ ამ "ადამიანურ დაკნინებას" ვერ პატიობს წმიდა ავგუსტინეს ნეოგნოსტიკური ჰუმანიზმი. სწორედ ეს ქმნის ავგუსტინიზმს (ანუ ასპროცენტიან ორთოდოქსულ "მინიმალისტურ" ანთროპოლოგიას) კატეგორიულად მიუღებელს ამ დაფარული ანთროპოთეიზმისთვის.
 
აქედან ვრცელდება ახალ ღვთისმეტყველებაში ნეტ. ავგუსტინეს დაკნინების სხვა ფორმა - მისი დამახინჯებული განმარტება საკუთარი "ღმერთკაცობრივი" თეორიების დასამტკიცებლად. კერძოდ, ასე იქცევა დეკ. გიორგი ფლოროვსკი, რომელმაც საკუთარი "ქარიზმატული" ეკლესიოლოგიისთვის ნეტარი მამის იდეები საკუთარი სიტყვებითვე გადმოსცა (იხ. გ. ფლოროვსკის ("О границах Церкви|); ასე იქცევა ვ. ნ. ლოსკი - თავისი ნეოპლატონური აპოფატიზმის, როგორც საღვთისმეტყველო სკეპტიციზმის დასაფუძნებლად (В.Н. Лосский. Учитель Августин. Элементы отрицательного богословия в мышлении блаженного Августина» / Антология. С.399-410). ან უბრალოდ ასე: "ავგუსტინეს გარდაცვალების დროიდან (430 წ. 28 აგვისტო) უკვე ათას ხუთასი წელი გავიდა, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ის - ჩვენი თანამედროვეა. მართლაც, V ს-ის ეკლესიის მამათაგან და მწერალთაგან არავინ ისე კარგად არ არის ცნობილი ჩვენთვის, როგორც ავგუსტინე. და ეს შემთხვევითი როდია... როგორც გოეთე იტყოდა... ჩვენი სიცრუეც, განა საღმრთო აზრთა ანარეკლი არ არის?... "ნუ გამოხვალ, შებრუნდი შენში! ჭეშმარიება ადამიანში ცხოვრობს", - შესძახებს ის, ისაკუთრებს რა პლატონიზმის უდიადეს იდეას, და მით ჩვენი ახალი საუკუნის დაწყებას გვამცნებს" (Карсавин Л.П. Святой Августин и наша эпоха / Антология. С.389-391).
 
"წმიდა ავგუსტინე, წმიდა გოეთე, წმიდა ღმერთი, წმიდა მე..." როდესაც ასეთ ღვთისმეტყველებას ეცნობი და ცდილობ წარმოიდგინო ამგვარი ღვთისმეტყველის გარეგნობა, ხედავ მხოლოდ ფაშფაშა თეთრ პარიკს, პოროლონის წითელ ცხვირს და არაადამიანური ზომის ფეხსაცმელებს...
 
ამრიგად, ავგუსტინიზმის ნეიტრალიზაციის ფორმები საღვთისმეტყველო მოდერნიზმში შეიძლება სხვადასხვაგვარი და თვით ურთიერთსაწინააღმდეგოც იყოს. ამასთან, ყველა მკვლევარის მიერ, გამონაკლისის გარეშე, "ნაგულისხმევად" ("by default", "по умолчанию") მიიჩნევა, რომ ავგუსტინეს მასშტაბი შეზღუდულია ადგილობრივი არეალით, როგორც იოანე მეიენდორფი ამბობდა: "ნეტარი ავგუსტინე შეიძლება ჩაითვალოს დასავლური ქრისტიანობის ჭეშმარიტ მამად" (Прот. Иоанн Мейендорф. Блаженный Августин / Антология. С.411). და კიდევ "მისი დროებით", ანუ, "ავგუსტინე, უდავოდ, დიდი ქრისტიანი და ნამდვილი წმინდადნი იყო, რომელმაც იმდენად გაასწრო თავის დროებას, რომ მის თანამედროვეთაგან, და მოგვიანებითაც კი, ვერავინ შეამჩნია მისი კონცეფციის ზოგიერთი არათანმიმდევრულობა" (იქვე. გვ. 417).
მოკლედ, ქრისტიანთა სიწმიდე და ღმრთისშემეცნება ისტორიულად არსებობს, მაგრამ, მსოფლიო საეკლესიო კრებათა ეპოქის დიდი წმინდანებიც კი ჯერ კიდევ არასრულყოფილნი ყოფილან თავიანთ "კონცეფციებში", რაც მხოლოდ შემდგომ წმინდანებს (განსაკუთრებით - დღევანდელთ) საზოგადო პნევმოგონიის მნიშვნელოვანი ზრდის შედეგად "შეუნიშნავთ"...
აქ ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ წმიდა გადმოცემისა და, კონკრეტულად, ნეტ. ავგუსტინეს მემკვიდრეობის რევიზიის ძირითადი მოტივი ახალი ღვთისმეტყველების ბანალურად გადაჭარბებული თვითწარმოდგენაა, რომელიც გნოსტიციზმის ყველა ფორმას ახასიათებს (შეად.: "XX საუკუნისთვის ის (პატრისტიკული აღორძინება) უკვე "აკადემიური" ფენომენი ხდება (და დღემდე ასეთად რჩება): ის არის აბსტრაქტული, ნამდვილ ცხოვრებას მოწყვეტილი და დაღდასმულია თანამედროვე აკადემიური წრეების უმდაბიოესი ვნებებით - თვითკმაყოფილებით, უპირატესობის წყურვილითა და სხვათა შეხედულებების კრიტიკით. ამის დასტურია "განდობილთა" პარტიებისა და წრეების ჩამოყალიბება, რომლებიც კარნახობენ მოდას შეხედულებებზე" (Иером. Серафим (Роуз). Замечание о нынешних клеветниках блаженного Августина. The Orthodox Word, 1978, № 80)).
 
ამასთან, თუკი მივმართავთ მსოფლიო კრებათა საქმეებს, დავინახავთ, რომ იპონიელი ეპისკოპოსის პატივისცემა ნეტართა რანგში (მითითებული მნიშვნელობით ის არის "ნაკლები ავტორიტეტის მამა") წარმოადგენს ქრისტეს ეკლესიაში მისი, როგორც პირველი სიდიდის განმანათლებლის ობიექტური მდგომარეობის დაკნინებას, რასაც ადასტურებენ ამავე მსოფლიო კრებათა მოწმობები, რომელთაც უმაღლესი სტატუსი ჰქონდათ და ორიენტირები უნდა ყოფილიყვნენ ყველასთვის ეკლესიის მთელი ისტორიის განმავლობაში.
 
ასე, მაგალითად, ნეტარი ავგუსტინეს გარდაცვალების შემდეგსავე წელს, ეფესოს (III მსოფლიო) კრებაზე ავგუსტინეს ანტიპელაგიანური პოლემიკა (ანუ მისი ანთროპოლოგია და სოტერიოლოგია), "ადრე გაკიცხულ და მსოფლიოში ცნობილ ცელესტიანურ ცთომილებასთან" მიმართებაში საყოველთაო აღიარებას და ზოგადსაეკლესიო სწავლების სტატუსს იძენს (Деяния Вселенских Соборов. СПб, 2008. Т. 2. С. 107). ანუ, ნეტ. ავგუსტინეს მიერ ინიცირებული და დეტერმინირებული დასავლური კრებები, რომლებმაც დაგმეს პელაგიანელობა (უპირველეს ყოვლისა კართაგენის 419 წ. კრება), იღებენ III მსოფლიო კრების რეცეფციას.
 
შემდეგ, ქალკიდონი (IV მსოფლიო კრება), სხვა მამათა შორის, ნეტ. ავგუსტინეს იმოწმებს იმ კონტექსტსა და გამონათქვამებში, რომლებიც იმდროინდელ ეკლესიაში მის ავტორიტეტულობაზე ეჭვსაც კი არ ტოვებენ: "მთელი საქმის ერთგული და მიუკერძოებელი კვლევისთვის... ასევე (წაკითხულ იქნა) წმიდა მამათა და აღმსარებელთა მოწმობები: წმიდა ილარიუსის, ეპისკოპოსისა და აღმსარებლის მე-9 წიგნიდან რწმენის შესახებ... წმიდა ავგუსტინესი, იპონიელ ეპისკოპოსისა, მისი ეპისტოლედან ვოლუზიანესადმი... მისივე, იოანეს სახარების განმარტებიდან... იმავე ავგუსტინესი, სარწმუნოების გადმოცემის შესახებ... კირილესი, ალექსანდრიის არქიეპისკოპოსისა, მისი თხზულებიდან მხოლოდშობილის განკაცების შესახებ" (Там же; т. 3, с. 281-285). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნეტ. ავგუსტინეს ქრისტოლოგია და ტრიადოლოგია მსოფლიო კრებათა მიერ ორთოდოქსული სწავლებად არის აღიარებული.
 
იმის შესახებ, რომ იპონიელი ეპისკოპოსის პატივისცემა იმ ეპოქის ეკლესიაში არა თუ არ კნინდებოდა, არამედ, პირიქით, მატულობდა, მეტყველებენ მომდევნო (მეხუთე) მსოფლიო კრების საქმეები, რომელიც ავგუსტინეს უკვე პირდაპირ ეკლესიის თორმეტ უდიდეს მოძღვართა შორის ასახელებს. თავიდან (პირველ შეკრებაზე) ამ ჭეშმარიტებამ გაიჟღერა წმ. იუსტინიანეს მიერ კრებისადმი მიწერილ სიგელში, ანუ მის დეკლარაციაში სარწმუნოების შესახებ: "ჩვენ ვიცავთ და შევიწყნარებთ იმას, რაც ერთი და იგივე სარწმუნოების შესახებ გადმოგვეცა და განგვესაზღვრა ოთხი წმიდა კრების: ნიკეის, კონსტანტინოპოლის, ეფესოს და ქალკიდონის მიერ; შევიწყნარებთ იმას, რაც მათ დააწესეს საეკლესიო წეს-ჩვეულებებთან დაკავშირებით, - შევიწყნარებთ და ვიცავთ ყოველივე იმას, რაც მათი თანხმიერია, ხოლო ყოველივეს, რაც მათი საწინააღმდეგოა, როგორც ჭეშმარიტებისგან სრულიად გაუცხოებულს, უკუვაგდებთ. მივდევთ ღმრთის ეკლესიის ყველა წმიდა მამასა და მოძღვარს, კერძოდ, ათანასეს, ჰილარიუსს, ბასილის, გრიგოლ ღვთისმეტყველს და გრიგოლ ნოსელს, ამბროსის, თეოფილეს, იოანე კონსტანტინოპოლელს, კირილეს, ავგუსტინეს, პროკლეს, ლეონს და შევიწყნარებთ ყველაფერს, რაც დაწერილია და განმარტებულია მათ მიერ მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე მწვალებელთა სამხილებლად. ამრიგად, მყარად გვიპყრია რა ყოველივე ზემოთთქმული, შევიწყნარებთ იმ მამებს და მღვდლებს, რომლებიც ღმრთის წმიდა ეკლესიაში იცავენ და ქადაგებენ იმას, რაც სარწმუნოებასთან დაკავშირებით გადმოსცა ოთხმა წმიდა მსოფლიო კრებამ და, რაც ხსენებულმა წმიდა მამებმა იქადაგეს" ( Там же; т. 5, с. 29).
 
შემდეგ მესამე შეკრებაზე იგივე დეკლარაცია გაიმეორა თვით კრებამ: "წმიდა კრებამ თქვა: ... ყოველივეს, რაც თანხმიერია ოთხი წმიდა კრების მიერ გადმოცემული დადგენილებებისა მართალ სარწმუნოებასთან დაკავშირებით, შევიწყნარებთ; ხოლო ყოველივეს, რაც ამ ოთხი წმიდა კრების საწინააღმდეგოა მართალ სარწმუნოებასთან დაკავშირებით და დაწერილია მათი შეურაცხყოფისთვის ან წინააღმდეგობისთვის, ან კიდევ ერთი რომელიმე მათგანის წინააღმდეგ მწვალებელთა და მათი უკეთური სწავლების დასაცავად, როგორც უცხოს ღვთისმოსაობისა, ვგმობთ და შევაჩვენებთ. გარდა ამისა ყოველივეში მივდევთ ეკლესიის წმიდა მამებსა და მოძღვრებს: ათანასეს, ჰილარიუსს, ბასილის, გრიგოლ ღვთისმეტყველს, გრიგოლ ნოსელს, ამბროსის, ავგუსტინეს, თეოფილეს, იოანე კონსტანტინოპოლელს, კირილეს, ლეონს, პროკლეს და შევიწყნარებთ ყოველივეს, რაც მათ გადმოგვცეს მართალი სარწმუნოების შესახებ, ასევე მწვალებელთა წინააღმდეგ. ასევე შევიწყნარებთ სხვა წმიდა მამებსაც, რომლებიც თავიანთი ცხოვრების დასასრულამდე ღმრთის წმიდა ეკლესიაში მართლმადიდებლურ რწმენას უზადოდ ქადაგებდნენ" Там же; с. 42).
 
შესაძლოა, იტყვიან სკეპტიკოსები, რომ არა მარტო ავგუსტინეა ამ სიაში საეჭვო, არამედ, მაგალითად, თეოფილე ალექსანდრიელიც, რომელიც დევნიდა წმ. იოანე ოქროპირს და ამიტომაც, შემდგომში სიწმიდის საეკლესიო ცენზს ვერ ეღირსა. მაგრამ ალექსანდრიის პატრიარქის ბიოგრაფიაში არსებული ეს ბნელი ლაქა, - რომლის შესახებაც შეუძლებელია კრების მამებს არ ცოდნოდათ, - ვერ გააუქმებს მის დამსახურებებს ეკლესიის წინაშე და მის ღვაწლს "მართალი რწმენის" დამტკიცებისა და დაცვის საქმეში (კერძოდ, თეოფილე ცნობილია თავისი ბრძოლით ადგილობრივი ორიგენიზმის წინაარმდეგ, რაც მე-5 მსოფლიო კრებისთვის განსაკუთრებულად აქტუალური იყო), რაც შთააგონებს მათ თანასწორ რანგში დააყენონ თეოფილე მართლმორწმუნოების მქადაგებელთა გვერდით და არაერთხელ დაიმოწმონ იგი.
 
ზუსტად ასევე ნეტ. ავგუსტინეს სწავლების ორთოდოქსალურობის დასტურად კრების მსვლელობის დროს მომხსენებლები ხშირად იმოწმებენ მის თხზულებებს კონკრეტულ საკითხებზე (ძირითადად ეკლესიოლოგიის სფეროში): "ბენიგნემ, პელოგონის ჰერაკლიის ეპისკოპოსმა, რომელიც თესალონიკელი ეპისკოპოსისა და ღირსპატივსაცემი კაცის ილიას ადგილს იკავებდა, წამოდგა და ასე თქვა: "ის, რაც ახლა იქნა წაკითხული წმიდად სახსოვარ ავგუსტინეს თხზულებიდან, საქმეთა მდგომარეობის შესაბამისია, რომელიც ეკლესიაში დასაბამიდანვეა დაცული".
 
"წაკითხულ იქნა ასევე ღირსსახსოვარი და აფრიკელ ეპისკოპოსთა შორის მბრწყინავი ავგუსტინეს სხვადასხვა ეპისტოლე, რომლებიც აჩვენებენ, რომ მწვალებლები სიკვდილის შემდეგაც უნდა დაექვემდებარონ ანათემას".
 
"... ჩვენმა მამებმა, უპირატესად უნეტარესმა ავგუსტინემ, რომაული მჭევრმეტყველების მოძღვარმა, რომელიც გაბრწყინდა ღმრთითშთაგონებული წერილებით..."
 
"რატომ არ უნდა დავიმოწმოთ თუნდაც ნეტარი ავგუსტინეს სიტყვები ერთობის შენარჩუნების შესახებ? ის, ლაპარაკობს რა ერთ ნათლობაზე, მართლად რაცხს მოწამე კვიპრიანეს, რომელიც ნათლობის განმეორებაზე წერდა, რადგან მცირედი შეცდომისდა მიუხედავად, არასოდეს განშორებია მთელ ეკლესიას" (Там же; сс. 101, 212, 234, 260).
 
ავგუსტინეს იმავე მაქსიმალური ავტორიტეტის დეკლარირებას ახდენს VI მსოფლიო კრებაც: "ვიღებთ, ვიცავთ, ერთნაირი მონდომებითა და განწყობით ვქადაგებთ წმიდა მოციქულთა გადმოცემას და ღირს მამათა სწავლებებს, რომლებიც ზემოთხსენებულ კრებებს ესწრებოდნენ, განსაკუთრებით სამოციქულო საყდრის წინამძღვრის, ღირსსახსოვარი ნეტარი ლეონის სიტყვებს; შევიწყნარებთ ასევე მართლმადიდებელ მამებს, რომლებმაც სხვადასხვა ქვეყანაში, ანთებულნი იყვნენ რა ღმრთისადმი მოშურნეობით, სულის მაცხოვნებელი სწავლებები დაგვიტოვეს, როგორებიც იყვნენ: ღირსსახსოვარი გრიგოლი, ნაზიანზის ეპისკოპოსი, ბასილი, კაპადოკიის ეპისკოპოსი, კირილე, ალექსანდრიის წინამძღვარი, ათანასე, იმავე ალექსანდრიის ეკლესიის მღვდელმთავარი, ასევე იოანე, კონსტანტინოპოლის წინამძღვარი, ჰილარიუსი, პიქტავიის ეპისკოპოსი, ყოველგვარი სიბრძნით განთქმული ავგუსტინე, იპონიის ეპისკოპოსი, ქრისტეს ღირსეული გვირგვინი - ამბროსი აღმსარებელი, მედიოლანის ეკლესიის წინამძღვარი, და ასევე უგანსწავლულესი და უგანათლებულესი პრესვიტერი იერონიმე. ყოველგვარი ერთგულებით შევიწყნარებთ იმას, რასაც ასწავლიდნენ და გვიქადაგებდნენ, რასაც იცავდნენ ისინი, ვიღებთ ყველა მათ დადგენილებას და განსაზღვრებას. ასევე საჭიროდ ჩავთვალეთ ყოველივე ზემოთთქმულისთვის დაგვემატებინა ჩვენი სარწმუნოების აღსარების გადმოცემა" (Там же; т. 6, с. 24)) "და ასევე ჩვენი ღვთისმეტყველების კერძო საკითხები" ("ამ საღმრთო სიტყვებს განგვიმარტავს ნეტარი ავგუსტინე, სახელგანთქმული მოძღვარი, მაქსიმინე არიანელის მამხილებელი"; "ჭეშმარიტების უბრძენესი მოძღვარი, ნეტარი ავგუსტინე, თავისი განსჯის მეხუთე წიგნში ივლიანე პელაგიანელის წინააღმდეგ"; "იმავე კოდექსიდან კიდევ წაკითხულ იქნა ნეტარ ავგუსტინეს, იპონიელი ეპისკოპოსის მოწმობა, ივლიანე პელაგიანელის წინააღმდეგ დაწერილი მეხუთე წიგნიდან") (Там же; сс. 50, 53, 149).
 
დასასრულ, ბოლო მსოფლიო კრებამ ასევე განადიდა იპონიელი ეპისკოპოსი და მას უწოდა "ნეტარი ავგუსტინე, უდიდებულესი მამა და უბრწყინვალესი მოძღვარი" (Там же; т.7, с. 85), რითაც დაადასტურა მისი მართლმადიდებლურობა და სიწმიდე, რომელსაც შესაბამისი აუცილებელი რეცეფცია უკვე გავლილი ჰქონდა.
 
ამგვარად, ეკლესიის წინაშე ნეტ. ავგუსტინეს დამსახურებების შეფასება მისი გარდაცვალების შემდეგ მოწვეულ მსოფლიო კრებათა მიერ, უმაღლეს ხასიათს ატარებს და თვით ავგუსტინეს არსებულ ხარისხთაგან უმეტესსა და უზენაესს ანიჭებს. თვით ამ კრებათა ღვთისმეტყველება - ეს ნეტარი ავგუსტინეს ღვთისმეტყველებაა.

მიუხედავად იმისა, რომ XVIII-XIX საუკუნეებში რუსი მღვდელმთავრებისა და ნიკოდიმე მთაწმინდელის მიერ ნეტარი ავგუსტინეს დიდება ნაწილობრივ აღდგენილ იქნა და მისი სახელი გამოჩნდა ჯერ ბერძნულ, შემდეგ კი რუსულ სვინაქსარებში (რაც შეიძლება განვიხილოთ, როგორც პროვიდენციალური მოვლენა მოსალოდნელი საღვთისმეტყველო-რევოლუციური ნიჰილიზმის წინაშე), XX ს-ში ნეოგნოსტიკური "აღორძინების" მზარდი ზეწოლა თავისას აკეთებს. ამასთან, თანამედროვე ეკლესიაში ესოდენ უდიდესი მამის პატივისცემის არარსებობა, ელემენტარული სამართლიანობის დარღვევის გარდა, ქმნის ასევე საღვთისმეტყველო სპეკულაციების ნიადაგს, რადგან თუკი ერთ-ერთი ობიექტურად უდიდესი წმინდანი, თანამედროვე ეკლესიის საყოველთაო მასშტაბით, ქრონიკული "ცთომილების" მდგომარეობაში იმყოფება, ხომ არ ხდება ეს ვითარება დღევანდელი საღვთისმეტყველო აზროვნების ყოველგვარი რყევის მიზეზი, თავისი ნეოპელაგიანური და ნეოგნოსტიკური ტენდენციებით, ანუ ხომ არ არის მასში იმ ანთროპოლოგიური მაქსიმალიზმისა და სოტერიოლოგიური ოპტიმიზმის ცრუსწავლებათა საფუძველი, რომლებთან ძლევამოსილ ბრძოლაში ყველაზე მეტად იღვწოდა ხსენებული წმინდანი?
 
თუკი XVIII-XIX საუკუნეების ყბადაღებული "ლათინური (სქოლასტიკური) ტყვეობა", თავისი არსით, წარმოადგენდა საყოველთაო ეკლესიის მოძღვრის ნეტარი ავგუსტინეს პატივისცემისა და ავტორიტეტის აღორძინებას, პატრისტიკის ნამდვილ რენესანსს, მაშინ გასაგები ხდება, რელიგიურ-ფილოსოფიური რომანტიზმისა და მისი მიმდევრების ძალისხმევით ამ "ტყვეობიდან" "გათავისუფლება" რატომ შემობრუნდა საღვთისმეტყველო აზროვნების სისტემურ კრიზისად, ფაქტობრივად კი მსოფლიო კრებათა სწავლებებისგან განდგომად მთელ რიგ დოგმატურ საკითხში.
 
ღმრთის ნებით, თუკი ოდესმე მართლმადიდებელი ეკლესია ნეოგნოსტიციზმის ტყვეობისგან თავის დაღწევას შეძლებს, ამ გათავისუფლების უდავო პირობად იპონიელი ეპისკოპოსის პატივისცემის განახლება უნდა გახდეს, რადგან ამ ტყვეობის ერთ-ერთი რუბიკონი მისი იმ პატივის დაკნინებაა, რომელი პატივიც ჯერ კიდევ მსოფლიო კრებების მიერ იყო აღიარებული.
 
წყარო: https://antimodern.ru/st_augustin/
 
საიტი "აპოკალიფსისი" 2021 წ.
Назад к содержимому