განმარტება - რას ნიშნავს აპოკალიფსისის წიგნში ნაუწყები ათდღიანი ურვა? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
რას ნიშნავს აპოკალიფსისის წიგნში ნაუწყები ათდღიანი ურვა?

(იხ. გამოცხ. 2:10)
სმირნის ეკლესიის ათდღიანი ურვა
მეტაფორული დროითი სიმბოლიკის (რომლის გარჩევასაც მიეძღვნა წინა პუბლიკაცია) ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში გახლავთ უფლის სიტყვა "ათ დღიან ურვაზე", რომელიც მცირე აზიის ქალაქ სმირნას ეკლესიას ეწინასწარმეტყველა:
 
"ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, - თუმცაღა მდიდარი ხარ, - და გმობა მათგან, რომელნიც ამბობენ, იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ საკრებულო სატანისა. ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი დათმენაც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი აპირებს ზოგი თქვენგანი გამოსაცდელად ჩააგდოს საპყრობილეში; და გექნებათ ურვა ათი დღე. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ შენ სიცოცხლის გვირგვინს" (გამოცხ. 2:9-10).
 
ერთი მხრივ, შეიძლება შევნიშნოთ, რომ გამოცხადების 2:9-10-ში მონიშნული მოვლენების საერთო აზრი ზუსტად შეესაბამება მაცხოვრის წინასწარმეტყველებას ახალაღთქმისეულ დროზე, რომელიც მან ელეონის მთაზე იუწყა. შეად.:
 
"არამედ მიხედეთ თქვენს თავს, რადგანაც მიგცემენ სამართალში, მათრახით გცემენ სინაგოგებში, და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, რათა უმოწმოთ მათ" (მარკ. 13:9).
 
"უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო" (ლუკა 21:12).
 
მეორე მხრივ, განსაკუთრებული დროითი პერიოდები რომელთა ხანგრძლივობა არის "ათი დღე" არაერთხელ არის ნახსენები ძველი აღთქმის სხვადასხვა წმიდა წიგნში, თანაც ისეთ კონტექსტებში, რომ ახალაღთქმისეული გამოცხადების შუქზე მათში იხსნება გასაოცარი, მომხიბლავი და ჰარმონიული წინასწარმეტყველური მოწმობანი, რომლებიც გვიხატავენ არა დროის კონკრეტულ შუალედს, არამედ სახარების დროების მთელ სისრულეს.
 
ასე, მაგალითად, დაბადების წიგნში (თ. 24) "ათი დღე" - ეს არის ვადა, რომლის დროსაც, ისააკისადმი დაწინდულ რებეკას შეეძლო სახლში, თავის ოჯახში დარჩენა, და მხოლოდ შემდეგ შედგომოდა საშიშ გზას თავის შორეულ საქმროსკენ.
 
მაგრამ მართალი რებეკა ერთი დღითაც კი არ დარჩა ნახორში:
 
"როცა მოისმინა აბრაამის მორჩილმა მათი ნათქვამი, მდაბლად თაყვანისცა უფალს. ამოიღო მორჩილმა ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი და სამოსელი და მისცა რებეკას; მის ძმას და დედასაც მიართვა ძვირფასი საჩუქრები. ჭამეს და სვეს მან და მისმა თანმხლებმა კაცებმა; ღამე გაათიეს. ადგნენ დილით და თქვა მორჩილმა: გამიშვით ჩემს პატრონთან. უთხრეს ქალის ძმამ და დედამ: დარჩეს ჩვენთან ყმაწვილი ქალი ერთხანს, ათი დღით მაინც. მერე კი წადი.  უთხრა მორჩილმა: ნუ დამაკავებთ. სასიკეთოდ წარუმართავს უფალს გზა ჩემთვის. გამიშვით და წავალ ჩემს პატრონთან. თქვეს: დავუძახოთ ყმაწვილ ქალს და ვკითხოთ, რას იტყვის. დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს: თუ წახვალ ამ კაცთან ერთად? უთხრა: წავალ" (დაბ. 24:52-58).
 
ამასთან, სახარებისეული მოვლენების შუქზე "რებეკას დაწინდვაში" იხსნება ახალაღთქმისეული რეალობის მონახაზი, სადაც "პატარძალი რებეკა" არის ქრისტიანებისა და მთელი ეკლესიის წინასახე, "აბრაამის მონა" - მახარობელთა წინასახეა, ხოლო "სიძე ისააკი", რომლისკენაც მიილტვის დაწინდული რებეკა, თვით იესუ ქრისტეს წინასახეს წარმოადგენს.
 
შესაბამისად, ის "ათდღიანი გადადება", რომელსაც ითხოვდნენ რებეკას ნათესავები, წარმოადგენს იმ დროის სახეს, რომელიც უნდა გაატარონ ქრისტიანებმა მაცხოვრისკენ მიმავალ გზაზე (და არა "ხორციელი ოჯახის წრეში", რომელიც, ამ შემთხვევაში, "წუთისოფლის" სიმბოლოა).
 
სხვა სიტყვებით, მთელი "ნათესაური კავშირი ქვეყნიერებასთან" ქრისტეს მორწმუნეებმა იმწამსვე უნდა გაწყვიტონ, როგორც კი მომწოდებლის (ანუ ქრისტეს) განსაკუთრებულ წინდს მიიღებენ (ეს წინდი დაბადების წიგნში დახატულია "ოქროსა და ვერცხლის ჭურჭლის" სახით (დაბ. 24:53, შეად. – 2 კორინთ. 5:5), - და შემდეგ მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა მისდევდნენ ღვთისმოსაობის ნიმუშს, მორჩილებას, გამბედაობას და ერთგულებას, რომელიც მართალი რებეკასთვის იყო დამახასიათებელი.
 
მეტიც, მთელი ეკლესიის მასშტაბით, მოვლენათა სიმბოლური აღქმა, რომლებიც რებეკას დაწინდვასთან არის დაკავშირებული, წარმოადგენს "ათ დღეს" და ეს არის ახალი აღთქმის დროის სისრულის წინასწარმეტყველური სახე, რომელიც კაცობრიობისთვის დაიწყო ხარებით, და გაგრძელდება ქრისტესა და მისი პატარძლის შეხვედრით მისი მეორედ მოსვლის დროს. ამ დღეებს რებეკა-ეკლესია გაატარებს ქრისტესკენ მიმავალ გზაში, რომლის შემდეგაც მეორედ მოსვლისას შედგება "კრავის ქორწინება", და ქრისტეს ეკლესია გაიხსნება მთელი სამყაროსთვის იმ დედაკაცის ძალითა და დიდებით, რომელიც შემოსილი იყო თავისი სასიძოს ზეციური დიდებით. შეად.:
 
"გვიხაროდეს და ვილხენდეთ, და დიდება მივაგოთ მას, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა სასძლომ განიმზადა თავი. ... დაწერე: ნეტარნი არიან კრავის საქორწინო სერობაზე წვეულნი" (გამოცხ. 19:7-9).
 
"ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული" (გამოცხ. 21:2).
 
გარდა ამისა, დანიელ წინასწარმეტყველის წიგნში "ათი დღით" აღნიშნულია დროება, რომელიც ყმაწვილმა დანიელმა აშფენაზისგან (ძვ. ქართ.: ასფანაქსი - "აპოკ". რედ.) გამოითხოვა ღმრთის ოთხი ყმაწვილის გამოსაცდელად მარხვასა და თავშეკავებაში (ანუ "მწვანილი" და "წყალი").
 
მთელი ამ დღეების განმავლობაში ყმაწვილები სხვებზე მეტად უნდა გამხდარიყვნენ, - მაგრამ "ათი დღის" გასვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ისინი უკეთ გამოიყურებიან, ვიდრე ისინი, ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში იღებდა "სამეფო" საკვებს (ანუ "წუთისოფლისეულს"), შეად.:
 
"უთხრა დანიელმა მწდეს, რომელსაც საჭურისთა მთავარმა ჩააბარა დანიელი, ხანანია, მისაელი და ყაზარია. მოდი, ათი დღის მანძილზე გამოსცადე შენი მორჩილნი: დაე, საჭმელად მწვანილი მოგვცენ და სასმელად - წყალი. მერე კი ნახე ჩვენი პირისახე და პირისახე იმ ყმაწვილებისა, სამეფო ულუფას რომ ჭამენ. და როგორც გენებოს, ისე მოგვექეცი შენს მორჩილთ. დაუჯერა მათ და ათი დღე სცდიდა. ათი დღე რომ გავიდა, აღმოჩნდა, რომ ისინი შესახედაობით უფრო ლამაზები და ჯანიანები იყვნენ, ვიდრე ის ყმაწვილები, სამეფო ულუფას რომ ჭამდნენ" (დანიელი 1:11-15).
 
სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ "დანიელის ათ დღეს" ისეთივე წინასწარმეტყველურ-სიმბოლური აზრი აქვს, როგორიც "რებეკას ათ დღეს", - ოღონდ დანიელის წიგნში სამყაროს ხატებად წარმოდგება არა "ხორციელი ოჯახი", არამედ "სხვა ყმაწვილები" და "საჭურისთა მთავარი" (თანაც "მთავარია" ის არა შემთხვევით, და ასევე არ არის შემთხვევითი ის, რომ "საჭურისთა მთვრად" არის დადგენილი).
 
ამასთან იმ საკვებს, რომელიც დანიელმა გამოითოხვა "სამეფო" საკვების ნაცვლად, ხატოვანი აზრით ცოცხალი კავშირი გააჩნია უფლის სიტყვებთან "არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან" (მათე 4:4), ასევე გამოცხადების სიტყვებთან, სადაც ნათქვამია: "... მძლეველს მივცემ საჭმელად დაფარულ მანანას, ... (გამოცხ. 2:17).
 
და ამავე ძველაღთქმისეულ წიგნში მოცემულია "ათი დღის" კიდევ ერთი ახალაღთქმისეული სიმბოლო, რომელიც არც ისე აშკარაა, რადგან ბუკვალური აზრით არ აითვლება არც "ათ დღედ", და არც საერთოდ რაიმე დღეებად, - მაგრამ მიეკუთვნება იმავე "აზრობრივ დროით შკალას", სადაც შვიდეულის დღეები და წლის შვიდეულები სამყაროს საღმრთო აღმშენებლობის განსაზღვრულ ეტაპებზე უთითებენ:
 
"იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი, ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს" (დანიელი 9:27).
 
მსჯელობა ქრისტიანულ გარემოში დროითი სიმბოლოს ამ ფართოდ განხილვადი შესატყვისობის შესახებ იმ "ათ დღესთან", რომლებიც ნახსენებია გამოცხადების წიგნში, შორიდან უნდა დავიწყოთ, - მაგალითად, იმ შენიშვნიდან, რომ ბუკვალური ათი დღე მათი "მიწიერი" ათვლით შედგება ერთი სრული შვიდეულისგან და "დამატებითი" სამი სრული დღისგან (დღე-ღამის თვალსაზრისით).
 
მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც "ათი დღით" მონიშნულია დრო, რომელიც უნდა გავიდეს რომელიმე კონკრეტულ მოვლენამდე (მაგალითად, ქრისტესა და ეკლესიის ქორწინებამდე), - უკანასკნელი ათი დღე "წარსულად" შეიძლება იწოდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის დასრულდება. ხოლო ყოველი ბიბლიური დღე მთავრდება ღამის დადგომით (ახალი დღე ძველაღთქმისეულ და მართლმადიდებლურ საღვთისმსახურებო დღე-ღამურ წრეში აითვლება მზის ჩასვლიდან, როგორც ეს თავიდანვე იყო დაწესებული: "იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე" (დაბ. 1:5).
 
შესაბამისად, თუკი მარადიული დღის დადგომას ველით "ათი დღის" გასვლის შემდეგ, - ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ მეთერთმეტე კალენდრული დღის განთიადზე (როდესაც გავიდა ათი დღე და კიდევ ერთი ღამე, და უბრალოდ მეთერთმეტე დღე-ღამე, ანუ მეთერთმეტე დღის ღამე კი არ დაიწყო, არამედ მისი მომდევნო ნათელი დღე დადგა).
 
რადგან ქრისტესა და ეკლესიის ქორწინების ნათელი დღე არასოდეს დასრულდება, რადგან "სიმართლის მზე" უკვე აღარასოდეს ჩავა, და ბნელეთის დროება უკვე აღარასოდეს დადგება, - დღეთა ათვლით, რომლებიც უნდა გავიდეს ამ მოვლენამდე (ანუ ახალი განთიადის დაწყებამდე წარსული ათი დღის გასვლის შემდეგ) გავა უფრო მეტი დრო, ვიდრე ათი დღეა. ანუ ათი სრული დღე, - და მეთერთმეტე დღის "ღამის" ნახევარი, რომელიც ძველი სამყაროს უკანასკნელი ღამე იქნება, შეად.:
 
"ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი ღამით" (2 პეტრე 3:10).
 
"დღე უფლისა მოვა, როგორც მპარავი ღამით" (1 თესალონიკ. 5:2).
 
შედეგად, წარსული ათი დღის წინასწარმეტყველური მნიშვნელობა, - რომლებიც ათვლილია არა ფორმალურად, არამედ "გათენებამდე", ანუ კიდევ ერთი ღამის გათვალისწინებით, - რიცხობრივი და ლოგიკური აზრით ზუსტად შესაბამისი იქნება სრული შვიდეულისა (ანუ 7 დღისა), და შვიდეულის "დამატებითი" ნახევრისა (ანუ 3,5 დღისა).
 
ეს კი ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მოწმობაში მომავალ დროზე, რომელიც მოცემულია დანიელის 9:27-ში ნახსენებია ორი სხვადასხვა შვიდეული (ერთი, რომელიც "განამტკიცებს აღთქმას", ხოლო მეორე მისი მომდევნო შვიდეული, როდესაც "შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს"), - "შვიდეულსა და შვიდეულის ნახევარში" იხსნება დროის ზუსტად ისეთივე ხატება, როგორიცა იხსნება რებეკას "ათ დღესა", და დანიელის "ათ დღეში".
 
"იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს..." (დანიელი 9:27).
 
მეტიც, თუკი "შვიდეულსა და შვიდეულის ნახევარში" დავინახავთ იმ "ათ დღეს", რომლის დასასრულის შემდეგ მოხდება "გამტიალებლის საბოლოო და წინასწარგანსაზღვრული" დაღუპვა, - ზუსტად იგივე წინასწარმეტყველური აზრი გაისხნება კიდევ ერთ ძველაღთქმისეულ ბიბლიურ ხატებაში, რომელსაც შეიძლება "აბიგაილის ათი დღე" ვუწოდოთ (1 მეფ. 25).
 
ეს "ათი წინასწარმეტყველური დღე" აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც ნაბალის ცოლი აბიგაილი თავისი პირველი ქმრისგან საიდუმლოთ თაყვანს სცემს დავითს, - და დასრულდა მაშინ, როდესაც ბოროტი ნაბალი მოსწყლა უფალმა, და "ბოროტება მასვე დაატეხა თავზე" (1 მეფ. 25:39).
 
"მიიღო დავითმა აბიგაილის ხელიდან ყველაფერი, რაც მოტანილი ჰქონდა მისთვის აბიგაილს, და უთხრა: მშვიდობით წადი შენს სახლში. ხომ ხედავ, შევიწყნარე შენი ვედრება და გაპატიე. მივიდა აბიგაილი ნაბალთან. და, აჰა, ლხინი ჰქონდა სახლში, სამეფო ლხინის მსგავსი. გული უხაროდა ნაბალს და ძალიან მთვრალი იყო. არაფერი უთქვამს მისთვსა დილამდე აბიგაილს, არც მცირე, არც დიდი. მეორე დილით, როცა ღვინო გამოუნელდა ნაბალს, ყველაფერი უამბო მას ცოლმა. გული ჩაუკვდა მკერდში ნაბალს და ქვასავით გახდა კაცი. ათიოდე დღის შემდეგ დაჰკრა უფალმა ნაბალს და მოკვდა იგი. გაიგო დავითმა ნაბალის სიკვდილი და თქვა: კურთხეულია უფალი, რომ უზღო ნაბალს ჩემი შეურაცხყოფისათვის, რომ აარიდა თავისი მორჩილი ბოროტის ქმნას და ნაბალის ბოროტება მასვე დაატეხა თავზე უფალმა. მაშინ შეუთვალა დავითმა აბიგაილს, რომ ცოლად თხოულობდა მას" (1 მეფ. 25:35-39).  
 
თანაც ბიბლიური მყარი სიმბოლიზმის კრებითი აზრის გათვალისწინებით, "ათი დღის" სახარებისეული მოწმობები, რომლებიც დაფარულია "დავითისა და აბიგაილის ათ დღეში", იმდენად მკაფიოდ გამოიყურება, რომ დამატებით განმარტებას არც კი საჭიროებს.
 
ყველაზე ზოგადი აზრით კი შეგვიძლია კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ "ათი დღის" სხვადასხვა ბიბლიურ ხატებათა ერთობლიობა, რომლებიც მოიცავენ ახალაღთქმისეული მოვლენების მთელ სისავსეს, წარმოადგენენ ხატებათა და მნიშვნელობათა ურთიერთმოწმობის ბრწყინვალე მაგალითს, რომლებიც მონიშნულია ძველი აღთქმის მოვლენებში, - და იმ "მეტაფორულ დროებაში", რომლებიც ნაწინასწარმეტყველებია იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში ქ. სმირნის ეკლესიის მიმართ.

მასალა მომზდებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში
Назад к содержимому