განმარტება - I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები - აპოკ_6_1_17 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები
აპოკალიფსისი

იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება


თავი 6

შვიდი ბეჭდის მოხსნა

6:1-17

პირველი ბეჭედი: თეთრი ცხენი

6:1-2




ძვ. ქართ.:

1. და ვიხილე, რამეთუ აღაღო კრავმან მან ერთი შჳდთა მათ ბეჭედთაგანი, და მესმა ერთისა ცხოველთა მათგანისაჲ, რომელი იტყოდა, ვითარცა ჴმითა ქუხილისაჲთა, ვითარმედ: მოვედ და იხილე.
 
2. და აჰა ცხენი სპეტაკი, და მჯდომარესა მას ზედა აქუნდა მშჳლდი, და მიეცა მას გჳრგჳნი, და განვიდა ძლევითა, და სძლოსცა.  


ახ. ქართ.:

1. კვლავ ვიხილე, რომ კრავმა ახსნა ერთი შვიდ ბეჭედთაგანი, და მომესმა ოთხ ცხოველთაგან ერთ-ერთის მგრგვინავი ხმა: მოდი და იხილე!
 
2. და, აჰა, თეთრი ცხენი, და ზედ მჯდომარე მხედარი მშვილდოსანი, რომელსაც მიეცა გვირგვინი, და გამოვიდა მძლეველი, რათა სძლიოს.


***
 
 
მიმოხილვა: წინასწარმეტყველება იხსნება ბეჭდების მოხსნით (ვიქტორინე პეტავიელი), რაც ასევე ნიშნავს ღმრთისადმი სიახლოვის აღდგენას (ეკუმენიოსი). სულის სიტყვები გამსჭვალავენ გულს და ძლევენ ურწმუნოებას (ვიქტორინე პეტავიელი). თეთრი ცხენი - ეს არის სახარება, ასევე წინასწარმეტყველები და მოციქულები, გვირგვინი - ქრისტეს მიერ სიკვდილზე ძლევის ნიშანია (ეკუმენიოსი, ბედა პატივდებული). მშვილდი - ღმრთის სიტყვის ქადაგება (პრიმაზიუსი, კესარიოს არლელი). პირველი გამარჯვება - წარმართთა მოქცევაა, მეორე - აღდგომა ტანჯვის შემდეგ (ანდრია კესარიელი).
 

***


1. კვლავ ვიხილე, რომ კრავმა ახსნა ერთი შვიდ ბეჭედთაგანი, და მომესმა ოთხ ცხოველთაგან ერთ-ერთის მგრგვინავი ხმა: მოდი!
 
 
მომავლის წინასწარმეტყველება
   
ბეჭდების მოხსნა, როგორც უკვე ვთქვით, ეს არის ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების გახსნა და წინასწარ უწყება იმისა, რაც მომავალში მოხდება, და რომლის შესახებაც თუმც წინასწარმეტყველური წერილი ამბობს ერთიანი ბეჭდის მოხსნით, წინასწარმეტყველება მაინც იძენს თანმიმდევრულობას, როდესაც იხსნება ყველა ბეჭედი. ... ოთხ ცხოველთაგან ერთ-ერთის - რადგან ოთხივე არსებითად ერთია. მოდი და იხილე: მოდი - ეხება რწმენისკენ მოწოდებულთ, ხოლო იხილე - იმას, ვისაც არ უხილავს.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ის, რომ წიგნი დახურული და დაბეჭდილია, იმ ადამიანების გაუცხოებას აღნიშნავს, რომელთა შესახებაც არის მასში დაწერილი... ბეჭდების ნაწილობრივი ახსნა აღნიშნავს ღმერთთან სიახლოვის თანდათანობით აღდგენას, რითაც უზრუნველგვყო მხოლოდშობილმა, როდესაც განკაცდა და თავისივე კეთილი საქმეებით გამოასწორა ჩვენი შეცდომები.
 
უნდა ვიცოდეთ, რომ თითოეული ბეჭდის ახსნა გვიჩვენებს უფლის რომელიმე საქმეს, ჩვენს გამოსახსნელად აღსრულებულს, და მის მცდელობას ჩვენი აზრისმიერი მტრების წინააღმდეგ, რადგან მისი ზრუნვა ჩვენზე იმ მტრების ბატონობის გაუქმებაა. ამიტომ ჩვენი მაცხოვრის პირველი კეთილი საქმე, რომელმაც წიგნიდან ახსნა პირველი ბეჭედი და სათავე დაუდო ჩვენს ხელახლა შობას (რის შედეგადაც დავაღწიეთ თავი იმას, სადაც ადამის ცოდვის გამო აღმოვჩნდით), ღმერთთან ჩვენი დაკარგული ერთობის აღდგენას და ჩვენი დუმილის შეცვლას ხმის უფლებით, ეს იყო უფლის ხორციელად შობა; და ამან განწმინდა ჩვენი დაბადება, რათა აღარ ვყოფილიყავით ურჯულოებაში ჩასახულნი და დედებს ცოდვით არ ვეშვით (შეად. ფსალმ. 50:7 - რედ.), არამედ ისე, რომ ქრისტეს შობა, რომელმაც აკურთხა ჩვენი დაბადება თავისი შობით, წმინდა ყოფილიყო ჩვენთვის. და საღვთო მოციქულიც, როგორც ადამიანებისადმი აღმოჩენილი ამ პატივის მოწმე, წერს: თორემ თქვენი შვილები არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან (1 კორინთ. 7:14).
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება
 
 
ხმა ქადაგებისა
 
მან თქვა - მომესმა ოთხ ცხოველთაგან ერთ-ერთის მგრგვინავი ხმა: მოდი -ეს ერთი ცხოველი არის ეკლესია, რომელიც ქადაგების მგრგვინავი ხმით აცხადებს და მიმდევარს ჭეშმარიტი ეკლესიისკენ მოუხმობს: ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას (იოანე 7:37); მისი შემყურენი განათებულან (ფსალმ. 33:6); გაიღვიძე მძინარევ, აღსდეგ მკვდრეთით, და გაგანათლებს შენ ქრისტე (ეფეს. 5:14).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
მოციქულთა ძალაუფლება
   
აქ იგულისხმება ზეციური მხედრობის სიკეთის მომტანი იერარქიული წესრიგი, რომ პირველი (აღმატებული) დასიდან ყოველივე მეორეს (უფრო დაბალი ხარისხისას) გადაეცემა. ამ ოთხსახოვან ცხოველთაგან პირველად ლომის მგრგვინავი ხმა გაისმა. ეს ხმა უბრძანებდა ხილვის საიდუმლოს გამომხატველ ანგელოზს, მისულიყო მასტან. ვფიქრობ, რომ პირველი ცხოველი - ლომი - მოასწავებს (აღნიშნავს) მოციქულთა გონებას, მათ მეფურ უფლებამოსილებას დემონებსა და ვნებებზე.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
2. და, აჰა, თეთრი ცხენი, და ზედ მჯდომარე მხედარი მშვილდოსანი, რომელსაც მიეცა გვირგვინი, და გამოვიდა მძლეველი, რათა სძლიოს.
 
 
წინასწარმეტყველების სიტყვა
   
როდესაც ახსნილ იქნა პირველი ბეჭედი, - როდესაც იოანე ამბობს, რომ იხილა თეთრი ცხენი და ზედ მჯდომარე მხედარი მშვილდოსანი, რომელსაც მიეცა გვირგვინი, - ეს არის ის, რაც გაკეთდა პირველ რიგში. ამის შემდეგ ჩვენი უფალი ავიდა ზეცად, გახსნა ყოველივე (არსებული) და გამოაგზავნა სულიწმიდა, რომლის სიტყვებმა, წინასწარმეტყველთა მიერ, როგორც ისრებმა, შემოაღწიეს ადამიანთა გულებში და გაიმარჯვეს ურწმუნოებაზე. გვირგვინი ­ სულიწმიდის მიერ აღეთქვა წინასწარმეტყველთ. შედეგად, თეთრი ცხენი - ეს სულიწმიდით გამოთქმული წინასწარმეტყველური სიტყვაა, რომელიც სამყაროს გამოეგზავნა. ხოლო უფალი ამბობს: და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული (მათე 24:14).
 
ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ქრისტე - მხედარი
   
ამ ცხენის ქვეშ, ჭეშმარიტების მოციქულთა და წინასწარმეტყველებთან ერთად, შეიძლება მოვიაზროთ ეკლესია, რომელიც მადლით გახდა თოვლზე უფრო თეთრი, რომლის მხედარიც არის ქრისტე. ამიტომ მისთვის წინასწარმეტყველის პირით ნათქვამია: შენს ცხენებზე, შენს ძლევის ეტლებზე რომ ამხედრდი (აბაკ. 3:8); ამიტომ არის ნათქვამი, რომ მას უპყრია მშვილდი, სახე ღვთის სიტყვის ქადაგებისა, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულის განგმირვა და რწმენის ნაყოფის გამოღებინება. ამიტომ დაწერილია: შენი ისრები წამახულია, ხალხები ეცემიან შენს ფეხქვეშ (ფსალმ. 44:6). ამ სიტყვებში მქადაგებელთა გამარჯვების გვირგვინია.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ცხენი - ქრისტეც და სულიც
   
თეთრი ცხენი - არის ეკლესიაა, მხედარი - ქრისტე. უფლის ამ ცხენის სესახებ საბრძოლო მშვილდით ადრე ზაქარიამ ასე იწნასწარმეტყველა: მწყემსების მიმართ აინთო ჩემი რისხვა და დავსჯი ბოტებს, მაგრამ მოხედავს ცაბაოთ უფალი თავის ფარას - იუდას სახლს და თავის დიდებულ რაშად გაიხდის მას ბრძოლაში. მისგან იქნება ქვაკუთხედი, მისგან იქნება სამსჭვალი, მისგან იქნება საბრძოლო მშვილდი, მისგან გამოვა ყველა განმგებელი ერთიანად (ზაქ. 10:3-4). მიგვაჩნია, რომ თეთრ ცხენში წინასწარმეტყველები და მოციქულები იგულისხმებიან. მოდით, ვივარაუდოთ, რომ ცხენი გვირგვინით და მშვილდით არა მხოლოდ ქრისტეა, არამედ სულიწმიდაც. მას შემდეგ, რაც უფალი ცაში ავიდა, მან სულიწმიდა წარმოგზავნა, რომლის სიტყვებიც მქადაგებელთა მეშვეობით ისრებივით იჭრებოდნენ ადამიანთა გულებში, რომელთა მიერაც იძლია უ რწმუნოება. თავზე გვირგვინი - ეს აღთქმებია სულიწმიდის მეშვეობით. ეს ასე უნდა გვესმოდეს.
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
ორი გამარჯვება
 
ამრიგად, პირველი ბეჭდის ახსნა ქვეყანაზე მოციქულთა კრებულის მოვლინებას გულისხმობს, რომელთაც, როგორც მშვილდი, მიმართეს სახარებისეული ქადაგება ეშმაკთა წინააღმდეგ, განგმირეს ისინი ამ ისრებით და შესწირეს ქრისტეს. თეთრი ცხენი კი სახეა ხარებისა, რომელიც მოციქულთაგან სამყაროში გავრცელდა. მათ მიიღეს გვირგვინი, რადგან ჭეშმარიტების ძალით უკუნეთის მეუფე და სიცრუის წინამძღვარი დაამარცხეს. აი, რისი სიმბოლოა თეთრი ცხენი და ზედ მჯდომარე მხედარი მშვილდოსანი.
 
გამოვიდა მძლეველი, რათა სძლიოს - ეს ნიშნავს, რომ პირვლეი ძლევა (გამარჯვება) არის წარმართთა მოქცევა, ხოლო მეორე - ქრისტესთვის ნებაყოფლობით მიღებული სიკვდილი და ტანჯვით გამოსვლა ხორციდან (სხეულიდან).
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
გვირგვინი - ნიშანი გამარჯვებისა
   
თეთრი ცხენი აღნიშნავს სახარებას, ვინაიდან (მისი საშუალებით) სრულდება კეთილი საქმეები. გვირგვინი, რა თქმა უნდა, აღნიშნავს ძალასა და გამარჯვებას. იგი გამოდის, რათა ქრისტეს გვირგვინი გადასცეს, როგორც იმ ეშმაკზე გამარჯვების მოთავეს, რომელმაც ჩვენი მოდგმა დაიმონა. ნათქვამია - გამოვიდა მძლეველი, რათა სძლიოს ­- ქრისტე იყო მძლეველი, რათა (ამ ცხენმა) შეძლოს სრულად გამარჯვება, ამიტომ მას მიეცა გვირგვინი, ნიშნად გამარჯვებისა.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
უეჭველია, რომ ტყუილად არ იქნა გაცემული ბრძანება ამ მშვილდის ოქროს გვირგვინით შემკობისა, რადგან, როდესაც კაცობრიობის გამოსასყიდად ხორციელად გამოჩნდა ძე ღვთისა, რასაკვირველია, იგი ელოდა თავის დროსა და საათს, როდესაც სძლევდა რა სიკვდილს ჩვენთვის სიკვდილის შემოქმედთან ერთად, გამარჯვებით ავიდოდა ზეციერ მამასთან. მოციქული საუბრობს ამ გვირგვინის შესახებ: არამედ ვხედავთ, რომ იესუ, რომელიც ოდნავ თუ დამცირდა ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით გვირგვინოსან იქმნა სიკვდილის გამო (ებრ. 2:9), ამავეს ამბობს იოანე აპოკალიფსისშის: და, აჰა, თეთრი ცხენი, ამბობს ის, და ზედ მჯდომარე მხედარი მშვილდოსანი, რომელსაც მიეცა გვირგვინი, და გამოვიდა მძლეველი, რათა სძლიოს. რა თქმა უნდა, თეთრი ცხენი არის ეკლესია; მას მართავს უფალი, რომელსაც მშვილდი უპყრია, რადგან იგი ჰაერის ძალებთან საბრძოლველად მიდის - მას გამარჯვების გვირგვინი მიეცა, რადგან მან სიკვდილით დაამხო სიკვდილის სამეფო.
 
ღირ. ბედა პატივდებული, კარვის შესახებ (1).
 
________________
 
1. შესაძლოა, ბედა იყენებდეს სიტყვებით თამაშს, რომელიც ტერმინების area (მშვილდის) და archa (აღთქმის) მსგავსებებს ეფუძნება. საზოგადო შეხედულება, რომელიც საერთოა კესარიოს არლელისთვის, პრიმაზიუსისა და ბედა პატივდებულისთვის, რომ თეთრი ცხენი - ეკლესიაა, ხოლო მხედარი - ქრისტე, სავარაუდოდ მომდინარეობს ტიკონიუსისგან - რედ.
 
________________


მეორე ბეჭედი: წითელი ცხენი
 
6:3-4


 
 
***
 
 
ახ. ქართ.:
 
3. და როცა ახსნა მეორე ბეჭედი, მომესმა ხმა მეორე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი და იხილე!  
 
4. გამოვიდა მეორე ცხენი, წითელი, და მასზე მჯდომს მიეცა მიწიდან მშვიდობის აღხოცის ძალა, რათა მუსრს ავლებდნენ ერთმანეთს: და მიეცა მას მახვილი დიდი.  
 
 
ძვ. ქართ.:
 
3. და რაჟამს აღაღო მეორე ბეჭედი, მესმა მეორისა მის ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა, ვითარმედ: მოვედ!  
 
4. და გამოვიდა სხუაჲ ცხენი წითელი, და მჯდომარესა მას ზედა მიეცა აღებად მშჳდობაჲ ქუეყანით, რაჲთა ერთმანერთი მოსწყჳდონ, და მიეცა მას მახჳლი დიდი.
 
 
***
 
 
მიმოხილვა: მეორე წყალობა - გამარჯვება მაცთურზე (ეკუმენიოსი). მეორე ცხოველი, კრავი, - მოწამეთა მსხვერპლი (ანდრია კესარიელი); წითელი ცხენი - მომავალი ბოროტება (პრიმაზიუსი), ომები (ვიქტორინე პეტავიელი), ეკლესიის მტრები (ტიკონიუსი). მეორე მხრივ, წითელი ცხენი ­- მომავალ მსხვერპლთა სისხლია (ეკუმენიოსი), გაფუჭებული ხალხი, ხოლო მხედარი - ეშმაკი, რომელიც ანადგურებს მშვიდობას დედამიწაზე (კესარიოს არლელი).
 
 
3. და რაჟამს აღაღო მეორე ბეჭედი, მესმა მეორისა მის ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა, ვითარმედ: მოვედ და იხილე!  
 
 
ეშმაკის ძლევა
   
ქრისტეს მეორე კეთილი საქმე, რომლის მიხედვითაც, მან წიგნიდან ახსნა მეორე ბეჭედი, დახსნა ჩვენი ურჯულოება და დაგვიბრუნა ღვთის ხილვის შესაძლებლობა, ეს იყო მისი გამოცდა და მაცთურზე გამარჯვება. (ეს მოხდა) არა მხოლოდ იმისთვის, რომ ემძლავრა მძლეველს, არამედ რათა ძლეულ უწმინდურსაც არ დაეგესლა ცხენის ქუსლი (დაბ. 49:17) და ღვთისკენ მიმავალ გზაზე ფეხი არ დაედო, არამედ განშორებოდა, საძაგელი ქმნილებისთვის შესაფერისი გზით განდევნილიყო და მოესმინა იმ ადამიანისგან, რომელიც მან ოდესღაც დაამარცხა - თუმცა ახლა ღმერთი იყო მასში - გამშორდი, სატანა! (მათე 4:10), და განშორებოდა უსირცხვილოდ და ახლა შეეცნო საკუთარი უძლურება - მას, ვინც ესაიას გადმოცემის თანახმად, ტავს იწონებდა ღრუბლებზე ტახტის აგებით და ფიქრობდა, რომ იგი უზენაესის მსგავსი ყოფილიყო.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
წითელი ცხენი - ბოროტება
 
იგივე მოწოდება მოდი და იხილე, მეორდება სხვა შემთხვევაშიც, როდესაც თეთრი ცხენი წარმოდგენილია, როგორც სიკეთე, ხოლო წითელი, როგორც - ბოროტება; მე ვფიქრობ, რომ აქ სიკეთეზე ლაპარაკია ეკლესიისთვის გამარჯვების აღთქმის გაგებით, ხოლო ბოროტებაზე - გაფრთხილების თვალსაზრისით, რომელიც მომდინარეობს მომავლის ხედვიდან.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
4. გამოვიდა მეორე ცხენი, წითელი, და მასზე მჯდომს მიეცა მიწიდან მშვიდობის აღხოცის ძალა, რათა მუსრს ავლებდნენ ერთმანეთს: და მიეცა მას მახვილი დიდი.  
 
 
ომები
 
წითელი ცხენი და ის, ვინც მასზე ზის მახვილით ხელში, მომავალი ომებია, როგორც სახარებაში ვკითხულობთ: მაშინ უთხრა მათ: "აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ; და იქნება დიდი მიწისძვრანი (ლუკა 21:10-11). ეს არის წითელი ცხენი.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
წითელი ცხენი
 
ეს ცხენი წითელია, თითქოსდა მოთხვრილი სხვისი, და არა საკუთარი სისხლით, მტრობს მძლეველ ეკლესიას, როდესაც მას მიეცემა მიწიდან მშვიდობის აღხოცვის ძალა, რომელიც ყოველგვარ გულისხმას აღემატება; რადგან ეს მოქმედებას საყურადღებოა და დიდი მახვილიც.
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
 
გამარჯვებული და მოზეიმე ეკლესიის წინააღმდეგ გამოდის წითელი ცხენი, ანუ ხალხი გახრწნილი და ბოროტი, მათი მხედრის - ეშმაკის სისხლით გაჟღენთილი ხალხი. მართალია, ზაქარიასთან ვკითხულობთ უფლის წითელ ცხენზე, მაგრამ იგი იქ საკუთარ სისხლში გვხვდება, აქ კი - სხვის სისხლშია (შეად. ზაქ. 1:8 - რედ.). მიეცა მას დიდი მახვილი, რათა აღხოცოს მშვიდობა დედამიწაზე, კერძოდ კი - მიწიერი მშვიდობა. ეკლესია ხომ ფლობს საუკუნო მშვიდობას, რომელიც მას ქრისტემ დაუტოვა.
 
ამიტომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თეთრ ცხენს იოანე ეკლესიას უწოდებს, ხოლო მის მხედარს - ქრისტეს ან სულიწმიდას. მშვილდი მას ხელში უჭირავს, ხოლო მცნებები ჰგავს მკვეთრ ისრებს, რომლებიც პირდაპირ გულისკენ არიან მიმართულნი ცოდვების აღსახოცად და მორწმუნეთა გასაძლიერებლად. გვირგვინი მის თავზე არის საუკუნო სიცოცხლის აღთქმა.
 
წითელი ცხენი ბოროტი ხალხია, რომლის მხედარიც ეშმაკია, რომელსაც იოანემ წითელი უწოდა, რადგან იგი მრავლის სისხლის გამო არის წითელი. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მას მახვილი მიეცა მიწიდან მშვიდობის აღსახოცად, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები, ეშმაკის დაშვებით, არ წყვეტენ ცოდვილი გზით განუწყვეტლივ ერთმანეთს შორის დავასა და უთანხმოებას სიკვდილამდეც კი.
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
და გამოვიდა წითელი ცხენი, რომელსაც ერთ-ერთი წმინდა ცოცხალი არსება მიუძღოდა; როგორც ნათქვამია, მასზე მჯდომს მიეცა მიწიდან მშვიდობის აღხოცის ძალა, რათა მუსრს ავლებდნენ ერთმანეთს; და მიეცა მას დიდი მახვილი. წითელი ცხენი მოასწავებს სისხლს; ამიტომ მიეცა მახვილი მასზე მჯდომს, რათა მოსპოს და გაწყვიტოს ერთსულოვნება მათ შორის, ვინც მიწაზე ცხოვრობს. ისინი ერთსულოვანნი არიან კერპთაყვანისმცემლობის მიმართ და ამიტომ ნათქვამია: რათა მუსრს ავლებდნენ ერტმანეთს, ანუ ბოლო მოუღონ ბოროტებაზე საყოველთაო თანხმობას. მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა; ვინაიდან მოვედი, რატა გავყარო ვაჟი მამამისს, ქალი - დედამისს, და რძალი - დედამთილს მისას (მათე 10:21; 34-35). ახალგაზრდა და ღვთისმოსავი (განეყოფა) მოხუცსა და მსჯავრდებულს.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ქრისტესთვის წამებულთა სიხარული
   
ამ სიტყვებს მოწამეებსა და მოძღვრებზე ამბობს, რადგან, როგორც კი მოციქულთა ქადაგება განივრცო (გავრცელდა), ქვეყანაზე მშვიდობა დაირღვა, ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მორწმუნეების წინააღმდეგ აღდგნენ ურწმუნოები, როგორც ქრისტე ბრძანებს: ნუ გგონიატ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა (მათე 10:34). სწორედ ამ მახვილის საშუალებით ავიდა (შეიწირა) მოწამეთა მსხვერპლი ზეციურ საკურთხეველზე. ქრისტეს აღმსარებლებისა და წამებულების სისხლით მიწა უხვად მოირწყა. წითელი ცხენი არის სწორედ ნიშანი ქრისტესთვის მისი მოწამეებისა და გულხურვალე ერთგულების მიერ დათხეული სისხლისა. მეორე ბეჭდის ახსნა და წითელი ცხენის გამოჩენა, რომელზე მჯდომარესაც მიეცა მიწიდან მშვიდობის აღხოცვის ძალა ყოვლადბრძენი ღმერთისგან დაშვებას გულისხმობს, რომელმაც ურწმუნოებს მისცა თავის ერთგულთა გამოცდის ნება.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.



მესამე ბეჭედი: შავი ცხენი
   
6:5-6


 
 
ახ. ქართ.:
 
5. და როცა ახსნა მესამე ბეჭედი, მომესმა ხმა მესამე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! გავიხედე და, აჰა, შავი ცხენი, და მასზე მჯდომს ხელთ ეპყრა სასწორი.
 
6. და მომესმა ხმა ოთხ ცხოველს შორის, რომელმაც თქვა: საწყაო ფქვილი დინარად და სამი საწყაო ქერი დინარად, ხოლო ღვინოსა და ზეთს ნუ ავნებ.
 
 
ძვ. ქართ.:
 
5. და რაჟამს აღაღო მესამე ბეჭედი, მესმა მესამისა მის ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა: მოვედ და იხილე! და აჰა ცხენი შავი, და მჯდომარესა მას ზედა აქუნდა ჴელთა მისთა უღელი.
 
6. და მესმა ჴმაჲ შორის ოთხთა მათ ცხოველთაჲსა, რომელი იტყოდა: სამადგანი იფქლი - დრაჰკნის, და სამი სამადგანი ქერი - დრაჰკნის, და ღჳნოსა და ზეთსა ნუ ავნებ.
 
__________________
 
დინარი - ვერცხლის მონეტა. ერთი დინარი - მუშის დღიური ნამუშევარი იყო - რედ.
 
__________________
 

***

 
მიმოხილვა: მესამე ბეჭედი - ღმრთის სწავლება და მოწყალება, ხოლო შავი ცხენი - ეშმაკის განადგურება; საწყაო მხედრის ხელში - თანასწორობა და სამართლიანობა (ეკუმენიოსი). სხვა გაგებით: შავი ცხენი - ეს არის შიმშილი ანტიქრისტეს დროს (ვიქტორნე პეტავიელი), ეშმაკის დამონებული ურჯულო ხალხი (კესარიოს არლელი), ტანჯვა-წამებათა სიმძიმის გამო რწმენას განდგომილთა ტირილი (ანდრია კესარიელი), ცრუძმათა ბრბო (ბედა პატივდებული). თესლები - სწალებისა და სიტყვის სიმბოლოა (ეკუმენიოსი). დინარი - მარადიული ცხოვრება, რომელიც ერთია ყველასთვის (პრიმაზიუსი). დევნულების დროს დაცემულნი არ უნდა მოაკლდნენ ნუგეშისცემის ღვინოს და თანაგრძნობის ზეთს (ანდრია კესარიელი), რადგან ყველანი, ეკლესიაში სამების რწმენით დარწყულებულნი, უფლის სისხლით არიან გამოსყიდულნი (ბედა პატივდებული).
 
 
***
 
 
5. და როცა ახსნა მესამე ბეჭედი, მომესმა ხმა მესამე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! გავიხედე და, აჰა, შავი ცხენი, და მასზე მჯდომს ხელთ ეპყრა სასწორი.
 
 
შავი ცხენი
   
შავი ცხენი აღნიშნავს შიმშილს. უფალიც ხომ ამბობს: და იქნება შიმშილობა აქა-იქ (მათე 24:7). სინამდვილეში სიტყვები ანტიქრისტემდეც კი აღწევს, ანუ იმ დრომდე, როდესაც დიდი შიმშილობა იქნება და ადამიანები დიდად ევნებიან.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ჩვენდამი გაწეული მესამე წყალობა
 
როცა ახსნა მესამე ბეჭედი... და აჰა, შავი ცხენი, და მასზე მჯდომს ხელთ ეპყრა სასწორი. შავი ცხენი წარმოადგენს სირცხვილსა და მწუხარებას, რადგან, საღვთო სწავლების თანახმად, განზრახული იყო ეშმაკის მოსპობა. ამიტომ ეშმაკი გლოვობს თავის დამხობას, რომელიც ასე დიდხანს გაგრძელდა. იგულისხმება, რომ სასწორი - ეს არის თანასწორობისა და სამარტლიანობის ალეგორიული აღნიშვნა. რადგან სიმართლის მსაჯული ტახტზე დაბრძანდა, განრისხდა დემონთა ხროვაზე და მოსპო უწმინდური, მათი წინამძღოლი (ფსალმ. 9:5-6). მართლაც, ეს არის უფლის სამართლიანი მსჯავრის სიმბოლო - სასწორი, რომელიც ჩვენთვის არის განკუთვნილი; და უფლის თანდასწრებით შეგვიძლია ვთქვა: რადგან შენ გაარჩიე ჩემი დავი და სამართალი (ფსალმ. 9:5), რათა ჩვენ, როგორც ერებმა, ვიცოდეთ, რომ ადამიანები ვართ და არ შეიძლება პირუტყვის მსგავსად ლაგამით ჩვენი მოზიდვა (შეად. ფსალმ. 31:9 - რედ.) და გზიდან აცდენა დამღუპველი ტირანიით.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
შავ ცხენში მოიაზრება ეშმაკის დამონებული ურჯულო ხალხი, ხოლო ხელში სასწორის დაჭერა - ეს ნიშნავს: ბოროტ ადამიანებს წარმოუდგენიათ, რომ ისინი ფლობენ მართლმსაჯულების წიგნს, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში (სხვებს) ატყუებენ.
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
მესამე ცხოველში მოიაზრება ადამიანი, რომელიც მოასწავებს კაცობრიობის დაცემასა და ტანჯვას ცოდვისკენ ნებაყოფლობითი მიდრეკის გამო. მესამე ბეჭდის ახსნა და შავის ცხენის გამოჩენა, რომელზე მჯდომსაც სასწორი ეპყრა ხელთ, აღნიშნავს ურწმუნოთა განდგომას ქრისტესგან. შავი ცხენი - ეს არის ქრისტესთვის წამების შიშის გამო დაცემულთა გლოვის სახე. ხოლო სასწორი სახეა იმ ადამიანთა გამოცდისა, რომლებიც გოანების მოდუნების ან მზვაობრობის გამო უარყოფენ ქრისტეს სარწმუნოებას და ხორციელი უძლურების მიზეზით ვერ ითმენენ გასაჭირს.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
შავი ცხენი ­- ეს არის ცრუძმათა ბრბო, რომელთაც გააჩნიათ ჭეშმარიტი აღმსარებლობის ზომა, მაგრამ ამასთან საკუთარი ბნელი საქმეებით ვნებენ თანამოძმეებს. აკი როდესაც ცხოველთა შორის ითქმება: ნუ ავნებ, - ნათელი ხდება, რომ არის ის, ვინც ვნებას აყენებს. ამ წინ მიმავალ მხედარზე მოციქული ამბობს: გარედან - თავდასხმები, შიგნით კი - შიში (2 კორინთ. 7:5).
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
6. და მომესმა ხმა ოთხ ცხოველს შორის, რომელმაც თქვა: საწყაო ფქვილი დინარად და სამი საწყაო ქერი დინარად, ხოლო ღვინოსა და ზეთს ნუ ავნებ.
 
 
შიმშილი და გაჭირვება
   
სიტყვა და მოძღვრება ფიგურალურად გამოხატულია საღვთო წერილში, როგორც თესლი. მაგალითად, მათესთან წერია: აჰა, გამოვიდა მთესავი თესვად. შენ ხომ საღი თესლი დათესე ყანაში: საიდანღა აქვს ღვარძლი? (მათე 13:3; 13:27). თესლიდან არის - ხორბლის პური, კერძოდ, სახარების ქადაგება, როგორც საკვები, მოწიფულთათვის განკუთვნილი, რომელთა გრძნობებიც საკმაოდ გაწვრთვნილია ჩვევით, რათა კეთილისა და ბოროტის გარცევა შესძლონ (ებრ. 5:14). რაც შეეხება ქერს, ეს მოსეს სჯულის სწავლებაა, რადგან (ქერი) ხორბალზე ნაკლებ ფასობს და დამწიფებისას გამოიყენება შინაური პირუტყვის საკვებად, რაც (ალეგორიულად) აღნიშნავს ისრაელის საკვებს ბავშვობაში.
 
მართლაც, ღმერთი აცხადებს ოთხ ცხოველს შორის: საწყაო პური დინარად და სამი საწყაო ქერი დინარად. ამის საშუალებით მოთხრობილია იმ დროის მცხოვრები ხალხის შიმშილისა და გაჭირვების შესახებ, უ ფლის სახარებისეულ სწავლებასა და რჯულში დაწერილის თანახმად: მოვავლენ ქვეყანაზე შიმშილს, არა შიმშილს პურისას და წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისას (ამოს. 8:11). ნათქვამია - ღვინოსა და ზეთს ნუ ავნებ იმ გაგებით, რომ განსაკუთრებულად უნდა დაითმინონ ესა თუ ის მათ, ვინც ქედმაღლურად ეპყრობა ყოველგვარ სწავლებასა და (რწმენისკენ) მოქცევას. უფალს სურს თქვას: "მიატოვეთ ისინი და ნუ ავნებთ. მათზე კვლავ არის ჩემი წყალობა, რადგან მათთვის კვლავ არსებობს სასოება, რომ გაიხარებენ ჩემი მხოლოდშობილი ძის ქადაგებით". ვინაიდან ღვინოს სულის სიხარული მოაქვს ადამიანის გულში.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ეკლესიის საიდუმლონი
 
მიმაჩნია, რომ სხვადასხვა რიცხვი - ერთი და სამი - განპირობებულია აღმსარებლობის სხვაობით, ხოლო დინარი აღნიშნავს საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც სხვადასხვა ნავთსაყუდელში ყველასთვის ერთია. და, თუ ღირსების განსხვავების მიხედვით, ერთი შეიძლება უფრო ღირსეული იყოს და უფრო დიდი ჯილდოს ღირსი, თუმცა არავინ იქნება სხვებთან შედარებით მრავალწლიანი, სადაც თითოეულს თავისი უკვდავება აქვს, მარადისობა ყველასთვის ერთია. ღვინოსა და წყალზე საუბრისას იგი კრძალავს მღვდელმოქმედების ძალის შებილწვას, ანუ ცხების (სულით) და ფასდაუდებელი სისხლის ძალისა, ამიტომ დაწერილია: ოჰ, რაზომ დიდია მისი სიკეთე, რაზომ დიდია მისი მშვენება! ჭაბუკებს - ხორბალი, ქალწულებს - მაჭარი ააღორძინებს (ზაქ. 9:17). და ფსალმუნშიც: და ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა, გააბრწყინოს სახე საცხებელზე მეტად და პურმა შეამტკიცოს გული კაცისა (ფსალმ. 103:15).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ღვინოსა და ზეთში - იგულისხმება სულიწმიდით ცხება და უფლის ევქარისტული სისხლი.
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
საწყაო პური დინარად - აღნიშნავს რჯულიერად (კანონიერად) მოღვაწე და ღვთის მიერ მიცემული საღვთო ხატების გულმოდგინედ შემნახველებს. ხოლო სამი საწყაო დინარად - სახეა მათი, ვინც უძლურებისა და მდევნელთაგან შიშის გამო ქრისტე უარყვეს, შემდეგ კი შეინანეს და შებღალული ხატი ცრემლით განბანეს.
 
ხოლო ღვინოსა და ზეთს ნუ ავნებ - ეს სიტყვები აღნიშნავს, რომ ქრისტეს კურნების ძალა არ უნდა უგულებელვყოთ. თუკი ადამიანებს - დაცემულებს, დაწყლულებულებსა და ავაზაკთა ხელში ჩავარდნილებს - სინანული აქვთ, არ უნდა დარჩნენ ისინი კურნების გარეშე (იხ. ებრ. 12:13 - რედ.), არ უნდა მოსწყდნენ სულიერად, არამედ  უნდა მივეხმაროთ ჩვენს ძმებს ნუგეშის ღვინის მიცემით, რომელიც თანაგრძნობის მირონთანაა (ზეთთან) შერეული.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ძმის შეცდენა
 
გაფრთხილდიო, ამბობს ის, რათა ცუდი მაგალითით საცთური არ გახდე შენი ძმისთვის, რომლისთვისაც მოკვდა ქრისტე და, რომელიც ატარებს ნიშანს წმიდა სისხლისა და ცხებისა. ამიტომაც ყველა - აღმატებული დამსახურებების მქონენი და სულ მცირენიც - ვინც ეკლესიაში დარწყულებულ იქნა წმიდა სამებისადმი რწმენით, უფლის სისხლის ერთი სრულყოფილი საფასურით არიან გამოსყიდულნი. შემთხვევით როდი იზომება რწმენის სრულყოფილება ორი და არა ერთი ფუნტით, რომლებიც მოწყალების ორბუნებოვანი ფესვისგან იზრდებიან.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.


მეოთხე ბეჭედი: ჩალისფერი ცხენი
 
6:7-8



ახ. ქართ.:
 
7. და როცა ახსნა მეოთხე ბეჭედი, მომესმა ხმა მეოთხე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი და იხილე!
 
8. შევხედე და, აჰა, ჩალისფერი ცხენი, ხოლო სახელი მისი მხედრისა - სიკვდილი; ჯოჯოხეთი მოსდევდა მხედარს და მიეცა მას ხელმწიფება მეოთხედზე დედამიწისა, რათა მუსრი გაავლოს მახვილითა და შიმშილით, სიკვდილითა და მიწიერ მხეცთა პირით..
 
 
ძვ. ქართ.:
 
7. და რაჟამს აღაღო მეოთხე ბეჭედი, მესმა მეოთხისა ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა: მოვედ და იხილე,
 
8. და აჰა ცხენი მწუანე, და მჯდომარესა მას ზედა სახელი მისი სიკუდილი; და ჯოჯოხეთი შეუდგა მას, და მიეცა მას ჴელმწიფებაჲ მეოთხედსა ზედა ქუეყანისასა მოსრვად მათდა მახჳლითა და სიყმილითა და სიკუდილითა და მჴეცთა მიერ ქუეყანისათა.
 
 
***
 
 
მიმოხილვა: მეოთხე ბეჭედი - ადამის ცოდვის გამოსყიდვა (ეკუმენიოსი) და ღმრთის სასჯელი ცოდვებისთვის (ანდრია კესარიელი). ჩალისფერი ცხენი - მომავალი უბედურებები და ბოროტების ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ (ტიკონიუსი). ქრისტეს მაცხოვნებელი ვნებით ჩვენი ცოდვები გამოსყიდულ იქნა, ხოლო დემონები დაემხნენ (ეკუმენიოსი). უბედურებები, რომლებიც ახლა ხდება, უმეტესი ძალით მოხდება განკითხვის დღეს (კესარიოს არლელი), მაგრამ მსგავსი რამ ახლაც ხდება (ანდრია კესარიელი). ეშმაკი და მისი მსახურები სიკვდილისა და ჯოჯოხეთის მიზეზნი არიან (ბედა პატივდებული).
 
 
***
 
 
7. და როცა ახსნა მეოთხე ბეჭედი, მომესმა ხმა მეოთხე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი და იხილე!
 
 
ადამიანთა გამოსყიდვა
 
მეოთხე ბეჭდის მოხსნა (და დანარჩენების) აღნიშნავს დასაბამს ადამის შეცოდებათა შედგების გადაჭრისა; ცოდვიან შედეგთა დახსნის დაწყებას; რადგან მათი გადაჭრა თვალსაჩინოს ხდის ღმერთთან ჩვენს სიახლოვეს. აკი, თუ ესაიას თანახმად, თქვენი უკეთურებანი იყო გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის (ეს. 59:2), მაშინ მათი განადგურება გვაქცევს (ღვთის) ახლობლებად. და რას ნიშნავს ბეჭდის ახსნა? - ეს არის სილის გაწვნა ქრისტესთვის, რომლის წყალობითაც ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება. ჭეშმარიტად, ნაყოფის ჭამის სიამოვნების გამო ვართ დამნაშავენი, მაგრამ საწინააღმდეგოს გამო მივიღეთ კურნება. სილის გაწვნა კი, რაც ტკივილის შეგრძნებას იწვევს, სიამოვნებას ერთგვარად ეწინააღმდეგება, რადგან ქრისტემ სრულად გამოგვისყიდა იქიდან, რამაც სასიკვდილო რღვევამდე მიგვიყვანა, და გამოგვისყიდა ჩვენ საპირისპიროს მეშვეობით: მორჩილებით - ურჩობისგან, ნებაყოფლობითი ტანჯვით - სიამოვნებისგან, ჯვარზე მამაცურად გაკრული ხელებით კი ის ხელები გამოისყიდა, რომლებიც წინდაუხედავად შეეხო აკრძალულ ხეს.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
არწივის სიმბოლო
 
მეოთხე ცხოველის, არწივის თვისება - მაღლა ფრენა და მსწრაფლი დაშვება მსხვერპლის შესაპყრობად - უთითებს იმაზე, რომ წყლულები მომდინარეობენ ზემოდან, ღმრთის რისხვისგან, რათა ღვთისმოსავთათვის შური იძიოს უკეთურთა დასჯით, თუკი ისინი უკეთესისგან არ მოექცევიან.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
8. შევხედე და, აჰა, ჩალისფერი ცხენი, ხოლო სახელი მისი მხედრისა - სიკვდილი; ჯოჯოხეთი მოსდევდა მხედარს და მიეცა მას ხელმწიფება მეოთხედზე დედამიწისა, რათა მუსრი გაავლოს მახვილითა და შიმშილით, სიკვდილითა და მიწიერ მხეცთა პირით..
 
 
ჩალისფერი ცხენი - მომავალი უბედურებები
 
ესეც უფალმა იწინასწარმეტყველა სხვა უბედურებებს შორის (იხ. მათე 24:7; ლუკა 21:11): დადგება უბედურება და სიკვდილი, როდესაც იოანე ამბობს: და ჯოჯოხეთი მოსდევდა მხედარს, ეს ნიშნავს, რომ ის ლაპარაკობს უამრავი ბოროტი სულის შთანთქმაზე. ეს არის ჩალისფერი ცხენი.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის
   
ქვეყანა ორი ნახევარია: ერთი ღვთისაა, მეორე კი ეშმაკისა. მაგრამ ეშმაკისა იყოფა სამ ნაწილად, შინაგანად და გარეგანად, ესენია: წარმართობა, ცრუ ძმობა და გაყოფა, ანუ აშკარა ცდომილებასა და განხეთქილებაში ყოფნა. აქედან გამომდინარე, არსებობს სამი ნაწილი, რომლებიც ერთს ებრძვიან. იგი, როგორც გაცხადდა, სამი მეოთხედისგან შედგება - იმის გამო, რომ მას სწამს სამების ერთობა, ან იმიტომ, რომ იგი იყოფა ხარისხებად სამგვარი მოწოდების მიხედვით: ქალწულობის, ქვრივობისა და ქორწინებისა. ამ სამს, როგორც ჩანს, ახლა ეძლევა ძალაუფლება. იოანემ თქვა, რომ ეს არის ეკლესია, რომელიც ერთია და სამი მეოთხედისგან შედგება, თითქოს ქვაკუთხედზე (საძირკველზე) იყოს მყარად, რადგან სამგზის მოწოდება დაკავშირებულია ერთ თავთან, როგორც ნათქვამია, რომ არიან მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედია თვით იესუ ქრისტე (ეფეს. 2:20). მან იწინასწარმეტყველა, რომ წარმართები, მოჩვენებითი ძმები და ერესების ცდომილებანი დაიწყებდნენ მის დევნას სხვადასხვა უბედურების ხელით.
 
ასევე მაცნეებს შორის უნდა დავინახოთ, რომ სამი ბოროტი მტერი ეწინააღმდეგება ერთსა და იმავე სიკეთეს: წითელი ცხენი - მახვილით, მეორე, შავი ცხენი - სასწორით, მესამე, ჩალისფერი ცხენი - სიკვდილის ნიშნით, მოასწავებს რა მახვილით - ომს, შავი ფერის ცხენი - შიმშილს, ხოლო ჩალისფერი - სიკვდილს. და რადგან მას უბედურება მოაქვს ერთმანეთის მიყოლებით, შემდეგ, ჩამოთვლის რა მათ დამატებით - ამ მესამე (ცხენის) სახით ან მისი (ძალაუფლების) მეშვეობით, წინასწარ გვაუწყებს ყველა მომავალ უბედურებას, ამასთან, დაურთავს ცხოველების სახელებს. ამიტომ, შესაძლოა, აქ არ ცხადდება - ამ სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობა აქვთ თუ ალეგორიული: რომ ჩვეულებრივი ხილული მახვილი ვნებს ხორცს, ხოლო სულიერი - სულს. იგივეა შიმშილის შესახებაც: გვახსენებს შიმშილს ღვთის სიტყვის თანახმად, თუ ხორციელ შიმშილს; ასევე სიკვდილის შესახებაც - სულის საუკუნო წარწყმედასა თუ ხორციელ, წარმავალ სიკვდილზეა აქ გაფრთხილება.
 
ამის მიუხედავად, აშკარაა, რომ ეს კეთილი მეოთხე ნაწილი, რომელსაც ეწინააღმდეგება სამი სახის ბოროტება, იდევნება ყველა ამ ხილული დევნილობით. მაგრამ ისინი, ვინც ღვთის ნების განგებულებით არიან ხმობილნი, დარჩებიან რჩეულთა სრულ შემადგენლობაში, რაც განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც, იოანეს სურვილით, დაიცავს ღვინისა და ზეთის შეუბღალავ საიდუმლოს, მოსმენილი სიტყვების თანახმად: ღვინოსა და ზეთს ნუ ავნებ, სადაც ღვინის ქვეშ გამოსახულია გამოსყიდვის ფასი, ხოლო ზეთის ქვეშ კი ცხება ნათლობის დროს. ამის შესახებ უფალმა პირდაპირ თქვა სახარებაში: ვინც მე მომეცი: დავიფარე ისინი და არცერთი არ დამიღუპავს, გარდა დაღუპვის ძისა (იოანე 17:12).
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
 
სიკვდილი და ჯოჯოხეთი
 
ჩალისფერი ცხენი არის მრისხანების ნიშანი: დედამიწის სიმბოლო - ნაღველი - ხომ სწორედ ასეთი ფერისაა, და მას ექიმები ასეც უწოდებენ. ხოლო სიკვდილი და ჯოჯოხეთი მოსდევდნენ იმისთვის, რათა სულიერად ძლეულ იქნან დემონები და სამაგიერო მიეზღოთ ადამიანთა დაღუპვისთვის. მაგრამ რადგან ხილვის აზრით ჯერ კიდევ არ მომხდარა ქრისტეს მაცხოვნებელი ვნებები, რომლის მიერაც გამოსყიდულ იქნა ჩვენი ცოდვები, ის სწორედ დემონთა სრული დამხობის შემდეგ დადგა, ოღონდ მხოლოდ მეოთხედის; ამგვარ განადგურებას ის სიმბოლურად უწოდებს მუსრის გავლებას მახვილითა და შიმშილით იმათი, ვინც ძველად მათ თაყვანს სცემდა; და სიკვდილით, რითაც უთითებს მათი ტირანიის დასასრულსა და მათ დამარცხებას მიწიერ მხეცთა პირით.
 
მიწიერ მხეცებში ის გულისხმობს ქედმაღლობისა და ამპარტავნების ვნებებს, რომლებითაც დემონები არიან შეპყრობილნი. ისინი, როგორც მიწას გართხმულნი ქვენა ვნებებში ხარობენ, რომლებიც წვავს და ჭამს, თუმც თვითონ არიან უხორცონი.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.

__________________
2. დედანშია - χλωρός, რაც ნიშნავს მწვანეს, მოყვითალო-მწვანეს ან მოყვითალო-ფერმკრთალს - რედ.

__________________

 
 
შიმშილი, ომი და ჭირი
   
ჩალისფერ ცხენში იგულისხმებიან ბოროტი ადამიანები, რომლებიც არ წყვეტენ დევნას. ეს სამი ცხენი (წითელი, შავი, ჩალისფერი ) ერთია, რომლებიც გამოვიდნენ თეთრის შემდეგ და თეთრის წინააღმდეგ და მათი მხედარი ეშმაკია, რომელიც არის სიკვდილი. შესაბამისად, სამი ცხენი ნიშნავს შიმშილს, ომსა და სიკვდილს. უფალმა მათ შესახებ თავის სახარებაშიც იწინასწარმეტყველა და ის, რაც ახლა ხდება, აუცილებლად კიდევ უფრო მასშტაბურად მოხდება განკითხვის დღეს.
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
ადამიანების დაღუპვა
   
მეოთხე ბეჭდის გახსნა და ჩალისფერი ცხენის გამოჩენა მხედრითურთ, რომლის სახელია სიკვდილი, სახეა ღვთის რისხვისა. რადგან ჩალისფერი არის ნაღვლიანი ფერი. ამ მხედრის მიერ სიკვდილი და ჯოჯოხეთი მოევლინებათ ცოდვილებსა და ურჯულოებს შურის საძიებლად და დასასჯელად. ეს ქრისტე მაცხოვრის მიერ წინასწარ მოსწავებული ბოლო ჟამის სხვადასხვა უბედურებაა, რაც გამოვლინდება შიმშილითა და სხვადასხვა სენით, რომლითაც ურიცხვი ადამიანი დაიხოცება ისე, რომ მათი დამარხვაც ძნელი გახდება. და ამის მსგავსი სხვა ბევრი განსაცდელი.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ეშმაკი - სიკვდილის მიზეზი
 
ეს არის ერეტიკოსთა სიმბოლო, რომლებიც თავს კათოლიკეებად წარმოგვიდგენენ, მაგრამ ღირსნი არიან, გახდნენ სიკვდილის სათავსები და უკანაც მკვდრების აურაცხელ არმიას გაიყოლებენ. ეშმაკსა და მის მსახურებსაც ხომ მეტონიმიურად სიკვდილი და ჯოჯოხეთი ეწოდებათ, რადგან ბევრისთვის ისინი სიკვდილისა და ჯოჯოხეთის მიზეზი გახდნენ. მარტივადაც შეიძლება გავიგოთ (ეს მონაკვეთი): აქ სულიერად მკვდრები იგულისხმებიან, რასაც საუკუნო სასჯელი მოჰყვება.
 
და მიეცა მას ხელმწიფება მეოთხედზე დედამიწისა. - აი, შეშლილი არიოზი, რომელიც აჯანყდა ალექსანდრიაში, გალიის ზღვასაც კი მიაღწია და ღვთისმოსავ ადამიანებს დევნიდა არა მხოლოდ ღვთის სიტყვის მოშიებით, არამედ ხორციელი მახვილითა და  მხეცთა პირით.
   
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.

__________________
3. მეტონიმია - ერთი სიტყვის შეცვლა მეორით, როდესაც მათ მნიშვნელობებს შორის არსებობს გარკვეული კავშირი, რომელიც ამგვარი ცვლილების საფუძველია. ასე, მაგალითად, შეიძლება ითქვას: თეატრი ტაშს უკრავდა, ნაცვლად პუბლიკა ტაშს უკრავდა - რედ.

__________________


მეხუთე ბეჭედი: ღმრთის სიტყვისთვის მოკლულთა სულები
 
6:9-11



ახ. ქართ.:
 
9. და როცა ახსნა მეხუთე ბეჭედი, საკურთხევლის ქვეშ ვიხილე მათი სულები, ვინც მოკლულ იქნენ ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის, რომელიც ჰქონდათ.
 
10. ხმამაღლა შეღაღადეს და თქვეს: როდემდის, მეფეო, წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის მიწის მკვიდრთაგან?
 
11. და მიეცა მათ სპეტაკი სამოსი და ითქვა მათ მიმართ, ცოტა ხანს კიდევ დამცხრალიყვნენ, ვიდრე არ გასრულდებოდა მათ თანა-მონათა და ძმათა რიცხვი, რომელნიც მათსავით მოკლულ უნდა იქმნენ.
 
 
ძვ. ქართ.:
 
9. და რაჟამს აღაღო მეხუთე ბეჭედი, ვიხილენ საკურთხეველსა ქუეშე სულნი იგი მკუდართანი სიტყჳსათჳს ღმრთისა და წამებისათჳს კრავისა მის, რომელ აქუნდა.
 
10. და ჴმა-ყვეს ჴმითა დიდითა და თქუეს: ვიდრემდის, მეუფეო წმიდაო და ჭეშმარიტო, არა სჯი სისხლსა ჩუენსა მკჳდრთაგან ქუეყანისათა?
 
11. და მიეცა მათ სამოსლები სპეტაკები და ითქუა მათდა მიმართ, რაჲთა განისუენონ მცირედ ჟამღა, ვიდრემდის აღესრულნენ მათ თანა მონანი და ძმანი მათნი და რომელთა ეგულებოდა სიკუდილი, ვითარცა მათ.
 
 
***
 
 
მიმოხილვა: სამოთხე ღიაა ქრისტეში მკვდართათვის; ხორცისთვის უხილავი ხილულია სულისთვის - როგორ დაინახა იოანემ სულით ქრისტესთვის წამებულთა სულები (ტერტულიანე). საკურთხეველი - ეს არის ზეცა, საითკენაც აღივლინებიან მოწამეთა ლოცვები (ვიქტორინე პეტავიელი, ეკუმენიუსი, ბედა პატივდებული). მოწამეთა სულები ითხოვენ ღმრთის სასუფევლის დადგომას და უსჯულოებისთვის შურისგებას არა კაცთა, არამედ დემონთა მიმართ (პრიმაზიუსი, კასიოდორე, ბედა პატივდებული). არავის, მსაჯულის გარდა, უფლება არა აქვს მიუტევოს ან დასაჯოს (კვიპრიანე კართაგენელი). წმინდანთა ნუგეშია - სპეტაკი სამოსი, სულიწმიდის ნიჭები. ეს ნიშნავს, რომ ისინი სისხლით განიწმინდნენ და ცოდვის მთელი სისაძაგლე თავიანთი სულებისგან ჩამოირეცხეს (ვიქტორინე პეტავიელი, ეკუმენიუსი, პრიმაზიუსი). სასჯელი აყოვნებს წმინდანთა რიცხვის შესავსებად (ფულგენციუს რუსპიელი). ყოველი მართალი ღირსეულ ადგილს დაიკავებს (ანდრია კესარიელი) და უკვდავ სხეულს მიიღებს (ბედა პატივდებული).
 
 
***
 
 
9. და როცა ახსნა მეხუთე ბეჭედი, საკურთხევლის ქვეშ ვიხილე მათი სულები, ვინც მოკლულ იქნენ ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის, რომელიც ჰქონდათ.
 
 
სამოთხის გასაღები
 
რატომ არის, რომ სამოთხის სფერო, რომელიც იოანეს გაეხსნა სულში, და რომელიც საკურთხევლის ქვეშ იმყოფება, არ ავლენს სხვა სულებს, მოწამეთა სულების გარდა? როგორ მოხდა, რომ პერპეტუამ, უმამაცესმა მოწამე ქალმა, თავისი ტანჯვის დღეს, სამოთხე რომ გაეხსნა, იქ მხოლოდ მოწამეები იხილა (1), თუ არა იმიტომ, რომ რომფეა (მახვილი - "აპოკ." რედ.), სამოთხის დარაჯი, არავის უშვებდა იქ, არც ადამში გარდაცვლილებს, გარდა ქრისტეში გარდაცვლილებისა? ღმერთისთვის, - ქრისტესთვის, - ახალ და უჩვეულო სიკვდილს მოსდევს (გადასახლება) სხვა კერძო ნავთსაყუდელში. ამრიგად, შენიშნე განსხვავება წარმართისა და მორწმუნის გარდაცვალებებს შორის: თუკი შენ კვდები ღმრთისთვის (როგორც გვარიგებს ნუგეშინისმცემელი), ეს მოხდება არა საწოლში, არამედ მოწამეობრივად. შენ იღებ შენს ჯვარს და მისდევ უფალს, როგორც ეს თავადვე ბრძანა (იხ. მათე 10:38- რედ.). სამოთხის ერთადერთი გასაღები - შენი სისხლია.
 
ტერტულიანე, სულის შესახებ.
 
_________________________
 
4. პერპეტუას წამება 13:8. ტერტულიანე ცდება: მართალია, მის მიერ დამოწმებული მაგალითი მოცემული თხრობიდან არის აღებული, ის მოწამე სატუროსის (პერპეტუასთან ერთად ერთ-ერთი წამებულის) ხილვას ეხება, რომელიც უმზერს, როგორც მოწამეთა, ასევე სხვა მრავალ წმინდანთა სულებს - რედ.
 
_________________________
 
   
ხორცისთვის უხილავი ხილულია სულისთვის
 
სულის უხილავია თავისი სხეულის მდგომარეობისა და სუბსტანციის თვისების გამო, ასევე იმათ ბუნებათა გამო, ვისთვისაც უწევს მას იყოს უხილავი. ჭოტის თვალები ვერ ხედავენ მზეს; არწივები კი ისე ზრდიან თავიანთ ბარტყებს, რომ მათ უნარებს მხედველობის სიმყარის მიხედვით აფასებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მათ არ აღზრდიან, როგორც გადაგვარებულს, რომელსაც არ შეუძლია აიტანოს მზის სხივები. გარდა ამისა, ზოგიერთისთვის რაღაც უხილავია, სხვებისთვის კი ხილული, მაგრამ არა იმიტომ, რომ ის უსხეულოა, არამედ იმიტომ, რომ სხვადასხვა უნარებს ფლობენ. მზეც ხომ სხეულია, რადგან ის - ცეცხლია; მაგრამ რასაც აღიარებს არწივი, იმას უარყოფს ჭოტი, ოღონდ ამას არწივისთვის არანაირი ზიანი არ მოაქვს. ასევე სულის სხეული უხილავია ხორცისთვის, მაგრამ ის, მაინც ხილულია სულისთვის. ასევე იოანეც, იყო რა ღმრთის სულში, ხედავდა მოწამეთა სულებს.
 
ტერტულიანე, სულის შესახებ.
 
 
საკურთხევლის მნიშვნელობა
 
საკურთხევლის ქვეშ - ანუ მიწის ქვეშ, რადგან, როგორც ცას, ისე მიწას საკურთხეველს უწოდებენ. ისევე, როგორც რჯული იქმნა ჭეშმარიტების სახედ, რომელიც განმარტებულ იქნა ორ სამსხვერპლოსთან მიმართებით: (ერთი) ოქროსი შიგნიდან, (და მეორე) - რკინისა გარედან (შეად. გამ. 27:2; 30:3 - რედ.). გვესმის, რომ საკურთხეველს უწოდა ზეცა უფალმა, რომელმაც მოგვცა მოწმობა, რადგან ამბობს: ხოლო თუ მიგაქვს შესაწირავი საკურთხეველთან - უეჭველად, ჩვენი შესაწირავი ჩვენი ლოცვებია - და იქ გაიხსენებ, რომ შენი ძმა ძვირს იზრახავს შენთვის, დაუტევე შენი შესაწირავი საკურთხევლის წინ (მათე 5:23-24), უეჭველად, ლოცვები ზეცაში ადის. ამიტომ ოქროს საკურთხეველი, რომელიც შიგნით იყო, გააზრებულია, როგორც ცა. აკი მღვდელიც, რომელსაც ჰქონდა ქრისტეს ბრძანება, წელიწადში ერთხელ შედიოდა ტაძარში ოქროს საკურთხველთან. მან უჩვენა, რომ სულიწმინდა აპირებს ამის განხორციელებას - რათა ქრისტე ევნოს, რომ ერთ დღეს ეს მოხდეს. ასე გაიგება რკინის მიწაც, რომლის ქვეშაც მდებარეობ ჯოჯოხეთი. (ეს მიწა) არის სასჯელისა და ცეცხლისგან მოშორებული ადგილი, წმინდანების მშვიდი სავანე, სადაც ბოროტები, მართალია, ხედავენ მართლბს და ესმით მათი, მაგრამ მათთან გადასვლა არ შეუძლიათ.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
როდესაც თქვა, რომ ეკლესია ამჯამად განიცდის სხვადასხვა უბედურებას, იოანე ასევე საუბრობს სულის დიდებაზე სხეულის ტანჯვის შემდეგ. საკურთხევლის ქვეშ, - ირწმუნება იგი, - ვიხილე - ანუ საუკუნო ქების საიდუმლო ადგილას. ეს არის ოქრის სიმაღლე, რომელიც მდებარეობს შიგნით, უფლის სხეულის კიდობანთან ახლოს და მასზე უფალს არ სწირავენ ხორცსა და სისხლს, როგორც გარეთ, არამედ მხოლოდ ქების მსხვერპლს - საკმეველს.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
მოწამეები - ნიმუში მართალთათვის
 
ამრიგად, უფლის მეხუთე მხსნელი საქმე, რომელიც აღესრულება ძღვნად კაცობრიობისთვის, რომელმაც ახსნა უფლის მეხუთე ბეჭედი და მოგვანიჭა ცოდვების შენდობა და ღმერთთან სიახლოვე - ბორკილები და ცემაა, რომლითაც უფალი წარდგა პილატეს წინაშე, რაც თავად პილატესგანაც თავმდაბლობით დაითმინა. ესაიამ ამ ცემის შესახებ ისაუბრა იმ ადგილას, სადაც ღვთის ანგელოზები ეკითხებიან უფალს: ეგ რა ნაჭრილობები გაქვს ხელზე? მიუგებს: ჩემს მოყვარეთა სახლში ვარ ნაცემი (ზაქ. 13:6) (2). აკი ამან განკურნა ჩვენი ჭრილობები, რაც იერუსალიმიდან იერიქონისკენ მიმავალ გზაზე მივიღეთ, როდესაც მძარცველები დაგვესხნენ თავს, დაგვაბეს და დაჭრილი, ცოცხალ-მკვდარი მიგვატოვეს, ლუკას იგავის თანახმად  (შეად. ლუკა 10:30-37).
 
_________________________
 
5. ძვ. ქართ.: რაჲ არს წყლულნი ეგე საშუალ ჴელთა შენთა? და თქუა: რომლითა ვიწყალ სახლსა შორის საყუარელისა ჩემისასა (ზაქ. 13:6) – "აპოკ." რედ.
 
_________________________
 
ამასთან, მან ჩვენი ბორკილებიც დაამსხვრია - ცოდვების მახენი, რომლითაც ვართ გარემოცულნი: ბოროტეულთა ბორკილების გარს შემომერტყნენ (ფსალმ. 119:61), როგორც წინასწარმეტყველი ამბობს. შესაძლოა, ბოროტმა ეშმაკმა არაფერი იცოდა მის შესახებ, სიხარულით მთვრალმა მახვილი ჩასცა თავის თავს და ჩამოშორდა თავის ბოროტ წამოწყებას. როდესაც ეს (მეხუთე ბეჭდის ახსნა) შედგა, წმინდანები, რომლებიც მანამდე ამოწმებდნენ, ძველი აღთქმის თანახმად, მდუმარედ იყვნენ, ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ ეს ქრისტესთან დაკავშირებით აღსრულდებოდა და მათ არაფრი ახსოვდათ, თუ რას აკეთებდნენ თავად. აკი თუ აფურთხებდნენ კიდეც მას, სცემდნენ და სახეში ურტყამდნენ. ეს ხდებოდა ფარულ სასამართლო პროცესზე, მღვდელმთავართა უკანონო სინედრიონში, მხოლოდ მსახურებისა და მათი თანდასწრებით, ვინც კრებაზე იყო მოწვეული. როდესაც მათ იხილეს პილატეს ბრძანებით შეკრული და გამათრახებული უფალი ხალხის წინაშე, მთელი იუდეველი ხალხის წინაშე, ისინი აჯანყდნენ ამის შემდეგ და, რადგან ის, რაც უფალს დაემართა, აუტანელი იყო, მათ გაიხსენეს ისიც, რაც მათ დაემართათ. რადგან, როგორც ნათქვამია, საკურთხევლის ქვეშ მიხილე მათი სულები, ვინც მოკლულ იქნენ ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის, რომელიც ჰქონდათ. ეს ნიშნავს: მე ვიხილე წამებულთა სულები უმაღლეს ადგილზე; რადგან ისინი ზეცის საკურთხეველზე იყვნენ მოთავსებულნი. თუ რომელი მოწამეები იხილა, საუბრობს შემდეგ, რომ ისინი მოკლულ იქნენ ძველი აღთქმის წმინდა სიტყვისა და ეკლესიისთვის, ან მათი სინაგოგისთვის. რადგან მოწამეები მარტო თავისთვის როდი კვდებიან, არამედ წვლილი შეაქვთ საერთო საქმეში. ჭეშმარიტად, მათი სიმამაცე სხვებისთვის მაგალითი ხდება და ღვთის შემეცნებას საფუძვლად უდევს წმინდანთა სისხლი.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
მეხუთე ბეჭდის ახსნა - ეს ნიშნავს წმინდა მოწამეთა ლოცვა-ვედრებას, ღვთისადმი აღვლენილს მდევნელებისთვის, რათა ღმერთმა ისინი მოაქციოს, თუკი ღირსნი იქნებიან, უღირსნი კი განადგურდნენ, რათა არც მართალ ადამიანებს ავნონ.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
10. ხმამაღლა შეღაღადეს და თქვეს: როდემდის, მეფეო, წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის მიწის მკვიდრთაგან?
 
 
სასუფევლის მოლოდინი
   
ჩვენი სურვილია - მალე ვიმეფოთ, და არა ხანგრძლივად ვიმსახუროთ. და თუკი ლოცვაში რომც არ მოგვცემოდა ვედრება სასუფევლის მოსვლის შესახებ, ჩვენ თვითონ ვიტყოდით ამას, მსწრაფნი ჩვენი სასოების აღსრულებისკენ. საკურთხევლის ქვეშ მყოფ მოწამეთა სულები მოუთმენლად შეჰღაღადებენ უფალს: როდემდის, მეფეო, არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის მიწის მკვიდრთაგან? რადგან მათთვის შურისძიება სამყაროს აღსასრულს უკავშირდება. არა, დაე, მალე მოვიდეს, უფალო, შენი სუფევა! ეს არის ქრისტიანთა სანუკვარი ოცნება, წარმართთა შერცხვენა, ანგელოზთა სიხარული; ჩვენ ამისთვის ვიღვწვით ან, უკეთ რომ ვთქვათ: ვლოცულობთ მისთვის.
 
ტერტულიანე, ლოცვის შესახებ.
 
 
წმინდანთა აღშფოთება
 
არა ადამიანების, არამედ დემონების წინააღმდეგ, რომელთაც ურჩევნიათ დარჩნენ მიწის მკვიდრთა შორის, მიმართავენ ისინი თავის ლოცვას, რადგან წმინდანთა სიყვარული ხმას იმაღლებს არა თავისი მოდგმის, არამედ მათ საწინააღმდეგოდ, ვისაც ადამიანები დაღუპვამდე მიჰყავთ.
   
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ეს ხორციელი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ: ისე არა, რომ მათ რისხვა შურისგებისკენ უბიძგებს, რადგან წინა სიტყვებიდან ვიცით, რომ მადლის გადმოვსლა მტრების სიყვარულსაც გვაიძულებს. ცხადია, რომ ისინი ლოცულობენ ცოდვის სამეფოს წინააღმდეგ და სწყურიათ უფლის სამეფო იმ წყურვილით, რომლითაც ჩვენ ვლოცულობთ - მოვიდეს სუფევა შენი (მათე 6:10).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ფსალმუნის ავტორი ღმერთს შესთხოვს, რომ შური იძიოს იმ მორწმუნეების სისხლისთვის, ვინც მისი სახელის გამო ეწამა. შურისძიება ხომ ის საშუალებაა, რომლითაც ძალადობა და უსამართლობა გაქარწყლდება სამართლიანი ანგარიშსწორებით. მაგრამ როგორც ჩანს, აქ მეფსალმუნეს სურს ის, რაც უკავშირდება მტრის (სარწმუნოებისკენ) მოქცევას. რადგან ამჟამად მათთვის შურისძიება დროებით ხდება, ისინი თავიდან აიცილებენ საუკუნო წყევლის სიკვდილს. აკი აპოკალიფსისში ვკითხულობთ, რომ მოწამეთა სულები, როდესაც ღვთის სამსხვერპლოს ქვეშ (იმყოფებიან), ითხოვენ, რომ მათ შური მიეგოთ ღვთიური განსჯით. რა სახის შურისძიება უნდა გვესმოდეს ჩვენი ნათქვამის შესაბამისად, რამეთუ ნეტარნი თავად არ ესწრაფვიან უმოწყალო შურისძიებას, რადგან მათ მიიღეს მითითება: კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის (მათე 5:44) და სხვ. დაბოლოს, თავად უფალი, თავისი მცნებების ყოვლისშემძლე აღმსრულებელი, ჯვარზე გაკრული, ამბობს: მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან (ლუკა 23:34).
 
კასიოდორი, ფსალმუნთა განმარტება.
 
 
როდემდის, მეფეო, წმინდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და შურს არ იძიებ - ისინი ასე ლოცულობენ, არა მტრების მიმართ სიძულვილის გამო, რომელთა შესახებაც ამ სოფელში ითხოვდნენ, არამედ სამართლიანობის სიყვარულით, როდესაც თავად იმყოფებიან მსაჯულთან ახლოს და, მასთან შეთანხმებით, ლოცულობენ იმ განკითხვის დღისთვის, რომელიც დაამხობს ცოდვის სამეფოს და როდესაც აღდგებიან მათი დახოცილი სხეულები. ასევე ახლა ჩვენც, მიუხედავად იმისა, რომ გვემცნო მტრებისთვის ლოცვა, მაინც ვამბობთ და უფალს ვევედრებით: მოვიდეს სუფევა შენი (მათე 6:10).
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
11. და მიეცა მათ სპეტაკი სამოსი და ითქვა მათ მიმართ, ცოტა ხანს კიდევ დამცხრალიყვნენ, ვიდრე არ გასრულდებოდა მათ თანა-მონათა და ძმათა რიცხვი, რომელნიც მათსავით მოკლულ უნდა იქმნენ.
 
 
მსაჯულის ძალაუფლება
 
ამავდროულად, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მას, უგუნურს, თავისი უდროო აჩქარებით, ყველა ადამიანისთვის შეუძლია ცოდვების შენდობა ან ბედავს უფლის მცნებების შეცვლას, მაშინ იგი არა მხოლოდ არ ეხმარება, არამედ ვნებს დაცემულ ადამიანს. არ დაემორჩილო განაჩენს, იფოქრო, რომ არ უნდა ილოცო ღვთის მოწყალებისთვის და, უფლის მოძულების შემდეგ საკუთარ ძალას დაეყრდნო, ნიშნავს საკუთარ თავს რისხვა დაატეხო თავს. ღვთის საკურთხევლის ქვეშ მოკლული მოწამეების სულები ხმამაღლა ღაღადებენ: როდემდის, მეფეო, წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის მიწის მკვიდრთაგან? ამასთანავე მათ ებრძანათ, რომ დამრცხრალიყვნენ და კვლავ მოეთმინათ. ამიტომ კარგია განა ვისურვოთ, რომ ვინმეს შეეძლოს, მსაჯული ღმერთის გარდა, განურჩევლად პატიება და ცოდვების მიტევება, სხვების დაცვა, თუ თვითონ მანამდე არ არის დასჯილი? განა მოწამეები გვიბრძანებენ რაიმეს გაკეთებას? თუ ეს სამართლიანია, დასაშვებია, არ ეწინააღმდეგება თვით უფალს, მაშინ ღვთის მღვდელმა უნდა გააკეთოს ეს მარტივად და მოხერხებულად დათანხმდეს შესრულებაზე, როდესაც პატიებაში დაცულია ზომიერება. მოწამეები გვამცნობენ რაიმეს გაკეთებას? თუ მცნება არ არის დაწერილი უფლის კანონში, მაშინ ჯერ უნდა გავარკვიოთ, გამოითხოვეს თუ არა მათ უფლისგან ის, რასაც შესთხოვდნენ, შემდეგ კი უნდა აღასრულონ ნამცნები. რადგან ყოველთვის არ არის ნებადართული ღვთის დიდება იყოს ის, რისთვისაც მოცემულია ადამიანური აღთქმა.
   
წმ. კვიპრიანე კართაგენელი, დაცემულთა შესახებ.
 
 
მართალთა ნუგეშისცემა
   
ვინც ყველაფერს ხედავს, სურდა რომ გვცოდნოდა, რომ ისინი - მოკლულთა სულები - მოელიან შურისგებას სისხლის, ანუ თავიანთი ხორცის გამო, მიწის მკვიდრთათვის. მაგრამ რადგან ჟამთა აღსასრულს მოვა წმინდანთა საუკუნო ჯილდო და ბოროტთათვის წყევლა, ნათქვამია, რომ ისინიც მოელიან. იოანე ამბობს, რომ თავიანთი ხორცის ნუგეშად მიეცათ მათ სპეტაკი სამოსი, ანუ სულიწმიდის ძღვენი.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ამის გამოთქმის შემდეგ (როდემდის, მეფეო, წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის მიწის მკვიდრთაგან?), მათ, უპირველეს ყოვლისა, მიეცათ სპეტაკი სამოსი. ეს ნიშნავდა, რომ ისინი საკუთარი სისხლით განიწმინდნენ და მათგან ჩამორეცხილია ყოველგვარი ცოდვა. შემდეგ კი ესმათ, რომ ცოტა ხანს კიდევ დამცხრალიყვნენ, ვიდრე არ გასრულდებოდა მათ თანა-მონათა და ძმათა რიცხვი, რომელნიც მათსავით მოკლულ უნდა იქმნენ. რადგან უსამართლო იქნებოდა, ხელი შეეშალათ მათთვის, ვინც თავიანთი ღვაწლით მათვე ემსგავსნენ, და დროზე ადრე მიეღოთ მოწამეობრივი გვირგვინები, როგორც დემონებთან მებრძოლებს.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
აქაც გვესმის, რომ მათ ღვთის სიბრძნის წინასწარცოდნა გამოეცხადათ, რომლის თანახმად, ბოროტეულნიც ვერ გაექცევიან საუკუნო სასჯელს და უკვე ქვეყნის აღსასრულს, როდესაც ღვთის მადლის წყარო გამოცხადდება, ბევრი შეუერთდება წმიდა მოწამეთა დასს. ისინი, საზღაურის მიღების შემდეგ, გახდებიან ენით გამოუთქმელი სიხარულის თანაზიარნი, რომლის სიმბოლოა, ჩვენი აზრით, სპეტაკი სამოსი. ამრიგად, ზოგი მიიღებს სპეტაკ სამოსს, ანუ სრულყოფილებას მადლის თანახმად, რომელიც სულიწმიდით იღვრება მორწმუნეთა გულებში და, ამ ნუგეშით დაკმაყოფილებულნი, ისინი თვითონ ამჯობინებენ დაელოდონ, ვიდრე არ გასრულდება დანარჩენი ძმის რიცხვი.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
სიტყვებით ვიდრე არ გასრულდებოდა მათ თანა-მონათა და ძმათა რიცხვი, მითითებულია ის, რომ წმინდანები თითქოსდა ითხოვენ სამყაროს აღსასრულს, რის გამოც მოუწოდებენ მათ მოთმინებისკენ, ისინი ცოტა ხანს კიდევ უნდა დამცხრალიყვნენ, ვიდრე არ გასრულდებოდა იმ თანამოღვაწეთა და ძმათა რიცხვი, რომლებიც მათსავით დახოცილი იქნებოდნენ, რათა ყველას ერთად მიეღო ღირსეული საზღაური ღმერთისგან (შეად. ებრ. 11:40). სპეტაკი სამოსელით მითითებულია მათში გაფურჩქვნილი სათნოებების ნათელი, რომლებშიც არიან შემოსილნი, თუმცა ჯერაც არ მიუღიათ აღთქმული (ებრ. 11:39). რადგან, ისინი, როგორც ყოველგვარი ხრწნადობისგან თავისუფალნი და განსვენებულნი აბრაამის წიაღში, ჭეშმარიტად გახარებულნი არიან იმის სასოებით, რასაც ხედავენ, როგორც ერთგვარ სულიერ სარკეში. და მრავალი წმინდანისთვის არის ნათქვამი, რომ ყოველი მოღვაწე სათნოებებში, მიიღებს ღირსეულ ადგილს, იმის თანხმიერს, რაც ცნობილი ნიშნებით დადასტურდება მომავალ საუკუნეში.  
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
შეიძლება ასეც გვესმოდეს, რომ ამ ზეციურ ქალაქში მყოფი რჩეულთა სულები მაცხოვრის სახელით და საკუთარი თავისთვის შესხთხოვენ, რადგან, უეჭველია, მათ სწყურიათ საყოველთაო სამსჯავროს დღის დადგომა და სხეულების აღდგომა, რომლითაც ისინი იბრძოდნენ უფლისთვის. ახლა თითოეულ სულს მხოლოდ სპეტაკი სამოსი აქვს და მხოლოდ საკუთრი სიხაარულით ხარობს. როდესაც აღსასრულს გასრულდება (წმინდა) ძმების რიცხვი, ისინი მიიღებენ ორს და გაიხარებენ იმით, რომ მიიღებენ უკვდავ სხეულებს.
 
ღირ. ბედა პატივდებული, ჰომილიები სახარებებზე.
 

უფლის მრისხანება
 
როგორც გინდ იყოს, საღვთო სიტყვები მიუთითებს იმაზე, რომ, როდესაც შურისგების დრო დადგება, მოქცევა აღარ გაათავისუფლებს ბოროტეულთ სასჯელისგან, არამედ შურისმგებელი მრისხანება გაანადგურებს მათ დამსახურებული სასჯელით. რადგან ეს დრო იქნება არა შენდობის, არამედ შურისგების, არა მოწყალების, არამედ სასჯელის დრო. ამიტომ იგი გადაიდო საღვთო სულგრძელობით, სანამ წმინდანთა რიცხვი არ გასრულდება. აკი ნეტარი იოანე აპოკალიფსისში შეგვახსენებს, რომ წმინდანები ამ სასჯელს შესთხოვდნენ შემდეგი სიტყვებით: როდემდის, მეფეო, წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის მიწის მკვიდრთაგან? იმის გასარკვევად, თუ ვინ უნდა შეუერთდეს წმინდანებს, რომ სასჯელის დრო გადავადებულია უზენაესი განკარგულებით, იგი განაგრძობს: და მიეცა მათ სპეტაკი სამოსი და ითქვა მათ, მიმართ ცოტა ხანს კიდევ დამცხრალიყვნენ, ვიდრე არ გასრულდებოდა მათ თანა-მონათა და ძმათა რიცხვი, რომელნიც მათსავით მოკლულ უნდა იქმნენ.
 
ფულგენციუს რუსპიელი, ექვთიმესადმი, ცოდვათა მიტევების შესახებ.

გაგრძელება იქნება.

წყაროები:

1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.

2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (I ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.
Назад к содержимому