განმარტება - I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები - აპოკ_1_1_20 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები
აპოკალიფსისი

იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება *
 

თავი 1

იესუ ქრისტეს გამოცხადება

1:1-9

ძვ. ქართ.:

1. გამოცხადებაჲ იესუ ქრისტესი, რომელ-იგი მოსცა მას ღმერთმან, ჩუენებად მონათა მისთა, საქმეთა მათ, რომელთაჲ ჯერ-არს ადრე აღსრულებაჲ, და გამოუცხადა მოვლინებითა ანგელოზისა მისისაჲთა მონასა მისსა იოვანეს,
 
2 რომელმანცა წამა სიტყუაჲ ღმრთისაჲ და წამებაჲ იესუ ქრისტესი, რაოდენიცა იხილა და რომელიცა არს და რომელსა ეგულების ყოფად.  
 
3 ნეტარ არს, რომელი იკითხვიდეს და რომელნი ისმენდენ სიტყუათა ამის წინაწარმეტყუელებისათა და დაიმარხონ, რაჲ-იგი მას შინა წერილ არს, რამეთუ ჟამი ახლოს არს.  
 
4 იოვანე, შჳდთა ეკლესიათა ასიაჲსათა: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისაგან, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, და შჳდთა მათ სულთაგან, რომელნი წინაშე საყდარსა მისსა არიან.  
 
5 და იესუ ქრისტესგან, მოწამისა მის სარწმუნოჲსა, პირმშოჲსა შესუენებულთაჲსა და მთავრისა მეფეთა ქუეყნისათა, რომელმან შემიყუარნა ჩუენ და განგუბანნა ცოდვათა ჩუენთაგან სისხლითა თჳსითა.  
 
6 და მყვნა ჩუენ სამეუფო მღდელ ღმრთისა და მამისა თჳსისა, რამეთუ მისი არს დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე. ამინ.  
 
7 აჰა ესერა მოვალს ღრუბელთა თანა, და იხილოს იგი ყოველმან თუალმან და რომელთა-იგი უგუმირეს მას; და გოდებდენ ტომნი ქუეყანისანი: ჰე, ამინ.
 
8 მე ვარ ანი და ჵ, იტყჳს უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი.
 
9 მე, იოვანე, ძმაჲ თქუენი და ზიარი ჭირსა და სუფევასა და მოთმინებასა თქუენსა ქრისტე იესუს მიერ, ვიყავ ჭალაკსა მას, რომელსა ეწოდების პატმო, სიტყჳსათჳს ღმრთისა და წამებისათჳს იესუ ქრისტესისა.


ახ. ქართ.:

1. გამოცხადება იესუ ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავისი მონებისათვის, რაც უნდა მოხდეს მალე; და უჩვენა კიდეც თავისი ანგელოზის მოვლინებით მონას თვისას იოანეს,
 
2. რომელმაც იმოწმა სიტყვა ღვთისა და მოწმობა იესუ ქრისტესი, - ყოველივე ის, რაც იხილა.
 
3. ნეტარია, ვინც კითხულობს და ისმენს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს და იმარხავს მასში დაწერილს, რადგანაც ახლოა ჟამი.
 
4. იოანე ასიის შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენდა და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და იქნება, და შვიდი სულისაგან, რომელნიც არიან მისი ტახტის წინაშე,
 
5. და იესუ ქრისტესაგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე, პირმშო განსვენებულთაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი. მას, ვინც შეგვიყვარა და ჩვენი ცოდვებისაგან გვიხსნა თავისი სისხლით,
 
6. ვინც მეფეებად და თავისი ღმერთისა და მამის მღვდლებად გვაქცია, - დიდება და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 
7. აჰა, მოდის ღრუბლებით და იხილავს ყოველი თვალი; იხილავენ ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი. და დაიწყებს გოდებას მის წინაშე დედამიწის ყოველი ტომი. ჰო, ამინ.
 
8. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული, ამბობს უფალი, რომელიც არის, იყო და იქნება, ყოვლისმპყრობელი.
 
9. მე, იოანე, თქვენი ძმა და იესუ ქრისტეს ურვის, სუფევისა და მოთმინების თანაზიარი, ვიყავი კუნძულზე, რომელსაც ჰქვია პატმოსი, ღვთის სიტყვისა და იესუ ქრისტეს მოწმობისათვის.
 
 
* აპოკალიფსისის ტექსტი ძველი ბერძნულიდან ახალქართულად თარგმნა ბაჩანა ბრეგაძემ.



***

მიმოხილვა: დაფარულს გამოავლენს ღმერთი (აპრინგიუსი), რომელიც მარადიულია (ეკუმენიოსი), და ეუწყება იგი ეკლესიას (ბედა პატივდებული), რომელიც აღწერილია რიცხვთა და სახელთა სიმბოლოებში, და ენიჭება შვიდგზის მადლში (აპრინგიუსი, კესარიოს არლელი). შვიდი სული - ეკლესიათა მმართველი შვიდი ანგელოზია (ანდრია კესარიელი). სულიწმიდა თავს ავლენს სხვადასხვა ძალებში (ეკუმენიოსი, აპრინგიოსი). ქრისტე - ჭეშმარიტი მოწმეა (ევსები კესარიელი), რომელმაც განაქარვა სიკვდილი, როგორც პირმშომ შესვენებულთაგან (ირინეოს ლიონელი, ათანასე ალექსანდრიელი). ყველა ადამიანი - მარადიული მღვდლის სხეულის წევრია (ეკუმენიოსი, ბედა პატივდებული), და იესუ მოვა, რათა განსაჯოს ხორციელად აღმდგარნი ცოცხალნი და მკვდარნი (ფულგენციუს რუსპიელი). ამიტომაც ღმრთის მეორედ მოსვლა იქნება ყველასთვის ცხადი და თვალსაჩინო (ეკუმენიოსი). ქრისტეში მთელი კაცობრიობა უბრუნდება თავის საწყისს; ქრისტე არის დასაბამი და დასასრული, როგორც ალფა და ომეგა ბერძნულ ალფავიტში (ტერტულიანე, ავგუსტინე იპონიელი). იოანე გადასახლებული იყო პატმოსს, სადაც მას გამოეცხადა საღმრთო საიდუმლონი (აპრინგიუსი, ბედა პატივდებული).


***

1-2. გამოცხადება იესუ ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავისი მონებისათვის, რაც უნდა მოხდეს მალე; და უჩვენა კიდეც თავისი ანგელოზის მოვლინებით მონას თვისას იოანეს. რომელმაც იმოწმა სიტყვა ღვთისა და მოწმობა იესო ქრისტესი, -   ყოველივე ის, რაც იხილა.


დაფარულს გამოავლენს ღმერთი
 
იმ ფაქტით, რომ ამ წიგნს ჰქვია აპოკალიფსისი, ანუ გამოცხადება, მოციქული ააშკარავებს, რომ საიდუმლო აზრების ფარული მნიშვნელობა მიუწვდომელია, და თუ ღმერთი თავად არ გამოავლენს თავს, სხვა ვერ შეძლებს ამის გააზრებას.
 
აპრინგიუსი. ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
მითითება ღმრთის მარადიულობაზე
   
წიგნს ჰქვია გამოცხადება, რადგან, ერთი მხრივ, მამამ მისცა ძეს, ხოლო მეორე მხრივ, ძემ იგი თავის მონებს წარუდგინა. მან წმინდანებს ქრისტეს მონები უწოდა და გაუფრთხილდა იმას, რაც მას, როგორც ღმერთს შეჰფერის. რადგან, ვის წინაშე მართებთ ადამიანებს მორჩილება, თუ არა მათი შემოქმედისა? და ვინ არის ხალხისა და ყოველი ქმნილების შემოქმედი? სხვა არავინ, თუ არა მხოლოდშობილი ძე, ღვთის სიტყვა. კი, ეს მწერალი (ანუ იოანე ღვთისმეტყველი - რედ.) სახარებაში ამბობს - ყველაფერი მის მიერ შეიქმნა (იოანე 1:3), მაგრამ რატომ სურს დაამატოს - რაც უნდა მოხდეს მალე? მიუხედავად იმისა, რომ არც არაფერი მომხდარა, რაც უნდა მომხდარიყო; დიდი ხანი გავიდა, ხუთას წელზე მეტი, მას შემდეგ, რაც მან ეს სიტყვები წარმოთქვა. ის, რომ უსასრულო და დაუსაბამო ღმერთის წინაშე საუკუნენი არაფერია, ეს ადრე უკვე თქვა წინასწარმეტყველმა: რადგან ათასი წელი შენს თვალში, ვითარცა გუშინდელი დღე, რომ გადაიარა, და მესამედი ღამისა (ფსალმ. 89:4). ამიტომ, შესაძლოა, მან დასძინა მალე არა დროის საზღვრის მისანიშნებლად, არამედ ღვთის ძალმოსილებისა და მარადიული არსებობისა, რადგან სინამდვილეში დროის ყოველი ინტერვალი, თუნდაც უდიდესი და განუზომელი, უმნიშვნელოა (ღვთის) უსასრულობასთან შედარებით.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
გამოცხადება ეკლესიის შესახებ
   
როდესაც მოციქულებმა ეკლესია დააფუძნეს, საჭირო იყო იმის გარკვევა, თუ როგორ გავრცელდებოდა იგი და როგორ სრულიყოფოდა ბოლოს, რათა რწმენის მქადაგებლები შეიარაღებულიყვნენ ამქვეყნიურ ცდუნებათა წინააღმდეგ. იოანე, ჩვეულებისამებრ, მამის წინაშე ადიდებს ძეს და ამოწმებს, რომ მან მიიღო საიდუმლოებათა შესახებ გამოცხადება იესუ ქრისტეს წყალობით, რომელიც მისცა მას ღმერთმა.
 
ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.

 
3. ნეტარია, ვინც კითხულობს და ისმენს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს და   იმარხავს მასში დაწერილს, რადგანაც ახლოა ჟამი.
 
სრულყოფა - აღსრულებაშია
   
იოანეს სურს თქვას, რომ კითხვა არ არის მცნებათა აღსრულება, და მოსმენა არ აჩვენებს, რომ საქმე შესრულდა. არამედ, მხოლოდ ის არის სრული, რაც აღსრულებულია წაკითხულისა და მოსმენილის ათვისებით.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 

4. იოანე ასიის შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენდა და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და იქნება, და შვიდი სულისაგან, რომელნიც არიან მისი ტახტის წინაშე.

რიცხვისა და სახელწოდების საიდუმლო
 
რას წარმოადგენს ასიის ხალხი, რომ მხოლოდ ის გახდა ღირსი მოციქულის გამოცხადების მიღებისა? არსებობს საიდუმლოება რიცხვში და პროვინციის სახელწოდებაშიც. ჩვენ ჯერ უნდა განვიხილოთ ამ რიცხვის მნიშვნელობა, რადგან, როგორც რიცხვი ექვსი, ისე რიცხვი შვიდი, რომლებიც მეორდება (მოსეს) რჯულში, ყოველთვის გამოიყენება მისტიკური გაგებით. რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, და მეშვიდე დღეს შეისვენა (გამ. 20:11; ებრ. 4:10). და კვლავ აქ: ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში (ებრ. 4:10). ასე რომ, აქ შვიდი აღნიშნავს ამჟამინდელი საუკუნის მდგომარეობას. ამიტომ, ვფიქრობ, მოციქული უგზავნის ამ ეპისტოლეს არა მხოლოდ შვიდ ეკლესიას ან იმ ქვეყანას, სადაც ის მაშინ ცხოვრობდა, არამედ მომავალ საუკუნეებს სამყაროს აღსასრულამდე. ამიტომ მან გამოიყენა ყველაზე წმინდა რიცხვი და ახსენა ასია, რომელიც ითარგმნება როგორც ამაღლებული ან მიმავალი, რაც, რა თქმა უნდა, აღნიშნავს ზეციურ სამშობლოს, რომელსაც ჩვენ კათოლიკე ეკლესიას ვუწოდებთ, უფლის მიერ ამაღლებულსა და ყოველთვის უმაღლესისკენ მიმავალს სულიერი წვრთნით, რომელსაც მუდმივად სწყურია ზეციერი.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
შვიდსახოვანი მადლი
   
ასია გაგებულია, როგორც სიმაღლე, რომლის მეშვეობითაც წარმოდგენილია კაცთა მოდგმა. ეს შვიდი ეკლესია და შვიდი სასანთლე საგულისხმოა, რადგან ისინი წარმოადგენს შვიდსახოვან მადლს, ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს წყალობით, კაცთა მოდგმისათვის მონიჭებულს. რადგან მან აღგვითქვა ზეციდან ნუგეშინისმცემელი სულის წარმოგზავნა, რომელიც ასევე მოუვლინა მოციქულებს, თითქოს ასიაში მყოფთ - ანუ ამაღლებულ სამყაროში, სადაც უფალმა შვიდგზის მადლი მიანიჭა ჩვენს ეკლესიებს თავისი მონის, იოანეს მეშვეობით.
 
კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
შვიდი ეკლესია
   
რადგან სხვადასხვა ადგილას ბევრი ეკლესია არსებობდა, ავტორმა მხოლოდ შვიდი მოიხსენია და ამ შვიდ რიცხვში იგულისხმა ყველა ეკლესია, ჩვენი მიწიერი ცხოვრების წელთა რიცხვის შესაბამისად, რადგან შვიდი დღის მონაცვლეობა შეადგენს თვეებსა და წლებს. ამიტომაც შვიდ ანგელოზსა და შვიდ ეკლესიას ახსენებს, რომელთაც უსურვებს - მადლი თქვენ და მშვიდობა მისგან, ანუ სამგვამოვანი ღმერთისგან, რომელიც არის - ამით მამას მოასწავებს, რომელმაც უთხრა მოსეს: მე ვარ, რომელიც ვარ და რომელიც იყო. დასაბამი ღმრთის ქმნილებისა - ამით ამბობს, რომ დასაბამიდან იყო ღმერთთან უფალი, რომელიც კვლავ მომავალია. სიტყვა იქნება ნუგეშინისმცემელ სულს გამოხატავს, რომელიც მუდამ გადმოდის ეკლესიის შვილებზე ნათლისღების მიერ და რომელიც მთელი სისრულით გადმოიფრქვევა მარადისობაში. ხოლო შვიდ სულში ცხოველმყოფელი სულის შვიდ მადლს გულისხმობს, რომელიც ესაია წინასწარმეტყველმაც ახსენა.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
სულიწმიდის შვიდი ძალი
   
აქ გამოიკვეთა რიცხვი შვიდის ის საიდუმლო, რომელიც ყველგან არის მითითებული. აქ შემოდის შვიდი სული, როგორც ერთი და იგივე სული, ანუ სულიწმიდა, ერთი სახელით, მაგრამ გამოვლენილი შვიდი ძალით, უხილავი და უსხეულო, რომელის ხატის განჭვრეტაც შეუძლებელია. დიდმა ესაიამ გაგვიმჟღავნა უფლის შვიდი ძალის რიცხვი და თქვა: სული რჩევისა და სიმხნევისა - რომელიც ჩაიფიქრებს და ქმნის; სული შეგნებისა და უფლის შიშისა - რომელიც უფლის შიშით შეიცავს ქმნილებას და ასრულებს იმას, რაც მან იცის და ცდილობს, რომ ყოველთვის გულმოწყალებით შეასრულოს.
 
ასეთია სულის საღმრთო აღწერა, რომელსაც უნდა ვემსახუროთ. ეს აღწერა საკუთარ თავში უფრო გამოუთქმელ ქებას შეიცავს და არ უთითებს ბუნების სახეზე.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
შვიდი სული - შვიდი ანგელოზია
   
შვიდი სული შვიდი ანგელოზია; ისინი უწმიდეს სამებას ეზიარებიან არა როგორც თანასწორნი და მარადისმყოფნი, არამედ, როგორც უახლოესნი მსახურნი და ერთგული მონები, რადგან წინასწარმეტყველი ეუბნება ღმერთს, რომ ყოველნი გმსახურებენ (ფსალმ. 119:91) და ანგელოზები შედიან ყოველნი­-ში. იგი სხვაგანაც ამბობს მათ შესახებ: ადიდეთ უფალი, ანგელოზნო მისნო; ძალით ზლიერნი, მისი სიტყვის შემსრულებელნი, ემორჩილებიან მის ნათქვამს (ფსალმ. 102:21). ტიმოთესთვის პირველი ეპისტოლეს შედგენისას მოციქულმა გამოიყენა ეს სახე: ღმერთის, უფალ იესუ ქრისტესა და რჩეულ ანგელოზთა წინაშე" 1 ტიმ. 5:21). ცხადია, როდესაც თქვა - შვიდი სულისგან, რომელნი არიან მისი ტახტის წინაშე, იოანემ კიდევ ერთხელ დაგვიმოწმა მათი, როგორც ღვთის მსახურთა ღირსების, და არა თანასწორობის შესახებ.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.


5. და იესუ ქრისტესაგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე, პირმშო განსვენებულთაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი. მას, ვინც შეგვიყვარა და ჩვენი ცოდვებისაგან გვიხსნა თავისი სისხლით.

სიტყვა - ერთგული მოწმე
   
მას შემდეგ, რაც იოანემ ზემოთ ახსენა ის სიტყვა, რომელიც ხორცის მიღებამდე დიდებით მყოფობდა მამასთან, აუცილებლობის გამო დასძენს მის კაცებაზე, რომ ხორცი შეისხა და თქვა: და იესუ ქრისტესგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე. ამრიგად, მან საქმით წარმოგვიდგინა თავისი ღმერთობის სარწმუნო მოწმობა ხორცის მიღებით, თავისი ტანჯვითა და სისხლით, გამოისყიდა ჩვენი ცოდვები და განგვწმინდა ყოველგვარი ურჯულოებისგან. ამრიგად, ჩვენი ხრწნილებისა და უძლურების ნაცვლად, მას მიაქვს სარწმუნო მოწმობა მამა ღმერთისადმი, ვისთვისაც უცხოა ცვალებადობა და ცვლილების ჩრდილი (იაკობ. 1:17).
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
მოწმეები - მოწამეები არიან
   
მათ არა მარტო თვით არ გამოუცხადებიათ თავი მოწამეებად, არამედ უშლიდნენ კიდევაც სხვებს ასე ეწოდათ მათთვის, და თუ ვინმე წერილით ან სიტყვით მიმართავდა მათ, როგორც მოწამეებს, მწარედ საყვედურობდნენ. ისინი სიხარულით ანიჭებდნენ მოწამის წოდებას ქრისტეს, რომელიც არის სარწმუნო მოწმე და ჭეშმარიტი მოწამე, პირმშო შესვენებულთაგან, სიცოცხლის უფალი ღმერთში; იხსენებდნენ უკვე გარდაცვლილ მოწამეებს და ამბობდნენ: აი ისინი არიან ჭეშმარიტი მოწმენი. ქრისტემ ღირს-ჰყო ისინი მიეღო მათი აღმსარებლობის დროს, რომელთაც სიკვდილით აღბეჭდეს მათი მოწმობა, ჩვენ კი ვართ უბრალო და უმნიშვნელო აღმსარებლები.
 
ევსები კესარიელი, საეკლესიო ისტორია.
 
 
უფალმა დაასრულა ჩვენი ცხონება
   
ამრიგად, მამა ღმერთი სავსე იყო მოწყალებით; მან მოგვივლინა შემოქმედებითი სიტყვა, რომელიც, მოვიდა რა ჩვენი ხსნისათვის, იმავე ადგილას და იმავე წიაღში იმყოფებოდა, რომელშიც სიცოცხლე დავკარგეთ, და დაარღვია ეს ბორკილები. და გამოჩნდა მისი სინათლე, გაფანტა ციხის წყვდიადი, განწმინდა ჩვენი დაბადება და გააუმა სიკვდილი, დაამსხვრია ჩვენი ტყვეობის ბორკილები. ამავდროულად, მან გვიჩვენა მკვდრეთით აღდგომა, თავად გახდა პირმშო განსვენებულთაგან და თავის თავში მკვდრეთით აღადგინა დაცემული კაცი, აამაღლა ზეცის უმაღლეს ნაწილამდე, მამის დიდების მარჯვნივ და, როგორც ღმერთმა, წინასწარმეტყველის პირით აღგვითქვა: მას ჟამს აღვმართავ დავითის დამხობილ კარავს ამოს. 9:11), ე. ი. დავითისგან წარმომდგარ ხორცს. ჩვენმა უფალმა იესუ ქრისტემ ჭეშმარიტად აღასრულა ეს, დიდებულად დაასრულა ჩვენი ხსნა (რათა შეგვეძლოს ჭეშმარიტად აღვდგეთ მამაში სიცოცხლისაკენ), როგორც პირმშომ განსვენებულთაგან, ღმერთი სიცოცხლის სათავემ და წყარომ.
 
ირინეოს ლიონელი, სამოციქულო ქადაგების მტკიცება.
 
 
იესუმ ჩვენთვის აღადგინა თავისი სხეული
   
რადგან თუმც ჩვენს შემდეგ ჩვენთვისვე გახდა ის ადამიანი და ძმა ჩვენი სხეულისებრი მსგავსებით, ამავდროულად პირმშოდ იწოდა ჩვენში, და ნამდვილად ასეა, რადგან, რაკიღა ადამის ცოდვის შემდეგ იღუპებოდა ყველა ადამიანი, მისი ხორცი სხვათა უადრეს ცხონდა და გათავისუფლდა როგორც თვით სიტყვის ხორცად ქმნილი, და უკვე მის შემდეგ ვცხონდებით, როგორც სიტყვის თანამესხეულენი. სწორედ ამ სხეულში გვიძღვის უფალი ზეციური სასუფევლისა და მისი მამისკენ, და გვეუბნება: მე ვარ გზა (იოანე 14:6), და კარი, და ჩემით უნდა შევიდეს ყოველი. ამიტომაც იწოდება იგი ასევე პირმშოდ შესვენებულთა, არა იმიტომ, რომ ჩვენზე ადრე მოკვდა (ჯერ ჩვენ მოვკვდით), არამედ იმიტომ, რომ ჩვენთვის მიიღო სიკვდილი და გააუქმა მისი მოქმედება; პირველი აღდგა იგი, როგორც ადამიანი და ჩვენთვისვე აღადგინა მან თავისი სხეული. რაკიღა ის აღდგა, მაშინ, საბოლოოდ, ჩვენს მისით და მისი გულისთვის აღვდგებით მკვდრეთით.
 
ათანასე ალექსანდრიელი, არიანელთა წინააღმდეგ.
 
 
ჩვენი აღდგომის მიზეზი
   
მის შესახებ პავლეც ამოწმებს, როდესაც ამბობს: ის არის თვი ეკლესიის სხეულისა, პირმშო მკვდართაგან (კოლას 1:18). იგი მას პირმშოს განსვენებულთაგან-ს უწოდებს, ვინაიდან იგი წინ უძღოდა საყოველთაო აღდგომას და (ახალი და ცოცხალი გზით), რომელიც გაგვიხსნა მან ფარდით, ესე იგი თავისი ხორცით (ებრ. 10:20), დაწერილის თანახმად. რადგან ყველას მიმართა, ვინც უფალზე წინ აღდგა მკვდრეთით, კვლავ სიკვდილი მოიწია; და მათი აღდგომა არც ყოფილა ჭეშმარიტი, არამედ მხოლოდ სიკვდილის ჟამის გადაწევა. მათგან არცერთი პირმშოდ განსვენებულთაგან არ ყოფილა აღიარებული, მხოლოდ უფალს უწოდებენ ასე, რადგან იგი იყო ჭეშმარიტი აღდგომის დასბამი და მიზეზი, რომელიც ერთგვარად გახდა კაცობრიობის აღდგომის პირველი ნაყოფი, გახდა მათი მსგავსი და განვლო, როგორც ერთგვარი საქორწილო ოთახიდან, სიკვდილიდან სიცოცხლემდე.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
პირმშო ღირსებით
   
შეიძლება ასე გავიგოთ - განსაკუთრებული მიზეზი არსებობს, რომ უფალს უწოდებენ პირმშოს, როგორც ამას იოანე ამბობს გამოცხადებაში და პავლე მოციქულიც წერს - რადგან ისინი, ვინც წინასწარ ცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის (რომ. 8:29). იგი მრავალ ძმას შორის პირმშოა, რადგან ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ (იოანე 1:12), რომელთაგან მას სამართლიანად უწოდებენ პირმშოს, რადგან იგი ღირსების თანახმად უსწრებს წინ ყველას, ვინც შვილად იწოდება, მათაც კი, ვისი დაბადების დროც უსწრებდა მის განხორციელებას. ამიტომ მათ იოანესთან ერთად ჭეშმარიტად შეუძლიათ დამოწმება: ვინც ჩვენ  უკან მოდიოდა, ჩვენზე წინ დადგა (შდრ. იოანე 1:15), რაც ნიშნავს: ის ჩვენ შემდეგ დაიბადა ამ სამყაროში, მაგრამ მისი სათნოებისა და მეფობის ძალით სამართლიანად იწოდება პირმშოდ ყოველ ჩვენგანს შორის.
 
ბედა პატივდებული, ჰომილიები სახარებებზე.


6. ვინც მეფეებად და თავისი ღმერთისა და მამის მღვდლებად გვაქცია, - დიდება და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 
ქრისტეს სხეულის წევრები
 
რადგან მეფემ მეფეთა და ზეციურმა მღვდელმა შეგვაერთა თავის სხეულთან, ჩვენთვის მსხვერპლად მოიღო საკუთარი თავი, არავინ წმინდანთაგან განკვეთილი არ არის მღვდლობის სულიერი მსახურებისგან, რადგან ყველანი წარმოადგენენ მარადიული მღვდლის სხეულის წევრებს.
 
ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
7. აჰა, მოდის ღრუბლებით და იხილავს ყოველი თვალი; იხილავენ ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი. და დაიწყებს გოდებას მის წინაშე დედამიწის ყოველი ტომი. ჰო, ამინ.

ქრისტე დაბრუნდება, რათა განსაჯოს
   
ირწმუნე მტკიცედ და არავითარ შემთხვევაში არ დაეჭვდე, რომ სიტყვა, რომელიც ხორციელ იქნა, ყოველთვის ფლობდა ჭეშმარიტ ადამიანურ ხორცს, რომელშიც ღმერთი სიტყვა იშვა ქალწულისგან, რომელშიც ის ჯვარს აცვეს და მოკვდა, რომელშიც ის აღდგა და ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა, და რომელშივე კვლავ მოვა განსჯად ცოცხალთა და მკვდართა. ამიტომაც ესმათ მოციქულებს ანგელოზთაგან: კაცნო გალილეველნო, რას დამდგარხართ და შეჰყურებთ ცას? ეს იესო, თქვენგან რომ ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, რთგორც ზეცად აღმავალი იხილეთ იგი (საქმე 1:11); და ნეტარი იოანეც ამბობს: აჰა, მოდის ღრუბლებით და იხილავს ყოველი თვალი. იხილავენ ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი. და დაიწყებს გოდებას მის წინაშე დედამიწის ყოველი ტომი.
 
ფულგენციუს რუსპიელი, რწმენის შესახებ.
 
 
მეორედ მოსვლა
   
მე ვფიქრობ, რომ საღვთო წერილი ღრუბლებს წმიდა ანგელოზებს უწოდებს მათი სიმსუბუქისა და ჰაერში თავისუფლად მოძრაობის გამო, თითქოს უნდა თქვას: უფალი გამოჩნდება ღრუბლით მომავალი საღვთო ანგელოზების თანხლებით, რადგან წინასწარმეტყველიც ასე წარმოადგენს მას, როდესაც ამბობს - ქერუბიმებზე ამხედრდა და გაფრინდა, და გაეშურა ქარის ფრთებით (ფსალმ. 17:11).
 
და იხილავს ყოველი თვალი; იხილავენ ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი - დიდებით მოსვლისას იგი არ შემოიჭრება დაუპატიჟებელი სტუმარივით და არც ფარულად გამოჩნდება, როგორც პირველად მოსვლისას, როდესაც მან ხორციელად მოიხილა ქვეყანა. წინასწარმეტყველი მიუთითებს ამ მოსვლის იდუმალებაზე და ამბობს - იგი ჩამოვა, როგორც წვიმა მოთიბულ მდელოზე. როგორც წვეთები, მიწას რომ რწყავენ (ფსალმ. 71:6) - იგი მოვა ყველას დასანახად და თვალსაჩინოდ, უკანასკნელი ცოდვილისა და ბოროტეულის ჩათვლით. მათ შორის აუცილებელია მოვიაზროთ ისინიც, ვინც საზიზღრად მოექცნენ მას და განგმირეს იგი. ნათქვამია - და დაიწყებს გოდებას მის წინაშე დედამიწის ყოველი ტომი - აშკარად ისინი, ვინც ურწმუნოებად დარჩნენ და ასევე ისინიც, ვინც არჩია, ქედი არ მოეხარა მისი მხსნელი უღლის ქვეშ.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.  

 
8. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული, ამბობს უფალი, რომელიც არის, იყო და იქნება, ყოვლისმპყრობელი.
 
ყოველივეს დასაბამი და დასასრული
   
უფალი საკუთარ თავს მიაკუთვნებს ანბანის ორ ასოს - პირველსა და უკანასკნელს, სახე-ხატებს, რომლებიც მის დასაბამსა და დასასრულს გამოხატავს; და ისევე, როგორც ანი გრძელდება ჰაემდე, ზუსტად ასევე - ჰაე ბრუნდება უკან ანისკენ. ამრიგად, მან მიუთითა, რომ მასში არის როგორც დასაბამიდან დასასრულისკენ მოძრაობა, ისე დასაბამისკენ დასასრულის მიბრუნებაც. ასე რომ, ნებისმიერი ნებელობა, რომელიც სრულდება მასში - კერძოდ, სიტყვის მეშვეობით, რომელიც ხორცად იქცა - ისევე სრულდება, როგორც იწყება. ასევე ქრისტეში ყველაფერი დასაბამისკენ არის ხმობილი, რათა რწმენაც დაუბრუნდეს წინადაცვეთიდან სხეულის იმ მთლიანობას, როგორც ეს დასაბამიდან იყო; თავისუფლება იყო საკვებში და მხოლოდ სისხლისგან იყო თავშეკავება, როგორც ეს თავიდან იყო; და ქორწინების დაურღვევლობა, როგორც ეს დასაბამიდან იყო; და განქორწინების უარყოფა, რაც დასაბამიდან არ ყოფილა; და ბოლოს - მთელი ადამიანი ბრუნდება სამოთხეში, სადაც ის თავდაპირველად იმყოფებოდა.
 
ტერტულიანე, ქორწინების შესახებ.
 
ნეტარ მოციქულთა მოწამეობამ განწმინდა ჩვენთვის ის დღე; მათ მოძულეს წუთისოფელი, და მთელი ქვეყნის დიდება მოიხვეჭეს.
 
პეტრე - პირველი მოციქულია, პავლე - უკანასკნელი. პირველიც და უკანასკნელიც მოწამეობის დღემდე მიიყვანა პირველმა და უკანასკნელმა - ქრისტემ. რომ გაიხსენო, რა ვთქვი, ყურადღება მიაქციე ალფას და ომეგას. თვით უფალი ნათლად ამბობს აპოკალიფსისში: მე ვარ ანი და ჰაე - პირველი, რომლის უწინარესაც არავინ არის; ხოლო, რომლის შემდეგაც არც არავინ არის, ყველაფრის წინამორბედი, ყველაფრის დამასრულებელი. გსურთ იხილოთ პირველი? ყველაფერი მის მიერ შეიქმნა (იოანე 1:3). ისწრაფვით უკანასკნელისკენ? რადგანაც რჯულის დასასრული ქრისტეა ყოველი მორწმუნის გასამართლებლად (რომ. 10:4). შენ რომ გეცოცხლა ოდესღაც, ის გყავდა, როგორც შემოქმედი, თქვენ მარადიულად რომ გეცოცხლათ - ის გყავთ, როგორც თქვენი გამომსყიდველი.
 
ავგუსტინე იპონიელი, ქადაგებები.
 
 
ძე და მამა თანასწორნი არიან
   
რადგან ისინი ერთნი არიან, და ღმრთეებაც ერთია, მამის სახელის გარდა იგივე ითქმის ძეზე, რაც მამაზე. ასე, მაგალითად, ძე იწოდება ღმერთად - და სიტყვა იყო ღმერთი; ყოვლისმპყრობელად - მე ვარ ალფა და ომეგა, დასაბამი და დასასრული, ამბობს უფალი. რომელიც არის, იყო და იქნება, ყოვლისმპყრობელი; უფლად - ერთი უფალი იესო ქრისტე, რომლის მიერ არის ყოველი და ჩვენც მის მიერ (1 კორინთ. 8:6); ნათქვამია, რომ ძე არის ნათელი: მე ვარ ნათელი ქვეყნისა (იოანე 8:12). ის მიუტევებს ცოდვებს: ძეს კაცისას ძალა შესწევს ამ ქვეყნად ცოდვების მიტევებისა (ლუკა 5:24). ჰპოვებს კიდევ სხვა მრავალ რამეს, რადგან თვით ძეც ამბობს: ყველაფერი, რაც აქვს მამას, ჩემია (იოანე 16:15), და კვლავაც: ყველაფერი ჩემი შენია (იოანე 17:10).
 
ათანასე ალექსანდრიელი, არიანელთა წინააღმდეგ.
 
 
9. მე, იოანე, თქვენი ძმა და იესო ქრისტეს ურვის, სუფევისა და მოთმინების თანაზიარი, ვიყავი კუნძულზე, რომელსაც ჰქვია პატმოსი, ღვთის სიტყვისა და იესო ქრისტეს მოწმობისათვის.

იოანეს ტანჯვა
 
როგორც ეკლესიის ისტორიკოსები ამბობენ, კეისარ კლავდიუსის დროს, როდესაც შიმშილობა გამწვავდა (რომლის დადგომაც, "მოციქულთა საქმეთა" მიხედვით, იწინასწარმეტყველა აგაბო წინასწარმეტყველმა), იმ დროს ამ ქედმაღალმა კეისარმა გამოაცხადა ეკლესიის დევნა. შემდეგ ასევე ბრძანა იესუ ქრისტეს მოციქულის - იოანეს დევნა, რომელიც მან გადაასახლა და გაწირა იმჟამინდელი შიმშილით განსაცდელისთვის. იოანემ თავს ურვის თანაზიარი უწოდა და დაურთო ჯილდოდ ურვისათვის - სუფევა და დასძინა, რომ ნანატრ სუფევას წინ უძღვის მოთმინება, რომელიც მან იესუ ქრისტეს გულისთვის დაითმინა.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.

 
ცნობილია, რომ იოანე კეისარმე დომიციანემ გადაასახლა ამ კუნძულზე და იქ მას, როდესაც ტყვეობაში მყოფს, ამ მიწის ნაკვეთის დატოვება აკრძალა, ზეციურ საიდუმლოებებში წვდომის უფლება მიენიჭა.
 
ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
აპოკალიფსისი
კაცის ძის ხილვა იოანე ღვთისმეტყველის მიერ
 
1:10-20
ძვ. ქართ.:
 
10. ვიქმენ სულითა დღესა კჳრიაკესა და მესმა უკუანაჲთ კერძო ჩემსა ჴმაჲ დიდი, ვითარცა საყჳრისაჲ,  
 
11. რომელი მეტყოდა, ვითარმედ: რომელსა-ესე ჰხედავ, დაწერე წიგნსა შინა და წარეც შჳდთა მათ ეკლესიათა: ეფესოს და ზმირნას და პერღამოს და თჳატრის და სარდეს და ფილადელფიას და ლავდიკის.  
 
12. და მივიქეც მუნ ხილვად ჴმისა მის, რომელი მეტყოდა მე. და ვითარცა მივიქეც, ვიხილენ შჳდნი სასანთლენი ოქროჲსანი;  
 
13. და შორის შჳდთა მათ სასანთლეთა მსგავსი ძისა კაცისაჲ, შემოსილი ზეწრითა, და ერტყა სარტყელი ოქროჲსაჲ ძუძუთა თანა მისთა.  
 
14. და თავი და თმანი მისნი სპეტაკ, ვითარცა მატყლი სპეტაკი, ვითარცა თოვლი, და თუალნი მისნი, ვითარცა ალი ცეცხლისაჲ  
 
15. და ფერჴნი მისნი მსგავს იყვნეს რვალსა გუნდრუკსა, ვითარცა ცეცხლსა შინა გამოჴურვებულნი, და ჴმაჲ მისი, ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ.  
 
16. და მარჯუენესა ჴელსა მისსა აქუნდეს ვარსკულავნი შჳდნი, და პირისა მისისაგან გამოვიდოდა მახჳლი ორპირი აღლესული; და პირი მისი, ვითარცა მზე, ბრწყინავს ძალითა თჳსითა.  
 
17. და რაჟამს ვიხილე იგი, დავვარდი ფერჴთა თანა მისთა, ვითარცა მკუდარი. და დადვა მან მარჯუენე მისი ჩემ ზედა და თქუა: ნუ გეშინინ, მე ვარ პირველი და უკუანაჲსკნელი;  
 
18. და რომელი ცხოველ ვარ; და ვიქმენ მკუდარ და, აჰა ესერა ცხოველ ვარ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. და მქონან კლიტენი სიკუდილისა და ჯოჯოხეთისანი.  
 
19. დაწერე უკუე, რაჲ-ესე იხილე და რაჲ-ესე არს და რაჲ ეგულების ყოფად შემდგომად ამისა.  
 
20. საიდუმლოჲ შჳდთა ამათ ვარსკულავთაჲ, რომელნი იხილენ მარჯუენესა ზედა ჩემსა, და შჳდნი ესე სასანთლენი ოქროჲსანი. შჳდნი ესე ვარსკულავნი ანგელოზნი შჳდთა ეკლესიათანი არიან, და შჳდნი ესე სასანთლენი შჳდნი ეკლესიანი არიან.  
 

ახ. ქართ.:

10. ვიყავი სულით, კვირა დღეს, და მომესმა უკნიდან მგრგვინავი ხმა, საყვირის ხმის მსგავსი,
 
11. რომელმაც თქვა: მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი. რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე ასიის ეკლესიებს - ეფესოში, სმირნაში, პერგამონში, თიატირაში, სარდეში, ფილადელფიასა და ლაოდიკიაში.
 
12. მე მივბრუნდი, რომ მეხილა ხმა, რომელიც მესიტყვებოდა, და მიბრუნებულმა ვიხილე შვიდი სასანთლე ოქროსი,
 
13. ხოლო შვიდ სასანთლეს შორის - მსგავსება კაცის ძისა, რომელსაც ემოსა გრძელი მოსასხამი და მკერდს ერტყა ოქროს სარტყელი;
 
14. თავი მისი და თმანი - სპეტაკი, როგორც ქათქათა მატყლი და როგორც თოვლი, ხოლო თვალნი მისნი, როგორც ალი ცეცხლისა.
 
15. ფეხნი მისნი - ცეცხლში გავარვარებული ელვარე რვალი, ხოლო ხმა მისი, როგორც ზათქი მრავალი წყლისა.
 
16. მარჯვენა ხელში ეპყრა შვიდი ვარსკვლავი და მისი პირიდან გამოდიოდა მახვილი ორლესული, ხოლო სახე მისი, როგორც მზე, სხივმფინარი თავისი ძალით.
 
17. ვიხილე თუ არა, მის ფერხთით დავვარდი, როგორც მკვდარი, ხოლო მან თავისი მარჯვენა დამადო და თქვა: ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი;
 
18. აწ ცოცხალი, ვიყავი მკვდარი, და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე, და მაქვს კლიტენი ჯოჯოხეთისა და სიკვდილისანი.
 
19. მაშ, დაწერე, რაც იხილე რაც არის და რაც იქნება ამის შემდეგ.
 
20. საიდუმლო შვიდი ვარსკვლავისა, ჩემს მარჯვენაში რომ იხილე, და შვიდი სასანთლისა ოქროსი: შვიდი ვარსკვლავი შვიდი ეკლესიის ანგელოზებია, ხოლო შვიდი სასანთლე ეკლესიაა შვიდი.


***
 
 
მიმოხილვა: იოანე ატაცებულ იქნა სულით, მაგრამ ჩვენთვის მიუწვდომელი სახით (აპრინგიუსი). შვიდი ეკლესია - ქრისტეს ერთი ეკლესიის სიმბოლოა (ვიქტორინე პეტაველი, აპრინგიუსი). გამოცხადება - ქრისტეს სასუფევლის მოსვლის ნიშანია (ირინეოს ლიონელი). სასანთლეები - ერთიანი რწმენის და ქრისტეს საცნაური ნათლის სიმბოლოებია (აპრინგიუსი, ეკუმენიოსი). ქრისტე - ღმრთის ძეა ცაში, კაცის ძეა - დედამიწაზე (ვიქტორინე პეტაველი, ეკუმენიოსი). ოქროს სარტყელი - უფლის ძლიერების სიმბოლოა, რომელმაც ცხონების გზა ორი აღთქმის მეშვეობით მიგვანიშნა (აპრინგიუსი, კესარიოს არლელი, ანდრია კესარიელი). ქრისტეს სისპეტაკე - მისი ძლიერების, სილამაზე - სიმართლისა, ხოლო სიწმიდე - სულიწმიდის სიმბოლოა (ვიქტორინე პეტავიელი, აპრინგიუსი). ჭაღარა - საიდუმლოს სიძველეზე მიანიშნებს (ეკუმენიოსი). თეთრად შემოსილი წმინდანები - ზეციური იერუსალიმია (კესარიოს არლელი). წინასწარმეტყველები და მოციქულები - უფლის ფეხებია, რომლებსაც ცხონება მოაქვთ სამყაროსთვის (ვიქტორინე პეტავიელი, აპრინგიუსი). სულიწმიდის ცხოველ წყლებს ცხონებისკენ მივყავართ (ირინეოს ლიონელი) და ქრისტეს მოსვლას გვაუწყებენ (ეკუმენიოსი). ორპირაღლესული მახვილი - ორი აღთქმის სახეა, ასევე სიტყვაა ჭეშმარიტებისა და სამსჯავროსი (ვიქტორინე პეტავიელი, ჰიერონიმე სტრიდონელი). ეკლესია მზესავით გაბრწყინდება ღმრთის სასუფეველში (ბედა პატივდებული). ერთი მამა ღმერთის მიღებითა და მისი ძის მიერ ცხონების რწმენით, ჩვენ ერთ სარწმუნოებას განვეკუთვნებით (ირინეოს ლიონელი).

 
10. ვიყავი სულით, კვირა დღეს, და მომესმა უკნიდან მგრგვინავი ხმა, საყვირის ხმის მსგავსი, რომელმაც თქვა: მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი.

საიდუმლოებისკენ აღტაცებული
   
ვიყავი სულით - ნათქვამია, რომ იგი სულით იქნა ატაცებული, ესე იგი, ამაღლდა ღვთის საიდუმლოებამდე, რათა ეხილა ის, რაც უნდა გადმოეცა. იოანე ამბობს, რომ იგი ხორცით კი არ ადის ზეცის სიმაღლეზე, არამედ სული წარაგზავნის, როდესაც აიძულებს გაიხსენოს სიტყვები: არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში (იოანე 3:13). აკი წმინდა მოციქული პავლეც ამბობს, რომ იგი ატაცებულ იქნა. მაგრამ როგორ? ის ამბობს: არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის (2 კორინთ. 12:2). ის მხოლოდ წერს, რომ სულით იქნა ატაცებული. ამიტომ მოიხსენიება აქ კვირა დღე, რადგან კვირა დღეს მოციქული მხოლოდ საღვთო და სამღვდელო მსახურებით შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავებული. სახარების მქადაგებლებზე წერია: ხმამაღლა იყვირე, თავს ნუ დაიზოგავ; ბუკივით აღიმაღლე ხმა (ესაია 58:1) და იოანეს სიტყვის - უკნიდან - შესახებ წინასწარმეტყველი ამბობს: თქვენს ყურებს მოესმება სიტყვა თქვენს უკან (ესაია 30:21). მთელი კაცობრიობა, სიწმინდის რა სიმაღლეზეც ავიდეს, ღვთის წმინდა საქმეებსა და სიტყვებთან შედარებით, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დადგება მის წინაშე, როგორც მისი თანასწორი. მაგრამ გარკვეული უძლურებით დათრგუნულ სხეულს თითქოს უკნიდან ეუწყება საღვთო სიტყვები. ამიტომ იოანე, როდესაც ამბობს - უკნიდან, ამით აღნიშნავს დამდაბლებას თავისი კაცობრივი ბუნებისა.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.


11 რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე ასიის ეკლესიებს - ეფესოში, სმირნაში, პერგამონში, თიატირაში, სარდეში, ფილადელფიასა და ლაოდიკიაში.

შვიდი ეკლესია - ეს მთელი ეკლესიაა
   
შვიდი ეკლესია - მოციქული მათ თავიანთ სახელებს უწოდებს და ეპისტოლეს უგზავნის, მაგრამ არა იმიტომ, რომ მხოლოდ ისინი არიან ეკლესიები და უპირატესნიც (სხვებს შორის), არამედ იმ მიზნით, რომ ის, რასაც ერთს ეეუბნება, ეუბნება ყველას: აკი არა აქვს მნიშვნელობა, ვინმე ჯარისკაცთა მცირე რაზმს ესაუბრება, თუ მისი მეშვეობით - მთელ ჯარს. დაბოლოს, იქნება ეს ასიაში თუ მთელ მსოფლიოში, პავლე გვასწავლის, რომ შვიდივე ეკლესია - ეს არის ერთი კათოლიკე ეკლესია (1).
 
_____________________
 
1. ის, რომ იოანე და პავლე, როდესაც შვიდ ეკლესიაზე ლაპარაკობენ, გულისხმობდნენ ერთ კათოლიკე ეკლესიას, საერთო აზრია, როგორც აპრინგიუსის, ასევე პრიმაზიუსის, ბედას და სხვა კომენტატორთათვის - რედ.
 
_____________________

თავიდანვე, ეს რაოდენობა (შვიდი) რომ შეენარჩუნებინა, მან (მოციქულმა პავლემ - "აპოკ." რედ.) მისწერა რომაელებს, კორინთოელებს, ეფესოელებს, თესალონიკელებს, გალატიელებს, ფილიპელებს, კოლასელებს, შემდეგ პავლემ კონკრეტულ პირებსაც მისწერა, რათა შვიდი ეკლესიის რაოდენობისთვის არ გადაეჭარბებინა და, მალევე დაასრულა რა თავისი ქადაგება, უთხრა ტიმოთეს: იცოდე, როგორ უნდა მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც არის ეკლესია ცოცხალი ღვთისა (1 ტიმ. 3:15). ჩვენ ვკითხულობთ, რომ გამოხატვის მსგავსი სახე გამოიყენება ესაიასთან, სადაც ნაწინასწარმეტყველებია შვიდი დედაკაცის შესახებ, რომლებიც ერთ მამაკაცს ჩაებღაუჭებიან (იხ. ეს. 4:1: ჩაებღაუჭება შვიდი დედაკაცი ერთ მამაკაცს იმ დღეს და ეტყვის: ჩვენ ჩვენს პურს შევჭამთ და ჩვენი საკუთარი სამოსლით შევიმოსებით, ოღონდ შენი სახელი დაგვეწეროს, აგვხადე სირცხვილი).
 
ერთი მამაკაცი - ეს არის ქრისტე, რომელიც თესლიდან არ შობილა. შვიდი დედაკაცი - ეკლესიაა, რომელიც საკუთარ პურს ჭამს და საკუთარი სამოსით შეიმოსება: დედაკაცები ცდილობენ თავიანთი სირცხვილის ახდას, რომ მისი სახელით იწოდებოდნენ;
 
პური (პურს შევჭამთ) - არის სულიწმიდა, რომელიც საუკუნო სიცოცხლით გვაპურებს;
 
საკუთარი - (საკუთარი სამოსლით შევიმოსებით) ­- მათთვის რწმენის წყალობით აღთქმული, როგორც საკუთარი სამოსელი, ანუ აღთქმული მათთვის, ვისაც უნდა, რომ შეიმოსოს. პავლეც იმავეს ამბობს: რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელობა და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება (1 კორინთ. 15:53).
 
აგვხადე სირცხვილი - სირცხვილი არის ძველი ცოდვა, რომელიც ნათლობის დროს აიხდება; ხოლო მონათლული ქრისტიანად იწოდება, რასაც ნიშნავს - შენი სახელი დაგეწერება. ამიტომ გაიაზრეთ: რაც არის ნათქვამი ამ შვიდი ეკლესიის შესახებ - ნათქვამია ერთ ეკლესიაზე.
 
მღვდელმოწამე ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
სახელთა სიმბოლო
 
ის ამბობს: დაუგზავნე ასიის ეკლესიებს. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ შვიდი ეკლესია - ეს ერთი ეკლესიაა მთელი სამყაროს არსებობის განმავლობაში, ანუ იმ დროიდან, როდესაც ეს დაიწერა, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. რადგან აქ ის განსაკუთრებით იმოწმებს ამ ეკლესიათა სახელებს, ჩვენც განვიხილოთ მათი მნიშვნელობა ... მაგრამ სახელწოდებებში არსებობს მტკიცე საიდუმლო, რომელსაც განვიხილავთ იმდენად, რამდენადაც ღმერთი მოგვცემს ამის ნებას.
 
ეფესო ნიშნავს ჩემს ნებას ან ჩემს რჩევას. მოციქულს უნდა, გვესმოდეს, რომ ჩვენს რწმენაში ყველაფერი საკუთარ თავს კი არ უნდა მივაკუთვნოთ, არამედ ღვთის ნებასა და ღვთის განგებულებას.
 
სმირნა ნიშნავს მათ გალობას. და სხვა რა არის სრულქმნილთა გალობა, თუ არა ზეციური სწავლება, სახარების ქადაგება და ქრისტიანული რელიგიის წინსვლა, ანუ კათოლიკე ეკლესიის მრავალხმიანი აღიარება?
 
პერგამოსი ნიშნავს რქებს, რომლებიც მათ ყოფენ. ის გვასწავლის, რომ ამპარტავნობა, რომელიც ძალიდან წარმოიშვება, ან ჰაერის ძალთა ამპარტავნობა, ან ერეტიკოსთა ქედმაღლობა - ყოველთვის გვყოფს ეკლესიის ერთიანობისგან და გვწირავს დანაწევრებისთვის, რადგან რქები აღნიშნავს ძალას ან ქედმაღლობას.
 
თიატირა , ანუ განათებული, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ წმინდა ეკლესია, ერეტიკული ქედმაღლობის განდევნისა და ჰაერის ძალთა მიერ მოწევნულ ცდუნებათა გადალახვის შემდეგ ღირსი შეიქმნა სიმართლის ნათლისა.
 
სარდე სილამაზის დასაბამს ნიშნავს, ანუ ეკლესიას, რომელსაც სიმართლის მზის მიღებისა და ჭეშმარიტების ნათლით გაბრწყინების შემდეგ სილამაზის დასაბამად ჰყავს უფალი იესუ ქრისტე, რომლის წყალობითაც იგი უსასრულო ნათლით ზეობს.
 
ფილადელფია განიმარტება, როგორც უფალს მიჯაჭვული. სიმართლის მზის მიღების, წმინდა განათლების და წმინდა სილამაზის ღირსების შემდეგ ეკლესია დამსახურებულად მიეჯაჭვა უფალს და განუწყვეტელი ლოცვის დამარხვით იცავს თავს.
 
ლაოდიკია - ეს არის უფლის მიერ საყვარელი ტომი, ან, როგორც ზოგი თვლის, დაბადებაა მოსალოდნელი. მაგრამ ორივე შემთხვევაში ნიშნავს, რომ ის არის, ვინც ღირსი შეიქნა რწმენის სილამაზისა და სიმართლის მზისა, და შეიცნო, რომ რწმენის წყალობით უფალი მიეჯაჭვა მას, და იგი თავად არის უფლის საყვარელი შტო, რომელიც უფალს უყვარს, რომელსაც უფალი იცავს და წარმართავს. იგი ელოდება თავის დაბადებას, ხელახლა შობას ნათლობის გზით, ანუ აღდგომის დიდებით, როდესაც თავს განიმტკიცებს თავმდაბლობით და მოთმინებით.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
12ა. მე მივბრუნდი, რომ მეხილა ხმა, რომელიც მესიტყვებოდა,

გამოცხადება - უფლის სამეფოს ნიშანი
   
არც მოსეს, არც ილიას, არც ეზეკიელს, რომელთაც მრავალი ზეციური ხილვა ჰქონდათ, არ უხილავთ ღმერთი, არამედ რასაც ისინი ხედავდნენ უფლის დიდების მსგავსება და წინასწარმეტყველება იყო მომავალზე. ცხადია, რომ მამა უხილავია, როგორც უფალმაც თქვა: ღმერთი არავის არასოდეს უხილავს (იოანე 1:18), ხოლო სიტყვა მისი, როგორც მას თვითონ სურდა მხედველთა სასარგებლოდ, მამის დიდებას უხსნიდა მათ და განუმარტავდა მის განკარგულებებს, როგორც უფალმა თქვა: მხოლოდშობილმა ღმერთმა, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა (შეად. იოანე 1:18 - რედ.).
 
იოანე, უფლის მოწაფე, ხედავს რა გამოცხადებაში მისი სამეფოს სამღვდლო და დიად მოსვლას, ამბობს: "მე მივბრუნდი, რომ მეხილა ხმა, რომელიც მესიტყვებოდა, და მიბრუნებულმა ვიხილე შვიდი სასანთლე ოქროსი, ხოლო შვიდ სასანთლეს შორის - მსგავსება კაცის ძისა, რომელსაც ემოსა გრძელი მოსასხამი და მკერდს ერტყა ოქროს სარტყელი; თავი მისი და თმანი - სპეტაკი, როგორც ქათქათა მატყლი და როგორც თოვლი, ხოლო თვალნი მისნი, როგორც ალი ცეცხლისა. ფეხნი მისნი - ცეცხლში გავარვარებული ელვარე რვალი, ხოლო ხმა მისი, როგორც ზათქი მრავალი წყლისა. მარჯვენა ხელში ეპყრა შვიდი ვარსკვლავი და მისი პირიდან გამოდიოდა მახვილი ორლესული, ხოლო სახე მისი, როგორც მზე, სხივმფინარი თავისი ძალით" (გამოცხ. 1:12-16).
 
ამ სიტყვებში ის უთითებს რაღაცას მისი დიდებიდან, მიღებულს მამისგან, როგორიცაა, მაგალითად, მისი თავი; და სამღვდლოს, მსგავსს იმისას, როგორიცაა გრძელი მოსასხამი (2) - და ამიტომ მოსემაც ამ ნიმუშისებრ მისცა მღვდელმთავარს სამოსი; და რაღაცას, რაც ეხება სამყაროს აღსასრულს, როგორიცაა - ცეცხლში გავარვარებული ელვარე რვალი (3), რაც, ჟამთა აღსასრულს ცეცხლის აალების გამო რწმენის სიმტკიცესა და მუდმივ ლოცვას ნიშნავს.
 
_____________________
 
2. (იუდეველ მღვდელმთავართა და მეფეთა გრძელი სამოსი, რომელიც შეკერილი იყო ცისფერი ქსოვილისგან - რედ.).
 
3. სითეთრემდე გავარვარებული სპილენძი, რომელიც თვალისმომჭრელად ელვარებს - რედ.
 
_____________________
 
წმ. ირინეოს ლიონელი, მწვალებლობათა წინააღმდეგ.

 
სულის გამოვლინება
   
ხმა, რომელიც ესმა მოციქულს, არ იყო გრძნობისმიერი: ამას მოციქული განგვიმარტავს სიტყვით მივბრუნდი, - იმიტომ კი არ მივბრუნდი, რომ ხმა მომესმინა, არამედ მეხილაო, ვინაიდან სულიერი სმენა და ხილვა ერთი და იმავე მნიშვნელობისაა (4).
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
_____________________
 
4. არავის შეუძლია იხილოს ღმერთი და ცოცხალი დარჩეს (შეად. გამ. 33:20). როგორც შემდეგ არის ნათქვამი, იხილა რა იგი, იოანე მის ფერხთით დავარდა, როგორც მკვდარი (გამოცხ. 1:17). - რედ.
 
_____________________
 
 
12ბ. და მიბრუნებულმა ვიხილე შვიდი სასანთლე ოქროსი,

ღმრთის დიდების ნათელი
 
სასანთლის სამფეხი აზიდავს ნათლის ლამპარს. რადგან ვერავინ დადებს სხვა საძირკველს, - ბრძანებს მოციქული, - გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესუ ქრისტე (1 კორინთ. 3:11), ვის მიერაც მთელი სხეული, ურთიერთმჭიდე სახსრებით მტკიცედ შეკრული, თვითეული ასოს ზომიერი ურთიერთშეწევნით იზრდება, რათა აღეშენოს სიყვარულში (ეფეს. 4:16). ეს არის ის ყლორტი, რომლის შესახებაც ითქვა: ამოვა ყლორტი იესეს ღეროდან (ეს. 11:1). ამ ყლორტის ზემოთ არის განლაგებული ლამპარი. ერთი რწმენის მოწმობით აღბეჭდილი, ის შეიძლება ანთებულ იქნას მხოლოდ საღმრთო სიდიადის ცეცხლით.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
ლამპარი და სასანთლე
   
შვიდი სასანთლე (5), როგორც იოანემ მოგვიანებით განმარტა, არის შვიდი ეკლესია, რომელთა შესახებაც მას ჰქონდა ბრძანება, რომ დაეწერა. სასანთლეები მათ იმიტომ  უწოდა, რომ ისინი ქრისტეს დიდების ნათელს ატარებენ. მართლაც, ის მათ ლამპრებს კი არ უწოდებს, არამედ სასანთლეებს. ეს სასანთლე კი არ ანათებს: ის თავის თავზე ატარებს იმას, რასაც შეუძლია ნათობდეს. ქრისტე ანათებს თავის ეკლესიებს გონიერი სინათლით (ე. ი. გონებით საცნაური სახით. - რედ.). ანალოგიურად, წმინდა მოციქულიც მოუწოდებს მათ, ვინც მიიღო რწმენა: იყავით, როგორც ნათელი ქვეყნისა, სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი. მართლაც, როგორც ეს მნათობი თავისთავად არ შეიცავს ნათელს, არამედ იღებს თავის თავში ნათელს, რომელიც გარედან მოდის, ასევე აქაც მახარებელი ეკლესიებს სასანთლეების სახით ხედავს და არა ლამპრებისა. რადგან ქრისტეს შესახებ ნათქვამია: ბრწყინვალე და ძლიერი ხარ საუკუნო (6) მთებზე მეტად. დასაშვებია ვივრაუდოთ, რომ ეს ნათქვამია ანგელოზთა ძალებზე - და კავლავ მამასთან დაკავშირებით: გამოავლინე შუქი შენი და ჭეშმარიტება შენი (ფსალმ. 42:3); და კიდევ: შუქი შენი სახისა, უფალო (იხსენ ისინი). შესაბამისად, საღვთო შუქის თანაზიარებს ზოგჯერ მანათობლებად მოიხსენიებენ, ხან კი სასანთლეებად. ის სასანთლეებს ოქროსას უწოდებს, მათი პატივისა და უპირატესობის გამო, ვინც გახდა ღირსი საღვთო სინათლის მიღებისა.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
_____________________
 
5. სინოდალურ თარგმანშია: შვიდი სასანთლე. λυχνία-სა და λύχνος-ს შორის განსხვავების გათვალისწინებით, რომელიც განმარტებულია დვორეცკის ბერძნულ ლექსიკონში, ჩვენ აქ გამოვიყენეთ სიტყვა სასანთლე, რათა უფრო ზუსტად გადმოგვეცა ეკუმენიოსის აზრი. - რედ.
 
6. ჩვენ აქ საქმე გვაქვს სეპტუაგინტას ტექსტთან. სინოდალურ თარგმანშია: "Ты славен, могущественнее гор хищнических (Пс 75:5)". - რედ.
 
თანამედროვე ქართულ თარგმანშია: "ბრწყინვალე და ძლიერი ხარ სანადირო მთებზე მეტად" (ფსალმ. 75:4). ძველქართულ თარგმანში კი გვაქვს: "განანათლებ შენ საკჳრველად მთათაგან საუკუნეთა" (ფსალმ. 75:4).
 
_____________________
 
 
1:13ა. ხოლო შვიდ სასანთლეს შორის - მსგავსება კაცის ძისა,

ორი მსგავსება
 
ის ამბობს: ოქროს შვიდ სასანთლეს შორის მავალი, მსგავსი კაცის ძისა. ის ამბობს მსგავსი - დამარცხებული სიკვდილის შემდეგ, იმის შემდეგ, რაც ზეცაში ამაღლდა და თავისი სხეულით გაერთიანდა დიდების სულთან, რომელიც მიიღო მამისგან, უკვე შეუძლია იწოდოს მსგავსად ღმრთის ძისა, და არა კაცის ძისა.
 
ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
_____________________
 
7. ციტატა ვიქტორინეს ტექსტში განსხვავდება, როგორც ვულგატისგან, ასევე სინოდალური ბიბლიისგანაც. შეად. გამოცხ. 2:1 - რედ..
 
_____________________
 
 
ორი ბუნება
   
კაცის ძეს - ვინც ჩვენთვის თავი დაიმდაბლა მონის დონემდე, ის ქრისტეს უწოდებს, რომელიც, საღვთო მეფსალმუნის თანახმად, გახდა მუცლის ნაყოფი (ფსა.მ. 126:3), სახელდობრ მუცლისა, რომელმაც არ ცნო მარადის ქალწულის მარიამის ქორწინება. მარიამი ხომ ადამიანი და ჩვენი დაა, მაშინ ის, ვინც მის მიერ ქვეყანას მოევლინა უბიწო ჩასახვის გზით, ღმერთ-სიტყვა, ბუნებრივია, კაცის ძედ უნდა იწოდებოდეს. მოციქული დაკვირვებით გადმოგვცემს, და საუბრობს არა კაცის ძეზე, არამედ კაცის ძის მსგავსებაზე და ასევე იმიტომ, რომ ის არის ემანუელი, ღმერთი და ზოგადად ყველაფრის უფალი.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
_____________________
 
8. სახელი ემანუილ ძველებრაულად ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი. პირველად ეს სიტყვა გვხვდება ესაია 7:14-ში. ქალწულისგან მაცხოვრის შობასთან დაკავშირებით - რედ.
 
_____________________
 
 
1:13ბ. რომელსაც ემოსა გრძელი მოსასხამი და მკერდს ერტყა ოქროს სარტყელი;
 
ხორცის მარადიული მღვდლობა
 
მღვდელმთავრის შესამოსელში (9) - ნათლად არის გადმოცემული, რომ ეს არის ხორცი, რომელიც სიკვდილით არ არის მოსპობილი და ტანჯვის წყალობით ფლობს საუკუნო მღვდლობას. მკერდს შემორტყმული ოქროს სარტყელი არის აგიზგიზებული ცოდნა და წმინდა სულიერი გაგება, რომელიც გადაეცემა ეკლესიებს.
 
ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
_____________________
 
9. მღვდლის შესამოსელი იყო წმიდა სამოსი, რომელიც იქარგებოდა ოქროთი და ძოწეულით (ზირ. 45:10). - რედ.
 
_____________________
 
 
გონების ავხორცობა
   
მოსეს სჯულის თანახმად, იოანე ნათლისმცემელი ტყავის სარტყლით იყო შემოსილი, რადგან ებრაელები მხოლოდ იმას თვლიან ცოდვად, რაც საქმით ხდება. ჩვენს უფალს, იესუს, რომელიც იოანეს გამოცხადებაში შვიდ სასანთლეს შორის ჩნდება, მკერდს ერტყა ოქროს სარტყელი და არა წელზე. სჯული შემოირტყმება წელზე; მაგრამ ქრისტე სახარებაა და მონაზვნური ღვაწლი განისჯება არა მხოლოდ სხეულის, არამედ გონების ვნების გამოც. კარგია, როდესაც რამე ცუდზე არ ფიქრობ, რადგან ყველა მემრუშე განისჯება: ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში (მათე 5:27). თქვენ გსმენიათ - ამბობს უფალი - წინაპართა მიმართ თქმული: არა იმრუშო (მათე 5:27) - ეს არის ტყავის სარტყელი, რომელიც წელზე გვარტყია; ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში (მათე 5:27) - ეს კი ოქროს სარტყელია მკერდზე რომ გვარტყია.
 
ჰიერონიმე სტრიდონელი, ტრაქტატი მარკოზის სახარებაზე.
 
 
სარტყელი - ვნებების ნიშანი
 
უფლის მკერდი რჯულისა და სახარების წმინდა სწავლებაა, ხოლო სარტყლის შემორტყმა ვნებების ნიშანია, რომლის შესახებაც მან თვითონვე უთხრა პეტრეს: როდესაც დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა (იოანე 21:8). ოქროს სარტყელი არის უფლის მარადიული ძალა, მისი ვნების სისხლით ნასხურები. ამ სარტყლის სიჭრელე არის სათნოებათა ნაირგვარობა და მრავალი სასწაულის ერთიანი ძალა. განსხვავებულად იგივე შეიძლებ გავიგოთ: სარტყელი წმინდანთა გუნდია, ისევე როგორც ცეცხლში გამოწრთობილი ოქრო. ანდა: მკერდს ერტყა ოქროს სარტყელი - ეს არის ფიცხელი გონება და წმინდა სულიერი გრძნობა, ამ სახით ეკლესიებისთვის მინიჭებული.
   
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
ორი აღთქმა ქრისტიანთა საკვები
   
იოანე ამბობს: მკერდს ერტყა ოქროს სარტყელი - მკერდს ერტყა გაიგე, როგორც ორი აღთქმა, რომელთაც ადამიანები იღებენ უფალი მაცხოვრის მკერდიდან, თითქოს მარადიული წყაროდან, რომელიც ქრისტიან ხალხს საუკუნო სიცოცხლისთვის კვებავს.
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
ქრისტე - მღვდელი
 
ის იყო შემოსილი ოქროთი და ძოწეულით ნაქსოვს შესამოსელში, როგორც უზენაესი ღმერთის მღვდელი წესისამებრ მელქისედეკისა (ფსალმ. 109:4) (10). ოქროს სარტყლით შემოსარტყლული იყო არა წელზე, როგორც ამას ვნებათა დასაცხრობად აკეთებენ ადამიანები (მათი თანაზიარი არ არის საღმრთო ხორცი), არამედ მკერდზე - დვრილებთან, რათა მით აჩვენოს, რომ საღმრთო მრისხანების უკანასკნელი ზომები შეკავებულია კაცთმოყვარებით და, რომ აღთქმის ჭეშმარიტება შემოსარტყლავს მეუფის დვრილებს, რომლითაც იკვებებიან მართალნი. უზენაესი უპირატესობის, სიწმიდისა და უბიწოების აღსანიშნად სარტყელი არის ოქროსი.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
_____________________
 
10. იხ. ფსალმ. 109:4, ებრ. 5:6, 6:20, 7:17. მელქისედეკი - სალემის მეფე, რომელიც აბრაამს, იმის შემდეგ რაც მან (აბრაამმა) ჩრდილოეთ ქანაანი დაამარცხა, პურითა და ღვინით შეეგება. ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში ის ქრისტეს წინასახედ განიხილება - რედ.
 
_____________________
 
 
14ა. თავი მისი და თმანი - სპეტაკი, როგორც ქათქათა მატყლი და როგორც თოვლი,
 
სისპეტაკე - ღვთაებრიობის სიმბოლო
   
თავის სითეთრით მითითებულია მისი სიძველე, უკვდავება და უძლეველობის პირველწყარო. ქრისტეს თავი კი ღმერთია (1 კორინთ. 11:3).
 
ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ქრისტეს თავი ღმერთია (1 კორინთ. 11:3). ის გამოსახულია თეთრად დაუსაბამო ღმერთის სისპეტაკისა და ბრწყინვალების, მხოლოდშობილი ძის მარტივი ნათლის, სულიწმიდის სუფთა ბრწყინვალებისა და სიმართლის უბიწო სილამაზის გამო. ის შემთხვევით როდი იწოდება თეთრად, როდესაც შედარებულია ქათქათა მატყლსა და თოვლს, იმ მიტევების გამო, რომელსაც განუწყვეტლად ანიჭებს ცოდვილთ. ასეც წერია: მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება (ეს. 1:18).
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
სითეთრე - უძველესობის ჭაღარა
   
იოანეს თქმით, თავი მისი და თმანი - სპეტაკი, როგორც ქათქათა მატყლი და როგორც თოვლი - ვინაიდან ქრისტესთან საიდუმლო ახალია, თანახმად სასწაულებრივი მოვლინებისა, და ჭეშმარიტად მარადიული, თანახმად მისი ნებისა (11). აკი საღვთო მოციქულმა მის შესახებ დაწერა: საიდუმლო, დაფარული უკუნისიდან და თაობათა დასაბამიდან, მან აწ გაუცხადა თავის წმინდანთ, რომელნიც კეთილინება (კოლას. 1:26-27) (12). ამრიგად, ის გვიჩვენებს, რომ მისი თეთრი და ქათქათა თმა, მატყლსა და თოვლს შედარებული, საიდუმლოთა სიძველეა, რაც ღვთის (მარადიულ) ნებას გულისხმობს.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
_____________________
 
11. ეკუმენიოსის მიერ გამოყენებული სიტყვა ευδοκία (წყალობა, კეთილგანწყობა, სათნოება) ამ მნიშვნელობით არის მოცემული ლუკას სახარებაში. ის ხშირად იკითხება, მაგალითად, მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებაზე: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2:14). მოცემულ კონტექსტში იგულისხმება წმიდა სამების დაუსაბამო განგება ადამიანის ცხონებაზე - რედ.
 
12. სინოდალურ თარგმანში ფრაზის კონსტრუქცია მცირედ შეცვლილია: тайну, сокрытую от веков и родов, ныне же открытую святых Его, которым благоволил Бог показать (ახალქართ.: საიდუმლო, დაფარული უკუნისიდან და თაობათა დასაბამიდან, ხოლო აწ გაცხადებული მის წმინდათათვის, რომელთაც ღვთის ნებით ეუწყა) - რედ.
 
_____________________
 

ზეციური იერუსალიმი
 
თავი მისი და თმანი სპეტაკი, როგორც ქათქათა მატყლი და როგორც თოვლი. - იგი ამბობს, რომ თეთრი თმა - ეს არის თეთრი სამოსით შემოსილთა სიმრავლე, ანუ ნეოფიტებისა, რომლებიც ნათლისღების წყალობით მოვიდნენ.
 
მატყლი - იმიტომ, რომ ისინი ქრისტეს ცხოვარნი არიან. თოვლი - რადგან, როგორც თოვლი მოდის ზეციდან ძალდაუტანებლად, ისე არც ნათლობის მადლი მოდის რაიმე წარსული ღვაწლის გამო. აკი თვით ისინი, ვინც მოინათლნენ, იერუსალიმია, რომელიც ყოველდღე, თოვლის მსგავსად, ზეციდან ეშვება. ის ამბობს, რომ იერუსალიმი, ანუ ეკლესია, იმიტომ ეშვება ზეციდან, რომ ზეციდან არის მადლი, რომლის მიერაც იგი განთავისუფლდება ცოდვილთაგან და უერთდება ქრისტეს, ანუ მარადიულ თავსა და ზეციურ სიძეს.
 
ისევე, როგორც პირიქით ამბობს მოციქული, რომ მხეცი უფსკრულიდან ამოდის - ანუ ბოროტი ადამიანები, რომლებიც ბოროტი ხალხისგან იშვნენ. როგორც იერუსალიმი, თავმდაბლობით დაშვებული, მაღლდება, ისე მხეცი - ანუ ამპარტავანი ხალხი - ქედმაღლობით განდიდებული, ეცემა.
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
14ბ. ხოლო თვალნი მისნი, როგორც ალი ცეცხლისა.
 
ქრისტე არის ნათელი
 
იოანე ამბობს - თვალნი მისნი, როგორც ალი ცეცხლისა - იგი ერთი მხრივ ხედავს, რომ ქრისტე არის ნათელი და იგი თავის თავსაც ასე უწოდებს, როდესაც ამბობს: მე ვარ ნათელი და ჭეშმარიტება (შეად. იოანე 8:12; 14:6 - რედ.). მეორე მხრივ, იგი შთაუნერგავს შიშსა და მუქარას შვიდ ეკლესიას, რომელთაც გამოცხადების წიგნს უგზავნის (შეად. გამოცხ. 1:11 - რედ.), რადგან ისინი სრულად არ იცავდნენ ღვთის კანონებს.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
15ა. ფეხნი მისნი - ცეცხლში გავარვარებული ელვარე რვალი,
 
 
წინასწარმეტყველნი - ფერხნი უფლისა
   
ფეხნი მისნი - ცეცხლში გავარვარებული ელვარე რვალი ­- იოანე მოციქულთა შესახებ საუბრობს, რადგან ისინი, ტანჯვით გავარვარებულნი, ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას. მათგან ვრცელდება ქადაგება და მათ დამსახურებულადაც ეწოდებათ ფეხნი, რაც იწინასწარმეტყველმა წინასწარმეტყველმა და თქვა: თაყუანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დადგეს ფერჴნი მისნი (ფსალმ. 131:7), რადგან იქ, სადაც ისინი პირველნი იდგნენ და დასაც ეკლესია დააარსეს, - ანუ იუდეაში, - შეიკრიბება ყველა წმინდანი და თაყვანს სცემენ თავიანთ ღმერთს.
 
ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.

ეკლესიის სიმტკიცე
 
ფეხები ეკლესიის სიმტკიცეა. გავარვარებულ ელვარე რვალს ექიმები უწოდებენ სურნელოვან საკმეველს. ან სხვაგვარად: რვალი (სპილენძი) ადამიანურ ბუნებას ნიშნავს, გუნდრუკი (საკმეველი) - ღვთაებრივს, ხოლო ერთ სიტყვაში შეერთება - რვალსა გუნდრუკსა - ნიშნავს რწმენის კეთილსურნელებას და ბუნებათა ერთობის შეურევნელობას. კიდევ: რვალი ეს ქრისტეს სწავლების კეთილხმოვანებაა, ხოლო - გუნდრუკი წარმართთა მოქცევა, რის გამოც მოუწოდებს პატარძალს მოსვლას (იხ. ქება 4:8. - რედ.).
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება (ანდრია აქ გვთავაზობს განმარტების ორ შესაძლო ვარიანტს - რედ.)
 
 
ქრისტეს კაცობრივი ბუნება
   
ფეხები - ეს არის ქრისტეს ბუნება, რომელიც მან ჩვენი ხსნისთვის მიიღო. რადგან, როგორც გავარვარებული რკინა ზედაპირზე გაწითლებისას ვერანაირი ჟანგით ვერ დაიფარება, ასევე ხორცშესხმული კაცის უწმინდესი და სრულქმნილი სხეული, რომელიც ღმრთეებასთან არის შეერთებული, (საბოლოოდ) დაცული იქნება ადამიანური ბუნების ვნებულებისა და მშობელთა ბრალეულობისაგან (მათ გარეშე).
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
დევნილი ეკლესიის სიმბოლო
 
გავარვარებული ფეხნი უნდა მივაკუთვნოთ ბოლო ჟამის ეკლესიას, რომელიც ცეცხლით და ტანჯვით გამოიცდება. რვალი ხომ სპილენძია, რომელმაც ოქროსფერი მიიღო ძალიან მწველი ცეცხლისა და საღებავ ნივთიერებათა გავლენით. სხვა თარგმანიდან, რომელიც იუწყება გავარვარებულ ლიბანურ სპილენძზე, შეგვიძლია შევიტყოთ, რომ იუდეაში, სადაც ლიბანის მთა მდებარეობს, ეკლესიის დევნა იქნება, განსაკუთრებით ბოლო ჟამის დღეებში. აკი ტაძარსაც ხშირად უწოდებენ ლიბანს: გააღე, ლიბანო, შენი კარი, რომ ცეცხლმა შეგიჭამოს ნაძვები (ზაქ. 11:1).
 
ღირსი ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
15ბ. ხოლო ხმა მისი, როგორც ზათქი მრავალი წყლისა.

ღმრთის სულის წყლები
   
ღმერთი სხვადასხვა გზით განკარგავს კაცთა მოდგმის ხსნას. ამიტომ იოანე ამბობს გამოცხადებაში - ხმა მისი, როგორც ზათქი მრავალი წყლისა - რადგან ჭეშმარიტად, ღვთის სულის მრავალ წყალს (რადგან მამა მდიდარიცაა და დიდებულიც) და სიტყვას როდესაც გაივლიდა ხალხებს შორის, სიკეთე მოჰქონდა ყველასთვის, ვინც მას უშურველად დაემორჩილებოდა.
 
წმ. ირინეოს ლიონელი, მწვალებლობათა წინააღმდეგ. 4.12.2.
 

სამყაროს კიდეებამდე
   
იოანეს სიტყვების თანახმად - ხმა მისი, როგორც ზათქი მრავალი წყლისა. ბოლოს და ბოლოს, როგორ გავრცელდებოდა უფლის ხმა მთელ დედამიწაზე და როგორ მიაღწევდა მის შესახებ ქადაგება დედამიწის სამანებს, თუკი იგი სმენას არ მისწვდებოდა? არა იმის გამო, რომ ხორციელად აღიქვამდნენ მაღალ ხმას, არამედ ქადაგების ძალმოსილების მიზეზით.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 

16ა. მარჯვენა ხელში ეპყრა შვიდი ვარსკვლავი
 
მე ვფიქრობ, რომ იგი ვარსკვლავებში წმინდა ანგელოზებს გულისხმობს, ქრისტეს იმ ბრწყინვალების გამო, რომელიც მათშია. რადგან ისინი მის მარჯვნივ დგანან (მარჯვენა ხელში ეპყრა ), ღვთისაგან გახდნენ ამისი ღირსნი, ამ ყველაზე საპატიო ადგილზე დგომისა; თითქოს ისინი ღმერთის ხელს ეყრდნობიან.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
მარჯვენა ხელში ეპყრა შვიდი ვარსკვლავი და მისი პირიდან გამოდიოდა მახვილი ორლესული - ჩვენ ვთქვით, რომ სულიწმინდა მამისგან მიეცა მას ხელმწიფებაში შვიდი ძალით, როგორც პეტრე ებრაელებს მოუწოდებს: ღვთის მარჯვენით ამაღლდა იგი, მამისგან მიიღო სულიწმიდის მადლი და მოჰფინა ის, რასაც ხედავთ და ისმენთ (საქმე 2:33). იოანე ნათლისმცემელმაც უთხრა თავის მოწაფეებს: ვინაიდან ღმერთი ზომით როდი იძლევა სულს. მამასუ ყვარს ძე და ყველაფერი ხელთ მისცა მას (იოანე 3:34-35). ამგვარად, ეს არის შვიდი ვარსკვლავი.
 
მღვდელმოწამე ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
16ბ. და მისი პირიდან გამოდიოდა მახვილი ორლესული,
 
მახვილი - აღთქმათა სიმბოლო
   
ორლესული ბასრი მახვილის საშუალებით, რომელიც მისი პირიდან გამოდიოდა, ნაჩვენებია, რომ მთელ სამყაროს დღეს სწორედ უფალმა მოუტანა სახარების მადლი, უფრო ადრე კი მოსემ - რჯულის ცოდნა. მაგრამ, რადგან მთელი კაცთა მოდგმა, როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმისა იმავე სიტყვით განისჯება, ამიტომ მას მახვილს უწოდებს. მახვილით არის შეიარაღებული მეომარი, მახვილი კლავს მტერს, მახვილი სჯის მცონარეს. მოციქულებისთვის იმის საჩვენებლად, რომ მან სამართალი აუწყა, უფალი ამბობს; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა (მათე 10:34). იგავების დასრულების შემდეგ კი უთხრა: ჰკითხა მათ იესუმ: გესმით თუ არა ყოველივე ეს? და მათ მიუგეს: დიახ, უფალო. ხოლო იესუმ უთხრა მათ: ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, მსგავსია სახლის პატრონისა, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ახალიცა და ძველიც (მათე 13:51-52).
 
ახალი - სახარების სიტყვებია, ძველი კი - რჯულისა და წინასწარმეტყველებისა. ის, რომ ეს მისი პირიდან გამოვიდა (ცხადდება იმით, რომ) მან უთხრა პეტრეს: წადი ზღვის პირას, ჩააგდე ანკესი, აიღე პირველივე თევზი, რომელსაც დაიჭერ, გაუღე პირი, და შიგ ჰპოვებ სტატირს: მიიტანე და მიეცი მათ ჩემი და შენი სახელით (მათე 17:27). დავითიც ანალოგიურად საუბრობს სულით: ერთხელ თქვა ღმერთმა - ორჯერ მოვისმინე (ფსალმ. 61:12), ვინაიდან უფალმა ერთხელ დასაბამიდანვე განკარგა (ის), რაც ბოლომდე იქნება. ამრიგად, ეს არის ორი ართქმა, რომელთაც დროსთან მიმართებით ან ორი დინარი ეწოდება, ან ახალი და ძველი, ან ორლესული ბასრი მახვილი.
 
დაბოლოს, რადგან თავად მსაჯული მამამ დაადგინა, სურს რა ამის აღნიშვნა - რადგან ხალხი განიკითხება (მისი) ქადაგების სიტყვით - ის ამბობს: სიტყვა, რომელიც მე ვთქვი; ის განსჯის უკანასკნელ დღეს (იოანე 12:48). პავლეც თესალონიკელებს ეუბნება ანტიქრისტეს შესახებ: რომელსაც უფალი იესუ შემუსრავს თავის ბაგეთა სულით (2 თესალონიკ. 2:8). ამიტომ ეს (სული) არის ორლესული ბასრი მახვილი, რომელიც მისი პირიდან გამოდიოდა...
 
მღვდელმოწამე ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
მოციქულთა მახვილი
 
იოანეს გამოცხადებაში ვკითხულობთ, რაც იკითხება და მიღებულია ეკლესიაში - რადგან ეს აპოკრიფებში კი არ გვხვდება, არამედ საეკლესიო წერილებში - უფალი მაცხოვრის შესახებ: მისი პირიდან გამოდიოდა მახვილი ორსლესული. ამრიგად, ხედავთ, წმინდანებმა მიიღეს ეს ორლესული მახვილი, რომელიც მათ ხელშია უფლის პირიდან, ანუ, უფალი თავის მოწაფეებს აწვდის მახვილს თავისი პირიდან, ორლესულ მახვილს, ანუ თავისი სწავლების სიტყვას. ორლესული მახვილი - მოწინააღმდეგეთა მძლეველი და მოკეთეთა დამცველია; იგი ორივე მხრიდან ბასრია: იოანე საუბრობს, როგორც ახლანდელ საუკუნეზე, ისე მომავალზეც; აქაც ამარცხებს მტრებს და იქაც გვიღებს ცათა სასუფეველს.
 
წმ. იერონიმე სტრიდონელი, ტრაქტატები ფსალმუნებზე.
 
 
16გ. ხოლო სახე მისი, როგორც მზე, სხივმფინარი თავისი ძალით.
 
უფალი მოკვდა და აღდგა მკვდრეთით
   
ხოლო სახე მისი, როგორც მზე, სხივმფინარი თავისი ძალით - მისი სახე იყო მისი გამოვლინება, რომლის საშუალებითაც ის ხალხს პირისპირ ესაუბრებოდა. მზის დიდება უფლის დიდებაზე ნაკლებია, მაგრამ ამოსვლის, ჩასვლისა და კვლავ ამოსვლის გამო საღვთო წერილმა მისი სახე მზის დიდებას შეადარა, რადგან (ქრისტე) იშვა, ევნო და აღდგა.
 
მღვდელმოწამე ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება (ამგვარ განმარტებას ეთანხმებიან აპრინგიუსი და პრიმაზიუსი. განკაცება - უზენაესი მომენტია, როდესაც ქრისტე ყველას წინაშე პირისპირ წარდგა - რედ.).
 

ეკლესია გაბრწყინდება, ვითაც მზე
   
როგორც მოწაფეებს გამოეცხადა უფალი (თაბორის) მთაზე, სამსჯავროს შემდეგ ყველა წმინდანს ისე გამოეცხადება. უღმერთონი სამსჯავროზე ნახავენ იმას, ვისაც ებრძოდნენ. ის, რაც ეკუთვნის კაცის ძეს, ეკუთვნის ეკლესიასაც, რომელიც ქრისტემ თავისად აქცია, როდესაც მიანიჭა მას მღვდელმოქმედების პატივი და განსჯის უფლება, რათა თავისი მამის სამეფოში მზესავით გაბრწყინდეს.
 
ღირსი ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 

17. ვიხილე თუ არა, მის ფერხთით დავვარდი, როგორც მკვდარი, ხოლო მან თავისი მარჯვენა დამადო და თქვა: ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი;
 
ვიხილე თუ არა, მის ფერხთით დავვარდი - მოციქული უფლის ფერხთით დავარდა, როგორც მკვდარი. ასე დაემართა ოდესღაც იესუ ნავეს ძესა და დანიელ წინასწარმეტყველს, ადამიანური ბუნების უძლურების გამო, მაგრამ გააძლიერა იგი ქრისტემ და უთხრა: ნუ გეშინია, რადგან შენს მოსაკვდინებლად როდი მოვსულვარ, ვინც ვარ დაუსაბამო (პირველი) და დაუსრულებელი (უკანასკნელი) და თქვენთვის მოვკვდიო.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება
 
 
საკუთარი უძლურებისა და უღირსობის შიშით ატანილი იოანე ოდნავ კი არ დაიხარა, არამედ დავარდა, უფალს სრული თავმდაბლობითა და რწმენით მიანდო თავი. ამიტომ უფალიც თანაუგრძნობს მას: მან თავისი მარჯვენა დამადო და თქვა: ნუ გეშინია. იგი აქ რწმენასაც აჯილდოებს და მორწმუნესაც, რომელიც ურწმუნოების გამო როდი შეშინდა, არამედ სასწაულის გამო; განამტკიცებს მას, შიშის უფლებას არ აძლევს.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
18. აწ ცოცხალი, ვიყავი მკვდარი, და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე, და მაქვს კლიტენი ჯოჯოხეთისა და სიკვდილისანი.
 
წმინდა იოანე ვერ გადარჩებოდა, რადგან თავზარდაცემული იყო, მას რომ არ შეხებოდა ღვთის ძის მხსნელი მარჯვენა, რომელიც ერთი შეხებით ამდენ სასწაულს ახდენდა. ძე ღმერთმა თქვა: ნუ გეშინია; მე ვარ პირველი და უკანასკნელი. ამით თითქოს ამას ამბობდა: მე ვარ ის, ვინც ჟამთა აღსასრულს თქვენ ხორციელად შემოგიერთდათ თქვენივე ხსნისათვის, თუმცა მე ვარ პირველი და პირმშო ყველი ქმნილებისა. როგორ შეიძლება ისე მოხდეს, რომ თქვენ შეგემთხვათ რაიმე სახის ბოროტება ჩემი მოვლინებისგან? თუ მე, თავად სიცოცხლემ და სიცოცხლის წყარომ, შენი გულისთვის სიკვდილი განვიცადე და კვლავ აღვდექი, ვძლიე რა სიკვდილს, როგორ შეიძლება, რომ თქვენ, ვინც ცოცხალნი ხართ, ჩემი სახის ხილვის გამო დაიხოცოთ? და თუ მე მაქვს კლიტენი ჯოჯოხეთისა და სიკვდილისა, რათა, ვისი მოკვდინება და გაცოცხლებაც მსურს, ჩავიყვანო ქვესკნელს ან ავამაღლო (იხ. 1 მეფ. 2:6 - რედ.), თანახმად იმისა, რაც ჩემზე არის დაწერილი, რომ უფლისაგან არიან გამოსავალნი სიკუდილისანი (იხ. ფსალმ. 67:21) მაშინ მე არ დავუშვებ იმას, რომ ჩემი თაყვანისმცემლები და მოწაფეები ნაადრევად აღესრულონ.
 
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.

 
19. მაშ, დაწერე, რაც იხილე რაც არის და რაც იქნება ამის შემდეგ.

20. საიდუმლო შვიდი ვარსკვლავისა, ჩემს მარჯვენაში რომ იხილე, და შვიდი სასანთლისა ოქროსი: შვიდი ვარსკვლავი შვიდი ეკლესიის ანგელოზებია, ხოლო შვიდი სასანთლე ეკლესიაა შვიდი.

ვარსკვლავები - მართალთა კრებული
   
საიდუმლო შვიდი ვარსკვლავისა, ჩემს მარჯვენაში რომ იხილე - ღვთის მარჯვენა ხელში ვარსკვლავები წმინდანთა სულები არიან, ან იმ მორწმუნეთა მთელი კრებული, რომლებიც იყვნენ და იქნებიან ქვეყნის აღსასრულამდე. ანალოგიურად, ჩვენ ვთქვით, რომ შვიდი სასანთლე - ეს არის ერთი და ჭეშმარიტი ეკლესია, რომელიც შეიქმნა სამყაროს შექმნის შვიდი დღის განმავლობაში, გაძლიერებული სამების რწმენით და ზეციურ საიდუმლოთა მღვდელმოქმედებით განმტკიცებული.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.

საიდუმლო შვიდი ვარსკვლავისა ... შვიდი სასანთლისა ოქროსი. რადგანც ქრისტე არის ჭეშმარიტი ნათელი, ამიტომ სანთლები ისინი არიან, რომელთა სორისაც ჰგიეს ნათელი. ეკლესიები სამართლიანად იწოდება სასანთლეებად, რადგან მათ შორის არიან წმინდანები, რომელთაც აქვთ ღვთის სიტყვა. ისინი, უფლის სწავლებით გამდიდრებულ სასანთლეთა მსგავსად, მიწიერი ცხოვრების უკუნეთს ანათებენ. ხოლო სასანთლეებიც და სანთლებიც ოქროსია, მათი პატიოსნებისა და უმანკო სარწმუნოების შესაბამისად. თითოეულ მათგანს ანგელოზი ჰყავს მცველად, რომელთაც ვარსკვლავებად სახელსდებს მოციქული მათი ბუნების ბრწყინვალების გამო.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 

ეკლესია ატარებს მისთვის მინდობილ ღვთის ნათელს
   
მათი გზა, ვინც ეკლესიას ეკუთვნის, მთელ მსოფლიოზე გადის, რადგან ხელთ უპყრია მოციქულთა მტკიცე გადმოცემა და გვაჩვენებს, რომ ყველა მათგანს ერთი რწმენა აქვს, ყველანი იღებენ ერთსა და იმავე მამა ღმერთს და სწამთ ერთი და იმავე ღმრთის ძის განკაცების საღმრთო განგებულება, ასევე იციან ერთი და იმავე სულიწმიდის ნიჭები, იცავენ იმავე მცნებებს და ეკლესიის მოწჰობას, ელოდებიან უფლის იმავე მოსვლას, და მთლიანი ადამიანის, ანუ სულისა და ხორცის ცხონებას. ეკლესიის ქადაგება ჭეშმარიტია და მტკიცე, რადგან მთელ მსოფლიოში მხოლოდ მასშია მითითებული ერთი და იგივე ცხონების გზა. რადგან მას მიენდო ღმრთის ნათელი, და სიბრძნე გამოსავალთა იქებინ და უბანთა ზედა განცხადებულად იქცევის, ზედა წუერთა ზღუდეთასაჲ იქადაგების, ბჭეთა ზედა ძლიერთასა დაადგრების, ბჭეთა ზედა ქალაქისათა კადნიერად იტყჳნ (იგავნი 1:20-21). რადგან ეკლესია ჭეშმარიტებას ჰქადაგებს ყველგან, არის კიდევაც იგი შვიდსანთლიანი სასანთლე, რომელიც ატარებს ქრისტეს ნათელს.
 
მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი, მწვალებლობათა წინააღმდეგ 5.20.1.

წყაროები:

1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.

2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (I ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.
Назад к содержимому