განმარტება - I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები - აპოკ_13_1_18 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები
აპოკალიფსისი
მხეცი ამომავალი ზღვიდან
 
13:1-10
   
ახ. ქართ.:
 
1. დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი.
 
2. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება.
 
3. ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ.
 
4. და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?
 
5. მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე.
 
6. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი.
 
7. და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას.
 
8. და თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა, რომელიც დაკლულ იქნა.
   
9. ვისაც ყური აქვს, ისმინოს.
 
10. ვისაც ტყვე მიჰყავს, არც თვითონ ასცდება ტყვეობა, ვინც მახვილით კლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება; ესაა წმიდათა მოთმინება და რწმენა.
 
 
ძვ. ქართ.:
 
1. და დავდეგ მე ქჳშასა ზედა ზღჳსასა და ვიხილე მჴეცი ერთი აღმომავალი ზღჳთ, რომელსა აქუნდეს ათნი რქანი და შჳდნი თავნი, და რქათა ზედა მისთა ათნი გჳრგჳნნი, და თავთა ზედა მისთა სახელნი გმობისანი.
 
2. და მჴეცი იგი, რომელ ვიხილე, იყო მსგავსი ვეფხისაჲ, და ფერჴნი მისნი, ვითარცა დათჳსანი, და პირი მისი, ვითარცა პირი ლომისაჲ. და მისცა მას ვეშაპმან მან ძალი თჳსი და საყდარი თჳსი და ჴელმწიფებაჲ დიდი.
 
3. და ერთი თავთა მისთაგანი, რომელი-იგი დაკლულ იყო სიკუდილდ, და წყლულებაჲ იგი სიკუდილისა მისისაჲ განიკურნა. და დაუკჳრდა ყოველსავე ქუეყანასა მჴეცისა მისთჳს.
 
4. და თაყუანის-სცეს ვეშაპსა მას, რომელმანცა მისცა ჴელმწიფებაჲ იგი მჴეცსა მას; და თაყუანის-სცეს მჴეცსა და იტყოდეს: ვინ არს მსგავს მჴეცისა მის? ვინ შემძლებელ არს ბრძოლად მისა?
 
5. და მიეცა მას პირი დიდადმეტყუელი და მგმობარი, და მიეცა მას ჴელმწიფებაჲ ყოფად ბრძოლისა ორმეოც და ორ თთუე.
 
6. და აღაღო პირი თჳსი გმობად ღმრთისა მიმართ, გმობად სახელისა მისისა და სამკჳდრებელისა მისისა, და ცათა შინა დამკჳდრებულთა მათ.
 
7. და მიეცა მას ბრძოლისაცა ყოფად წმიდათა მიმართ და ძლევად მათდა; მიეცა მას ჴელმწიფებაჲ ყოველსა ზედა ტომსა და ერსა, და ენასა და ნათესავსა.
 
8. და თაყუანის-სცენ მას ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელთა სახელები არა დაწერილ არს დასაბამითგან სოფლისაჲთ წიგნსა მას ცხორებისასა კრავისა მის დაკლულისა.
 
9. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ.
 
10. რომელსა აქუს ტყუეობაჲ, წარვალს ტყუეობად; რომელი მახჳლითა ჯერ-არს მისი მოკლვაჲ, მახჳლითა თჳსითა მოიკლას. აქა არს მოთმინებაჲ და სარწმუნოებაჲ წმიდათაჲ.
 
 
***
 
 
მიმოხილვა: ღმრთის სიტყვა ნათელში მცხოვრებთ ამზადებს - მარადიული სიკეთეებით ტკბობისთვის, ხოლო ბნელში მცხოვრებთ - ტანჯვისთვის. ანტიქრისტე შეაცდენს მრავალს, რადგან თავს გამოაცხადებს ქრისტედ (ირინეოს ლიონელი). ზღვიდან ამომავალი მხეცი - ეშმაკია, რომელსაც ღმრთის შესადარი თაყვანისცემა სურს (ტიხონიუსი) (*). გველი - ღმერთს განდგომილი სატანაა; გველეშაპ-განდგომილი მამა ეშმაკისა (ეკუმენიოსი) (**). ეშმაკის ცხოველური სახეები აღწერენ ანტიქრისტეს სამეფოს ხასიათს (ვიქტორინ პეტაველი, ეკუმენიოსი). მწვალებლები ძალაუფლებას მხოლოდ ამ წუთისოფელში ფლობენ და ანადგურებენ ეკლესიას (კესარი არლელი). სამეფოებზე, რომელთა სიმბოლოებს წარმოადგენენ ჯიქი, დათვი და ლომი, გაბატონდება ანტიქრისტე, რომელიც მოვა, როგორც რომის მეფე (ანდრია კესარიელი). იმპერატორი ნერონი მკვდრეთით აღდგება და დაიწყებს იუდეველთა დევნას, რომლებიც მასში "ქრისტეს" აღიარებენ (ვიქტორინ პეტაველი). ურჩხული თავის ძალაუფლებას მისცემს ეშმაკს ადამიანთა საცთუნებლად (ტიხონიუსი, ეკუმენიოსი). ეშმაკი გმობს ღმერთსა და ეკლესიას (პრიმაზიუსი), და მას გაჰყვებიან ეკლესიიდან გასული ადამიანები (კესარი არლელი, ანდრია კესარიელი). ისრაელთან ერთად ანტიქრისტეს თაყვანს სცემს ყველა ადამიანი (ეკუმენიოსი). ეშმაკის ძალაუფლება დროებითია (პრიმაზიუსი), ხოლო ისინი, ვინც მოყვასს ბოროტებას შეამთხვევენ ეშმაკის მიერ იქნებიან შეპყრობილნი; მართალნი კი დარჩებიან სიცოცხლის წიგნში (ანდრია კესარიელი).
 
 
***
 
 
1. დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი.
 
 
მხეცის დროება
   
რადგან ამ სამყაროში ზოგი ნათელს მიეახლება და რწმენის მიერ ღმერთს უერთდება, სხვები კი, პირიქით, ნათელს განეშორებიან და ღმრთისგან განიდრიკებიან, ღმრთის სიტყვა ყველასთან მოდის და მათ შესაფერის საცხოვრისს განუმზადებს: ვინც ნათელშია, ნათლის სიკეთეებით ატკბობს, ხოლო ვინც ბნელშია, მის საშინელებებს განაცდევინებს. ... ამიტომაც ამბობს მოციქული: "... რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი, ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე, და განკითხული იქნეს ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა შეიტკბო" (2 თესალონიკ. 2:10-12). რადგან, როდესაც მოვა ანტიქრისტე, ნებაყოფლობით შემოიკრებს საკუთარ თავში ღმრთითგანდგომილებას და თავნებობით მოიმოქმედებს იმას, რაც ნებავს. დაჯდება ღმრთის ტაძარში, რათა ცთუნებულნი თაყვანს სცემდნენ მას ვითარც ქრისტეს. ამიტომაც სამართლიანად იქნება შთაგდებულ ცეცხლის გეჰენაში (აპოკ. 19:20). ხოლო ღმერთი, რომელმაც თავისი წინამცნობელობის ძალით, წინდაწინვე უწყის ყოველივე ამის შესახებ, საჭირო დროს ასეთ ადამიანს მოავლენს, ასე რომ ისინი დაუჯერებენ სიცრუეს, რათა განკითხულ იქნან ჭეშმარიტებისადმი ურწმუნონი და უსამართლობის შემწყნარებელნი" (1).

________________________

1. აქ ირინეოსი აგრძელებს გამოცხადების ციტირებას (13:2-10) - და ანტიქრისტეს მოსვლას აღწერს - რედ.

________________________
 
ირინეოს ლიონელი. მწვალებლობათა წინააღმდეგ .
 
 
ეშმაკის სხეული
   
აქ იოანე ახსენებს ზღვას, რომელსაც ადრე უფსკრული უწოდა (აპოკ. 11:7), საიდანაც ეს მხეცი გამოდის. ორივე სახეში (ზღვა, უფსკრული) ნაგულისხმევია ხალხი; ის ხომ წარმოუდგენს, რომ ხალხი გამოდის ხალხისგან, და ხალხისგან - მხეცი. მხეცისთვის კი ბუნებრივია, კრავის საპირისპირო იყოს, მაგრამ, გადმოცემისას აუცილებელია იმის გაგება, მხეცის რომელი მხარეა წარმოდგენილი, რადგან ზოგჯერ იოანე ეშმაკს უწოდებს მხეცს, ზოგჯერ კი - ეშმაკის სხეულს, ზოგჯერ - ამ მხეცის ერთ-ერთ თავს, რომელიც, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, აღდგება ჭეშმარიტი სარწმუნოების დასაცინად. ზოგჯერ მხეცი აღნიშნავს მეფეებს. ასე რომ, იგი აქ ლაპარაკობს ეშმაკის სხეულზე, როგორც ზღვიდან ამომავალ მხეცზე... ვინაიდან სურს, რომ მას, როგორც ღმერთს მიაგონ თაყვანი. მასზე სამართლიანად არის ნათქვამი - მისი გმობის სახელნი.
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
 
ურჩხული-განდგომილი - ეშმაკის მამა
   
"წინა ხილვისას წმიდა მახარებელმა ზეცაში იხილა ნიშანი: აჰა, წითელი ურჩხული დიდი (აპოკ. 12:3). ახლა კი ამბობს, რომ მან იხილა ზღვიდან ამომავალი მხეცი, რომელიც ჯიქს მიაგავდა. შემდეგ მომდევნო ხილვისას მას წარმოუდგა სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა (აპოკ. 13:11). მან სულ სამი მხეცი იხილა: პირველი - ცაში, მეორე ზღვიდან, მესამე კი - მიწიდან. თუ ვინ არის პირველი და მესამე მხეცი, ეს ყველასთვის გასაგებია: პირველი - ეს არის გველი - ბოროტების მოთავე, განდგომილი, რომელმაც ქედი აღიმაღლა ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე, ანუ სატანა. მესამე - ეს არის ანტიქრისტე. მაგრამ ვინ არის ეს მხეცი, რომელიც ახლა გამოგვეცხადა? მე მიმაჩნია, რომ იგი მოვა განდგომილი ურჩხულის, ანუ სატანის, დემონთა წინამძღოლის შემდეგ, რადგან მრავალი დაეცა მასთან ერთად. აქედან ცხადია, რომ საღვთო წერილში საუბარია ყველა დემონის მთავარზე, რომ იგი მიეცა ზღვასა და ქვესკნელს. ალბათ, გადატანითი მნიშვნელობით, ასე ეწოდება ამაოებასა და ცდომილებას, რომელშიც მყოფობს და განგვიმარტავს, თუ რა მდგომარეობიდნა რაში გადავიდა და რჩება, "რათა განკითხულ იქნას დიად დღეს" (იუდ. 1:6). ...
 
ეს მეორე მხეცი, რომელიც ახლა გამოგვეცხადა, ჩანს იმ იობის წიგნშიც, რომელიც ღმერთს ესაუბრება. იგი იობს მიუახლოვდა და მას მრავალი განსაცდელი მოუტანა: "უთხრა უფალმა სატანას: საიდან მოდიხარ? მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: ქვეყნად წანწალიდან და ხეტიალიდან" (იობ. 1:7). არა მხოლოდ იობის წიგნი, არამედ უფალიც ახსენებს მას იოანესთან, როდესაც ებრაელებს მიმართავს: "თქვენ მამათქვენის - ეშმაკისგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა" (იოანე 8:44). იგი განდგომილ-ურჩხულს ეშმაკის მამას უწოდებს - სწორედ მას, ვინც ჩვენ წინაშე ხილვისას ჩნდება, როგორც მათი წინამძღოლი და პირველი, ვინც განუდგა. მაგავსად ამისა, წმინდა აბრაამს პატივს მიაგებენ, როგორც ხალხების მამამთავარს, ვინც მათი წინამორბედი იყო რწმენის მხრივ, რადგან მასზეა ნათქვამი: "უამრავ ხალხთა მამად გაქცევ" (დაბ. 17:5).
 
ამრიგად, ჩემი აზრით, დაწვრილებით ვიმსჯელეთ რა მათ შესახებ, გადავიდეთ შემდეგზე: და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი; და მის რქებზე - ათი გვირგვინი - იოანემ იხილა იგი ზღვიდან ამომავალი, რადგან მისი ამოსვლა და, თითქოსდა, ამაღლება ხდება ადამიანების მშფოთვარე და მოუსვენარი ცხოვრებიდან; რომლებმაც იგი აირჩიეს თავიანთ მბრძანებლად.
 
ათი რქა მას დიდი ძალას უწინასწარმეტყველებს, ისევე როგორც შვიდი თავი - ერთგვარ ცბიერებასა და ძალას, რომელსაც ხრიკების დახმარებით მიიღებს. რადგან ათი და შვიდი სრულყოფილი რიცხვებია, მის რქებზე ათი გვირგვინი მიუთითებს იმაზე, რომ მან კაცობრიობაზე მას შემდეგ მიიღო ძალაუფლება, რაც ჩვენ ნებაყოფლობით გადავეცით მას იგი. თავებზე კი - გმობის სახელნი. კარგად არის ნათქვამი - თავებზე, რადგან ის შეშლილია საკუთარი თავის წინააღმდეგ, როდესაც გმობს ღმერთს, უარყოფს ღვთის თაყვანისცემას და საკუთარი თავისკენ მოაქცევს მას"
 
ეკუმენიოსი. კომენტარები გამოცხადებაზე.
 
ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი - ანუ ბოროტი ხალხისგან. მან თქვა ამომავალიო, ანუ დაბადებული, იმის მსგავსად, როგორც კეთილი ყლორტი აღმოცენდება იესეს ფესვისგან. ზღვიდან ამომავალ მხეცს იგი ბოროტ ხალხს უწოდებს, რომელიც ეშმაკის სხეულია.
 
კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
წუთისოფლის თავადი
   
სხვები მხეცში სატანის ერთგვარ ქვენა ძალას გულისხმობენ, რომელსაც გავლენა აქვს სხვა დემონებზე, ხოლო მის შემდეგ მიწიდან ამომავალ მხეცში - თვით ანტიქრისტეს (ანდრია იმოწმებს ეკუმენიოსს - რედ.). მეთოდე, იპოლიტე და სხვები ამ მხეცს თავად ანტიქრისტედ მიიჩნევენ, რომელიც გამოდის ცხოვრების ძლიერად მღელვარე ზღვიდან (2).

________________________

2. ეს წარმოდგენა მეთოდეს ჩვენამდე მოღწეულ თხზულებებში არ შეიმჩნევა. იპოლიტე ფიქრობს, რომ ურჩხული - რომის იმპერიაა, ხოლო მიწიდან ამომავალი მხეცი - ანტიქრისტე (იხ. ანტიქრისტეს შესახებ. 49.

________________________
 
ათი რქა გვირგვინებთან ერთად და შვიდი თავი უჩვენებს, რომ ეშმაკი და ანტიქრისტე ერთობით არიან... (3) რადგან ზემოთ ეს განეკუთვნება მასვე (იხ. აპოკ. 12:3. - რედ.). გმობის სახელნი, მის თავებზე დაწერილი - ესენი არიან თანაშემწენი და მსახურები, რადგან ისინი განუწყვეტლივ გმობდნენ ღმერთს სამყაროს დასაბამიდან დიდი და ღვთისმოსავი კონსტანტინეს მეფობამდე, რომლის შემდეგაც ღვთისმგმობელებად იქცნენ იულიანე და ვალენტინე".
 
ანდრია კესარიელი, კომენტარები გამოცხადებაზე.

________________________

3. ანდრია კესარიელი მისდევს ირინეოსის თვალსაზრისს. იხ. მწვალებლობათა წინააღმდეგ. 5.28.2 - რედ.

________________________
 
2. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება.
 
 
ძლიერი მხეცი
 
მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, - ეს ნიშნავს, რომ იმდროინდელი სამეფო, ანტიქრისტეს სამეფო, დაკავშირებული იქნება სხვადასხვა ტომთან და ხალხთან. მისი ფეხები - დათვის ტორებს, - ანუ ჰგავდა ძლიერი და ყველაზე უწმინდური ცხოველისას. ეს სახელი მისი (სამეფოს) მეთაურებს უწოდა. ხახა კი - ხახას ლომისას, - ეს ნიშნავს (კბილებით) შეიარაღებულს მომდინარე სისხლთან ერთად. ხახა - ეს ხომ მისი ბრძანებანი და ენაა, რომლებიც სხვას არაფერს ესწრაფვის, გარდა სისხლის დაღვრისა.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, - ვფიქრობ, მავნე განზრახვებში მისი მოუხელთებლობისა და სისწრაფის გამო. მისი ფეხები - დათვის ტორებს, - ანუ ძლიერია და გამძლე მიწაზე სასიარულოდ და ადამიანებისთვის მახეების სახლართავად. ხახა კი - ხახას ლომისას, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბდრღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს (1 პეტ. 5:8). დაწერილის თანახმად. და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა. - ცხადია, განდგომილი ურჩხულის ძალა სწორედ ამ სიცრუესა და ხრიკებშია და ის გახდა ეშმაკის მასწავლებელი.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
იგი მხეცს ადარებს ჯიქს კაცთა მოდგმის მრავალფეროვნების გამო, დათვს ბოროტებისა და სიცოფის გამო, ლომს კი სიმტკიცისა და ენის ქედმაღლობის გამო (4). რადაგნ ანტიქრისტეს დროს მისი სამეფო შერეული იქნება მოდგმათა და ხალხთა მრავალფროვნებით. მისი ფეხები - დათვის ტორებს მიაგავდა, ანუ მის წინამძღოლებს. ხახა კი - მისი ბრძანებაა (5).
 
და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა - ისევე, როგორც ვხედავთ, რომ ეშმაკის ძალით მოქმედი ერეტიკოსები მხოლოდ ამქვეყნად არიან ძლიერნი. როგორც ოდესღაც წარმართები, დღეს ისინი ანგრევენ ეკლესიას.
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.

________________________

4. კესარიოსმა ეს მნიშვნელობები აიღო ტიკონიუსისგან - რედ.

5. როგორც ჩანს, მოცემული ანალოგია ეფუძნება სხვების შემაშინებელ ლომის ბრდღვინვას - რედ.

________________________


ანტიქრისტეს სამეფო
 
ჯიქი ბერძენთა მეფობის სახეა, დათვი - სსპარსთა, ლომი - კი ბაბილონელთა. მათზე გაბატონდება ანტიქრისტე, რომელიც მოვა, როგორც რომის იმპერატორი და მათ მეფობას დაარღვევს, როდესაც დაინახავს მათ თიხის თითებს, რომლითაც მინიშნებულია სუსტი და ადვილად დასანგრევი დაყოფა ერთი სამეფოსი ათ ნაწილად.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
3-4. ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ. და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?
   
 
ნერონიანტიქრისტეს სიმბოლო
 
ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი (6).

________________________

6. ვიქტორინესთან ეს ადგილი ასე იკითხება - სასიკვდილოდ მოწყლული და არა თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული - რედ.

________________________

 
საქმე ეხება ნერონს. აკი ცნობილია: როდესაც მას სენატის მიერ გაგზავნილი მხედრები დაედევნენ, მან საკუთარი ხელით გამოიჭრა ყელი. მაშასადამე, ღმერთი აგზავნის ამ გაცოცხლებულ მეფეს, მათ ღირსს, ვინც მას იმსახურებს - ანუ ებრაელებისა და ქრისტეს მდევნელებისა; და იგი ისეთივე ცხებულია, როგორსაც იმსახურებენ მდევნელები და ებრაელები. ვინაიდან იგი დააპირებს სხვა სახელი ატაროს, დააპირებს სხვანაირი ცხოვრების დაწესებასაც, რათა მათ მიიღონ იგი, როგორც ქრისტე. რადგან დანიელი ამბობს: არც მამა-პაპის ღმერთს მიაქცევს ყურადღბას, არც ქალღმერთს, რადგან თავად უსაძაგლესია, არც სხვა რომელიმე ღმერთს (დან. 11:37). აკი ის ვერ შეძლებს ხალხის ცდუნებას წინადაცვეთისათვის, თუ თვითონ არ არის რჯულის დამცველი.
 
დაბოლოს, იგი წმინდანებს მხოლოდ იმ მიზნით შეკრებს, რომ წინადააცვეთინოს, თუკი შეძლებს მათ მოტყუებას. საბოლოოდ, ის შექმნის საკუთარ თავში რწმენას, ასე რომ, ისინი მას ქრისტეს უწოდებენ. ის რომ ჯოჯოხეთიდან აღდგა, ესაიას სიტყვებით ვთქვით ზემოთ: წყლებმა გაზარდეს ის, უფსკრულმა აღამაღლა (ეზეკ. 31:4) (7).
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.

________________________

7. ვიქტორინუსს შეცდომით მოჰყავს ესაია - რედ.

________________________

ანტიქრისტეს საყდარი
 
იოანე ამბობს, რომ ერთ-ერთი თავი - ანტიქრისტეა, რადგან შვიდი - ეს არ არის რიცხვი, არამედ მიწიერი, უნივერსალულრი სამეფოს ნიშანი, რომელიც კრავს ეწინააღმდეგება. ურჩხული, ანუ ეშმაკი უეჭველად მისცემს მას თვის ძალასა და ტახტს. დადებითი მნიშვნელობით, როგორც მართლის სული არის სიბრძნის ტახტი, ასევე, საპირისპირო გაგებით, მტერი თავის ტახტს აძლევს მათ, ვინც მას ყველაზე მეტად ემორჩილება და ვისაც სხვათა მოსატყუებლად იყენებს; ხშირად, ღვთის დაშვებით, მათი მეშვეობით სასწაულებსაც აღასრულებს და ისეთ უგუნურებამდე მიდის, ბედავს და აცხადებს ამ მცირეთა ცდუნებული სულებისთვის, რომ შვიდი თავიდან ერთმა თითქოს მიჰბაძა იმ ჭეშმარიტ თავს, აღდგა რა თავისი მოჩვენებითი სიკვდილიდან, თითქოს იგი აუცილებლად უნდა იქნას მიღებული იმ ქრისტეს ნაცვლად, რომელმაც ნამდვილად აღასრულა ეს.
 
და თაყვანი სცეს მხეცს დედამიწის ხალხებმა (აქ არის განსხვავება სინოდალურ თარგმანთან - რედ.). - რადგან იგი ქვეყანას ახსენებს იმ ადამიანთა მნიშვნელობით, რომლებიც უფრო მეტი მზაობით გაჰყვნენ მხეცს და თაყვანი სცეს მას; სხვა სიტყვებით - თავისიანებისთვის, რომელთა შესახებაც, ვინც ანტიქრისტეში ეშმაკს სცემს თაყვანს, თითქოს კერპს, ამგვარად არის ნათქვამი: და თაყვანი სცეს ურჩხულს.
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
 
იუდეველთა ცდუნება
 
ეს მნიშვნელობა ჩადო, ალბათ, თავად სულისმიერმა მახარებელმა. მე კი მეჩვენება, რომ აქ გამოსახულია შემდეგი: ის სასიკვდილო წყლული, რომელიც ერთ-ერთ თავს მიადგა ისრაელის ღვთის თაყვანისმცემლობის შედეგად, განიკურნა კერპთაყვანისმცემლობისკენ იუდეველთა მობრუნებით. და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ - რატომ არ იქნება ასე, თუ ღვთისმოშიში ისრაელის ხალხიც კი თაყვანს სცემდა მას? ამის შესახებ ესაია ამბობს ღმერთის სახელით ისრაელის მიმართ: გამუდმებით, დღენიადაგ, ილანძღება ჩემი სახელი (ესაია 52:5). მაგრამ ისინი მხეცთან ერთად თაყვანს სცემდნენ ბოროტების მოთავეს - ურჩხულს, რომელიც არის ასეთი დიდი სიცრუისა და ცბიერი ხრიკების მხლართველი... მის მიერ ცდუნებულნი, ამ ისრაელიანთა შორის, ვინც ტყუილით მოხიბლა, დიდებას აღუვლენენ მას და ამბობენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
მწვალებელთა მკრეხელობა
 
სასიკვდილოდ მოწყლულ თავში იოანე გულისხმობს მწვალებლებს, რომლებიც თავს მოაჩვენებდნენ ქრისტეს აღმსარებლებად. და, რადგან მათ არ სწამთ ისე, როგორც ამას საყოველთაო სარწმუნოება ითხოვს, მკრეხელობენ, როდესაც ამბობენ, რომ ისინი, იყვნენ რა მოწყლულნი, აღდგნენ: თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს (2 კორინთ. 11:14).
 
შეიძლება სხვანაირადაც განვმარტოთ. მართლმადიდებელ მორწმუნეებს ჭრილობებს აყენებენ მწვალებლობები, რადგან ეს უკანასკნელნი ითრგუნებიან წმიდა წერილის მოწმობებით. მიუხედავად ამისა, ისინი, თითქოსდა სატანის ჭრილობებისგან აღდგნენო, აღასრულებენ მის საქმეს და არ წყვეტენ მკრეხელობებს, რითაც საკუთარი სწავლებებისკენ მისდრეკენ მათ ვის ცდუნებასაც შეძლებენ.
 
თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას? (გამოცხ. 13:4) - ეს იმიტომ ხდება, რომ ერეტიკოსები თავს იმშვიდებენ ფუჭი იმედით, რომ თითქოს მათზე უკეთ არავის სწამს და, რომ ვერავინ დაამარცხებს მათ ხალხს, რომელიც ცხოველის სახელით არის აღნიშნული. მათ ხალხს თავად ეშმაკმა მისცა და ღმერთმა დაუშვა, რომ ბევრი ცუდი რამ ეთქვათ და დაეგმოთ, როგორც მოციქული ამბობს: ვინაიდან თქვენში განხეთქილებაც საჭიროა, რათა გამოცდილნი გამოჩნდნენ თქვენს შორის (1 კორინთ. 11:19).
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
ადამიანთა ცდუნება
 
სიტყვები: ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, გულისხმობს ზოგიერთ მოკლულს იმ მთავართაგან, რომლებიც, ანტიქრისტეს დამღუპველი გრძნეულების მეშვეობითა და ხალხის სიბრმავის მიზეზით, ცრუდ წარმოსახეს მკვდრეთით აღდგომილებად, როგორც ამას სიმონ მოგვი აკეთებდა, რომელიც ამხილა პეტრემ (იხ. საქმე 8:9-24. - რედ.); ან კიდევ - მოწყლული თავი მიემართება რომის სამეფოს, რომელიც თითქოს მოკვდა დანაწევრებისგან, მაგრამ კვლავ აღდგება ანტიქრისტეს ერთიანი ძალაუფლების ქვეშ (როგორც ეს მოხდა კეისარ ავგუსტუსის მმართველობის დროს).
 
ანდრია კესარიელი, აპოკალიფსისის განმარტება.
 
 
5-6. მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი.
 
 
ღმრთისა და მის წმინდანთა გმობა
 
როდესაც ყველა დაიმორჩილა და მის ფეხქვეშ დასცა, მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი. ვის მიერ მიეცა? მოტყუებული და მისი თაყვანისმცემელი ადამიანების მიერ. რადგან ქედმაღლობა - ეს არის ამპარტავნობისგან. ამაზე უარესი რა არის? რა არის ამ სიტყვებზე უარესი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ (ეს. 14:13)? ცოტათი ქვემოთ: უზენაესს გვუტლოდებიო! (ეს. 14:14). ესაია დასცინის მას, რადგან ეს სიტყვები ღმრთის გმობაა. და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე - მანამდე ჩავთვალეთ, რომ ორმოცდაოირ თვე ხანმოკლე პერიოდს აღნიშნავს, რადგან ყველა დრო ხანმოკლეა დაუსრულებელ საუკუნეებთან შედარებით, თუნდაც ძალიან დიდად ჩანდეს. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი - ამ გმობას წარმოთქვამს განდგომილი. ღვთის სამკვიდროს იოანე წმინდა ანგელოზებს უწოდებს, რადგან ღმერთი მათ შორის მკვიდრობს. რადგან, თუ ადამიანების შესახებ ნათქვამია - დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის (2 კორინთ 6:16) (შეად. ასევე: ლევ. 26:11-12. - რედ.), - რა შეიძლება ითქვას ზეციურ ძალებზე, თუ არა ის, რომ ღმერთი მათ შორის მკვიდრეობს?
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
ეს თვეები შეადგენს სამ წელიწადსა და ექვს თვეს... ისინი უკანასკნელი დევნის სისასტიკეს გვამცნებენ (პრიმაზიუსი აქ მისდევს ტიკონიუსს - რედ.). რადგან, თუ ქვეყნის ოთხ ცნობილ კიდეს გაამრავლებთ რჯულის ათ მცნებაზე, რომლებიც სრულყოფილას აღნიშნავს, მიიღებთ ორმოცს. და თუ ამას მიამატებთ სიყვარულის ორმაგი მცნების აღსრულებას, მაშინ  უნდა მიიღოთ ორმოცდაორი, რადგან წარმოთქმული სიტყვები, რომლებიც საქმით არ არის დადასტურებული, საერთოდ ვერ გვიშველის. ეკლესიის შესახებ ასევე ნათქვამია, რომ იგი დროებით იყო დაცული, თითქოს არწივის ფრთებით, როდესაც ურჩხულის მახეებს უდაბნოში გაერიდა, რათა თავი ერჩინა ათას ორას სამოცი დღის განმავლობაში, რაც ორმოცდაორ თვეს შეადგენს. ასე რომ, იმავე გამოთვლილ რიცხვს სულაც არა აქვს ახალი მნიშვნელობა.
 
ის გმობდა ღმერთსა და ეკლესიას, რომელიც ზეცად მყოფობს, რადგან ჩვენი მოქალაქეობა ცაშია (ფილიპ. 3:20), ხოლო თქვენ ხორციელად მყოფნი კი არა ხართ (რომ. 8:9). მე ვთვლი, რომ აქ ტაძარი ასევე აღნიშნავს ქრისტეს სხეულის დიდებულ გამარჯვებას, რომელსაც, როგორც ნათქვამია, მოგვიანებით დაგმობს ანტიქრისტე, როდესაც ქრისტეს საკადრის პატივს, ითავხედებს და საკუთარ თავს მიაკუთვნებს. ამიტომ, უფალი სახარებაში ამბობს: რათა, აცთუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც (მათე 24:24) და მყისვე დაურთავს: მაგრამ რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი (მათე 24:22).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ორმოცდაორი თვის მანძილზე - ჩვენ ეს გვესმის, როგორც უკანასკნელი დევნის დრო. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი - ცხადია, ეს გულისხმობს მათ, ვინც კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესია დატოვეს: თუმცა, მოჩნდა, რომ ისინი ადრე ფარულად ეკლესიის შიგნით ვითომ მარტალ რწმენას იცავდნენ, მაგრამ ახლა, დევნის დროს, განხმული ბაგით გმობენ ღმერთს. მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი - ანუ ეს არის გმობა ეკლესიაში შემავალი წმინდანებისა, რომლებსაც ზეცა ეწოდება, რადგან ისინი ღვთის სამკვიდროა.
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
ორმოცდა ორი თვე აჩვენებს, ღვთის დაშვებით ანტიქრისტეს მეუფება ხანმოკლე იქნება, იგი სამ-ნახევარ წელიწადს გასტანც (სხვაგვარად, მაცხოვრის სიტყვების თანახმად: ვერ გადარცბოდა ვერც ერთი ძე ხორციელი, მაგრამ რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღეები (მათე 24:22). იგი დაგმობს ღვთის სახელს და სამკვიდრებელს. ღვთის სამკვიდრებელი - ეს არის ღვთის სიტყვის ხორცშესხმა, მისი (ღვთის ძის, ღვთის სიტყვის) მკვიდრობა სხეულში და განსვენება წმინდანებში, რომელთაც, ისევე როგორც ანგელოზებს, დაგმობს ეს მხეცი.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
სიტყვები: განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი - გვიჩვენებს, რომ ანტიქრისტე გამოჩნდა სამარცხვინო, მოჩვენებითი სიმამაცით, რადგან იმას, რასაც ადრე ფარულად გმობდა, ახლა უკვე გაბედავს და ღიად დაგმობს, როდესაც პატივს, რომელიც საგანგებოდ ქრისტეს მიეკუთვნება, ითავხედებს და თვითონ დაისაკუთრებს. ის ამაყად ლაპარაკობს უღვთო სიტყვებს, რადგან ქრისტეს მტერია და სურს, რომ იგი ქრისტედ მიიღონ, ან საკუთარი თავი იძულებით მოახვიოს, ან მოტყუებით დაიმორჩილოს. იგი დროებით მიიღბს ძალაუფლებას, გამოიყენებს მას ბოროტებისთვის და მოისურვებს რა, ავნოს ქრისტეს სხეულს, იგი უფრო მეტად განდიდდება მდევნელთა ხელით მოწევნული ტანჯვის გამო, რადგან ქრისტე სულ უფრო და უფრო  უმოწყალოდ ეცმევა ჯვარს თავის წმინდანებთან ერთად. უფალი ამის შესახებ ამბობს: არავითარი ხელმწიფება არ გექნებოდა ჩემზე, მაღლიდან რომ არ მოგცემოდა (იოანე 19:11). ამიტომ, თუ ვნების დროს ქრისტემ ის მისცა თავის მდევნელებს, თუმცა მასში ამ ქვეყნის თავადმა ვერაფერი ჰპოვა სიკვდილის ღირსი, რა გასაკვირია, თუ თავის ეკლესიაში ის ხანდახან ურჯულოებს აძლევს თავდასხმის უფლებას, ისე რომ, მათი გამარჯვება გამოცხადდეს?
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
7-8. და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას. და თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა, რომელიც დაკლულ იქნა.
 
 
ანტიქრისტეს თაყვანისმცემელნი
   
როგორც ვთქვი, მან ძალაუფლება მიიღო იმ ხალხისგან, რომელიც ნებაყოფლობით ემორჩილებოდა მის დამღუპველ ხელმწიფებას. კარგად არის ნათქვამი: და თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა. რადგან ღვთისმოშიში ისრაელის გარდა, რომელმაც ეს უკვე განიცადა, ყველა სხვა მოდგმისა და ტომის ხალხმა თაყვანი სცა ცოდვილს.
 
რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა, რომელიც დაკლულ იქნა - ხილვა ადგენს ძალიან მკაფიო საზღვრებს. მართალია, ნათქვამია, რომ მიწის ყოველი მკვიდრი თაყვანს სცემს განდგომილ ეშმაკს, ბევრი იყო ისეთი, როგორც წარმართთა, ასევე ისრაელიანთა მხრიდან, ვისაც თავი არ წაუბილწავს მისი მსახურებით; მაგალითად: იობი, მისი ოთხი მეგობარი, მელქისედეკი, ისრაელის წმინდა წინასწარმეტყველები და ისინი, ვისი ღვთისმოსაობაც დამოწმებულია ძველ აღთქმაში. მას ყველამ თაყვანი სცა, ოღონდ მათ გარდა, ვინც ღვთისმოსაობის, სიმკაცრისა და ცხოვრების წესის სიწმინდის წყალობით ზეცაში ჩაიწერა და ღმერთი იცავს. რადგან ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ წიგნი დაბეჭდილია. უფალი ამ წიგნზე ეუბნება თავის წმიდა მოწაფეებს წმინდა ლუკასთან: მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში (ლუკა 10:20).
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ანტიქრისტეს ძალაუფლება
 
საზარელი იქნება ანტიქრისტეს მოქმედებები: იგი გამორჩეული იქნება ღვთის გმობით, იმ ადამიანებზე ძალადობით, რომლებიც მას არ დაემორჩილებიან. და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა - ე. ი. მას ყველაზე ექნება ძალა და ხელმწიფება; ძალის გამოყენებით აიძულებს ყველას, რომ მას დაემორჩილონ. მაგრამ მას დაემორჩილებიან და თაყვანს სცემენ მხოლოდ ისინი, ვისი სახელებიც არ არის ჩაწერილი დაკლული კრავის სიცოცხლის წიგნში.
 
 
9-10. ვისაც ყური აქვს, ისმინოს. ვისაც ტყვე მიჰყავს, არც თვითონ ასცდება ტყვეობა, ვინც მახვილით კლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება; ესაა წმიდათა მოთმინება და რწმენა.
 
 
ვისაც ტყვე მიჰყავს, არც თვითონ ასცდება ტყვეობა. ნაუწებია, რომ თითოეული მიიღებს საზღაურს თავისი საქმეების მიხედვით; ისინი, ვინც ბოროტებას უკეთებენ მოყვასს ეშმაკის წაქეზებით, ეშმაკისვე ტყვეებად იქცევიან და მისივე მახვილით მოკვდებიან, როგორც ამბობს მოციქული პეტრე: ვინც რისაგან არის ძლეული, მისივე მონაა (2 პეტრე 2:19). ვინც შეინარჩუნებს შეურყვნელ და წმინდა სარწმუნოებას, ვინც განსაცდელში მოთმინებით აღიჭურვება, მისი
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.


წყაროები:

1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.

2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (I ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.
აპოკალიფსისი
სხვა მხეცი ამომავალი მიწიდან
 
13:11-18
 
 
ახ. ქართ.:
 
11. მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული.
   
12. ის მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა.
 
13. და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე.
   
14. და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა.
 
15. და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას.
 
16. და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე.
 
17. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი.
 
18. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი.
 
 
ძვ. ქართ.:
 
11. და ვიხილე სხუაჲ მჴეცი, აღმომავალი ქუეყანით, და აქუნდეს რქანი, მსგავსნი კრავისა, და ზრახვიდა, ვითარცა ვეშაპი.
 
12. და ჴელმწიფებასა პირველისა მის მჴეცისასა ყოველსა იქმნ წინაშე მისსა და ჰყოფდა ქუეყანასა და ყოველთა მკჳდრთა მისთა, რაჲთა თაყუანის-სცენ მჴეცსა მას პირველსა, რომლისა წყლულებაჲ სიკუდილისა მისისაჲ განიკურნა.
 
13. და იქმნ სასწაულთა დიდთა, და რაჲთა ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით წინაშე კაცთა.
 
14. და აცთუნებს მკჳდრთა მათ, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა, სასწაულთა მათთჳს, რომელ მიეცნეს მას ქმნად წინაშე მჴეცისა მის, და ეტყჳს მკჳდრთა ქუეყანისათა, რაჲთა ქმნან ხატი მჴეცისაჲ მის, რომელსა-იგი აქუნდა წყლულებაჲ და ცხოვნდა მახჳლისგან.
 
15. და მიეცა მას სული მიცემად ხატსა მას მჴეცისასა, რაჲთა იტყოდის ხატი მჴეცისაჲ მის და ქმნას. ყოველნი, რომელთა არა თაყუანის-სცენ ხატსა მჴეცისასა, მოიკლნენ.
 
16. და ყვნეს ყოველნივე - მცირენი და დიდნი, და მდიდარნი და გლახაკნი, და აზნაურნი და მონანი, - რაჲთა მიიღონ ბეჭედი ჴელსა მათსა მარჯუენესა ზედა, ანუ შუბლსა ზედა მათსა.
 
17. და რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის სყიდად, ანუ განსყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მჴეცისა მის, ანუ რიცხჳ სახელისა მისისაჲ.
 
18. აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაჲ, აღიპყარნ რიცხჳ იგი მჴეცისაჲ, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს რიცხჳ მისი ექუსას სამეოც და ექუს.
 
 
***
 
 
მიმოხილვა: მხეცი - ანტიქრისტეს სამეფო, ორი რქა - ცრუწინასწარმეტყველი (იპოლიტე რომაელი, ვიქტორინე პეტავიელი). თავს მოაჩვენებს რა კრავად, ეშმაკი მრავალს აცდუნებს (ტიკონიუსი). ანტიქრისტე ყველას თავს მოაჩვენებს კრავად და ურჩხულადაც, მაგრამ სინამდვილეში - ის არც ერთია და არც მეორე (ეკუმენიოსი). ცრუწინასწარმეტყველი გამოგზავნილია, რათა ანტიქრისტეს მეშვეობით მოამზადოს სატანის ბატონობა (ანდრია კესარიელი). ანტიქრისტე პირადად დააწესებს დედამიწაზე დროებით წეს-რიგს, და ამისთვის გამოიყენებს მაგიას (იპოლიტე რომაელი, ვიქტორინე პეტავიელი). ციდან ჩამომავალი ცეცხლი - ეს მწვალებლობებია, რომლებიც ეცემიან ეკლესიას (კესარიოს არლელი).
 
შუბლის აღბეჭდვა - სიკვდილის გვირგვინია (იპოლიტე რომაელი). ანტიქრისტეს ოქროს გამოსახულება დაიდგმება იერუსალიმის ტაძარში (ვიქტორინე პეტავიელი). ანტიქრისტე და მოგვები დაემორჩილებიან სატანას (ეკუმენიოსი). ადამიანები დარწმუნებულნი იქნებიან, რომ მხეცი არის კიდევაც ქრისტე (პრიმაზიუსი). ეკლესიის წმინდანები მიიღებენ ქრისტეს ნიშანს, ხოლო პირმოთნეები - სატანისას. ერთგულები არ დაემორჩილებიან ანტიქრისტეს (კესარიოს არლელი, ანდრია კესარიელი).
 

***

 
11. მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული.
 
 
ანტიქრისტეს მოსვლა
   
ამ შემთხვევაში იოანე მიწიდან ამომავალ მხეცს ანტიქრისტეს მომავალ სამეფოს უწოდებს, ხოლო ორი რქის ქვეშ გულისხმობს როგორც თავად მას, ისე ცრუ წინასწარმეტყველს, რომელიც მასთან ერთად უნდა გამოჩნდეს. კრავის ორი რქა - ეს ნიშნავს, რომ მას სურს დაემსგავსოს ღვთის ძეს და თავის თავს მეფედ წარმოადგენს. ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული - იმის მანიშნებელია, რომ ის მაცდურია და მასში ჭეშმარიტება არ არის.
 
წმ. იპოლიტე რომაელი, ანტიქრისტეს შესახებ.
 
 
სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, ანუ ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც აპირბს, მისცეს მას ნიშები და ცრუ სასწაულები კაცთა წინაშე. რომელსაც, - ამბობს იოანე, - ჰქონდა კრავის ორი რქა, ანუ მას თითქოს მართალი კაცის იერი ქონდა. ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული, ანუ ეშმაკის ცბიერებით იყო სავსე. კაცთა წინაშე ის ისეთ სასწაულებს აღასრულებს, რომ მკვდრები აღდგებიან, რადგან ჯადოქრებიც კი აკეთებენ ამას კაცთა წინაშე, დაცემული ანგელოზების დახმარებით.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, - მან სცადა, მიეთვისებინა ორი აღთქმა, ჭეშმარიტი კრავის შესაბამისად, მიიღო რა კრავის სახე. ამასთან, როგორც ითქვა, ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული, რადგან, ფარისევლურად აყალბებს რა ჭეშმარიტაბს, იგი ატყუებს მათ, ვინც აცდუნა, რადგან კრავს ვერ დაემსგავსებოდა, თკი ურჩხულის სახით ღიად დაიწყებდა ლაპარაკს. ახლა მას თვის კრავად მოაქვს, რათა თავს დაესხას კრავს, ანუ ქრისტეს სხეულს, როდესაც ამოწმებს ღვთის წინაშე, რომ მან მოტყუებით ჭეშმარიტი გზიდან გადაახვევნიოს მათ, ვინც ღმერთს ეძიებს (წმ. კესარიოს არლელი ამ მხეცს "მწვალებელთა ეკლესიას" უწოდებს - რედ.).
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
 
სხვა მხეცი
 
მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, სადაც ყველა ადამიანის არსებობა იღებს სათავეს. რადგან ანტიქრისტე არის კაცი, რომელიც მოვა სატანის მოქმედებით (2 თესალონიკ. 2:9), ბრძენი პავლეს თანახმად. რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული - მაგრამ არ იყო ურჩხული.
 
ეს ცოდვილი თხზავს, რომ ის არის ქრისტე, მაგრამ არ არის, იოანემ მისცა მას კრავის რქები. რადგან ყოველგვარი უკეთურების დახმარებით, იგი უფრო მეტად უტოლდება სატანას, მაგრამ არ ხდება სატანა. მოციქული არ ამბობს, რომ ის ურჩხული იყო, არამედ ის ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული. რადგან საქმის ვითარება ასეთია: ხილვაში თხრობაც ინარჩუებს მის სახეს და აძლევს მას არა კრავის, არამედ კრავის მსგავსის სახეს, და არა ურჩხულისა, არამედ ურჩხულის მსგავსის სახეს. რადგან ქრისტეს კრავს უწოდებენ, ეშმაკს კი - ურჩხულს, ხოლო ანტიქრისტე არც ერთია და არც მეორე.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ზოგიერთის აზრით, ეს მხეცი ანტიქრისტეა, ზოგიერთი ფიქრობს, რომ - სატანა, ხოლო ორი რქიდან ერთი ანტიქრისტეა, ხოლო მეორე - ცრუწინასწარმეტყველი. ნეტარი ირინეოსის მიხედვით, უადგილო არ იქნება, თუ ამ მხეცში ანტიქრსტეს შემწეს, მის ცრუწინასწარმეტყველს დავინახავთ, რომელიც მიწიერი, სისაძაგლით სავსე ცხოვრებიდან გამოდის და აქვს ორი რქა, როგორც კრავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კრავის ტყავში იმალება მგლის მომაკვდინებლობა (იხ. მათე 7:15 - რედ.), გამოავლენს რა თავიდან ღვთისმოსაობას.
 
ამის შესახებ ნეტ. ირინეოსი ასე ამბობს: "ანტიქრისტეს საჭურველმტვირთველი ცრუწინასწარმეტყველია. მას ნიშებისა და სასწაულების აღსრულების ძალაუფლება აქვს მიცემული, რათა ანტიქრისტეს წინამორბედმა მას მოუმზადოს დამღუპველი გზა. მხეცის სასიკვდილო წყლულების განკურნება, ერთი მხრივ, არის გაყოფილი სამეფოს ხანმოკლე მოჩვენებითი გაერთიანება, ხოლო, მეორე მხრივ, სწრაფწარმავალი სატანის ბატონობის აღდგენა ანტიქრისტეს მიერ, რომელიც დარღვეულ იქნა უფლის ჯვრით, ანდა კიდევ ვინმე მისი ახლობელი მკვდრის ცრუ (მოჩვენებითი) აღდგენა".
 
ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული, - როგორც გველი, რადგან გააკეთებს და ილაპარაკებს ისე, როგორც ეს ბოროტების მამისთვის - ეშმაკისთვის არის დამახასიათებელი.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
12-13. ის მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა. და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე.
 
 
დროებითი წესრიგი
   
ეს ნიშნავს, რომ მეორე მხეცი ამ გზით, ავგუსტუსის კანონის შესაბამისად (რომლის დროიდან დაარსდა რომის სამეფო), პირადად გასცემს ბრძანებებს და, როდესაც ყველაფერზე გაბატონდება, დაამყარებს წესრიგს - და ეს ყველაფერი მიზნად ისახავს საკუთრი თავისთვის კიდევ უფრო მეტი დიდების მოხვეჭას.
 
წმ. იპოლიტე რომაელი, ანტიქრისტეს შესახებ.
 
 
ცრუ სასწაულები
   
ის იმგვარად იმოქმედებს კაცთა წინაშე, რომ მოაჩვენოს თითქოსდა მკვდრები აღდგებიან, - ეს მოგვები ხომ ადამიანთა წინაშე განდგომილ და დაცემულ ანგელოზთა დახმარებით მოქმედებენ.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.


იოანე ამბობს, რომ მეორე მხეცი ამ ძალაუფლებას ახორციელებს პირველი მხეცის წინაშე. რადგან ხალხის მთელი ძალა უხუცესების ხელშია, რომელთა შესახებაც იგი წერს, როგორც კალიისა და ცხენების კუდების ძალაზე (შეად. გამოცხ. 9:9, 9:19. - რედ.). რადგან ხალხის წინაშე მდგარნი, ვითომ ეკლესიური ნიღბით, უხუცესები აკეთებენ იმას, რაც ეშმაკის საკეთილდღეოდ ხდება. ასეთ ვითარებაში ცნაურდება, რომ ორივე მხეცს აქვს ერთი სხეული და ერთი ურცხვობა ხდება, ასე რომ, შეიძლება ითქვას, მეორე მხეცის თვალთმაქცობა პირველის სარგებლობას ემსახურება. ამიტომ ემატება: და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს.
 
აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ - დედამიწას და მათ, ვინც მასზე მკვიდრობს, იგი შემთხვევით როდი ახსენებს. აკი საკმარისი იქნებოდა დედამიწა ან ისინი, ვინც მიწაზე მკვიდრობს, მაგრამ ის ნათლად აცხადებს, რომ მაცდუნებელი ძალა ყველაზე სავალალო გზით ხორცსა და სულს იძენს თავის განკარგულებაში. ხოლო ის, ვინც აცდუნეს, მონებს ხორცითაც, და გონებითაც, ამიტომ ნათქვამია: და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა.
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.


და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე. - მართალია, იოანე ამბობს, რომ მხეცი ახდენს დიად სასწაულთ, მაგრამ ერთ სასწაულს სხვებს ამჯობინებს. ეს მეტაფორა თითქოს მეტყველებს წარსულზე, როდესაც მომავალს წინასწარმეტყველებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მომავალი განსხვავებული იქნება. იოანე ამბობს შემდეგს: ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი. ის, რომ მას ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი, ანუ ეკლესიის მიწაზე მცხოვრებლებთან, ნიშნავს, რომ მან ან ისარგებლა კაცთა მოდგმის ცვალებადობით, ან დაცემული მტრის ხრიკების დახმარებით, თვის მონებს ახალ და მრავალგვარ ენაზე ლაპარაკს აიძულებს. ამიტომ ისინი ისე ყბედობენ, თითქოს მიიღეს სულიწმიდის ნიჭი, რომელიც ცეცხლის ენების სახით ერთხელ ნამდვილად ჩამოვიდა ქრსიტეს ცალკეულ მოწაფეებზე (იხ. საქმე 2:1-4. - რედ.). რადგან ამ სასწაულით უფალმა, უპირველეს ყოვლისა, აღბეჭდა მორწმუნეები, როდესაც თქვა: ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ (მარკ. 16:17) და ა. შ.
 
ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ამ მხეცმა, რომელმაც თვალთმაქცურად მიითვისა კრავის სახელი, რომელიც მოიწყლა და ცოცხალი დარჩა, მოტყუებით და მიბაძვით, საკუთარ თავს სულიწმიდის ეს უმაღლესი ნიჭი მიაკუთვნა და გამოიგონა, რომ თითქოს მის მსახურთაც აქვთ ეს ნიჭი, როგორც სიმონმა ერთ დროს დაიქანდა, მაგრამ საქმით ვერაფერს გახდა.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
რადგან ზეცა - ეკლესიაა, რა არის ცეცხლი, რომელიც ზეციდან ჩამოაქვს, თუ არა მწვალებლობანი, რომლებიც ეკლესიას ეცემა? რადგან დაწერილია: ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი (1 იოანე 2:19). კი, ცეცხლი ზეციდან ჩამოდის, როდესაც ეკლესიიდან გამოსული ერეტიკოსები, როგორც ცეცხლი, დევნიან თვით ეკლესიას. მხეცი კი ორი რქით მოქმედებს, რათა ხალხმა თაყვანი სცეს მხეცის ხატებას, რაც არის ეშმაკის გამონაგონი.
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ცრუ წინამორბედის გრძნეულებითა და სიცრუით ყველაფერი გაკეთდება ადამიანების საცდუნებლად, რათა მათ ანტიქრისტე, როგორც დიდი სასწაულთმოქმედი, ღმერთად აღიარონ. ცრუწინამორბედი ისეთ განდიდებას დაიმსახურებს, როგორიც ჰქონდა წმინდა იოანე ნათლისმცემელს, რომელსაც მიჰყავდა მორწმუნეები მაცხოვართან, ვინაიდან ადამიანთა საცდუნებლად სიცრუე ცდილობს, მიჰბაძოს ჭეშმარიტებას. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ცდუნებულნი იხილავენ ზეციდან ჩამომავალ ცეცხლს, რაც ჯერ კიდევ იობის ისტორიიდან არის ცნობილი, რომ უფლის დაშვებით, სატანის მოქმედებით ზეციდან ცეცხლი ჩამოვარდა და მისი ცხვრის ფარა დაწვა (იობ. 1:16).
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
14-17. და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა. და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას. და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი.

 
ცდუნება და ანტიქრისტეს ბეჭედი
   
მართლაც, ღვთის მონების მიმართ იქნება რა მზაკვარი და ქედმაღალი, შეპყრობილი სურვილით, რომ ისინი ამოძირკვოს და ქვეყნიდან განდევნოს, რადგან ისინი მას დიდებას არ აღუვლენენ, ყველას უბრძანებს, ყველგან სასაკმევლე აღმართონ, ისე რომ, ამ გზით წმინდათა შორის ვერავინ შეძლოს ვერც ყიდვა, ვერც გაყიდვა, თუ ის ჯერ მსხვერპლს არ შესწირავს. სწორედ ეს არის ნიშანი, რომელსაც მარჯვენა ხელზე მიიღებენ. ხოლო ნიშანი შუბლზე იმას მიანიშნებს, რომ ყველა გვირგვინს დაიდგამს და ატარებს ცეცხლოვან გვირგვინს თავზე, მაგრამ ეს იქნება გვირგვინი არა სიცოცხლისა, არამედ სიკვდილისა. სწორედ ასე მოიქცა იუდეველთა მიმართ ანტიოქე ეპიფანეც, სირიელი მეფე, რომელიც წარმოშობით ალექსანდრე მაკედონელის ოჯახიდან იყო. მანაც ასევე, გამედიდურდა რა გულით იმ დღეებში, გამოსცა ბრძანება, რომ ყველას სამსხვერპლო აღმართა სახლის კარის წინ, შეეწირა მსხვერპლი და, სუროს გვირგვინით შემკობილი, დიონისეს პატივსაცემად მოეწყოთ ზეიმი (შეად. 2 მაკაბ. 6:7; 1 მაკაბ. 1:51-64. – რედ.). ვისაც მორჩილება არ სურდა, მან ბრძანა, მოეკლათ ისინი წამების, ტანჯვისა და დაკითხვის შემდეგ. ამასთან, მან საკმაოდ ღირსეული სამაგიერო მიიღო უფლისგან, მართალი მსაჯულისა და ყოვლისმხილველი ღმერთისგან: იგი მოკვდა, მატლებმა ცოცხლად შეჭამეს. თუ ვინმეს სურს ამ ყველაფრის შესახებ დეტალურად შეიტყოს, მაშინ მიმართოს მაკაბელთა წიგნებს: მათში აღწერილია ეს ყველაფერი.
 
წმ. იპოლიტე რომაელი, ანტიქრისტეს შესახებ.
 
 
მეორე მხეცი იმასვე გააკეთებს, რომ ანტიქრისტეს ოქროს ხატება იერუსალიმის ტაძარში განათავსონ და განდგომილი ანგელოზი იქ შევიდეს; შემდეგ იგი შელოცვებსა და მისტიკას მიმართავს: და ისე გააკეთებს, რომ ყველამ დიდმა თუ მცირემ, მდიდარმა თუ ღარიმა, მონამ თუ თავისუფალმა, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი (გამოცხ. 13:16-17). დანიელმა ადრე თქვა კაცთა ასეთი დაცემის, ღვთის უგულებელყოფისა და წყევლის შესახებ: გაშლის თვის სამეფო კარვებს ზღვასა და მშვენიერ წმიდა მთას შორის, მერე მიაწევს თავისი ბოლო და ვეღარავინ უშველის მას. დადგამს, - ამბობს ის, თავის ტაძარში, ზღვის მთასა და ორ ზღვას შორის, ანუ იერუსალიმში (დანიელ. 11:45); შემდეგ კი იქ დადგამს ოქროს ხატებას, როგორც ეს გააკეთა მეფე ნაბუქოდონოსორმა (იხ. დანიელი 3:1). ამას ამბობს უფალი და ყველა ეკლესიაში შეახსენებს ბოლო ჟამის შესახებ: ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს) (მათე 24:15). ნათქვამია: სიბილწე, როდესაც ადამიანები ღმერთს აბრაზებენ კერპების თაყვანისცემით, ხოლო გაპარტახება კი იმიტომ, რომ ურწმუნო ადამიანები იფიტავენ სულს, ფუჭი ნიშებითა და სასწაულებით, და აკლდებიან მათ რიცხვს, ვინც ცხონდება.

მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.


და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით - იგი სასწაულებს აღასრულებს, ატყუებს მხილველთა თვალებს, როგორც ჯადოქარი იქცეოდა ფარაონის წინაშე. ანტიქრისტესაც და ჯადოქრებასც ერთი და იგივე ცრუ დემონი წარმართავს. კარგად არის ნათქვამი, რომ რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე. რადგან მას შემდეგ, რაც მას ხატებას აღუმართავს, რომლის თაყვანისცემასაც ყველას აიძულებს, ის მართლაც მოახდენს მის წინაშე სასწაულებს, თითქოს გააღმერთებს ხატებას, რადგან ამ უკანასკნელისგან გამოდის ამის ქმნის ძალა. და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის - რადგან მრავალი გამოსახულება, როგორც ამბობენ, ეშმაკის ძალით იფარება ორთქლით და ისე ჩანს, თითქოს მეტყვლებენ.

ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.


თითქოს ამას ამბობს: ეს ცდუნება იმდენად გამძაფრდა, რომ დედამიწის მკვიდრნი, ვინც მხეცის სასწაულმა აცდუნა, მას უყოყმანოდ დაეთანხმა და მიიღეს იგი, ერთმანეთს შთააგონებდნენ თაყვანისცემის სანაცვლოდ, მხეცის ხატება გაეკეთებინათ გულისმიერ ოცნებებში. ამრიგად, მათ ეჭვის შეტანა არც უფიქრიათ და, ალბათ, საბოლოოდ დაარწმუნა ამ ხილულმა ცეხლოვანმა ცრუმოწმობამ იმაში, რომ ის ნამდვილად არის ქრისტე, როდესაც იგი არის ეშმაკი ანტიქრისტეში და იგივე მაცდური, რომელიმაც მიიღო სულის სახე, რომლიც, ღვთის დაშვებით აგებს ასეთ მაცდურ მახეებს. რადგან ნათქვამია: და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა.
 
 
ამ ადგილის გაგება ორგვარად შეიძლება. შესაძლოა, უკეთურთა მთელი მასა შთაგონებას დაემორჩილა სასწაულებრივი მოწმობის, ეშმაკის მოქმედებებისა და ლიდერების მიერ ხალხის შევიწრობის გამო: ყველასთვის შემოიღეს ერთი რწმენა და ქების აღვლენის ერთი ფორმა, ასე რომ, თუ ვინმე არ წარმოთქვამდა ამას მხეცის ხატების წინაშე, მას მოკლავდნენ. მეორე მხრივ, შესაძლოა, ისევე, როგორც ის გველის პირით ელაპარაკა ქალს პირველი ადამიანის შეცდენის მიზნით, ახლაც, მსგავსი ცდუნების დახმარებით, ის ბევრს დასცინებს, როდესაც აიძულებს თავის მიმდევრებს მიიღონ პასუხი, როდესაც რჩევისთვის მიმართავენ ხატებას, ანუ ანტიქრისტეს, რომელსაც ისინი საჭიროდ ჩათვლიან, რომ პატივი მიაგონ, როგორც ღმერთს, თუმცა ის არის ურჯულობის კაცი, წარწყმედის ძე (2 თესალონიკ. 2:3).

და აიძულებს ყველას, ... ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე - ხელი აღნიშნავს საქმებს, ხოლო მარჯვენა - მოჩვენებით ღვთისმოსაობას, შუბლი კი - რწმენის აღიარებას. რადგან ორივე სიკეთეს ვნება მიადგა ცდუნების გამო, ამიტომ ორივე მათგანი მიიღებს ნიშანს.

პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.


ეკლესიაში მყოფი წმინდანები იღებენ ქრისტეს ხელსა და შუბლზე, ხოლო ფარისევლები იღებენ მხეცს ქრისტეს სახელით. თუ ისინი თაყვანს არ სცემენ მხეცს, არც მის ხატებას, მაშინ არც დაისვამენ ნიშანს ხელსა და შუბლზე.

რწმენისგან შორს არ იქნება, თუ თავად მხეცში ვიგულისხმებთ ურჯულო ქალაქს ან საზოგადოებას, ან ყველა უკეთური და ამპარტავანი ადამიანის თანხმობას, რომელსაც ბაბილონი ეწოდება და გაიაზრება, როგორც "აღრევა". მას მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომელთაც სურდათ იმ ყველაფრის არევა, რაც ღირსეულია. ეს არის ურწმუნო ხალხი, რომელიც ეწინააღმდეგება მორწმუნე ხალხსა და ღვთის ქალაქს. მისი ხატება არის მისივე ფარისევლობა, კერძოდ, იმ ადამიანებისა, რომლებიც თითქოს საყოველთაო (კათოლიკე) რწმენას იცავენ, მაგრამ არაკეთილსინდისიერად ცხოვრობენ. ისინი ხომ თვალთმაქცობენ, ვითომ ისეთები არიან, როგორნიც არ არიან საინამდვილეში და ქრისტიანები ეწოდებათ არა ჭეშმარიტი მსგავსებით, არამედ ყალბი ხატებით. მოციქული მათ შესახებ ამბობს: მოჩვენებითად ღვთისმსახურნი, სინამდვილეში კი მისი ძალის უამრმყოფელნი (2 ტიმ. 3:5), რომელთაგან მნიშვნელოვანი რაოდენობა შედის კათოლიკე ეკლესიაში. მართლები არ სცემენ თაყვანს მხეცს, ანუ ისინი არ ეთანხმებიან, არ ემორჩილებიან; და ისინი არ იღებენ ნიშანს, კერძოდ, დანაშაულებრივ ნიშანს: შუბლზე - იმისთვის, რომ ისინი აღიარებენ და ხელზე - იმისთვის, რომ ქმნიან.

წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.


მხეცი აცდუნებს მათ, ამბობს იოანე, ვინც გამუდმებით მიწიერს ესწრაფვის, მაგრამ ვერ აცდუნებს მათ, ვინც ზეცაში უკვე შეიძინა სამყოფელი. - ისინი სრულიად განმტკიცებულნი არიან მისი გამოჩენით წინასწარნაუწყებნი. არსებობს გადმოცემა, რომ ჯადოქრობით დემონები არცთუ იშვიათად გამოსახულებების, ქანდაკებების, ხისა და წყლის და სხვა საგანთა და თვით მკვდართა სხეულების მეშვეობითაც მეტყველებდნენ, როგორც რომაელებს აჩვენა სიმონ მოგვმა დიდი პეტრეს თანდასწრებით, რომელმაც ამხილა ეს საცდური და აჩვენა, თუ როგორ აღდგებიან მკვდრები იმათი მაგალითის მიხედვით, ვინც თვითონვე აღადგინა მკვდრეთით (იხ. პილატეს საქმენი - რედ.). ამიტომაც არაფერია შეუსაბამო იმაში, რომ ანტიქრისტეს წინამორბედი და საჭურველმტვირთველი, რომელიც დემონთა შეწევნით იმოქმედებს, გააკეთებს მხეცის ხატებას, აამეტყველებს მას (დემონთა დახმარებით) და გასცემს ბრძანებას მოჰკლან ყოველი, ვინც თაყვანს არ სცემს ამ ხატებას. ის ასევე შეეცდება ყველა დადაღოს ანტიქრისტეს წარმწყმედელი სახელის გამოსახულებით მარჯვენა ხელზე, რათა მოსპოს კეთილი საქმეები, და ასევე შუბლზე, რათა ცდუნებულთ ასწავლოს იყონ კადნიერნი სხვათა ცდუნებასა და უკეთურ საქმეებში. მაგრამ მას არ მიიღებენ ღმრთის ნათლით აღბეჭდილნი. მხეცის ბეჭედი კი გავრცელდება ყველგან - აღებ-მიცემობასა და ვაჭრობაში, რათა მის უარმყოფელთ, ყოველივე საარსებოს მოკლებით, ეწიოთ ძალადობრივი სიკვდილი.

ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.

და აცდუნებს მიწის მკვიდრთ და ა. შ. როგორც ნათქვამია, მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით (2 თესალონიკ. 2:9). ბოლომდე არ არის გასაგები, იგულისხმება თუ არა ნიშებსა და ცრუ სასწაულებში ის, რომ ადამიანის გრძნობათა ორგანოებს აცდუნებს მოჩვენებები, რომლებიც წარმოადგენენ, რომ ანტიქრისტე აკეთებს იმას, რასაც სინამდვილეში არ აკეთებს; ან იმას, რომ ნიშები და სასწაულები რეალური იქნება, მაგრამ მათ, ვინც მათ იწამებს, ვინც არ იცის ეშმაკის ძალის შესახებ, შეცდომაში შეიყვანს იმასთან დაკავშირებით, რომ მათი გაკეთება მხოლოდ ღვთის ძალით არის შესაძლებელი. აკი წმინდა იობის ოჯახი მსხვილფეხა პირუტყვთან ერთად დაიღუპა არა მოჩვენებით, არამედ ნამდვილ ცეცხლსა და ქარში.

ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების განმარტება.
აპოკალიფსისი
მხეცის რიცხვი
 
13:18
 
 
ახ. ქართ.:
 
18. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი.

ძვ. ქართ.:
 
18. აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაჲ, აღიპყარნ რიცხჳ იგი მჴეცისაჲ, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს რიცხჳ მისი ექუსას სამეოც და ექუს.
 
 
***
 
 
მიმოხილვა: არსებობს მხეცის რიცხვის (666) განმარტების სხვადასხვა მეთოდები: ქრონოლოგიური, როგორც ნოეს შემთხვევაში და სახელობითი, რომელიც ეფუძნება ბერძნებში მიღებულ წესს ციფრები გამოხატონ ასოებით, რის ნიმუშადაც გამოდგება სახელები "ტიტანი" და სხვები, რადგან ბევრია ისეთი სახელი, რომელიც შეიცავს რიცხვ 666-ს და შეიძლება გამოყენებულ იქნას ის, რაც უკეთ აღწერს ანტიქრისტეს ხასიათს (ირინეოს ლიონელი, ეკუმენიოსი, პრიმაზიუსი). მაგრამ ღმერთმა დამალა იგი, რათა ანტიქრისტეს წარმწყმედელი სახელი ჩაწერილ არ ყოფილიყო საღმრთო წერილში (ანდრია კესარიელი). ეს რიცხვი ნიშნავს შესაწირავს, რომელსაც თავისთვის მოითხოვს ეშმაკი (ბედა პატივდებული).
 
 
18. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი.
 
 
ცეცხლოვანი წარღვნა
   
ამიტომ მომავალ მხეცში აღდგება ყოველგვარი ბოროტება და ყველანაირი მზაკვრობა, რათა მთელი ძალა ღვთისგან განდგომილებისა, შეკრებილი და მასში წარმოდგენილი, ცეცხლოვან ტბაში იქნეს ჩაგდებული. სხვათა შორის, მისი სახელი იქნება რიცხვი 666, რადგან იგი საკუთარ თავში აღადგენს ბოროტების მთელ ნარევს, რომელიც წარღვნამდე იყო და რომელიც ანგელოზთა განდგომიდან მომდინარეობს. რადგან ნოე 600 წლის იყო, როდესაც წარღვნამ მოიცვა დედამიწა, რათა მოესპო მისი ამბოხი ნოეს დროს არსებული უკეთური მოდგმის გამო. და ის (ანტიქრისტე) აღადგენს უწინდელ ყოველ ცდომილებას წარღვნის შემდგომ - კერპების გამოგონების, წინასწარმეტყველთა დახოცვასა და მართალთა დაწვას. ვინაიდან ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართული კერპი სიმაღლით იყო 60 წყრთა და სიგანით - 6 წყრთა, და ანანია, აზარია და მისაელი, რომლებმაც არ სცეს მას თაყვანი, ცეცხლის ღუმელში ჩაყარეს (იხ. დანიელი 3. - რედ.), მათმა თავგადასავალმა წინასწარმეტყველურად გვიჩვენა სამყაროს აღსასრულისას მართალთა სამომავლო დაწვა. რადგან ეს კერპი მთლიანად მიანიშნებდა ანტიქრისტეს მოსვლაზე და უჩვენებდა, რომ მხოლოდ მისთვის უნდა ეცა ყველა ადამიანს თაყვანი.
 
ამრიგად, 600 წელი ნოესი, რომლის დროსაც, ღვთისგან განდგომის გამო, მოხდა წარღვნა, და კერპის წყრთათა რაოდენობა, რომლის მიზეზითაც მართლები ცეცხლმოკიდებულ ღუმელში ჩაყარეს, აღნიშნავს იმის სახელის რიცხვს, ვისშიც აღდგება მთელი ექვსიათასწლოვანი განდგომილება, უსამართლობა, ბოროტება, ცრუ წინასწარმეტყველება და სიცრუე, რის გამოც დედამიწას ცეცხლოვანი წარღვნა მოიხილავს (ირინეოსისთვის ცნობილია მანუსკრიპტი, რომელშიც მოცემული იყო რიცხვი 616, თუმცა ის უთითებს, რომ ეს წაკითხვა გამოწვეული იყო გადამწერის შეცდომით. იხ. მწვალებლობათა წინააღმდეგ. 5.30.1. - რედ.).
   
წმ. ირინეოს ლიონელი. მწვალებლობათა წინააღმდეგ.
 
 
სახელი ტიტანი
 
სანდო და უსაფრთხოა წინასწარმეტყველების აღსრულების მოლოდინი, ვიდრე რომელიღაც სახელების წინასწარმეტყველება და ვარაუდი, რადგან შეიძლება მრავალი სახელი მოიცავდეს ზემოთხსენებულ რიცხვს, და ეს საკითხი მაინც გადაუჭრელი დარჩეს. მაშ, თუკი ბევრია ისეთი სახელი, რომელიც ამ რიცხვს მოიცავს, იბადება კითხვა, რომელი მათგანით მოვა ანტიქრისტე? ამას მე ვამბობ არა სახელთა უკმარობის გამო, რომლებიც მოიცავენ მისი სახელის რიცხვს, არამედ ღმრთის შიშითა და ჭეშმარიტებისადმი ერთგულებით, რადგან სახელი "ევანთასიც" (Ευανθας) შეიცავს საძიებელ რიცხვს, თუმცა მის შესახებ არაფერს ვამტკიცებ. სახელ "ლათინოსსაც" (Λατεινος) გააჩნია რიცხვი 666, და სრულიად სავარაუდოა, რომ უკანასკნელი სამეფო ამ სახელწოდებისა იქნება, რადგან დღეს ლათინები ბატონობენ, თუმცა მე არ მინდა თავი ვიქო ამ გარემოებით.
 
მაგრამ ჩვენ მიერ ნაპოვნი ყველა სახელიდან "ტიტანი" (Τειταν), თუკი პირველ მარცვალს ორი ბერძნული ხმოვნით დავწერთ (ε და ι), ყველაზე სავარაუდოა, რადგან ის შეიცავს ზემოთაღნიშნულ რიცხვს და შედგება ექვსი ასოსგან, რომლის თითო მარცვალშია სამი-სამი ასო; ის უძველესია და არ არის გამოყენებაში, რადგან არც ჩვენი დღევანდელი მეფეებიდან ერქვა ვინმეს ტიტანი, და არც რომელიმე კერპს, რომელსაც ღიად და საჯაროდ პატივს მიაგებენ ბერძნები და ბარბაროსები; მაგრამ მრავალში ის ღვთაებრივად მიიჩნევა იმდენად, რომ დღევანდელი მმართველები მზეს ტიტანს უწოდებენ (ციცერონი და ოვიდიუსი მზეს ტიტანს უწოდებდნენ - რედ.). ის შეიცავს ერთგვარ მინიშნებას შურისგებაზე, რადგან ანტიქრისტე თავს წარმოაჩენს, თითქოსდა შურს იძიებდეს ჩაგრულთათვის. გარდა ამისა, ეს უძველესი სახელია, ნდობისა და სამეფო ღირსების მქონე, რომელიც ტირანებს შეჰფერის. ამიტომაც, თუკი სახელ "ტიტანს" თავის სასარგებლოდ გააჩნია ესოდენ მრავალი საფუძველი, ბევრი ჩათვლის, რომ მომავალ ანტიქრისტეს ერქმევა სწორედ ეს სახელი, რასაც მე დარწმუნებით ვერ ვიტყვი, თუკი ვიცი, აუცილებელი რომ ყოფილიყო მისი სახელის ხსენება, ის ნახსენები იქნებოდა იმის მიერ, ვინც გამოცხადება იხილა. გამოცხადება კი იყო ჩვენს დრომდე მცირე ხნით ადრე, თითქმის ჩვენს საუკუნეში, დიოკლეტიანეს მეფობის მიწურულს (შეად. იპოლიტე რომაელი, "ანტიქრისტეს შესახებ". - რედ.).
 
წმ. ირინეოს ლიონელი, მწვალებლობათა წინააღმდეგ.
 
 
მრავალი სახელი
 
აქაა სიბრძნე. - მოდით, ვინმემ ყურადღებით გამოიკვლიოს მხეცის სახელი და გამოთვლის საშუალებით იპოვოს იგი. მოციქული ხომ არ ამბობს, რომ გამოთვლა უცნაური და უჩვეულოა, ან სახელწოდება იდუმალი და არაერთგვაროვანია, არამედ რიცხვის ფორმირების მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ქვსს სამოცდაექვსი მიიღება, ხშირად გამოიყენება დ ხალხისთვის ცნობილია.
 
ეს რიცხვი, რა თქმა უნდა, აღნიშნავს ბევრ სხვა სახელს - როგორც პირად (საკუთარ) სახელებს, ისე მეტსახელებსაც, მაგრამ იგი ასევე აი, რასაც აღნიშნავს: პირადი (საკუთარი) სახელებია: ლამპეციუსი, ბენედიქტე, ტიტანი, ტიტანი იწერება იოტათი (Τίταν), მაგრამ იგი შეიძლება დაიწეროს დიფთონგის მეშვეობითაც (Τεῖταν), თუ Τεῖταν მომდინარეობს სიტყვიდან Τεῖσις (დაჭიმვა, დაძაბულობა), ზმნიდან Τείνω (ვჭიმავ, ვძაბავ), მომავალ დროში τένω, მაშინ სწორია, რომ იგი დიფთონგით დაიწეროს. მსგავსი მაგალითებია: φθείρω (ვანადგურებ) φθέρω-დან და σπείρω (ვთესავ) σπέρω-დან.
 
შესაფერისი მეტსახელია გამარჯვებული (νικητης). შესაძლოა მან ასე საკუთარ თავს უწოდა, როდესაც სამი რქის ან მეფის წინააღმდეგ ბრძოლისას ძირფესვიანად ამოძირკვა ისინი. ნახეთ, რას ამბობს დანიელი მათ შესახებ მერვე ხილვაში: მე დავაცექრდი ამ რქებს და, აჰა, მათ შორის კიდევ ერთი მომცრო რქა ამოვიდა და სამი ძველი რქა ძირიანად ამოაგდო. აჰა, ამ რქას თვალები კაცის თვალებს მიუგავდა და პირი მისი ამპარტავნულად ლაპარაკობდა (დანიელი 7:8).
 
არსებობს სხვა მეტსახელებიც: ურჩი, ბოროტი წინამძღოლი, ჭეშმარიტი/ნამდვილი წარმწყმედელი, ცოდვილი კრავი. ალბათ მას ამ სახელებს უწოდებენ იმათ გამო, ვინც მისი მოწინააღმდეგე. მას არა მარტო არ შერცხვება იმის გამო, რომ ასე უწოდებენ, არამედ გაიხარებს კიდეც ამ მეტსახელებით, რადგან თვითონაც არ რცხვენია, ასე უწოდოს საკუთარ თავს. საყვედურობს რა ამგვარ ბოროტ და ამაზრზენ მიდრეკილებებს, ბრძენი მოციქული ამბობს: მათი დიდება კი - სირცხვილია (ფილიპ. 3:19). ამიტომ, ვინაიდან მრავალი სახელი იქნება ნაპოვნი, მსურველს ეძლევა თავისუფლება, გამოიყენოს ყველაზე შესაფერისი წყეულთან მიმართებით.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.

 
ანტიქრისტეს სახელი - უარყოფა, ქრისტეს სახელი - ნდობა
 
ნათქვამია - აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა - ამიტომ გამოვთვალოთ ეს რიცხვი, რომელიც ისე უნდა იქნეს გაგებული, რომ მასში ამოვიცნოთ სახლი და მინიშნება. ის ამბობს - და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი. ჩვენ ამას გამოვითვლით ბერძნულად, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორი, ასიაში წერის დროს, საუბრობდა ენის თავისებურებათა შესაბამისად: მე ვარ ანი (ალფა) და ჰოე (ომეგა) (აპოკ. 1:8; 1:10; 21:6; 22:13). ამის გათვალისწინებით, რამდენიც მას შეეძლო, აღწერს მტრის ხრიკებს, რომელთა შემწეობითაც ეშმაკი ცდილობს, დაუმსახურებლად მიისაკუთროს საღვთო პატივი, რის გამოც წარმოადგენს ანტიქრისტეს, რომელიც ეწინაღმდეგება საღვთო ღირსებას, ყურადღებას ამახვილებს მხეცის თვისებებზე, რომელთაც უნდა ჩავწვდეთ ნიშნის ან მისი სახელის რიცხვის მეშვეობით, ანუ უნდა გავაანალიზოთ უმზაკვრესი მხეცის ზრახვები და საქმენი.
 
არსებობს სახელწოდება ანტემოსი (Αντεμος), რომლის ასოებსაც თუ დავთვლით (რომელთა მეშვეობითაც ბერძნები აღნიშნავენ რიცხვებს), რა თქმა უნდა, მივიღებთ 666-ს: α = 1; ν = 50; τ = 300; ε = 5; μ = 40; ο = 70; ς = 200. იგი შეიძლება ითარგმნოს, როგორც პატივის მოწინააღმდეგე. და თუ მას უწოდებენ იმ პატივის მოწინააღმდეგეს, რომელიც მხოლოდ ღმერთს შეეფერება, მაშინ ამ მიზეზითვე მას ეწოდება უვარგისი, უწესრიგო და უღირსი, რადგან მას შეჰფერის არა პატივი, არამედ ანათემა (1). ასე რომ, სახელი არის რიცხვის მეშვეობით და რიცხვი გამოითვლება სახელიდან, ხოლო მისი სახელის განმარტების საშუალებით ცნობილი ხდება მის დამსახურებათა ხასიათი.
 
_____________
 
1. პრიმაზიუსი, როგორც ჩანს, ინტერპრეტირებს Αντεμος-ს, როგორც αντι + τιμος (ღირსების წინააღმდეგი), მაგრამ აქ შეიძლება მხედველობაში იყოს ანტემი, დასავლელი იმპერატორი (467-472), რომელიც იტალიაში ეზიზღებოდათ - რედ.
 
_____________
 
არსებობს კიდევ ერთი სახელი, რომლის ასოების შეკრებისას იმავე რიცხვს ვიღებთ და რომელიც შეიძლება გონივრულად იქნას შემოთავაზებული. ჩვენ ვსაუბრობთ სახელწოდებაზე არნუმე (Αρνουμε), რომელიც ასევე იძლევა 666-ს: α = 1, ρ = 100, ν = 50, ο = 70, υ = 400, μ = 40, ε = 5. ამის თარგმანია: მე უარვყოფ. გასაკვირი არ არის, რომ ანტიქრისტე ღირსია ამ სახელისა, ანუ უარყოფის სახელისა, თუ ქრისტეს შეესაბამება ნდობის სახელი, როგორც თავად ქრისტე მიუთითებს, როდესაც ამბობს: ღმერთის საქმე ისაა, რომ იწამოთ მის მიერ მოვლინებული (იოანე 6:29) და ასევე: გწამდეთ ღმერთი და მიწამეთ მე (იოანე 14:1).
 
ასე რომ, თუ ვიტყვით Αντεμος-ს, ანუ ღირსების მტერი, ან Αρνουμε-ს - მე უარვყოფ, ორივე შეიძლება სამართლიანად მიეკუთვნებოდეს ანტიქრისტეს. ასე რომ, მეტყველების ორივე ნაწილის მეშვეობით, კერძოდ, არსებითი სახელითა და ზმნით, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ როგორც პირის ხასიათი, ისე მისი საქმეების სისასტიკე.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
და თუმცა იგი სხვა სახელით მოვა, სულიწმიდა ამბობს: და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი. ამ რიცხვის გაგება უნდა მოხდეს ბერძნული ასოების შესაბამისად.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი. გამოცხადების განმარტება.
 
 
რიცხვის (ბეჭდის) და, ასევე, ყოველივე დანარჩენის, რაც მის შესახებ დაწერილია, საღად მოაზროვნეთ და მღვიძარეთ გაუხსნის განსადელის დროება (იგულისხმება ანტიქრისტეს მმართველობის პერიოდი - "აპოკ." რედ.). როგორც ზოგიერთი მოძღვარი ამბობს, მისი სახელის ცოდნა აუცილებელი რომ ყოფილიყო, ეს, პირველ ყოვლისა, საიდუმლოთმხილველს (იოანეს) ეუწყებოდა, მაგრამ ღვთის მადლმა არ დაუშვა, რომ ეს წარმწყმედელი სახელი საღვთო წიგნში ყოფილიყო ჩაწერილი.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
კიდევ ერთი განმარტება (უფრო ადრე ბედა განმარტავდა უკვე დამოწმებულ სახელებს "ტიტანი", "ანტემოსი" და "არნუმე" - რედ.): ვინ არ იცის, ექვსი ნიშნავს ქმნილების სრულყოფილებას, რადგან ექვსი დღის განმავლობაში შეიქმნა სამყარო? ან რომ ეს რიცხვი - იქნება ეს მარტივი, თუ გამრავლებული ათზე ან ასზე - ნიშნავს ექვსჯერად და ასჯერად ნაყოფს ამ სრულყოფილების. ექვსას სამოცდაექვსი ქანქარი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს ყოველწლიურად (3 მეფ. 10:14) - შესაწირავს, რომელიც ჭეშმარიტ მეფეს უნდა მიართვან წესით, ეს ტირანი და მაცდური მოითხოვს.
 
ბედა პატივდებული, გამოცხადების განმარტება.


წყაროები:

1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.

2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (I ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.
Назад к содержимому