ხელოვნება - მიღმიერი სამყარო, ანუ ერთი შემაძრწუნებელი ნახატის ისტორია - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

მიღმიერი სამყარო, ანუ ერთი შემაძრწუნებელი ნახატის ისტორია

მისტიკური ნახატი

ავტორი: ელენე კოროვინა

არსებობენ საგნები, რომლებიც უფრო ხანგრძლივი ისტორიით დაიკვეხნიდნენ, ვიდრე რომელიმე სახელმწიფო. მაგალითად, ჰორუსის ბეჭედი, ტიბერიუსის კამეა, ტიციანის ან ბრიულოვის ზოგიერთი ტილო უკვე მრავალი საუკუნეა სარგებლობენ მისტიკური რეპუტაციით. მაგრამ არსებობს ერთი ნახატი, რომლის საბედისწერო ხვედრი ჩვენს თვალწინ, ჩვენს დროში იშლება.


გაცოცხლებული მისტიკა


ამერიკელი მხატვარი ბილ სტოჰანი არც ისე პოპულარული გახლდათ. 1970-იან წლებში მისი ქმნილებები, მართალია საინტერესოდ მიაჩნდათ, მაგრამ ცუდად იყიდებოდა. ზოგჯერ ჩიკაგოს გამოფენებზე მხატვარს თითო-ოროლა ტილოს თუ გამოართმევდნენ, ისიც უფასოდ, რათა გამოფენის ცარიელი კედლები შეევსოთ. ერთხელაც ერთმა ნაცნობმა ხელოვნებათმცოდნემ მხატვარს ურჩია ცოტა მისტიკა მაინც დაემატებინა თავისი ნახატებისთვის, რადგან "ახლა ეს მოდაშია". და ბილმაც გაიხსენა არცთუ დიდი ხნის წინათ თავისი სახლის სხვენზე ძველი ფოტოსურათების ალბომი რომ იპოვა. ერთ-ერთ მათგანზე გამოსახული იყო ხუთი წლის ბიჭუნა, თავის კიდევ უფრო პატარა ბიძაშვილთან ერთად. ისინი იდგნენ ბაღისკენ გაღებულ შუშის კარებთან. კომპოზიცია სრულიად გამოსადეგარი იყო ტილოსთვის. მხოლოდ ცოტა "მისტიკის დამატებაღა" იყო საჭირო.



ბილმა ბეჯითად იმუშავა და შექმნა... საოცრება. ცოტათი პერსპექტივა დაამახინჯა, ადგილ-ადგილ გამოსახულება ზედმეტად დააბრტყელა, რის გამოც ბიჭუნასა და გოგონას გამომეტყველებამ ოდნავ გროტესკული და თუ გნებავთ, ავისმომასწავებელი სახე მიიღო: ბიჭის თავი ოდნავ დამახინჯებულია, ბავშვების გამოხედვა განყენებულ-შემაშფოთებელია, თითქოსდა რაღაცას ხედავენო და გაურბიანო ჩვეულებრივ ადამიანთა მზერას.



ისევე როგორც ძველ ფოტოსურათზე, ბავშვები შუშის კართან დგანან, ოღონდ ტილოზე ღამეა გამეფებული - კარებს მიღმა კი მთვარე მოსჩანს. კარი დახურულია, ღამეული ცის ფონზე კი ვიღაცას სიბნელიდან ხელები გამოუყვია, რომლებიც კარის გაღებას და ბაღიდან ოთახში ვიღაცის შემოშვებას ცდილობენ. თუმცა, ბავშვებს არც ნერვულობა ეტყობათ და არც შიში. ისინი მეტად მოშვებულნი არიან, თითქოსდა ღამის მისტიკური ატმოსფერო მათი ჩვეული გარემოა.

"ხელის წინააღმდეგობა" - ასე უწოდა მხატვარმა თავის ტილოს. და რას ნიშნავს ეს საერთოდ? "ეს არის ერთგვარი ბოროტება, რომელსაც ყველანი ეწინააღმდეგებიან", - განუმარტავს ბილი თავის ორ მეგობარ ხელოვნებათმცოდნეს. მათ მხოლოდ ამოისუნთქეს და თქვეს "ამგვარი კონცეფცია ვერ გაჭრის". და იქვე, ტილოსთან მდგომებმა მოიფიქრეს სხვა ვერსია: "აქ გამოსახულია ბავშვების ზრდის პროცესი: მათ მოუწევთ შესვლა ზრდასრულ, უცნობ და ავისმომასწავებელ სამყაროში, სადაც მიათრევს მათ მარწუხებიანი ხელებით ჩაბღაუჭებული დროება, თუმცა პატარებს ეს არ სურთ. ბავშვებს ბავშვობაში სურთ დარჩენა".

სტოჰანმა ფურცელზე გადაწერა ეს ხელოვნებათმცოდნეობრივი სიბრძნე და თავისი ტილო ჩიკაგოს ერთ-ერთ გალერეას ჩააბარა. რაც ყველაზე საკვირველია ტილო მიიღეს. მეტიც, თვალსაჩინო ადგილზეც გამოჰფინეს. მაგრამ აი უბედურება: ორივე ხელოვნებათმცოდნე, რომლებმაც თავიანთი კონცეპტუალური მოსაზრება გამოთქვა, სწრაფად გარდაიცვალა.

"რა ვთქვა? - გაასავსავა ხელები გალერეის მფლობელთან მოსაუბრე მხატვარმა. - ისინი სხვა, იდუმალ, შუშის მიღმა მდებარე სამყაროში გადავიდნენ". როდესაც ეს სიტყვები ისმინა, გაზეთ "ლოს-ანჯელეს ტაიმსის" ჟურნალისტმა უცებ გამოაცხო სტატია მისტიკური სურათის შესახებ. სტატია გამოაქვეყნეს. გალერეას კი ცნობისმოყვარეთა ბრბო მიაწყდა.

მაგრამ აი უბედურება: უეცრად გაზეთის ერთ-ერთი მფლობელიც გარდაიცვალა. მართალია, ის უკვე 70 წელს გადაცილებული იყო, მაგრამ მაინც, დილის ცნობებში გაზეთები იუწყებოდნენ "საბედისწერო ტილოზე", რომელიც ადამიანებს სასიცოცხლო ენერგიას ართმევს.


ჯანმრთელობისთვის საშიში ტილო



ტილო პოპულარული გახდა და ორ აუქციონზეც კი გაიყიდა. 1984 წელს მოდური ტილო შეისყიდა მსახიობმა ჯონ მარლიმ, რომელიც ცნობილია ფილმებით "სიყვარულის ისტორია" და "ნათლიმამა". მაგრამ 1984 წლის მაისში მას გულის ოპერაცია გაუკეთეს, ოღონდ წარუმატებლად, ლეტალური აღსასრულით. ცნობილი მსახიობის ქონების გაყოფისას ტილო სადღაც დაიკარგა. თუმცა ათი წლის შემდეგ, 1990-იან წლებში, კვლავ გამოჩნდა - ჩვეულებრივმა ადამიანებმა, რომლებიც არც ისე კარგად ერკვეოდნენ ხელოვნებაში, ტილო... სანაგვეზე იპოვეს. სურათზე გამოსახულნი იყვნენ ბავშვები. ახალი მეპატრონეები არც დაფიქრებულან ისე ჩამოჰკიდეს სურათი საბავშვო ოთახში, საკუთარი გოგონას საწოლის თავზე.

იმ დღიდან ღამ-ღამობით პატარა გოგონას ცუდად სძინავს და მუდმივად ტირის. მას კოშმარები ესიზმრება. ერთხელაც ვერ მოითმინა და მშობლების საძინებელში გაიქცა და მათ სლუკუნ-სლუკუნით აუწყა, რომ სურათზე გამოსახული ბავშვები პირდაპირ მის საწოლზე გადმოდიან. ცხადია, მშობლებმა პატარას არ დაუჯერეს და დაამშვიდეს. მაგრამ ისტორია სხვადასხვა ვარიანტებით ვითარდებოდა: ხან გამჭვირვალე ბავშვები ქრებოდნენ ტილოდან, ხან ილანძღებოდნენ, ხან კიდევ თავისი შუშის კარებს მიღმა მიდიოდნენ სადღაც და იქიდან პატარა გოგონას უხმობდნენ. შეშფოთებულმა მამამ ბავშვის ოთახში ვიდეო კამერა დაამონტაჟა, მაგრამ მანაც ვერაფერი დააფიქსირა. მიუხედავად ამისა გოგონა მაინც ვერ მშვიდდებოდა. ასე, რომ ოჯახს საშინელ სურათთან განშორებამ მოუწია.

მოახლოვდა თავისი მაღალი ტექნოლოგიებით განთქმული XXI საუკუნე და ავისმომასწავებელი ტილოც ინტერნეტ-აუქციონზე, ცნობილ eBay-ზე გაიყიდა. ტილოს პირქუში ისტორია ყველაზე მკაფიო ფერებით აღწერეს და ქსელში დადეს, რამაც ნამდვილი ფურორი გამოიწვია. ტილოს გვერდი 30 000-ზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა. თვით ტილო კი ჩიკაგოს ქალაქური ლეგენდის ნაწილად იქცა.

მაგრამ ამის შემდეგ მოვლენები კიდევ უფრო გამაოგნებელი სცენარით წარიმართა: საიტის დამთვალიერებლებმა მრავალრიცხოვანი საჩივრებით მიმართეს ადმინისტრაციას, სადაც ამბობდნენ, რომ თითქოსდა სურათის დათვალიერების დროს ცუდად ხდებოდნენ, განსაკუთრებულად მგრძნობიარენი კი შოკსა და კრუნჩხვებში ვარდებოდნენ; მრავალი ადამიანი სასწრაფო დახმარების მანქანებსაც იძახებდა. საჭირო გახდა ზომების მიღება. ადმინისტრაციამ განათავსა გაფრთხილება: "ამ სურათის დათვალიერება საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის!" ამგვარი გაფრთხილების შემდეგ ხალხი კიდევ უფრო მეტად მიაწყდა ინტერნეტ გვერდს და ტილოს ფასმა 199 დოლარიდან 1025-მდე მოიმატა. სწორედ ამ ფასად შეიძინა ის კიმ სმიტმა, რომელმაც ტილო თავის ახლაგარემონტებულ, მაგრამ არცთუ ძვირიან გალერეაში გამოჰფინა.

შენაძენით დაფიქრებული ინტერნეტ-მომხმარებლები სმიტს გამუდმებით უგზავნიდნდნ წერილებს და აფრთხილებდნენ, რომ სურათი ნამდვილი ენერგოვამპირია! გალერეის მფლობელს კი ეს ყოველივე სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა: "მოდით, და თვალნათლივ დარწმუნდით, და არა ინტერნეტით!" და ხალხიც მის გალერეას ისე მიაწყდა, თითქოსდა ლუვრი ყოფილიყო.

უნდა აღინიშნოს, რომ ტილოს წინ მდგომარე მრავალ დამთვალიერებელს თავბრუ ეხვეოდა. ფსიქოლოგებმა წამოაყენეს უბრალო ვერსია: სურათი ენერგიას კი არ იწოვს, არამედ უბრალოდ აშინებს მნახველს, რადგან ის დაწერილია სივრცობრივი, ფორმობრივი და პერსპექტიული კანონების დარღვევით. ამიტომაც მოქმედებს ის ფსიქიკაზე ასე ძლიერ და ასე დამთრგუნველად. თავს იჩენს აღქმის ლაბილურობა: ადამიანის ტვინი მიჩვეულია გარკვეული პროპორციების მქონე გამოსახულებებს, რომელთა დარღვევა ნეგატიურ ემოციებსა და აუხსნელ შიშს იწვევს.


რეალობაში გატარებული მაგია!


მიუხედავად ამისა, გამოჩნდნენ ჯიუტი მოქალაქენი, რომლები სმიტს ტილოს განადგურებას ურჩევდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ მასში ბოროტება იყო ჩასახული. ცნობილი ეგზორცისტები ლორენ და ედ რობენს უორენები აცხადებდნენ, რომ ტილოზე გამოსახულ ბავშებში შესახლდნენ ოდესღაც ჩიკაგოში შემაძრწუნებლად მოკლული და-ძმის, ტომ და ლაურა სატილოების სულები. მკვლელი მათ პირდაპირ მათი სახლის წინ, გორაკზე გაუსწორდა, და ეს ყველაფერი მოხდა ისე, როგორც ლეგენდარულ ამიტივილის სახლში, რომლის ამაზრზენი და უბედური ისტორია ყველამ იცის თუნდაც საკულტო ფილმის "ამიტივილის საშინელების" მეშვეობით.

ასე რომ გალერეის მფლობელ სმიტს მხატვარ ბილ სტოჰანის სურათიდან ეშმაკის განდევნას სთავაზობდნენ. მაგრამ წინდახედული სმიტი არ თანხმდებოდა. მისტიკური, ავისმომასწავებელი ტილო უამრავ მაყურებელს იზიდავდა მის გალერეაში და თანაც იმდენს, რომ ორი წლის შემდეგ სმიტი საკმაოდ შეძლებული ადამიანი გახდა.

ერთის სიტყვით - მისტიკა პრაქტიკულად დაინერგა ცხოვრებაში! ეს ძალზედ მომგებიანი საქმე აღმოჩნდა. მხატვარი ბილ სტოჰანი სახელგანთქმული გახდა. გალერეის მფლობელი კი - მდიდარი ადამიანი. ეგზორცისტმა უორენებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს სურვილი შერკინებოდნენ სურათის ბნელ ძალებს, მაგრამ შერკინება არ შედგა, - ასეთია დიდების ძალა! ოღონდ ეგაა, გალერეის კარებთან მუდმივად მორიგეობს სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც ზოგჯერ ზოგიერთი შეშფოთებული მნახველი საავადმყოფოში მიჰყავს...

ინტერნეტ მასალებიდან.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню