ხელოვნება - ჩვენ მხოლოდ თქვენი სული გვჭირდება 9 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

უ. ბოიმერი

"ჩვენ მხოლოდ თქვენი სული გვჭირდება"

როკ-სცენა და ოკულტიზმი: თარიღები, ფაქტები, კომენტარები

თავი 1; თავი 2; თავი 3; თავი 4; თავი 5; თავი 6; თავი 7; თავი 8;
თავი 9

თავი მეცხრე

მძიმე როკი

ოკულტური აფეთქება


"და სხვათა მათ კაცთა, რომელნი-იგი არა მოკლნეს ამათ წყლულებათაგან, არა შეინანეს მათ საქმეთაგან ხელთა მათთაისა, რაითამცა არა თაყვანისსცემდეს ეშმაკთა და კერპთა ოქროისა და ვერცხლისა და ქვისა და შეშისათა, კაცისმკლველობათა მათთაგან და არცა მწამლველობათა მათთაგან, არცა სიძვისა მათისაგან, არცა მპარაობათა მათთაგან" (გამოცხ. -: 20-21).

წმიდა მოციქულ იოანეს ეს აპოკალიპსური ხილვა გვიჩვენებს სატანისაგან ცთუნებული და ღმერთისგან განდგომილი კაცობრიობის დაბნელებულ მდგომარეობას, რომელზეც ღმერთის მსჯავრი აღესრულება. უღმერთო ადამიანი, ამპარტავანი თავის წინააღდგომაში შემოქმედი ღმერთის მიმართ, არ ცდილობს დაემორჩილოს მას და სინანულით მოიქცეს მისკენ. ეს არის საშინელი შედეგი ღმერთის ჯიუტი უარყოფისა და მის მიმართ წიინააღდგომისა თანამედროვე ადამიანის მხრიდან.

საღმრთო წერილის ცხადი წინასწარმეტყველება ასეთი აპოსტასიის - ღმერთისგან დიდი განდგომილების შესახებ განეკუთვნება იმ დროს, რომელიც უშუალოდ უსწრებს წინ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით მოსვლას ამქვეყნად (იხ. თესალონიკ. 2:3; მათე 24: 37-39). უსჯულოებათა განმრავლება და სიყვარულის განგრილება, როგორც ამის შედეგი - დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა ამ უკანასკნელი დროისა (იხ. მათე 24:12). თვით უფალ იესუს ამ წინასწარმეტყველების აღსრულება დღეს უკვე მთელს მსოფლიოშია საცნაური. მაგრამ ღმერთის წყალობით სულიწმიდა და ჭეშმარიტ ქრისტეანეთა მოწმობები ჯერ კიდევ იკავებენ მსოფლიოს საბოლოო კატასტროფებისაგან, რომლის წინასწარი შეგრძნება თავზარს სცემს ხალხებს.

დღეს ყველგან ცხადი შექმნილა მზარდი განძვინვება ღმერთისა და მისი სიტყვის წინააღმდეგ. "წარმატებებმა" მეცნიერებისა და ფილოსოფიაში გააამპარტავნეს ადამიანი და ამის გამო მას უჭირს ღმრთისკენ მოქცევა.

ამიტომ დღეს ადამიანთა უმრავლესობა შემოქმედ ღმერთს კი არ სცემს თაყვანს, არამედ - კერპებს, ცრუ-ღმერთებს, რომლებიც მას შეჰყვარებია. ოქრო-ვერცხლის კერპებია - ტექნიკა და სამხედრო პოტენციალი, ქვისა და ხის კერპებია - მნიშნვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობანი. ამ კერპებს სასოებს თანამედროვე ადამიანი, მათკენ აქვს მიქცეული თავისი მზერა და გულითაც სწორედ მათ მიკრობია.

გარყვნილება, ქურდობა და მკვლელობა, ვითარცა სულ უფრო მზარდი უსჯულოების შედეგი, ყოველგნით გავრცელებულია და სულ უფრო საშიშ გაქანებას იღებს. გარყვნილება დღეს სავსებით ნორმალურ მოვლენად ითვლება აპოსტასირებული საზოგადოებისთვის. პორნოგრაფიის ტალღამ თავს გადაუარა ადამიანებს ჟურნალ-გაზეთების, კინოსა და ტელევიზიის მეშვეობით.

ფართოდაა გავრცელებული ჯადოქრობა, მაგია, ასტროლოგია და კერპების თაყვანისცემა. ამ მოვლენათა ქვეშ რაღაც გაცილებით უფრო დიდი იფარება, ვიდრე დროის სულისადმი თაყვანისცემა, - გარკვეული იდეოლოგიისა თუ წარმართული კერპების თაყვანისცემა. კერპების დღევანდელი თაყვანისცემა და ჯადოქრობა - ეს არის ოკულტური კატასტროფა, რომელიც აპოკალიფსური მასშტაბებით დაატყდა თავს ღმერთისგან განდგომილ კაცობრიობას და როკ-სცენაც, მოქცეული ოკულტიზმის ზეგავლენის ქვეშ, მხოლოდ თხემია ამ ვეება აისბერგისა.

წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება ინტერესი საიდუმლო მეცნიერებებისა და პარაფსიქოლოგიისადმი. აშშ-ში პარაფსიქოლოგიის კურსები ასზე მეტ კოლეჯშია გახსნილი. შეუნელებელი ინტერესით სარგებლობს ფართო მკითხველში წიგნები ზებუნებრივი უნარის მქონე მედიუმებზე, ასტროლოგიაზე, მაგიაზე, ჯადოქრობაზე... ამ ფაქტებმა ნება მისცეს ფრიდრიხ ვ. დოუცეტს შემდეგი დასკვნები გაეკეთებინა თავის შრომაში "საიდუმლო მეცნიერებათა ისტორია".

"მილიონობით ადამიანმა, რომელთა უდიდესი ნაწილი ახალგაზრდები არიან, სხვადასხვა ოკულტურ სექტებს მიაშურა იმ იმედით, რომ იქ ზებუნებრივ, მაგიურ ძალებს მიიღებდნენ..."
ყოველივე გამოუკვლეველი, საიდუმლოებით მოცული და, ამასთანავე, საშინელიც ამოუხსნელ ხიბლს აღმოაცენებს ადამიანებში. ამჟამად ჩვენ უკვე შეგვიძლია ამის შესახებ საუბარი როგორც "ოკულტური ტალღის" მოვლენის შესახებ.

სხვა მკვლევარი - ჰ. შტადელმანი წერს:

"ოკულტიზმი დღეს ჰყვავის და ეს მით უფრო საოცარია, რომ ჩვენი განათლებული დრო გამუდმებით აღემატებოდა ხოლმე ყოველივე ზებუნებრივს. სატანა, დემონები, ჯადოქრობა და მაგია - ეს არის ყოველივე ის, რისიც თანამედროვე ადამიანს უკვე აღარა სჯერა. დიდი როლი შეასრულა ამაში რაციონალისტურმა თეოლოგიამ თავისი რწმენით გონების სრულყოფილებაში, რომელსაც ამდაგვარი შეხედულებები მოძველებული და სინამდვილისადმი შეუფერებლად მიაჩნია.

ოკულტიზმის აყვავებას ხელი შეუწყო აგრეთვე მოდერნისტულმა თეოლოგიამაც (გავრცელებულმა დასავლეთის პროტესტანტულ სამყაროში), რომელიც მატერიალისტურ პოზიციებზე დგას. ამასთან დაკავშირებით ოს გიუნესი ასეთ დასკვნას აკეთებს:

"ქრისტეანობამ, რომელსაც ოკულტიზმი უკვე აღარ თვლიდა კვლავაც არსებულად, დაკარგა თავისი საშუალი მდგომარეობა სკეპტიციზმსა (უარყოფითი დამოკიდებულება რომ აქვს მისადმი) და იმათ შორის, ვინც მთლიანად იღებდა ქრისტეანობას. ამიტომაც ყველა, ვინც სულიერ სინამდვილეს ეძიებდა და ვერ ჰპოვებდა მას ეკლესიაში, ოკულტიზმისკენ მიიქცეოდა. თეოლოგები, რომელთაც უზრუნველად მიუძინიათ თავიანთი თეოლოგიის რაციონალიზმში, უკანასკნელნი არიან, ვისაც ჯერ კიდევ სწამს ეს (ანუ ქრისტეანობა - მთარგმნ.)".

ამრიგად, ოკულტიზმი საშინელ რეალობად იქცა!

მედიცინის მუშაკი დოქტორი ულრიხ ზენი შემდეგს დაასკვნის: "ოკულტისტური აფეთქებისა" და დემონურის შემოჭრის ჩვენს საუკუნეში სატანის გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი ადამიანი - მორწმუნე თუ ურწმუნო, განათლებული თუ გაუნათლებელი ოკულტიზმის სამყაროში შეიყვანოს, შებილწოს ამით ადამიანის სული და ამ გზით მოიპოვოს ძალაუფლება მასზე".

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ევანგელისტი რიჩარდ კრიზე განმარტავს:

"ოკულტური აფეთქება" - ცეცხლოვანი თავდასხმაა სატანისა, რომელიც ემზადება რა საბოლოო შემოტევისთვის, ნომინალური ქრისტეანობის ნახევრადდანგრეულ გამაგრებებს ბომბავს, მაშინ, როცა ათეისტურად შეფერილ იდეოლოგიას არ ძალუძს მზრუნველობა აღმოუჩინოს სულიერად გამეჩხერებულ ზონას, რომელსაც ოკულტიზმი ნაბიჯ-ნაბიჯ იპყრობს რაიმე განსაკუთრებული სიძნელეების გარეშე. ამგვარია დღევანდელი სიტუაცია.

სულ უფრო მზარდი დემონური შემოჭრის გამო ცნობილი თეოლოგი პეტერ ბაიერჰაუზი დაჟინებით გვირჩევს შემდეგს:

1) ჩვენ არამც და არამც არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ ოკულტური ტალღის სხვადასხვა გამოვლინებანი საზიანო არ არის ჩვენთვის.

2) პირად სულიერ ცხოვრებაში აუცილებელია დავუპირისპიროთ ამ ტალღას გამუდმებული სულიერი სიფხიზლე (რაც შესაძლებელია მხოლოდ ქრისტეს მართლმადიდებელ ეკლესიაში - მთარმგნ.).

3) ოკულტური ტალღის ზრდასთან ერთად ქრისტეანები კეთილსინდისიერად უნდა ეკიდებოდნენ თავიანთ მოწოდებას და სულიერ ბრძოლაში ქრისტეს ნათლი მხედრობის მხარეს უნდა იდგნენ.


ფრთხილად! - რელიგიური საცთური



დღეს ჩვენ სრული სერიოზულობით უნდა მივიღოთ უფალ იესუ ქრისტეს გაფრთხილება: "ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ" (მათე 24: 4-5). და " ხოლო რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ" (მარკოზი 13:37). უფალი იმისთვის ეუბნებოდა ამას თავის მოწაფეებს, რომ მაშინვე ცხადად უწყოდა მომავალ განსაცდელთა შესახებ, რომელნიც კაცობრიობას დაატყდებოდა თავს მისი მეორედ მოსვლის წინ, ქვეყნიერების დასასრულის ჟამს, როცა ძალზე გაიზრდებოდა დემონური გავლენა და დახვეწილი რელიგიური საცთური, რაც დღეს ჩვენს თავს აღესრულება.

მახარებლები: მათე (24:24) და მარკოზი (13:22) გვაფრთხილებენ ცრუმოძღვართა და ქრისტემტყუვართა გამო, რომელნიც ოკულტურ ძალთა დახმარებით, ანუ ეშმაკის ძალით, მრავალ დიდ დიდ ნიშებსა და სასწაულებს აღასრულებენ, რითაც ბევრთ აცთუნებენო. ადამიანები მაშინ " რწმენისაგან განდგებიან და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას" (1 ტიმ. 4:1) და ბოლოს, დემონური ძალის გამოვლინება თავის აპოგეას მიაღწევს, როცა გამოჩნდება დიდი მაცთუნებელი ანტიქრისტე "რომლისა-იგი მოსლვაი არს ქმედებითა ეშმაკისაითა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა სასწაულებითა ტყუილისათა და ყოვლითავე საცთურითა სიცრუისაითა და წარწყმედულთა მათ შორის" (2 თესალონიკ 2:9-10).

იოანეს გამოცხადებაში კიდევ ერთხელ არის განმარტებული, რომ ზებუნებრივი მოვლენები იმათი საქმეა, რომელნიც "არიან სულნი ეშმაკთანი, მოქმედნი სასწაულთანი" (გამოცხ. 16: 13-14).

დღეს ჩვენ ისეთ მძიმე დროში ვცხოვრობთ, რომლის შესახებაც იესუ ქრისტეს უთქვამს: "... ნეტარ არიან, რომელთ არა უხილავ და ვჰრწმენე" (იოანე 20:29) და თუ ჩვენ ჭეშმარიტებით ვირწმუნებთ იესუ ქრისტეს, რომელიც არ გვინახავს ამქვეყნად მავალი, რომელიც არ ვიცოდით და შეგვიყვარდა, რომელსაც არა ვხედავთ და ვირწმუნებთ, მაშინ განვიხარებთ "სიხარულითა გამოუთქმელითა და დიდებულითა" (1 პეტრე 1:8). ამის შესახებ პავლე მოციქულიც გვიმოწმებს: "... სარწმუნოებით ვიქცევით და არა იჭვით" (2 კორინთ. 5:7), ანუ არა ხილვით, დანახვითო.

ღმერთისგან განდგომილ ადამიანს კი ჯერ დანახვა სურს. თავისი რწმენის საფუძვლად მას უნდა ნიშები და სასწაულები ჰქონდეს და სატანაც ხალისით მიდის მათთან, რათა ეს სურვილი დაუკმაყოფილოს და მოხერხებულად იყენებს ამა "ნათესავსა ბოროტს და მემრუშეს", რომელიც "სასწაულსა ეძიებს" (მათე 12:39) და მაცთური ეშმაკიც აძლევს მას ამის შესაძლებლობას, რითაც უდიდეს წარმატებას აღწევს მათს მონადირებაში.


გზა ძლევისკენ


სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ნომინალური ქრისტეანობა შეეგუა უკანასკნელი დღეების "ოკულტურ ტალღას", და მთვლემარება თუ განურჩევლობა იმ ზომამდე დაუფლებია, რომ ზემოთმოყვანილი ფაქები ბევრს არავის აღელვებს. მაგრამ ქრისტეანები არ უნდა იყვნენ უმოქმედონი ამ საშინელი ოკულტური და დემონური სინამდვილის წინაშე. და ოკულტური ძალების ნებისმიერი გამოვლინება უნდა შეფასდეს როგორც იმ ადამიანთა გამოწევევა, ვინც ღმერთის მხარეზე დამდგარა.

მოცემულ შემთხვევაში ლაპარაკია ღმრთისადმი მტრულად განწყობილ ძალთა მოქმედებაზე, რომელთა ზურგს უკან, როგორც კულისებს მიღმა მდგომი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი, სატანა მიმალულა და მისი მთავარი ამოცანაა ადამიანთა შეკავება ცოდვის ტყვეობაში, - შორს შემოქმედი ღმრთისაგან. ხოლო იმათ, ვინც შორსა სატანის ბრჭყალთაგან და იესუ ქრისტესმიერ ხსნის გზას ადგას, იგი განსაკუთრებული განძვინებითა და მზაკვარებით ებრძვის.

ამიტომაც შეაგონებდა პავლე მოციქული ქალაქ ეფესოს ეკლესიას (მცირე აზიის ეს ქალაქი იმ დროს მაგიისა და ოკულტიზმის ცენტრად ითვლებოდა), ყოვლადსაჭურველად ღმერთის რწმენა მოემარჯვებინათ, რათა იესუს მორწმუნეთ შეძლებოდათ წინა-აღდგომა სატანის მზაკვრული თავდასხმებისადმი: "შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ" (ეფეს. 6:11, 12).

პეტრე მოციქულიც ასევე დაბეჯითებით მოგვიწოდებს სიფხიზლისა და სიმტკიცისკენ სატანის წინააღმდეგ ბრძოლაში: "იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით; გახსოვდეთ, რომ იგივე ვნებები ემუქრება თქვენს საძმოს ამ წუთისოფლად" (1 პეტრე 5:8-9).

აქ საუბარია იმ ბრძოლაზე, რომელშიც ყოველ ქრისტეანს შეუძლია ბრძოლა სატანის წინააღმდეგ სიმხნევითა და უფლის სასოებით, და ძლევაც მზაკვარი სულის მანქანებათა ზედა მიიღწევა მხოლოდ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს ძალითა და ხელმწიფებით, როგორც ამას პავლე მოციქული გვასწავლის: "მაგრამ მადლობა ღმერთს რომელმაც მოგვცა ძლევა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ" (1 კორინთ. 15:57).

ეშმაკის მეუფება - ცოდვის მეუფებაა, რადგან თავიდანვე, დასაბამიდანვე ეშმაკი ცოდავდა "მიტომაც მოგვევლინა ძე ღვთისა, რომ დაერღვია ეშმაკის საქმენი" (1 იოანე 3:8). სატანის მოქმედება მიმართულია ადამიანებზე ძალადობისა და მათი დამონებისაკენ. უფალ იესუ ქრისტეს კი თავისუფლება და მშვიდობა მოაქვს თავის მორწმუნეთათვის. ყოფილმა მედიუმმა ვიქტორ ერნესტმა სპირიტიული სეანსის დროს ჰკითხა ბოროტ სულს - გწამს თუ არა შენ, რომ იესუ ქრისტემ სისხლი დაღვარა ჩვენი ცოდვების მოტევებისათვისო, და ეშმაკმა, ამ სიტყვების გამო განძვინვებულმა, ისეთი ძალით გადააგდო მედიუმი სკამიდან, რომ ეს უკანასკნელი ტკივილისაგან აყვირდა.

ეგრეთ წოდებული თეთრი მაგიის მიმდევარი კრუცი მოგვითხრობს: "სულები ყოველის მხრიდან მესხმოდნენ თავს. ისინი ჩამჩურჩულებდნენ, რომ აღარ დამიცავდნენ და მთელს იმ ძალაუფლებასაც წამართმევენ, რაც უკვე შეძენილი მქონდა მათზე. ისინი მპირდებოდნენ, სწორედ იმ მომენტში მოგკლავთ, როცა განცხადებულად აღიარებ იესუ ქრისტესო. მემუქრებოდნენ, აგრეთვე, რომ ყველა ჩემს ახლობელ-ნათესავსაც მოკლავდნენ". როცა ყოფილმა სპირიტმა რ. გასონმა გადაწყვიტა ჩამოშორებოდა სპირიტიზმს და იესუს შესდგომოდა, უკანასკნელი სპირიტუალური სეანსის დროს მაკონტროლებელი ბოროტი სული მის დახრჩობას შეეცადა.

ხშირად გვსმენია, რომ სპირიტუალური სეანსი იშლება და ბოროტი სულები აღარ ემორჩილებიან მონაწილეებს, როცა მათს მახლობლად სადმე წრფელი ქრისტეანები ლოცულობენ.ასტროლოგებისა და ჯადოქრების მიერ ადამიანისათვის ნაწინასწარმეტყველევი მხოლოდ იმ მომენტამდე სრულდება, სანამ იგი ქრისტეანი გახდება. ჭეშმარიტი ძალა, ავტორიტეტი და ხელმწიფება კი მხოლოდ ჩვენს უფალ იესუ ქრისტეს აქვს. იგი არის "თავი ყოვლისა მთავრობისა და ხელმწიფებისა" (კოლას. 2:10). და იქ, სადაც წყვდიადის მეუფება ქრისტეს მეუფებას ეჯახება, ბოროტი სულები შეძრწუნებულნი შორს განილტვიან. უფალი განგვიმარტავს: " როცა ძლიერი შეჭურვილი იცავს თავის კარ-მიდამოს, არაფერი ემუქრება მის საბადებელს. მაგრამ როცა უფრო ძლიერი დაესხმის თავს, დაამარცხებს, აჰყრის საჭურველს, რომლის იმედიც ჰქონდა, და ანაწილებს ნაძარცვს" (ლუკა 11: 21-22).

და აი, იესუ მოვიდა - მხსნელი შედის შეჭურვილი მოძალადის ეზოში და ბორკილთაგან ათავისუფლებს ტყვეებს. და ბოროტმოქმედი სატანაც ცხადად გრძნობს უძლიერესის მოსვლას, ამ სულიერ ბრძოლაში უფალი ნებას არ გვაძლევს ნეიტრალური პოზიცია გვეკავოს, იგი გვეუბნება: "ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს" (ლუკა 11:23). და განა შეგვიძლია ჩვენ გულგრილნი ვიყოთ? სამწუხაროდ, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ისინიც კი, ვინც სახელით იესუს მიმდევარია, კონკრეტულ სიტუაციებში, ამათუიმ მიზეზის გამო არ დგებიან უფლის მხარეზე და ამგვარად გაუცნობიერებლად მისი მოწინააღმდეგენი ხდებიან. ამასთან დაკავშირებით საღმრთო წერილი გვასწავლის:

"ნუ შეცდებით, ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ, რადგანაც ვინც რას დასთესს, მასვე მოიმკის" (გალატ. 6:7). არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე უმნიშვნელო კონტაქტსაც კი ოკულტიზმთან შეთამაშების, ექსპერიმენტისა თუ ოკულტური ლიტერატურის წაკითხვის სახით, შეუძლია მთლიანად დაუქვემდებაროს ადამიანი ამ შავბნელი ხელმწიფების შეჩვენებას.

საღმრთო წერილი მრავალგზის გვაფრთხილებს: "უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის ხაფანგისაგან გამომხსნელი... უფლის მოშიშებით ბოროტებისგან თავს დაიხსნის კაცი... მართალთა გზა-კვალი ბოროტებას გვერდს უქცევს; ვინც თავის გზას აკვირდება, თავის სულს იცავს" (იგავთა 14:27; 16:6, 17).

უფლის შიში ნიშნავს რწმენითა და მოწიწებით აღსავსე მინდობას ღმერთისადმი და, ამავე დროს, სიძულვილს ბოროტისადმი (იგავთა 8:13). როცა ჩვენ როკ-ჯგუფების გრამფირფიტებს ვისმენთ, რომელთა შინაარსი ოკულტურია, ღვთისმგმობი და ეშმაკის განმადიდებელია, განა მაშინ ღმერთს არ შევურაცხვყოფთ?! რა შეიძლება მოვიმკათ ასეთ შემთხვევაში? თითოეულმა ჩვენთაგანმა საღმრთო წერილის შუქზე უნდა შეხედოს საკუთარ ცხოვრებას და ასე შეაფასოს იგი, ამასთან, უნდა "განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით" (რომ. 13:12). ხოლო შენ რა უნდა მოიმოქმედო ახლა, მკითხველო, თუკი როკ-მუსიკის ბორკილები გადევს, მის ტყვეობაში ხარ და, ამგვარად, სატანას ემსახურები? თავის წიგნში "როკ-მუსიკა და ქრისტეანული თვალსაზრისი" ვალტერ კოლი გათავისუფლების გზას მიგვანიშნებს (ნამდვილი გათავისუფლება ყოველგვარი ბოროტებისგან და ეშმაკის დემონური ზეგავლენისგან შესაძლებელია მხოლოდ სულიწმიდს საღმრთო მადლით, მართლმადიდებელ ეკლესიაში - მთარგმნ.): "მოციქულის დროს ჯადოქრებმა დაწვეს თავიანთი ძვირადღირებული წიგნები (საქმე მოციქულთა 19:19). ზუსტად ასევე, როკ-მუსიკოსების ტყვეებმაც უნდა მოსპონ ოკულტური, ღვთისმგმობი და ბინძური შინაარსით აღსავსე მათი გრამფირფიტები. თუკი სურთ, რომ ღვთის სიტყვა განმტკიცდეს და მძლავრად აღორძინდეს მათ შინაგან კაცში (საქმე მოციქულთა 19:20).

შეუძლებელია ცოცხალი ერთობა გქონდეს ღმერთთან და ამავე დროს შეგნებულად ექვემდებარებოდე ხანგრძლივ უღმერთო ზეგავლენას". რა მიზეზით დაწვეს თავიანთი გრძნეული წიგნები ქალაქ ეფესოს მცხოვრებლებმა, რომელნიც მათთან წმიდა პავლე მოციქულის ყოფნისას ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცნენ? - განა სატანის ხელმწიფების წინაშე და ბოროტ სულთა მუქარის წინაშე შიშის გამო? - არა! ისინი იმ ზომამდე იყვნენ გატაცებულნი უფალ იესუ ქრისტეს ძალაუფლებითა და დიდებით, მისი აღმატებით წყვდიადის ძალებზე, რომ თავისი უფლის და მაცხოვრის სიყვარულით მოიმოქმედეს ეს. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ:

1. "ეს რომ შეიტყვეს ეფესოში მცხოვრებმა იუდეველებმა და ბერძნებმა, თავზარი დაეცა ყველას, და განდიდებულ იქნა უფალ იესოს სახელი" (საქმე მოციქულთა 19:17).

2. "მრავალი მორწმუნე მოდიოდა, აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს" (იქვე. 19:18) და

3. "ბევრმა გრძნეულმა შეაგროვა თავისი წიგნები და ყველას თვალწინ დაწვა; როდესაც დაიანგარიშეს მათი ფასი, გამოვიდა ორმოცდაათი ათასი ვერცხლი" (იქვე. 19:19).

ეფესელი ქრისტეანები ვერ შეაშინა დიდმა ფინანსურმა დანაკარგებმა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მეზვერის დღიური ხელფასი 1 დინარს შეადგენდა, ხოლო ზემორეხსენებული წიგნების ფასი 50 000 დრაჰმა (ანუ ამდენივე დინარი) იყო, ეს ფული 160 მეზვერის ხელფასს ეყოფოდა მთელი წლის განმავლობაში.

ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ "ღმერთი ნათელ არს და ბნელი არა არს მის თანა არც ერთ" (1 იოანე 1:5). ღმერთი წმიდაა და თავისთან ვერ ითმენს ვერანაირ ცოდვას, ამიტომაც "თუ ვამბობთ, მას ვეზიარებითო და ბნელში კი დავდივართ, ვცრუობთ და არ ვიქცევით ჭეშმარიტების თანახმად" (1 იოანე 1:6). ხოლო "თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან" (იქვე. 1:9). და ღმერთიც თავისი სამართლიანი მსჯავრითა და სიბრძნით ცხადზე უცხადესი არჩევანის წინაშე გვაყენებს: "ვიმოწმებ დღეს თქვენს წინაშე ცას და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ, გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, გესმოდეს მისი სიტყვა და მიეწებო მას, რადგან ის არის შენი სიცოცხლე და შენი დღეგრძელება, რომ იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მოცემა ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას - აბრაამს, ისაკს და იაკობს" (მეორე რჯლ. 30:19-20).

ჩვენც კურთხევა გამოვირჩიოთ და უფალი ღმერთი შევიყვაროთ, რათა ვცხოვნდეთ. ამინ!

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню