ხელოვნება - ჩვენ მხოლოდ თქვენი სული გვჭირდება 2 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

უ. ბოიმერი

"ჩვენ მხოლოდ თქვენი სული გვჭირდება"

როკ-სცენა და ოკულტიზმი: თარიღები, ფაქტები, კომენტარები

თავი 1;
თავი 2; თავი 3; თავი 4; თავი 5; თავი 6; თავი 7; თავი 8; თავი 9

თავი მეორე

მძიმე როკი

დიდი მხეცი 666


ცნობილი ალისტერ კროული (1875-1947) მეოცე საუკუნის სატანისტთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. 1896 წელს სტოკჰოლმში მას თითქოსდა ჰქონდა ხილვა და ამ ხილვამ დაარწმუნა, რომ ის არის ანტიქრისტე. იმ დღიდან ასეც უწოდებდა საკუთარ თავს: "დიდი მხეცი - 666" ან "მხეცი უფსკრულიდან" (გამოცხ. 11:7) და ფიქრობდა, რომ ოკულტური ძალები მედიუმს, როგორც საკომუნიკაციო არხს, გამოიყენებდნენ კაცობრიობასთან კავშირის დასამყარებლად და თავიანთი ზეადამიანური ცოდნისა და შესაძლებლობების გამოსავლენად.

კროული თავის მისიას ხსნიდა იმით, რომ მას "აუცილებლად მოქმედებაში უნდა მოეყვანა ოკულტური ძალები, რომლებიც თავის აპოგეას მიაღწევდნენ ამ საუკუნის ბოლოს". თვითონ კროულის საკუთარი თავი წარმოედგინა წინასწარმეტყველად, რომელიც გახსნის ახალ ერას და გვერდზე მოისვრის დაძველებული და სიცოცხლისთვის უმაქნისი ქრისტეანობის ნარჩენებს. მეტად საგულისხმოა კროულის სიტყვები: "სატანა კაცობრიობის მტერი კი არ არის: ის სიცოცხლეა... სიყვარული... და სინათლეა"; "... გზა ზეცისკენ ჯოჯოხეთზე ძევს".

კროულის მიზანი იყო - გაეთავისებინა ადამიანს დემონური ძალა და მით მოეპოვებინა ბატონობა მთელს სამყაროზე. შავი მაგიისა და სატანიზმის, ასევე ნარკოტიკების ინტენსიურ გამოყენებასთან ერთად კროულის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გაუკუღმართებულმა სქესობრივმა ურთიერთობებმა. კროულის ნაცნობები და მეგობრები მას ახასიათებენ როგორც სექსუალურ მანიაკს მამაკაცებთან და დედაკაცებთან მისი უთვალავი კონტაქტის გამო. ინდურ ტანტრა-კულტისადმი მიდრეკილი, ის ქადაგებდა გაუკუღმართებულ სექსუალურ ურთიერთობას, როგორც სექსუალური მაგიის განუყოფელ ნაწილს. ასაკის მატებასთან ერთად კროული სულ უფრო და უფრო საშიში ხდებოდა და თავისი სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გზებს უკვე სადიზმში პოულობდა. თუ ნორმალური ადამიანი კუჭში გასვლისას ტუალეტით სარგებლობს, კროული ამას აკეთებდა ოთახში, პირდაპირ ხალიჩაზე. ამასთან, ის ამტკიცებდა, რომ მისი ექსკრემენტები სიწმინდეა.

აალისტერ კროულის ეკუთვნის მრავალი ლექსი თუ ნარკვევი, რომლებშიც ის გამოხატავს თავის ოკულტურ ფილოსოფიას და აღწერს ცდებს, რომელთა  უმრავლესობა პორნოგრაფიულია. ძირითადი ნაშრომი "კანონთა
წიგნი" (The book of the law) კროულის 1904 წელს უკარნახა მისმა წინამძღოლმა სულმა, დემონმა აივასმა. ამ ანტიბიბლიაში კროულიმ გადმოსცა თავისი სატანური სწავლება და გამოიყვანა ძირითადი პოსტულატი: "აკეთე რაც გინდა - ეს არის მთელი კანონი!"

კროულის მიბაძვითა და ამ "მცნების" აღსრულებით აღმოცენდა საიდუმლო წეს-ჩვეულებათა და მათთან დაკავშირებული ოკულტური ლოჟების მთელი სამყარო. შავ მაგიაში ეშმაკის თაყვანისცემა აღესრულებოდა საშინელი წესების დაცვით, ადამიანთა მსხვერპლშეწირვის ჩათვლით.

ალისტერ კროული იყო ბოროტებისა და გარყვნილების ვნებით შეპყრობილი არსება, ბოროტების "ბაცილის" მატარებელი; თავისი ხილვებითა და შავი მაგიის პრაქტიკით მან დაასნებოვნა უამრავი ადამიანი და ჩაითრია ისინი ბოროტების მორევში. მისი წიგნების გაყიდვით ამოღებული თანხა დღეისთვის გამოიხატება ხუთნიშნა ციფრით.

ჟურნალისტი ჰოს კნაუტი წიგნში "ბოროტების აღთქმა" ("Das Testament des Bosen") წერს: "ის, რასაც ალისტერ კროულიმ მიაღწია თავი ცხოვრებაში, რასაც ასწავლიდა, აქვეყნებდა და პრაქტიკაში ნერგავდა, მრავალი ოკულტური ჯგუფისთვის გახდა სახელმძღვანელო. კროულის მეშვეობით მათ იპოვეს ახალი გზა ცხოვრებაში, ახალი იდეური მიმართულებები, ახალი რელიგია. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპასა და აშშ-ში თავისი სწავლების გაფურჩქვნას კროული უკვე ვეღარ მოესწრო. იცხოვრა რა მშფოთვარე ცხოვრებით, კროული გარდაიცვალა 1947 წელს თავის სამშობლოში, ინგლისში, მარტოკა, გონებააშლილი და განარკომანებული".


ლედ ზეპელინი




კროულის ყველაზე სახელგანთქმულ მიმდევრებად და მისი სწავლების გამგრძელებლებად მოგვევლინნენ ჯიმი პეიჯი, მსოფლიოში სახელგანთქმული, ამჟამად დაშლილი ჯგუფის, "ლედ ზეპელინის" (Led Zeppelin - ტყვიის დირიჟაბლი) ლიდერი (გიტარისტი - მთარგმნ.) და კინორეჟისორი კენეტ ანჯერი, რომელმაც დაამკვიდრა მსოფლიოში ალისტერ კროულის კულტი და მის სულიერ სამყაროს აზიარა ჯგუფი "როლინგ სტოუნზი" (Rolling Stones).

როდესაც ჯიმი პეიჯი ტურნეს ან სტუდიაში მუშაობის შემდეგ ახალი ძალებით "დამუხტვას" მოისურვებდა, ის განმარტოვდებოდა ტბა "ნესი"-სთან მდებარე სახლში "Boleskine". მოჩვენებებით სავსე ეს სახლი ადრე ალისტერ კროულის საკუთრება იყო, რომელიც იქ თავის საიდუმლო კულტში "ნათლობის" ოკულტურ რიტუალებს ასრულებდა. პეიჯი იყო არა მარტო მუსიკოსი, არამედ მაღაზიის, კერძოდ, ოკულტური ლიტერატურის მაღაზიის მფლობელი. ცნობილი გიტარისტი ასეთ განმარტებას იძლეოდა: "ლონდონში არ იყო ოკულტური ლიტერატურის კარგი კრებულები, ამიტომაც მიწევდა სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობა, რომ მეშოვა სასურველი წიგნი".



ალისტერ კროულის ყოფილი სახლი ტბა "ლოხ-ნეს"-თან, რომელიც შემდგომ შეიძინა ჯიმი პეიჯმა და იქ კროულისეული სულისკვეთება აღადგინა


"ლედ ზეპელინის" ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული სიმღერაა "კიბე ზეცამდე" (Stearway to heaven), რომელშიც ეგვიპტური მითოლოგიის იმავე სახელწოდების კულტს ეძღვნება. ამ სიმღერის ტექსტში ჩადებულია სატანური სარწმუნოების სიმბოლოს დაშიფრული შინაარსი! თუ ფირფიტას, რომელშიც ეს სიმღერაა ჩაწერილი (ეს არის "ლედ ზეპელინის" IV ალბომი - მთარგმნ.) უკუღმა დაატრიალებთ, რაც ჩვეულებრივ ფირსაკრავზე შეუძლებელია, ასეთ ფრაზებს მოისმენთ:

"Listen! We have been there... I will sing, because I live with Satan... Sevr me! There is no escaping it... with Satan... if we've got to live for Satan... Master Satan..."
"მისმინე! ჩვენ იქ ვიყავით.. მე ვმღერი, რადგან ვცხოვრობ სატანასთან ერთად... მემსახურე!.. იქ არ არის გადარჩენა... თუ გვინდა ვიცხოვროთ სატანისთვის... ბატონ-პატრონი სატანაა".

ფირფიტის უკუღმა ჩაწერის ხერხი ("შებრუნებული შენიღბვა"), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა, დიდი ხანია ცნობილია. არ არის გამორიცხული, რომ ეს მეთოდიც ალისტერ კროულის შემუშავებული იყოს, რომელიც ასწავლიდა, რომ ყოველს, ვინც კი დასაქმებულია სატანიზმით, უნდა შეეძლოს "აზროვნება, გაგება, ლაპარაკი, კითხვა და წერა ამგვარ შებრუნებულ ენაზე".



"ლედ ზეპელინი". სურათის ზემოთ განთავსებულია ჯგუფის და პირადად პეიჯის ლოგოები (Zoso), რომელთაც ოკულტური მნიშვნელობა გააჩნიათ



მოვიყვანთ "შებრუნებული შენიღბვის" კიდევ ერთ მაგალითს. ჯგუფ "არკანზასის შავი მუხა" (Black Oak Arkansas) აქვს სიმღერა "როდესაც ელექტრობა მოვიდა არკანზასში". ამ სიმღერის ერთ-ერთ ნაწილში, მომღერალი იმეორებს უაზრო სიტყვებს. თუ ფირფიტას დავატრიალებთ უკუღმა, ყველაფერი გასაგები გახდება: "სატანა, სატანა, სატანა. ის ღმერთია, ის ღმერთია, ის ღმერთია".



"ბლექ ოუკ არკანზასი" (Black Oak Arkansas)


ყოველი როკ-ჯგუფის წარმარტების გადამწყვეტი ფაქტორი არის ენერგია: უნარი, გადასცე ის პუბლიკას, მიიღო და ისევ გადასცე. სინამდვილეში როკ-კონცერტი სხვა არაფერია, თუ არა რიტუალი, რომლის დროსაც ხდება ფსიქიური ენერგიის გამოთავისუფლება და გადაცემა. "ლედ ზეპელინის" კონცერტები, არსებითად, დაფუძნებულია, გაძლიერებულ ჟღერადობაზე, განმეორებადობაზე და რიტმზე. მას ბევრი აქვს საერთო მაროკოს ტრანსმუსიკასთან, რომელიც თავისი წარმომავლობით და დანიშნულებით მაგიურ ხასიათს ატარებს - მუსიკა, ფერწერა და ლიტერატურა აღმოცენებულია შელოცვებისა და მაგიისგან და გამოიყენება განსაზღვრული დანიშნულებით. "ლედ ზეპელინის" კონცერტებზე მუსიკოსებისა და პუბლიკის მიზანია ენერგია. მის მისაღწევად აუცილებელია მაგიური ძალის წყაროსთან შეერთება, როგორი სახიფათოც უნდა იყოს ეს" (ჯიმი პეიჯი. "ლედ ზეპელინის" ლიდერი და გიტარისტი).




"როლინგ სტოუნზი"


"როლინგ სტოუნზი" - ეს ერთობ პოპულარული ჯგუფი დასაშვებად მიიჩნევდა ფლირტს სატანის კულტთან. უკვე 1967 წელს გამოვიდა ამ ჯგუფის ალბომი (როკ-მუსიკის სამყაროში ასე უწოდებენ გიგანტ ფირფიტას - მთარგმნ.) სახელწოდებით "მისი სატანური უდიდებულესობის სურვილი" ("Their Satanic Majesties Request"). შემდგომში მიკ ჯაგერმა, "სტოუნზების" ვოკალისტმა, აღიარა, რომ ჯგუფის ამ ფირფიტის გამოცემის შთამაგონებელი იყო თვით ანტონ ლავეი, სატანის ეკლესიის მღვდელმთავარი. მოგვიანებით გამოჩნდა გახმაურებული სიმღერა "სიმპათია ეშმაკისადმი" ("Sympathy for the devil"), რომელიც ამერიკელი სატანისტების ჰიმნი უნდა გამხდარიყო.



ტონი სანკეზი, "სტოუნზის" ერთ-ერთი მეგობარი, ჯგუფის ერთი კონცერტის შესახებ ჰყვება: "როდესაც სიმღერის "სიმპათია ეშმაკისადმი" შესრულებამ მიაღწია თავის კულმინაციას, ჯაგერმა ჩამოიხია თავისი წითელი მაისური და გამოაჩინა საზიზღარი ტატუირება, რომელზეც გამოსახული იყო ეშმაკი. საკუთარ თავს ვკითხე: "ხომ არ არის ჯაგერი გატაცებული შავი მაგიით იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით?"

ჟურნალში "როლინგ სტოუნზ" (ეს არის ჟურნალი, რომელიც მთლიანად ეძღვნება როკ-მუსიკას - მთარგმნ.) გიტარისტმა კეიტ რიჩარდმა ხაზი გაუსვა: "შავი მაგია - ეს ისეთი რამეა, რაც ყველამ უნდა შეისწავლოს. ის საკუთარ თავში შეიცავს დიდ შესაძლებლობებს. ბევრი გაეთამაშა მაგიას და აქედანაც კი მიიღო თითოეულმა რაღაც. საიდან აღმოცენდა ვუდუს კულტი (აფრიკელთა შავი მაგია)? ყოველივე ეს უარყოფილია, როგორც ცრუმორწმუნეობა და მონაჩმახი. მე არა ვარ ექსპერტი და არც დავიწყებ ამის მტკიცებას. მე მხოლოდ ვცდილობ, როგორც შემიძლია, მივიყვანო ეს საზოგადოების ცნობიერებამდე... ზოგიერთი მაგი ჩვენ ლუციფერის საიდუმლო აგენტებად მიგვიჩნევს, სხვები კი ფიქრობენ, რომ ჩვენ თვითონ ვართ ლუციფერები".

"როლინგ სტოუნზის" ალბომის სახელწოდება "Get Yer Ya-Ya's Out" (1970) წარმოსდგება გამოთქმიდან, რომელიც გამოიყენება ვუდუს კულტში. ფირფიტის "თხის თავის წვნიანი" ("Goat's Head Soup" – 1973) ჩაწერილი იყო ვუდუს რიტუალის თანხლებით. ერთ-ერთ სიმღერაში შესაძლებელია ეშმაკით შეპყრობილის ყვირილის მოსმენაც. ალბომის შიდა მხარეზე გამოსახულია თხის მოჭრილი თავი, რომელიც ადუღებულ ქვაბში დაცურავს. ეს არის სატანიზმის კლასიკური სიმბოლო (თხის თავი ლუციფერის ნიშანია და მას საკმაოდ ხშირად გამოსახავენ მეტალისტური როკ ჯგუფები. იხ. გალერეა).

ზემოთქმულის გათვალისწინებით, აღარ უნდა გაგვიკვირდეს კეიტ რიჩარდის აღმოჩენა, რომ "სტოუნზის" სიმღერები აღმოცენდებიან სრულიად სტიქიურად, თითქოსდა სპირიტულ სეანსებზე იყოს შთაგონებული. მან განმარტა, რომ ამ სიმღერებს მათი შემთხზველები დიდი რაოდენობით წერენ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი გახდებიან სასურველი და გახსნილი მედიუმები.



"როლინგ სტოუნზის" ალბომის Goat's Head Soup გარე და შიდა მხარეები



ცეცხლთან თამაში


განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს კროულის მოწაფის კენეტ ანჯერის კავშირი "როლინგ სტოუნზთან". ანჯერი საკუთარ თავს უწოდებს კინოს ჯადოქარს, რომელმაც თავის ფილმებში ხორცი შეასხა კროულის იდეებს მაგიაზე, სექსზე და ძალადობაზე. მის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად მიჩნეულია ფილმი "ლუციფერის აღზევება" ("Lucifer Rising"), რომელიც ალისტერ კროულის სატანური ვერსიის ეკრანიზაციაა.

ფილმში მთავარი როლის შემსრულებლად კენეტ ანჯერმა აირჩია "სტოუნზის" მომღერალი მიკ ჯაგერი. ამ როლის ყოფილი შემსრულებელი, გიტარისტი ბობი ბიუსოლეილი გაურკვეველი მიზეზებით უცებ აბობოქრდა, გაიქცა და შემაძრწუნებელი მკვლელობა ჩაიდინა, შემდეგ კი თავისი მსხვერპლის სისხლით კედელზე სკრიპტული ნიშნები მიახატა.

"რაღაც ზომით ჩვენ ყველას გვეშინოდა კენეტისა, - აღიარა ტონი სანკეზმა, - მის გარშემო ხშირად ხდებოდა აუხსნელი რამ". იმ დამთრგუნველი გრძნობის მიუხედავად, რომელსაც ეს ყოველივე იწვევდა, კომპოზიტორმა მიკ ჯაგერმა ფილმისთვის "ჩემი ძმა დემონის გამოძახება" გამოიყენა ჰიპნოტური ჟღერადობის ფრაგმენტი კომპოზიციიდან "ლუციფერის აღზევება' და ლუციფერის როლიც თავად შეასრულა. ერთ-ერთმა კინოკრიტიკოსმა ასე შეაფასა ფილმი: "... ეს არის ჯოჯოხეთური ფანტასმაგორია, რომელშიც ანჯერი შეულოცავს დემონებს, აღასრულებს შავ მესას და საიდუმლო ხილვებს გამოსახავს".



რეჟისორი - სატანისტი კენეტ ანჯერი (Cenneth Anger)


მიკ ჯაგერი, უეჭველად, შემდგომშიც სიამოვნებით გამოიყენებდა თავის ტალანტს ანჯერის სამსახურში, რომ არა ერთი შემთხვევა, რომელსაც მეტად მძიმე შედეგები მოჰყვა. ეს მოხდა 1969 წლის 6 დეკემბერს. შტატებში ტურნეს მიწურულს, დამასრულებელ აკორდად "სტოუნზმა" უფასო როკ-ფესტივალის მოწყობა გადაწყვიტა. ადგილიც შეირჩა: ალტამონტ სპიდვეი - მიტოვებული ავტოტრასა სან-ფრანცისკოს მახლობლად.

ალტამონტი თავისი სამიათასიანი პუბლიკით უნდა გამხდარიყო სისხლიანი სასაკლაო, რომელიც მოაწყვეს ჯგუფ "ჯოჯოხეთის ანგელოზების" წევრებმა ("ჯოჯოხეთის ანგელოზებად" იწოდებოდა ე. წ. "ბაიკერების" დაჯგუფება - მთარგმნ.) და რომლებიც "სტოუნზებმა" მოიწვიეს მორიგეებად - ფესტივალზე "წესრიგის" დასამყარებლად და რომლებმაც ყველაზე მხეცური ფორმით დაიწყეს პუბლიკის ტერორიზება (იხ. გალერეა).

სრული და საბოლოო კატასტროფა საღამოს, ფესტივალის აპოგეაზე , "როლინგ სტოუნზის" გამოსვლის დროს მოხდა. სიმღერის "კეროლ" შესრულებისას ერთი ახალგაზრდა წყვილი სრულიად გაშიშვლდა და გაემართა სცენისკენ, როგორც საკურთხევლისკენ, რათა იქ "ჯოჯოხეთის ანგელოზთა" ჩექმებისა და ხელკეტებისთვის თავგანწირულს "მსხვერპლშეწირვის" რიტუალი აღესრულებინა და ამგვარი უცნაური ფორმით საკუთარი თავი "მსხვერპლად" (ანუ საცემად - მთარგმნ.) მიეტანა. - იუწყება ტონი სანკეზი.



"როლინგ სტოუნზის" გამოსვლა ალტამონტზე



რაც უფრო უხეშად სცემდნენ მათ, მით უფრო თვალსაჩინო ხდებოდა, რომ რაღაც უხილავი ძალა აიძულებდა ამ ორ ახალგაზრდას მსხვერპლად შეეთავაზებინა საკუთარი თავი სატანის ამ აგენტებისთვის. ძალადობამ ყოველგვარ წარმოდგენას გადააჭარბა. ყველაფერი ძველი რიტუალივით გამოიყურებოდა: მსხვერპლს არათუ არ სურდა, არამედ სიამოვნებდა კიდევაც ეს ტანჯვა და მხეცური მოპყრობა".

როდესაც "სტოუნზმა" დაიწყო სიმღერა "სიმპათია ეშმაკისადმი", "ანგელოზები" მსმენელებს დაერივნენ და დაუნდობლად ურტყამდნენ. შეუძლებელი შეიქნა სცენასთან მოწყობილი შეტაკების შეჩერება. კონცერტი სრულიად უკონტროლო გახდა. მიკ ჯაგერმა წაიბუზღუნა: "ამ ნომრის შესრულებისას ყოველთვის რაღაცა ხდება".

"სიმღერაში "სიმპათია ეშმაკისადმი" მოხდა მთელი იმ დამანგრეველი ბოღმის კონცენტრაცია, რომელიც ბრბოში დუღდა, - განმარტა სანკეზმა. "სატანის ანგელოზებმა" სისხლი იყნოსეს, ჰაერში მკვლელობის "სუნი" დატრიალდა, იელვა დანებმა. "სტოუნზი" ყოველთვის ეთამაშებოდა ძალადობას და არც ახლა შეეძლო გათავისუფლებულიყო იმ ბოროტი სულებისგან, რომლებსაც მომღერლებმა თვითონვე უხმეს".




"ჯოჯოხეთის ანგელოზები" და ჩხუბი ალტამონტზე


შემდეგ, როდესაც მიკ ჯაგერმა, რომლეიც ლუციფერს განასახიერებდა, დემონურ პოზაში დაიწყო როკ-სპექტაკლიდან სიმღერის "ჩემი ძალაუფლების ქვეშ" ("Under My Tumb") შესრულება, თვრამეტი წლის ზანგი ბიჭი, მერედიტ ჰანტერი პირდაპირ სცენასთან მოკლეს "ჯოჯოხეთის ანგელოზებმა" (იხ. ფოტომასალა)! აი ასე, სიკვდილითა და ძალადობით დამთავრდა "როლინგ სტოუნზის" გამოსვლა.




მერედიტ ჰანტერის მკვლელობა (სურათზე მწვანე ფერის შარვალ-კოსტიუმში) ალტამონტზე


ალტამონტის ღონიძიებამ კიდევ სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. "ფესტივალის ადგილზე, რომელიც გადაჭედილი იყო ადამიანებით, კარვებითა და მოძრავი აპარატურით, აღირიცხა სულ ცოტა ოცამდე მძიმე შემთხვევა. ერთი "პლიმუტი" დიდი სიჩქარით შეიჭრა ბრბოში და ორი ადამიანი იმსხვერპლა.

ნარკოტიკებით გაბრუებული ახალგაზრდა არხში ჩაიხრჩო; მეორე ცეცხლში ჩავარდა და მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოში გააქანეს. 19 ექიმი და 6 ფსიქიატრი ქანცის გაწყვეტამდე ემსახურებოდა ახალგაზრდებს და ცდილობდა ხან ნარკოტიკულირ გაბრუებიდან, ხან ადრეული მშობიარობიდან და ხან კიდევ ჩხუბში მიღებული ჭრილობებისგან მათ გადარჩენას.

მიკ ჯაგერი იმდენად შოკირებული იყო სატანიზმის გამოვლენით ალტამონტზე, რომ იმწამსვე გაწყვიტა კონტრაქტი ანჯერთან და მის ფილმში მონაწილეობაზე უარი თქვა. "თავიდან, - განმარტავდა ანჯერი,- ის მთელ ამ მაგიას აღიქვამდა, როგორც თამაშს, მაგრამ ახლა ეს გახდა რეალობა, რომელსაც შეეძლო მთელი ჯგუფი დაეშალა. კიდევ ორ თუ სამ ასეთ "ალტამონტს" "სტოუნზი" უკვე ვეღარ გაუძლებდა. მიკ ჯაგერმა ფილმი აღიქვა, როგორც მხიარული ხუმრობა და მოულოდნელად აღმოჩნდა იმდენად გაოგნებული, რომ ყოველივე ამაში ვერანაირი კმაყოფილება ვეღარ იპოვა".

ალტამონტის სისხლიანი სასაკლაოს შემდეგ "როლინგ სტოუნზი" ჩამოშორდა კროულის მაგიას და, დარჩა რა სცენაზე, ნაკლებად სარისკო საქმეს - რეკლამას მიუბრუნდა. მათ კოლეგას კი, გრეჰემ ბონდს, თავისი მაგიური აქტივობისთვის დიდი საფასურის გადახდამ მოუწია. საქსოფონისტი და კლავიშებიან ინსტრუმენტებზე დამკვრელი ბონდი, რომელიც საკუთარ თავს კროულის უკანონო შვილად მიიჩნევდა, სიცოცხლეს გამოესალმა:

"როგორც მისი მენეჯერი მოწმობს, ბონდი არ იყენებდა ნარკოტიკებს, როდესაც 1974 წლის 8 მაისს ლონდონის პარკის, ფინსბურის, გავლით მეტროსკენ მიემართებოდა, საკმაოდ ოპტიმისტური განწყობა ჰქონდა ფირფიტის გამოსაცემად დადებული ახალი ხელშეკრულების გამო. მატარებელმა, რომლის ქვეშაც ბონდი აღმოჩნდა, იმდენად დაასახიჩრა იგი, რომ მხოლოდ ორი დღის შემდეგ, თანაც თითების ანაბეჭდებით გახდა შესაძლებელი მისი პიროვნების ამოცნობა. ერთადერთი, რაც დაუზიანებელი დარჩა, იყო ვერცხლის მაგიური ამულეტი, რომელსაც მკერდზე ატარებდა.

ამ უბედური შემთხვევის შემდეგ ბონდის მეგობარმა გოგონამ, დიანა სტიუარტმა, ჟურნალ "ახალი მუსიკალური ექსპრესისადმი" მიცემულ ინტერვიუში შეძრწუნებულმა გაიხსენა, რომ ერთი ფირფიტის ჩაწერისას, "იმ დროს, როდესაც მუსიკოსი ატარებდა "ნათლის გადმოყვანის" (The bringing down of the light) კროულისეულ რიტუალს, უეცრად მთელს სტუდიაში კედელს ცეცხლი წაეკიდა".

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню