ხელოვნება - "ბეჭდების მბრძანებელი" და ქრისტიანობა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

"ბეჭდების მბრძანებელი" და ქრისტიანობა

ბეჭდების მბრძანებელი.

ჯ. ტოლკიენის (John Ronald Reuel Tolkien) (1) სახელგანთქმული ტრილოგიის პირველი და მეორე ნაწილების ეკრანიზაციამ ყურადღების მორიგი დიდი ტალღა გამოიწვია ცნობილი ინგლისელი მწერლის მემკვიდრეობისადმი.
_______________

1. ჯონ რონალდ რუელ ტოლკიენი (ტოლკინი) (ინგლ. John Ronald Reuel Tolkien) (1892 - 1973).
- ინგლისელი მწერალი და პოეტი, მთარგმნელი, ლინგვისტი, ფილოლოგი. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი. ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც "მაღალი ფანტაზიის" კლასიკური ნაწარმოებების ("ჰობიტი", "ბეჭდების მბრძანებელი" და "სილმარილიონი") ავტორი. რაც შეეხება მის გვარს. გვხვდება ასევე ტრანსილტერაცული (რომელიც ითვალისწინებს დაწერილობას და არა წარმოთქმას) ვარიანტი - ტოლკიენი. 1972 წლის 17 დეკემბერს რიჩარდ ჯეფერისადმი მიწერილ წერილში ტოლკინი აღნიშნავდა: "ჩემს გვარს მუდმივად წერენ როგორც ტოლკეინს. არ ვიცი, რაშია მიზეზი, რადგან ყოველთვის წარმოვთქვამ დაბოლოებას როგორც "კინ" («I am nearly always written to as Tolkein (not by you): I do not know why, since it is pronounced by me always -keen». «The Letters of J.R.R. Tolkien», № 347).

_______________

ვითვალისწინებთ რა იმას, რომ ყველას არ სმენია ამ წიგნის შესახებ და ყველა როდი იცლის მის წასაკითხად, თავს უფლებას მივცემთ ორიოდ სიტყვით შეგახსენოთ ნაწარმოების სიუჟეტი. წიგნში აღწერილია ფანტასტიკური და სხვადასხვა არსებებით, კერძოდ - ელფებით, ჯადოქრებით, ადამიანებით, გნომებით, ჰობიტებითა და ორკებით დასახლებული "წინარეისტორიული სამყაროს" ისტორიის ერთ-ერთი ეპიზოდი. ბნელი მმართველი - საურონი - მიისწრაფვის დაიმორჩილოს მთელი სამყარო, რისთვისაც ცდილობს ჩააგდოს ის ქაოსსა და ძალადობაში, გაანადგუროს ყოველივე კეთილი და მშვენიერი.

ამ მიზნით საურონი იწყებს ომს, მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლისთვის მას აუცილებლად სჭირდება დაეუფლოს მაგიურ ბეჭედს, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდება ჰობით ფროდოს ხელში. ფროდოს მიზანია - არ დაუშვას, რათა ბეჭედს დაეუფლოს საურონი ან ვინმე სხვა (მათ შორის თვითონაც), რადგან ასეთ შემთხვევაში ახალი მეპატრონე ასევე დაექვემდებარება ბოროტების ძალაუფლებას და მორიგ ბნელ მმართველად გადაიქცევა. ერთადერთი, რაც ფროდოს გასაკეთებელი რჩება არის ის, რომ უჩინრად უნდა შეიპაროს საურონის ბუნაგში და ბეჭედი ჩააგდოს მთის პირში (სადაც გამოიწრთო ის თავის დროზე), რათა სამუდამოდ გაანადგუროს.



სამყაროს გადარჩენა არ ხდება თვით სამყაროს თანამონაწილეობის გარეშე - ბრძოლაში ჩართულია ყველა, მაგრამ მისი წარმატებული ან დამარცხება დამოკიდებულია ფროდოს ოპერაციაზე. თავის თანამგზავრ სემთან ერთად ის მიაღწევს სანუკვარ მთას, მაგრამ ვერ გაუძლებს საცთურს და ბედნიერი შემთხვევის წყალობით ბეჭედი მაინც მოხვდება მთის წიაღში.

"ბეჭდების მბრძანებელი" XX ს-ის მეორე ნახევრის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა გახდა არა მარტო თავისი მაღალმხატვრული ღირებულებით, არამედ ახალგაზრდობაზე გავლენის მიხედვითაც. არ დარჩა ის მართლმადიდებელი მკითხველის ყურადღების მიღმაც. ჯერ კიდევ თვით წიგნთან დაკავშირებით გაჩნდა დავა მისი რელიგიური დანიშნულების შესახებ, გამოითქვა რადიკალურად განსხვავებული, პოლარული აზრები. ხოლო იმავე სახელწოდების ფილმის გამოსვლის შემდეგ, რომელიც ტრილოგიის სიუჟეტის მიხედვით არის გადაღებული, ეს დავა კვლავ განახლდა.




ამასთან დაკავშირებით, არ ვაცხადებთ რა არავითარ პრეტენზიას ტოლკინმცოდნეობაში, მაინც გაგვიჩნდა სურვილი ჩვენი აზრები გავუზიაროთ მკითხველს ამ წიგნთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ "მკითხველის უფლებებით", - არც მეტი, არც ნაკლები.

ის, რომ ტოლკინს, როგორც მწერალს, ქრისტიანული თვალსაზრისით გააჩნდა რამოდენიმე საეჭვო იდეა, კარგად არის ცნობილი. სამყაროს შექმნის გნოსტიკური კონცეფცია, რომელიც გადმოცემულია "სილმარილიონში - ამისი მხოლოდ ერთი ნიმუშია. მაგრამ აქ ჩვენ არ ვაპირებთ ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის მთელი შემოქმედების განხილვას, არამედ ვილაპარაკებთ მისი უმთავრესი ნაწარმოების შეფარდებაზე ქრისტიანობასთან.

რას წარმოადგენს "ბეჭდების მბრძანებელი"? - "ქრისტიანობის ვუალირებულ ქადაგებას" (მარია კამენკოვიჩი. ტროას ცხენი) თუ გამონაგონს, რომელიც წარმოადგენს "კარგად შენიღბულ წარმართობასა და ოკულტიზმს" (რომან ჟოლუდი. დავა ტოლკიენის გარშემო)?

წიგნის კითხვის დროს, ეს ორივე უკიდურესი პოზიცია ქრისტიანი მკითხველის წინაშე რიგრიგობით იჩენს თავს, როგორც საცთური. ტექსტში შეიძლება ვიპოვოთ ორივე მათგანის დამადასტურებელი საკმაო საფუძვლები, მაგრამ სერიოზული ძალდატანების გარეშე ძნელია რომელიმე მათგანის სრულად გაზიარება.

ამიტომაც, ჩვენი აზრით, უფრო პროდუქტიული იქნება სხვა გზა: დავეფუძნოთ იმას, რაც წიგნში რეალურად არსებობს, და არა იმისგან რაც მასში უნდა იყოს.




რეალურად კი არსებობს ერთიც და მეორეც. რადგან, ერთი მხრივ, ძალიან უცნაური იქნებოდა, თუ ნაწარმოებში, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში უდიდესი რუდუნებით ქმნიდა ადამიანი, რომელიც გულწრფელად მიიჩნევდა თავს ქრისტიანად, საერთოდ არაფერი იყოს ქრისტიანული. მეორეს მხრივ, კი ასევე გულუბრყვილობა იქნებოდა XX ს-ის დასავლელი მწერლისგან მოგვეთხოვა დოგმატური შეხედულებების ასპროცენტიანი სიწმიდე. ასე რომ ტოლკინის ნაწარმოებებში თანაბრად არის იმგვარი რამ, რაც უახლოვდება ქრისტიანობას, და რაც უცხოა ქრისტიანობისთვის. მოდი, დავიწყოთ ამ უკანასკნელით.

პირველი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ წიგნში ბოროტება ემოციურად უფრო მკაფიოდ არის ნაჩვენები, ვიდრე სიკეთე, და ამიტომაც უფრო მიმზიდველია. არსებითად ბოროტება გამოიყურება და არის კიდევაც უფრო გრანდიოზული ძალა. ის თითქმის ყოვლადძლიერია, მას ვერსად დაემალები, და ვერც ვერავის მიმართავ მისგან თავდასაღწევად. ჰყვებიან, რომ ტოლკინის მეგობარმა კ. ლუისმა, როდესაც "ბეჭდების მბრძანებელი" ნახევრამდე წაიკითხა, გადადო ის განზე სიტყვებით: "დაუშვებელია ასე ხანგრძლივად წერო ბოროტებაზე!" (სხვათა შორის, გვსმენია სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვითაც თვით ტოლკინი, რომელმაც ნახევრამდე წაიკითხა კ. ლუისის "შფოთისთავის წერილები", გადადო ის იგივე სიტყვებით). ძლიერებითა და სიდიადით საურონის პიროვნებას "ბეჭდების მბრძანებლის" სამყაროში ალტერნატივა არ ჰყავს. ასეთ მსოფლმხედველობას კი ძნელია უწოდო ქრისტიანული.




მომდევნო პრობლემა გახლავთ ის, რომ საზოგადო და მთლიანობაში ტოლკინის ყველა პერსონაჟი (ელფები, გნომები, ადამიანები, ჰობიტები და ა. შ.) საკმაოდ უაზროდ გამოიყურებიან. ისინი გმირულად იბრძვიან, რაც ხშირად ძალიან ხატოვნად და წარმტაცად არის აღწერილი,მაგრამ ყველა მათგანი ოცნებობს იცხოვროს წუთისოფლის ცხოვრებით, მისთვის იბრძვიან და მისთვისვე იღუპებიან. მათ ბრძოლაში არის აზრი, მაგრამ თვით ამსოფლიური ცხოვრება, რომლისკენაც ილტვიან ისინი, კედელზე მიკრული გახუნებული ნახატივით, საკმაოდ უფერულად და უაზროდ გამოიყურება. როდესაც ტოლკინი ქმნიდა "ქრისტეს შობამდელ სამყაროს", მან შექმნა სამყარო "ქრისტეს გარეშე" და ქრისტიანისთვის ამ სამყაროში ჩაძირვა ძალზედ ძნელია, თუმცა არც იმდენად, როგორც სხვა მეოცნებე ავტორების თხზულებებში, როგორიცაა მაგალითად, ტედ უილიამი მისი პირდაპირი პაროდიებით ქრისტიანობაზე.

ამჯერად, გადავდივართ რა ქრისტიანული აზრების გამოვლენაზე ნაწარმოებში "ბეჭდების მბრძანებელი", აღვნიშნავთ, რომ საერთოდ არ დავიწყებთ კეთილი ან მთლიანობაში დადებითი და "ზოგადსაკაცობრიო" მომენტების განხილვას, არამედ მხოლოდ იმათ, რომლებიც ცალსახად შეიძლება დახასიათებულ იქნას როგორც ქრისტიანული.




უპირველეს ყოვლისა, ასეთია ნაწარმოების მთავარი აზრი. ბეჭედი არის ბოროტების, ანუ ცოდვის სახე. და ბოროტების დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ მისგან უარის თქმით. ტრილოგიის ძირითადი აზრი - უდავოდ ქრისტიანულია, რომელიც მკვეთრად ეწინააღმდეგება ტოლკიენის შემდგომ ფანტაზიურ ტრადიციას. შეუძლებელია ბოროტების გამოყენება სიკეთისთვის. თუ მას გამოვიყენებ, აუცილებლად მოექცევის მისი ძალაუფლების ქვეშ და მხოლოდ გაამრავლებს სამყაროში ბოროტების საერთო რაოდენობას.

თვალს თუ მივადევნებთ სიუჟეტს, დავინახავთ, რომ ქრისტიანულია არა მარტო იდეა, არამედ მისი განვითარებაც. ფროდომ ბოლომდე მაინც ვერ გაუძლო ბეჭედის დაუფლების საცთურს, მან ვერ აღასრულა მიზანი ბოლომდე დაპირისპირებოდა ბეჭდის ძალაუფლებას, ანუ ბოლომდე შეწინააღმდეგებოდა ბოროტებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს თვითონ არ ძალუძს უარი თქვას ცოდვაზე. და სიკეთე აქ იმარჯვებს ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით. მაგრამ ქრისტიანული კულტურის ადამიანისთვის (რომლისთვისაც წერდა, საკუთრივ, ტოლკინი თავის ნაწარმოებს) ცხადია, რომ შემთხვევითობა არ არსებობს, არამედ არსებობს საღმრთო განგებულება. სრულიად მიუხვედრელისთვის ამის შესახებ ნათქვამია თვით წიგნში გენდალფის პირით: "ასე იყო განმზადებული...". მაგრამ ვის მიერ?




ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, უნდა დავუბრუნდეთ წიგნის პირველ სტროფებს - მის სათაურს. ვინ არის ბეჭდების მბრძანებელი? ვის ეძღვნება მთელი ნაწარმოები? ცხადია, რომ ეს არ არის ფროდო, არც რომელიმე ბრძენი, და არც საურონი - რადგან არცერთი მათგანი არასოდეს დაუფლებია ჯადოსნურ ბეჭდებს. და შემდგომი განსჯისს პასუხი გვრჩება მხოლოდ ერთი: მბრძანებელი, უფრო ზუსტად, უფალი (Lord) არის ის, ვინც მას ფლობს ყოველთვის, რადგან ის ფლობს ყოველივეს, თვითონ კი თავისუფალია ყოველგვარი ზეგავლენისგან; ის უფლობს ყველაფერზე, მისი უფალი კი არავინ არის.




წიგნში შემდგომი ღრმად ქრისტიანული აზრი გამოსჭვივის მტრებისადმი დამოკიდებულებაში. ყველასგან მოძულებული ორკები ტოლკიენის სამყაროში არიან ოდესღაც მშვენიერი, მაგრამ აწ უკვე ბოროტებით დამახინჯებული ელფები.




შიშისა და ძრწოლის მომგვრელი ნაზგულები (ბეჭდის აჩრდილები) ოდესღაც კაცთა მოდგმის მშვენიერი წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც აღმოჩნდნენ ბეჭდის ღირსეული მატარებლები, მაგრამ ვერ უძლეს ბოროტების საცთურებს და ბნელეთის მმართველის ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდნენ.




დაცემული საურმან თეთრი ერთ-ერთი უბრძენესი იყო... ტოლკიენი გვასწავლის მტერი დაგვანახოს მისი პირადი ტრაგედიის პრიზმაში და ამის მეშვეობით მივყავართ მტრისადმი ერთადერ შესაძლო დამოკიდებულებამდე: თანაგრძნობამდე. ტრილოგიაში ბევრჯერ არის ხაზგასმული აზრი, რომ სიკეთის საბოლოო გამარჯვება შესაძლებელი გახდა მოწყალების აქტის მეშვეობით, რომელიც განახორციელა ჰობიტმა ბილბომ თავის მტერთან მიმართებაში.




მაგრამ ტოლკიენი არ შემოიფარგლება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ ბოროტმოქმედს გააჩნდა დაცემის პრეისტორია. მტერმა შეიძლება შეინანოს და შეიცვალოს. წიგნში ამისი ყველაზე მკაფიო ნიმუშია - გორლუმი, მაგრამ კიდევ უფრო ღრმად ეს გამოხატულია საურმანთან ბოლო საუბარში, როდესაც ფროდო, რომელიც აჩერებს ჯადოქრის მოსაკლავად შემართულ მეგობარს, ამბობს: "არა, სემ! მაინც არ არის საჭირო მისი მოკვლა. და მითუმეტეს დაუშვებელია მისი მოკვლა, როდესაც ის გახევებულია პირქუშ ბოროტებაში. ის ხომ ოდესაც დიადი იყო, ის იმატან არის, რომელზეც ჩვენ ვერასოდეს გავბედავთ ხელის აწევას. ახლა ის დაცემულია, მაგრამ ჩვენი არ არის მსჯავრი: ვინ იცის, იქნებ, ის კიდევ აღზევდეს...".

ტოლკიენის უდიდესი დამსახურება იმაშია, რომ მან თავის წიგნი თანამედროვე ადამიანისთვის გასაგებ მხატვრულ ენაზე განმარტა ადამიანებისთვის ძნელად გასაგები ერთ-ერთი ქრისტიანული მცნება - სიყვარული მტრისადმი, და არა მარტო განმარტა, არამედ გახსნა მისი სიდიადე და სიბრძნე.

წყარო: pravoslavie.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню