წინასწარმეტყველებანი - ჰომილია ბოლო ჟამისა და ღმრთის სასჯელთა შესახებ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ჰომილია ბოლო ჟამისა და ღმრთის სასჯელთა შესახებ

ითარგმნა კრებულიდან "Златоуст"

В неделю 25-ю, сказание л последних днех и казнех Божиих. Слово 103, стр. 629

აპოკალიფსური მხედრები

ისმინეთ ძენო კაცთანო, ბრძანებს უფალი, ისმინეთ ჩემი სიტყვა, ჩემი სიბრძნის რჩევას მოაპყარით თქვენი სმენა, რადგან თქვენ ხართ ერი ჩემი და მე ვარ ღმერთი თქვენი, რომელმაც მტრის მონობისგან საკუთარი სისხლით გამოგისყიდეთ და ღმრთის შვილებად გიწოდეთ. თქვენ კი ზურგი აქციეთ ჩემს მამობას, არ მემსახურეთ როგორც უფალს, უცხო ექმენით ჩემს დიდებას, არც ჩემი სასწაულებისა ირწმუნეთ და უარყავით ჩემი მცნებები, ამიტომაც აჰა, ბოლო ჟამს ჩემი ხელი თქვენს წინააღმდეგ იქნება მიმართული, და გადმოვღვრი ჩემს რისხვას თქვენზე, და უარგყოფ თქვენ და გარემივაქცევ პირს ჩემსას თქვენგან, რადგან აღივსო მიწა უსჯულუოებითა და საზიზღრობით. კაცთა შვილებმა პატივი მიაგეს უღვთოებასა და უსამართლობას, სიმართლე და სჯული კი მოიძულეს. შური და მლიქვნელობა აღზევებულა თქვენში, ჭეშმარიტებას კი არავინ უსმენს.

სიხარბეს დაუბნელებია კაცთა მზერა და სიცრუეს დაუფარავს დედამიწა. შვილები პატივს არ მიაგებენ მშობლებს და მშობლები უგულებელჰყოფენ შვილებს. მაშინ შეიძულებენ ერთურთს, ძმა აღსდგება ძმის წინააღმდეგ, დედა ამრუშებს თავის ქალიშვილს და შვილებიც მშობელთა წინაშე რიდსა და კდემას დაჰკარგავენ.

მოძღვარნი თქვენნი იქნებიან ფარისევლები და ლოთები. გაბოროტდებიან ბერები და იბილწსიტყვავებენ. მეთაურნი თქვენნი და მსაჯულნი იქნებიან უსამართლონი და მექრთამენი, ბედკრულს არ გამოიხსნიან ძლიერისგან. ატირდებიან ქვრივნი და ობოლნი, ვისაც არც შემწედ ეყოლებათ ვინმე და არც თავმდებად, რადგან თავადნი არ დაამშვიდებენ ხელისუფალთ, რომლებიც სტანჯავენ გლახაკთ; და მაშინ იქნება ისე, რომ კაცი კი არ გამოედევნება ქალს, არამედ ქალი კაცს რათა იმრუშოს მასთან.

და იქნება იმ დროს საშინელი ნიშნები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავებზე, და საშინელი სიყმილი ქვეყანაზე; სამეფო აღსდგება სამეფოს წინააღმდეგ, და ერი ერის წინააღმდეგ, და ქალაქი ქალაქის წინააღმდეგ და მოდგმა არ დაინდობს მოდგმას; მამა შემართავს იარაღს საკუთარი ძის წინააღმდეგ და შვილიც მამის წინააღმდეგ დააძრობს მახვილს, და ძმა ძმას აძგერებს შუბს, და მოყვასი მოყვას გაუყრის ისარს და იქნება ისე, რომ მონა გაიცინებს თავისუფალზე და მკვდრის შეშურდება ცოცხალს.

ვაი იმ დროს ნაშობთ და დედის ძუძუს მწოვართ, დაგეხსმიან თავს უცხოტომელნი და მდინარესავით დაიღვრება თქვენი სისხლი; დაგიმონებენ მტრები და წარმართები საკუთარ მონებად წაგასხამენ, რადგან გაამრავლეთ ბოროტება ამ ქვეყანაზე.

ქვეყნის სხვადასხვა კიდეებში დაიფანტებიან თქვენი ცოლები და ასულები, თქვენს ქვრივებსა და შვილებს კი წარმართთა ქვეყნებში შებილწავენ. შვილნი თქვენნი მოემსახურებიან წარმართთ და ვაი თქვენ იმ დროს, რადგან ძლიერნი თქვენთაგან მოწყდებიან მტრის მახვილისგან და მაშინაც კი გაიქცევით, როცა არავინ მოგდევთ.

იქაც კი შეგეშინდებათ სადაც არ არის შიში, და მტრისგან ერთი ას თქვენთაგანს, ხოლო ასი მათგანი თქვენს ათასებს დაიმონებს, რადგან შიშსა და ძრწოლას ჩაგინერგავთ გულში; და იქნება, რომ თქვენს ხორცს ველური მხეცები დაფლითავენ და ველური ფრინველები აკენკავენ; გაგიშიშვლდებათ ძვლები და ზეზეულად გაიხრწნება თქვენი გვამები; დღეს ერთი ქალაქი გაპარტახდება, ხვალ კი მეორეს დაიპყრობენ, და მაშინ, შვიდი ქალაქის მცხოვრებნი ერთ ქალაქში იცხოვრებენ.

ვაი თქვენ, წყეულო და უსჯულო კაცთა მოდგმავ, რადგან გასწავლიდით და არ შეისმინეთ; მოგიწოდებდით და არ შეიგნეთ, არამედ დაყრუვდით ვითარც ასპიდნი და ყურნი დაიხშვეთ რომ არ გესმინათ. ამისთვის გავიშვერ ჩემს ხელს თქვენს წინააღმდეგ, განგარიდებთ თვალს და მოგიშორებთ ჩემი პირისაგან; აღვმართავ ჩემს რისხვას თქვენს წინააღმდეგ და თქვენს შეწყალებას არ ვისურვებ; გადმოვღვრი რისხვას თქვენს თავებზე და თქვენს გოდებასაც არ შევისმენ.

წაგერთმევათ სიბრძნე და გონიერება გაიქცევა თქვენგან, ყრმებივით იაზროვნებთ და ლოთებივით იბარბაცებთ; და არ დაივანებს ჩემი სული თქვენ შორის, რადგან გადმოვღვრი ჩემი რისხვის თასს თქვენს თავზე და ვიქნები თქვენთვის არა როგორც თქვენი ღმერთი, არამედ როგორც მტერი, რომელიც გემტერებათ.

რადგან უარმყავით მეც უარგყოფთ!

პირმოთნეობა გაამრავლეთ და ყოველგვარი სისაძაგლე შეიყვარეთ, ამიტომაც ცა სპილენძად გარდაგექცევათ და მიწა - რკინად, ცა არ მოგცემთ ცვარს და მიწაც თავის ნაყოფს შეაკავებს; გაპარტახდება თქვენი მამული, ზეთისხილი არ გამოიღებს ნაყოფს და მინდორი თავთავს; ასწილაც რომ დასთესოთ, ერთს ძლივსღა მოიმკით; დაგილპებათ თესლი და ფუჭი გახდება თქვენი შრომა; გაპარტახდება თქვენი მინდორ-ველი და დაჭკნება თქვენი სილამაზე. შეგესევათ ხოჭო და კალია, რომელთა რიცხვი უთვალავია.

ქალაქში მცხოვრებთ შიმშილით ამოვწყვეტ, მიწაზე მყოფთ კი მახვილით მოვწყლავ და დაიღუპებით, რადგან ვერსად დაემალებით ჩემს ხელს; რადგან უსამართლობით ამხედრდით ჩემს წინააღმდეგ, მეც რისხვით წამოვალ თქვენსკენ და მოვწყლავ თქვენს მიწა-წყალს და მაშინ, აღტყინდებიან ზღვანი და დაგნთქამენ; ველური მხეცები შეესევიან თქვენ პირუტყვებს, თქვენი ხარი ვერ გასწევს ჭაპანს და ვერაფერს დამწყემსავთ იალაღებზე. გაგიპარტახდებიან სოფლები და ძეძვი და ეკალი შეგიჭამთ სამოსახლოს; გაპარტახდება თქვენი გზები, შემოგესევიან საშინელი ქვეწარმავალნი და თქვენს მიწა-წყალს შებილწავენ; შემოგესევიან ბუზები და მატლები და თქვენი ხორცის ჭამასა და თქვენი შვილების სისხლის სმას დაიწყებენ; თვალებს ამოუჭამენ თქვენს ყრმებს და იქნება მაშინ თქვენში მოთქმა და გოდება, მაგრამ არავინ იქნება შემწე.

წყალში ამოწყდება თევზი და ცაში ფრინველნიც არ იფრენენ; მზის მცხუნვარება გაახმობს თქვენს ვენახებს, დაგიშრებათ წყარონი წყლისა, ტბები და მდინარეები, რადგან უშურველად გაძლევდით წყალობას, თქვენ კი სცოდავდით და უსჯულოებდით ჩემს წინაშე; ამიტომაც, შემოივლით მთელს დედამიწას, ვითარც ბალახის მაძიებელი მშიერი პირუტყვი და უნაყოფო ხისგან მოინდომებთ დაპურებას. წვიმიანი ღრუბელი არ გადაივლის თქვენს თავზე და მინდვრის ცვარი არ დაალტობს თქვენს ნაკვალევს. ვაი მაშინ მცხოვრებთ, ვაი კაცთა მოდგმას, რადგან ჩემი სიტყვებისა არ ისმინეს; და მაშინ წაგერთმევათ ყოველგვარი ძალი და ხელმწიფება, და წარწყმდება თქვენი პატივი და დიდება; სნეულება შეიპყრობს თქვენი სხეულის ყოველ ასოს და დღესასწაულებს გლოვად გადაგიქცევთ ისე, რომ თქვენი დღეები ოხვრასა და გოდებაში აღმოგხდეთ.

არ იქნება თქვენში შვება და სიხარული, გაპარტახდებიან თქვენი ქალაქები და არავინ იქნება თქვენს ეკლესიებში მომსვლელი, არც ღარიბი კარებთან რომ დაჯდეს და მოწყალება ითხოვოს. გაუდაბურდება თქვენი ეზო, და თქვენს ნამოსახლარს ქარი წაიღებს; გაშავდება თქვენი ხორცი და ლოთებივით იბარბაცებთ. მიწაზე დაიყრება ოქრო-ვერცხლი და არავინ იქნება მათი ამკრეფი; ქალწულის პატიოსნებას კი არად ჩააგდებენ. მაშინ იქნება ავხორცობა ისეთი, რომ თითოეული თავისი მოყვასის ჭამას დაიწყებს; მშობლები შეჭამენ თავიანთ შვილებს, და შვილები მშობლებს, რადგან ყოველგვარი უსჯულოებით აივსება დედამიწა და ყოველგვარი უწესივრობა წალეკავს ადამიანებს.

ადამიანებმა უსამართლობა სამართალზე მეტად შეიყვარეს, დაუტევეს ნათელი და ბნელს შეუდგნენ, მთელს თავის ცხოვრებას კი სიძვა-მრუშობაში ატარებენ. მაშ, ისმინეთ ძენო კაცთანო და შეისმინეთ ჩემი სიტყვა: ნუ ეცრუებით მას და იგავ-არაკად ნუ მიიჩნევთ: არ იქნება სახლი მკვდარი რომ არ ესვენოს და არავინ იქნება მათი დამკრძალავი; დაგერევათ სნეულებანი და პირუტყვებივით დაიხოცებით, მაშინ ვერც მეფე უშველის ერს და ვერც ერი მეფეს; მამა არ დაინდობს შვილს და შვილი მამას; და არსად იქნება სიხარული, არამედ ტირილი და ვაება; მაშინ იტყვიან კაცნი: ვაი ჩვენ ძმანო, ვაი ჩვენ, რაღა ვიღონოთ, რადგან ვიღუპებით.

არავინ გაიცინებს იმ დროს და არავინ ითამაშებს, ჩაცხრება ცხენთა ფლოქვების თქარათქური და ყოველგვარი ზეიმობა, არავინ ჩაიცვამს ფერად ტანისამოსს, რადგან ზეზეულად დაიწყებენ ვარდნას მკლავჩაჭიდებულნი, მეგობარი მეგობრითურთ, ძმა ძმითურთ, მამა შვილებითურთ, შვილები კი მშობლებითურთ. ყრმა ჩააკვდება დედას და დედა თავის ქალიშვილს, და იქნება მაშინ თქვენში აუწერელი მოთქმა-გოდება, კვნესა და ტირილი. თქვენი კივილისგან შეიძვრება მიწა და მზე გაშავდება, მთვარე სისხლივით იქნება და ქალწულივით აქვითინდება სამყარო კაცობრიობის აღსასრულის მომლოდინე.

მაშინ იგოდებენ ზღვა და მდინარენი, და ყოველნი სიღრმენი ქვესკნელისანი; მაშინ იგოდებს უფსკრული დიდი ხმით, თითქოსდა საყვირში ჩაჰბერაო. მაშინ იგოდებენ ანგელოზნი უფლისანი, რომლებიც კაცთა წარწყმედას იხილავენ თავიანთი ცოდვებისთვის; მაშინ მოივლის დედამიწას ანტიქრისტე თავის დემონებითურთ, რათა საბოლოოდ აცთუნოს და წარწყმიდოს ყველა, ვინც ჩამოშორდა უფლის ნათელს და იქნება ასე, სანამ არ მოვა უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, ზეციურ ძალებთან ერთად, და ყოველს მიაგებს საქმეთაებრ მათთა, - მართალთ სამარადისო და ნეტარ სასუფეველს, ხოლო ცოდვილთ ჯოჯოხეთსა და დაუსრულებელ სატანჯველთ.

დიდება ჩვენს ღმერთს, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню