წინასწარმეტყველებანი - წმიდა იპოლიტე რომაელი. დანიელის წინასწარმეტყველების განმარტება 2 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

წმ. იპოლიტე რომაელი

დანიელის წინასწარმეტყველების განმარტება

დანიელის წინასწარმეტყველება

იპოლიტე (Hippolitus) რომაელი (დაახლ. 170-236); ღვთისმეტყველ-ერესოლოგი, ერთ-ერთი პირველი ეგზეგეტი დასავლეთში. იპოლიტეს შესახებ IV საუკუნეშიც მცირე რამ იყო ცნობილი. ის იღვწოდა რომში, მაგრამ წერდა ბერძნულად, მის განათლებას ეტყობა ელინური ხასიათი. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, შესაძლოა იპოლიტე ყოფილიყო რომში დაბადებული ბერძენი. თუმცა პატროლოგთა უმეტესობის აზრით, აღმოსავლეთიდან რომში რომ ჩამოვიდა, იპოლიტე უკვე მოწიფული ასაკისა იყო. პატრიარქი ფოტი მას წმიდა ირინეოსის მოწაფეს უწოდებს, თუმცა გარკვეული არ არის, პირადად იცნობდა თუ არა იპოლიტე ლიონელ მღვდელმთავარს. იპოლიტე საეკლესიო მართლმორწმუნეობის მგზნებარე დამცველი იყო და სიტყვითა და საქმით ებრძოდა ცრუ სწავლებებს, განსაკუთრებით ანტიტრინიტარიზმს). იმის შემდეგ, რაც პაპი ზეფირინი (დაახლ. 198-217) მწვალებლობისკენ მიიქცა, იპოლიტე მას გამოეყო და საკუთარი თემი ჩამოაყალიბა.

212 წელს, როდესაც ორიგენე რომში ჩავიდა, იპოლიტე ჯერაც პრესვიტერი იყო. სავარაუდოდ, ამის შემდეგ იპოლიტეს მალევე დაასხეს ხელი ეპისკოპოსად. ერთნი მოწმობენ, რომ ის იყო პირველი "ანტიპაპი", სხვათა მოწმობით კი ის მხოლოდ რომის გარეუბნებში მცხოვრებ ბერძნთა მოძღვარი იყო. ძველრომაული ქრონოგრაფის მიხედვით, განხეთქილება 30-იან წლებამდე გაგრძელდა, როდესაც იმპერატორმა მაქსიმიანემ წმ. იპოლიტე და პაპი პონტიანე კუნძულ სარდინიაზე გადაასახლა. ორივე მოღვაწემ სიცოცხლე მაღაროებში, კატორღულ სამუშაოებზე დაასრულა. სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე, იპოლიტემ ეპისკოპოსის ხარისხი დატოვა და სქიზმაც შეწყდა. ორივე მქადაგებელი, იპოლიტე და პონტიანე, სულ მალე წმიდანთა დასში ჩარიცხეს. იპოლიტეს რომში ძეგლიც კი აღუმართეს, რომელზეც მისი შრომების სახელწოდებები იყო ამოტვიფრული (აღმოაჩინეს 1551 წ.). მართლმადიდებლური ეკლესია წმ. იპოლიტეს ხსენებას 30 იანვარს აღნიშნავს.

წმ. იპოლიტე იყო შრომისმოყვარე და ნაყოფიერი მწერალი. მისი ნაშრომები სხვადასხვა სფეროს ეხება: დოგმატიკას, მწვალებლებთან პოლემიკას, ლიტურგიკასა და ისტორიას. ან ნაშრომთა უდიდესი ნაწილი დაკარგულია, ზოგიერთი XIX და XX საუკუნეებში აღმოაჩინეს; ნაწილი შენარჩუნებულია ქართულ და სხვა თარგმანებში. ეგზეგეტიკური ტრაქტატებიდან ცნობილია 15 თხზულება, მაგრამ მათგან ან ფრაგმენტები შემორჩა ან მხოლოდ სახელწოდებები.

ეგზეგეტიკურ თხზულებათა შორის ცნობილია წმ. იპოლიტეს "ქრისტე და ანტიქრისტე" (არსებობს ამ თხზულების მეორე ვერსია - "სიტყვა სამყაროს აღსასრულის, ანტიქრისტეს და ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ", - რომელიც წმ. იპოლიტეს მიეწერება, მაგრამ მკვლევართა აზრით დაწერილია მოგვიანებით) და "დანიელის წინასწარმეტყველების განმარტება", რომელიც ჩვენს დრომდე მთლიანად შემორჩენილი ერთადერთი ეგზეგეტიკური თხზულებაა, თუ მხედველობაში მივიღებთ არა მარტო იპოლიტეს თხზულებათა ნაწყვეტებს, რომელიც ბერძნულ ენაზეა ცნობილი, არამედ მის მრავალრიცხოვან ძველსლავურ თარგმანებს.

შინაარსი



წიგნი პირველი


I. დანიელი და სუსანა


1. რადგან მსურს აღვწერო ისრაელის ძეთა ტყვეობის ჟამი და ნეტარი დანიელის წინასწარმეტყველური ხილვა, ასევე მისი ცხოვრება ბაბილონში, მოყოლებული სიყრმის ასაკიდან, - ვადასტურებ სიწმიდეს ამ უბიწო და მართალი კაცისა, რომელიც წინასწარმეტყველი და ქრისტეს მოწამე იყო და, რომელმაც არა მარტო გახსნა ნაბუქოდონოსორის ყველა იმდროინდელი ხილვა, არამედ თავისი მსგავსი ყრმებიც დამოძღვრა და მსოფლიოს მამაც მოწამეებად წარუდგინა.

დანიელი იმ პერიოდში იშვა, როდესაც ნეტარი იერემია წინასწარმეტყველებდა, ხოლო იუდეაში მეფობდა იოაკიმე ძე ელიაკიმისა, და სხვებთან ერთად ბაბილონს წარიტყვევნა. ჯერ კიდევ ყრმა იყო დანიელი, ბილწი ვნებებით შეპყრობილი უხუცესები რომ ამხილა და მით ზეციური მსაჯულის წინასახედ წარმოჩინდა, რომელიც თორმეტი წლისა იჯდა ტაძარში, შემდგომ კი უსჯულო მხცოვანთ ამხილებდა.

ეს ცნობილი ისტორია დიდი ხნით ადრე, ბაბილონში მოხდა, როდესაც ორი უხუცესი მსაჯული გარდახდა ღმრთის სჯულს და ხორცის მსახურად შეიქნა; ვნებით აღიძრნენ ისინი უბიწო ქალწულის მიმართ და მოისურვეს მისი უდანაშაულო სისხლის დაღვრა. და ეს ყოველივე იმიტომ უნდა მომხდარიყო, რათა ყველასთვის თვალსაჩინო ყოფილიყო რჩეულთა მართალი მოდგმა, გამოაშკარავებულიყო ნეტარი სუსანას უბიწოება და მართალი დანიელი თავის ერს ახალ წინასწარმეტყველად წარდგომოდა.

2. როდესაც მომხდარს გადმოვცემთ, მოვალენი ვართ ზუსტად ვუჩვენოთ მსმენელს როგორი სახის ტყვეობები იყო ამა თუ იმ მეფის ზეობისას. ხუთი შვილი ჰყავდა წმიდა იოსიას: იოაქაზ, იოაკიმ, სედეკია, იეხონიად წოდებული და სალუმი (1 პარ. 3:15). მათგან, მამის სიკვდილის შემდეგ, უპირველესად გამოიყვანა ქვეყნის ერმა იოაქაზი ძე იოსიასი და მამამისის ნაცვლად გაამეფა იერუსალიმში. იოაქაზი მაშინ ოცდა სამი წლისა იყო (4 პარ. 23:30-31; 2 პარ. 36:1-2). მისი მეფობის მესამე თვეს, მის წინააღმდეგ გამოვიდა ფარაონი ნექაო, რომელმაც დაატყვევა იგი და შეკრული წაიყვანა ეგვიპტეში, ხოლო დაუდო ქვეყანას ხარკი ასი ტალანტი ვერცხლისა და ათი ტალანტი ოქროსი. მის ნაცვლად კი გაამეფა ნექაომ იოსიას მეორე ძე ელიაკიმი და დაარქვა სახელად იოიაკიმი (4 მეფ. 23:33-34). ამან იმეფა თერთმეტი წელი. მის წინააღმდეგ უკვე ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ გაილაშქრა, რომელმაც შეიპყრო იგი, წარტყვევნა ბაბილონს და ხელს გაატანა უფლის სახლის ჭურჭლეულიც (2 პარ. 36:6. დან. 1:1-2).



სებასტიანო რიჩი (Sebastiano Ricci) (1725-1726). სუსანა სამსჯავროს წინაშე და წინასწარმეტყველი დანიელი. გალერეა საბაუდა. ტურინი.


იოაკიმეს, როგორც ფარაონის მეგობარსა და მის მიერ მეფედ დანიშნულს, ბორკილები დაადეს და მხოლოდ ოცდაჩვიდმეტი წლის შემდეგ გაათავისუფლეს. "იუდას მეფის იეჰოაქინის გადასახლების ოცდამეჩვიდმეტე წელს, მეთორმეტე თვეს, თვით ოცდახუთში, ულამედარახმა, ბაბილონის მეფემ, თავისი გამეფების წელს თავი აუწია იოაკიმს, იუდას მეფეს, და გამოიყვანა ის სატუსაღოდან" (იერ. 52:31-34).

3. იმის შემდეგ, რაც წარტყვევნილ იქნა იოაკიმე, იუდეაში სამი წელი
(1) მეფობდა მისი ძე იოაკიმე (იოაკიმეში ცხადია იგულისხმება იოახინი, ანუ იეხონია, იოაკიმის (ელიაკიმის) ძე (4 მეფ. 25:27; 4 მეფ. 24:8, 10, 14, 16). ამის წინააღმდეგაც გაილაშქრა ნაბუქოდონოსორმა, რომელმაც გადაასახლა იგი ბაბილონს და მასთან ერთად ათი ათასი კაცი მისი ხალხიდან; მის ნაცვლად კი მეფედ დასვა მისი ბიძა იეხონია (აქ ცხადია იგულისხმება მათანია, სხვაგავარად ცედეკია (2 პარ. 36:11-18)) და სახელად დაარქვა ცედეკია (4 მეფ. 24: 8, 10, 14, 16, 17).

დაუდო რა ამ უკანასკნელს ფიცი (ეზეკ.17:13, 18, 20; 2 პარ. 36:13), ნაბუქოდონოსორი ბაბილონს გაეშურა. თავისი მეფობის მეთერთმეტე წელს, იეხონია განუდგა ნაბუქოდონოსორს და ეგვიპტის მეფეს, ფარაონს მიეკრა (4 მეფ. 24:18; 2 პარ. 36:11; ეზეკ. 17:15). სწორედ მაშინ, მეთორმეტე წელს, დაესხა თავს ნაბუქოდონოსორი და ქალდეველთა მთელი ძალა; ალყა შემოარტყეს ქალაქს და ისე შეავიწროვეს ყოველი მხრიდან, რომ მოსახლეობის უმეტესობას დაატყდა შიმშილობა, ზოგი მახვილით მოწყდა, ზოგიც კი ბაბილონს წარიტყვევნა. "გადაწვეს ღვთის სახლი და დაანგრიეს იერუსალიმის კედელი, გადაბუგეს ყველა მისი სასახლე და გაანადგურეს ყველა მისი ძვირფასეულობა" (2 პარ. 36:19).

ყველა ძვირფასეულობას, რომელიც კი უფლის სახლში იპოვეს, ქალდეველთა ჯარი დაეპატრონა, ხოლო ყველა ჭურჭელი - ოქროსი და ვერცხლისა - არქიმაგირმა (მთავარი მზარეული - რედ.) ნაბუზარდანმა ჩაიბარა და ბაბილონში გაზიდა (2 პარ. 36:18). ხოლო თვით სედეკია, რომელიც შვიდას კაცთან ერთად გაიქცა, ქალდეველმა მეომრბმა იერიქონში შეიპყრაეს, და ბაბილონის მეფეს მიჰგვარეს დევლათში (იერ. 52:7-9).

განურისხდა მეფე სედეკიას, რადგან შეიძულა უფლის ფიცი და აღთქმა, რომელიც დაარღვია (ეზეკ. 17:18). თვალწინ დაუკლა ბაბილონის მეფემ შვილები სედეკიას და იუდას ყველა მთავარიც დაკლა. სედეკიას თვალები დათხარა, ბორკილები დაადო, წაიყვანა ბაბილონს და საპყრობილეში ჩაამწყვდია (იერ. 52:10-11). სიკვდილამდე ჩატოვა წისქვილში და ხორბალი აფქვევინა. როდესაც სედეკია მოკვდა, მისი გვამი ნინევიის კედელებს მიღმა გადააგდეს. ასე აღსრულდა მასზე იერემიას წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობდა: "ყველა შენს მწყემსს ქარი გარეკავს, და შენი მოყვარულნი ტყვეობაში წავლენ. მაშინ შერცხვები და გაწბილდები ყველა შენი უკეთურების გამო. დამჯდარხარ ლიბანში, დაბუდრებულხარ კედართა შორის! როგორ გასაწყლდები, როცა ტკივილები შეგიპყრობს მშობიარე ქალივით. თავს ვფიცავ, ამბობს უფალი, ჩემი მარჯვენა ხელის ბეჭედიც რომ იყო შენ, იეხონია იოაკიმის ძევ, იუდას მეფევ, წაგაძრობდი აქედან და მიგცემდი ხელში შენს მესისხლეს და შენს შემაშინებლებს - ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს და ქალდეველებს. გაგაგდებთ შენ და შენს მშობელ დედას სხვა ქვეყანაში, სადაც არ შობილხართ, და იქ დაიხოცებით. იმ ქვეყნისკენ, საითკენაც გული გაუწევთ დასაბრუნებლად, ვეღარ დაბრუნდებიან. ნუთუ უღირსი ქმნილებაა, ნუთუ გადასაგდებია ეს კაცი იეხონია, როგორც უსარგებლო რამ ნივთი? რისთვის არიან გაგდებულნი ის და მისი თესლი და გადაყრილნი ისეთ ქვეყანაში, რომელიც არ იცოდნენ? ქვეყანავ, ქვეყანავ, ქვეყანავ! ისმინე უფლის სიტყვა. ასე ამბობს უფალი: ჩაწერეთ ეს კაცი როგორც უმემკვიდრო, რომელმაც ვერ გაიხარა თავის დღეში; რადგან ვერ გაიხარებს მისი თესლიდან დავითის მოსაყდრე და იუდას განმგებელი" (იერ. 22:24-30). ასე წაასხეს იუდეველნი ბაბილონში მას შემდეგ, რაც ისინი გამოვიდნენ ეგვიპტიდან.

4. ამრიგად, ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც მთელი ერი გადაასახლეს, ტაძარი დაინგრა და ქალაქი გაპარტახდა, რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა იერემია წინასწარმეტყველის მიერ თქმული: "გაოხრდება და გაუკაცურდება მთელი ეს ქვეყანა, ბაბილონის მეფის მორჩილებაში იქნებიან სამოცდაათ წელიწადს ეს ხალხები" (იერ. 25:11), - სწორედ აქ, ბაბილონში ვხვდებით ნეტარ დანიელს, რომელმაც აღმოთქვა წინასწარმეტყველებანი და დაიცვა მართალი სუსანა.

5. რადგან წერილი ამბობს: "იყო ერთი კაცი ბაბილონში მცხოვრები, სახელად იოაკიმი. მოიყვანა ქალი, სახელად სუსანა, ხილკიას ასული, ძალზე ლამაზი და უფლისმოშიში. მისი მშობლები მართალი ხალხი იყო და თავიანთ ასულს მოსეს რჯული ასწავლეს" (დან. 13:2-3).

ეს ამბავი გადმოცემულია მოგვიანებით, მაგრამ ამ წიგნში წამოწეულია წინა პლანზე
(2). მწერლებს ჩვეულებად აქვთ გვიან მომხდარი ამბავი თავიანთ თხზულებებში ადრე გადმოსცენ. წინასწარმეტყველებშიც ვხვდებით ზოგიერთ ისეთ ხილვას, რომელიც პირველად იყო, მაგრამ აღსრულდა მოგვიანებით, და პირიქით, არის ხილვები, რომლებიც ნახსენებია გვიანდელ მოვლენებთან დაკავშირებით, ამიტომაც წამოწეულნი არიან პირველ პლანზე. ცხადია, ეს ყოველივე ხდება სულის შთაგონებით და იმ მიზნით, რათა ეშმაკი ვერ ჩასწვდეს წინასწარმეტყველთა იგავურ მინიშნებებს და ადამიანის ხელმეორედ ცდუნება და მოკვლა ვერ მოახერხოს.

6. წიგნის დასაწყისი კი ასეთია: "იოაკიმის, იუდას მეფის მეფობის მესამე წელს იერუსალიმზე წამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე და გარსშემოადგა მას. ხელში ჩაუგდო მას უფალმა იოაკიმი, იუდას მეფე და ღვთის სახლის ჭურჭლეულის ნაწილი და გაგზავნა სენაარის ქვეყანაში, თავისი ღმერთის სახლში; და თავისი ღმერთის საგანძურში შეიტანა ჭურჭლეული" (დან. 1:1-2).

წერილში ეს ყოველივე გადმოცემულია იმ მიზნით, რათა აჩვენოს ერის ის დატყვევება, როდესაც გადასახლებულ იქნენ იოაკიმე, ძე იოაკიმისა
(3) და სამი ყრმა, რომლებიც მასთან და დანიელთან ერთად შეპყრობილ იქნენ. სწორედ ეს იოაკიმე იყო ქმარი სუსანასი.

7. "უთხრა მეფემ ასფანაქსს, საჭურისთა მთავარს, მიეგვარა მისთვის ისრაელიანთაგან, სამეფო მოდგმიდან და დიდებულთაგან. უნაკლო, შესახედავად მშვენიერი, ყველა სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლის უნარიანი ყმაწვილები, რომელთაც შეეძლებოდათ მეფის კარზე სამსახურის გაწევა და ქალდეველთა მწიგნობრობისა და ენის შესწავლა. განუწესა მათ მეფემ ულუფა მეფის სუფრიდან და ის ღვინო, თავად რომ სვამდა. ბრძანა, სამი წელიწადი ეწვრთნათ ისინი და ბოლოს მეფის წინაშე წარედგინათ. მათ შორის იუდიანთაგან იყვნენ: დანიელი, ანანია, აზარია და მისაელ" (დან. 1:3-6).

არ არის სავალდებულო ეს დარიგებანი გავიგოთ ბუკვალური მნიშვნელობით, არამედ მათ შინაარსს უნდა ჩავწვდეთ. წმიდა წერილი ხომ უმიზნოდ არაფერს გვამცნებს, არამედ იმისთვის, რათა სულიერად აღგვაფრთოვანოს, წინასწარმეტყველნი განადიდოს და დაადასტუროს ყოველივე, რაც მათ გვამცნეს. ასე მაგალითად, როდესაც სასიკვდილოდ დასნეულდა იუდეველთა მეფე ეზეკია, მივიდა მასთან წინასწარმეტყველი ესაია და უთხრა: ასე ამბობს უფალი: ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან მოკვდები, ვერ გადარჩებიო. კედლისკენ მიაბრუნა პირი ეზეკია და შეევედრა უფალს: უფალო! გაიხსენე, მტკიცედ და წრფელად რომ დავდიოდი შენს წინაშე, კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში. და მწარედ ატირდა ეზეკია. იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ, მეტყველი:

წადი და უთხარი ეზეკიას: ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: გავიგონე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და, აჰა, კიდევ თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს. დაგიხსნი შენ და ამ ქალაქს ასურელთა მეფის ხელიდან და დავიფარავ ამ ქალაქს. ეს იყოს შენთვის სასწაულად უფლისაგან, რომ აღასრულებს უფალი იმ სიტყვას, რომელიც თქვა: აჰა, ათი საფეხურით დავაბრუნებ უკან მზის ჩრდილს, რომელიც უკვე ჩამოსულია მამაშენის სახლის საფეხურებზე. და უკან დაბრუნდა მზე ათი საფეხურით საფეხურებზე, რომლებიც უკვე ჩავლილი ჰქონდა" (ესაია 38:1-8; 4 მეფ. 20:9-11).

8. მაგრამ იტყვიან ვიეთნიმე, შეუძლებელია ეს მოხდეს. ადამიანო! რა არის შეუძლებელი ღმრთისთვის? განა მან არ შექმნა არარადან ყოველივე? განა მან არ შექმნა დღე და ღამე? განა მას არ მორჩილებს ყოველი ქმნილება და მის ხმას ძრწოლით ისმენს? და საერთოდ, "რაც შეუძლებელია კაცთათვის, შესაძლებელია ღმერთისთვის" (მათე 19:26).

მოცემულ შემთხვევაში გვაქვს სხვა მტკიცებულებაც: როდესაც იესუ ნავეს ძე ამორეველთ ებრძოდა, ბრძოლა ჯერაც დამთავრებული არ იყო და მზე უკვე ჩაიწვერა დასავლეთისკენ, მაშინ ნეტარმა იესუმ, იმის შიშით, რომ ღამის დადგომით მტრები არ დაფანტულიყვნენ, აღიმაღლა თავისი ხმა და "ელაპარაკა იესუ უფალს, იმ დღეს, როცა დაამარცხებინა უფალმა ისრაელიანებს ამორეველები, და თქვა ისრაელის გასაგონად: მზეო, დადექ გაბაონის თავზე, და, მთვარევ, იალონის ველზე! დადგა მზე და არ დაძრულა მთვარე, ვიდრე თავის მტრებს არ გაუსწორდა ხალხი. იდგა მზე შუაგულ ცაში და თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას" აი, რატომ არის ნათქვამი, რომ "არც მანამდე და არც მერე არ ყოფილა ასეთი დღე, რომ ამნაირად შეესმინოს კაცის ხმა უფალს, რადგან ისრაელისთვის იბრძოდა უფალი" (ის. ნავ. 10:12-14).

და მართლაც, განა ღმერთს არ შეუძლია გადააადგილოს, შეცვალოს და გარდაქმნას, თავისი სურვილისამებრ ის ელემენტები, თვითონვე რომ შექმნა დასაბამიდანვე, ცაზე დაამტკიცა და თავისი ბრძანებით მოძრაობა დაუწესა? მითუმეტეს, რომ იესუს დროს დადგნენ მზეც და მთვარეც, ხოლო ეზეკიას დროს მზემ და მთვარემ უკან დაიხიეს, თანაც ისე, რომ ჩვეულებრივი წესის საწინააღმდეგოდ მიმავალი ორი სტიქია არ შეჯახებია ერთურთს. ხოლო როდესაც ქრისტემ ივნო, შეძრწუნდა არა მარტო მზე და მთვარე, არამედ მთელი ქვეყანა (ლუკა 23:44-45; მათე 27:51).

9. აღსანიშნავია, რომ ეზეკიას თანამედროვემ და ბაბილონის მეფემ, მაროდახ ქალდეველმა, ამ მოვლენით განცვიფრებულმა, რადგან ქალდეველნი ასტროლოგიაში გამოცდილნი იყვნენ და ზუსტად იცოდნენ მზის მოძრაობა, - მისი უკანდახევის მიზეზი რომ შეიტყვეს, გაუგზავნეს ეზეკიას "წერილები და ძღვენი, რადგან გაგებული ჰქონდა, რომ ავად იყო და მომაგრდა" (ესაია 39:1). ასე მოიქცნენ აღმოსავლელი მოგვებიც, რომლებმაც თაყვანი სცეს ქრისტეს (მათე 2:1).

რადგან, როდესაც წინასწარმეტყველების თანახმად, იუდეის ბეთლემში დაიბადა იესუ ქრისტე და ცაში ვარკვლავი აკიაფდა, სასწაულით გაკვირვებული მოგვები აღმოსავლეთით მოვიდნენ იერუსალემს და იკითხეს სად არისო იუდეველთა ახალშობილი მეფე? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას" (მათე. 2:1-2). ერთი სიტყვით, მსგავსად მოიქცნენ ქალდეველებიც, რომლებმაც მზის უჩვეულო მოძრაობა შეამჩნიეს და, როგორც ღვთისმოშიშმა ადამიანებმა, რომელთაც გაუკვირდათ ეზეკიასადმი ღმრთისგან ბოძებული წყალობა, ეზეკიას წერილები და ძღვენი მიართვეს; ხოლო ამით (ღმრთის მინიშნებით) გარებულმა ეზეკიამ "დაათვალიერებინა მათ თავისი საუნჯე - ოქრო-ვერცხლი, ნელსურნელებანი, ძვირფასი ზეთი, საჭურველის სახლი და ყველაფერი, რაც კი მის საგანძურებში იპოვებოდა. ერთი ნივთიც არ დარჩენილა არც მის სახლში და არც მთელს მის სამფლობელოში, რომ არ ეჩვენებინოს მათთვის ეზეკიას" (ესაია 39:2).

როდესაც წინასწარმეტყველმა ესაიამ შეიტყო ამის შესახებ მივიდა ეზეკიასთან და ჰკითხა: "ვინ არიან ეს კაცები (სლავ. და ძვ. ქართ. ბიბლიაშია: "რასა იტყჳან კაცნი ესე?") და საიდან მოვიდნენ შენთან?"

მიუგო ეზეკიამ: შორი ქვეყნიდან მოვიდნენ, ბაბილონიდან. თქვა: რა ნახეს შენს სახლში? მიუგო ეზეკიამ ყველაფერი ნახეს, რაც სახლში მაქვს. არაფერი დარჩენილა ჩემს საგანძურებში, რომ არ მეჩვენებინოს მათთვის.უთხრა ესაიამ ეზეკიას ისმინე ცაბაოთ უფლის სიტყვა: აჰა, დადგება ჟამი და ყველაფერს, რაც სახლში გაქვს, და რაც შენს მამა-პაპას დღემდე მოუხვეჭავს, ბაბილონში წაიღებენ. აღარაფერი დარჩება, ამბობს უფალი. წაასხამენ შენს შვილებსაც, რომელნიც შენგან გამოვლენ, რომელთაც შენ წარმოშობ, და საჭურისებად გახდიან ბაბილონის მეფის სასახლეში" (ესაია 39:1-7).

10. და აჰა, იმისთვის, რათა აღსრულდეს უფლის სიტყვა და გამოჩნდეს წინასწარმეტყველების სიმართლე, მოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე და გაზიდა მთელი საგანძური, რომელიც უფლის ტაძარში იყო, შეიპყრო ერი, მეფე და მისი შვილები. თანაც ზოგიერთი სამეფო მოდგმისა და დიდებულის შვილი მონად გაიმწესა. ამ მონათა შორის იყვნენ დანიელი, ანანია, აზარია და მისაელიც. თუმცა, წმიდა წერილი ამ ყრმათა წარმომავლობას არ უთითებს და მხოლოდ მათ ღვთისმოსაობაზე ლაპარაკობს, რომ იყვნენ "უნაკლო, შესახედავად მშვენიერი, ყველა სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლის უნარიანი ყმაწვილები" (დან. 1:1-3; პარ. 36:18).

სწორედ ამ ღვთისმოსავმა და ღვთისმოშიშმა ყმაწვილებმა გულში ჩაიდეს "არ გაუწმიდურებულიყვნენ სამეფო ულუფით და მეფის სასმელი ღვინით" (დან. 1:8). ო, ნეტარო ყმაწვილებო, რომლებმაც დაიცავით მამათა მცნებანი და მოსეს მიერ ბოძებულ სჯულს არ გადაუხვიეთ, არამედ უცხო მიწაზე წარტყვევნილი (ფსალმ. 136:4) ლოთობის მონები არ შეიქმენით და ნუგბარი საჭმელებით არ მოიხიბლეთ, ვერ გაცდუნათ მეფურმა პატივმა, და საკუთარი უბიწო პირი წმიდად და შეუბილწავად დაიცევით, რათა წმიდა პირიდან გამოსულიყო წმიდა სიტყვა, ზეციური მამის მადიდებელი, როგორც ნათქვამია: " პატიოსანს თუ გამოიყვან უღირსისგან, ვითარცა პირი ჩემი იყო" (იერ. 15:19). მაშ, შეიმეცნე ადამიანო ნათქვამი! მამა ღმერთის ბაგემ გამოიყვანა შენგან პატიოსანი სიტყვა (ქრისტე), მაგრამ აღმოჩნდა, რომ წმიდათაგან კვლავ იბადება მეორე სიტყვა: პირველი, შობს რა წმიდათ, თვითონაც წმიდათაგან იშვების.

შემდეგ წერილი ამბობს: "დანიელმა გულში ჩაიდო, არ გაუწმიდურებულიყო სამეფო ულუფით და მეფის სასმელი ღვინით; და სთხოვდა იგი საჭურისთა მთავარს, ნება დაერთო მისთვის, რომ არ გაუწმიდურებულიყო" (დან. 1:8) და მისთვის და მისი მეგობრებისთვის უბრალო მწვანილი მიეცა, რათა მით ეჩვენებინა, რომ "მხოლოდ პურით არ ცოცხლობს კაცი" (მეორე სჯლ. 8:3). და მიანიჭა ღმერთმა დანიელს მისი ზედამხედველის წყალობა და კეთილგანწყობა, რომელიც დათანხმდა იმას, რომ დანიელსა და მის მეგობრებს არ ეხმიათ სამეფო ულუფა. თანაც, ზედამხედველმა დანიელს უთხრა: "მეშინია ჩემი ბატონი მეფისა, რომელმაც თქვენი სასმელ-საკვები განაწესა. თუ დაინახავს, რომ თქვენი პირისახეები თქვენი ასაკის სხვა ყმაწვილებზე უფრო მეტად გამხდარია, ამით თქვენ დაადანაშაულებთ ჩემს თავს მეფის წინაშე" (დან. 1:9-10).

ამელსადმა (საჭურისთ მთავარმა) ცხადია თქვა სიმართლე, რადგან არ უწყოდა რა თუ რა იყო გამზადებული ყრმათა მიერ, მხოლოდ იმისი ეშინოდა, მათი პირისახე სხვებზე უფრო გამხდარი არ ყოფილიყო და ამით მხილებული არ გამოსალმებოდა სიცოცხლეს. მაგრამ, ყმაწვილებმა, რომლებსაც სურდათ ეჩვენებინათ, რომ მიწიერი საკვები კი არა, ქრისტეს მიერ მონიჭებული საღმრთო მადლი ანიჭებს კაცს ძალსა და სილამაზეს, ამელსადს მიუგეს: "მოდი, ათი დღის მანძილზე გამოსცადე შენი მორჩილნი: დაე, საჭმელად მწვანილი მოგვცენ და სასმელად - წყალი. მერე კი ნახე ჩვენი პირისახე და პირისახე იმ ყმაწვილებისა, სამეფო ულუფას რომ ჭამენ. და როგორც გენებოს, ისე მოგვექეცი შენს მორჩილთ" (დან. 1:12-13). ხედავ ყმაწვილთა რწმენსა და სიმტკიცეს, რაოდენ ურყევია მათი შიში ღმრთის წინაშე? ათი დღე გამოითხოვეს მათ, რათა ეჩვენებინათ, რომ უფლის სიტყვისადმი რწმენის გარეშე საღმრთო მადლს ვერავინ მოიპოვებს.

11. შემდეგ წერილი ამბობს: "დაუჯერა მათ და ათი დღე სცდიდა. ათი დღე რომ გავიდა, აღმოჩნდა, რომ ისინი შესახედაობით უფრო ლამაზები და ჯანიანები იყვნენ, ვიდრე ის ყმაწვილები, სამეფო ულუფას რომ ჭამდნენ" (დან. 1:14-15).

ამრიგად, იკვებებოდნენ რა მხოლოდ წყლითა და პურით, ამავე დროს ზეციური სიბრძნით განისწავლებოდნენ, რითაც საკუთარ ტოლებზე მეტი ნიჭები მოიპოვეს. "მიჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ნიჭი და ყველა წიგნისა და სიბრძნის შემეცნების უნარი. დანიელს კი ყველა ხილვისა და სიზმრის ამოცნობა შეეძლო". როცა ამოიწურა ვადა, რომელიც მეფემ მათ წარსადგენად დანიშნა, საჭურისთა მთავარმა ისინი ნაბუქოდონოსორის წინაშე წარადგინა. "ელაპარაკა მათ მეფე და ყველა მათგანიდან დანიელის, ანანიას, მისაელისა და აზარიას ბადალი არავინ ამოურჩევია; და შეუდგნენ ისინი მეფის წინაშე სამსახურს. გამოჰკითხა მათ მეფემ ბრძნული და ჭკვიანური საქმეები და დაინახა, რომ ისინი მისი სამეფოს ყველა მოგვზე და შემლოცველზე ათწილად გონიერები იყვნენ" (დან. 1:17-19).

ამ ყმაწვილებს, ბაბილონის მომავალ მოწამეებს, ღმრთი სიტყვამ (ქრისტემ) ყოველგვარი სიბრძნე იმ მიზნით მიანიჭა, რათა შეემუსრა ბაბილონის კერპები და თვით ნაბუქოდონოსორიც შეერცხვინა მათ მიერ; რათა ყრმათა რწმენით განქარვებულიყო სახმილის ცეცხლი, ნეტარი სუსანა დახსნილიყო სიკვდილისგან და ბოლოს, ამაოებას აყოლილ უხუცესთა უგუნური ვნება ყოფილიყო მხილებული.

ყველა ეს გამარჯვება ამ ოთხმა ყრმამ მოპოვა ბაბილონში, რადგან მათ ყველაზე მეტად ღმერთი შეიყვარეს და თავიანთ გულებში ღმრთის შიში ჩაინერგეს.

ახლა კი მოვედ ნეტარო დანიელ, შური იძიე სუსანასთვის და მომავალი გვაუწყე.


_______________________________

1. ასეა წმ. იპოლიტეს თხზულების ბერძნულ ტექსტში, ასევე მის ძველსლავურ თარგმანში; ხოლო სლავურ და ძველქართულ ბიბლიაში იოაკიმეს ( იოახინის) მეფობის ვადად წერია სამი თვე

2. როგორც ჩანს, სუსანას ისტორიას, რომელიც დანიელის წინასწარმეტყველების ბოლოსწინა თავშია გადმოცემული (თ. 13) წმ. იპოლიტე აყენებს პირველ პლანზე მისი ქრონოლოგიური პირველობის გამო, შედეგად, მომდევნო ისტორიების ქრონოლოგიური თანამიმდევრობის დასაცავად, რომელიც დანიელის წინასწარმეტყველებაშია გადმოცემული, სუსანას ისტორია დგას პირველ ადგილზე.

3. ანუ იოახინი=იეხონია, რომელიც ბაბილონში გადასახლებული იქნა თავისი მეფობიდან სამი თვის შემდეგ (იპოლიტესთან სამი წლის შემდეგ. იხ. ზემოთ.

_______________________________


2. სუსანა და ორი უხუცესი



12. "იყო ერთი კაცი ბაბილონში მცხოვრები, სახელად იოაკიმი. მოიყვანა ქალი, სახელად სუსანა, ხილკიას ასული, ძალზე ლამაზი და უფლისმოშიში" (დან. 13:1-2).



მატია პრეტი. "სუსანა და უხუცესები". 1640 წ. რობერტო ლონგის ფონდიდან (ფლორენცია)


ამ იოაკიმემ, როდესაც ბაბილონის მცხოვრები გახდა, ცოლად შეირთო სუსანა, რომელიც იყო მღვდელ ხილკიას ასული. ეს ის ხილკიაა, რომელსაც მეფე იოსიამ ტაძრის წმიდა წმიდათას განწმენდა უბრძანა და უფლის სახლში იპოვა რჯულის წიგნი. მას ძმად ეკუთვნოდა წინასწარმეტყველი იერემია, რომელიც ებრაელთა ბაბილონში გადასახლების შემდეგ, დარჩენილებთან ერთად ეტგვიპტეში გადაიყვანეს და დასახლდა ტაფნაში, სადაც წინასწარმეტყველებდა, შემდეგ კი საკუთარმა თანამემამულეებმა ქვებით ჩაჰქოლეს.

რადგანაც სუსანა ლევიტელთა ტომისაგან იყო, ქორწინებით შეეკრა იუდეველს, რათა ორი მართლისგან შემდგომში ხორციელად გამოჩენილიყო ქრისტე და როგორც მათგან შობილი, მღვდელიც გამხდარიყო. და მართლაც, როდესაც მათე უფლის გენეალოგიას გადმოსცემს, რომელიც ხორციელად წმიდა და უბიწო იყო, როდესაც იოსიამდე მივა, მის ხუთივე შვილს როდი ახსენებს, არამედ მხოლოდ იექონიას, რომელიც ბაბილონში იშვა სუსანასგან და ამგვარად მართალთა თესლიდან მართალზე გადადის. მათე ამბობს: "იოსიამ შვა იექონია და მისი ძმები ბაბილონის ტყვეობის ჟამს" (მათე 1:11). მაგრამ როგორ აღსრულდა ეს ახლა? იოსია, რომელიც იუდეის ქვეყანაში ოცდათერთმეტი წელი მეფობდა, იქვე აღესრულა. მაშ, როგორ უნდა ეშვა მას ბაბილონში იექონია სუსანასგან?

უნდა ვიფიქროთ, რომ მათე მოგდმას საკუთრივ იოაკიმიდან მოყვება, როგორც იოსიასა და სუსანას ძისგან, რომლისგანაც მოდის იექონია. არ უნდა გავიზიაროთ მათი აზრი, ვინც ამბობს, რომ მათეს არ შეეძლო გენეალოგიის სიაში ეხსენებინა სულიწმიდის მიერ მიტოვებული იექონია, რადგანაც ის ბაბილონში რომ მიიყვანეს დაბრმავებული იყო და იქ, ბორკილდადებული უშვილოდ დაიღუპა. წმიდა წერილი უსაფუძვლოდ როდი ასწავლის, როცა ამბობს: "იყო ერთი კაცი ბაბილონში მცხოვრები, სახელად იოაკიმი. მოიყვანა ქალი, სახელად სუსანა, ხილკიას ასული, ძალზე ლამაზი და უფლისმოშიში". სწორედ მისგან იშვა იექონია. "ხოლო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იექონიამ შვა სალათიელი; სალათიელმა შვა ზორობაბელი" (მათე 1:12), რომელიც მწიგნობარ ეზრასთან და იოსედეკის ძე იესუსთან ერთად, კვიროსის განკარგულების შემდეგ, იერუსალიმში დაბრუნდა. ამრიგად მამათა მოდგმა თვით იესუ ქრისტეს შობამდე წმიდად რჩებოდა.

13. "მისი მშობლები მართალი ხალხი იყო და თავიანთ ასულს მოსეს რჯული ასწავლეს" (დან. 13:3), - ბრძანებს წერილი.

მართლაც, ხე ნაყოფით იცნობა (მათე 1:12). იყვნენ რა ღვთისმოსავნი და რჯულის ერთგულნი, შვილებიც ღვთისმოშიშებით გაზარდეს: ერთის მხრივ ძე, რომელიც წინასწარმეტყველი გახდა და ეწამა ქრისტესთვის, ხოლო მეორეს მხრივ ქალიშვილი, უბიწო და ერთგული, რომელიც ბაბილონში გადაასახლეს. მისი პატიოსნება და ღვთისმოსაობა გახდა მიზეზი ნეტარ დანიელში წინასწარმეტყველურ ნიჭთა გამოვლენისა.

"იოაკიმი ძალზე მდიდარი იყო და სახლის ახლოს ბაღი ჰქონდა. იუდაელები მასთან დადიოდნენ, რადგან ყველაზე პატივდებული კაცი იყო. ხალხიდან იმ წელს ორი უხუცესი იქნა მსაჯულად დაყენებული, რომლებზეც უფალმა თქვა, ბაბილონიდან ურჯულოება იმ მსაჯული უხუცესებისგან გამოვიდაო, ხალხის მესაჭეებად რომ აჩვენებდნენო თავს. ისინი ერთთავად იოაკიმის სახლში იყვნენ და მათთან მიდიოდა ყველა, ვისაც კი რამე საქმე ჰქონდა გასარჩევი" (დან. 13:4-6).

ახლა კი უნდა გავარკვიოთ მიზეზი, როგორ შეეძლოთ ბაბილონის ტყვეობაში მყოფ იუდეველთ ერთად შეკრებილიყვნენ? მოცემულ შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ, რომ გადასახლების შემდეგ ნაბუქოდონოსორი მათ კაცთმოყვრულად ეპყრობოდა, აძლევდა უფლებას ერთად შეკრებილიყვნენ და თავიანთი საქმეები საკუთარი სჯულის მიხედვით გადაეწყვიტათ. ისინიც სარგებლობდნენ ამ უფლებით, რის შედეგადაც ერის მეთაურად ორი უხუცესი დააწესეს. ხოლო იოაკიმეს სახლში იკრიბებოდნენ იმიტომ, რომ იოაკიმე ძალზედ მდიდარი და ყველაზე წარჩინებული იყო, რადგან წარმომავლობით სამეფო გვარიდან იყო. მითუმეტეს, რომ მას სახლის ახლოს ბაღიც ჰქონდა (დან. 13:5-6).

14. "შუადღისას, როდესაც ხალხი მიდიოდა, სუსანა სასეირნოდ შედიოდა თავისი ქმრის ბაღში. ორივე უხუცესი ხედავდა მას ყოველდღე მომავალს და მოსეირნეს და მის მიმართ გულისთქმა გაუჩნდათ" (დან. 13:7-8).

მაგრამ, ამბავი სუსანას შესახებ იუდეველ მღვდელმთავრებს წმიდა წერილში არ შეაქვთ, რადგან მათი თქმით ეს ყოველივე ბაბილონში არ მომხდარა. ცხადია, მათ რცხვენიათ იმისა, რაც მაშინ შეემთხვათ ერის უხუცესთ და ამავე დროს ვერც მამა ღმერთის განგებულებას გულისხმაყოფენ. მათ არ უწყიან, რომ წმიდა წერილი ყოველგვარი იქედნურობის გარეშე ააშკარავებს ყოველივეს. კერძოდ, იმ ადამიანთა მართალ საქმეებს, ვინც სრულყოფილებას მიაღწიეს, დასძლიეს ყოველი საცთური და სჯულის დასაცავად თავიც კი გასწირეს; და ყოველივე ამას წმიდა წერილი ააშკარავებს ერთის მხრივ იმისთვის, რათა ღმრთის მოშიშებმა მიბაძონ უფლის წმინდანებს და ცხონდნენ; ხოლო მეორეს მხრივ იმისთვის, რათა უსჯულოების მოქმედთ ყოველთვის თვალწინ ჰქონდეთ ის სასჯელები და კიცხევა რაც უღმრთოების მოქმედზე ღმრთისგან მოიწევს. მითუმეტეს, რომ ყოველივე, რაც მხცოვანთა გამო შეემთხვა სუსანას, ამჯერადაც აღესრულება ბაბილონის თავადთა მიერ. სუსანა ხომ ეკლესიის წინასახეა; იოაკიმე, ქმარი მისი - ქრისტესი; ბაღი, რომელიც მის სახლთან იყო წმინდანთა საკრებულო, რომლებიც ეკლესიაში ნაყოფიერ და მსხმოიარე ხეებივით ბრწყინავენ. ხოლო ბაბილონი ჩვენი წუთისოფელია. ორნი უხუცესნი, ორი ერის წინასახეს წარმოადგენენ, რომლებიც მრავალ მზაკვრობას იზრახავენ ეკლესიის წინააღმდეგ - ერთი ერი წინადაცვეთილთაგან არის, მეორე კი წარმართთაგან. ხოლო წერილის სიტყვები: "ხალხიდან იმ წელს ორი უხუცესი იქნა მსაჯულად დაყენებული" ნიშნავს, რომ ამ წუთისოფელშიაც მოქმედებენ და ბატონობენ მთავარნი, რომლებიც მართალთ უსამართლოდ განიკითხავენ.

15. ხოლო გამოთქმა: "ისინი ყოველდღე გულმოდგინედ დარაჯობდნენ (ბაღში მოსეირნე სუსანას), რომ დაენახათ იგი" (დან. 13:12), მიანიშნებს, რომ დღემდე, ყოველივეს რაც ეკლესიაში ხდება ყურადღებით აკვირდებიან წარმართები და იუდეველები, რომელთაც მარადის მომარჯვებული აქვთ ცილისწამებები, როგორც მოციქულიც ბრძანებს, "შემოპარულ ცრუ ძმებს კი, მალულად რომ შემოძვრნენ, რათა ეთვალთვალებინათ ჩვენი თავისუფლებისათვის, რომელიც გვაქვს ქრისტე იესოში, და ამრიგად, დავემონებინეთ" (გალატ. 2:4).

ზუსტად ასე, ბრძანებს წერილი, "ორივე უხუცესი ხედავდა მას ყოველდღე მომავალს და მოსეირნეს და მის მიმარრ გულისთქმა გაუჩნდათ. შერყვნეს თავიანთი გონება და თვალი მიდრიკეს, რათა ცისთვის არ ეყურებინათ და არ გაეხსენებინათ სამართლიანი მსჯავრი" (დან. 13:8-9).

და მართლაც, როგორც შეეძლოთ გაეხსენებინათ სამართლიანი მსჯავრი, ან წმიდა გულით ეყურებინათ ცისთვის მათ, ვინც გახდნენ ეკლესიის მტრები და დამანგრეველნი; ვინც დაემონენ "ამა ქვეყნის მთავარს" (იოანე 12:31; 1 კორ. 2:6).



იაკოპო ბასანო (Jacopo Bassano). სუსანა და უხუცესები

(Jacopo Bassano). Susanna and the Elders 1571 г. Musée des Beaux-Arts, Nimes


"ორივე მისდამი გულისთქმით იყვნენ შეპყრობილი, მაგრამ ერთმანეთს არ უმხელდნენ თავიანთ ჭირს. რადგან რცხვენოდათ, გაემხილათ თავიანთი გულისთქმა, რომ ქალთან შეერთება სწყუროდათ" (დან. 13:10-11).

ეს სიტყვებიც ჭეშმარიტია, რადგან სატანის მიერ წაქეზებული ორივე ხალხი (ანუ წარმართები და იუდეველები), გამუდმებით დევნიან ეკლესიას და მხოლოდ იმას ცდილობენ როგორმე წარწყმიდონ იგი, თუმც ამ დროს, ერთმანეთისადმი არც თანხმობა ამოძრავებთ და არც სიყვარული.

"ეუბნებოდნენ ერთმანეთს: შინ წავიდეთ, საუზმის დროაო. გარეთ გამოსულნი კი ერთმანეთს შორდებოდნენ. უკან მობრუნებულნი, კვლავ ერთმანეთს ხვდებოდნენ. ერთხელაც, როცა ერთმანეთს მიზეზი ჰკითხეს, გამოტყდნენ თავიანთ გულისთქმაში. მაშინ ერთად დათქვეს დრო, როდის შესძლებდნენ მის დამარტოხელებას" (დან. 13:13-14).

ის, რომ საუზმის დროს ერთმანეთს შორდებოდნენ, ხოლო უკან მობრუნებულნი კვლავ ერთმანეთს ხვდებოდნენ, იმაზე მიუთითებს, რომ მიწიერ საკვებთან მიმართებაში იუდეველები არ შეერევიან წარმართთ, მაგრამ მჭიდრო კავშირი გააჩნიათ ცოდნისა და ყოველგვარი პრაქტიკული მოგების განხრით.

"ერთხელაც, როცა ერთმანეთს მიზეზი ჰკითხეს, გამოტყდნენ თავიანთ გულისთქმაში" (დან. 13:14).

ზუსტად ასევე, წინდაწინ უწყიან წარმართებმა და იუდეველებმა, რომ ღმერთის წინაშე აგებენ პასუხს თავიანთი ცოდვებისთვის. როგორც სოლომონი ბრძანებს: "განკითხვამან უღმრთონი მოსრნეს" (იგავნი 1:32). მართლაც, ისინი თვითონ გაებმებიან თავიანთ ბოროტ განზრახვებში.

16. "როდესაც ისინი ხელსაყრელ დღეს ელოდნენ, სუსანა შევიდა ბაღში, როგორც გუშინ და გუშინწინ, მხოლოდ ორი მხევლის თანხლებით და ბაღში ბანაობა მოინდომა, რადგან სიცხე იყო" (დან. 13:15).

და რომელ ხელსაყრელ დღეს ელიან ქრისტეანული ეკლესიის წინააღმდეგ წარმართები და იუდეველნი თუ არა დღეს პასექისა, როდესაც "ბაღში"
(4) გამზადდება საბანელი მოწყლულთათვის (5) როდესაც ეკლესია სუსანას მსგავსად, დააპირებს განბანვის აღსრულებას, რათა წმიდა პატარძლად წარსდგეს ღმრთის წინაშე; როდესაც მისი თანხმლები რწმენა და სიყვარული, სუსანას თანმხლებ ორი ქალწულის მსგავსად, ზეთსა და ნელსაცხებელთ განუმზადებენ განბანვად განმზადებულთ. და რა შეიძლება იყოს ეს ნელსაცხებელი თუ არა ქრისტეს მცნებები? და რა შეიძლება იყოს ეს ზეთი, თუ არა ძალი სულისა წმიდისა? სწორედ ის ნელსაცხებელი და ზეთი, რომელთაც იცხებენ მორწმუნენი ნათლისღების შემდეგ, ანუ მირონი.

ეს ყოველივე სუსანას მიერ ჩვენს შესაგონებლად არის მოსწავებული, რათა ღმრთის მორწმუნენი არ გავუცხოვდეთ ყოველივე იმისგან რაც ხდება ეკლესიაში
(6), რადგან როგორც მოციქული ბრძანებს: "ყოველივე ეს ნიმუშად დაიდო მათთვის და დაიწერა ჩვენს შესაგონებლად, რომელთაც მივაღწიეთ ჟამთა დასასრულს" (1 კორინთ. 10:11).

ხოლო წერილის სიტყვები: "როდესაც ისინი ხელსაყრელ დღეს ელოდნენ, სუსანა შევიდა ბაღში, როგორც გუშინ და გუშინწინ, მხოლოდ ორი მხევლის თანხლებით და ბაღში ბანაობა მოინდომა, რადგან სიცხე იყო" ნიშნავს, რომ როდესაც ეკლესიას სურს მიიღოს ჩვეული სულიერი განბანვა, აუცილებელია მას თან ახლდეს ორი სათნოება (რწმენა და სიყვარული), როგორც სუსასანას ახლდა ორი ქალწული. რადგან სწორედ ქრისტესადმი რწმენით და ღმრთისადმი სიყვარულით განიბანება ეკლესია.

_________________________________

4. "ბაღად" აქ იწოდება ადგილი, სადაც ჩვეულებისამებრ ატარებდნენ ნათლისღებას. როგორც Bosius-ი მოწმობს (Romae Subterran. III, p. 432) ასეთი სახელწოდება გავრცელებული იყო პირველქრისტეანთა შორის.

5. იგულისხმებიან გველის მიერ მოწყლულნი, ანუ ცოდვილი ადამიანები, საზოგადოდ კი ცოდვა, რომელიც ჩამოირეცხება ნათლისღებით.

6. წმ. იპოლიტე გულისხმობს მისი დროის ქრისტეანული თემის ეკლესიურ-საზოგადოებრივ ცხოვრებას, რომელსაც დევნიდნენ წარმართი ხალხები და იმპერატორები.


_________________________________

გაგრძელება იქნება.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню