წინასწარმეტყველებანი - რუსეთი მეორედ მოსვლის წინ, ანუ... არშესრულებული წინასწარმეტყველებანი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

რუსეთი მეორედ მოსვლის წინ, ანუ... არშესრულებული წინასწარმეტყველებანი

წინასწარმეტყველებანი რუსეთზე

ავტორი: მღვდელი პეტრე ანდრიევსკი.

მოვლენებზე, რომლებიც სამყაროს აღსასრულს უსწრებენ წინ, წმიდა წერილიდან ვიცით. მაგრამ როდის აღსრულდებიან ისინი არ ვუწყით. ჩვენ არ ვიცით იმ მოვლენათა ვადების შესახებ, რომელზეც წინასწარმეტყველებდნენ უფალი იესუ ქრისტე და მისი მოციქულები. უფალმა ჩვენ ეს არ გაგვიხსნა (მათე 24:36). მოწაფეთა შეკითხვაზე: "შეკრებილნი კი ეკითხებოდნენ: უფალო, ნუთუ ამ ხანებში აღუდგენ სამეფოს ისრაელს? და უთხრა მათ: თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ" (საქმე 1:6-7). მაცხოვრის ეს სიტყვები გახლავთ პირდაპირი აკრძალვა სამყაროს აღსასრულის ჟამის დადგენის მცდელობისაც კი. ის, რომ ამ სამყაროს ისტორია დასრულდება, რომ სამყაროს აღსასრულის წინ სამწელიწად ნახევრის განმავლობაში მსოფლიოში გამეფდება ანტიქრისტე, - უეჭველია. მაგრამ როდის მოხდება ეს - დაფარულია ჩვენგან. სამყაროს აღსასრულის ჟამის დადგენა ყოველთვის იყო, არის და იქნება უნაყოფო და ფუჭი საქმე.

მაგრამ, სამწუხაროდ, მიუხედავად ყოველივე ამისა, ბოლო დროს სამყაროს აღსასრულის ჟამის დადგენის გზაზე, რომელსაც სათავე ადვენტისტებმა დაუდეს, მართლმადიდებელი "ნათელმხილველებიც" დადგნენ. ასე, მაგალითად, 1991 წელს ჟურნალში "Наш современник" (№ 9) გამოქვეყნდა ს. ფომინის მიერ შეკრებილი წინასწარმეტყველებანი რუსეთისა და მსოფლიოს მომავალზე სახელწოდებით: "ვისაც ყური აქვს სმენად ისმინენ..." ამ წინასწარმეტყველებაში ერთ ერთი ცენტრალური ადგილი ეპყრა 1992 წელს.

მღვდელმონაზონი პეტრონია (რუმინული სკიტე "პროდრომი", ათონის წმიდა მთა, 1989 წ.): "... 1992 წლის შესახებ წერდნენ და წერენ გამუდმებით, რადგან, როგორც ცნობილია, ამ წელს უ ნდა მოხდეს საერთო ბაზრის 12 ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური გაერთიანება... ამასვე ჩვენ დავუმატებთ იმ ფაქტს, რომ 1992 წლის შესახებ მსოფლიოში ვრცელდება ზოგიერთი წმიდა მამის, იერარქისა და ღირსი მამების: ნიფონტ კონსტანტინოპოლელის, ღირს. ნილოს ათონელის, კოსმა ეტოლოსის, საბა კოლიმნოსელის, კალენიკე ჩერნიკელის და სხვა, ადრე მცხოვრები მოსაგრეების შემაშფოთებელი წინასწარმეტყველებები" (Наш современник. 1991. № 9. С. 126).

მოდი, შევჩერდეთ ბუქარესტის ახლოს მდებარე ჩერნიკის მონასტრის იღუმენის, კალენიკეს წინასწარმეტყველებაზე. ერთხელ მოსაგრე მამამ თავისი მღვდელმთავრისგან მიიღო კურთხევა და თანხები წმიდა გიორგის კუნძულზე მონასტრის ასაშენებლად, თუმცა მშენებლობის დაწყებას არ ჩქარობდა, რამეთუ იმყოფებოდა ზოგიერთი წინასწარმეტყველების ზეგავლენის ქვეშ, რომელიც სამყაროს აღსასრულს ვარაუდობდა 1848 წლისთვის. ერთ ღამეს, როდესაც ღირსი კალინიკე ცისკრის მსახურებიდან თავის სენაკში ბრუნდებოდა დასასვენებლად ჩამოჯდა, უეცრად კალენიკე აღმოჩნდა ჩერნიკის მონასტრის მფარველის, წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედისა და დიდმოწამე გიორგის გვერდით, რომლებმაც დატუქსეს იგი მონასტრის მშენებლობის შეყოვნებისთვის. შიშით შეპყრობილი მამა პასუხობდა: "მომიტევეთ, ღმრთის წმიდანო, მაგრამ მე წავიკითხე ზოგიერთი წინასწარმეტყველება მომავლის შესახებ და დარწმუნებული ვიყავი, რომ 1848 წელს დადგებოდა სამყაროს აღსასრული". მაშინ წმინდანებმა მისი მზერა აღმოსავლეთს მიაპყრეს, სადაც დიდ და ნათელმოსილ პერგამენტზე დიდი ასოებით ეწერა: "7500 წელი ადამითგან". "ხედავ, - მიუგეს მას, - 1484 წელს კი არ იქნება სამყაროს აღსასრული, არამედ მაშინ, როდესაც აღსრულდება 7500 წელი ადამითგან".

ეს მონათხრობი დამაჯერებლად უარყოფს იმ ცრუ აზრს, რომელიც ბოლო დროს ვრცელდება სულიერი ლიტერატურის შემთხზველთა მიერ და, რომლებიც წმიდა ცხოვრების კაცებს ლამის ღმერთ-ნათელმხილველებად წარმოაჩენენ, რომელთაც გაცხადებიათ სამყაროს ბედ-იღბალი. მაგრამ ვაი, რომ წმიდა კაცთ არა თუ არ უწყიან მომავალი აღსასრულის ჟამი, არამედ თვითონაც იზიარებენ სხვათა ცთომილებებს. ასე, რომ როგორც კალინიკე დარწმუნდა იმაში, რომ 1848 წელს არავითარი მეორედ მოსვლა არ იყო მოსალოდნელი, ასევე დარწმუნდა 1992 წელს "Наш современник"-ში გამოკრებილი წინასწარმეტყველებების შემდგენელი, რომ ეს წელი არ გახდა სამყაროში ანტიქრისტეს გამეფების წელი. არადა წინასწარმეტყველება ამის შესახებ აკვირვებდა მკითხველთა წარმოსახვას. ვინმე მამა ანტონი (ჩერნოვი) დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც იმ დროს ბერძენ ძველმესტილე-სქიზმატებს ეკუთვნოდა, მოგვიანებით კი რუს "კატაკომბურ" ეკლესიას შეუერთდა, წერდა:

"... აი, უკვე მივუახლოვდით იმ პერიოდს, როდესაც არა თუ უფლება გვაქვს, არამედ მოვალენიც ვართ განვაცხადოთ, რომ ბოლო ჟამში ვცხოვრობთ, რადგან უკვე 1962 წელს ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტმა და დამაარსებელმა ბენ-გურიონმა ოფიცალურად განაცხადა, რომ დაიბადა "მაშიაყი" (მესია), რომელსაც "მთელი კაცობრიობა" ელის. იუდაური წინადაცვეთის დროს მას "წერილის მიხედვით" სახელად "ემმანუელი" უწოდეს, და რომ მშობელმა მამამ მას "მელეხი" შეარქვა (სიონის სისხლის მეფე). "წინასწარმეტყველბათა" მიხედვით, ეს "ემმანუელი", ანუ "მელეხი", ერთ რელიგიაში გააერთიანებს მთელს მსოფლიოს.

ამგვარად, "უსჯულოების საიდუმლო" უკვე ცხადი ხდება და "სიონური სისხლის მსოფლიო მეფის" მომავლის პროგრამაც განსაზღვრულია... წინასწარი მომზადება უკვე დაიწყო. ყველაფერი ფულის გაუქმებით დაიწყება, რომელიც დღეს უკვე მოქმედებს და მათ "ელექტრონული ფულით" შეცვლის. ერთადერთი დოკუმენტი იქნება ელექტრონული ბეჭედი შუბლზე და ხელზე. უკვე აშენებულია გიგანტური კომპიუტერი ბელგიაში, რომელშიც ინახება ყოველგვარი მონაცემი მსოფლიოს ნებისმიერ მოქალაქეზე; და ამ კომპიუტერს "მხეცი" უწოდეს... სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი მზადაა ანტიქრისტეს მისაღებად და აი, ისიც გააცხადეს. მისი მოსვლა, თუ უფალი არ შეიწყალებს კაცობრიობას, "უსჯულოების საიდუმლო" 1992 წლისთვის გეგმავს, როდესაც მას შეუსრულდება 30 წელი" (იქვე 128 - 129).

მამა ანტონის წინასწარმეტყველება არ აღსრულდა და არც შეიძლებოდა რომ აღსრულებულიყო. ანტიქრისტე მსოფლიოში მოვა მაშინ, როდესაც ამას ღმერთი დაუშვებს, და არა მაშინ, როდესაც ამას ისრაელის პრეზიდენტი გამოაცხადებს.

ამგვარად, წინასწარმეტყველებებისდა მიუხედავად 1992 წელი არ გახდა ანტიქრისტეს გამეფების წელი. ეს ფაქტია, თუმცა ამან სულაც არ შეაცბუნა წინასწარმეტყველებათა შემგროვებელი ს. ფომინი და 1993 წელს უკვე მთელს წიგნს გამოსცემს, რომელიც სავსეა წინასწარმეტყველებებით. ამ წიგნის სახელწოდებაა: "Россия перед Вторым Пришествием", სადაც თავში "გადაწეული დროება" წერს:

"მართლმადიდებლური რუსეთის ისტორიაში საკმაოდ ნიშანდობლივია "ანტიქრისტეს რიცხვის წელი" – 1666. მისი შემობრუნებული ვერსია 1999 არც ისე შორსაა. 1992 წელსაც გააჩნდა თავისი დანიშნულება, და შესაძლოა არცთუ სახარბიელო ამქვეყნად მცხოვრებ მართლმადიდებელთა სასოებისთვის" (Россия перед Вторым Пришествием / Сост. С. Фомин. Издание Свято-Троицкой Сергиевой лавры, 1993. С. 257).

ამ სტროფების ავტორისთვის რუსეთის ეკლესიის ძველმოწესეობრივი განხეთქილების მიზეზი გახდა სწორედ 1666 წელი; თურმე განხეთქილება იმიტომ მოხდა, რომ იმდროინდელი სამყარო "ანტიქრისტეს რიცხვში" შევიდა. ავტორის აზრით, რიცხვი 1999 წელი - "ანტიქრისტეს რიცხვის გადმობრუნებული ვერსიაა" და მანაც გარკვეული ზეგავლენა უნდა იქონიოს მსოფლიოს მომავალზე, 1992 წელსაც ჰქონდა თავისი, განსაკუთრებული დანიშნულება, თუმცა გაურკვეველია ამ დანიშნულების არსი.

უარვყოფთ რა ამ პითაგორულ და ერთდრულად კაბალისტურ ცრუსწავლებას, რომლის მიხედვითაც თურმე რიცხვები რაღაცნაირად ახდენენ ზეგავლენას ადამიანთა და და მსოფლიოს ბედზე, აღვნიშნავთ, რომ 1992 წლის წინა და მომდევნო წლებმა მაინც მოახდინა გარკვეული ზეგავლენა ზოგიერთ მართლმადიდებელ ქრისტეანზე. რა თქმა უნდა, ზეგავლენა მოახდინეს არა წლებმა, არამედ ამ წლებთან დაკავშირებულმა "წინასწარმეტყველებებმა" სამყაროს აღსასრულის შესახებ
(აქ გვახსენდება ჩვენი თანამემამულის, ოფიციალური ეკლესიის მღვდლის, არჩილ მინდიაშვილის გამოსვლები ქართულ პრესაში, სადაც ის აქტიურად ქადაგებდა 1992 წლის მოახლოებასთან დაკავშირებით და მკითხველებს სთავაზობდა სწორედ პეტრონიასა და კალინიკეს ხილვებს. ასევე ნუმეროლოგიურ წინასწარმეტყველებას, რომელიც გვხვდება ათონელი ბერის ნილოს მირონმდინარის "გამოცხადებაში" - რედ.). და თუ მსოფლიო ჯერ კიდევ დგას და ელოდება თავის აღსასრულს, ნიშნავს, რომ ანტიქრისტე სადაცაა უნდა შემოვიდეს სამყაროში.

მსოფლიოში ანტიქრისტეს ამგვარი ძიება შეუძლებელი იყო არ დამთავრებულიყო მისი ამქვეყნად შემოსვლის ნიშნების კერძოდ, ანტიქრისტეს "ბეჭდის" გავრცელების "აღმოჩენით". სამყაროს ბედზე რიცხვების ზეგავლენის კაბალისტურმა ცრუსწავლებამ, სამყაროს აღსასრულის მოახლოებაზე წინასაწარმეტყველებებთან ერთად, მართლმადიდებელ ქრისტეანთა ერთ ნაწილში ჩამოაყალიბა აუწერელი შიში საგადასახადო ნომრებთან მიმართებაში, რომლებშიც თითქოსდა მოცემულია "ანტიქრისტეს რიცხვი" - 666. ერთ ერთი პროკლამაცია, რომელსაც შტრიხ-კოდების მოწინააღმდეგე მებრძოლები ავრცელებენ, დამშვენებულია მრავალმნიშვნელოვანი მონოგრამით: "1999 – 6661 – 199 უკანასკნელი წელიწადი".

"რა გადაგვხდება თავს მომავალში? ეს კითხვა, ალბათ, ყველა ჩვენთაგანს აღელვებს. რა მოელის ჩვენს სამშობლოს? ეს კითხვა გულგრილს არ უნდა ტოვებდეს რუსეთის არც ერთ მოქალაქეს", - წერს წიგნის: "Россия перед Вторым Пришествием" წინასიტყვაობაში იღუმენი ისაია (ბელოვი). მაგრამ თუ ვინმემ წიგნი იმ მიზნით იყიდა, რათა შეეტყო რუსეთის მომავალი, ძლიერ შეცდა. მამა ისაიასვე აღიარებით, "წიგნში შეიძლება შევხვდეთ არათანხვედრილ, ზოგჯერ კი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს ერთსა და იმავე საკითხზე". და ეს არც არის გასაკვირი, რადგან სტატიები ხომ მექანიკურად არის გამოკრებილი. ავტორი არ ეკითხება საკუთარ თავს: ამა თუ იმ მოსაგრის მიერ გამოთქმული წინასწარმეტყველება ღმრთის გამოცხადებაა თუ მათი საკუთარი მოსაზრებანი? სიტყვებით: ასე ბრძანებს უფალი, ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველები არ მალავდნენ მსმენელთაგან იმ ჭეშმარიტებას, რომ ეს წინასწარმეტყველებანი მათი წარმოსახვის ნაყოფი კი არა, ღმრთისგან მიღებული გამოცხადებები იყო. მაგრამ როდესაც კალინიკე და ბარსონუფი ოპტინელი საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ სამყაროს აღსასრულის ან მსოფლიოში ანტიქრისტეს გამეფების შესახებ, ეს ვარაუდები არ შეიძლება განვაკუთვნოთ წინასწარმეტყველებებს, რამეთუ თვით ეს მოსაგრენი მათ ღმრთისგან მიღებულ გამოცხადებად არ აცხადებდნენ
(1).

ეკუთვნით თუ არა სინამდვილეში ესა თუ ის წინასწარმეტყველებები პიროვნებებს, რომელთა სახელთანაც არიან ისინი დაკავშირებულნი? რამდენად სწორად მოაღწიეს მათ ჩვენამდე? კრებულის ავტორი არც ამ კითხვებს აყენებს. მეკატაკომბეთა მიერ რევოლუციის შემდეგ შედგენილი "იოანე კრონშტადტელის ხილვა" მსოფლიოში ანტიქრისტეს გამეფების შესახებ, იოანე კრონშტადტელის ავტორობასთან დაკავშირებით ეჭვს ტოვებს. ტროიცკო-სერგიევის ლავრის ერთ ერთ მოძღვართან საუბრისას ლავრის მოძღვარმა აღიარა, რომ იოანე კრონშტადტელის "წინასწარმეტყველება" ანტიქრისტეს გამეფების შესახებ არ შესრულდა. კი მაგრამ, რატომ, თუკი ეს წინასწარმეტყველება ღმრთის გამოცხადებაა? ის არ შესრულდა იმიტომ, რომ არ ეკუთვნის წმინდანს
(2).

რევოლუციამდე ამ "წინასწარმეტყველების" შესახებ არავის სმენოდა. ასევე აღვნიშნავთ, რომ იოანე კრონშტადტელის თხზულებათა სრულ კრებულში ასეთი წერილი არ მოიპოვება, არც ხელნაწერთა უმსხვილეს არქივებშია რაიმე მსგავსი მოპოვებული. უეჭველია, რომ ეს "ხილვა" რევოლუციამდე რომ ყოფილიყო, ისეთი ცნობილი საეკლესიო მწერალი, როგორიც ს. ნილუსი იყო, აუცილებლად დაიმოწმებდა მას თავის წიგნებში
(3).

ამდენად, სრულიად უაზროა იმის გამოვლენა, რომელი ხელნაწერიდან არის აღებული ეს აპოკრიფული "წინასწარმეტყველება", რომელიც ხელიდან ხელში გადადის და რომელია მათგან უტყუარი. წმინდანთა (იგულისხმება ოფიციალური ეკლესიის მიერ კანონიზებული "წმინდანები" - რედ.) ჩვენამდე მოღწეული წინასწარმეტყველებების საკითხი ძალზედ მნიშვნელოვანია. მათი წინასწარმეტყველებების უმეტესმა ნაწილმა ჩვენამდე სხვა პირთა გადმოცემით მოაღწია. ხომ არ არის აქ დაშვებული ჩანამატები ან პირდაპირი გაყალბებანი? სამწუხაროდ, ასეთი რამ არც თუ იშვიათად ხდება. აი მაგალითი: კრებულის შემდგენელს, ს. ფომინს მოჰყავს არქიეპისკოპოს თეოფანეს (ბისტროვი) სიტყვები:

"თქვენ მეკითხებით უახლოესი მომავლისა და ბოლო ჟამის შესახებ. მე ჩემით არაფერს ვამბობ, არამედ მხოლოდ მხცოვანთა გამოცხადებებს გამცნობთ. მათ კი გადმომცეს შემდეგი: ანტიქრისტეს მოსვლა ახლოვდება... მის მოსვლამდე წლებია დარჩენილი, უკიდურეს შემთხვევაში ათწლეულები. მაგრამ ანტიქრისტეს მოსვლამდე ჯერ რუსეთი უნდა აღსდგეს, - სავარაუდოდ მცირე დროით. რუსეთში მეფე უნდა იკურთხოს, რომელსაც თვით უფალი აირჩევს. ის იქნება მხურვალე რწმენის, დიდი გონებისა და რკინისებრი ნებისყოფის მქონე ადამიანი. აი ყოველივე, რაც მის შესახებ არის გამოცხადებული. მაშ, დაველოდოთ ნაუწყების აღსრულებას. მრავალი ნიშნის მიხედვით, ესეც ახლოვდება, თუ ჩვენი ცოდვების გამო არ გადადებს უფალი გამოცხადებულის აღსრულებას და არ შეცვლის იმას, რასაც დაპირებულია. ღმრთის სიტყვის თანახმად ასეც შეიძლება მოხდეს" (იქვე. გვ. 322).

სქოლიოში ს. ფომინს, როგორც თვითონ ამბობს, "მოტანილი წინასწარმეტყველების უაღრესი მნიშვნელობიდან გამომდინარე" მოჰყავს იგივე წინასწარმეტყველების სხვა ვარიანტი, რომელიც მცირედით თუ განსხვავდება უკვე დამოწმებულისგან. რა თქმა უნდა, ძნელია იმისი თქმა, რამდენად ზუსტად გადმოსცა მან მხცოვანთა წინასწარმეტყველებანი და თანაც, ვინ იყვნენე ეს მხცოვნები, უკიდურეს შემთხვევაში, დიდია შესაძლებლობა იმისა, რომ მოცემული ვარიანტები მეტად ახლოს იყოს არქიეპისკოპოს თეოფანეს სიტყვებთან. მაგრამ "Имперский вестник"-მა, კარლოვაცკელ არქიეპისკოპოს ამბერკიზე (ტაუშევი) დაყრდნობით გამოაქვეყნა არქიეპისკოპოს თეოფანეს წინასწარმეტყველების კიდევ ერთი ვარიანტი:

"ჩემით როდი ვამბობ, რაც ღმრთითშთაგონებულ მცხოვანთაგან გამიგია იმას გამცნობთ... უფალი შეიწყალებს რუსეთს ჭეშმარიტ მორწმუნეთა ნატამალის გამო. მხცოვნები ამბობდნენ, რომ რუსეთში, ხალხის ნებით აღსდგება მონარქია, თვითმპყრობელური ძალაუფლება. უფალმა აირჩია მომავალი მეფე, ეს იქნება მხურვალე რწმენის, გენიალური გონებისა და რკინისებრი ნებისყოფის მქონე ადამიანი. ის ჯერ მოაწესრიგებს მართლმადიდებელ ეკლესიას, განდევნის ყველა სიცრუის მოქმედ, მწვალებელსა და ნელთბილ მღვდელმთავარს. და მრავალნი, ძალზედ მრავალნი, მცირედი გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველანი იქნებიან გადაყენებულნი, ხოლო ახალი, ჭეშმარიტი და შეურყეველი მღვდელმთავრები დაიკავებენ მათ ადგილს. დედის მხრიდან ის იქნება რომანოვთა შთამომავალი. რუსეთი გახდება მძლავრი სახელმწიფო, თუმცა მცირე დროით... შემდეგ კი მსოფლიოში შემოვა ანტიქრისტე მთელი თავისი საშინელებებით, რომელიც აღწერილია აპოკალიფსისში" (Имперский вестник. 2000. № 52 (октябрь). С. 5).

ძნელი არ არის დანახვა იმისა, რომ არქიეპისკოპოს თეოფანეს ეს ბოლო ვარიანტი არსებითად განსხვავდება წინა ორი ვარიანტისგან. აღმოჩნდა, რომ რუსეთის მომავალი მეფის უპირველესი მოქმედება შეეხება ეკლესიის უღირს მოძღვრებს და დამთავრდება თითქმის ყველა მღვდელმთავრის განდევნით. რომელიღაც მხცოვნების პირით ირიბად ადასტურებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა არაჭეშმარიტებას. ვინ და რისთვის შეცვალა არქიეპისკოპოს თეოფანეს სიტყვები? პასუხი ცხადია. ჩვენი ეკლესიის მღვდელმთვართა არაჭეშმარიტებაზე კარლოვაცკელი ღვთისმეტყველების მიერ ათობით თხზულებაა დაწერილი. მაგრამ ერთია თეორიული განსჯა, და სხვა - წინასწარმეტყველური სიტყვა, რომლის მიმართაც მრავალ მართლმადიდებელ ქრისტეანს გააჩნია თითქმის მისტიკური ღვთისმოშიშება, რომელიც ეჭვის აჩრდილსაც კი გამორიცხავს ამ წინასწარმეტყველებათა ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით.

მომავლის წინასწარმეტყველება მართლმადიდებლებში ცხოველ ინტერესს იწვევს; მათ შეუძლიათ უდიდესი ზეგავლენა მოახდინონ მორწმუნის მსოფლმხედველობასა და ადამიანთა ყოველდღიურ ქცევაზე. ამიტომაც, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ზოგიერთ მოღვაწეს უჩნდებოდა სურვილი საჭირო სიტყვები მიეწერა ამა თუ იმ მოსაგრისთვის. ჩვენამდე მეათე შუამავლების მეშვეობით მოღწეული წინასწარმეტყველებების ბრმად მიდევნება და მათი მიხედვით ქრისტეანული ცხოვრების მოწობა გახლავთ უგუნურების მწვერვალი. ძველ პატერიკში არის მაგალითი, როგორ მსჯელობდნენ ერთად შეკრებილი ღმერთშემოსილი მამები სათნოებების შესახებ: რომელია მათგან ყველაზე დიდი? არჩევენ რა სათნოებებს ერთი მეორის მიყოლებით, ისინი ამგვარი უპირატესობის მქონედ არცერთ სათნოებას არ მიიჩნევენ, მათ შორის წინასწარმჭვრეტელობის ნიჭსაც. ასობით ათასიანი ტირაჟით გავრცელებული წიგნი "Россия перед Вторым Пришествием", რომელიც უმოკლეს ვადაში გაიყიდა და კიდევ რამოდენიმეჯერ გამოიცა, მოწმობს, რომ თანამედროვე მართლმადიდებელ ქრისტეანებს არ ჰყოფნით სათნოებები, რომელსაც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ წმიდა მამები.

შენიშვნა: ხსენებულ წიგნში არსებობს მართლმადიდებლური სარწმუნოების საწინააღმდეგო მტკიცებულებაც. კერძოდ, წიგნის შემდგენელი ირწმუნება, რომ 1917 წელს პორტუგალიის ქ. ფატიმში მომხდარი ღვთისმშობლის გამოცხდბა იყო ჭეშმარიტი.

_________________________

1. ვფიქრობთ, აქ კრიტიკის ავტორი ცდილობს მისი ეკლესიის წმინდანების გამოყვანას უხერხული სიტუაციიდან, რადგან კალინიკეს "ხილვაში", სადაც მას წმ. ნიკოლოზი და წმ. გიორგი უცხადებენ მეორედ მოსვლის თარიღს, სხვა რა უნდა ვიგულისხმოთ თუ არა გამოცხადება? - რედ.

2. ავტორი აქაც ცდილობს თავისი ეკლესიის "წმინდანების" გამართლებას. არსებობს არა მარტო იოანე კრონშტადტელის, არამედ სხვა, რევოლუციამდელი და რევოლუციის შემდგომდროინდელი მოსაგრეების (მაგ.: ოპტინელი ბერების) მრავალრიცხოვანი წინასწარმეტყველებები ანტიქრისტეს შემოსვლის შესახებ. ერთ ერთი ბერი თავის სულიერ შვილს იმასაც კი ეუბნება, რომ ისინი მოესწრებიან ანტიქრისტეს. ამ წინასწარმეტყველებებზე დაფუძნებით ერთმა სასულიერო პირმა სხვა დასკვნის გაკეთება ვერ შესძლო თუ არა იმისა, რომ ანტიქრისტე, რომელსაც სამყაროს აღსასრულის წინ უნდა მოელოდნენ, არის ლენინი. სხვა კანდიდატურა უბრალოდ არ არსებობს, თუ არა და, როგორც სრულიად ლოგიკურად ასკვნის თხზულების ავტორი, ოფიციალური ეკლესიის "წმინდანები" თავიანთ "წინასწარმეტყველბებში" უბრალოდ ცდებოდნენ, ან მზაკვარი დემონების მიერ იყვნენ მოტყუებულნი - რედ.

3. ამგვარი "ვარაუდები" ნაკლებად ამართლებს იოანე კრონშტადტელს. ვარაუდების დონეზე შეიძლება დავუშვათ, რომ ოფიციალურმა ეკლესიამ შეგნებულად არ შეიტანა მის თხზულებებში იოანე კრონშტადტელის ყალბი წინასწარმეტყველებები, რადგან ეს მნიშვნელოვან ჩრდილს მიაყენებდა მის სახელს, რომელიც, სხვათა შორის, ხელოვნურად შეუქმნეს. ასევე გადამალავდნენ მის ხელნაწერებს "უმსხვილეს არქივებში". იოანე კრონშტადტელის, ამ ცრუწმინდანის მსგავსი კომპრომეტაცია მეტად არამომგებიანი იქნებოდა ოფიციალური ეკლესიისთვის. ასე, რომ ავტორის ეს პოზიცია სრულიად გასაგებია. რაც შეეხება ნილუსს, ალბათ ის ხვდებოდა თუ რამდენად ცდებოდა თავის "წინასწარმეტყველებაში" იოანე კრონშტადტელი და არ შეეხო მას, რათა არ დაეკნინებინა მისი სახელი - რედ.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню