წინასწარმეტყველებანი - ამბავი მეფისა მამერისა და 12 საშინელი სიზმრისა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ამბავი მეფისა მამერისა და 12 საშინელი სიზმრისა

წინასწარმეტყველება

სიტყვა შახაიშის (შაჰინშაჰის) თორმეტ სიზმარზე. მკვლევართა აზრით ამ ძეგლის თავწყარო აღმოსავლურია, თუმცა დაბეჯითებით უცნობია მისი წარმომავლობა. არსებობს ვარაუდი, რომ ეს თხზულება სამხრეთსლავურ ქვეყნებში ან ბიზანტიიდან შევიდა, საიდანაც რუსეთშიც გავრცელდა, ან კიდევ უშუალოდ გადაითარგმნა აღმოსავლური ორიგინალიდან. ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის (მაგალითად. ა. ნ. ვესელოვსკი მიიჩნევს, რომ ძეგლის წყარო აღმოსავლური ორიგინალია, ხოლო ა. ი. სობოლევსკი თვლის, რომ ის გადმოთარგმნილია ბერძნულიდან (Соболевский А. И. Переводная литература Московской Руси XIV–XVII вв. СПб., 1903, с. 436). ვ. მ. ისტრინი თარგმანის წყაროს დალმატიის სანაპიროს მიიჩნევს (Истрин В. М. Исследования в области древнерусской литературы. СПб., 1906, с. 224). ასევე გაურკვეველია ამ ძეგლის გამოჩენა რუსულ ნიადაგზე. ვარაუდობენ, რომ რუსეთში ის დაახლ. XIII-XIV საუკუნეებში გაჩნდა. სიტყვა "შახაიშის თორმეტი სიზმრის შესახებ" მოღწეულია ორი რედაქციით. მრავალ ხელნაწერში ის მეფე მამერად იწოდება. ხოლო იმ ხელნაწერებში, სადაც მეფეს სახელი - შახაიშია, მამერი იმ ფილოსოფოსის (ქრისტეანის) სახელია, რომელმაც მეფეს სიზმრები განუმარტა.

ქრისტეს შობიდან 835 წელს დიდი ასურეთის ქალაქ ირინეაში ცხოვრობდა ხელმწიფე მამერი; მეფემ იხილა 12 საშინელი სიზმარი, რამაც დიდად შეაძრწუნა. ძილისგან აღდგომილმა ფილოსოფოსთა და ბრძენკაცთ მოუხმო, რათა აეხსნათ მისი ხილვანი, მაგრამ ამაოდ - ვერავინ შესძლო ღვთის საიდუმლოთა ამოცნობა.



დამწუხრებულ მეფეს ღმრთის სულით განბრძნობილი ქრისტანი, ფილონი ეწვია და უთხრა: "ეჰა, მეფეო, მაუწყენ ხილვანი შენნი, რომელნი იხილენ".

და იწყო მეფემ თავისი სიზმრების თხრობა:

სიზმარი პირველი



ხელმწიფემ ბრძანა: ვიხილე დიდი სვეტი, რომელზეც მტრედი შემომჯდარიყო; უეცრად სვეტი დაიშალა, მტრედი კი ცად აიჭრა. ამის შემდეგ ყორანი მოფრინდა და ოქროს აკენკვა იწყო, მის შორიახლო მხეცნი ბრდღვინავდნენ და გველნი სისინებდნენ.

ქრისტეანმა უთხრა: ეს შენი მეფობისას არ მოხდება, მეფეო, არამედ ბოლო ჟამს, მერვე ათასწლეულის დასაწყისს აღსრულდება შენი ხილვა. წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა ბრძანა, რომ ბოლო ჟამს მძვინვარე და სასტიკი დროება იქნება მთელს დედამიწაზე. კაცნი უსამართლონი და უმოწყალონი გახდებიან, არც კეთილი აზრი ექნებათ და არც ღმრთის შიში და მოკრძალება. უფლის მცნებებს არ დაიცავენ და ყველანი ერთურთს შეიძულებენ. იქნება დიდი შიში და არეულობა. კაცთა სისხლი წყალივით დაიღვრება და დიდი გოდებით იგოდებენ სულიერნი, როგორც გვაუწყებს სახარება: "და იქნება მაშინ, რომ ერი აღსდგება ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ; მთავარი აუმხედრდება მთავარს, ბატონი მონას, მონა კი - ბატონს. მცხოვანი მცხოვანს არ დაინდობს და მეზობელი მეზობელს. მამა გასწირავს შვილს და შვილი მამას, დედა ქალიშვილს თვისას და ძმა ძმას აღუდგება იმ დროს.



ადამიანები იქნებიან ცრუნი და სიმართლე, როგორც მტრედი ცისკენ აიჭრება; სიტყვით კეთილნი იქნებიან, გულით კი იზრახვენ ბოროტს; სხვებს ქრისტეს მცნებებით დამოძღვრავენ, თავად კი უკეთურნი იქნებიან; ბრძენთა და განათლებულთა შორის ლოთობა და ბილწსიტყვაობა გავრცელდება; მოსწავლენი მოძღვრებზე უფრო ბრძენნი იქნებიან. დიდი ღრუბელი ჩამოაწვება მაშინ მთელს ქვეყანას; ბუნებითნი წესნი დაირღვევიან, ზაფხული ზამთრად და ზამთარი - ზაფხულად შეიცვლება. უეცრად აცივდება ზაფხულს და შუა ზამთარს ხვატი დადგება; და იქნება მაშინ, რომ აერევათ ჟამი და როდის რა დასთესონ არ ეცოდინებათ. თავიანთი უკეთურობისა და უსამართლობის გამო მრავალს დასთესენ და მცირეს მოიმკიან; მზე გაფერმკრთალდება და მთვარე შეიცვლება, ვარსკვლავნიც იცვალვიან. კუდიანი ვარსკვლავი გამოჩნდება და საშინელი ქუხილნი და ელვანი შეაძრწუნებენ ქვეყანას; მიწა შეიძვრება და მრავალი ქალაქი დაინგრევა; დიდი სიკვდილიანობა იქნება კაცთა შორის, პირუტყვი განადგურდება, ხეები გახმებიან, დაწყდება თევზი და ყოველი მცენარეული შემცირდება; საბოლოოდ კი ეს ქვეყანაც განილევა.


სიზმარი მეორე


და სთქვა ხელმწიფემ მეორე სიზმარი: ვიხილე, ჩემს თვალწინ, ზეცად, ფრიად საშინელი, მუცელგამობერილი და შიშველი სხეული გადმოკიდულიყო.

ქრისტეანმა მეფეს მიუგო: როდესაც ის ბოროტი ჟამი მოიწევს, უცნაურად, უაზროდ და უცხოდ შეიმოსებიან კაცნი და იქნებინა, როგორც შიშველნი. წინასწარმეტყველი ანგია ბრძანებს:

"განვსჯი მათს დიდებულებს, უცხო სამოსელით რომ შემოსილან" (ანგია). უხამს და გარყვნილ ჩაცმულობას მარტივი გონების მესაკუთრეთა საცთუნებლად შეიყვარებენ დედაკაცნი და ყოველნი ამ გარყვნილებით მოიხიბლებიან. მდიდარნი და მუცელღმერთნი ღარიბთა და მაშვრალთ შეიძულებენ, ხოლო ამქვეყნიური დიდებით მოსილთა და მდიდართ საკუთარ ნათესავებზე უმეტეს პატივს მიაგებენ.


სიზმარი მესამე



და თქვა ხელმწიფემ მესამე სიზმარი: "ერთ თოკზე სამი ერთნაირად ადუღებული ქვაბი იყო ჩამოკიდული. პირველ ქვაბში ქონი იხარშებოდა, მეორეში - ზეთი, ხოლო მათ შუა გამოკიდებულ მესამე ქვაბში, - წყალი. ზეთი ქონში გადადიოდა და ქონი ზეთში, წყალში კი მათგან მისხალიც არ ეწვეთებოდა".

მიუგო ქრისტეანმა: იმ უკანასკნელ ჟამს მდიდართა შორის ღატაკნი და უპოვარნიც იცხოვრებენ. დიდ პატივს მიაგებენ ერთურთს მდიდარნი. ერთმანეთს მდიდრულ სუფრებზე მიიწვენენ, მშივრებსა და გლახაკთ კი სუფრის ნარჩენებსაც არ აღირსებენ. იქნებიან მევახშენი და გაწუწურაქებულნი. ღარიბს საკუთარი ნათესავებიც კი მოიძულებენ.




სიზმარი მეოთხე


და თქვა ხელმწიფემ მეოთხე სიზმარი: ვიხილე ჭაკი ვირი, - უყვიროდნენ და აგინებდნენ, ის კი, დამშეული, ბალახს ძოვდა, ირგვლივ შვილები შემოსდგომოდნენ და ლოკავდნენ.

ქრისტეანმა მიუგო: იმ საშინელ და უკანასკნელ ჟამს დედანი ანგარებით შეპყრობილნი იქნებიან და შვილებს სამეძაოდ გაიმეტებენ; და დას წააქეზებს სამეძაოდ, რძალი - რძალსა და თავადაც მიეცემინა გარყვნილებას. იმ დროს შვიდწლიანთა შორისაც კი არ იქნებიან უბიწონი, რამეთუ ყოველნი გაიხრწნებიან და ეს წუწურაქნი გარყვნილ და მრუშ ცხოვრებას შეიყვარებენ.

საკუთარ ცოლებს განიოტებენ მამაკაცნი და თანამეცხედრედ მეძავთაგან აიყვენენ; ყურს არ დაუგდებენ მამებს და არც დედათა შეგონებებს შეისმენენ; თავიანთ ცოლთა ჭკუაზე მავალნი, მათვე მიბაძავენ. ათასიდან ერთი დედაკაცი და ხუთასიდან ერთი მამაკაცი თუ აღმოჩნდება შეურყვნელი იმჟამად.


სიზმარი მეხუთე


და თქვა ხელმწიფემ მეხუთე სიზმარი: ვიხილე მელა სკორეზე გაწოლილიყო და თავის ლეკვებს უყეფდა, ხოლო ლეკვნი მას უყებდნენ.

ქრისტეანმა მიუგო: მშობელნი თავიანთ შვილთა კეთილად დამოძღვრას შეეცდებიან, ხოლო შვილნი არ დაემორჩილებიან. უფლის მცნებას: "პატივი ეც დედასა შენსა და მამასა შენსა", დაივიწყებენ. გაკიცხავენ მშობელთ პირმშონი და ეტყვიან: "სულელნო, უგუნურნო და უგულისხმონო! დიდხანს იცხოვრეთ და გამოშტერდით, ჩვენ ჩვენი ჭკუით გვინდა ცხოვრება". მშობლებზე მეტად ცოლებს მიაგებენ პატივს, მათი შემხედვარე მშობლები კი ატირდებიან.


სიზმარი მეექვსე


და თქვა მეფემ მეექვსე სიზმარი: ერთ ქვეყანაში დიდი შიში და შეძრწუნება ვიხილე; აქ მრავალი მძვინვარე, საშინელი, ორთავა და სამფეხა მხეცი გამრავლებულიყო. თავებზე გვირგვინები ედგათ, ხოლო თავად ენაგადმოგდებულნი ხტუნაობითა და კოჭლობით მიმოდიოდნენ. თავებს უცნაურად აქიცინებდნენ, ბალახს გლეჯდნენ, ხეებს კორტნიდნენ, ბრჭყალებით კი მიწას თხრიდნენ და საშინლად აღრენილნი კაცთა შეჭმას ლამობდნენ. უეცრად, ცეცხლი გარდამოხდა ზეცით და შთანთქა ისინი. მათი გვირგვინები კი დანახშირდა.

ქრისტეანმა მეფეს მიუგო: გამხეცდება კაცთა მოდგმა, მეფეო. ბოროტნი ღვთისმოსავთა შეჭმას დააპირებენ და მართალთ სასიკვდილოდ გაიმეტებენ. ორთავიანი მხეცნი რომ იხილე, მატყუარა ვაჭრები და ცილისმწამებლები არიან, ხოლო კოჭლი სამთავიანი მხეცი მოგვთა, ჯადოქართა და მატყუარათა სახეა; მრავალთ აცთუნებენ ისინი, მიეახლებიან მათ კაცნი და შემწეობას მოთხოვენ, ხოლო ღმრთის სასოებას სრულიად დაუტევებენ. ვაჭარნი სიცრუითა და მლიქვნელობით ივაჭრებენ და საკუთარ სულთა წარსაწყმედად გამდიდრდებიან, რამეთუ, სიხარბით აღძრულნი, მრავალ ჭირს შეამთხვევენ უპოვართ. მაშინ იქნება, რომ ამგვარი უსამართლობით შეჭირვებულნი უპოვარნი შეჰღაღადებენ უფალს. შეისმენს ღმერთი მათ ვედრებას და მაჭირვებელთ წარსწყმედს: ღვთისმოსავნი ბოროტეულთა მოსაქცევად გამოითხოვენ წყალობას ღვთისგან და სიმართლე დაისადგურებს ქვეყანაზე მცირე ხნით".



სიზმარი მეშვიდე


და თქვა მეფემ მეშვიდე სიზმარი: ნეხვში ჩაფლული მღვდელი ვიხილე, შველას ითხოვდა გამწარებული, მაგრამ შემწე და ამ მწვირედან მისი ამომყვანი არავინ იყო.

ქრისტეანმა მიუგო: მღვდელნი გაწუწურაქდებიან და ღვთის სჯულს დაარღვევენ; სხვას ღვთის მცნებებს ასწავლიან, თავად კი არას დაგიდევენ; სხვას მძიმე ტვირთს აჰკიდებენ, თავად კი თითს არ გაანძრევენ, წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ: "მწყემსთა მრავალთა შერყვნეს ვენახი ჩემი"; და კიდევ: "დაუტევეს მღვდელთა გზაი ჩემი". სულიერ შვილებს ფულისა და მონაგებისთვის დამოძღვრავენ და მუცელღმერთობას მიეცემიან. კაცთა წინაშე ქედდადრეკილნი, არა მოციქულთა და წმ. მამათა განწესებათაებრ, არამედ კაცობრივი შიშით შეპყრობილნი განუტევებენ ცოდვებს. მიიღებენ შესაწირავს უღირსთაგან: მემთვრალეთ, ქურდებს, ყაჩაღებს, ცილისმწამებელთა და მათ მსგავს დაემწყალობებიან, ამიტომაც, მათთან ერთად გაიზიარებენ სამარადისო სასჯელს.


სიზმარი მერვე


და თქვა მეფემ მერვე სიზმარი: ვიხილე წითელი ცხენი, რომელიც ფრიად ბევრ ბალახს ძოვდა, ორი ხორხი ჰქონდა ამ ცხენს.

ქრისტეანმა მიუგო: იმ ჟამს უსამართლობა და ბოროტი კანონი დამკვიდრდება. დიდებულნი ამპარტავნებასა და სიამაყეს მიეცემიან; მსაჯულნი უმოწყალონი იქნებიან. მექრთამეობის სული შეიპყრობს ყოველივეს. უსამართლო მსჯავრს განაჩენენ სარგებლისთვის; შიშის გამო გაამართლებენ მდიდართ, უპოვართა და დავმდაბალთ კი დაადანაშაულებენ. ღმრთის შიში არ ექნებათ; მართლისა და მტყუანისგან დანაპირებს აიღებენ, ხოლო მტყუანს გაამართლებენ და უსამართლოდ დასჯიან მართალს.


სიზმარი მეცხრე


და თქვა მეფემ მეცხრე სიზმარი: ოქრო-ვერცხლითა და ძვირფასი თვლებით მოფენილიყო დედამიწა. მოვიდნენ კაცნი ასაკრებად, მაგრამ ვერ შესძლეს.

ქრისტეანმა მიუგო: დიდი ამბოხი და შეძრწუნება იქნება იმ ჟამს. მდიდარნი შიშის გამო თავიანთ ქონებას მეგობრებს მიაბარებენ, ხოლო ამბოხის ჩაწყნარების შემდეგ, კუთვნილის უკანვე დაბრუნებას მოინდომებენ, რამეთუ არ მისცემენ მეგობარნი დანატოვარს და არა ერთი მდიდარი კაცი გარდაიცვლება იმ დროს დარდით.


სიზმარი მეათე


და თქვა მეფემ მეათე სიზმარი: ვიხილე საოცრად დიდი მთა, რომელზეც ნათელი ქვა იდო; უეცრად მთა დაინგრა, ქვა კი დაიფშვნა.

ქრისტეანმა მიუგო: იმ ბოლო ჟამს ერთ ქვეყანაში მართლმადიდებლური მეუფება დამკვიდრდება, მაგრამ დიდი ურწმუნოებისა და უსამართლობის გამო ქრისტეს სარწმუნოებას მრავალი განუდგება, სამეფო კი ორად გაიყოფა. ამის შემდეგ მართლმადიდებლური სარწმუნოება ისევ შეერთდება, ეკლესია განმტკიცდება, მაგრამ მცირე ხნით.


მეთერთმეტე სიზმარი


და თქვა მეფემ მეთერთმეტე სიზმარი: ვიხილე ერი წუმპეში ამოთხვრილი და შეძრწუნებული.

ქრისტეანმა მიუგო: ბოლო ჟამს ადამიანები ცოდვილნი, მედიდურნი, მევახშენი, ფარისეველნი და ლოთნი იქნებიან. არ დაიცავენ ღვთის მცნებებს და ღვთის შიშ გულში არ შეუშვებენ. თავიანთი ჭკუით დაიწყებენ ცხოვრებას. იშვიათად თუ აღმოჩნდება მათ შორის მართალი.


სიზმარი მეთორმეტე

და თქვა ხელმწიფემ ბოლო სიზმარი: მდინარის პირზე დამპალი ლოქო გაწოლილიყო, რომლის მუცელში თევზი ფართხალებდა. ლოქოს გამო შიშს მოეცვა მთელი დედამიწა, რადგან ქვეყნიერების აღსასრული დამდგარიყო.

ქრისტეანმა მეფეს უპასუხა: მერვე ათასწლეულს იმგვარი მწუხარება იქნება, დასაბამიდან რომ არ ყოფილა; გაუწყებ, მეფეო, ამ სიზმრის არსს, ოღონდ არ შეშინდეს. ოდესღაც ისრაელში წინასწარმეტყველი გედეონი ცხოვრობდა, რომელმაც მიდიანელნი დაამარცხა და ყამალეკიანელნი მათი უსჯულოებისთვის დაამხო. ესენი ფრიად ბოროტნი იყვნენ და ყოველივე სისაძაგლეს ჭამდნენ. ამიტომაც, ღმერთმა გედეონს უბრძანა ჩრდილოეთის ქვეყანათა უდაბნოებში შეერეკა ისინი, სადაც გამრავლდნენ კიდეც და ფართხალებდნენ ვითარცა თევზი ლოქოს მუცელში; ბოლო ჟამს უდაბნოდან გამოვლენ, რომამდე მოვლენ და მთელს დედამიწას დაიპყრობენ. ამის შემდეგ კი მალევე მოიწევა ქვეყნიერების აღსასრული.

დიდება ჩვენს ღმერთს ყოვლადვე, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню