წინასწარმეტყველებანი - იოანე ღვთისმეტყველის საიდუმლო - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

მღვდელი ანდრია გორბუნოვი

იოანე ღვთისმეტყველის საიდუმლო

ანუ

რას ამბობს აპოკალიფსისი ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის ბოლო ჟამინდელი საზღვრების შესახებ


(ქვეყნდება მცირეოდენი შემოკლებით)

იოანე ღვთისმეტყველი

შინაარსი:


შესავალი

მესამე წარგზავნილი

"უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ, ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, შენდა რაჲ?"

კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება

ტაძრის გაზომვა

ჭეშმარიტებისადმი გულგრილობის შესახებ

ცოცხალი ღმერთის ბეჭედი

ჟამი საცთურისა

__________________________________________________________________________________



სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა!


აპოკალიფსისი (იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება) - უაღრესად საიდუმლო წიგნია. "მასში რამდენიც სიტყვაა, იმდენივე საიდუმლოა"-ო, - ამბობდა წმ. ბასილი დიდი. მაგრამ, ბოლო ჟამს, როდესაც "მრავალნი შეისწავლიან და მოიმატებს ცოდნა" (დან. 12:4), წინასწარმეტყველებებს მოეხსნებათ იდუმალების ბეჭედი. თვით დრო-ჟამი გამოაჩენს წინასწარმეტყველებათა შინაარსს, მაგრამ მხოლოდ მათ წინაშე, ვინც არა მარტო კითხულობს ამ წინასწარმეტყველებებს, არამედ ფიქრობს და განსჯის მათ შესახებ, აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და ადარებს იმ მოვლენებთან, რომლებიც გადმოცემულია აპოკალიფსისში, და სამყაროს მომავალს მთელი მტკივნეულობით განიცდის...

აი რატომ ამბობს სიყვარულის მოციქული წმ. იოანე ღვთისმეტყველი: "...ავიღე წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და თაფლივით მეტკბილა პირში, მაგრამ, როდესაც შევჭამე, გაამწარა ჩემი მუცელი. ხოლო მან მითხრა: კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის (გამოცხ. 10:10-11). ეს ნიშნავს, რომ "იოანე კი არ დამწუხრდა, არამედ ტკბებოდა და ნუგეშს ეძლეოდა საღმრთო გამოცხადების გამო, რომელიც, როგორც ურთიერთობა ღმერთთან, ნამდვილად ტკბილი და ნუგეშის მომგვრელი იყო. როდესაც მან საკუთარ თავზე გადაიტანა ეს გამოცხადება და სხვასაც განაცდევინა, ამან "დაამწარა მისი მუცელი", ანუ მისი გული თანაგრძნობითა და სიბრალულით აღივსო" (წმ. ანდრია კესარიელი) ("Толковая Библия" проф. А. П. Лопухина).

მოციქულ იოანეს მსგავსად, ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველმა ეზეკიელმაც მიიღო უფლისგან ორივე მხრიდან დაწერილი გრაგნილი (წიგნის ფორმა, რომელსაც ძველ დროში იყენებდნენ), რომელშიც ეწერა: "გოდება, მოთქმა და ვაი" (ეზეკ. 2:10); მასაც უბრძანა უფალმა ეჭამა ეს გრაგნილი. "მეც შევჭამე, - ბრძანებს წინასწარმეტყველი, - და თაფლივით მეტკბილა პირში" (ეზეკ. 3:1-3).

ამრიგად, "ორივე წინასწარმეტყველმა (ეზეკიელმა და იოანემ) ერთნაირად მიიღეს წინასწარმეტყველების ნიჭი, ღმრთაებრივი სულის შთაგონება და მისი მადლისმიერი მოქმედება. ის ტკბილია, რადგან მათზე მადლისა და ჭეშმარიტების სულისგან გადმოიღვარა, რომელიც უზენაესი ნეტარების წყაროა ყოველი სულისთვის, - და მწარეა, რადგან უცხადებს უბედურ და სავალალო ხვედრს ადამიანთა, რომელთაც უკეთური და უსჯულო ცხოვრებისთვის მკაცრი სასჯელი ელოდებათ " (Ф. Яковлев, "Дар пророчества". ციტ. წიგნიდან: Сборник статей по истолковательному и назидательному чтению Апокалипсиса / Сост. М. Барсов. М., 1994. С. 243).

სახარებიდან და საეკლესიო გადმოცემიდან ცნობილია, რომ მოციქული იოანე ღვთისმეტყველი უაღრესად მგზნებარე ხასიათისა იყო. მისი სულიერი ხატის უმთავრეს თავისებურებას ღმრთისა და მოყვასისადმი ღრმა და მხურვალე სიყვარული წარმოადგენდა. მოციქულ იოანეს ახასიათებდა იშვიათი თანაგრძნობა სხვების მიმართ. მისი ერთ ერთი განსაკუთრებული თვისება იყო მოვლენებისადმი დაკვირვება და მგრძნობელობა, რომლებიც ძლიერად და ღრმად აისახებოდნენ მოციქულის სულიერ ცხოვრებაში. აი რატომ აირჩია თავისი საყვარელი მოწაფე უფალმა გამოცხადების მისაღებად, რომელიც შეიცავს წინასწარმეტყველებებს ეკლესიისა და სამყაროს მომავალზე.

დღესაც, როდესაც სამყაროს აღსასრულთან დაკავშირებული მრავალი წინასწარმეტყველება უკვე აღსრულებას იწყებს, მიმდინარე მოვლენების სულიერი აზრი და მათი კავშირი აპოკალიფსისთან მხოლოდ იმ ქრისტეანებს ეხსნება, ვინც განიცდის სამყაროს ბედს, გრძნობს მის ტრაგედიას და თავის პასუხისმგებლობას იმისთვის, რაც მსოფლიოში ხდება: "რაც უფრო ღრმაა ჩვენი სულიერი ცხოვრება, - ამბობდა აპოკალიფსისის განმარტებაში თვალსაჩინო მართლმადიდებელი მოღვაწე, მღვდელმონაზონი სერაფიმ როუზი (†1982), - მით ამგვარ წიგნთა შემეცნების უნარი უფრო გაგვიღრმავდება" (Иером. Серафим (Роуз). Знамения времен. Тайны книги Апокалипсис. М., 2000. С. 56).

ცნობილი ათონელი ბერი პაისი ((†1994) წერდა: "სულიერი ადამიანი მთლიანად ტკივილია, მას სტკივა ის, რაც ხდება მსოფლიოში, მას სტკივა თვით ადამიანი და მის მომავალს განიცდის. თუმცა ამ ტკივილის სანაცვლოდ საღმრთო და მანუგეშებელი მადლი ენიჭება". სხვა მხცოვანი, სქიარქიმანდრიტი თეოდოსი (მონაზვნობაში ახილა) პოჩაეველი (†2003) ანტიქრისტეს მოსვლის წინა პერიოდზე ამბობდა: "ადამიანებისთვის, რომელთა გულებიც ღმრთისა და მისი უბიწო დედის მიმართ სიყვარულით აღინთებიან, ეშმაკის მზაკვარებანი გააშკარავდება".


მესამე წარგზავნილი


როგორც აპოკალიფსისის საზოგადოდ მიღებული განმარტებიდან ვიცით, სამყაროს აღსასრულის წინ ღმერთი კაცობრიობას მართალ ენოქსა
(1) და ილია წინასწარმეტყველს მოუვლენს. მაგრამ, ზოგიერთი კომენტატორის აზრით, ანტიქრისტეს დროს ქვეყნიერებას ღმრთის მესამე და განსაკუთრებული წარგზავნილი - თვით აპოკალიფსისის ავტორი, უფლის საიდუმლოთა მხილველი და მოციქული, იოანე ღვთისმეტყველიც მოევლინება.

ამ თვალსაზრისის მიხედვით, მოციქული იოანე, ისევე როგროც ილია და ენოქი, არ მომკვდარა, არამედ, ღმრთის ნებით ცოცხლად იქნა აღტაცებული ზეცად, რათა სამყაროს აღსასრულის წინ კვლავ დაბრუნდეს და იქადაგოს დედამიწაზე. მითითებებს ამის შესახებ ვხვდებით, როგორც საეკლესიო გადმოცემაში, ასევე წმიდა წერილშიც, კერძოდ - იოანეს სახარებაში.

წმ. იოანე ღვთისმეტყველის ცხოვრების მოკლე აღწერაში, რომელიც საღვთისმსახურებო სახარებაშია მოთავსებული, მოციქულის აღსასრულის შესახებ ნათქვამია: "ეფესოში 120 წელი იცხოვრა და ღმრთის ნებით იქვე ცოცხლად დაიმარხა".

წმ. იოანე ღვთისმეტყველის ცხოვრებაში ვკითხულობთ: "როდესაც მოციქულს ას წელზე მეტი შეუსრულდა, გამოვიდა სახლიდან თავის მოწაფეებთან ერთად, მივიდა ერთ ადგილზე და ჩამოჯდომა სთხოვა, დილა თენდებოდა, მოციქული მოწაფეებს ქვის სასროლ მანიძილზე დაშორდა და ლოცვა დაიწყო. შემდეგ, როდესაც მისი თხოვნით მოწაფეებმა ჯვარსახოვანი საფლავი გაუჭრეს, პროხორეს იერუსალიმში წასვლა და სიცოცხლის აღსასრულამდე იქ დარჩენა დაუბარა. ეამბორა ყველა მოწაფეს და უთხრა: "აიღეთ ჩემი მშობელი მიწა და დამფარეთ". მოწაფეებიც ეამბორნენ მას და მიწა ჯერ მუხლებამდე დააყარეს, შემდეგ ყელამდე, სახეზე კი ტილო დააფარეს და ბოლოს დიდი ტირილითა და გოდებით მთლიანად დამარხეს. როდესაც ეს ამბავი ქალაქიდან დაბრუნებულმა სხვა მოწაფეებმა შეიტყვეს მივიდნენ იოანეს დამარხვის ადგილას, მოთქმითა და გოდებით საფლავიც ამოთხარეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. ამის შემდეგ ილოცეს და უკან, ქალაქში დაბრუნდნენ.

ყოველ წელს, მაისის მერვე დღეს, წმიდა მოციქულის საფლავიდან იფრქვეოდა მირონის კეთილსურნელება, გარდა ამისა ამოდიოდა კეთილსურნელოვანი "მტვერი", რომელსაც წმიდა მოციქულის ლოცვა-ვედრებით დავდრომილთა სასწაულებრივი განკურნების ძალა გააჩნდა, რათა დიდებულიყო ღმერთი, წმიდა სამება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ" ("Жития святых, изложенные по руководству Четьих-Миней св. Димитрия Ростовского". Сентябрь. – Москва, 1902 г., Синодальная Типография, с. 590).

წმ. მოციქული ოანეს დაკრძალვის ადგილას (ახლანდელ თურქეთში) ყოველწლიურად, სწორედ მაისის მერვე დღეს (როგორც ჩანს მარადიული "მერვე დღის" ნიშნად) ჩნდებოდა ვარდისფერი "მტვერი", რომელსაც მორწმუნეები სხვადასხვა სნეულებათაგან განსაკურნავად აგროვებდნენ. ამ სასწაულებრივი "მტვრის" მოსახსენებლად წმ. ეკლესიაში 8 (21) მაისს დაწესებულია წმ. იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღე.

ამ უდიდესი წმინდანის უხრწნელი ნაწილები არ არსებობს, როგორც არ არსებობს არანაირი ცნობა მისი სხეულის შესახებ (გარდა იმისა, რომ ის სასწაულებრივად გაქრა საფლავიდან), მაშინ როდესაც მოპოვებულია სხვა მოციქულთა წმიდა ნაწილები და ცნობილია მათი უხრწნელი და წმიდა ნაწილების ისტორიაც.

წმ. მოწამე ერმიონიას ცხოვრებაში ნათქვამია: "წმიდა მოციქულ ფილიპეს, რომელმაც ეთიოპიელი დედოფლის, კანდაკიას საჭურისი მონათლა, ოთხი ქალიშვილი ჰყავდა, რომელთა შესახებაც მოციქული ლუკა იუწყება, რომ ისინი ქალწულები და წინასწარმეტყველები იყვნენ. მათგან ერმიონია და ევტიქია ასიაში გაეშურნენ წმ. იოანე ღვთისმეტყველის საძებრად, მაგრამ ვერ იპოვეს, რადგან უფალმა წაიყვანა იგი, როგორც ოდესღაც ენოქი და ილია" ("Жит ия святых, изложенные по руководству Четьих-Миней св. Димитрия Ростовского": Сентябрь. – … с. 113).


"უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ?"


სახარებაში მაცხოვარმა იოანეს მომავალთან დაკავშირებით პეტრეს უთხრა: "თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო?" (ინ. 21:21-23).

"ეს მნიშვნელოვანი სიტყვები იოანე ღმრთისმეტყველის ზებუნებრივი უკვდავების შესახებ, რომელიც მან პეტრეს აუწყა იყო პასუხი მის შეკითხვაზე მოციქულ და მახარობელ იოანე ღვთისმეტყველთან დაკავშირებით: "ამას რა?" (ძვ. ქართ.: "ხოლო ესე რაჲ?") ანუ, შენი წინასწარმეტყველების მიხედვით იუდეველთა და წარმართთა წინაშე ჭეშმარიტების ქადაგებისა და შენი სახელის მოწმობისთვის მე თუ ჯვარს გამაკრავენ და მოვკვდები, როგორი სიკვდილით გარდაიცვლება იოანე? უფალი პეტრეს პასუხობს, როგორც მართლმსაჯული, როგორც სიკვდილსა და სიცოცხლეზე ძალმოსილი: "თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე (ანუ ჩემს მეორედ მოსვლამდე და საშინელ სამშჯავრომდე) დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ, ანუ და როგორც მე მოვკვდი და ჯვარს ვეცვი შენი და მთელი კაცობრიობის გულისთვის, ჯვარს ეცვი ჩემი გულისთვის, ხოლო იოანე საყოველთაო აღდგომამდე და საუკუნო სამსჯავრომდე იცოცხლებს".

თავის ჯვარცმამდე უფალი დაფარულად მსჯელობდა იმავე იოანეს უკვდავების შესახებ, როდესაც მოწაფეებსა და ხალხს ეუბნებოდა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით" (მკ. 9:1). ეს სიტყვები მოციქულ იოანე ღვთისმეტყველს გულისხმობდა, თუმცა დაფარულად ითქვა როგორც რამოდენიმე და არა ერთი ადამიანისადმი".

"აქ იგულისხმება წმ. მოციქული იოანე ღვთისმეტყველი, რომელიც საოცრად მიიცვალა და დღემდე დედამიწაზეც ცხოვრობს და ცაშიც; ეს არის მისი ჯილდო ქრისტესადმი ერთგულებისა და ტანჯვისთვის, რომელიც მან ქრისტეს სიყვარულისთვის დაითმინა" (Иоанн Кронштадтский, "Новые грозные слова о Страшном поистине Суде Божием, грядущем и приближающемся", Слово 21-е. – СПб, 1907, переиздание Донского монастыря: М., 1993., с. 61).

მაშ ასე, იოანე ღვთისმეტყველი წარსდგა უფლის წინაშე, მაგრამ არ მომკვდარა, არამედ "დღემდე ცოცხალია და მიწას არ შორდება, რადგან ქრისტეს მეორედ მოსვლას ელის" (მცირე მწუხრის სტიქარონი იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაულზე), - თუმცა ღმრთის საყდრის წინაშეც დგას ცაში და მარად წინამღძვრობს ქრისტეს ეკლესიას. აი, რაოდენ ძლევამოსილად, ღვთივსათნოდ და ღირსეულად ადიდებს უფალი თავის საყვარელ მოწაფეს, რომელიც მკერდზე მიიწვინა, თავისი წმიდა დედის მფარველსა და მცველს, მის ამქვეყნიურ ცხოვრებაში".

ნეტარი ავგუსტინე იპონიელი (†430) წერდა: "ბოლოს, გადასცა რა თავისი ცხვრები ერთგულ მონასა და მოციქულს, პეტრეს, ის ამბობს, რომ ნებავს იოანემ მის მეორედ მოსვლამდე (ინ. 21:15-25) იცოცხლოს, რითაც, ჩემი აზრით, უდიდესი საიდუმლო გვაუწყა, კერძოდ: იოანეს სახარებისეული მსახურება, რომელიც ლოგოსის უწმიდესი ნათლისკენ აღგვიტაცებს და ჩვენს გონებას და სულიერ მზერას წმიდა სამების უცვალებლობას წარუდგენს; უფალი მკაფიოდ განასხვავებს მას, როგორც ადამიანს, ყველა დანარჩენთაგან, რომლის შემეცნებაში "სიტყვა ხორცად იქცა" (ინ. 1:14). ეს მსახურება ზუსტად მხოლოდ მაშინ შეიძლება გაგებულ იქნას, როდესაც უფალი თავად მოვა; ამიტომაც, იოანე ასე იქნება მის მეორედ მოსვლამდე; ასე იცხოვრებს იოანე მორწმუნეთა რწმენაში, ხოლო შემდეგ გამოჩნდება პირისპირ, როდესაც ჩვენი სიცოცხლე (ქრისტე) მოვა და ჩვენც დიდებით წარვსდგებით მის წინაშე" ("О согласии Евангелистов", кн. 4-я, гл. X).

წმ. ფოტი კონსტანტინოპოლელის († 891) შრომებში არის ადგილი, რომელიც მოციქულ იოანეს საიდუმლოზე გვამცნობს: "გადმოცემა მოწმობს, რომ ქალწული იოანე ისევე არ მომკვდარა, როგორც ენოქი და ილია. და ის, რაც სახარებაში გვეუწყება ჩვენს ყურადღებას იპყრობს. რადგან ქრისტემ გააცხადა სიკვდილის ის სახე, რომელსაც იტვირთავდა პეტრე ("ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, სარტყელს შემოირტყამდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა; ხოლო როდესაც დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა.
ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: მომყევიო" (ინ. 21:18-19). როდესაც პეტრემ თავისი სიკვდილისა და მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ შეიტყო, იქვე იოანე მახარობლის შესახებაც იკითხა: "უფალო, ამას რა?" (ინ. 21:21), ცხადია ის სხვა არაფერს ეკითხებოდა უფალს, თუ არა იმას, როგორ მოკვდებოდა იოანე. მაცხოვარმა უპასუხა: "თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ" (ინ. 21:22). და სრულიად გასაგებია, რომ მან უარყო საკუთარი უკვდავება, მაგრამ დაადასტურა, რომ დარჩებოდა მეორედ მოსვლამდე.

... სრულიად ცნობილია ენოქის დროება, და რამდენი წელი იცოცხლა მან დედამიწაზე წმიდა წერილმა გვამცნო, მაგრამ არა იმიტომ, რომ უარიყოფა მართალი ენოქის გადაადგილება სხეულებრივად. ამ აზრს ეთანხმება უფლის საყვარელი მოწაფის ცხოვრება და მოღვაწეობა, რომლის შესახებაც მრავალნი მოგვითხრობენ. რადგან, როგორც ამბობენ, ის მოთავსებულია განსაკუთრებულ და მხოლოდ ღმრთისთვის ცნობილ ადგილას გარკვეულ დრომდე. როდესაც ეძებდნენ, ვერ ჰპოვეს, თუმცა სიწმიდე მოეფინა იმ ადგილს, სადაც მოკლე ჟამი დაჰყო, და როგორც ჩვენ ვიცით, ამ ადგილიდან, როგორც სიწმიდის წყაროდან, სიწმიდეს მოვიპოვებთ" (о. Олег Моленко. Святитель Фотий, патриарх Константинопольский. О пребывании апостола Иоанна Богослова на земле до Второго пришествия (по книге святого Ефрема Антиохийского).

ცალკეული თანამედროვე ავტორები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მოციქული იოანე გარდაიცვალა, მაგრამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულ მარიამის დარად უფალმა ისიც აღადგინა მკვდრეთით. როგორც "იოანე ღვთისმეტყველის საიდუმლოს" ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, იოანე ღვთისმეტყველი აღდგა მომავალი საყოველთაო აღდგომის სახედ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის მესამე ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც წილად ხვდა აღდგომა საყოველთაო აღდგომამდე, მეოთხე და მეხუთე იქნებიან ენოქი და ილია (შეად. გამოცხ. 11:7-12), რომლებიც უფალმა ცოცხლად აიყვანა ზეცად.

ძნელია იმის თქმა რამდენად სწორი და მისაღებია ეს აზრი. ვფიქრობ, ჩვენთვის დღეს უფრო მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ არსებობს საკმაოდ მნიშვნელოვანი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ წმ. მოციქული ოანე კვლავ უნდა მოვიდეს ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ. ხოლო, თუ როგორ და სად იმყოფებოდა ის სხეულებრივად მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჯერ ჩვენ არ ვუწყით და მის მოსვლამდე ეს გარემოება დარჩება საიდუმლოდ.


"კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება..."


აპოკალიფსისში ანგელოზის მოციქულ იოანეს ეუბნება: "კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის" (გამოცხ. 10:11). წმ. ანდრია კესარიელის განმარტებით "ამით მითითებულია ის, რომ ყოველივე, საღმრთო გამოცხადებით ნაუწყები, მყისვე კი არ აღსრულდება, არამედ სახარების ქადაგებით, და მოუწევს ნეტარს სოფლის აღსასრულამდე გამოცხადების წინასწარმეტყველება მათთვის, ვინც კითხულობს ამ წინგს; ან კიდევ ეს ნიშნავს, რომ ის არ იგემებს სიკვდილს და სამყაროს აღსასრულის წინ კვლავ გამოჩნდება, რათა წინ აღუდგეს ანტიქრისტეს საცდურთ".

ზოგიერთი კომენტატორის აზრით, მოციქული იოანე სამყაროს აღსასრულის წინ ძირითადად ქრისტეანთა შორის იქადაგებს (რადგან თვითონაც ეკუთვნოდა ახალაღთქმისეულ ეკლესიას), წინასწარმეტყველი ილია - გამოჩნდება ებრაელთა შორის (რადგან ეკუთვნოდა ძველაღთქმისეულ, იუდაურ ეკლესიას), ხოლო მამამთავარი ენოქი - წარმართთა შორის იქადაგებს რადგან ის ცხოვრობდა წარღვნამდელ კაცობრიობაში, მამამთავართა ეკლესიის პერიოდში), - კერძოდ, ჩინელებს შორის, რომელთაც ქრისტეანობის ქადაგება თითქმის არ შეხებიათ.

წიგნში "ჩვენი სამყაროს დასაწყისი და დასასრული" (2-е изд., СПб., 1904 г.) ვკითხულობთ: "ენოქი ახარებს წარმართებს, ილია - ებრაელებს. ხოლო იოანე მახარობლის სამოციქულო ქადაგება შეეხება ქრისტეანებს, რათა ქრისტეს სწავლების ჭეშმარიტი აზრი აღადგინოს... ილია თეზბიტელის ქადაგების წარმატების კვალად, დიდი წარმატება ექნება ენოქის ქადაგებას წარმართებში და იოანეს ქადაგებას ქრისტეანთა შორის...

"ხელთ ეპყრა გადაშლილი წიგნი" (გამოცხ. 10:2). ეს არის სამყაროს აღსასრულის მატიანე, რომლის თანამიმდევრული განვითარება თვალწინ ეხსნება იოანეს და რომელიც კვლავ სამახარობლო ღვაწლისკენ არის მოწოდებული სამყაროს აღსასრულამდე.

"ავიღე წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და თაფლივით მეტკბილა პირში, მაგრამ, როდესაც შევჭამე, გაამწარა ჩემი მუცელი. ხოლო მან მითხრა: კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის" (გამოცხ. 10:10-11), - აქედან ვხედავთ, რომ სამყაროს აღსასრულის წინ იოანე ღვთისმეტყველს მოუწევს წინასწარმეტყველება "ხალხთა და ერთა და ენათა და მეფეთათვის". მაგრამ სად? - ქრისტეან ხალხთა შორის... "ქუხილის ძის" (ანუ მოციქულ იოანეს; შეად. მარკ. 3:17) ქადაგება იქნება ქრისტეანულ ქვეყნებში, ხოლო ორი "ზეთისხილი და სასანთლე", ენოქი და ილია, არაქრისტეანულ ქვეყნებში იქადაგებენ.

"იოანე ღვთისმეტყველის საიდუმლოზე" მითითებები გვაქვს საღვთისმსახურებო ტექსტებშიც. ასე, მაგალითად, იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაულზე, მცირე მწუხრზე იკითხება სტიქარონი სადაც ნათქვამია, რომ იოანე ქრისტეს მეორედ მოსვლამდე იცოცხლებს. ასევე, წმ. იოანე ღვთისმეტყველის გარდაცვალების მსახურებაში, "სადღესასწაულო თვენში" არის სიტყვები, სადაც ეკლესია გამოთქვამს რწმენას, რომ სულითა და ხორცით უბიწო და ქალწული იოანე მიწიდან აღებულ იქნა, მაგრამ არ მომკვდარა, უკვდავია და ღმერთში ცოცხლობს.

თანამედროვე ღვთისმეტყველებიც, ამ ძველ საეკლესიო გადმოცემებზე დაყრდნობით ასწავლიდნენ, რომ იოანე კვლავ გამოჩნდება სამყაროს აღსასრულისა და ქრისტეს მეორედ მოსვლის უწინარეს. მაგალითად, ნექტარი ოპტინელი (†1928) ერთ ერთი თავისი სულიერი შვილის შეკითხვაზე: "მამაო, მართალია რომ იოანე ღვთისმეტყველი ისევ უნდა მოვიდეს?", - უპასუხა: "დიახ, ეს ყოველივე მოხდება, მაგრამ ეს არის უდიდესი საიდუმლო" (Концевич И. М. Оптина Пустынь и ее время. Джорданвилль, 1970. С. 522-523. Цит. по: Россия перед Вторым Пришествием (Материалы к очерку Русской эсхатологии) / Сост. С. Фомин. 2-е изд. М., 1994. С. 16.)

რუსი სასულიერო მწერალი, ს. ი. ფუდელი (†1977) წერს: "ორი სხვადასხვა ადამიანი მიყვებოდა, რომ ეპისკოპოსი სტეფანე (ნიკიტინი †1963) თავის სიკვდილამდე იმ რწმენით იყო, რომ ეკლესიის ისტორიის უკანასკნელ ეტაპზე ეკლესიას ხილულად იოანე ღვთისმეტყველი უხელმძღვანელებს, რომელიც არ მომკვდარა, არამედ დაცულია ღმრთისგან ჩვენთვის მიუწვდომელ ადგილზე. ასე ესმოდა ეპ. სტეფანეს პეტრესადმი ნათქვამი სიტყვები: "თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო?" (Фудель С. И. У стен церкви. Материалы и воспоминания // "Надежда". Выл. 2. Франкфурт-на-Майне, 1979. С. 304. Цит. по: "Россия перед Вторым Пришествием". 2-е изд. С. 322).

მხცოვანი თეოდოსი კავკასიელი (1841-1948) ამბობდა, რომ "ბოლო ჟამს სიყვარულის მოციქული, - სწორედ ასე უწოდებდნენ იოანე ღვთისმეტყველს მისი მოწაფეები, - კავკასიაში იქადაგებს" (Сборник "Собеседник православных христиан", СПБ., 1995, сс. 31-32).


ტაძრის გაზომვა


გამოცხადების თანახმად, იოანეს ახალი წინასწარმეტყველური მსახურება დაუკავშირდება უფლის მიერ მისთვის მიცემულ დავალებას "გაზომოს ღმრთის ტაძარი" - ანუ, სავარაუდოდ, სამყაროს აღსასრულის წინ იოანე ღვთისმეტყველი განსაზღვრავს ჭეშმარიტი ეკლესიის საზღვრებს და მიანიშნებს იმ ქრისტეანებზე, რომლებიც მას ნამდვილად განეკუთვნებიან.

ასეთი განსაზღვრა ძალზედ აქტუალურია ჩვენი დროისთვის, როდესაც ასეთი გაუგებრობა და არევ-დარევაა იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რომელია ჭეშმარიტად მართლმადიდებლური ეკლესია, თანამედროვე მართლმადიდებელთაგან და საეკლესიო იურისდიქციებიდან რომელია ნამდვილად ქრისტესი, ვინ უერთგულა მაცხოვარს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ქრისტეანთაგან ვინ უნდა ჩაითვალოს ქრისტეს გამცემად და მოღალატედ, ეკლესიისგან განდგომილად და გარეთ მდგომარედ, რომლებიც ქრისტეანის მარტო სახელსღა ატარებენ, სულიერად კი შორს დგანან ქრისტეს სხეულისგან - ეკლესიისგან.

"მომეცა კვერთხის მსგავი ლერწამი და ითქვა ჩემს მიმართ: ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და საკურთხეველი, აგრეთვე თაყვანისმცემელნი მასში. ტაძრის გარე ეზო კი გამორიცხე და ნუ გაზომავ, ვინაიდან მიეცა იგი წარმართთ და ორმოცდაორი თვის მანძილზე გათელავენ წმიდა ქალაქს" (გამოცხ. 11:1-2).

"ამ გაზომვას, - ვკითხულობთ "განმარტებით ბიბლიაში", - გააჩნია აღწერის, საზღვრების დადგენის მნიშვნელობა, რათა ხელუხლებლად იქნას დაცული აღწერილი საგანი. აქ იზომება უპირველეს ყოვლისა უფლის ტაძარი, ანუ წმიდა წმიდათა და საკურთხეველი, ასევე ეზო. ასევე უნდა გაიზომოს ტაძარში (წმიდა წმიდათაში) მდგომნი "თაყვანისმცემელნი", რომლებშიც მხოლოდ სამღვდლო ღირსების პირები იგულისხმებიან. ასე რომ, ტაძრის გაზომვა საჭიროა იმდენად, რამდენადაც ამის მიერ ნათელიყოფა თაყვანისმცემელთა გაზომვის არსი. ხოლო აზრი და მიზანი ამ გაზომვისა (მ. 2) იმაში მდგომარეობს, რათა განცალკევებულ იქნან მორწმუნენი ურწმუნოთაგან და ქრისტეს ეკლესია - ანტქირისტეანული სამყაროსგან. სწორედ ეს ანტიქრისტეანული სამყარო იგულისხმება ეზოში, რომელიც "გარს აკრავს ტაძარს" (გამოცხ. 11:2).

ამ ეზოს გაზომვა ნაბრძანები არ არის, რადგან ის ღმრთის დაშვებით მიეცა წარმართთ, რომლებიც "დათრგუნავენ წმიდა ქალაქს (ანუ ქრისტეს ეკლესიას - რედ.) ორმოცდაორი თვე". წმ. ანდრია კესარიელის განმარტებით: "ცოცხალი ღმერთის ტაძარი" არის ეკლესია, რომელშიც ჩვენ მიერ ღმრთისადმი სიტყვიერი მსხვერპლი შეიწირვის. "ეზო, რომელიც გარს აკრავს ტაძარს" - ურწმუნოთა და იუდეველთა საზოგადოება, რომლებიც თავიანთი უკეთურების გამო ანგელოზისმიერი გაზომვის ღირსნი არ არიან: "იცის უფალმან, რომელნიც არიან მისნი" (2 ტიმ. 12:19). მაგრამ, როგორც ყოვლისმცოდნე უფალი არ ცნობს უსჯულოებს, ასევე "წმიდა ქალაქის", იერუსალემის, ანუ საყოველთაო ეკლესიის დათრგუნვა წარმართთა მიერ "ორმოცდა ორი თვის" განმავლობაში, მიანიშნებს იმას, რომ ანტიქრისტეს მოსვლის დროს მართალნი სამწელიწადნახევრის განმავლობაში იქნებიან დევნილნი".

ამრიგად, "ღმრთის ტაძრის", ანუ ეკლესიის დათრგუნვა განეკუთვნება ანტიქრისტეს დროებას და მიანიშნებს წმიდა ადგილთა გაპარტახებას, დანგრევასა და შებილწვას; მოქმედებებს, რომლებიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ღმრთისადმი მტრობასთან და რითაც გამორჩეული იქნება ანტიქრისტეს დროება (ანდრია კესარიელი).

ღმერთს ამხედრებულ ადამიანთა, ანუ ურწმუნოთა, მწვალებელთა და უღვთოთა დროება გაგრძელდება 42 თვე. ეს რიცხვი რამოდენიმეჯერ მეორდება აპოკალიფსისში (11:3; 12:6; 13:5; შეად. დანიელი 7:25: 12:7) და მიუთითებს ანტიქრისტეს მოქმედების ხანგრძლივობაზე, რომელიც, მართლმადიდებლური ეკლესიის აზრით არის კაცობრიობის გამოცდის უკანასკნელი პერიოდი.

ტაძრის გაზომვისა და მასში თაყვანისმცემელთა ხილვა ლაპარაკობს ქრისტეანული ეკლესიის გამოყოფაზე ანტიქრისტეანულისგან, ჭეშმარიტ ქრისტეანთა გამოყოფაზე დანარჩენი საზოგადოებისგან. ამგვარად, წმიდა ქალაქი იერუსალემი ამ ხილვაში წარმოადგენს მთელს სამყაროს (მთელს სამყაროში განფენილ ქრისტეანობას - რედ.), ხოლო ღმრთის ტაძარი - იესუ ქრისტეს მორწმუნეებს. ეს შინაგანი ტაძარი, შინაგანი ეკლესია, ანუ ჭეშმარიტ მორწმუნეთა საზოგადოება, საბოლოოდ იქნება გამოყოფილი დანარჩენთაგან; ჭეშმარიტი ქრისტეანები ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით მიაგებენ თაყვანს. მათთვის, როგორც ჭეშმარიტ ღმრთისმსახურთათვის (1 პეტრე. 2:9), ღმერთი მისაწვდომი იქნება... ისინი არიან ღმრთის ჭეშმარიტ სახლში, როგორც ჭეშმარიტი ღმრთისმსახურები საკურთხეველში (ანდრია კესარიელი).

რაც შეეხება "ეზოს, რომელიც გარს აკრავს ტაძარს", ანუ ურწმუნო და უკეთურ სამყაროს (უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ტაძრის გარეთა ეზო, ეს არის ფსევდოქრისტეანობა, ანუ ყალბი, გაამსოფლიურებული ქრისტეანობა), იმის მაგიერ საეკლესიო და ქრისტეან მწყემსმთავრობას მიანდოს თავი, უღვთო და უკეთურ მღვდელმსახურებს ენდობა. ესენი არიან ნელთბილი, მოჩვენებითი ქრისტეანები, რომლებიც ცხოვრობენ და აზროვნებენ ამა სოფლის სტიქიების თანხმიერად, რომლებმაც საკუთარი თავი მისცეს არა სულიწმიდას, არამედ ანტიქრისტეანულ ხელისუფლებას და "ამა სოფლის" ღმრთის საწინააღმდეგო სულს - სატანის მეუფებას. სწორედ ისინი დათრგუნავენ ტაძრის გარეთა ეზოს, ანუ გაანადგურებენ ყოველივე წმიდას და ქრისტეანულს მათდამი დამორჩილებული კაცობრიობის სულსა და ცხოვრებაში. და ეს უბედურება ანტიქრისტეს ბატონობის 42 თვის განმავლობაში გაგრძელდება, ვიდრე მეორედ მოსვლამდე უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.


ჭეშმარიტებისადმი გულგრილობის შესახებ


ნილოს მირონმდინარის გამოცხადებაში ნათქვამია, რომ სამყაროს აღსასრულის წინ ადამიანები ეშმაკებზე უფრო მზაკვრები იქნებიან. ადამიანს თუ აქვს მზაკვრული საუბარი, არაბუნებრივი საქციელი, მსუბუქი აზროვნება და ყოფაქცევა, ის სულიერად ცარიელია, ასეთ ადამიანში გამოდევნილია პიროვნება (ღმრთის ხატი) და აფარებულია მზაკვარი ნიღბით. ცხოვრებისადმი უდარდელი დამოკიდებულება - ეს არის ჩვენი დროის უმძიმესი სნეულება. დაკნინდა სიტყვა, დაკნინდნენ და გაეშმაკდნენ ადამიანები. ყველგან, თვით მრავალ ქრისტეანთ შორისაც, შეიმჩნევა ჭეშმარიტებისადმი გულგრილობა, არასერიოზულობა, ზედაპირულობა. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე მსოფლიო ხუმრობა-ხუმრობით უღმერთობის ჭაობში იძირება.

"ვაი თქვენ, ამჟამად მოცინარნო, ვინაიდან ატირდებით და აქვითინდებით" (ლუკა 6:25), - გვაფრთხილებს უფალი. ირონიისა და გულგრილობის სულით დასნებოვნებულ ადამიანს არ ძალუძს "სულითა და ჭეშმარიტებით" (იოანე 4:23-24) ლოცვა, რადგან მას, როგორც იტყვიან, "მთელი სერიოზულობით", ანუ მთელი სულით და გულით, ყურადღებით, კონცენტრირებულად არც ძალუძს ლოცვა. ასეთ ლოცვაში უნდა იმყოფებოდეს ადამიანი მთელი თავისი პიროვნებით, რადგან "მამა სწორედ ამნაირ თაყვანისმცემლებს ეძებს" (იოანე 4:23).

"თუ ლოცულობ, თუ გიყვარს, თუ იტანჯები და განიცდი, - ადამიანი ყოფილხარ", - უყვარდა თქმა გამოჩენილ რუს ფილოსოფოს ა. ფ. ლოსევს (1893-1988). არასერიოზულობის სული ადამიანს არ აძლევს ლოცვის შესაძლებლობას, განაშორებს მას სულიერი სიყვარულისგან და მოუწოდებს სრულიად უარჰყოს რაიმე ტანჯვა და თანაგრძნობა, ანუ საკუთარი ჯვრის ტარება (მათე 10:38; ლუკა 14:27), სამაგიეროდ, სთავაზობს საკუთარი ვნებებისა და სიამოვნებების მიხედვით ცხოვრებას, აძებნინებს მხოლოდ იმას, რაც მოგებას და ხორციელ ტკბობას მოუტანს".

თანამედროვე ნელთბილ ქრისტეანებში ("ლაოდიკიელებში"), რომლებიც "ამა სოფელში" გაბატონებული არასერიოზულობისა და რელატივიზმის (ჭეშმარიტებისადმი გულგრილობა) სულით არია დასნებოვნებულნი, უფალი მკაცრად ამხელს აპოკალიფსისში და ეუბნება: "ამას ამბობს ამინი, მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა. ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან. რადგანაც ამბობ: მდიდარი ვარო, გავმდიდრდი და აღარაფერი მჭირდებაო, და ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი. გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო. ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე" (გამოცხ. 3:15-19).

ეს მხილება, ცხადია, შემთხვევით როდი იწყება სიტყვებით: "ამას ამბობს ამინი, მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი..." სიტყვა "ამინი", როგორც ცნობილია ნიშნავს - "ჭეშმარიტად ასეა", "ეს არის ჭეშმარიტება", "ჭეშმარიტად". ამა სოფლის სიამეთა მოყვარულ ლაოდიკიელთა მიმართვის წინასიტყვაობაში ჩადებული აზრი, როგორც ჩანს ასეთია:

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ, ნელთბილობისა და გულგრილობის სულით ("ლაოდიკიელობის" სულით) დასნებოვნებული ქრისტეანები ისე ცხოვრობთ და აზროვნებთ, თითქოსდა ჭეშმარიტება საერთოდ არ არსებობდეს; თითქოსდა ჭეშმარიტება ეს არის ის, რაც თქვენ გგონიათ და რაც თქვენთვის არის სასარგებლო და მომგებიანი მოცემულ მომენტში, - მიუხედავად ამისა, ჭეშმარიტება, მაინც არსებობს; და მე (ამბობს უფალი) თვითონ ვარ ეს ჭეშმარიტება (იოანე 4:6) და "მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი", რომელიც მოწმობს უმაღლეს ჭეშმარიტებაზე - ღმრთის სამ იპოსტასთა - მამის, ძის და სულიწმიდის სიყვარულის ერთობაზე (შეად. იოანე 8:14, 45).

ხოლო რაკიღა ყოველი კერძო ჭეშმარიტება ამა თუ იმ ზომით წარმოადგენს უზენაესი ჭეშმარიტების ანარეკლს ან სამპიროვნული ერთობის უზენაესი ხატის მსგავსებას, სიცრუისადმი ნებისმიერი მსახურება, კერძო ჭეშმარიტების ნებისმიერი ღალატი, არსებითად, უმაღლესი ჭეშმარიტების უარყოფა და ღალატია. ეს არის წმიდა სამების სიყვარულის ღალატი და ამ იდეალის უარყოფა, მაშასადამე - ღმრთის უარყოფა და მისგან განდგომა, ვინც თვითონ სიყვარულია (1 იოანე 4:8, 16).


ცოცხალი ღმერთის ბეჭედი


"ტაძრის გაზომვას (გამოცხ. 11, - წერს ეპისკოპოსი ალექსანდრე (მილეანტი), - იგივე მნიშვნელობა გააჩნია, რაც "ისრაელის" ძეთა აღბეჭდვას, ანუ ეკლესიის შვილთა დაცვას ბოროტებისგან... "ისრაელი" - ამ შემთხვევაში ახალღთქმისეულ ეკლესიას ნიშნავს. აღბეჭდვა რჩეულობისა და მადლისმიერი მფარველობის სიმბოლოა. ეს ხილვა მირონცხების საიდუმლოს მოგვაგონებს, რომლის დროსაც ახალმონათლულთა შუბლები აღიბეჭდება სიტყვებით: "ბეჭედი სულიწმიდის ნიჭისა" (Еп. Александр (Милеант). Апокалипсис: Руководство к изучению Откровения апостола Иоанна Богослова. СПб., 2000. С. 30-31).

აპოკალიფსისის 7-ე თავში ლაპარაკია ბეჭედზე, რომელსაც უფალი თავის ჭეშმარიტ მონებს აძლევს. იმ აპოკალიფსური უბედურების დაწყებამდე, რომლითაც კაცობრიობა დაისჯება, ანგელოზი "ცოცხალი ღმერთის ბეჭდით" აღბეჭდავს ახალი ისრაელის შვილთა შუბლებს (იხ. გამოცხ. 7:1-8). "და ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის აღმოსავლით აღმომავალი, რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი, და ხმამაღლა შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც მიეცა ვნება მიწის და ზღვისა: ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს" (გამოცხ. 7:2-3. იხ. აგრეთვე გამოცხ.: შეად. 3 ეზრა. 6, 5: "ვიდრე... გამოცალკევდებოდნენ ისინი, ვინც ახლა სცოდავს და ვიდრე დაიბეჭდებოდნენ რწმენის დამცველნი..." (ციტატა მოტანილია ტექსტში დამოწმებული ვერსიის მიხედვით - რედ. ახ. ქართ. თარგმანშია: "ვიდრე აღირაცხებოდა არსებული წლები, ვიდრე გაუცხოვდებოდა იმათი გამონაგონნი, ვინც ახლა სცოდავს, ვიდრე დაიბეჭდებოდნენ რწმენის დამცველნი").

"წინასწარმეტყველი ეზეკიელი, - აღნიშნავს ეპისკოპოსი ალექსანდრე (მილეანტი), - აღწერს ძველი იერუსალიმის ერთგულ მოქალაქეთა მსგავს აღბეჭდვას ქალდეველების მიერ იერუსალიმის აღებამდე. მაშინაც, როგორც ახლა, საიდუმლო ბეჭედი მართლებს ეძლეოდა იმ მიზნით, რათა მართალთ ასცდენოდა ცოდვილთა ხვედრი (ეზეკ. 9, 4) (იქვე). ყურადღებას იპყრობს ისიც, რომ წინასწარმეტყველ ეზეკიელთან საიდუმლო ბეჭედი ეძლევა იმ ხალხს, "რომელიც კვნესის და მოთქვამს იქ (იერუსალიმში - რედ.) ჩადენილ სისაძაგლეთა გამო" (ეზეკ.9, 4).

მსგავსადვე, აპოკალიფსურ ჟამს, სამყაროს აღსასრულის დასაწყისში "ცოცხალი ღმრთის ბეჭედი" მიეცემა იმ ქრისტეანებს, რომლებიც განიცდიან მსოფლიოს მდგომარეობას, კვნესიან და მოსთქვამენ აპოსტასიურ მოვლენათა გამო და თანამედროვეობის "სიბილწეებს", მათ შორის მხეცის რიცხვს (პიროვნების გამაუსახურებელ ციფრულ კოდს, რომელსაც ქრისტეანული სახელის ნაცვლად აძლევენ ადამიანს და რითაც გმობენ ღმრთის ხატს ადამიანში) არ ეხებიან. აპოკალიფსისის თანახმად სწორედ ეს ქრისტეანები იქნებიან დაცულნი მომავალი საშინელი ფიზიკური და სულიერი უბედურებებისგან, საშინელი განსაცდლის ჟამს, "რომელიც მოიწევა მთელს ქვეყანაზე მიწის მკვიდრთა გამოსაცდელად" (გამოცხ. 3, 10).

"ცოცხალი ღმერთის ბეჭედი", საზოგადოდ მიღებული განმარტებით, "არ არის გარეგანი ნიშანი, არამედ სულიწმიდის მადლი, რომელიც განანათლებს ყოველს ნათლისღების საიდუმლოში" (ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის 1997 წლის მიმართვიდან. (из обращения Священного Синода Элладской Православной Церкви 1997 г.). ეს ჩანს წმ. პავლე მოციქულის სიტყვებიდანაც: "ნუ შეაჭირვებთ წმიდა სულს ღვთისას, რომლითაც აღიბეჭდეთ გამოხსნის დღისთვის" (ეფეს.4, 30). მოციქული სხვაგანაც ამბობს: "ხოლო ვინც თქვენთან ერთად განგვამტკიცა ქრისტეში და ცხებულნი გვყო, ეს არის ღმერთი, რომელმაც ასევე აღვგბეჭდა და მოგვცა წინდი სულისა ჩვენს გულებში" (2 კორინთ. 1, 21-22). "ჭეშმარიად, - ბრძანებს ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, - სულიწმიდისგან განათლება არის ერთიანი ბეჭედი". სხვაგვარად რომ ვთქვათ, "ცოცხალი ღმრთის ბეჭედი", ეს არის ღვთაებრივი განათლება, რომელიც ეძლევა ღმრთის ჭეშმარიტ მონებს, რომლებიც ცოცხალ ღმერთთან ცოცხალ ურთიერთობას ელტვიან. ეს ბეჭედი გააჩნია იმ ქრისტეანს, ვინც იცნობს ცოცხალ ღმერთს, ვისაც პიროვნულ ღმერთთან უშუალო, პირადი ურთიერთობა გააჩნია.

ამრიგად, "ცოცხალი ღმრთის ბეჭედი", რომელსაც დაადებენ ღმრთის ჭეშმარიტ მონათა შუბლებს, - ეს არის სულიწმიდის ბეჭედი, ღმრთისმსგავსების წმიდა ბეჭედი. წმ. ანდრია კესარიელი, აპოკალიფსისის იმ ადგილის განმარტებაში, სადაც ღმრთის მონათა აღბეჭდვაა აღწერილი, წერს: "უბედურებათა ჟამს ანგელოზთა შეწევნას სათნოებებით შემკული მორწმუნეებიც, მათთვის ბოძებული ცხოველმყოფელი სულის ბეჭდის ძალით, რომელიც თავის ძლიერებას ავლენს იმდენად, რამდენადაც წარვემატებით ჩვენ სათნოებებში".

აპოკალიფსისის თანახმად, მხოლოდ ის ქრისტეანები, "ვისი სახელიც ჩაწერილია კრავის სიცოცხლის წიგნში რომელიც დაკლულ იქნა. " (გამოცხ. 21:27; 13:8), თაყვანს არ სცემენ აპოკალიპტურ მხეცს; ხოლო სხვები, "ყველანი, მიწის მკვიდრთაგან", ვინც სიცოცხლის წიგნში ჩაწერილი არ არის, თაყვანს სცემს მას (გამოცხ. 13:8). ქრისტეანთა შესახებ, რომელთა სახელები სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი, ლაპარაკია აპოკალიფსისის 15-ე თავში: "და ვიხილე თითქოს მინის ზღვა, ცეცხლშერეული, და მხეცის, მისი ხატისა და მისი სახელის რიცხვის მძლეველნი, მინის ზღვაზე რომ იდგნენ და ხელთ ეპყრათ ღვთის ქნარები. და გალობდნენ მოსეს, ღვთის მონის, საგალობელს და საგალობელს კრავისას..." (გამოცხ. 15:2-3). "... ხოლო ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში ცეცხლის ტბაში ჩავარდა" (გამოცხ. 20:15).


ჟამი საცთურისა


"აჰა, მოვალ, როგორც მპარავი: ნეტა მას, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსს, რათა შიშვლად არ იაროს და არ იხილონ მისი სირცხვილი" (გამოცხ. 16:15).

ეზრას მესამე წიგნის (რომელსაც სამართლიანად ძველაღთქმისეულ აპოკალიფსისს უწოდებენ (Свириденкова 3. Слово о схимонахине Ниле // “Русь Державная”. 2003, № 7)
(2), ბოლო, 16-ე თავში, აპოკალიფსური ომისა და სხვა უბედურებების აღწერის შემდეგ, რომლებიც სამყაროს აღსასრულის წინ მოხდება, მოცემულია მეტად მნიშვნელოვანი მიმართვა ღმრთის მონებისადმი, რომელთაც უფალმა განუსაზღვრა სიცოცხლე ამ უკანასკნელი განსაცდელის პერიოდში, მაშასადამე, ყველა ჩვენთაგანს, თანამედროვე მართლმადიდებელ ქრისტეანებს:

"იმაშ, ისმინეთ ეს და შეიგნეთ, უფლის მორჩილნო... აჰა, ახლოვდება უბედურება, არ დაყოვნდება... გაიგონე სიტყვა, ჩემო ხალხო, გაემზადეთ ბრძოლისათვის და ისე იყავით გასაჭირში, როგორც მოსულნი უცხო ქვეყანაში. ვინც ძარცვა-გლეჯას ეწევიან, რაც მეტ ხანს შეამკობენ თავიანთ ქალაქებსა და სახლებს, თავიანთ საბადებელს და საკუთარ თავს, მით უფრო მოვიძულებ მათ მათი ცოდვებისთვის, ამბობს უფალი. როგორც ბოზსა სძულს ღირსეული და სათნოებით აღსავსე ქალი, ასე მოიძულებს მართლმსაჯულება უკეთურებას, როცა თავს იმკობს იგი, და პირისპირ დასდებს მას ბრალს, როცა მოვა ის, ვინც დაიცავს ყველა ცოდვის გამომჩხრეკელს დედამიწის ზურგზე. ამიტომ ნურც მას მიბაძავთ და ნურც მის საქმეებს. რადგან ცოტაც და, აღიგავება უკეთურება მიწის პირიდან და სამართალი გამეფდება თქვენში.

აჰა, უფალმა უწყის ადამიანთა ყოველი საქმე, მათი განზრახვები და მათი ფიქრები და მათი გულები. აჰა, მსაჯულია, ღმერთი, გეშინოდეთ მისი. გაერიდეთ თქვენს ცოდვებს და დაივიწყეთ თქვენი უკეთურებანი, განუწყვეტლივ რომ სჩადიხართ, და ღმერთიც გაგიძღვებათ თქვენ და გიხსნით ყოველი სატანჯველისგან. აჰა, გიზგიზებს თქვენთვის ურიცხვი ურდოების (შესაძლოა ჩინელების? - ავტ.) რისხვა, გაიტაცებენ ვინმეს თქვენგან და გამოგკვებავენ კერპების შესაწირად. თუ დაჰყვნენ მათ, მათი სამასხარაო, მათი გასაკიცხი და გასათელი შეიქნებიან.

ისმინეთ, ჩემო საყვარელნო, ამბობს უფალი, აჰა, მოაწია განსაცდელის დღეებმა და მე დაგიხსნით მათგან. ნუ გეშინიათ და ნუ მერყეობთ, რადგან ღმერთია თქვენი წინამძღოლი. თუ დაიცავთ ჩემს ბრძანებებს და მცნებებს, ამბობს უფალი ღმერთი, არ გადაგწონით თქვენი ცოდვები, არ დაგძლევთ თქვენი უკეთურებანი. ვაი მას, ვინც მოშთობილია თავისი ცოდვებით და დაფარულია თავისი უკეთურებებით, როგორც ღვარძლით მოშთობილი ყანა და ნარ-ეკლით დაფარული ბილიკი, სადაც ადამიანი ვერ გაივლის. გაიხვეტება იგი და ცეცხლს მიეცემა შთასანთქმელად" (3 ეზრა 16:41-78).

სამყაროს აღსასრულის წინ მცხოვრებ ღმრთის მონათადმი ამ მიმართვის (რომელიც შემოკლებით მოგვყავს) უმთავრესი აზრი, როგორც ჩანს, არის შემდეგში: ჩვენი თანამედროვე ის მართლმადიდებელი ქრისტეანები, ვინც უსამართლობაში "დაჰყვება" (ეზრა 16:52) "ამა სოფლის" ძლიერთ და "ურჩობის ძეთა" (ეფეს.2, 2; 5, 6; კოლას. 3, 6) თანამოაზრე გახდება, რომლებიც უღმერთოდ, ხორციელად და ცოდვებში ცხოვრობენ, ანუ ის მართლმადიდებელი ქრისტეანები, ვინც დღეს ცხოვრობს და აზროვნებს "კაცთა გადმოცემებისა თუ ქვეყნის საწყისთა თანახმად, და არა ქრისტეს მიხედვით" (კოლას. 2:8), რომელიც "ბოროტებაშია დანთქმული" (1 იოანე 5:19) და ცდილობენ "ფეხი აუბან დროებას", შეიწყნარებენ ყოველივეს, რასაც მათ თანამედროვე დეგენერატული მასობრივი კულტურა, უსულო ცივილიზაცია და ადამიანებისა და ხალხების გამაუსახურებელი ანტიქრისტეანული გლობალიზაცია სთავაზობს (რომლის მიზანია დედამიწაზე "ახალი მსოფლიო წესრიგის" აშენება, სადაც კაცობრიობას მართვად ნახირად გარდააქცევენ (შეად. ფრაზას ეზრას მესამე წიგნიდან (15:10-12): "აჰა, ჯოგივით მიჰყავთ ჩემი ხალხი დასახოცად, ვეღარ მოვითმენ მეტად მათ ცხოვრებას ეგვიპტის მიწაზე (ანუ თანამედროვე "ცივილიზაციაში" ცოდვის დემონური კულტით), არამედ გამოვიყვან მას მაგარი ხელითა და შემართული მკლავით, მოვწყლავ გვემით, როგორც რომ უწინ, და გავანადგურებ მთელს მის ქვეყანას. ატირდება ეგვიპტე, ცემით შეირყევა მისი საძირკვლები და სასჯელით, რასაც მოუვლენს მას ღმერთი").

ის მართლმადიდებელი ქრისტეანები, ვინც მიიღებს აპოკალიფსურ რიცხვით სახელებს (გამოცხ. 13:16-18) - საიდენტიფიკაციო ნომრებს, თაყვანს სცემენ "მხეცის მოლაპარაკე ხატს" (გამოცხ. 13:14-15) - თანამედროვე გლობალურ კერპს, რომელსაც "ეკრანი" ეწოდება (ტელე, ვიდეო და კომპიუტერული), ეთანხმებიან ბოროტების მსახურთა ათასგვარ ცრუსწავლებებს (დემოკრატია, ლიბერალიზმი, ეკუმენიზმი და ა. შ.), - ყველა ასეთი ნელთბილი და გაამსოფლიურებული ქრისტეანი, როგორც ჩანს, დაექვემდებარება იმ უბედურებებს, რომელთა შესახებაც უფალი გვაფრთხილებს. გარდა ამისა (ამ უბედურებებისა და ქრისტეანთა დევნის დროს) "მათი სამასხარაო, გასაკიცხი და გასათელი შეიქნებიან" "კერპთაყვანისმცემელთა" მხრიდან (ანუ ხორციელი, ნივთს მიჯაჭვული, გამორჩენას გამოდევნებული და მიწიერ ცოდვებს მიძალებული ადამიანებისგან), რომლებიც "შეშლილებივით იქნებიან და არავის დაინდობენ, ვინც ჯერ კიდევ უფლისმოშიშნი არიან. გაანადგურებენ და დაიტაცებენ მათ დოვლათს და სახლებიდან გამოყრიან მათ. მაშინ გამოიცდებიან ჩემი რჩეულები, როგორც ოქრო იცდება ცეცხლით" (3 ეზრა 16:72-73). ანუ ეს ყოველივე დაშვებულ იქნება ღმრთისგან ცოდვის ბიწისგან და ღმრთითსაძულველი ნელთბილობისგან ქრისტეანთა განსაწმენდად.

ხოლო ის მართლმადიდებელი ქრისტეანები, რომლებიც დღეს უფლის მცნებების აღსრულებას ცდილობენ, მედგრად იცავენ ქრისტეს ჭეშმარიტებას და მართლმადიდებლობის სიწმიდეს, თავს იზღუდავენ თანამედროვეობის "სიბილწისა და სიცრუისაგან" (გამოცხ. 21:27) და შეასრულებენ უფლის ნაბრძანებს: "გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი წყლულებით" (გამოცხ. 18:4; იხ. აგრეთვე 2 კორ. 6:17: "ამიტომ გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ"), - უფლის ეს "საყვარელნი" (3 ეზრა 16:75), უფლის მიერ განდიდებული მართლმადიდებელი ქრისტეანები, - მძიმე განსაცდელის ჟამს, რომელიც მთელს დედამიწაზე მოიწევა, მფარველობასა და დაცვას თვით უფალში ჰპოვებენ (იხ. გამოცხ. 3:10). საშინელი ჭირვებისა და ქაოსის ჟამს მათ ღმრთის მადლი დაიცავს (შეად. ფსალმ.: "ხოლო წმიდათა შველა უფლისაგან არის, ის არის მათი მფარველი გაჭირვების ჟამს. და დაეხმარება მათ უფალი და დაიხსნის; დაიხსნის ბოროტთაგან და უშველის, რადგან მასზე არიან მინდობილნი" (ფსალმ. 36:39-40).

აპოკალიფსისის 3-ე თავში უფალი ასეთ ქრისტეანებს ("ფილადელფიელებს") ეუბნება: "ხოლო ფილადელფიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს წმიდა და ჭეშმარიტი, ვისაცა აქვს დავითის კლიტე, რომელიც აღებს და ვერავინ დახშავს, დახშავს და ვერავინ აღებს: ვიცი შენი საქმენი: აჰა, მოგეცი შენს წინაშე გახსნილი კარი და ვერავინ შესძლებს მის დახშვას. მცირე გაქვს ძალა, მაგრამ დაიცავი ჩემი სიტყვა და არ უარყავ ჩემი სახელი. აჰა, სატანის საკრებულოდან გადმოგცემ იმათ, რომელნიც ამბობენ, იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ ცრუობენ. აჰა, მე ვაიძულებ მათ, მოვიდნენ, ფეხქვეშ ჩაგივარდნენ და თაყვანი გცენ, რათა აღიარონ, რომ მე შეგიყვარე (შეად. 3 ეზრა 16:75):. რაკიღა დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდლის ჟამს, რომელიც მოიწევა მთელს ქვეყანაზე მიწის მკვიდრთა გამოსაცდელად. აჰა, მოვალ მალე. მტკიცედ გეპყრას, რაც გაგაჩნია, რათა არავინ წარგტაცოს შენი გვირგვინი" (გამოცხ. 3:7-11).

"მაშ, იფხიზლეთ და ილოცეთ მარადჟამ, რათა შეგეძლოთ თავი დააღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა, და კაცის ძის წინაშე წარსდგეთ" (ლუკა 21:36).

___________________________

1. ენოქი იყო წარღვნამდელი კაცობრიობის ერთ ერთი ყველაზე ღვთისმოსავი მამათმთავარი... "სრული ხანი ენოქისა იყო სამას სამოცდახუთი წელი" (დაბ. 5:23). შემდეგ კი ნათქვამია, რომ "წაიყვანა იგი ღმერთმა" (ძვ. ქართ.: "გარდაცვალა იგი ღმერთმან")(დაბ. 5:24), ანუ გადაასახლა იგი ნეტარ სავანეში ისე, რომ სიკვდილი არ უხილავს ("რწმენით გარდაიცვალა ენოქი, ისე, რომ არ უხილავს სიკვდილი, და ვეღარავინ დალანდა, რადგანაც ღმერთმა წაიყვანა იგი; ვინაიდან სიკვდილამდე მიიღო მოწმობა, რომ ესათნოვა ღმერთს" (ებრ. 11:5). ამ უკანასკნელ მოწმობასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ პირველდაწყებით ქრისტეანულ ეკლესიაში დაცული იყო და დღემდე არსებობს საერთო რწმენა იმისა, რომ ენოქი ისევ მოვა დედამიწაზე, რათა თავისი ხარკი გადაუხადოს ბუნებას, ანუ მოკვდეს; სწორედ ის და წმ. ილია წინასწარმეტყველი მოაზრებიან აპოკალიფსისის 11-ე თავის წინასწარმეტყველებაში (11:3), რომელთაც თავიანთი მისიის აღსრულების შემდეგ მოკლავს უფსკრულიდან ამომავალი მხეცი (11:7) (“Библейская энциклопедия" архим. Никифора, М., 1891).

2. არქიმ. ნიკიფორეს "ბიბლიურ ენციკლოპედიაში" ვკითხულობთ: "რაც შეეხება ეზრას 3-ე წიგნს (მისი უძველესი წარწერილობაა: Αποκάλυψις Εσδρά (ეზრას აპოკალიფსისი - ავტ.) ან Προφητεία, ანუ "გამოცხადება, იგივე ეზრას წინასწარმეტყველება), რომელიც 16 თავისგან შედგება, გამოცხადების სახით ყველგან გამოსახავს ღმრთის განგებულებას იუდაური ეკლესიის შესახებ და ამბობს მესიის მოსვლაზე, ბოლო ჟამზე და საუკუნო სამსჯავროზე. ის ასევე აღვსილია ქრისტეანული ჭეშმარიტებებით (2:38-47, 7:28-35, 43-45 და სხვა). ეზრას აპოკალიფსისმა ჩვენამდე მხოლოდ ლათინრუ ენაზე მოაღწია, საიდანაც ითარგმნა ის სლავურ და რუსულ ენებზე. ებრაულად და ბერძნულად ის არ არსებობს" ეზრას მესამე წიგნის თარგმანი შესრულდა ვულგატადან - წმიდა წერილის ავტორიტეტული ძველლათინური კოდექსიდან, რომელმაც VI საუკუნის დასავლეთში საყოველთაო აღიარება მოიპოვა. "ლათინური თარგმანი, ანუ ე. წ. ვულგატა (vulgus - ხალხი), შეასრულა ნეტარმა იერონიმემ (სტრიდონელი) IV საუკუნის მიწურულს უშუალოდ ებრაული ტექსტიდან (და არა ბერძნული სეპტუაგინტიდან - 70 მთარგმნელის ნაშრომიდან; ბუნებრივია, რომ ახალი აღთქმა ნეტ. იერონიმემ ბერძნულიდან გადათარგმნა) სხვა საუკეთესო თარგმანების გამოყენებით. ის სისრულითა და სიზუსტით გამოირჩევა" (იხ. Проф. А. П. Лопухин. "Толковая Библия").

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню