უსჯულოების საიდუმლო - ალისტერ კროული - ხორცშესხმული დემონი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ალისტერ კროული - ხორცშესხმული დემონი

ალისტერ კროულის მაგია

ავტორი: სერგეი ბორისოვი.

ყოველი საუკუნე ბადებს თავის გმირებს და ... არამზადებსაც. ამ მხრივ გამონაკლისს არც გასული საუკუნე წარმოადგენს. მაგრამ ვინ არის გასული საუკუნის ყველაზე-ყველაზე დიდი არამზადა? გმირი კი არა, გმირებზე არ ვლაპარაკობთ, - არამზადა?! არჩევანი ძალზედ დიდია. ვიღაცა ჰიტლერს დაასახელებს, ვიღაცა სტალინს, ვიღაცა პოლ-პოტს, აქვე არიან ჰიმლერი, ბერია, ამ შავ სიაში ბევრი ავხორც ამერიკელ ქალ ბელი ჰანესსაც ჩაწერს, რომელმაც 86 მამაკაცი მოჰკლა, და მანიაკ ჩიკატილოსაც...

მაგრამ ამ კითხვას საბოლოო წერტილი ბრიტანელმა სოციოლოგებმა დაუსვეს, რომლებმაც მსოფლიოს ინტერნეტ მომხმარებლებში ჩაატარეს გამოკითხვა. ინტერნტ გამოკითხვით შედეგის ობიექტურობა ხომ გარანტირებულია. გამოკითხვის შედეგად ყველაზე საზიზღარ პიროვნებად, ჭეშმარიტად "განხორციელებულ ეშმაკად" ალისტერ კროული დასახელდა. ის საკუთარ თავს უდიდეს პოეტად, მოგვად, გარყვნილად და სადისტად მიიჩნევდა. მართალია, მას საკუთარი ხელით არც ერთი ადამიანი არ მოუკლავს, მაგრამ დაამახინჯა უამრავი ადამიანის სული და გონება. მართალია, კროული 1875 წელს დაიბადა, მაგრამ სადღაც XX საუკუნეში გარდაიცვალა. ჰეროინის დოზა ვერ გათვალა...




საშინელებათა პალატა


დიდი ნათელი სახლი სიცილიაში ევროპის ყველა ოკულტისტისთვის იყო ცნობილი. მას თელემას სააბატოს უწოდებდნენ, და ეს მხეცის ბუნაგი გახლდათ. აქ აღესრულებოდა ყველაზე საიდუმლო, ყველაზე კადნიერი რიტუალები, რომელსაც ჟურნალისტები რატომღაც საძაგელ და ანტიადამიანურს უწოდებდნენ. აქ ამაზრზენიმისტერიები ტარდებოდა. საკურთხევლის კუთხეებიდან მათრობელა კვამლი ადიოდა. ცენტრში აღმართული იყო საყდარი. მასზე რიტუალების დროს წვებოდა მხეცის გაშიშვლებული მეუღლე და მისი ორი შვილის დედა ლია ჰერციგი. ზოგჯერ მას ცვლიდა მოახლე ქალი ინეტა შამუეი, რომელმაც "მხეცს" ასევე ერთი შვილი უშვა. მოგვის გაბმული გალობის ქვეშ ისინი ან თვით "მხეცს" ეძლეოდნენ, ან კიდევ მის ადეპტებს, უფრო ხშირად - მისტერიის ყველა მონაწილეს.

1923 წლის ერთ დღეს "მხეცმა "თქვა, რომ დღეს ქურუმი დედაკაცი სექსუალურ კავშირს დაამყარებდა თხასთან, რადგან მისი აზრით ზოოფილია ახალ ჰორიზონტებს ხსნიდა ცნობიერებისთვის და სატანისადმი მიახლოებასაც ხელს უწყობდა. რიტუალის დამთავრების შემდეგ "მხეცმა" განაცხადა, რომ ახლა უკვე ფლობს მაგიური განდობის მეათე, უმაღლეს ხარისხს და დღეიდან ღმერთებს გაუტოლდა.

მოკლედ, "მხეცისთვის" ყველაფერი წარმატებით წარიმართა. მაგრამ აქ უეცრად გარდაიცვალა მისი მდივანი რაულ ლავდეი, მისმა მეუღლემ კი ევროპის პრესაში წამოიწყო "მხეცის" საწინააღმდეგო კამპანია, "მხეცს" სასამართლოთიც კი დაემუქრნენ. დაქირავებულმა ექსპერტებმა დაამტკიცეს, რომ ლავდეი თირკმლების ინფექციით გარდაიცვალა, რომელიც იმის შემდეგ მიიღო, რაც სამსხვერპლო კატის სისხლი დალია.

სკანდალი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, იტალიის ხელისუფლებას უკვე აღარ შეეძლო რეაგირება არ მოეხდინა. საქმეს თვით მუსოლინი უძღვებოდა. მას არ სურდა ურთიერთობა გაეფუჭებინა თავის გერმანელ ერთმორწმუნეებთან და თანამოაზრეებთან, რომლებიც "მხეცს" მფარველობდნენ, ამიტომაც, მისი დაპატიმრების აზრი იმთავითვე გამოირიცხა. ამის ნაცვლად მან ბრძანა, რათა "მხეცის" სახლი სიცილიაში ერთი კვირის განმავლობაში დაცლილიყო. "დაე წაეთრიოს სადაც უნდა, სადაც მას ჯერ კიდევ მიიღებენ... წაეთრიოს ეს ვიღაც ალისტერ კროულია თუ ვინ ჯანდაბაა, სადაც უნდა იქ წაეთრიოს...".




"მხეცის" დაბადება


ალისტერ კროული დაიბადა ქ. ლემინგტონში, ეივონის სტრატფორდის მახლობლად, სადაც ქვეყნიერებას მოევლინა უილიამ შექსპირი. ლემინგტონში დღემდე მიდიან "თაყვანსაცემად", ოღონდ, საბედნიეროდ, არა იმდენად ალისტერ კროულისა, რამდენადაც დიდი შექსპირისა.

კროულის მამა ლუდის ფაბრიკანტი იყო, მაგრამ ერთხელაც გადაწყვიტა საქმეს ჩამოშორებოდა, რათა თავი ქრისტეანული სექტის, "პლიმუტელი ძმების" ქადაგებებისთვის მიეძღვნა. სექტანტების სწავლების არსი
მდგომარეობდა იმაში, რომ მათი სწავლებით რადგან აპოკალიფსისი მოახლოვებული იყო, საჭიროდ თვლიდნენ ყველა მორალური ნორმის მკაცრად დაცვას: მხოლოდ ამ გზით თუ შეიძლებოდა გადარჩენა! თავისი მოშურნეობა ედვარდ კროულიმ უპირველეს ყოვლისა თავისი ნაშიერისადმი მიმართა, რაშიც მას ყოველმხრივ ალისტერის დედა - ემილი ბერტიც ეხმარებოდა.

ბევრად გვიან, როდესაც ალისტერ კროული გულმოდგინე სატანისტი და ეშმაკის თაყვანისმცემელი გახდება და "სატანურ" წიგნებს დაწერს, სწორედ უმოწყალო პურიტანულ აღზრდას დაასახელებს მიზეზად იმისა, რომ მთელი სულით სძულდა ქრისტეანობა. ის იხსენებდა, როგორ უწოდებდა მას დედა "მხეცს" იოანეს გამოცხადებიდან... და მას ეს ძლიერ მოსწონდა! "ჯერ კიდევ არ მიმეღწია სიყმაწვილის ასაკისთვის, უკვე ვიცოდი, რომ მე ვარ მხეცი, რომლის რიცხვია 666, თუმცა მისი მნიშვნელობა არც კი მესმოდა".

1887 წელს კროული-უფროსი კიბოთი გარდაიცვალ, და მისმა ქვრივმა სექტის საქმეები მთლიანად ხელში ჩაიგდო. შვილისთვის მას უკვე აღარც სცალოდა. თუმცა, იმ დროისთვის მან უკვე გადაიწურა ყოველგვარი იმედი, რომ ჭეშმარიტების გზაზე დააყენებდა ჯიუტ შვილს, რომელიც რელიგიური წიგნების კითხვას თავის მსგავს მაწანწალებთან გართობას ამჯობინებდა. ალისტერს განსაკუთრებით მოსწონდა საეკლესიო ვიტრაჟების ქვებით ჩამსხვრევა...

20 წლის კროული კემბრიჯის უნივერსიტეტის ტრინიტი-კოლეჯში ჩაირიცხა, სადაც მალე აღმოჩნდა სპირიტისტთა, მედიუმთა და ოკულტისტთა გარემოცვაში. იმ წლებში რომელიმე მასონური ლოჟის წევრობა კარგ ტონად მიიჩნეოდა, მაგრამ ალისტერ კროულიმ ვერანაირად გადაწყვიტა ვის მიმხრობოდა, რადგან მას რაღაც უბრალო მასონური ლოჟის წევრობა კი არ იტაცებდა, არამედ უფრო ძლიერი რამ, რაც ყველაფრის საფუძვლებს არყევს, რაც ეპატაჟურია, უსაზღვროა და სრულიად უკანონოა.


ლოჟაში


უნივერსიტეტში ჩარიცხვიდან ერთი წლის შემდეგ კროული სტოკჰოლმში გაემგზავრა, რომელიც, როგორც თვითონ ამბობდა, მაგნიტივით იზიდავდა და სწორედ იქ, ბალტიკის სანაპიროებზე, გონება "გაუნათდა". "ჩემში გაიღვიძა იმისმა ცოდნამ, - წერდა იგი, - რომ ჩათრეული ვარ... ჩემი ნატურის მაგიურ განზრახვებში, რომელიც ამ მომენტამდე, არსებითად, დაფარული იყო ჩემგან. ეს იყო საშინელებისა და ტკივილის გამოცდილება, რომელიც ერწყმოდა გარკვეულ სულიერ დისკომფორტს და ამავდროულად უფრო სუფთა და წმიდა სულიერი ექსტაზის გასაღებს წარმოადგენდა, რომელიც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს".


თუმცა, არაკეთილმოსურნეები ამტკიცებდნენ, რომ "გამონათება" სინამდვილეში პირველი ჰომოსექსუალური გამოცდილების შედეგი გახლდათ, რომელშიც კროულიმ საკუთარ თავს პასიური როლი განაკუთვნა.

შეგნებული და ფხიზელი იყო მისი შემოქმედებითი გზის არჩევაც. კროულიმ თავი პოეტად წარმოიდგინა, წერის მანერა სუინბერნისგან გადაიღო, ხოლო თემატიკა და ხასიათი - დე სადისგან. თანაც ამ უკანასკნელში ალისტერ კროული იმდენად წარემატა, რომ ოდესღაც პატივდებულ მარკიზს, ასეთი შესაძლებლობა რომ მისცემოდა, საკუთარი "მორიდებულობისა" შერცხვებოდა. და მართლაც, სექსუალური ორგიების აღწერაში კროული განსაკუთრებულად გამჭრიახი და საზრიანი იყო, რასაც უპირველეს ყოვლისა პირადი გამოცდილება უზრუნველყოფდა.

ყოველივე ამასთან ერთად მას სპორტიც იზიდავდა. ყოველ ზაფხულს ის ალპიურ მწვერვალებზე ადიოდა. ერთ-ერთი ასეთი ექსპედიციის დროს მან გაიცნო ალქიმიკოსი ჯორჯ ჯონსი, მასონური ორდენიდან "ოქროს განთიადი" და, რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, ერთსქესოვანი სიყვარულის მომხრეც გახლდათ.

როგორც ჯორჯით, ასევე მისი მოთხრობებით მოხიბლული კროული ორდენში გაწევრიანდა, სადაც მისი დამფუძნებელი სემუელ მაზერსი, გრაფ მაკგრეგორი, ტრადიციული მასონური რიტუალების გარდა პრაქტიკულად შუასაუკუნეობრივ კაბალისტიკასა და აღმოსავლურ დემონოლოგიას ქადაგებდა.

"ოქროს განთიადის" წევრები იყვნენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვაგვარ მიზნებს ისახავდნენ. ზოგს, მაგალითად, არტურ კონან დოილს, პოეტ უილიამ იიტსს ან მხატვარ ჯერალდ კელის, კეთილშობილური და მიამიტური მიზნები ამოძრავებდათ. ეს ადამიანები მიიჩნევდნენ, რომ ასე უფრო მიუახლოვდებოდნენ ჭეშმარიტებას... წევრთა სხვა ნაწილი, მაზერსის მეთაურობით, მთელის ძალით ელტვოდა სხვა მიზანს - დაუფლებოდნენ დემონურ ძალას, გამხდარიყვნენ დემონები. ბუნებრივია, რომ ალისტერ კროულიმაც სწორედ ამ ჯგუფს მიაშურა.



ხელთქმილი ურჩხული


ორდენში თანდათანობით ძალას იკრებდნენ მისი "მშვიდობისმოყვარე" ძალები. კროულის ეს არ მოსწონდა, რის გამოც მან ჩრდილოეთით, შოტლანდიაში გადაინაცვლა, სადაც ტბა ლოჰ-ნესის ნაპირებზე კარ-მიდამო იყიდა სახელწოდებით "ბოლესკინ ჰაუსი". მან ორი ოთახი შავ და თეთრ ტაძრებად გადააკეთა, და ჯონსთან ერთად შეფუცვების დახმარებით დემონ ბუერის გამოძახება დაიწყო, რომელიც ჯოჯოხეთის 50 ლეგიონის მეთაურად მიაჩნდა.

როგორც კროული ამბობდა, მან ნაწილობრივ შესძლო ამ მიზნის განხორციელება. როგორც ჩანს, სეანსების დროს ის და ჯონსი არასაკმარისად ეძლეოდნენ ურთიერთსიყვარულს, თუმცა დემონი ბუერი ჩვენს სამყაროს უცნაური სახით - ქვეწარმავლად მოევლინა. დიახ, კროული სერიზულად ამტკიცებდა, რომ ლოჰ-ნესის ცნობილი ურჩხული - ეს მისი მაგიური ძალისხმევის შედეგია!

(სხვათა შორის შევნიშნავთ, რომ მრავალი წლის განმავლობაში კარ-მიდამო "ბოლესკინ ჰაუსს" ფლობდა ჯგუფ "ლედ ზეპელინის" გიტარისტი ჯიმი პეიჯი, რომელიც 70-იანი წლების დასაწყისში ალისტერ კროულის მიმდევრად თვლიდა საკუთარ თავს. თუმცა, მუსიკოსი მალევე მოეგო გონს და თავისი "მოძღვარი" საჯაროდ უარჰყო).

სწორედ მაშინ, შოტლანდიაში, კროულიმ განაცხადა, რომ ის არის ახალი ცხოველი განხორციელება მოგვ-სატანისტ ელიფაზ ლევისა, რომელიც მისი დაბადების დღეს გარდაიცვალა. მან ასევე გაიცნო ადგილობრივი ჯადოქრები, თავიდან ბოლომდე გამაძღარი და გაზულუქებული არისტოკრატები. თუმცა რამოდენიმე მისტერიის შემდეგ უმაღლესმა ქურუმმა ქალმა ალისტერი "სექსუალური აღვირახსნილობისა და პირუტყვული ვნებების გამო" თავიდან მოიშორა.


უპირველესი და შეუდარებელი


ლოდნოში დაბრუნებულმა კროულიმ ორდენ "ოქროს განთიადში" განდობის ყველა საფეხური განვლო, ხოლო პარიზში "კოლეგებზე" განაწყენებულმა მაზერსმა ის მეორე (შიდა) ორდენში მიიღო. თუმცა "ოქროს განთიადის" წევრებმა ამ განდობის კანონიკურობა არ აღიარეს.

პატივმოყვარეობის ჭიით დაღრღნილმა კროულიმ უკვე დაიწყო ოცნება არა იმაზე, ორდენის ერთ-ერთი, რიგითი წევრი როგორ გამხდარიყო, არამედ პირველი ყოფილიყო არათანაბართა შორის, და მექსიკაში გაემგზავრა. იქ მან დაწერა წიგნები, გახდა 33-ე გრადუსის მასონი, ჩაატარა ექსპერიმენტი მაგიურ კრისტალზე, რომელსაც სამსხვერპლო მამლების სისხლში აცურავებდა.

ამის შემდეგ მოდის ინდოეთი, ბირმა: იოგა, მედიტაცია, ოკულტური ეროტიკა და დემონური შელოცვები. 1902 წელს კროულიმ პარიზში შეუხვია, სადაც მას საკუთარმა გამაოგნებელმა მტკიცებულებებმა ადგილობრივი ბოჰემის კეთილგანწყობა მოუპოვა. სკულპტორ ოგიუსტ როდენთან ის მარადიულობაზე მსჯელობდა, ხოლო სომერსეტ მოემს ანგელოზურზე ეშმაკისეულის უპირატესობას უმტკიცებდა. სომერსეტ მოემმა ამის შემდგომ კროული თავის რომანშიც ("მოგვი") გამოსახა სახელწოდებით ოლივერ ჰარლო.

ერთი წლის შემდეგ კროული როზა კელლიზე, თავისი მასონი თანამოძმის დაზე დაქორწინდა, და საქორწილო მოგზაურობაში გაემგზავრა. პარიზი, რომი, ინდოეთი, ეგვიპტე... კაიროში კროულის მეუღლე საკმაოდ წარმატებით ითვისებს ტრანსის გაკვეთილებს, და იქვე ღებულობს უწყებას აივაზის სულისგან. ცოლი, რა თქმა უნდა, მის მიერ გაგონილს ქმარს უზიარებს, და რამოდენიმე დღის შემდეგ ალისტერ კროულის კალმისგან იშვება თხზულება "კანონთა წიგნი", რომელშიც ლაპარაკია ახალ, მერწყულის ერაში შესვლაზე. ძველი კანონები, რომლებითაც კაცობრიობა ცხოვრობდა, ადგილს უთმობს ახალს; საყოველთაო რელიგია გახდება სწავლება თელემას (ბერძნულიდან - "ნება") შესახებ; უმთავრესი ლოზუნგია - "აკეთე ის, რაც გსურს, - მთელი კანონიც ამაშია".

პრინციპში, კროულის ახალი არაფერი უცნობებია მსოფლიოსთვის. მისი ნააზრევის უმეტესობა აღებულია ნიცშესგან და სხვა ფილოსოფოსებისგან. ოღონდ მათგან განსხვავებით ალისტერ კროული თავს არ იწუხებდა მტკიცებულებებით, ამის ნაცვლად ის უხვად ამარაგებდა თავის ნაწერებს კაბალისტიკითა და მოწოდებებით "თავისუფალი სექსისკენ". და მან თავისას მიაღწია: ყველაზე "წინ წაწეული" ევროპელი ინტელექტუალები წამოეგნენ ამ შარლატანობას.




"ძმა ბაფომეტი"


ალისტერ კროული ასწავლიდა: "თუ ძალა გკითხავს "რატომ", ის უძლურება გახდება". და კიდევ: "ნუ უთანაგრძნობ დაცემულს...". 1907 წელს მან საკუთარი ორდენი "ვერცხლის ვარსკვლავი" დააფუძნა და თვითონაც ამ პრინციპებით ცხოვრობდა. 1909 წელს მისი მეუღლეს აგრესიული სიგიჟის სიმპტომები დაეწყო, რომელსაც კროული დაუყოვნებლივ გაშორდა, ხოლო როდესაც როზა კელი-კროულიმ ორი წლის შემდეგ თავი მოიკლა და ეს ალისტერ კროულის აცნობეს, მან მხოლოდ მხრები აიჩეჩა.

მანამ, რამოდენიმე წლით ადრე, მოხდა ასეთი ისტორია: როდესაც ინგლისის ექსპედიცია ტიბეტის მწვერვალ კანჩენჯანგას დაპყრობას ცდილობდა, ზვავში ერთ-ერთი ალპინისტი მოჰყვა. ალისტერ კროულიმ სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა... გარდა ამისა, ის სასტიკად სცემდა და ამცირებდა მებარგულებს და მათ ნახევრადადამიანებს უწოდებდა.

სხვა ადამიანებზე საკუთარი აღმატებულების რწმენამ ალისტერ კროულისკენ გერმანული ორდენის, "აღმოსავლეთის ტამპლიერების" ("О.Т.О.") მეთაურის, თეოდორ როისის, შემდგომში ნაციზმის ერთ-ერთი იდეოლოგის ყურადღებაც მიიპყრო. თეოდორს კროულის მაგიურმა შესაძლებლობებმა დააინტერესა, რომელთაც კროული განუწყვეტლად "სრულყოფდა" სხვადასხვა ჰალუცინოგენების, უპირველეს ყოვლისა, მესკალინის დახმარებით. გერმანელი მისტიკოსის განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევდა კროულის სწავლების სექსუალური მხარე - ტანტრული ინდუიზმისა და მასონური პრაქტიკის შერწყმა, რადგან კროულის მიერ ჩატარებული მისტიკური სეანსები მასობრივი ცოდვით და საჯარო მასტურბაციებით მთავრდებოდა.

როისი კროულისთან მივიდა და მას "О.Т.О."-ს რიგებში გაწევრიანება შესთავაზა. წინადადება მადლიერებით იქნა მიღებული. განდობის დროს ალისტერ კროულის ებოძა სახელი "ძმა ბაფომეტი", რადგან კროული საკუთარ თავს ერთ-ერთ უმთავრეს დემონთან აიგივებდა.

ამის შემდეგ კროული უფრო გულახდილი ხდება და ჯერ "სიცრუეთა წიგნში", ხოლო შემდეგ "ხეთის წიგნში" ყველაფერს დაუფარავად გადმოსცემს:

"1. ეს არის წმიდა გრაალის საიდუმლო, რომელიც ჩვენი დედოფლის, მეწამული გომბეშოს (კროულის მიმდევრები ამჯობინებენ თარგმანს - მეწამული დედაკაცის - ავტ.) ჭურჭელია... იმ დედოფლისა, რომელიც ჩვენი უფლის მხეცის ზურგზე ზის და დასეირნობს. 2. შენ შეაგროვებ შენი სიცოცხლის მთელს სისხლს მისი მეძავობის ოქროს თასში... 10. თუ გაგაჩნია სიყვარული, ამოიშანთე საკუთარი დედა შენი გულიდან და მიაფურთხე საკუთარ მამას; დაე ფეხი შენი ქელავდეს მუცელს შენი ცოლისა, რათა ყრმაი მისი მის გულმკერდთან გახდეს ლუკმა ძაღლთა და გრიფონთა. 11. რამეთუ ამას საკუთარი ნებით თუ არ გააკეთებ... მაშინ ჩვენ ვიზამთ ამას საწინააღმდეგოდ შენი ნებისა".

კროულის მტკიცებით, მას 1912 წლიდან 1921 წლამდე თავისი რიტუალების დროს ყოველწლიურად 150-მდე ყრმა დაუხოცავს. მაგრამ ეს მხოლოდ სარეკლამო ტრიუკი გახლდათ, რომელიც მისკენ ნარკოტიკებით გაბრუებულ არისტოკრატებს იზიდავდა, რომლებმაც არ იცოდნენ, ფული სად წაეღოთ და სად დაეხარჯათ. ხოლო ის, რომ ამგვარ სიტყვებს შეეძლო რომელიმე ფსიქოპათი ნამდვილ მკვლელობაზე წაექეზებინა, "ძმა ბაფომეტს" სულაც არ ადარდებდა. ეს ეწინააღმდეგებოდა მის პრინციპებს.


მოსკოვში რეგტაიმით და უკან


პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე კროული მოსკოვში ჩავიდა გოგონათა გუნდის, "რეგიდ რეგტაიმ გირლზ"-ის თანხლებით. მაგრამ, თელემის ახალი მომხრეები მართლმადიდებლურ ქალაქში მათ ვერ მოაგროვეს, ამით გამოწვეული გაღიზიანება კროულიმ გამოხატა პოემაში "ღმრთის ქალაქი" და ნარკვევში "წმიდა რუსეთის გული".

კროული კრემლს "ჰაშიშის მწეველთა აღსრულებულ სიზმარს" უწოდებდა, ის აღფრთოვანებული იყო ზარების რეკვის "ბარბაროსული" სიმშვენიერით, ხოლო ქრისტე მაცხოვრის ტაძარზე ამბობდა, რომ ეს არის "ცუდი ეკლესია თანამედროვე ევროპული სულისკვეთებით, სადაც სიმაღლე იმდენად არაპროპორციულია სიგანისა, რომ ვინმეს შეიძლებოდა თავი ღმერთ-სადისტის სატანჯველ კამერაში მოსჩვენებოდა... ამის შედეგად შენობა იქცევაო ერთგვარ მაგიურ პირად, რომელსაც ოქროს კბილები აქვს და, ადამიანთა სულებს გაქრობამდე ისრუტავს".

ალისტერ კროულის ომმა შვეიცარიაში მიუსწრო, საიდანაც ის აშშ-ში მიემგზავრება და სადაც პროგერმანულ პროპაგანდას ეწევას. იქ, თავისუფლების ქანდაკებასთან ხევს თავის ბრიტანულ პასპორტს და აგრძელებს მაგიური რიტუალების აღსრულებას.

კერძოდ, 1916 წელს კროულიმ პირველად ჩაატარა რიტუალი, რომელიც შემდეგ არაერთხელ გაიმეორა: მან გომბეშო იესუ ქრისტედ მონათლა და შემდეგ ჯვარზე გააკრა. არაერთხელ აღუსრულებია მას თარჯიმან-თელემისტ ვიქტორ ნოიბერგთან ერთად "ღმერთების" - იუპიტერისა და მერკურის გამოძახება, რომლის დროსაც ჰომოსექსუალურ აქტს ეძლეოდა.

ეს უკანასკნელი სულაც არ უშლის ხელს კროულის 1918 წელს თავის ყოფილ სკოლის მასწავლებელზე, ლია ჰერციგზე დაქორწინდეს. ეს დედაკაცი კროულიზე ჭკუას კარგავდა. უნდა ითქვას, რომ კროული მართლაც ჯადოქარივით იზიდავდა მანდილოსნებს, ადვილად უმორჩილებდა მათ საკუთარ ბოროტ ნებას, აიძულებდა ეხოხიალათ სიბინძურეებში, ძაღლებივით ეყეფათ და ეფხანათ, და საკუთარი გენიტალიები თელემის ახალი მიმდევრებისთვის ეჩვენებინათ.

ლია ჰერციგი ალისტერ კროულის ახალი მეწამული გომბეშო (ცოლი) გახდა. ის ვერც კი ხვდებოდა, რა ხვედრი უნდა სწვეოდა მას მომავალში...


ბორგნეული და არდავიწყებული


იტალიიდან გაძევებული ალისტერ კროული ტუნისში მიემგზავრება, შემდეგ კი გერმანიაში გადადის, სადაც ლოჯა "О.Т.О."-ს თავმჯდომარე ხდება. რადგან ზურგს უკან ისეთი მძლავრი მხარდაჭერა გააჩნდა, როგორიც ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობა იყო, და რომელიც იმხანად ძალებს იკრებდა, ალისტერ კროული მთელს ევროპაში იწყებს მოგზაურობას და ეწევა თელემის პროპაგანდას.

მაგრამ არც ერთ ქვეყანას არ სურს ოდნავ მაინც დაითმინოს მისი გამოხდომები, რამეთუ ეს იმთავითვე ემჩნევა სახელმწიფოს რეპუტაციას. საბოლოოდ საფრანგეთში კროული მაინც მოხვდა სასამართლოზე, თანაც საქმის გარჩევის პროვოცირება თვითონ მოახდინა როდესაც ბრალი დასდო თავის ყოფილ მეგობარ ქალს ნინა ჰემნეტს. მაგრამ პროცესზე მოპასუხეს მოჰყავს შეუვალი მტკიცებულებები იმისა, მის მიერ მოთხრობილი ამბები კოშმარულ რიტუალებზე, რომელსაც ალისტერ კროული თელემის სააბატოში პრაქტიკულად ახორციელებდა - სრული სიმართლეა, და ამავე სასამართლოზ საპასუხო სარჩელი აღძრა...

ამ დროისთვის, ფინანსური თვალსაზრისით, კროული თითქმის გაღატაკდა. შეძლებული მოწაფეები სულ უფრო და უფრო ეცლებოდა; შეიცვალა მხეცისადმი ნაცისტების დამოკიდებულებაც - ამჯერად, 1934 წელს, "ოკულტიზმის თამაშის" წესებს ნაცისტები უკვე თვითონ კარნახობდნენ; კროულის დიდხანს ვერც მისი ახალი მეუღლის, ნიკარაგუელი მარია ფერარი დე მირამარის მზითევი ეყო. მოკლედ, იმის შემდეგ, რაც კროულიმ ნინა ჰემნეტის ფინანსური პრეტენზია დააკმაყოფილა, იძულებული გახდა თავი ბანკროტად ეღიარებინა.

მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო ხდება წიგნები, რომლებსაც ციებ-ცხელებიანივით წერს. თავისი ცხოვრების ბოლო წლებში კროულის პოპულარობა დაეცა და მისი დიდება ყველამ მიივიწყა. კროული, როგორც კლიენტ-ალკოჰოლიკი, ინგლისის ჰასტინგში, ხანდაზმულთა პანსიონ "ნეზერვუდში" დაბინავდა.

1947 წლის 1 დეკემბერს ალისტერ კროული გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით: "ქრონიკული ბრონქიტისგან". ამას ჯიუტად ამტკიცებდნენ პანსიონის მფლობელები, რომლებისთვისაც ძნელი იყო იმის ახსნა, როგორ ახერხებდა მათ დაწესებულებაში მყოფი პაციენტი შპრიცებისა და ჰეროინის შემოზიდვას...

5 დეკემბერს, ბრაიტონში, მოხდა კროულის კრემირება. ცერემონიის დროს მიცვალებული შემოსილი იყო თეთრ-წითელ-ოქროსფერ ბალახონში, ხელთ კი მახვილი და სკიპტრა ეპყრა. საფლავზე, ანდერძის თანახმად, წაიკითხეს რჩეული ადგილები "კანონთა წიგნიდან" და კროულის მიერ სიკვდილის წინ შეთხზული ჰიმნი, რომელიც წარმართულ "ღმერთ" პანს მიუძღვნა. ამ ნაწარმოებს ასეც ეწოდება "ჰიმნი პანს". მასში არის ასეთი სტროფები: "და მე - ვბოდავ; შეუჩერებლივ და უსასრულოდ ვაუპატიურებ, ვხევ და ვითმენ ამ სამყაროს..." კროული ხომ საკმაოდ ცუდი პოეტი გახლდათ.

ალისტერ კროულის პანაშვიდთან დაკავშირებით ბრაიტონის ქალაქის საბჭომ გამოიტანა დადგენილება: "ჩვენ მივიღებთ ყველა ზომას იმისათვის, რათა მომავალში მაინც არ დავუშვათ მსგავსი შემთხვევის განმეორება".

P. S. მხეცი მოკვდა, მაგრამ სამწუხაროდ მისი საქმე ცოცხალია... და ის რუსეთშიც მოქმედებს (დღეს კი საქართველოშიაც - მთარგმნ.). სატანისტური სექტები მომხრეებს იკრებენ. მოსკოვის მთავრობა აცხადებს, რომ მზად არის ებრძოლოს უწმინდურ ძალას. არსებობს მოქმედების პროგრამაც, მაგრამ ჯერ ჯერობით მხოლოდ პირველი ნაბიჯები იდგმევა. ძალოვან სტრუქტურათა წარმომადგენლები ადგენენ ოქმებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რფ-ს ადმ. სამართლის შესაბამისი მუხლების თანხმიერად, რომელიც გულისხმობს "ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტრონული ნივთიერებების გავრცელება-პროპაგანდირებას" და გაყიდვიდან იღებს ალისტერ კროულის წიგნს "ნარკომანის დღიურს". და ეს მხოლოდ დასაწყისია...

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню