უსჯულოების საიდუმლო - აკრძალული ტესლა 2 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

პაველ გორკოვსკი


აკრძალული ტესლა

ნიკოლა ტესლა

შინაარსი:

მითის დანგრევა


მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, "ტესლას კოჭი" "ჩაიდნებისთვის" - ტექნიკური გენიოსის ერთადერთი გამოგონებაა, რომელიც მისი სახელის ტარების ღირსი გახდა და დღმდე შემოსილია ნახევრადმეცნიერული მითებით. მაგრამ სინამდვილეში "ტესლას კოჭი" ნაკლებად წააგავს მუდმივ ძრავს, კოსმიური სხივების მიმღებ მოწყობილობას, ანტიგრავიტაციულ აპარატს ან ანიჰილატორს, და მოწყობილობასაც კი ილუზიონისტების ატრაქციონიდან.

"ტესლას კოჭი" ტრანსფორმატორის მხოლოდ ერთ-ერთი სახეობაა, რომელსაც ასევე სჭირდება კვების წყარო.

ცვალებადი ძაბვის წყაროს უერთებენ პირველად ხვეულს, ხვეული ქმნის მაგნიტურ ველს. მეორადი ხვეული თავის საკუთარ პარაზიტულ (Cs) მოცულობასთან ერთად ქმნიან რხევად კონტურს, მასში გროვდება მისთვის გადაცემული ენერგია. მთელი ენერგია რხევად კონტურში ინახება ძაბვის ფორმით. ამგვარად, რაც მეტი ენერგია მიეწოდება კონტურს, მით მაღალია ძაბვა. "ტესლას კოჭის" ძირითადი მახასიათებელია მეორადი კონტურის რეზონანსული სიხშირე, პირველადი და მეორადი ხვეულების კავშირის კოეფიციენტი, მეორადი კონტურის გამძლეობა.

კავშირის კოეფიციენტი განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად გადაეცემა ენერგია პირველადი ხვეულიდან მეორადს, ხოლო გამძლეობა - რამდენად ხანგრძლივად შეუძლია რხევად კონტურს შეინარჩუნოს ენერგია. ექსპერტები, რომლებმაც დამოუკიდებლად ააწყვეს "ტესლას კოჭი", მისი მუშაობის პრინციპს ადარებენ საქანელას: საქანელა - ეს არის რხევადი კონტური; ადამიანი, რომელსაც საქანელა მოძრაობაში ბიძგით მოჰყავს, - პირველადი ხვეულა. საქანელას სიჩქარე - ელექტროდენი მეორად ხვეულაში, ხოლო აწევის სიმაღლე - ძაბვა. ადამიანი უბიძგებს საქანელას, და ასე გადასცემს მას ენერგიას. რამოდენიმე ბიძგის შემდეგ საქანელა იწევა უმაღლეს წერტილამდე - მათ უკვე დააგროვეს ბევრი ენერგია. რაღაც მსგავსი ხდება "ტესლას კოჭშიც": ოღონდ, როდესაც ენერგია საკმაოდ ბევრი გროვდეება, ხდება ჰაერის შეღწევა და ჩნდება ლამაზი ეფექტი - სტრიმერი (აიროვანი განმუხტვა) - განტოტვილი მანათობელი სხივთკონა, ნაპერწკლოვანი, გვირგვინისებრი და რკალისებრი განმუხტვებით. კოჭის კონსტრუქცია ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც კი საშუალო სკოლის ფიზიკის კურსი გაიარა.

ტესლა ოცნებობდა თავისი პირმშო გადაექცია მოწყობილობად, რომელიც დააგენერირებდა ელექტროენერგიას და გადასცემდა მას სადენების გარეშე. ოციანი წლების მიწურულს კარნეგის ინსტიტუტის მეცნიერები შეეცადნენ "ტესლას კოჭი" ატომის გასახლეჩად გამოეყენებინათ, მაგრამ ბედის ირონიით - "ტესლას კოჭი" ყველაზე მოთხოვნადი გამოგონება როდია მისი გამოგონებებიდან. მათი გამოყენება უკიდურესად შეზღუდულია - "ტესლას კოჭს" იყენებენ რადიო და ტელე მოწყობილობებში, ასევე ეფექტური აიროვანი განმუხტვების გენერატორად ან კიდევ ლაბორატორიულ მოწყობილობად.

ახალი, მეოცე საუკუნე დაიწყო საშინელი და გამანადგურებელი ომით. პროგრესის პირმშო - მომწამვლელი აირები, წყალქვეშა ნავები და სიღრმისეული ბომბები, აეროსტატები მომაკვდინებელი ტვირთით და სწრაფმსროლი ტყვიამფრქვევებით, დღითი დღე უსპობდნენ სიცოცხლეს ათასობით ადამიანს. სწორედ პირველმა მსოფლიო ომმა, მანამდე არნახული სამხედრო იარაღით, სერიოზული ბზარი გაუჩინა პროგრესის შეუვალ ავტორიტეტს.

თვით ნიკოლა ტესლას - როგორც ტექნიკური გადაწყვეტილებების ჭეშმარიტ მოციქულს, - მტკიცედ სწამდა, რომ მომავალში გამთანგველი და გამანადგურებელი ომები შეიძლება თავიდან ყოფილიყო აცილებული
არნახული სიძლიერის იარაღით - "შემკავებელით", რომელიც კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარისთვის ერთნაირად დამღუპველი იქნებოდა.

შორს არ არის ის დრო, როდესაც ომის ყველა საშინელი დანაკარგი შეწყდება, და მაშინ ბრძოლები, თუ ისინი იარსებებენ, წყლისა და ელექტრონული ტალღების მეშვეობით გაიმართება. მაგრამ "პროგრესული კაცობრიობის" საუკეთესო თავები საკმაოდ დაფრთხნენ, როდესაც მეცნიერ-წინასწარმეტყველის არგუმენტები ესმათ. "სამხედრო პრიორიტეტებისა და ურთიერთ შეკავების" პოლიტიკური დოქტრინა ჩამოყალიბდება და აღზევდება მხოლოდ მეოცე საუკუნის 60-70-იან წლებში, რომლებამდე მსოფლიოს ჯერ კიდევ სისხლიანი ათწლეულების ხანგრძლივობის ლოდინი უწევდა.

კაცობრიობამ ხელი ჰკრა ტექნიკურ პროგრესს და იმედის მზერა სოციალურ პროგრესს მიაპყრო: მსოფლიოს გადაუარა კიდევ ერთმა გამანადგურებელმა ტალღამ - სოციალური რევოლუციების ქარბორბალამ, რომელმაც მხოლოდ გააღრმავა ტექნიკური პროგრესის შესაძლებლობებში იმედგაცრუება. პოლიტიკური სისტემების კონკურენციამ, რევოლუციური მოძრაობის ბუნებრივმა შედეგმა, მხოლოდ გადასწია პოროგრესის, როგორც კაცობრიობის განვითარების მთავარი სტიმულის საბოლოო კრახი.

სამაგიეროდ, დაეცა რა ბერლინის კედელთან ერთად, პროგრესისი იდეამ საბოლოოდ, თავისი ნანგრევების ქვეშ ჩამარხა კაცობრიობის კიდევ ერთი მიმზიდველი მამოძრავებელი ვექტორი - სოციალური თანასწორობის მიღწევის იდეა, და მაშინ პროფესორმა ფუკუიამამ კაცობრიობის პროგრესის უმაღლესი წერტილის "ისტორიის დასასრული" გამოაცხადა.

პროგრესის ცუდი პირი ესქატოლოგიური მოლოდინის ტალღით შემოუბრუნდა კაცობრიობას. ატომური ომის პერსპექტივა, ბირთვული ზამთარი, ახალი ეპიდემიები, მასშტაბური ტექნოგენური ან ეკოლოგიური კატასტროფები - მსოფლიო მოახლოვებული აპოკალიფსისის წინათგრძნობით განიმსჭვალა, რამაც თავის მხრივ აკადემიური მეცნიერების დისკტრედიტაცია გამოიწვია.

საზოგადოების კლასობრივი სტრუქტურა ჯერ კორპორატიულმა იერარქიებმა ჩაანაცვლა. ხოლო ტექნოლოგიები - საწარმოო, ფინანსურ და პოლიტიკურმა იერარქიებმა. საზოგადოებაში, რომელიც ადვილად მოწყვლადია საინფორმაციო ნაკადებით და აკლია ჩვეული კონსიუმერისტული ორიენტირები, რომელიც პროგრესის ზეობის ხანაში გადაეჩვია რელიგიური ღირებულებების დაფასებას, გამალებით დაიწყო ჩანაცვლების მექანიზმის ფორმირება. დაიწყო ახალი მაგიური მითოლოგია და მისთვის შესაბამისი კულტუროლოგიური პლასტის წარმოქმნა.



თანამედროვე საზოგადოების აღსაწერად, რომელიც ავადმყოფურად არის დამოკიდებული რთულ ტექნოლოგიებზე და ამავდროულად მიდრეკილია მაგიური ახსნა მოუძებნოს მოვლენებსა და პროცესებს, რუსმა კულტუროლოგმა დინა ხაპაევამ საკმაოდ მოსწრებული ტერმინი გამოიყენა - "გოთიკური საზოგადოება".



გოთიკური საზოგადოება


თანამედროვე საზოგადოებასთან მიმართებაში სიტყვა "გოთიკურის" კულტურულოგიური წყაროები ძევს არა წარსულ დროებათა არქიტექტურულ სტილში, არამედ რომანტიზმის ეპოქაში, როდესაც გაჩნდა "გოთიკური რომანის" ჟანრი. ამ სტილის წიგნები, რომელთაც ახასიათებდა შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრის უცილობლივი პირქუში კოლორიტი, რთული კომპოზიციური ხერხები და მაგიური ძალის მქონე პერსონაჟები, სავსე იყო ელფებით, ჯადოქრებით, გობლინებითა და ვამპირებით.




გოთიკური რომანი ჩვეულებისამებრ მთავრდებოდა ღია ფინალით ან დემონური ძალების სრული გამარჯვებით. ჟანრი აღმოცენდა პროგრესის პიკზე, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, როგორც პროტესტის თავისებური ფორმა. ასე გამოხატავდნენ ინტელექტუალები თავიანთ ზიზღს "განათლების ეპოქის" ტრადიციული ღირებულებებისადმი და თვით დიადი პროგრესის პერსპექტივებისადმი.

ჟანრი, რომელიც აღმოცენდა როგორც ლიტერატორთა ვიწრო წრის გართობა, ძალიან მალე გახდა პოპულარული და "ბულვარულ" ჟანრში გადაიზარდა. კიდევ რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ "გოთიკური რომანი" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება გახდა მასობრივ კულტურაში - კომიქსები, ანიმაცია, მისტიკა, ფენტეზი, ჰორორი და თვით ტრეში და ტექნო-პანკიც კი. ის მოიცავს ასევე სიუჟეტურ-როლურ და კომპიუტერულ თამაშებს.



ტექნო-პანკი


ახალი მაგიური მსოფლმხდველობის აპოთეოზუ გახდა ჯოან როულინგის რომანების წარმატება პატარა ჯადოქარ ბიჭუნაზე ჰარი პოტერზე, ასევე კინოსაგები "ბეჭდების მბრძანებელი", ხოლო რუსეთში - კინოდილოგია "ღამის დაჯარი" და "დღის დარაჯი".




მაგრამ მაგიური მსოფლმხედველობა გასცდა კინოს, ლიტერატურისა და ახალგაზრდული სუბკულტურის ჩარჩოებს. გასული საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან მსოფლიოში ძალას იკრებს მოძრაობა "ნიუ ეიჯი"
სხვადასხვა ფსევდორელიგიური ჯგუფების, ეკოლოგიური და სულიერი ორგანიზაციების, გამაჯანსაღებელი და მედიტაციური პრაქტიკების ადეპტთა ერთობლიობა, რომელიც დაფუძნებულია რამოდენიმე რელიგიისა და ფსიქოლოგიური სკოლის ნაერთს.



ნიუ ეიჯი


"ნიუ-ეიჯის" კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი გახლავთ სამეცნიერო პოსტულატების თვითნებური განმარტება; მაგალითად, პირადი სურვილების მიღწევის ფსიქოლოგიური მეთოდიკა, რომელიც გულისხმობს შემოქმედებით წარმოსახვას (ან "შემოქმედებით ვიზუალიზაციას") და რომელსაც ხსნიან კვანტური ფიზიკის პოსტულატების გამოყენებით. ეს ყველაფერი გადმოცემულია როგორც რონდა ბერნის პოპულარულ წიგნში "საიდუმლო", ასევე ხოსე სილვას, რობერტ სტოუნისა და ჯეიმს რედფილდის უფრო ადრინდელ ნაწარმოებებშიც.

"ნიუ-ეიჯის" მომხრეები აქტიურად უწევენ ალტერნატიულ სამედიცინო პრაქტიკას, უარის თქმას პროგრესის მრავალ მიღწევაზე უფრო ეკოლოგიური ტექნოლოგიების სასარგებლოდ, მომხმარებლობის ნებაყოფლობით შეზღუდვებს.

მართალია პოსტსაბჭოურ სივრცეში ტერმინი "ნიუ-ეიჯი" ვერ გავრცელდა, მისი მიმდევრებისა და ადეპტების რაოდენობა საკმაოდ მრავალრიცხოვანია. მაგიური აზროვნება გახდა მსოფლიო ტენდენცია და მან ევროპულ და ამერიკულ თანამედროვეებზე ნაკლებ როდი დაიპყრო პოსტაბჭოური საზოგადოების გონება და ცხოვრება.




ახალი მითოლოგიის წარმატების ჩარჩოებში, რომელიც "გოთიკურ საზოგადოებაში" აღმოცენდა, ნიკოლა ტესლას ფიგურა კვლავ აქტუალური აღმოჩნდა, რადგან მეცნიერს ისედაც გააჩნდა "მოგვისა და ჯადოქრის" ავტორიტეტი, ანუ მასში ხედავდნენ თითქმის ოკულტურ პიროვნებას.

ტესლა გახდა უამრავი გადარეული მეცნიერისა და მარტოხელა-გენიოსის პროტოტიპი, რომლებითაც აივსო მხატვრული რომანები და კინოფილმები. მის სახელს იყენებს პოპულარული მუსიკალური როკ-ჯგუფი, ხოლო საკულტო როკ-ვარკსვლავი დევიდ ბოუიმ შეასრულა უცხოპლანეტელი-მეცნიერის, ტესლას როლი რეგ ნიკოლსის ფილმში "ადამიანი, რომელიც დედამიწაზე ჩამოვარდა".



ჯგუფი "ტესლა"


ნიშანდობლივია ის, რომ ცნობილი ბრიტანელი ლიტერატორი კრისტოფერ კრისტი რომანში "პრესტიჟი" ახორციელებს "ილუზიების ოსტატის" მეტაფორულ განსაზღვრებას და ტესლას წარმოადგენს როგორც "ცვალებადი დენის დამპყრობს". ის მეცნიერს წარმოადგენს უნიკალური მოწყობილობის შექმქმნელად, რომელიც მარტო ავანტიურისტი კი არ არის, არამედ ნამდვილი დეკლარირებული ილუზიონისტია. 2007 წელს რომან "პრესტიჟის" მიხედვით კრისტოფერ ნოლანმა გადაიღო მხატვრული ფილმი, რომელმაც საკულტო ფილმის სტატუსი მოიპოვა.

ნიკოლა ტესლა ახალ თაობას წარმოუდგა არა როგორც გამომგონებელი, რომელიც ტექნიკური პერსპექტივის განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოვებული, და რომლის გამოგონებები - დისტანციური მოწყობილობებიდან ინდივიდუალურ მოწყობილობებამდე, როგორიცაა თუნდაც, მობილური კავშირი, წარმატებით იქნა რეალიზებული ტექნოლოგიური განვითარების ახალ ტალღაზე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, როგორც მძლავრი მოგვი, რომელსაც დედამიწაზე გადმოჰყავს ელვა და ჭექა-ქუხილი, ერთგვარი ზრდასრული "ჰარი პოტერი", რომელსაც ხელში ჯადოსნური ჯოხის ნაცვლად უჭირავს "ცივი ნათების" უსადენო ელექტრონათურა.




მოდი, ამჯერად თავი და
ვანებოთ მითოლოგიას, რამდენადაც ეს შესაძლებელია, და დავუბრუნდეთ ტესლას ბიოგრაფიის ფაქტებს, მეცნიერის ტექნიკურ და განსაკუთრებით მის ფილოსოფიურ მემკვიდრეობას.


სამეცნიერო საზოგადოების "შავი დაღი"


ნიჭიერმა პუბლიცისტმა, დამაჯერებელმა ორატორმა და დაუღალამა მთხრობელმა, ნიკოლა ტესლამ შთამომავლობას მოსაგონებლად დაუტოვა ავტობიოგრაფია, რომელიც უფრო ჟანრის ყველა წესის დაცვით დაწერილ რომანს წააგავს. ეს არის დამაინტრიგებელი, წარმტაცი, აფორისტული და ადგილ ადგილს სენტიმენტალური წიგნი...

ყველაზე ამაღელვებელი სცენები მან მიუძღვნა ბავშვობას - მასში ადგილი ჰპოვა მთიელთა ზღაპრულმა ქვეყანამაც, რომელიც ამაყი ხალხით იყო დასახლებული და, რომელსაც ათასწლოვანი ისტორია ჰქონდა, ასევე დედის ალერსიანმა ხელებმა და ოჯახის საყვარელმა არსებამ - კატა მაჩეკამ, ასევე ცვალებადი დენის მომავალი დამპყრობის პირველმა გენიალურმა გამონათებებმა. ასეთ შერჩევით მოგონებებზე ფრანგები ხუმრობით ამბობენ - "მოგონებას კარგი გემოვნება აქვსო".

ტესლას მიერ შექმნილი პასტორალური სურათები, საკმაოდ შორს იყვნენ ქალა ჰოსპიჩისა და ასევე მის ახლოს მდებარა სოფელ სმილიანის რეალობისგან, სადაც დაიბადა და ბავშვობის წლები გაატარა მომავალმა მეცნიერმა. ჰოსპიჩი ავტრო-უნგრეთის განაპირას მდებარეობდა, თავად ავსტრო-უნგრეთი კი იყო ევროპული საზომით ახალგაზრდა, იმპერიულ ამბიციებს მოკლებული სახელმწიფო, ჭრელი თავისი ეთნიკური შემადგენლობით და საკმაოდ პროვინციული საყოველთაო ინდუსტრიული აღმავლობის დროსაც კი.  

ნიკოლა ტესლას ოჯახი, ძველი და პატივდებული სერბეთსა და ხორვატიაში, არ განეკუთვნებოდა გვაროვან არისტოკრატიას, მაგრამ საკმაოდ განათლებული ადამიანებისგან შედგებოდა, უმეტესწილად მართლმადიდებლური სარწმუნოების მღველმსახურთაგან, და, უდავოდ, მიეკუთვნებოდა უკვე ჩანასახის მდგომარეობაში მყოფ ეროვნულ ელიტას. ტესლას მრავალ ნათესავს მართლმადიდებლურ საეკლესიო იერარქიაში მნიშვნელოვანი პოსტები ეპყრათ.

სერბეთისა და ხორვატიის სახელმწიფო სტატუსის შეცვლასთან ერთად იცვლებოდა ოჯახის პოლიტიკური გავლენაც. მეცნიერის ნათესავი, საბა კოსანოვიჩი, აშშ-ში იუგოსლავიის ახალგაზრდა რესპუბლიკის პირველი ელჩი გახლდათ და მრავალი წლის განმავლობაში იცავდა ნათესაურ კონტაქტებს ნიკოლა ტესლასთან.

მსოფლიო ომებს შორის პერიოდში ბალკანეთზე პოლიტიკური ვითარება კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლებოდა, ამიტომაც ბუნებათმცონდეს სამეფო ოჯახის წევრებთან ხშირი შეხვედრა უწევდა და თვით მეფე ალექსანდრე I-სგან "წმ. საბას ორდენის დიადი ოფიცრის" პრესტიჟული ტიტულიც კი დაიმსახურა. მოგვიანებით, 1934 წელს მოკლული ალექსანდრეს ტახტი მისმა თავადმა-ადგილნაცვალმა პავლემ დაისაკუთრა.

1921 წელს სახელოვანი მეცნიერი სრული უფლებით იტყვის საკუთარ თავზე: "მე მივეკუთვნები ძალიან გამძლე და ძალიან ძველ მოდგმას" (Тесла Никола. Мои изобретения. Автобиография и сборник статей. Tesla Print, 2003) .

სიყმაწვილის წლებში მეოცნებე და ცნობისმოყვარე ბიჭუნას მრავალი ტრავმის გადატანა უხდებოდა, ხოლო ციებ-ცხელებამ და მძიმე ინფექციებმა ის თვეების განმავლობაში საწოლს მიაჯაჭვა, მეტიც, სიკვდილის პირასაც კი იყო, რაც ხელსაყრელ ნიადაგს ქმნიდა თანამედროვე ინსინუაციებისთვის დუკას და მილიუტინას მეოთხე ბავშვის, ტესლას შესახებ შექმნილიყო ლეგენდა, რომ ის "სხვა, ვარსკვლავური სამყაროდან მოვლენილი შვილია".

თუმცა, ხორციელი დაავადებების გარდა მომავალი მეცნიერის ფსიქიკაც სერიოზულ გამოცდებს დაექვემდებარა, რომელთაგან უმთავრესი იყო ბიჭუნას უფროსი ძმის, დანეს დაღუპვა. დაკრძალვის შემდეგ ტესლა საკუთარ თავში ჩაიკეტა და მიუკარებელი გახდა, ის განიცდიდა მრავალ აუხსნელ და ზოგჯერ პათოლოგიურ შიშებს.

უკვე მოწიფულ ასაკში ის ამტკიცებდა, რომ სწორედ ძმის სიკვდილის შემდეგ დაეწყო მას ხილვები, რომლებიც რეალობისგან ძნელი გასარჩევი გახლდათ, ხოლო მის ტვინს პერიოდულად ნათლის გამონათებები ასხივებდა, რომლებიც ელექტრონული ნაპერწკლების გროვასავით ბრჭვიალებდა. ტესლა ამტკიცებდა, რომ მსგავსი მდგომარეობა სტიმულს აძლევდა მის შემოქმედებით წარმოსახვას.

შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს, მართლა განიცდიდა თუ არა ნიკოლა ტესლა მსგავს მოვლენებს, თუ მისი მონათხრობები ხილვებზე პირადი ლეგენდის ნაწილი გახლდათ, რომელიც უადვილებდა მას დანაკარგებთან და განცდებთან შერიგებას,სიყმაწვილის წლებში რომ განიცადა, და სნეული ბავშვი თანატოლთა თვალში განსაკუთრებული ორეოლით შემოსა.

"ცნობიერების გადაადგილებულმა მდგომარეობამ" და "მისტიურმა გამონათებებმა" ტესლას კეთილი სამსახური გაუწია, რადგან მან ფსიქოლოგიური ბუფერის ფუნქცია შეასრულა მის ზემგრძნობიერ ფსიქიკასა და აგრესიულ სოციალურ გარემოს შორის, თუმცა, ამავე დროს, მისი, როგორც ტქნიკური გენიოსის მითის მასაზრდოებელი ნიადაგიც გახდა.

სწორედ ავადმყოფობის დროს ახალგაზრდა ტესლა ახერხებს მიიღოს მამის თანხმობა დასაქმდეს საინჟინრო საქმით, და მალე მოზარდი გრაცის პოლიტექნიკურ სკოლაში შევა. სკოლას საკმაოდ ღირსეული რეპუტაცია ჰქონდა - აქ ასწავლიდნენ ფსიქოლოგები გუსტავ თეოდორ ფეჰნერი, გეომეტრიის პროფესორი როგნერი და გამოჩენილი ფიზიკოსი და ფილოსოფოსი ერნს მახი.


გაგრძელება იქნება.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню