უსჯულოების საიდუმლო - აკრძალული ტესლა 1 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

პაველ გორკოვსკი


აკრძალული ტესლა

ნიკოლა ტესლა

შინაარსი:

წინათქმის ნაცვლად: ნიკოლა ტესლას სამი მითი

ცნობილი ბუნების მკვლევარის, მეცნიერ-ფიზიკოსის, ნიჭიერი და მრავალწახნაგოვანი ინჟინრის - ნიკოლა ტესლას პიროვნება ერთ-ერთი ყველაზე არაერთგვაროვანი და იდუმალი ფიგურაა მეცნიერების ისტორიაში. ვინ იყო იგი? უბრალო სერბი ბიჭუნა, ნიჭიერი თვითნაბადი, რომელმაც შეძლო შეეცვალა საწარმოო რევოლუციის მიმართულების შეცვლა თუ ფილოსოფოს-მისტიკოსი, წინასწარმჭვრები, რომელიც დაჯილდოვებული იყო ზებუნებრივი უნარებით, ან იქნებ მისტოკოსი და ილუზიონისტი, რომელმაც ელექტრონული სხივებით გაანათა მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეთა მიჯნა?

ტესლას დაბადებიდან საუკუნენახევარზე მეტი ხნის პერიოდში, მითების, აპოკრიფების, თავისუფალი ვარაუდების, პოპულარიზატორული ვერსიების და აშკარა ფალსიფიკაციების საფარველმა გულმოდგინედ დაფარა მისი სამეცნიერო ბიოგრაფიის ნამდვილი ფაქტები და შეცვალა მისი რეალური მიღწევები. ამგვარი "მითოლოგიზაციის" თავწყაროებისა და შედეგების განხილვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სწორედ ახლა, როდესაც ინტერესი ტესლას მიმართ გასცდა პროფესიონალურ სამეცნიერო-ტექნიკურ საზოგადოებას და კულტურული ფენომენების მთელი წყება გააჩინა.

მის შესახებ დაწერილია რომანები, გადაღებულია დოკუმენტური ფილმები, ის გახდა სამეცნიერო-პოპულარული პუბლიკაციების და აშკარად სპეკულატიური კვლევების პოპულარული გმირი, რომელმაც აშკარად შეავიწროვა ტაბლოიდების გვერდებზე საკულტო პოპ-კერპებისა და საერო ვარსკვლავების კერძო ისტორიები. სამასზე მეტი პატენტისა და უამრავი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, დღეს პოპულარობაში ეჯიბრება "ქალაქის ლეგენდებს" ტრადიციულ კრებულს "მფრინავ თეფშეფზე", "ჯადოსნურ წრეებზე", "ბიოენერგეტიკაზე", ტელეკინეზსა და ლევიტაციაზე.




ნიკოლა ტესლას პიროვნება კვლავ აღმოჩნდა ყურადღების ციებ-ცხელებაში ისევე, როგორც ეს იყო მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების მიჯნაზე. მეცნიერის შემოქმედებითი გაფურჩქვნის წლებში მისი ლექციები, სტატიები და ელექტრონული ცდების დემონსტრაციები არნახული პოპულარობით სარგებლობდნენ, ხოლო პრესა ფართოდ აშუქებდა მის აღმოჩენებს, სამეცნიერო დისკუსიებს, რომლებშიც მას უწევდა მონაწილეობის მიღება, და თვით სასამართლო პროცესებსაც კი, რომლებიც ინჟინრული გენიოსის პატენტებთან იყო დაკავშირებული.

უკვე მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში წარმატებულმა ფიზიკოსი, "ცვალებადი დენის ნათლიმამა" ცოცხალ ლეგენდად იქცა. ნაკლებად სავარაუდოა მის თანამედროვე მეცნიერ-ბუნებისმეტყველთა შორის, როგორებიც იყვნენ მარკონი, რეზერფორდი, ნობელი, კიური, რენტგენი და თვით აინშტაინი, გამოიძებნოს მეორე ფიგურა, რომელიც ასეთივე რაოდენობის სკანდალური პუბლიკაციებით, ცოცხალი მითებით და გამონაგონებით იქნებოდა გარემოცული.

მეცნიერის პოპულარობის ფენომენს მიღმა იმალებოდა ორმაგი სარჩული - ფანტასტიკურად ენერგიული და წინდახედული ნიკოლა ტესლა დღითი დღე საკუთარი ხელებით ქმნიდა ლეგენდას საკუთარი სახელის გარშემო. სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზატორად გამოდიოდა თუ მეცნიერ-პრაქტიკოსად, ხმამაღალ სასამართლო პროცესებს მართავდა თუ აქტიურ საერო ცხოვრებას პოლიტიკოსთა და მეწარმეთა შორის, ან თვეების განმავლობაში იმალებოდა დახშული ლაბორატორიების მიღმა, ტესლას ყოველთვის ჰქონდა კავშირი პრესასთან, როგორც სამეცნიერო, ასევე პოპულარულ გამოცემებთან, რადგან ზრუნავდა თავისი პროექტებისა და საკუთარი იმიჯის საინფორმაციო მხარდაჭერაზე.

ის არა მარტო იქცევდა აღფრთოვანებული ობივატელებისა და სამეცნიერო საზოგადოების ყურადღებას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ეძებდა ინვესტორებს. მისი დაუოკებელი კვლევითი ბუნება ხედავდა ახალ შესაძლებლობებს სამყაროს გარდასაქმნელად, ხოლო სამეცნიერო მუშაობა სულ უფრო და უფრო ძვირადღირებულ ექსპერიმენტებს ითხოვდა. ტესლას საკუთარი წარმატება საინფორმაციო სარბიელზე იმდენად დიდი იყო, რომ მის ოპონენტებსა და კონკურენტებს უკვე არ შეეძლოთ დაკმაყოფილებულიყვნენ მეცნიერის მიღწევათა უბრალო მიჩუმათებით და მზადყოფნით მიმართავდნენ ანალოგიურ ტაქტიკას. ტესლას მეცნიერულობის უკმარისობასა და უსაფუძვლო ფანტაზიებში ადანაშაულებდნენ. ნიაღვარივით წამოვიდა საგაზეთო და საჟურნალო პუბლოიკაციები, მრავლდებოდა ათასგვარი ჭორები, იგონებდნენ სულ ახალ და ახალ მეთოდებს როგორ ემართათ გავლენიანი ადამიანების კერძო შეხედულებები, რომლებიც შეძლებდნენ შეეწყვიტათ ტესლასთვის ფინანსური დახმარებები, და ასევე მეცნიერული სამყაროსა და მთლიანობაში საზოგადოების მხარდაჭერები.

მეცნიერის ბიოგრაფიაში გაჩნდა ორი ურთიერთამომრიცხავი მითი: ერთი, რომელიც საკუთარი ხელით შექმნა სერბმა მეცნიერმა საკუთარ თავზე, როგორც ელექტრონული დენის დამმორჩილებელზე, მომაკვდინებელი სხივური იარაღის შემქმნელზე, "ელვათა მპყრობელზე", და მეორე, რომლის მიხედვითაც ტესლა იყო ნიჭიერი ავანტიურისტი, თვალთმაქცი, ელექტრონული სპეცეფექტების ილუზიების ოსტატი, რომელსაც შეეძლო ადვილად მიეღო დიდი დაფინანსებები და მთელი ქონება დაეხარჯა ცდებზე, რომლებსაც ეჭვის თვალით უყურებდნენ სამეცნიერო თვალსაზრისით, წარმოადგენდა საზოგადოებრივ საშიშროებას და მოკლებული იყო პრაქტიკულ ღირებულებას, მაგრამ ამასთან მოუპოვებდა დიდძალ თანხებს პირადი აპარტამენტების მოსაწყობად მოდურ სასტუმროში.




მიუხედავად ამისა 1943 წლის იანვარში, მეცნიერის სიკვდილის შემდეგ, მისი სამეცნიერო და ექსპერიმენტალური მემკვიდრეობისადმი ინტერესი უცებ ჩაქრა. ის გადავიდა პროფესიონალურ სფეროში და ამოიწურებოდა სპეციალისტთა თეორიული და გამოყენებითი მუშაობებით, რომლებიც სისტემატურად ინფორმაციის უკმარობას ან მიუწვდომლობას აწყდებოდნენ.

ტესლას შემოქმედებით დაინტერესებული მეცნიერები იძულებულნი იყვნენ დრო მიეძღვნათ მისი გამოგონებების აღდგენისთვის შემორჩენილი, ხშირად არასრული მონაცემების მიხედვით, და სულ უფრო ხშირად ამბობდნენ უარს მისი თეორიული ნამუშევრების დამოწმებაზე ან პრაქტიკულ მიღწევებზე. მეცნიერი თითქმის მივიწყებულ იქნა თავისი პატარა სამშობლოს ფარგლებს გარეთ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა იუგოსლავიის შემადგენლობაში, და მხოლოდ მეოცე საუკუნის მიწურულს, როდესაც კაცობრიობამ მიაღწია მორიგი ასწლეულის გზაჯვარედინს და შექმნა ტექნოლოგიური განვითარების ახალი ეტაპი, კვლავ გაჩნდა სერბი გენიოსისადმი ინტერესი.

საინფორმაციო ნაკადების გლობალიზაციამ მოახდინა ნიკოლა ტესლას შესახებ არსებული ძველი მითების "გალვანიზირება", და აღავსო ისინი ახალი, კიდევ უფრო ეფემერული და ფანტასტიკური ცხოვრებით, შექმნა რა მესამე მითი - საკმაოდ ხელოვნური და რეალობას დაშორებული, რომელმაც პირწმიდად გადაფარა მეცნიერი მიღწევები და პერსპექტიული გამოგონებები.

ეს ახალი მითოლოგია გაჩნდა ვითარებათა ქაოტური დამთხვევით, თუმცა ამ მოვლენას შესაძლოა გააჩნდეს უფრო ღრმა და სისტემური მიზეზები. მივმართავთ რა ნ. ტესლას გასული საუკუნის უდიდესი ბუნებისმეტყველის ბიოგრაფიას, გამოგონებებსა და სამეცნიერო მემკვიდრეობას,  შევეცდებით მივიღოთ პასუხი მრავალ კითხვაზე, რომელიც დღემდე ბურუსითაა მოცული.


მითის ევოლუცია: ტექნიკური პროგრესის ეპოქიდან ნეოგოთიკამდე



საწარმოო გარეუბნის ვიწრო ქუჩებში კაცი მიაბიჯებდა. ღამის ქარის მონაბერი უძლურად იმსხვრეოდა მის მაღალ, სწორ ფიგურაზე, ხოლო მთვარის შუქი ხაზს უსვამდა ამაყ ტანადობასა და არწივისებურ პროფილს. მგზავრი ძლივს მიიკვლევდა გზას აირის ფანრების მკრთალ შუქზე, კოპებშეკრული ისუნთავდა ქარხნის კვამლისგან და ნახშირისგან გამჭვარტლულ ალიონის ჰაერს, და სულ უფრო და უფრო უჩქარებდა ნაბიჯს. ნათელი მომავლის მოციქულს უნდა ეჩქარა - საკმაოდ ბევრი სამუშაო ელოდა მას მეცხრამეტე საუკუნის სრულყოფილებისგან დაშორებულ სამყაროში.

ერთმანეთთან დაკავშირებული ყველა შესაძლო ლეგენდიდან, ნიკოლა ტესლა ალბათ ამას აირჩევდა - ყოფილიყო მომავლის მოციქული, რომელიც მოწოდებული იყო დაეჩქარებინა კაცობრიობის პროგრესი. მაგრამ, აბეზარა ჟურნალისტებისთვის სამწუხაროდ, თანამედროვეებმა ვერ შეძლეს გამოეთქვათ ასეთი ეფექტური ჰიპოთეზა, რომელიც ლოგიკურად ახსნიდა მრავალ უცნაურობას მეცნიერის არაერთგვაროვან ბიოგრაფიაში.

სამეცნიერო-ფანტასტიკური ტერმინი "პროგრესორი" და თვით სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი მეცხრამეტე საუკუნის შუაწლებში კაცბრიობისთვის ჯერ კიდევ უცნობი იყო. ჰერბერტ უელსის ეპოქალურმა რომანმა "დროის მანქანამ" დღის ნათელი მხოლოდ 1895 წელს იხილა, როდესაც ნიკოლა ტესლამ უკვე მოასწრო ედისონისა და ვესტინგაუზის საწარმოებში მუშაობა, მიიღო თავისი ძირითადი პატენტები და საკუთარი ლაბორატორიაც შექმნა.

მეცხრამეტე საუკუნის, ანუ "ტექნისკური საუკუნის მიწურულს", მან მოასწრო საკმაო დიდების მოხვეჭა, რათა როგორც მის თაყვანისმცემლებს, ასევე მადევრებს, კვლავ და კვლავ გასჩენოდათ კითხვა:


მაინც ვინ არის ნიკოლა ტესლა?



არსებობდა თუ არა სინამდვილეში ეს ადამიანი, თუ ამერიკელთა სმენისთვის უჩვეულო სლავური სახელის მიღმა რამოდენიმე პიროვნება იმალებოდა? ჰქონდა თუ არა ამ შემოსულ ბატონს საკმარისი განათლება და ჩვევები, რათა დამოუკიდებლად გადაეწყვიტა დიდი მასშტაბის აღმოჩენები, თუ ის მხოლოდ ნიჭიერი ავანტიურისტი და "სინათლის ეფექტების" დიდოსტატი გახლდათ?




ამ ქვეყანაზე გაჩენის დღიდან მეცნიერს გარს აკრავს იდუმალი ლეგენდები. მაგრამ ლეგენდები, რომლებიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში თან სდევდა და დღესაც მჭიდროდ შემოხვევია მის სახელს, კარდინალურად განსხვავებულია და სხვადასხვა მიზანს ემსახურებიან. ეს უმნიშვნელოვანესი განსხვავება რომ შევიგნოთ მცირედი ექსკურსი უნდა მოვაწყოთ არცთუ შორეულ წარსულში და გავიხსენოთ, როგორ იცვლებოდა საზოგადოებრივი ცნობიერების ზოგიერთი დომინანტი გასული საუკუნენახევრის განმავლობაში.

ნიკოლა ტესლა დაიბადა 1856 წლის 10 ივლისს, როდესაც მეცხრამეტე საუკუნემ მყარად შეაბიჯა მეორე ნახევარში და სამართლიანად იწოდა "ტექნიკური პროგრესის საუკუნედ". მეცნიერებამ შეავიწროვა რელიგია და ის ახალი დროების ადამიანის ცნობიერების ეზოს მიღმა გადატყორცნა.

მეცნიერთა ნაშრომები ტიპოგრაფიული დანადგარებიდან ვერ ასწრებდნენ გამოსვლას, რომ თეორიული მეცნიერების მიღწევები პრაქტიკულ გამოგონებებში უკვე ხორციელდებოდა, ხოლო ახალმა ტექნიკურმა მიღწევებმა შეცვალა ყოველი ადამიანის ცხოვრება - მაღალჩინოსანი პოლიტიკოსებიდან და არისტოკრატებიდან მოყოლებული უბრალო ობივატელით დამთავრებული, თანაც ყველაზე რადიკალური სახით.

გუშინდელი ცხენოსნები უნაგირებიდან ჯერ მატარებლის, შემდეგ კი - მექანიკური და "თვითმავალი ეტლების" სავარძლებში გადასხდნენ; გუშინდელი მკერავები განზე დებდნენ ნემსსა და ძაფს და საკერავ მანქანებს ითვისებდნენ; დოქტორები ადიდებდნენ აცრებს და ჰიგიენურ პროცედურებს, კაცობრიობის სხეულს განიხილავდნენ როგორც რთულ და სრულყოფილ მექანიზმს; სამხედროები ახალ ასაფეთქებელ ნივთიერებებს უმიზნებდნენ და საჰაერო დირიჟაბლებზე ოცნებობდნენ; ფერშლები და პარიკმახერები ქიმიური ფხვნილებით აუფერულებდნენ კლიენტების თმებს და ელექტრობის დახმარებით ახვევდნენ მათ; დიასახლისები პრიმუსებს "მარადიული ნემსისა" და გაზქურების მეშვეობით ანთებდნენ; ბავშვები მექანიკურ სათამაშოებს ეტანებოდნენ, რომელთაგან ყველაზე საოცნებო და ყველაზე პოპულარული "რკინისგზა" გახლდათ.

გამომძიებელიც კი ახლა გამადიდებელი შუშისა და მიკროსკოპის მოხმარებას ისეთივე ოსტატობით უნდა დაუფლებოდა, როგორც რევოლვერს, და უნდა ეხელმძღვანელა უზადო გონებრივი განსჯითა და მეცნიერული "დედუქტიური მეთოდით". ნეოფიტის გულუბრყვილო გულწრფელობით კაცობრიობამ ირწმუნა პროგრესის უსაზღვრო ძალა: გამარჯვება სნეულებებზე, შიმშილზე, სტიქიებზე, სიღარიბესა და სოციალურ უსამართლობაზე. ეს ყოველივე ბევრს უკვე დროის, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების საქმედ მიაჩნდა.

ახალი დროის გმირები ხდებოდნენ მოგზაურები და ბუნებისმკვლევარები, რომლებმაც სივრცე პროგრესის მეშვეობით დაიპყრეს; სამხედროები და პოლიტიკოსები, რომლებსაც პროგრესი ცივილიზაციისგან შორს მყოფ აზიასა და აფრიკაში შეჰქონდათ; არქეოლოგები, რომლებმაც აღმოაჩინეს დროის საიდუმლოებანი; ზრდილი ქალიშვილები სუფრაჟისტები ხდებოდნენ და გაბედულად ითხოვდნენ საარჩევნო უფლებებს; მეწარმეები - განსაკუთრებით დაბალი სოციალური ფენების წარმომადგენლები, რომლებმაც შესძლეს გამდიდრება ტექნიკური პროგრესის წყალობით, ისეთები, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, ჰენრი ფორდი ან ავგუს ვილჰელმ მეიბახი. მაგრამ მეცხრამეტე საუკუნის დიდების პანთეონის მწვერვალი უდავოდ ეკუთვნოდათ პროგრესის შემოქმედთ - მეცნიერებს.

მეცნიერი
- ეს იყო ლაბორატორიაში, საკვირველ მექანიზმებს შორის განმარტოვებული ინტელექტუალი, აწეწილი თმებით, ფორმულებით აჭრელებული პერანგებით და ქიმიური რეაგენტებით მოთხვრილი წინსაფრებით. ყოფითი წვრილმანებისგან შორს მდგომი ექსპერიმენტატორი, რომელიც პირწმინდად ივიწყებდა ძილსა და დასვენებას, ნაკლებად ზრუნავდა ფულზე და ახალი აღმოჩენის, ანუ სასწაულის ძიებაში, რომელსაც სიკეთეს უნდა მოეტანა მთელი კაცობრიობისთვის. კაცობრიობას, - ასეთი იყო პროგრესის ეპოქის ჭეშმარიტი და ნამდვილი გმირი.




სრულიად კანონზომიერია, რომ ამ საკვირველ და ოპტიმიზმით სავსე წლებში გაზრდილმა ნიკოლამ გააკეთა არჩევანი, რომელიც იმ დროისთვის იყო სიმპტომატური. მართლმადიდებელ მღვდელმსახურთა დინასტიის შთამომავალმა საეკლესიო კარიერას მეცნიერი, გამომგონებლისა და პირველაღმომჩენის გზა ამჯობინა. მან მზადყოფნით მიიტანა მეცნიერების პიედესტალთან პირადი ბედნიერება, ყოფითი კომფორტი და საკუთარი ფინანსური საშუალებები.

დიდი იმედების მომცემი ფიზიკოსი, ნიკოლა ტესლა ამავე დროს ნიჭიერი ინჟინერ-ელექტრიკოსი, ფანატურად შრომისმოყვარე, წარმატებული და საკმაოდ პრაქტიკული პიროვნება აღმოჩნდა, რათა მიეღწია შთამბეჭდავი პროფესიონალური და ფინანსური წარმატებისთვის. ის ასევე იყო ზომიერად არტისტული და ექსცენტრიული, რათა თავისი "პროექტებისკენ" მიეზიდა პრესისა და ფინანსური საზოგადოების ბურჯების ყურადღება.

მისმა გამოგონებებმა შეცვალეს პროგრესის სახე და საკმაოდ სწრაფად ათასობით ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილნი გახდნენ, რათა "პრაქტიკული ღირებულების" ორეოლით შეემოსათ მისი ნებისმიერი იდეა. ასე, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის ტესლამ უკვე სამართლიანად დაიკავა თავისი დროის საკვანძო ფიგურის ადგილი და მოიპოვა ტექნიკური გენიოსის სახელი.

იმ უღრუბლო ეპოქაში ჩვეულებრივი მისტიკაც კი უფერულდებოდა "მისი უდიდებულესობა პროგრესის" ჩრდილში. ყველგან მსუფევი ბუნებისმცოდნეები ელტვოდნენ სპირიტულ სეანსებს და ცდილობდნენ ფონოგრაფზე ჩაეწერათ იმქვეყნიური ხმები, ჟურნალისტები ძველი ციხე-სიმაგრეების ბნელ ნიშებში იმალებოდნენ იმ იმედით, რომ ფოტოსურათს გადაუღებდნენ აჩრდილებსა და მოჩვენებებს, ექიმები "ვამპირიზმის" ფენომენს სისხლძარღვთა სისტემის თანდაყოლილი პათოლოგიით ხსნიდნენ და ადამიანებს ხატხა-იოგას ვარჯიშებს ურჩევდნენ, როგორც "ჰემოროის სამკურნალო და ადვილად მისაწვდომ საშუალებას", ქიმიკოსები იკვლევდნენ ვუდუს ჯადოქრობებს და მათში ბანალურ გველის შხამს პოულობდნენ.

მექანიკური მოწყობილობები, "რომლებიც წარმოქმნიდნენ მკურნალ მაგნიტურ ტალღებს", ცხელი ფუნთუშებივით იყიდებოდა, ავტორიტეტული ფიზიკოსები სამეცნიერო ახსნას უძებდნიდნენ ავტომატური წერის ფენომენს. ისე ჩანდა, რომ მეცნიერებასა და იმქვეყნიურს შორის ზღვარი ეს ესაა უნდა წაშლილიყო, და კაცობრიობას სამყაროს დაფარული მექანიზმები უნდა ეხილვა.

ამიტომაც მითები, რომელთაც თავის თანამედროვეებს ჩუქნიდა პროგრესის საუკუნე, საკმაოდ ერთფეროვანი და უბრალოდ მოსაწყენი იყო. ნიკოლა ტესლას ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში მისი სამეცნიერო ინტერესების პრიორიტეტები, ნათესავებთან ურთიერთობა, ჩვევები, ხასიათი, მანერა და გარეგნობაც კი რამოდენიმეჯერ უეცრად და აუხსნელად იცვლებოდა. მაგრამ პროგრესისი ეპოქაში თვით ყველაზე გააფთრებულ მოძულეებსაც კი ვერ მოუვიდოდა თავში იდეა, რომ თურმე მეცნიერი ბავშვობაში თუ მოზარდობის ასაკში "ვენერადან ჩამოსახლებული უცხოპლანეტელით" ჩაანაცვლეს, როგორც ვარაუდობდა ამას მარგარეტ სტორმი ნიკოლა ტესლას მისტიკურ ბიოგრაფიაში სახელწოდებით "სამყაროს შემოქმედის დაბრუნება".

დღევანდელი პოპულარული პუბლიკაციების ავტორები ერთმანეთს ეჯიბრებიან მეცნიერის წარმომავლობის სულ უფრო და უფრო ეგზოტიკური ვერსიების გამოგონებაში: "ის იყო ხელოვნურად შექმნილი არსება, რომელსაც განსაკუთრებული, ზეადამიანური ინტელექტი ჰქონდა", ან კიდევ "სერბი ყმაწვილის ადგილი დაიკავა დროში დაბნეულმა პროგრესორმა - ადამიანმა მომავლიდან".

ამავე დროს ნიკოლა ტესლას თანამედროვეებში არ აღმოჩნდა საკმარისი ფანტაზიის მქონე თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც ნიჭიერ სერბს გამოაცხადებდა სამეფო დინასტიის არაკანონიერად შობილ მემკვიდრედ - როგორც, მიაწერდა ამას საერო ჭორი და მითქმა-მოთქმა მის ახლო ნაცნობს, პოეტ-დეკადენტ გეორგ ვირეკს, რომელიც თითოსდა გერმანიის კაიზერის საყდრის კანდიდატის, ვილჰელმ II-ის კანონგარეშე შვილიშვილი იყო.

პირიქით, არაკეთილმოსურნე და კონკურენტი თანამედროვეები შესაშური სიჯიუტით უწოდებდნენ ნიკოლა ტესლას "ილუზიების შემქმნელს", "მთავარ ელექტრონულ ჯადოქარს", "მოგვს" და "შემლოცველს" და ამისი საკმაო საფუძვლებიც არსებობდა, რომელსაც ცოტა მოგვიანებით მივუბრუნდებით.




მოგვი და შემლოცველი არის ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია ფუნდამენტური ცოდნა. ეს არის თვითგანათლებული პიროვნება, რომელსაც, - ფორმულებისა და პატენტების ენაზე რომ ვთქვათ, - ნორმალურად საკუთარი გამოგონებების არსის ახსნაც კი არ ძალუძს, რის გამოც მისი ექსპერიმენტები შეუძლებელია კოლეგებმა იმავე ეფექტით გაიმეორონ.

თვითმარქვია, რომელსაც არ შეუქმნია სამეცნიერო სკოლა და არ ჰქონია სოლიდური აკადემიური განათლება, ამიტომაც არ ძალუძს საკუთარი გამოგონებები გადაიტანოს პრაქტიკულ სიბრტყეში და დააყენოს კონვეიერზე სერიული წარმოებისთვის. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, "ილუზიების ოსტატი" და სხვა არავინაა, თუ არა ფსევდომეცნიერი და შარლატანი. პროგრესის ზეიმობის ეპოქაში არ არსებობდა ამაზე უფრო საშინელი და დამღუპველი მითი მეცნიერისთვის.

ასეთი შეფასებები მომწავლელი ღრუბლებივით შეიყარა ნიკოლა ტესლას სახელის ირგვლივ ჯერ კიდევ მისი გაფურჩქვნის პერიოდში და შეეძლო პირწმინდად აღეგავა მისი სახელგანთქმული გამოგონებები სამეცნიერო ანალებიდან, რომ არა მეცნიერული პროგრესის ერთ საათში შემობრუნება სამყაროსკენ თავისი ბნელი მხარით.

მომდევნო თავი: მითის დანგრევა

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню