რელიგია - ვანგა, ცნობები ჯოჯოხეთიდან - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

ვანგა - ცნობები ჯოჯოხეთიდან

ოკულტიზმი

ავტორი: არქიმანდრიტი ბარნაბა (სატიროვი) ნევროკოპის ეპარქიის როჟენის მონასტრის იღუმენი (ბულგარეთი).

"ევანგელიკა" ბულგარულად სახარებას ნიშნავს, მაგრამ მშობლიურ მხარეში საყოველთაოდ სახელგანთქმულ "ნათელმხილველს" ამ სახელს შემოკლებით ("ვანგად") უწოდებენ და პირველდაწყებით აზრსაც მოკლებულია.

ვანგელია პანდევა გუშჩეროვა დაიბადა 1931 წლის 31 იანვარს, ქ. სტრუმიცაში, რომელიც დღეს მაკედონიის ტერიტორიაზე მდებარეობს. სამი წლის ასაკისამ დაკარგა დედა პარასკევა, ხოლო ძალიან მალე (მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომი) მამაც გაიწვიეს. ვანგა თურქმა მეზობელმა შეიფარა, რომელიც მას სამი წლის ასაკამდე ზრდიდა.

ომიდან დაბრუნების შემდეგ ვანგას მამა მეორედ დაქორწინდა; ოჯახი მატერიალურად გაიმართა, თუმცა კეთილდღეობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა, სიღარიბე ოჯახს მუდმივად სდევდა. სამუშაოს საძებნელად სოფ. ნოვოში გადასახლდნენ. ცხოვრობდნენ სიღატაკეში. მამა საქონელს უვლიდა, ხოლო 12 წლის გოგონას რძით სავსე ტიკები დაჰქონდა გასაყიდად.

ერთხელ ვანგა ორ ბიძაშვილ გოგონასთან ერთად წყაროზე წავიდა, რომელიც შორიახლო, მინდორში მდებარეობდა. უეცრად საშინელი ქარბორბალა ამოვარდა, ყოველივე წარმოუდგენელი სიძლიერით დაატრიალა. ქარბორბალამ ვანგაც აიტაცა და ორი კილომეტრით მოშორებით, იქვე მინდორში მოისროლა. ქარბუქი რომ ჩადგა, ცოცხალმკვდარი და შიშისგან გაოგნებული გოგონა ტოტებისა და მიწაყრილის ქვეშ იპოვეს. თვალებს ტკივილისგან ვერ ახელდა. ვერანაირმა ამორეცხვამ ვერ უშველა. საღამოსთვის ბავშვს თვალები სისხლით აევსო. სასოწარკვეთილი მამა მთელი ოჯახით ისევ სტრუმიცაში დაბრუნდა.

მრავალმა მცდელობამ ვანგასთვის მხედველობა დაებრუნებინათ, შედეგი ვერ გამოიღო. ოჯახი აუწერელმა სასოწარკვეთამ მოიცვა. ვანგა გამუდმებით ლოცულობდა და სასწაულს ელოდა, თუმცა შედეგი არ ჩანდა. მრავალი თვე ვერ შეეგუა იმ აზრს, რომ ზედმეტი ტვირთი გახდა თავისი ოჯახისთვის და არაფრით შეუძლია მისი დახმარება.

1925 წელს. ვანგა ქ. ზემუნში, ბრმათა სახლში მიიღეს. აქ, ბრმა ბავშვთა სკოლაში, მიიღო მან პირველდაწყებითი განათლება. ბრაილის ანბანი ბრმათათვის სამი წლის განმავლობაში აითვისა. ისწავლა პიანინოზე დაკვრა, დაეუფლა სხვადასხვა პრაქტიკულ ჩვევას, რომელიც შინაურ ყოფა-ცხოვრებაში სჭირდებოდა.

1928 წ. მამას გათხოვებაზე კურთხევა სთხოვა, რადგან ერთ ბრმა ყმაწვილზე, დიმიტრიზე დაქორწინება სურდა, რომელიც იქვე, ბრმათა სახლში ბინადრობდა, მაგრამ მამამ ნება არ დართო და სახლში დაბრუნება უბრძანა. მისი მეორე ცოლი მშობიარობას გადაჰყვა და მამის სახლში დაბრუნებულ ვანგას კვლავ უკიდურესი სიღარიბე და სამი დაავადებული ბავშვი დახვდა.

მამისკენ გადასვლის შემდეგ ვანგამ დაიწყო "წინასწარმეტყველება", რომელიც საკმაოდ დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველებზე. თავისი უჩვეულო უნარს მის ირგვლივ შემოკრებილ გამჭვირვალე არსებათა შემწეობით ხსნიდა, რომელთა წარმომავლობა არ უწყოდა. ვანგას თქმით, ისინი თითქოსდა აძლევდნენ მას იმ ინფორმაციას, რომელიც მას არ შეეძლო გაჭირვებულთათვის არ გადაეცა. საიდან და როგორ შეიძინა მან ამგვარი უნარი, რომელიც ადრე არ გააჩნდა, უცნობია.



ვანგას და ლუბკა ჰყვებოდა, რომ მამის ოცნება ვანგას მხედველობის დაბრუნება იყო, ერთხელაც მან ვანგა და ლუბკა სოფ. პოგოლევოში წაიყვანა. იქ, შუა მინდორში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია იდგა. მრავალი აკითხავდა ამ ეკლესიას სხვადასხვა სნეულებათაგან განსაკურნავად. გოგონები ღამის გასათევად ეკლესიაში დარცნენ. ღამით ისინი უცხო ხმაურმა გააღვიძა, და ლუბკამ ეკლესიის შიგნით მოციმციმე პატარა ნათელი დაინახა. ლუბკამ ვანგას ჰკითხა: "ეს რა იყო?", მან კი უპასუხა, რომ ეს იყო ღვთისმშობელი, რომელიც მის განსაკურნებლად მოვიდა. მომხდარის შემდეგ ყველა ფიქრობდა, რომ ვანგას მხედველობა დაუბრუნდებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა.

ვანგას მეუღლის, დიმიტრი გუშჩეროვის ნათესავები (დიმიტრის ვანგა 1942 წელს გაჰყვა) ამბობდნენ, რომ ვანგამ ეს უნარი მას შემდეგ მიიღო, რაც მათმა მეზობელმა მოლამ, რომელმაც ვანგა შეიფარა, რომელიღაც მუსლიმური ლოცვები ასწავლა, რომლის შემწეობითაც საარსებო სახსრების მოპოვება შეეძლო. მთელი ცხოვრება ფულს იღებდა ვანგა წინასწარმეტყველებებისთვის, ომის დროს კი - ფულს პროდუქტები და ნივთები ცვლიდა.

წინასწარმეტყველების დაწყების თარიღად მისი ნათესავები 1941 წელს ასახელებენ, კერძოდ, 6 აპრილს. აი, როგორ ჰყვება ამის შესახებ მისი და ლუბკა. ერთხელ ვანგამ ის გააღვიძა, რათა სკოლაში წასულიყო. ის იყო საწოლზე წამოჯდა, რომ ნახა როგორ აცახცახებდა ვანგას და რამდენად აგზნებული იყო. ვანგამ ჰკითხა ლუბკას: "ნახე აქ მხედარი რომ შემოვიდა?". "რომელი მხედარი?" - გაიკვირვა ლუბკამ - "შენ ალბათ დაგესიზმრა". შეიძლება დამესიზმრა კიდევაც, - თქვა ვანგამ, - "მაგრამ ეს ძალზედ უცნაური სიზმარი იყო. მაღალი, ქერა და ღვთაებრივად ლამაზი მხედარი, ქამარ-ხანჯლითა და სხვა საომარი საჭურვლით აღჭურვილი, მთვარის ნათელივით ბრწყინავდა. უცებ ჩვენი კარების წინ გაჩერდა, ცხენიდან ჩამოხტა და ბნელ ოთახში შევიდა. მისგან ისეთი ნათელი მოდიოდა, რომ დღესავით განათდა. უცებ ჩემსკენ მოტრიალდა და მითხრა: "მალე მსოფლიო აირევა და ბევრი ხალხი დაიღუპება. ამ ადგილას დადგები და დაიწყებ წინასწარმეტყველებას მკვდართა და ცოცხალთა შესახებ. ნუ გეშინია, მე ყოველთვის გვერდით გეყოლები და გეტყვი რა აკეთო".

აქ უნდა განვმარტოთ, რომ მაკედონიასა და ბალკანეთის ნახევარკუნძულის სხვა ოლქებში ბევრია ანტიკური ძეგლები, რომელსაც "თრაკიელ მხედრებს" უწოდებენ, - ისინი გამოსახავენ მითოლოგიურ თრაკიულ გმირებს: ღმერთებსა და ჰეროიზირებულ მკვდრებს.

ამ მოვლენიდან ძალიან მალე გერმანული ჯარები სტრუმიცაში შევიდნენ. ყველა მცხოვრები გაიხიზნა ვანგასა და ლუბკას გარდა. როდესაც რამოდენიმე დღის შემდეგ ხალხი დაბრუნდა, შენიშნეს, რომ ვანგა შეიცვალა: დღითა და ღმით, შეუსვენებლივ, ძილის გარეშეც კი, ღია თვალებით იდგა იგი ანთებული ლამპრის წინ და დაბალი, მამაკაცური ხმით რაღაცას ბუტბუტებდა. მისი სხეული უკიდურესად დაძაბული იყო. თითქმის ერთი წელიწადი საერთოდ არ უძინია.

ვისი სული შესახლდა ვანგაში? აი, მისი მიმდევრის, ბოიკა ცვეტკოვას სიტყვები: "ჩვენ ათეულობით მოთხოვნა გავაგზავნეთ, გვქონდა კონსულტაციები კოლეგებთან, რომლებიც დასაქმებულნი არიან პარანორმალური მოვლენებით, მათ შორის საი-ბაბათიც (ცინდური სექტის ცნობილი დამფუძნებელი - ავტ.) და უკვე ვიცით ჭეშმარიტი პასუხიც. ძალიან მალე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დეტალურად შეიტყოთ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ამ ფენომენთან. შემიძლია ვთქვა, რომ ლაპარაკია ერთ ძალზედ ძლიერ "წინასწარმეტყველზე".

იმ დროიდან ვანგასთვის ტრანსში ჩავარდნა დამახასიათებელი გახდა. ერთ ერთი ინტერვიუში ის ამბობდა, რომ ამ დროს მას ეუფლებოდნენ დიდი და მცირე ძალები, რომლებიც ეუბნებოდნენ მას რა უნდა ეთქვა და ისიც, მხოლოდ მათ ნათქვამს იმეორებდა. ამ მომენტში მისი ხმა იცვლებოდა და მამაკაცურად ჟღერდა. ვანგა ამ დროს სხვისი ხმით მეტყველებდა. როდესაც "ძალები" ეუფლებოდნენ, ის ძალზედ ცუდად ხდებოდა, ხოლო როდესაც უშვებდნენ, მთელი დღე ქანცგამოცლილივით ეგდო. დაუძლურებული, სრულიად მათ განკარგულებაში იყო. ტრანსული მდგომარეობის შემდეგ მას უჭირდა რაიმეს გახსენება. მნახველები და დამსწრეები ხშირად ვერ იხსენებდნენ მის ნათქვამს, ზოგიერთმა მხოლოდ რამოდენიმე ფრაზა დაიმახსოვრა. თვით ვანგასაც არაფერი ახსოვდა და ნათქვამის აღდგენა არ შეეძლო. უნდა აღინიშნოს, რომ მისი მეტყველება აღსავსე იყო ცინიზმით, ის თითქოსდა ჰიპნოტურ მდგომარეობაში მეტყველებდა.

თავიდან ვანგა სანთლებზე მკითხაობდა, მაგრამ მისი სიბრმავის გამო ეს ხანძრის გაჩენის საშიშროებასთან იყო დაკავშირებული და ამიტომაც, 1942 წლიდან მან შაქარზე მკითხაობა დაიწყო. ის ითხოვს, რათა თქვენ, მნახველმა მოიტანოთ შაქარი, რომელიც მანამდე, რამოდენიმე დღე მათთან უნდა ინახებოდეს: რადგან შაქრის კრისტალები, როგორც ვანგას მიმდევრები განმარტავენ, ატარებენ ინფორმაციას ადამიანზე. ვანგამ სახელი გაითქვა, მას "სტუმიცელი მკითხავი" შეარქვეს. ასე უწოდებდნენ მას საკმაოდ დიდხანს სტრუმიცადან წასვლის შემდეგაც.

1942 წელს მათ სახლს სტრუმიცაში ვიღაც ყმაწვილი დიმიტრი გუშჩეროვი ეწვია სოფელ კრინჯალიციდან, რათა ეკითხა ვანგასთვის, ვინ მოჰკლა მისი ძმა. არ უწყოდა რა მისი სახელი, ვანგამ მას სახელით მოუწოდა და უთხრა, თუკი შურს არ იძიებდა ძმის მკვლელობისთვის, მკვლელების აღსასრულს იხილავდა. დიმიტრი ვანგას კიდევ რამოდენიმეჯერ ეწვია, ხოლო 1942 წლის 10 მაისს, ქ. პეტრიჩში, სადაც წინადღით დიმიტრიმ ვანგა და მისი და გადაიყვანა, დიმიტრი და ვანგა დაქორწინდნენ.

ძალიან მალე პეტრიჩს უამრავი ხალხი მიაწყდა. ეს დიმიტრის არ მოსწონდა, ის ამითი დათრგუნული იყო, რადგან თვითონ სურდა საკუთარი ოჯახის გამოკვება. მაგრამ საოცარი უნარი ვანგას მოსვენებას არ აძლევდა და გამოვლინების საკუთარ გზებს ეძიებდა.

მალე დიმიტრი ომში გაიწვიეს. 1947 წელს, დაბრუნების შემდეგ, მან აღასრულა ვანგას თხოვნა და ახალი სახლი აუშენა. ამის შემდეგ დიმიტრი უეცრად მძიმედ დაავადდა, დაიწყო სპირტით მკურნალობა, მიეძალა მას, ჩაიკეტა, მოკლედ, სხვა ადამიანი გახდა. თავის უბედურებას არავის უმხელდა, რაც 12 წელი გრძელდებოდა. 20 წლიანი ქორწინების შემდეგ, 1962 წელს ვანგა დაქვრივდა.

ვანგა მთელი დღე ღებულობდა მნახველებს, რომლებიც მასთნ ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ. ქალაქი პეტრიჩი სასაზღვრო ზონაში მდებარეობს და მასში შესვლის უფლება მხოლოდ მილიციის ნებართვით თუ შეიძლებოდა. ვანგას უნარებით იმ დროს ზოგიერთი მეცნიერიც დაინტერესდა. პროფესორმა გეორგი ლოზანოვმა განაცხადა, რომ ვანგა მეცნიერული კვლევის ობიექტი უნდა გახდეს. 1967 წლის 3 ოქტომბერს ვანგა სუგესტოლოგიისა და პარაფსიქოლოგიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად დაინიშნა თვეში 300 ლევის ხელფასით, მაშინროდესაც იმ დროს, საშუალო გამომუშავება სხვა თანამშრომლებისთვის 150 ლევს შეადგენდა.

ვანგა "სახელმწიფო მკითხავი" გახდა. იმავე წელს, დაბადების დღეზე, საჩუქრის სახით ვანგას პირადი მცველი გამოუყვეს. ქალაქის საბჭო ადგენდა მათ სიას, ვისაც მისი მონახულება სურდა, და ფასიც დააწესა - ვანგას ერთი მონახულება 10 ლევი ღირდა. გარდა ამისა, ადამიანები ფულს არა მარტო ვანგას, არამედ მის გარემოცვასაც აძლევდნენ. ამგვარად, ის "ფულის საჭრელ მანქანად" გარდაიქცა. ფული რესპუბლიკის ბიუჯეტში მიდიოდა. 1974 წელს გადაიღეს პირველი ფილმი ვანგაზე, რომელიც, უნდა ითქვას, თვით ვანგას არ მოეწონა.

თავისი საქმიანობის 55 წლის განმავლობაში ცნობილმა ბულგარელმა მკითხავმა მილიონზე მეტი ადამიანი მიიღო. ამგვარად, მხოლოდ 1990 წლამდე ბულგარეთის ბიუჯეტში დაახლ. 9 მლნ. ლევამდე თანხა შევიდა.

თავისი 80 წლისთავისთვის ვანგას თავისი დანაზოგი თანხით საბავშვო ბაღის აშენება სურდა, მაგრამ ამისი უფლება არ მისცეს. საინტერესოა, როგორ არის შესაძლებელი დაზოგო იმ რაოდენობის თანხა, რომელიც იმ დროს სახელმწიფოსთვისაც კი მიუწვდომელი იყო? 1970-იანი წლების მეორე ნახევარში ვანგათი სპეცსამსახურები დაინტერესდნენ. მათ ვანგას შემოსავლები აინტერესებდათ, ჩხრეკაც კი ჩაუტარეს, რომლის დროსაც 90 000 ლევი უპოვეს.

პეტრიჩში არის ასეთი ტრადიცია: ყოველ პარასკევს მოსახლეობა ყველა მხრიდან წმ. პარასკევას სახელობის ერთ პატარა მონასტერში იკრიბება, რათა მას შესთხოვონ თავიანთი გაჭირვება. გამონაკლისი არც ვანგა გამხდარა, მაგრამ ბოლოს მან ამ მონასტერში სიარულს თავი დაანება.

მოგვიანებით ვანგა ქ. რუპის ახლოს, ქალაქიდან 10 კილომეტრის მოშორებით დასახლდა. აქ მან წმ. პარასკევა ბულგარელის სახელობის ეკლესიის აშენება გადაწყვიტა (მისი წმიდა ნაწილები ამჯერად რუმინეთში, ქ. იასში იმყოფება). შევნიშნავთ, რომ ამ წმინდანის სახელს ატარებდა ამ მხარეში ყველაზე უხვმრევლიანი ეკლესიაც.

იმ დროს ვანგა ახალჩამოყალიბებულ თეოსოფიურ წრეში გაწევრიანდა, რომელსაც ბულგარეთის იმდროინდელი კულტური მინისტრი და ქვეყნის მეთაურის მეუღლე ლუდმილა ჟივკოვა მეთაურობდა. მის ირგვლივ ხშირად იკრიბებოდნენ მაღალჩინოსანი პირები და მკითხავები პეტრიჩიდან.

დემოკრატიული ცვლილებების შემდეგ ვანგას სასურველი ეკლესიის აშენების შესაძლებლობა მიეცა. 1991 წ. გადაიდგა პირველი ნაბიჯები ეკლესიის მშენებლობისკენ, ოღონდ სასულიერო პირების გვერდის ავლით. ამ ქმედებას ვანგამ "მსხვერპლშეწირვა" უწოდა. ეკლესიის საძირკვლის წინ შეადგინეს ყველა იქ დამსწრეთა სია, რომელიც შემდეგ მიწაში ჩამარხეს მონეტებთან ერთად. მაგრამ იმავე საღამოს "გამოეცხადა წმიდა პარასკევა" და ეკლესიისთვის სხვა ადგილი მიუთითა. ამ მოვლენამ ვანგა ძლიერ დააბნია და დათრგუნა. ცხადია, "წინასწარმეტყველი" არ ელოდა, რომ მისი მოქმედება ზეციურ ძალთა დაკვირვებული მეთვალყურეობის ქვეშ იქნებოდა.

ეკლესიის ქვაკუთხედი 1992 წლის 20 აგტვისტოს ჩადო ნევროკოპსკის იმდროინდელმა მიტროპოლიტმა პიმენმა. აღვნიშნავ, რომ იმ წელს ბულგარეთის ეკლესიაში მოხდა განხეთქილება, და მიტროპოლიტი პიმენი მისი ერთ ერთი ორგანიზატორი გახლდათ.

ეკლესიის აღჭურვაზს ვანდას მიერ შექმნილი ფონდი ხელმძღვანელობდა, რომელშიც შედიოდნენ ცნობილი ადამიანები და ინტელიგენციის წარმომადგენელები. მშენებლობაზე გავრცელდა ჭორები, რომ მთელი ქვეყნიდან, ხალხის მიერ შემოწირული თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა. მართლმადიდებელ ქრისტეანთა აღშფოთებას იწვევდა "ტაძრის" არქიტექტურული გარეგნობაც: ის არ პასუხობდა კანონიკის მოთხოვნას. ტაძრის მხატვრულ გაფორმებაში ცენტრალური როლი უკავია წმიდა პეტკა ბულგარელის ხატს, მისი ცხოვრების მონაკვეთებს, და კონსტრუქტივისტების პროექტს გვაგონებს. ტაძრის შიდა თაღები და კედლები ერთ ერთმა ცნობილმა ბულგარელმა მხატვარმა სვეტლინ რუსევმა მოხატა. მან ტაძარში ვანგას ფრესკაც გამოსახა.

ვანგას ფონდის განცხადებით, ნაგებობა უნდა გამხდარიყო "ზოგადსაკაცობრიო ეკლესიის" საერთო ევროპული გამოხატულება. ვანგას უკმაყოფილების შემდეგ ნაგებობის პროექტში შეიტანეს ზოგიერთი ცვლილება, მაგრამ ყველაფერი ბოლომდე როდი შესწორდა.

1994 წ. ტაძრის საკურთხეველი უკვე კანონიკურიმა მიტროპოლიტმა, ნევროკოპიელმა ნათანაელმა აკურთხა, მაგრამ ტაძრის გარშემო პრობლემები მაინც დარჩა. ჯერ მას ფონდის წევრები და სქიზმატიკოსები დაეპატრონენ. დღეისთვის ტაძარი თანდათანობით ტურისტულ ცენტრს ემსგავსება, ხოლო ვანგას ხატი - საფირმო-სავაჭრო ნიშნად იქცა. ვანგას ნათესავებსა და ფონს შორის წარმოიქმნა მძაფრი უთანხმოება, რადგან ტაძარზე პრეტენზია ყოველ მხარეს გააჩნია.

ვანგას ჯანმრთელობა იმ დროისთვის ძლიერ გაუარესდა. 1996 წლის აგვისტოში, ნათესავების დაუკითხავად ავადმყოფი ვანგა, ქ. პეტრიჩის პროკურორის, დიმიტრი ვილჩევის თანხლებით სოფიაში გადაიყვანეს. დიმიტრი ვილჩევი მისი უახლოესი გარემოცვიდან იყო და საკუთარ თავს მის შვილად ასაღებდა, თუმცა ცნობილია, რომ ვანგას შვილები არასოდეს ჰყოლია.

1996 წლის 11 აგვისტოს ვანგა კიბოსგან გარდაიცვალა. ის მის მიერ აშენებული ეკლესიის ახლოს დაკრძალეს ისე, რომ არ შეასრულეს მისი ნება, რომელიც მან ნათესავებსა და საკუთარ დას, ლუბკას გაუცხადა.

ვანგას არავითარი სწავლება არ დაუფუძნებია, მას არც არასდროს ჰქონია ასეთი მიზანი; მას არ დაუწერია არც ერთი სტროფიც კი, რადგან გაუნათლებელი იყო და საჭიროების დროს, ხელმოწერის ნაცვლად თითის ანაბეჭდს ტოვებდა. მისი ცხოვრების ბოლო წლებში მისი გარემოცვა მას "წმიდა წინასწარმეტყველსა და მოწამეს" უწოდებდა; თვით ვანგა არ ეთანხმებოდა ამგვარ ტიტულს და თავს უბრალოდ გაწამებულ ქალად მიიჩნევდა.

ვანგას წინასწარმეტყველებათა ციტირება სადღეისოდ სულ უფრო და უფრო იზრდება, თანაც ნებისმიერ მიზეზთან თუ შემთხვევასთან დაკავშირებით. ყველა მათგანი უცთომელად მიიჩნევა და ფართოდ ვრცელდება მისი მიმდევრიების მიერ თვით ვანგა ამ დროს სადღაც უკან, ჩრდილში რჩება.

სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც მკითხავის შესახებ მრავალი წიგნი დაიწერა. მათი ავტორები ვანგას წინასწარმეტყველებებს თავისებურად განმარტავენ. ამ წიგნებში მოთხრობილია, რომ ის მეტყველებდა უბრალო, ხალხურ ენაზე და რომ ამავე დროს იმოწმებენ ისეთ გამოთქმებს, როგორიცაა "კარმა" და "გარდასახვა".

ფენომენალურად ითვლება "მიცვალებულებთან დაკონტაქტების" ვანგასეული უნარი. მრავალი, ვინც ვანგას იცნობდა, გაოგნებული იყო იმით, რომ ის გადმოსცემდა მათი გარდაცვლილი ახლობლების სიტყვებს. ამასთან თვით ვანგას შეგნებული არ ჰქონდა, რომ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო ღმრთისგან და თავის ნათესავებს ეუბნებოდა: "ვინ მისცემს უფლებას გარდაცვლილის სულს აქეთ-იქით იაროს ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ სამყაროებს შორის და აშინოს საკუთარი ნათესავები?"

იქნება შთაბეჭდილება, რომ ვანგას შესახებ შეთხზული წიგნების ავტორებს არ ესმით და არც უნდათ მისი ფენომენის გაგება, ყოველთვის როდი იხსენებენ იმას, თუ რას ამბობდა თვით ვანგა; ისინი მხოლოდ ზუსტად გადმოსცემენ მის წინასწარმეტყველებებს და მიაწერენ მას ათასგვარი დაავადების მკურნალობის უსაზღვრო შესაძლებლობას. ბუნებრივა, მოჰყავთ სხვადასხვა შემთხვევები, მაგალითად, როდესაც ვანგას რჩევით მისმა დამ მოაგროვა სამკურნალო ბალახეულობა და დაიზილა რა მისით ფეხი, გამოჯანმრთელდა. ბალახი, წყალი და სხვადასხვა უცნაური ნივთი (თოჯინა, მაგიდის გადასაფარებელი და სხვა.) - აი, რას იყენებდა ვანგა ყველა სნეულების სამკურნალოდ. არავინ წერს იმის შესახებ, რა სიტყვებს ბუტბუტებდა იგი, როდესაც ეს ნივთები ეპყრა, რომლებიც ვითომცდა მას ძალას აძლევდნენ.

ცნობილია, რომ ერთხელ, როდესაც მის ახლოს აღმოჩნდა ჯვარი პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილებით, - მან ვერ შესძლო წინასწარმეტყველბა და მოითხოვა, მოეცილებინათ იგი, რადგან მისი თქმით, მის ჯვარს ვიღაც "წვავდა". და თუ ვინმე ვანგას ახლოს მართლმადიდებლურად ლოცულობდა, ის თავის სეანსებს ვერ ატარებდა. ასეთ შემთხვევებში ის ძალზედ ბრაზდებოდა და ყვირილით ცდილობდა მლოცველის შეჩერებას, ხოლო თუ ეს ვერ ხერხდებოდა, მაშინ "ნათელმხილველობის" სეანსს წყვეტდა.

ვანგას და, ლუბკა, ჰყვება, რომ იმის შემდეგ, რაც გარდაცვლილ ვანგაზე ორმოცდღიანი ლიტურგია შესრულდა, ვანგა მას სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: "ლუბკა, კმარა, კმარა ლიტურგია. მე ჯოჯოხეთში ვარ და ვერაფერი მშველის, მხოლოდ უფრო მეტად ვიწვი".

უნდა აღნვნიშნოთ, რომ ვანგას სიკვდილის შემდეგ მის გარემოცვას კავშირი ჰქონდა ბულგარეთის ფარგლებს გარეთ ცნობილ თეოსოფ პეტრე დინოვთან. დინოვმა მეორე მსოფლიო ომის დროს დააფუძნა ე. წ. "თეთრი ძმობა". ამ სექტას დღეს კავშირი აქვს ცრუქრისტე ბესარიონთან. ცნობილი სექტანტი ბესარიონი (იგივე სერგეი ტოროპი. მილიციის ყოფილი სერჯანტის, რომელიც მილიციიდან ლოთობისთვის გააგდეს - ავტ.) ბულგარეთში ოთხჯერ იყო; ცნობილია, რომ მან იყიდა 200 ჰექტარზე მეტი ფართობის ორი ნაკვეთი, რათა ბულგარეთში დააფუძნოს საკუთარი დასახლება. ვანგას მიმდევრებს კავშირი აქვთ აგრეთვე ნეოწარმართულ სექტა "ანასტასიასთან", რომლის დამაარსებელია მეგრე-პუზაკოვი.

ბოლო ათწლეულში ისეთი ოკულტური მოვლენა, როგორიცაა "ვანგიზმი", ერთეული როდია, არამედ დამახასიათებელია დღევანდელობისთვის. ეკლესიურობას ამოფარებული ათასი ჯურის ექსტრასენსი და შარლატანი წარმატებით მიჰყვება თავის ბინძურ საქმიანობას. იღებენ რა საკმაო თანხებს გულუბრყვილო მიმდევრებისგან, ძალზედ ხშირად ისინი მათ მღვდლებთან აგზავნიან, რათა მათ წაუკითხონ წმ. ბასილი დიდის შეფუცვების ლოცვები. ადამიანთა მოსატყუებლად მრავალი ჯადოქარი ლოცვითა და წმიდა აიაზმით ასრულებს თავის მაგიურ რიტუალებს; მართლმადიდებლური (თუ არამართლმადიდებლური) ხატები ხომ მათი განუყრელი ატრიბუტია. მეტიც, ისინი გამუდმებით ლაპარაკობენ იმაზე, თუ რომელი ხატი "უფრო ძლიერია", როგორი ღირსებისაა ნივთიერება, რომლისგანაც დამზადებულია ხატი, თითქოსდა ხატზე გამოსახული წმინდანები ღმრთის მადლით სასწაულებს არ იქმან.

ტელევიზია ხშირად გადასცემს ყველა ოკულტური ღონისძიების თითქმის 90%: ექსტრასენსები, "მკურნალები", მკითხავები და მათი მსგავსი უსჯულოები ეკრანზე ერთმანეთს ცვლიან. მრავალი მათგანი ისწრაფვის თვით სახელმწიფოსგან მიიღოს თავისი საქმიანობის ოფიციალური უფლება. ისინი იმედოვნებენ, რომ დეპუტატების მიერ განსახილველად გამოტანილი კანონპროექტები ალტერნატიული მედიცინის შესახებ გააძლიერებს მათ ზეგავლენას.

მოთხოვნები სამედიცინო განათლებაზე მსგავსმა "მკურნალებმა" მინიმუმამდე დაიყვანეს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი განათლება მათ საერთოდ არ გააჩნიათ. ხშირად საკმარისია გაიარონ რაიმე "ენერგეტიკული კურსი" და სამედიცინო "განათლება" გარანტირებულია. ამ "კურსების" უდიდეს ნაწილს კი ისინი რუსეთის ტერიტორიაზე ორგანიზებულ ჯგუფებში გადიან.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню