რელიგია - კონსტანტინოპოლი ომის გზაზე: პროცესი დაიწყო - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

კონსტანტინოპოლი ომის გზაზე: პროცესი დაიწყო

Patriarqi Bartlome

18.10.2018.

ავტორი: ეპისკოპოსი გრიგოლი (ლურიე).

ხდება თუ არა "მსოფლიო მართლმადიდებლობაში" სასწაულები? - ხდება, და მერე როგორ, ოღონდ, შემდგომი მხილებებით. თუმცა სასწაული სასწაულია, და კარგი მხილებით მას ვერ გააფუჭებ.

11 ოქტომბერს "გაპოლიტიკურებულმა" კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, რაღაც მიზერული და, ამასთან, ჯერ კიდევ არარსებული კიევის ავტოკეფალიის გამო, უარყო ანგარებიანი ქორწინება მდიდარ პატარძალთან - მოსკოვის საპატრიარქოსთან, რომლისთვისაც "უცხოა პოლიტიკა და აღვსილია სულიერებით". მიიჩნევა, რომ მღვდლების სამყაროში საქმეებს ასე არ აკეთებენ. განა ეს სასწაული არ არის?

სხვაგვარად, რას შეიძლება ნიშნავდეს მოიქცე "მოსკოვურად"? თავს ნებას მივცემ მოვიტანო ერთი წლის წინანდელი საკუთარი კომენტარი. ის სრულიად უნივერსალურია და შეიძლება უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვის საპატრიარქოს მოქმედებებს განვაკუთვნოთ"

"თურმე მაიმუნებს ასე იჭერენ: ვიწროყელიანი ჭურჭლის ფსკერზე დებენ ბანანს, მაკაკა მასში ხელს ჩაჰყოფს, მაგრამ უკან ვერ იღებს, რადგან არ შეუძლია მუჭი გახსნას და ბანანი გააგდოს".


რმე-ს მოსკოვის საპატრიარქო აი ასეთ ანკესზე წამოეგო. კონსტანტინოპოლს კი შეუძლია სხვაგვარად მოქცევა. ბანანი მოსკოვის საპატრიარქოსთან კარგი ურთიერთობაა, მაგრამ მან ის გაუშვა, სამაგიეროდ გათავისუფლებული ხელით ჩაეჭიდა... არა, უკრაინის ავტოკეფალიას კი არა, თუმცა ისიც იგულისხმება. უკრაინის ავტოკეფალია მას ამად არც უღირდა. ჩვენ ამაზე მაშინ ვილაპარაკებთ, როცა კონსტანტინოპოლის სასწაულს გამოვააშკარავებთ.

მოსკოვის საპატრიარქოს ბოლო დრომდე არ სჯეროდა, რომ ყველაფერი სწორედ ასე შემობრუნდება. იქ მხოლოდ სუსტების ცემა იციან - თანაც არა საკუთარი, არამედ "ძალოსნების" ხელით. აქ კი ნამდვილი ძლიერი მოწინააღმდეგეა. ამიტომაც იმუქრებოდნენ ურთიერთობის გაწყვეტით, და არ ესმოდათ, რამდენად წინდაწინ ჰქონდა კონსტანტინოპოლს ეს ყველაფერი გათვლილი. შემდეგ, როდესაც კონსტანტინოპოლმა თავისი გადაწყვეტილებები გამოაქვეყნა, მასთან ურთიერთობის გაწყვეტა გახდა საჭირო.

რმე-ს მოსკოვის საპატრიარქოს შეკავება ამგვარი ქცევისგან შეეძლო მხოლოდ კრემლს, და მე ვფიქრობდი, რომ ასეც გააკეთებდა. მაგრამ არ გააკეთა - და მოხარული ვარ ვაღიარო ჩემი შეცდომა პროგნოზში, რომელიც 19 სექტემბერს გავაკეთე. კრემლმა რმე-ს მოსკოვის საპატრიარქო არ შეაჩერა, და მანაც გულმოდგინედ დაიწყო "ვორონეჟის დაბომბვა". - ასე შეაფასა მრავალმა დამკვირვებელმა მისი 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება კონსტანტინოპოლთან ურთიერთობის სრულად გაწყვეტის შესახებ.

___________

ვორონეჟის დაბომბვა
- გამოთქმა, რომელიც გულისხმობს ვიღაცის წინააღმდეგ რაიმე ზომის (სანქცია, ანტისანქცია) მიღებას, რომელიც უდიდეს ზიანს საკუთარ თავს უფრო აყენებს, ვიდრე იმას, ვის წინააღმდეგაც ეს სანქცია არის მიმართული.

___________


კრემლი: უარყოფიდან მრისხანებამდე


კონსპიროლოგები კრემლის ასეთ პასიურობას ვლადიმერ პუტინის მზაკვრულ გეგმას მიაწერენ დაიწყოს დიდი ჯვაროსნული ომი უკრაინის წინააღმდეგ. კონსპიროლოგები იმასაც კი ვარაუდობენ, რომ გუნდიაევის სინოდმა კონსტანტინოპოლთან ურთიერთობა კრემლის ბრძანებით გაწყვიტა. ნებისმიერი მოვლენისთვის შეიძლება უსასრულო კონსპიროლოგიური ახსნა-განმარტებები მოიფიქრო. მაგრამ, კრემლის წინმსწრობი მოქმედებების, უფრო სწორედ, უმოქმედობის მიხედვით, ყველაფერი უფრო პროზაიკულად უნდა განიმარტოს.

კრემლს დღეს არ ჰყავს არანაირი სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია საეკლესიო პოლიტიკა ჩამოაყალიბოს. ამიტომაც არ არსებობს საეკლესიო პოლიტიკა, არამედ მხოლოდ რმე-ს მოსკოვის საპატრიარქოს ჩვეული ურთიერთობების ინერცია და სპონტანური რეაქციები მორიგ გამოწვევებზე.

ეს რეაქციები არ უნდა იყოს ისეთი, რომლებიც გუნდიაევს მის უცხოელ პარტნიორებთან ევქარისტული ერთობის გაწყვეტისკენ წაახალისებდნენ. მოსკოვის საპატრიარქო კრემლს მისი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის სჭირდება, კრემლი მიდრეკილი იყო გაეფრთხილებინა მოსკოვის საპატრიარქო კონსტანტინოპოლთან არათანაბარი შერკინების შესახებ. მაგრამ ასეთია კრემლისეული აზროვნების ინერცია, და არა კრემლის შეგნებული და შემოქმედებითად გატარებული პოლიტიკა (რომელიც არ არსებობს). ინერციას კი არ შეუძლია წინ აღუდგეს ემოციურ აფეთქებას. ამგვარი აფეთქების მიზეზი კი არსებობდა, და ეს ოდენ კონსტანტინოპოლის უკრაინასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არ არის. თუმცა, ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით. ჯერ კრემლის შესახებ მსჯელობა დავასრულოთ - იქაც ხომ იყო ემოციური აფეთქება, რომლის ექო ჩვენამდე 12 ოქტომბერს უკრაინასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დახურული კარებიდან გამოისმა.

ნაკლებად სავარაუდოა ამ სხდომაზე უკრაინასთან დაკავშირებული მთელი პოლიტიკა ძირფესვიანად შეეცვალათ. მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი მაინც მოხდა.

კრემლის აზროვნების ინერცია, - რომელიც ნარნარად გადმოვიდა საბჭოური პერიოდიდან დემოკრატიულ დროებაში, - ვარაუდობს, რომ რმე-ს მოსკოვის საპატრიარქო პოლიტიკური ხელისუფლებისთვის სასარგებლო უნდა იყოს. რომ რმე-ს მოსკოვის საპატრიარქო მას ვერანაირ რისკებს ვერ შეუქმნის. არსებობდა ძალიან ბევრი ამის საწინააღმდეგო ფაქტი, მაგრამ მათი აღიარება არ ისურვეს. რმე-სთან თავის ავადმყოფურ კავშირებში კრემლი მყარად გაიჭედა უარყოფის სტადიაში. ავადმყოფი ნებას არ იძლეოდა შეენიშნათ სნეულების სიმპტომები. 2018 წლის ივლისის მოვლენების შემდეგაც კი, როდესაც კრემლშიც იგრძნეს რმე-ს მოსკოვის საპატრიარქოს საერთაშორისო იზოლაციის პერსპექტივა, კრემლი მაინც არ გამოვიდა უარყოფის სტადიისგან.

და აი, ახლა კონსტანტინოპლმა ის ამ სტადიიდან გამოაგდო. ჩვენ კი გვახსოვს, რომ უარყოფის შემდეგ მომდევნო სტადია საკუთარ სნეულებასთან მიმართებაში - მრისხანებაა. და ამ მრისხანებამ უსაფრთხოების საბჭოს კარების გავლით მასმედიამდეც მიაღწია. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მრისხანება სერიოზულია და დიდხანს გაგრძელდება. როდესაც მრისხანებასთან დაკავშირებული პრობლემა ერთი მოქმედებით ვერ წყდება, ასეთი მრისხანება იშრიტება.

ვუსურვოთ კრემლს მალე გაიაროს ეს სტადია, შემდეგ კი - ასევე მალე - შეიმუშაოს შევაჭრების სტადია (ეცადოს რმე მოსკოვის საპატრიარქო, თუ ყველა ადრინდელი პოლიტიკურ მიზნისთვის არა, თუნდაც ზოგიერთისთვის მაინც გამოიყენოს) და, დასასრულ, მოხდეს სტადიის სტაბილიზაცია, რათა დეპრესიაში არ გადავიდეს და რმე-სადმი ინტერესი საერთოდ არ დაკარგოს.


თამაშის აზრი


ისეთი რა მოულოდნელი სვლა გააკეთა კონსტანტინოპოლმა, რომ გუნდიავის მომხრეთა ასეთი ზეძლიერი ემოციური აფეთქება რომ გამოიწვია?

კონსტანტინოპოლში 11 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების სიტყვებს ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი სიცხადე შეაქვს იქ, სადაც ის შეიძლებოდა არც შეტანილიყო:

"გამოთხოვილ იქნას 1686 წლის კრებითი მიმართვის სამართლებრივი ვალდებულები, რომელიც გაცემულ იყო იმ დროის ვითარებიდან გამომდინარე და, რომლითაც, იკონომიით, მოსკოვის საპატრიარქოს მიეცა უფლება კიევის მიტროპოლიტის დადგენისა, რომელსაც მისი ეპარქიის მღვდელმსახურები და ერისკაცები ირჩევდნენ; ამასთანავე, მას მსოფლიო პატრიარქი პირველიერარქად უნდა მოეხსენიებინა ნებისმიერ საეკლესიო მსახურებაზე, რაც იქნებოდა დასტური იმისა, რომ აღიარებდა თავის კანონიკურ დამოკიდებულებას კონსტანტინოპოლის დედა-ეკლესიაზე".


აქედან ძალიან ბევრი რამ ავტომატურად გამომდინარეობს. მაგალითად, შემდეგი:

- მოსკოვის საპატრიარქოს არსებული სტრუქტურები უკრაინაში არა თუ არაკანონიკურია (რაზეც კონსტანტინოპოლმა ადრეც განაცხადა), არამედ არსებობის უფლებაც კი არ გააჩნიათ (მათ წინააღმდეგ ნებისმიერ დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას კანონიკური პრეტენზიები).

- იგივე ეხება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კიევის მიტროპოლიის სხვა ნაწილებში არსებულ სტრუქტურებსაც.

- ეს ნიშნავს, რომ კონსტანტინოპოლმა იმპლიციტურად მოახდინა რმე-ს მოსკოვის საპატრიარქოს, როგორც მთლიანობის დელეგიტიმიზაცია


ამის გაკეთებას აზრი არ ჰქონდა თუ გათვლილი იქნებოდა უკრაინასთან დაკავშირებული დავის რეგულირება - თუნდაც ეს კირილეს შემდგომ პატრიარქის პირობებში მომხდარიყო. სამაგიეროდ, აზრი ჰქონდა სულ სხვა რამეს: რათა სრულიად გამოეყვანათ რმე-ს მოსკოვის საპატრიარქო ყველა მართლმადიდებელთშორის კონტაქტებიდან. როგორც ამ დაკვირვებებიდან ჩანს, კონსტანტინოპოლის გეგმებში მოსკოვის საპატრიარქოსთვის გამზადებულია ბედი, რომელიც XX ს-ის შუაწლების რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსია: ნახევრად აღიარებული, მაგრამ გარკვეულწილად ჭირით დაავადებული "ეკლესია-მოკვეთილი".

რატომ არის ეს საჭირო? - როგორც ჩანს, 2008 წლის დამარცხების შემდეგ, როდესაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი ამაოდ ოხრავდა კიევზე, კონსტანტინოპოლში ჩამოყალიბდა თავდაჯერებულობა, რომ რმე-ს მოსკოვის საპატრიარქო, როგორც საერთაშორისო საეკლესიო პოლიტიკის ფაქტორი, უნდა გაუქმდეს.

თუნდაც საეკლესიო კანცელარიის ენაზე, მაგრამ მაინც, 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებები მოწოდებულ იყო გაეღიზიანებინა გუნდიაევის სინოდალები და მოეხდინა მათი პროვოცირება მაქსიმალურ განხეთქილებაზე. 15 ოქტომბერს გუნდიაეველებმა სწორედ კონსტანტინოპოლის ნოტების მიხედვით ითამაშეს, და ვერავითარმა კრემლმა ისინი ვერ დაიცვა.

ცხადია, რომ კონსტანტინოპოლისთვის უკვე არც ისე მნიშვნელოვანია უკრაინის ავტოკეფალიის ჩამოყალიბების დეტალები. მისთვის უფრო მნიშვნელოვანია თვით ის ფაქტი, რომ "პროცესი დაიწყო". მოვლენების ნებისმიერმა განვითარებამ შეიძლება კონსტანტინოპოლს თავისი სარგებელი მისცეს. მისთვის ძირითად ფრონტი ამჟამად მხოლოდ - საერთაშორისო არენაა. ძირითადი მიზანი კი - რმე-ს სისტემატური გამოდევნა ყველა სფეროდან.

წყარო: credo.press

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню