რელიგია - ბნელეთიდან ნათლისკენ 1 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

კ. ო. დე-სკროხოვსკი

ბნელეთიდან ნათლისკენ

რომაული-კათოლიციზმი და ეკუმენიზმი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ

ეკუმენიზმი

შინაარსი

თავი 1

ქრისტეანული ეკლესიის წარმომავლობა. მაცხოვრის მოწაფეთა სამქადაგებლო მოღვაწეობა. პირველქრისტეანული თემები. ბერძენთა და რომაელთა ქრისტეანობის ეროვნული ხასიათი.




რადგან ჩვენს ლიტერატურაში შეიმჩნევა ცნობათა უკმარისობა მართლმადიდებლური, კათოლიკე ეკლესიის "დიდ განხეთქილებასთან" დაკავშირებით, მიზანშეწონილად მივიჩნევთ მორწმუნე საზოგადოებას გავაცნოთ ეს საკითხი იმდენად, რამდენადაც მოგვცემს ამის შესაძლებლობას ჩვენი შრომის ჩარჩოები.

მორწმუნეთა ერთობა, რომელიც აღიარებს ქრისტეს ღვთაებრიობას და იკრიბება ერთობლივი ლოცვისთვის განკუთვნილ ერთ რომელიმე ადგილას, ისმენს სამოძღვრო ქადაგებებს და მონაწილეობს რელიგიურ რიტუალებში, ქრისტეანულ-მართლმადიდებლურ ან მართლმადიდებლურ-კათოლიკე ეკლესიად იწოდება (სიტყვა "კათოლიკე" ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს საყოველთაოს - მთარგმნ.).

ქრისტეანული ეკლესია აღმოცენდა აღმოსავლეთში: მისი დამფუძნებელია ქრისტე, რომელიც თავიდან ხალხს ასწავლიდა კაპერნაუმში, რომელიც მდებარეობს გალილეის ზღვასთან, სადაც მან მეთევზეთა შორის მოუწოდა თავის მოწაფეებს: პეტრეს, ანდრიას, იაკობს, იოანესა და სხვებს, რომლებთან ერთად შემდგომ მოგზაურობდა გალილეაში და ადგილობრივ სინაგოგებსა თუ მოედნებზე ასწავლიდა.

უამრავი ხალხი ეხვეოდა ქრისტეს და ხარბად ეწაფებოდნენ მის სიბრძნეს. შემდგომში, სწორედ ამ ხალხისგან შედგა პირველი ქრისტეანული ეკლესია.

მკვდრეთით აღმდგარი იესუ ქრისტე, ორმოცი დღის განმავლობაში, მრავალჯერ ეწვია თავის მოციქულებს და განამტკიცებდა მათ თავისი სწავლების ჭეშმარიტებებში; მეორმოცე დღეს ქრისტე თავის მოწაფეებთან ერთად ავიდა ელეონის მთაზე და უთხრა მათ: "მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით" (მათე). შემდეგ "აღაპყრო ხელნი და აკურთხა ისინი. კურთხევისას დასცილდა მათ და ამაღლდა ზეცად" (ლუკა. 24: 50-51). მოციქულებმა თაყვანი სცეს მას და დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალემს (ლკ. 24:52) და ათი დღის განმავლობაში რჩებოდნენ ოთახში (დიდ დარბაზში მკ. 14:15; ლკ. 22:12), სადაც ლოცულობდნენ და ელოდნენ მათთვის აღთქმულ სულიწმიდას. იქ შეკრებილ მოწაფეთა და ღვთისმოშიშ დედაკაცთა რიცხვი, ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის მეთაურობით, შეადგენდა 120-მდე ადამიანს (იხ. "История Римо-Католической церкви" – Кс. С. С. Д.).

წმ. პეტრემ შეკრებილთ შესთავაზა უფლის გამცემ და თვითმკვლელ იუდა ისკარიოტელის ნაცვლად აერჩიათ სხვა მოციქული. ორი ღვთისმოშიში კაცი, იოსებ ბარაბა და მატათა (საქმე 1:23) და წარუდგინეს ეკლესიას. ლოცვის შემდეგ, უყარეს მათ წილი და შეხვდა მატათას, რომელიც იმ დღიდან იწოდა მეთორმეტე მოციქულად.

მეათე დღეს, ცისკრის მეცხრე საათზე, იგრგვინა ზეცით, თითქოს გრიგალი აგუგუნდაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. და მოევლინა მათ ენები, თითქოს ალისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს. ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ. ხოლო იერუსალიმში იყვნენ იუდეველნი, ღვთისმოსავი კაცნი ყველა ხალხისაგან, როძლებიც არიან ცის ქვეშ: პართელნი და მიდიელნი, ელამიტები და შუამდინარეთის, იუდეის, კაპადოკიის, პონტოსა და ასიის მკვიდრნი, ფრიგიისა და პამფილიის, ეგვიპტისა და კირენეს მომიჯნავე ლიბიის მხარის მცხოვრებნი, რომით მოსულნი, იუდეველნი და პროზელიტნი, კრიტელნი და არაბნი (საქმე 2:1-12)". ყველანი გაოცებულები ეკითხებოდნენ ერთმანეთს, "როგორ ღაღადებენ ისინი ჩვენი ენით ღვთის სიდიადეს", როდესაც ხედავდნენ როგორ მეტყველებდნენ გალილეველნი (ასე უწოდებდნენ მოციქულებს) მათ საკუთარ ენაზე. თვითმხილველთაგან მხოლოდ ზოგიერთი ამბობდა "მაჭრით გამტყვრალანო" (საქმე 2:13).

მაშინ, წმიდა პეტრე დადგა თერთმეტ მოციქულთან ერთად და ახარა მათ იესუ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა. მოციქულის ქადაგებით გულის სიღრმემდე შეძრულმა მსმენელებმა იკითხეს თუ რა უნდა ექნათ, - მოციქულმა მოუწოდა მათ სინანულისკენ, ამცნო, რომ უნდა ნათელეღო ყოველ მათგანს ქრისტეს სახელით მოსატევებლად ცოდვათა და ამგვარად ზიარებულიყვნენ მარადიულ ცხოვრებას.

ქრისტეანობის პირველი საზოგადო ქადაგების დღეს მოინათლა და ქრისტეანობისკენ მოიქცა სამი ათასამდე სული (საქმე 1:41), რომლებმაც თავი მიუძღვნეს ლოცვას და მოციქულთა ქადაგებებს, რომელთა ჭეშმარიტებას ადასტურებდა ურიცხვი სასწაული.

მოციქულებმა პეტრემ და იოანემ, რომლებიც იერუსალემის ტაძარში ჩვეულებისამებრ ცხრა საათზე ადიოდნენ, ერთხელ იხილეს ორმოცი წლის ხეიბარი, რომელიც ახლობლებს ყოველდღიურად მიყავდათ ტაძრის კარიბჭემდე, რომელსაც ერქვა "მშვენიერი". როდესაც პეტრე და იოანე დაინახა, ტაძარში შესვლას რომ აპირებდნენ, მოწყალება სთხოვა მათ. პეტრე იოანესთან ერთად დააკვირდა და უთხრა მას: აბა, შემოგვხედე. მანაც იმედით ახედა, ეგებ რამე მიწყალობონო. მაგრამ პეტრემ უთხრა: ოქრო-ვერცხლი მე არა მაქვს, ხოლო რაცა მაქვს, მოგცემ: იესო ნაზარეველის სახელით აღდეგ და გაიარე. მარჯვენაში ჩასჭიდა ხელი და წამოაყენა; დავრდომილს უცებ გაუმაგრდა ფეხები და სახსრები. წამოხტა, დადგა და გაიარ-გამოიარა; მათთან ერთად შევიდა ტაძარში, მიდიოდა, მიხტოდა და აქებდა ღმერთს. მთელი ხალხი უყურებდა თავისი ფეხით მოარულს და ღვთის მაქებარს. იცნეს, ვინც იყო: ტაძრის „მშვენიერ ბჭესთან“ რომ იჯდა მოწყალების სათხოვად; ამიტომაც შიშითა და განცვიფრებით აღივსნენ იმის გამო, რაც მას შეემთხვა. რაკი პეტრეს და იოანეს არ შორდებოდა, მთელი ხალხი განცვიფრებული მისცვივდა მათ "სოლომონის ბჭესთან" (საქმე 3:3-11). სადაც პეტრე ამხელდა ებრაელებს, რომლებსაც არ სწამდათ წინასწარმეტყველების აღსრულებისა მესიის შესახებ, რომელიც იყო ქრისტე. ამ ქადაგების შედეგად კიდევ მოექცა 5000 მეტი კაცი.

"ერთავად მოციქულთა სწავლასა და ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვაში იყვნენ. შიშს შეეპყრო ყოველი სული და მრავალი ნიში და სასწაული ხდებოდა მოციქულთა მიერ. ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ. მონაგებსა და მამულებს ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ თვითეულს, იმის მიხედვით, თუ ვის რა უჭირდა. დღენიადაგ ერთად იყვნენ ტაძარში, სახლებში ტეხდნენ პურს და სიხარულითა და გულის უბრალოებით იღებდნენ საზრდოს, ღვთის მაქებარნი და მთელი ხალხის მიერ მადლით მოსილნი, ხოლო უფალი დღითიდღე ჰმატებდა ეკლესიას დახსნილთ" (საქმე 2:42-47).

სწორედ ამ ახლადმოქცეულ ებრაელთაგან ჩამოყალიბდა პირველი ქრისტეანული ეკლესია იერუსალემში, რომელიც დააფუძნეს პეტრემ და სხვა მოციქულებმა. მათი ეკლესია თავიდან შესაკრებელად ან თემად იწოდებოდა. ამ ეკლესიის წევრები, "რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ისტორიის" მიხედვით, ყოველივეში ერთსულოვანნი იყვნენ. ყველა მათგანი ცხოვრობდა თანხმობაში, სიყვარულსა და ერთობაში, არ გააჩნდათ საკუთრება, ჰყიდიდნენ თავიანთ ქონებას, ხოლო მონაგები თანხა მოჰქონდათ მოციქულებთან. მათ შორის არავინ იყო ღარიბი, რადგან ამ უკანასკნელთ ქრისტეანთა შემოწირულობით აპურებდნენ მოციქულები. ყველა მათგანი ლოცულობდა ეკლესიაში, რომელიც, სპეციალურად ლოცვისთვის მოეწყოთ დიდ დარბაზში. ღვთისმსახურების შემდეგ, ყველანი, წოდებისდა მიუხედავად, ყოველდღე მიუსხდებოდნენ საერთო ტრაპეზს, როგორც ძმები ქრისტეში, ერთობლივი ტრაპეზობით განმტკიცდებოდნენ. ამ ტრაპეზს "აღაპეს", ანუ "სიყვარულის საღამოს" უწოდებდნენ. ცხოვრების ასეთი წესი იერუსალიმში იმ დრომდე გრძელდებოდა, სანამ ქრისტეანები იძულებულნი არ გახდნენ, გაქცეულიყვნენ იმ ადგილას, რომელსაც ეწოდებოდა "პელა". ეს მოხდა იერუსალემის დანგრევის წინ.

ქრისტეანობისკენ მოქცეულნი უარს ამბობდნენ ყოველგვარ ფუფუნებაზე და ხდებოდნენ თავმდაბალი, კეთილი და გულისხმიერი ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ საკუთარი თავიც კი გაეწირათ ქრისტეს სახელისა და მისი უკვდავი მოძღვრებისთვის.

რადგან ქრისტეს მორწმუნეთა წრე ყოველდღიურად ფართოვდებოდა, ბერძნები ებრაელებს საყვედურობდნენ, რომ მათი ქვრივები და ობლები ებრაელთა თანაბარი მფარველობით არ სარგებლობდნენ. მოციქულები სარწმუნოების გავრცელებითა და "რჩეულ სამწყსოსთან" მართლმორწმუნეთა შემოერთებით იყვნენ დაკავებულნი, ამიტომაც, რაკიღა საეკლესიო ქონებიდან თვითონ მოციქულები მატერიალურად ვერ უზრუნველყოფდნენ უპოვართ, ახალმოქცეულთ შესთავაზეს აერჩიათ შვიდი ადამიანი, რომლებიც მოემსახურებოდნენ ეკლესიას და გასცემდნენ მოწყალებას უპოვართათვის. ამ მიზნით არჩეულ იქნენ: სტეფანე, ფილიპე, პროხორე, ნიკანორი, ტიმონი, პარმენი და ნიკოლოზ ანტიოქიელი. მოციქულებმა აღასრულეს ღვთისმსახურება და არჩეულებს დიაკვნებად დაასხეს ხელი.

ასე აღმოცენდა საეკლესიო იერარქია, რომელიც შედგებოდა ეპისკოპოსთაგან, რომლებიც იყვნენ მოციქულები, მღვდელთაგან, რომლებიც არჩეულ იქნენ 72 მოწაფეთაგან და მათ თანამსახურ დიაკონთაგან.

იერუსალემიდან მოციქულები და მათი მოწაფეები სხვადასხვა მხარეს გაეშურნენ: "ანტიოქიაში წარგზავნეს ბარნაბა. როცა მივიდა, იხილა მადლი ღვთისა, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დამკვიდრებულიყვნენ უფალში. ვინაიდან კეთილი კაცი იყო, სულით წმიდითა და რწმენით აღსავსე. და შეემატა დიდძალი ხალხი უფალს. მერე ტარსოსს გაემართა სავლეს საძებნად, იპოვა და ანტიოქიაში ჩამოიყვანა. მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ეკლესიაში და ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს; ასე რომ, მოწაფეებს პირველად ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები" (საქმე 11:22-26).

46 წელს პავლე და ბარნაბა ანტიოქიიდან გაემგზავრნენ მცირე აზიაში, სადაც გაავრცელეს ქრისტეს სწავლება და პირველი ქრისტეანული თემებიც დააფუძნეს ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრასა და დერბეში და სხვა მრავალ მხარეშიც ქადაგებდნენ სახარებას.

50 და 54 წელების შუალედში პავლემ სილას და ლუკას თანხლებით, რომელთაც შემდეგ ტიმოთეც შეუერთდა, ხელმეორედ იმოგზაურა მცირე აზიაში, იქიდან კი, გამოცხადებით, გადავიდა ევროპაში, სადაც ქრისტეანული თემები აღმოცენდნენ ფილიპეაში, თესალონიკში, ბერეასა და კორინთოში. დაახლოებით 52 წელს პავლე გაემგზავრა იერუსალემს, სადაც 54 წელს, ვიწრო თათბირზე, პავლე და ბარნაბა წარმართთა მოციქულებად იქნენ აღიარებულნი (გალატ. 2:1-10).

იმავე საფუძველზე, იმავე 54 წელს პავლე იწყებს მესამე მისიონერულ მოგზაურობას ლუკას, ტიტეს და ტიმოთეს თანხლებით. მათი მოღვაწეობის მთავარი სარბიელი იყო ქალაქი ეფესო, სადაც მათ ისეთ წარმატებას მიაღწიეს, რომ წარმართობის ბატონობა ძლიერ შეირყა მცირე აზიაში. გააფთრებული ბრბოს მიერ გამოგდებული პავლე მაკედონიის გავლით ილირიაში გადადის. 58 წელს ის ეწვია ქრისტეანულ თემებს საბერძნეთში, შემდეგ კი ისევ იერუსალიმში დაბრუნდა, რათა აღესრულებინა აღთქმა. მაგრამ რომის ტრიბუნმა იერუსალიმში, რომელსაც სურდა გააფთრებული ბრბოს თავდასხმისგან დაეცვა მოციქული, დააპატიმრა იგი და კესარიაში გააგზავნა იგი. მოციქულ პავლეს, როგორც რომის მოქალაქის, აპელაციის საფუძველზე რომის იმპერატორისადმი, პავლე რომში გადაიყვანეს, სადაც პატიმრობაში მყოფიც ქადაგებდა სახარებას და კერძო სახლებსა და კატაკომბებში აფუძნებდა ქრისტეანულ თემებს. დაახლოებით 65 წელს, ნერონის მეფობის დროს, პავლე მოწამეობრივად აღესრულა.

იმ დროს, როდესაც პავლე რომში ჩავიდა, ქრისტეანული ეკლესიები საკმაოდ გაძლიერდნენ საბერძნეთში, მცირე აზიასა და აფრიკაში. ძალიან მალე რომშიც მრავალი მონა და ღარიბი შეუერთდა ქრისტეს ეკლესიას. ამან გამოიწვია მძლავრი დევნულება იმპერატორთა მხრიდან, რამაც აიძულა ქრისტეანები თავიათნი სალოცავები მოეწყოთ კატაკომბებში.

პეტრე და სხვა მოციქულები დიდხანს დარჩნენ იერუსალიმში, სადაც ძირითადად ებრაელთა შორის ქადაგებდნენ. ერთდროულად, ერთგულ ქრისტეანთა განსამტკიცებლად, რომლებსაც აშფოთებდათ და აბრკოლებდათ გამუდმებული დევნულებანი, ისინი მოგზაურობდნენ ქალაქებში, სადაც იმყოფებოდნენ ქრისტეანული თემები.

მოციქულებს გამუდმეუბულად ჰქონდათ ურთიერთობა ერთმანეთთან და ერთსულოვნად მოქმედებდნენ ყოველივეში, და როგორც სახარების მქადაგებლები, ერთ მთლიანობას წარმოადგენდნენ. ქრისტეს მორწმუნე სხვა პროზელიტებთან ერთად, მათ ჩამოაყალიბეს ქრისტეს ერთი ეკლესია. მათგან არავინ ელტვოდა პირველობასა და მეთაურობას, რადგან როდესაც პეტრემ ჰკითხა ქრისტეს: "აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით; რა გვექნება ჩვენ?" (მათე 19:27), ქრისტემ მიუგო: "ხოლო იესომ მიუგო მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად. და ყველა, ვინც მიატოვებს თავის სახლს, ან თავის და-ძმას, თავის ცოლ-შვილს თუ დედ-მამას, ანდა თავის ადგილ-მამულს ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს საზღაურს და საუკუნო სიცოცსლეს დაიმკვიდრებს. მაგრამ მრავალი პირველი იქნება უკანასკნელი, და უკანასკნელი - პირველი" (მათე 19:28-30).

შედეგად, ქრისტეანთა ერთობას ბერძნულად ეწოდა "ეკლესია" (™kkl»sia), საკრებულო, ერთა შეკრება, რომლებიც შეერთებულნი არიან ქრისტეში და ქრისტეს მიერ. ყოველ ქრისტეანს, დედაკაცთა გამოკლებით, უფლება ეძლეოდა ქადაგებისა და ერის დამოძღვრისა. მაგრამ ამგვარი თავისუფლება ვინმეს ბოროტად რომ არ გამოეყენებინა და მით ქაოსი და ანარქია არ დაენერგა ეკლესიაში, ასევე ქადაგებისა და სულიერი დამოძღვრის საქმეში არ შეევიწროვებინა უხუცენი, აუცილებელი იყო საეკლესიო იერარქიის დაფუძნება.

ეს საეკლესიო წარმომადგენლობა, რომელიც ზნეობრივი თვალსაზრისით თვალსაჩინო და და ქრისტესა და მის მოციქულთა სწავლებაში გათვითცნობიერებული პირებისგან შედგებოდა, ქმნიან სწორედ სასულიერო დასს, სასულიერო წოდებას. საზოგადოების ეს კლასი ხდება ქრისტეანული თემის გამომხატველი, მისი სულიერი საჭიროების განმმარტებელი, მისი ბეჭედი და მრჩეველი ყველა საქმეში, რაც კი ეხება სინდისს, ზნეობრივ საკითხებსა და სასოწარკვეთას.

ყოველი ქრსიტეანული თემი ირჩევდა თავის მღვდელმსახურს, გარკვეული რაოდენობის მღვდელმსახურთა კრება ირჩევდა ეპისკოპოსს, ხოლო მოცემული თემის, სახელმწიფოს ან ერის ეპისკოპოსთა კრება თავის მღვდელმთავარს ან პატრიარქს. ყველა მათგანი, მორწმუნეებთან ერთად, წარმოადგენენ ქრისტეს სხეულს, მის ერთ ეკლესიას, რომლის თავი არის თვით ქრისტე, ხოლო პატრიარქები, ეპისკოპოსები, მღვდლები და დანარჩენი კლერიკოსები და ერი მისი წევრები არიან.

ასეთი იყო ეკლესია ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების დროს, როდესაც მან პირადად და ღიად დაარიგა თავისი მოწაფეები და უბრძანა ექადაგათ და აღესრულებინათ მხოლოდ ის, რაც მან ამცნო. ამაღლების შემდეგ მოციქულები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თუმცა სულიწმიდის მადლითა და ძლიერებით, ერთსულოვნად აგრძელებდნენ ღმრთის სიტყვის ქადაგებას. იგივე ძალაუფლება დაუტოვეს მათ თავიანთ მემკვიდრეებს დედამიწაზე ეპისკოპოსთა და პატრიარქთა სახით, რომელთაც მართლმორწმუნენი ირჩევდნენ და რომელთაც ევალებოდათ ყოველთა დამოძღვრა სიტყვითა და საქმით. მათ მორწმუნეთა თემები უნდა ემართათ მხოლოდ ქრისტეს სწავლების მიხედვით და ებრძოლად რომის "ჯოჯოხეთის ბჭის" წინააღმდეგ, რომელმაც ჯვარს აცვა ქრისტე და დღემდ აგრძელებს მის ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა დევნას.

მაგრამ რომის "ბჭენი ჯოჯოხეთისანი" ვერ სძლევენ ეკლესიას. ასეთი აღთქმა მისცა ქრისტემ წმ. პეტრეს, რომელმაც უფლის ძმასთან, იაკობთან ერთად პირველი კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესია იერუსალიმში დააფუძნა.

ნათქვამიდან ცხადი ხდება, რომ ქრისტეს ეკლესია ერთია, რომ ის არის კათოლიკე ანუ საყოველთაო და, რომ ის შეუძლებელია დროით, ადგილით ან ეროვნებით იყოს შემოფარგლული და შეზღუდული.

ეკლესიის შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა ჯგუფები თავისი ეროვნული თავისებურებებით, გონებრივი შესაძლებლობებით და განათლების სხვადასხვა დონით. ეს თვისებები გარკვეულ ნიშანთვისებებს ანიჭებს ე. წ. "ადგილობრივ" ეკლესიებს. უეჭველია, რომ განსხვავებული ხასიათები, საწყისები და ეროვნული თავისებურებები აისახებოდა პირველდაწყებითი ეკლესიის წევრებზეც.

ამრიგად, პირველ საუკუნეებში, ქრისტეანთა შორის ებრაელები მკვეთრად განსხვავდებობდნენ წარმართობიდან მოქცეულ ქრისტეანთაგან.

ასევე მკვეთრი ეროვნული თავისებურებები განასხვავებდათ აღმოსავლურ-ბერძნულ ქრისტეანობას რომაულ-დასავლურისგან.

უკვე ძველი ისტორია გამოსახავს ბერძენს, როგორც თავისუფლების მოყვარულ, მოაზროვნე, ადამიანს, რომელსაც საკითხში ფილოსოფიური ჩაღრმავება უყვარს. ბერძნები მიელტვიან მეცნიერებას და განათლებას: უხსოვარი დროიდან არიან ისინი დასაქმებულნი ხელოვნებისა და ფილოსოფიის დახვეწით და ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი პრაქტიკული გამოყენებით. ამ ღირსებებთან ერთად, ბერძნებს ახასიათებთ არასრულყოფილებებიც, კერძოდ: განაზებულობა, მლიქვნელობა, ქარაფშუტობა. ის პატივს არ მიაგებს ფიზიკურ შრომას და არ ქმნის მყარ სახელმწიფოებრიობას.

რომაელს ისტორია უმაღლეს დონეზე პრაქტიკული თვისებების მქონედ გამოხატავს. რომაელს სძულს ფილოსოფია და თეორიული განათლება. მას უფრო რეალური სარგებლობის მომტანი მეცნიერებები უყვარს, პატივს სცემს სტრატეგიას და კანონმდებლობას. რომაელი ცდილობს ყველაფერში ნახოს სარგებლობა. სარგებლობა რომაელის ბაირაღზეა გამოხატული. ძლიერი ხელისუფლება ქმნის ძლიერ სახელმწიფოს. ლაშქრობები და სამხედრო ნადავლი ამდიდრებს რომაელთა ხაზინას. ძალაუფლებისადმი სიყვარულს ის დედის რძესთან ერთად ისრუტავს. ის სასტიკია, როგორც მბრძანებელი, ვერ იტანს წინააღმდეგობას. უგულობა ურთიერთობებში, - აი, რომაული ხასიათის დამახასიათებელი თავისებურება.

როდესაც ქუხილი გუგუნებდა უღელტეხილებში, ბერძენი ოლიმპის მთიდან ელვის მტყორცნელ ზევსს შეჰყურებდა; ხოლო გამოდარებული ცის სილაჟვარდეში ზევსის ქალიშვილ ათენას ჭვრეტდა. მაგრამ ის არსებები, რომლებიც თვითონ ბერძენმა შექმნა, იმდენად აოგნებდა მას, რომ მათში სხვას ვერაფერს ხედავდა თუ არა ამაღლებულ, ბუნების ძალთა მიერ განათლებულ ადამიანებს, ამიტომაც თავისუფლად გამოხატავდა მათ, ხელოვნების კანონების შესაბამისად. რომაელები პირიქით, თვითონ მცირედის შემქმნელი, რაიმე ახალს თუ შეიტყობდა, რომელიც გაუგებარია მისთვის, უპირველესად იმაზე ფიქრობდა, როგორი სარგებლობა გამოეტანა ყოველივე ამისგან?!

როდესაც ბერძენი, მსხვერპლშეწირვის დროს, მზერას ცას მიაპყრობდა, რომაელი თავს იფარებდა; რადგან თუ პირველისთვის ლოცვა იყო ჭვრეტა, მეორესთვის ეს იყო - აზროვნება.

ყველაზე უძველეს გადმოცემებს, რომელიც საერთოა ყველა ხალხისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ცნობილი გადმოცემა ამჟამინდელი კაცთა მოდგმის წინაპრის შესახებ, რომელიც გადაურჩა წარღვნას, და რომელიც ინდუსებთან, ბერძნებთან და სემიტებთანაც კი გვხვდება, - არავითარი კვალი არ დაუტოვებიათ რომაელებში. ელინური ღმერთებისგან განსხვავებით, მათ ღმერთებს არ შეეძლოთ დაქორწინება და შთამომავლობის გამრავლება; ისინი არ ცხოვრობდნენ მოკვდავთა შორის და არ საჭიროებდნენ ნექტარს.

მეორეს მხრივ, რომაული ღვთაებების სულიერება, რომელიც მხოლოდ მწირად მოაზროვნეებს მიაჩნიათ უმნიშვნელოდ, გონებაზე საკმაოდ ძლიერად მოქმედებდა.უფრო ძლიერად, ვიდრე ელადის ღმერთები, რომლებიც შექმნილნი იყვნენ ადამიანთა მსგავსად; და ისტორია რომც არაფერს იუწყებოდეს ამ ვითარების შესახებ, მარტო რწმენის აღმნიშვნელი სიტყვა "რელიგიო"-ც (ანუ კავშირი) საკმარისია ამის დასამტკიცებლად, რომელიც როგორც თავისი წარმოთქმის, ასევე გაგების თვალსაზრისითად სრულიად არაელინური წარმომავლობისაა. როგორც ერთი და იგივე მემკვიდრეობითი საგანძურიდან ამოიღო ინდოეთმა თავისი საღმრთო ეპოსების უხვი ფორმები, ხოლო ირანმა ზენდავესტას განყენებულობა განავითარა, ზუსტად ასევე ბერძნულ მითოლოგიაში ჭარბობს პიროვნება, რომაულისაში კი ცნება; იქ თავისუფლებაა, აქ კი აუცილებლობა.

აი იმ დროის ის უმთავრესი ნაციონალური თავისებურებები, როდესაც მთელს მსოფლიოს მოედო ცნობა ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ. ქრისტეანობას საკმაოდ მრავლად უერთდებოდნენ იუდეველნი, ბერძნები და რომაელები. ყველას სიყვარული აერთიანებდა ერთ მთლიანობად. მაგრამ ხასიათის ეროვნულმა ნიშნებმა წინა პლანზე უკვე პირველდაწყებითი ეკლესიის ცხოვრებაშივე გამოჟონა.

გახდნენ რა ქრისტეანები, ბერძნებს ფილოსოფიაზე უარი არ უთქვიათ. საღმრთო ჭეშმარიტება მისთვის უზენაესი სიბრძნეა, რომელსაც სკოლებში ასწავლიან, როგორც უმაღლესი განათლების საგანს.

უეჭველია, რომ ამ არამიწიერი ჭეშმარიტების შესწავლისას გარდაუვალი იყო დავა, შეცდომები და გადახრები ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, რომელსაც კათოლიკე, ანუ საყოველთაო ეწოდება და რომელიც მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან kaqolikÒj, რაც თანამოაზრეობას, ერთაზრობას ნიშნავს (1) (რომაული სამღვდელოება სიტყვა "კათოლიკეს" თარგმნის "საყოველთაოს" მნიშვნელობით და სრულიად უსამართლოდ მიაწერს რომაულ-კათოლიციზმს საყველთაო სარწმუნოების მნიშვნელობას).

ქრისტეს პიროვნების შესახებ მწვალებლური შეხედულებები პირველივე საუკუნეებიდანვე გაჩნდა. ამგვარი თეორიები აშფოთებდნენ რელიგიურ ცნობიერებას და ბიძგს აძლევდა მათ განხილვასა და მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დოგმატური სარწმუნოების ჩამოყალიბებას.

სულ სხვა რაღაცას ვხედავთ რომაელებში. რომი ყოველთვის ნივთს ხედავდა ადამიანში და არა პიროვნებას. რომი თავისი გზით მიდიოდა და უფრო პოლიტიკურ სიდიადესა და ძალაუფლებას ესწრაფვოდა, ადამიანურ ტანჯვას კი არად დაგიდევდა. დაპყრობანი და ძარცვანი, რომაელთა ქმედებების მრავალფეროვანი მიზნები, არასოდეს აძლევდა მათ შესაძლებლობას, თვით უმაღლესი გონებრივი განვითარების დროსაც კი, ჩასწვდომოდნენ ყოველ ადამიანთა ერთობისა და თანასწორობის ღვთიურ სჯულმდებლობას.

თავიანთ სასტიკი პოლიტიკით გატაცებულები ისინი იშვიათად აჩერებდნენ აღმართულ ხელს და მაშინაც სახელმწიფოებრივი სარგებლის თვალსაზრისით მოქმედებდნენ. სიმდიდრით დამთვრალთ შეეძლოთ ვინმეს შეეწყალებამდე ჩამოქვეითება, მაგრამ არასოდეს შეეძლოთ მოწყალების სათნოებამდე ამაღლება.

როდესაც სირია თავისი წლიური შემოსავლის ერთი მესამედს ხარკად უხდიდა რომის სახელმწიფოს, ებრაელი მიწათმფლობელი მესიის (გამომსყიდველის) მოსვლაზე ოცნებობდა და ხარბად ისრუტავდა თავისი ხალხის გადმოცემას მესიის მოსვლის მოახლოებაზე, რომელიც უნდა ყოფილიყო "მეფე იუდეველთა".

არ არის გასაკვირი, რომ ღმრთის წინაშე ადამიანთა თანასწორობის გამოცხადების შემდეგ, რომელმაც მზეს უბრძანა თანაბრად მოეფინა ნათელი და სითბო მდიდრებზეც და ღარიბებზეც, კეთილებზეც და ბოროტებზეც ხოლო წვიმას თანაბრად დაერწყულებინა სამართლიანები და უსამართლონი, ადამიანები კანონიერ თანასწორობაზე ოცნებობდნენ. ამიტომაც, ქრისტანული რწმენა უპირველეს ყოვლისა დაჩაგრულ, დამონებულ და უპოვარ ადამიანთა შორის გავრცელდა.

გონება არ იკვლევდა ჭეშმარიტებას.

ხოლო დასავლელი ანუ რომაელი გვიანდელი ქრისტეანები უპირატესად დაინტერესებულნი იყვნენ საეკლესიო დისციპლინის განვითარებით. ამ შემთხვევაშიც, აზრთა განსხვავება ბადებს პოლიტიკურ მწვალებლობებს; გაბატონებული რომი მთელი დასავლური ქრისტეანობის ცხოვრების ცენტრი გახდა. თანაც რომის პატრიარქი ოცნებოს მსოფლიო ეკლესიის მეთაურობაზე და იმაზე, თუ რას გამორჩება ამ საქმიდან.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню