რელიგია - ბნელეთიდან ნათლისკენ 0 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

კ. ო. დე-სკროხოვსკი

ბნელეთიდან ნათლისკენ

რომაული-კათოლიციზმი და ეკუმენიზმი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ

ეკუმენიზმი

შინაარსი


რუსული და პოლონური გამოცემების წინასიტყვაობა



"არცოდნა არცოდვაა, - ამიტომაც იყავით მარადის უმეცრები".


რომის პაპ გრიგოლ I ეს სიტყვები აღმოცენდა შუასაუკუნეების წყვდიადში, ამიტომაც ჩვენს დროებას არ უნდა მისადაგებოდა იგი. მაგრამ, როგორც ჩანს, რომის ეკლესიის ტრადიციის ძალა საკმაოდ დიდი ყოფილა, თუკი უახლოეს დროებაშიც, ცივილიზაციის უდავო წინსვლის მიუხედავად, არა მარტო ცალკეული პიროვნებები, არამედ მთელი საზოგადოებები და მათი უდიდესი ნაწილი, აღიარებენ ზოგიერთ იმ საკითხს, რომელთაც დასაბამი ამ შუასაუკუნეობრივ სიბნელეში მიეცათ. ბრძოლა რომის ეკლესიის ამ საკმაოდ ღრმა ფესვების მქონე ტრადიციასთან და ამასთანავე იმ მტკიცებულებებთან, რომელსაც შუასაუკუნეობრივი უცოდინრობა რელიგიური ცხოვრების გამოვლინებების სფეროში იყენებს და საკმაოდ უარყოფითად ზემოქმედებს ამ ცხოვრების სხვა ფუნქციებზე, უპირველეს ყოვლისა კი ადამიანისა და საზოგადოების ზნეობრივ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე, გახდა სწორედ წინამდებარე წიგნის შექმნის საფუძველი.

კონსტანტინე პალეოლოგის დროიდან შეიმჩნევა რომის პაპთა მისწრაფება საკუთარ ძალაუფლებას დაუმორჩილონ ქრისტეანული ეკლესიები; მათი აზრით, თითქოსდა ამაზე მიანიშნებს სახარება სიტყვებით: "იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი". რომის კათოლიკური ეკლესიის მდგომარეობა დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, რაც აიძულებს პაპს გააორმაგოს ძალისხმევა ზემოთხსენებული გაერთიანებისკენ. გაერთიანების იდეას, რომელსაც თანამედროვე რომი დაბეჯითებით ქადაგებს, მრავალი მომხრე ჰყავდა პაპ ლეონ XIII წინამორბედებს შორის.

რაც უფრო ღრმად გამოვიკვლევთ როგორი მეთოდებით ცდილობდა რომი ადრე განეხორციელებინა თავისი ნამდვილი ზრახვები, მით უკეთესად გავიგებთ, რისკენ მიისწრაფვის ის დღეს და რას უნდა ვუფრთხოდეთ მისი მხრიდან. მებრძოლი კათოლიციზმი - პაპიზმის ისტორიის ალფა და ომეგა - კვლავ შეტევაზეა იმავე დევიზითა და პრინციპით, რომელიც წითელი ძაფივით გასდევს წარსულ პაპისტურ კათოლიციზმს; ეს პრინციპი გახლავთ - პაპობის უსაზღვრო, ყოვლისმომცველი ძალაუფლება, მსოფლიო თეოკრატია, რომლის თავი უნდა იყო რომის პაპი.

ყოველგვარი საერო ძალაუფლებისგან გათავისუფლებულმა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობით რომის სამეფო საყდრისადმი დაქვემდებარებულმა ვატიკანმა, თავისი ერთ ერთი ყველაზე გონიერი წარმომადგენლის, ლეონ XIII სახით, გადაწყვიტა შეეცვალა თავისი სტრატეგიული ხერხები და მებრძოლი კათოლიციზმი ახალი, დღემდე უცნობი იარაღით აღჭურვა. წყევლა-კრულვის, ანათემებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების ნაცვლად, პაპის საყდრის სიმაღლიდან გაისმა სიყვარულისა და მისალმების სიტყვა; ინკვიზიციის საშინელების ნაცვლად - რომის პონტიფიკოსი ყოვლისმიმტევებლობასა და მოთმინებას ქადაგებს. რას ნიშნავს ეს მეტამორფოზა? მის არაგულწრფელობაში პაპისტთაგან არავინ დაეჭვდება; მაგრამ იბადება კითხვა - ვის წინააღმდეგ მიმართა შეტევა რომის მებრძოლმა კათოლიციზმმა?

ამ შეკითხვას პასუხობს ლეონ XIII ენციკლიკის პირველი სიტყვები ეკლესიათა გაერთიანების შესახებ. კათოლიციზმი, რომელიც არის თავისთავად ხრწნადი და დაშლადი ორგანიზაცია - საბოლოო დასამარებით ემუქრება პაპიზმს. ვატიკანის საყდრის გადარჩენა შეუძლიათ მხოლოდ ახალ ძალებს, რომლებიც არ არიან დასნებოვნებულნი ხრწნილების ჭირით, რომლითაც გაჟღენთილია მთელი კათოლიკური სამყარო. ამ ძალების მიცემა შეეძლო მართლმადიდებლურ აღმოსავლეთს. სწორედ მის წინააღმდეგ მიმართა თავისი ბრძოლა პაპისტური სიამაყის ერთგულმა მსახურმა, მებრძოლმა კათოლიციზმმა. ახალ, პაპისტური მიმართულებას (Drang nach Osten - მოძრაობა აღმოსავლეთისკენ) ჩვენთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს; ახლა ჩვენ საქმე გვაქვს არა იმგვარ მტერთან, რომელიც თავისი "ჯვაროსნების" სამხედრო მარშირებით მოემართება მართლმადიდებლურ-სლავური სამყაროსკენ, არამედ მოჩვენებით მეგობართან და კეთილისმყოფელთან, რომელიც მყარი მშვიდობის დამყარებას, თანხმობასა და ერთობას გვთავაზობს. მაგრამ, რის ფასად დაგვიჯდება ამგვარი "მშვიდობა"? ამ შეკითხვაზე პასუხი ისეთივეა, როგორიც გვსმენია "წმინდა" ინკვიზიციის დროს: პაპისადმი მორჩილება და მისი აღიარება უპირველეს მღვდელმთავრად და მთელი სამყაროს ბედ-იღბლის განმგებლად.

უკანასკნელ ასწლეულებში პაპიზმმა განიცადა მნიშვნელოვანი დანაკარგები სლავურ აღმოსავლეთში. მეათე საუკუნეში მან დაიპყრო პოლონური, სლავური ტომი, მოწყვიტა ის მართლმადიდებლურ სლავეთს, გააუქმა მისი ყველაზე ღირებული მონაპოვარი - ეროვნული თვითმყოფადობა და პოლონელები წმ. პეტრეს საყდრის მორჩილ და უხმო მონებად აქცია. ამის შემდეგ დაიწყეს პოლონელებმა მათთვის საბედისწერო ომი რუსეთთან, ომი, რომელიც პოლონეთის დაცემით დასრულდა.

მასალები ჩემი ნაშრომისთვის ძირითადად ავიღე იმ თხზულებებიდან, რომელიც რომის კურიის მიერ აკრძალულია; ამ თხზულებაში მე არ ვუფრთხი იმ სიმართლის წარმოჩენას, რომელიც შიშის ზარს სცემს ვატიკანის მომხრეებს... ყველა მონაცემზე დაყრდნობით, რომლის შემოკრებაც კი შევძელი, ძნელი არ არის პასუხი გავცეთ შეკითხვას: შესაძლებელია თუ არა ეკლესიათა გაერთიანება იმ საფუძველთა მიხედვით, რომელსაც პაპი გვთავაზობს, და საერთოდ, რის საფუძველზე არის შესაძლებელი ასეთი გაერთიანება? ვისაც სიმართლის გარკვევა სურს და ჩემთან ერთად კითხვისა და აზროვნების არ ეშინია, მან მიუძღვნას ჩემს წიგნს მიუკერძოებელი ყურადღების ერთი წუთი, ბოლომდე ჩაიკითხოს იგი, მიუხედავად რომის კურიის შემაძრწუნებელი ანათემებისა და მუქარებისა. ჩვენს დროში ამ ანათემებს უკვე არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.


ავტორი




შესავალი



1896 წლის ივლისის გაზეთები იუწყებოდნენ, რომ: "პაპი ლეონ XIII უკიდურესად ენერგიულად და დაბეჯითებით ქადაგებს ყველა ქრისტეანული ეკლესიის გაერთიანების იდეას". გასულ წელს მან სპეციალური ენციკლიკით მიმართა ინგლისელებს, ხოლო მიმდინარე წელს, ისევე როგორც 1894 წელს, აღმოსავლეთის ეკლესიებს მოუწოდა გადმოსულიყვნენ კათოლიკური ეკლესიის წიაღში. თუმცა ამაოდ გაისარჯა, მისი მოწოდება არავინ ისმინა.

"ვესტმინსტერის არქიეპისკოპოსმა პაპს უპასუხა, რომ ანგლიკანიზმის შეერთება ლათინიზმთან არის უტოპია. იმავე სულისკვეთებით უპასუხეს პაპს სხვა ანგლიკანელმა სასულიერო პირებმა. მხოლოდ გლადსტონმა გამოთქვა აზრი თავის ვრცელ მიმართვაში, სადაც წერდა, რომ, მართალია, მას არ სჯერა მოხდება ქრისტიანულ ეკლესიათა მსწრაფლი შეერთებისა, მაგრამ მიიჩნევს, რომ მუშაობა ამ მიმართულებით აუცილებელია".

ოთხი საუკუნე გავიდა ანგლიკანური ეკლესიის რომისგან გამოყოფის შემდეგ; მოხდა მრავალი ისეთი რამ, რაც კიდევ უფრო აძნელებს ამ ეკლესიათა გაერთიანების საკითხს. გლადსტონი იძლევა რჩევას, განსაკუთრებულად მიაწვნენ იმ პუნქტებს, რომელიც გაერთიანებისკენ მოუწოდებენ და ყურადღება არ მიაქციონ იმას, რაც იწვევს აზრთა უთანხმოებას. დასასრულ, ის გამოთქვამს მადლიერებას პაპ ლეონ XIII - სადმი ამ მიმართულებით გაწეული მუშაობისთვის.

აზრი ქრისტეანული ეკლესიების გაერთიანებისა არ ახალია. ამისკენ მიილტვოდა ყოფილი ჩეხი მეფე და რომაელ-გერმანელი იმპერატორი კარლოს IV, სერბ მეფე სტეფან დუშანთან ერთად. ფლორენციის 1439 წლის უნია ასევე მრავალმხრივ იღვწოდა ამ საკითხის გადასაწყვეტად.

დიდ ძალისხმევას ახმარდნენ ამ საქმეს მართლმადიდებელი ეკლესიის ისეთი წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ მაკარი ნიკომიდიელი, ეგნატე ტორნოვსკი, იოსებ ფილიპოვსკი და კონსტანტინოპოლის პატრიარქი გენადი (გენადი II სქოლარიოსი) (არჩეული იყო სამჯერ: (პირველად: 1454—1456; მეორედ: 1462—1463; და მესამედ: 1464—1465 - მთარგმნ.), რომლის წინაშეც მუხლს იყრიდა სტამბულის (კონსტანტინოპოლის) დამპყრობი მეჰმედ დიდი (ალბათ იგულისხმება მეჰმედ II. ასევე ცნობილია როგორც მეჰმედ ალ-ფატიჰი, მუჰამედ დიდი, მუჰამედ დამპყრობი. დაიბ. 1432 წ. გარდ. 1481 წ. 1444 – 46 და 1451 – 81 წლებში იყო ოტომანური თურქეთის სულთანი - მთარგმნ.). ყველა ეს ადამიანი ელტვოდა ეკლესიათა ერთობას თუნდაც ბერძნულისა სლავურთან.

XVII საუკუნეში ბევრი იშრომა ამ მიმართულებით გრიგოლ კალიკსტემ; ლეიფციგსა და ფრანკფურტში აწყობდა რელიგიურ შეკრებებს, რომელთა ამოცანას წარმოადგენდა იმ საშუალებათა გამოძებნა, რომელიც გადალახავდა მტრობასა და წინააღმდეგობას, რომელიც ჰყოფს ქრისტეანულ ეკლესიებს. ამაზე ოცნებობდა ლეიბნიციც 1678 წ.

მაგრამ ამაოდ! ეკლესიათა შეერთების იდეის უკან, რომელსაც გაძლიერებულად ქადაგებდა ლეონ XIII, იმალება პაპის უსაზღვრო ძალაუფლების აღდგენა (ხაზგასმა ყველგან ავტორისაა - მთარგმნ.), რომელსაც, უკანასკნელი ენციკლიკის მიხედვით ("Satis ignotum") მოვალეა დაექვემდებაროს ყველა ქრისტეანული ეკლესია.

აქედან გამომდინარე, ძნელია არ დაეთანხმო გლადსტონს, რომელიც ამბობდა, რომ ეკლესიათა შეერთების წუთი ასე მალე არ დადგება.

პაპის უკანასკნელი ენციკლიკა (სავარაუდოდ იგულისხმება ლეონ XIII - მთარგმნ.), რომელიც შედგება დიდი მემორანდუმისგან და ასობით ტექსტისგან, რომელიც ამოწერილია წმ. წერილიდან და ეკლესიის მამათა თხზულებებიდან, წარმოადგენს მხოლოდ პაპიზმის პოლიტიკურ პროგრამას, რომელიც იმისკენ მიისწრაფვის, რომ მომავალშიც მიიჩნეოდეს ქრისტეს ეკლესიის თავად, რომელიც სხვა დანარჩენ ეკლესიებს უმეთაურებს. ეს პროგრამა არ აღიარებს კრებით საწყისს, რომელიც იყო ძველი ეკლესიების საფუძველი, რომლის გარეშეც ქრისტეანულ ეკლესიათა გაერთიანება, როგორც ეს სამართლიანად შენიშნა ვესტმინსტერელმა არქიეპისკოპოსმა, არის წმიდა წყლის უტოპია.

არ დავიწყებთ რა ამ უკანასკნელი ენციკლიკის განხილვას, რომელშიც დამოწმებულია მრავალი გაყალბებული დეკრეტალიები და რომის ეკლესიის მამათა თხზულებები, რომელიც ძირითადად დაწერილი იყო რომის კურიის დაკვეთით და მიზნად ისახავდა რომის მღვდელმთავრის პირველობის პრიმატის გაძლიერებას; რომისთვის "სამოციქულო დედაქალაქის" სახელწოდების, პაპისთვის კი ქრისტეს ნაცვალისა და შეუცდომელი ორაკულის სტატუსის მინიჭებას, - თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ მხოლოდ იმას, რომ 1896 წლის 30 ივნისის უკანასკნელი ენციკლიკა დასათაურებულია ასე: "ჩვენს პატივდებულ ძმებს, პატრიარქებს, პრიმასებს, არქიეპისკოპოსებს, ეპისკოპოსებს და სხვა იერარქებს, რომლებიც თანხმობასა და ერთობაში იმყოფებიან სამოციქულო დედაქალაქთან".

სიტყვები "პატივდებულ ძმებს" არ შეიძლება ვაღიაროთ აღმოსავლეთის ეკლესიათადმი მიმართვად, რომლებიც დღემდე არ იმყოფებიან "თანხმობასა და ერთობაში" რომთან. ეს სიტყვები მიზნად ისახავს პაპის ძალაუფლებისადმი, "სამოციქულო დედაქალაქისადმი" დაქვემდებარებულ ეკლესიებში პაპის პრიმატისა და უცდომელობის, ასევე ყველა ეკლესიაზე მისი პირველობის გამყარებას.


 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню