პუბლიკაციები - ვალპურგა, წმინდანი რომელიც ჯადოქრებსაც უყვართ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

ვალპურგა - წმინდანი, რომელიც ჯადოქრებსაც უყვართ

ჯადოქრების შაბაში

30 აპრილიდან 1 მაისის ღამეს მრავალ დასავლეთევროპულ ქვეყანაში ჯადოქრების ღამეს უწოდებენ. ის ასევე ცნობილია ვალპურგის ღამის სახელწოდებით და ეს სახელი უეჭველად წმიდა ვალპურგასთან არის დაკავშირებული, რომელმაც ბავარიის ახლოს ერთ-ერთი მონასტერი დააფუძნა. წმ. ვალპურგას ხსენებას დასავლეთში 25 თებერვალს და 1 მაისს აღნიშნავენ... ცნობილია, რომ წმ. ვალპურგა საკვირველთმოქმედი იყო მაგრამ, რა კავშირი აქვს მას ჯადოქრებთან?



გადმოცემით, წმ. ვალპურგა (ან ვალბურგა) დევონშირში 710 წელს დაიბადა. ის დასავლეთ საქსონიის ერთ-ერთი მეფის, რიჩარდის ქალიშვილი გახლდათ, ხოლო მისი დედა, წმიდა ბონიფანტეს და, ვინნა იყო. გოგონა უინბორნის (უიმბორნის) მონასტერში იზრდებოდა და როდესაც გაიზარდა იქვე, მონასტერშივე აღიკვეცა. 748 წელს ვალპურგას ბიძამ ბონიფანტემ გერმანიაში მონასტრების სისტემის შექმნა გადაწყვიტა. მისი თხოვნით უინბორნის სავანის აბატისამ იქით თავისი რამოდენიმე მონაზონი წარაგზავნა. მათ შორის ვალპურგაც იყო. გზაზე გემი, რომლითაც მისიონერები მიემგზავრებოდნენ, შტორმში მოჰყვა, მაგრამ ვალპურგა მუხლზე დაეცა და ლოცვა დაიწყო, ძალიან მალე ქარიშხალიც ჩადგა... ეს სასწაულად მიიჩნიეს.

გერმიანიაში ვალპურგას აღფრთოვანებით შეხვდნენ და იმის შემდეგ მეზღვაურთა მფარველად მიიჩნევდნენ. ვალპურგამ, რომელიც ბავარიის ქალაქის ჰაიდენჰაიმის მონასტრის აბატისა გახდა, თავისი სათნოებებითა და სასწაულებით სახელი გაითქვა. ის გარდაიცვალა 777 წლის 25 თებერვალს. ასი წლის შემდეგ მისი სახელი თითქმის მიავიწყდათ. მაგრამ ამ დროს აიშტადტის ახალმა ეპისკოპოსმა ეკლესიისა და ჰაიდენჰაიმის მონასტრის აღდგენა გადაწყვიტა... სამუშაოების დროს გაიხსნა ვალპურგას საფლავი და მოხდა ისე, რომ ერთ ღამეს ეპისკოპოსმა მისი განრისხებული მოჩვენება დაინახა...

ეპისკოპოსის ბრძანებით განსვენებული აბატისას გვამი აიშტადტში გადაასვენეს. ეს სწორედ 1 მაისს მოხდა. მონაზვნის გვამი კედლის ნახვრეტში ჩაასვენეს, საიდანაც მალე მირონმა იწყო დინება, რომელიც ამავე დროს სამკურნალო აღმოჩნდა... ამის შემდეგ ვალპურგა წმინდანად აღიარეს და წმინდანთა დასში ჩარიცხეს... სხვათა შორის, წმინდანებად არიან შერაცხილნი მისი ორივე ძმა - ვილიბალდი და ვინიბალდი. მოგვიანებით, 25 თებერვალს, 12 ოქტომბერს და 24 სექტემბერს წმ. ვალპურგას გვამი გერმანიის სვადასხვა ქალაქებში მოატარეს და ცხადია, ეს დღეებიც წმ. ვალპურგას მიეძღვნა.

ევროპის მრავალ ქვეყანაში არსებობს რწმენა, რომ 1 მაისის ღამეს ჯადოქრები, დემონები და მკვდართა სულები შაბაშზე იკრიბებიან... რადგან ეს თარიღი წმ. ვალპურგას ხსენების დღეს დაემთხვა, გერმანიაში "ჯადოქრულ" ღამეს ვალპურგისნახტი (ვალპურგის ღამე) უწოდეს. მოგვიანებით კი სახელწოდება მთელი ევროპის მასშტაბით გავრცელდა...



რწმენა იმისა, რომ ჯადოქართა შაბაშები ვალპურგას ღამეს ეწყობა, როგორც წყაროებიდან ჩანს VIII საუკუნის მიწურულს ყალიბდება. ისტორიკოსების აზრით, შაბაშებს ქრისტეანები უწოდებდნენ წარმართთა თავყრილობებს, რომლებიც დევნულების გამო თავიანთ ტრადიციულ საპირველმაისო შეკრებას უკაცრიელ და ნაკლებად მისაწვდომ ადგილებში აწყობდნენ, მაგალითად, მოშორებულ ტყის მინდვრებზე ან მთის მწვერვალებზე... სხვათა შორის, ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, ამ ჯადოსნურ შაბაშს წმ. ვალპურგას სახელი ამაოდ როდი უკავშირდება. მის გამოსახულებებში არსებობს სიმბოლიკა, რომელიც გარკვეულ აზრებს აღძრავს. ასე მაგალითად, ვალპურგას ფეხებთან მდებარე გვირგვინი მის სამეფო წარმომავლობაზე მიუთითებს. კვერთხი - ნიშანია იმსა, რომ ის მონასტრის დამფუძნებელი გახლდათ... აქ ყველაფერი გასაგებია. მაგრამ არსებობს სხვა სიმბოლიკაც. მაგალითად, წმინდანს ხშირად ხატავენ ძველი ცაცხვის ხეებისა და გორაკების ფონზე. არადა ცაცხვი, თუ სკანდინავიურ საგებს დავუჯერებთ, წმიდა ხეებად ითვლებოდნენ და დაკავშირებულნი იყვნენ ფრიგისთან - ნაყოფიერების ქალღმერთთნ. გორაკები კი ჰოლდების, ბუნების ძველი ღმერთების სამკვიდრებელად მიაჩნდათ. ისინი ასევე დაკავშირებულნი იყვნენ მიცვალებულთა სამყაროსთან... არცთუ იშვიათად წმ. ვალპურგას გამოსახავენ ძაღლთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ მთელს მის ცხოვრებაში ეს პირუტყვი არსად არის ნახსენები.

ძაღლი ძალზედ ხშირად ახლავს გერმანელ და სკანდინავიელ წარმართ ღმერთებს. ძაღლები იმავე ფრიგის და ნიდერლანდური "ღმერთის" ნეჰალენას შემწენი იყვნენ. ერთ-ერთი ქალღმერთის სახელი თარგმანში სწორედ "პუდელის დედას" ნიშნავს. ძაღლის სახე უკავშირდებოდა ჯანმრთელობასა და ნაყოფიერებას. ასე, მაგალითად, ძველი გერმანელები სპეციალურად ზრდიდნენ იდუმალ "ქარის ქოფაკს" - ვინდჰაუნდს, რათა კარგი მოსავალი მოსულიყო.

ზოგიერთ ფრესკაზე წმიდა ვალპურგას ხელში სამკუთხოვანი სარკე უჭირავს. არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ ერთხელ აპრილის მიწურულს გლეხები ტყეში მონადირეებს გამოქცეულ გოგონას გადააწყდნენ. ხელში მას სარკე ეჭირა, რომელიც მომავალს აჩვენებდა. ერთმა გლეხმა გოგონა ხორბლის თავთავებში დამალა, დილით კი აღმოაჩინა, რომ მთელი კონა ოქროდ ქცეულიყო. შესაძლოა, ლეგენდა სიმბოლურად უნდა აღვიქვათ: მონადირეები - ზამთარია, გამოქცეული გოგონა - გაზაფხული, უფრო სწორედ, ნაყოფიერების წარმართული ქალღმერთი. ასე, რომ აქ უფრო წარმართული ფოლკლორთან გვაქვს საქმე, ვიდრე ქრისტეანობასთან...

წმ. მონაზონის მოჩვენების სახით გამოცხადება მის პიროვნებასთან დაკავშირებული მარავალი მითქმა-მოთქმის და არასწორი განმარტებების საფუძველი გახდა. ეს თქმულება შემდეგ წარმართულ წარმოდგენებს გადაეწნა. მოკლედ, წარმართობა, ქრისტეანული მოტივები და რეალური ფაქტები ერთმანეთში აირია. ამის შედეგად მივიღეთ დღესასწაული, რომელიც დემონთთაყვანისცემის, წარმართობისა და უბიწობის თავისებურ სიმბიოზს წარმოადგენს...



ამიტომაც, მიუხედავად ყველა თავისი სასწაულისა და სათნოებისა, წმ. ვალპურგას სახელს დღემდე ჯადოქრების შაბაშებს უკავშირებენ (რაც, ცხადია, წმინდანთან მიმართებაში დიდი უსამართლობაა). ევროპის მრავალ ქვეყანაში 30 აპრილიდან 1 მაისის ღამეს ანთებენ კოცონებს და წვავენ ჯადოქრებისა და დემონების ფიტულებს, სახლის კარებთან ყრიან ბალახს ან ქვიშას, რათა უწმინდური სული საცხოვრებელში მანამ ვერ შემოვიდეს, სანამ ქვიშის ყველა მარცვალსა და ბალახის ყველა ფურცელს არ დაითვლის. გარდა ამისა, მზის ჩასვლის შემდეგ თითქმის მთელს ევროპაში შეიძლება ისმინოთ ბიჭუნების ხმამაღალი ყვირილი: ისინი ასე იმიტომ ჰყვირიან, რომ მათი რწმენით უწმინდურ სულებს აშინებენ...

აი ასეთი წინააღმდეგობრივი ამბები ხდება ხოლმე ისტორიაში. წმინდანად შერაცხილი მონაზონი ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ მომავალში მის სახელს დემონურ ვაკხანალიას თუ დაუკავშირებდნენ.

მიუხედავად ამისა, ვალპურგიამ თავისი სახელი ქრისტეანობის ისტორიაში ჩაწერა მხოლოდ წმიდა და მართალი ცხოვრებით, ხოლო საკუთრივ ვალპურგიას ღამეს აღარა აქვს ისეთი მკაფიოდ გამოკვეთილი წარმართული შეფერილობა, არამედ უფრო ბუნების აღორძინებისა და გაზაფხულის შემოსვლის ზეიმია.




 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню