პუბლიკაციები - რა საიდუმლოს მალავს აპოკალიფსისი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

რა საიდუმლოს მალავს აპოკალიფსისი

ახალი იერუსალიმი

მკითხველის თხოვნა: "გამარჯობა! ხომ ვერ განგვიმარტავთ იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადების" საკვანძო მომენტებს?"

სამწუხაროდ, ერთი სტატიის ფარგლებში ამ წიგნის საკვანძო მომენტების განმარტება შეუძლებელია - ის საკმაოდ რთული და მრავლისმომცველი საკითხია. მაგრამ რაღაცის განმარტებას მაინც შევეცდებით.

დავიწყოთ იქიდან, რომ აპოკალიფსისი ავტორი ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო პიროვნებაა ქრისტიანობის ისტორიაში. უბრალო მეთევზე, რომელიც სიყმაწვილიდან მისდევდა ქრისტეს, არასოდეს დაქორწინებულა და იყო უბრალო, წმიდა და მოსიყვარულე. მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ქრისტეს ჯვართანაც იდგა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან ერთად (სწორედ მას ვხედავთ ტაძრებში გოლგოთის გამოსახულებებში), და საიდუმლო სერობაშიც მონაწილეობდა, სადაც ქრისტეს გვერდით იჯდა. სწორედ მოციქულმა იოანემ დაწერა მეოთხე სახარება. მის ავტორობას მიაწერენ იდუმალ "გამოცხადებასაც", რომლითაც მთავრდება ბიბლიური წიგნების მთელი კორპუსი.



გასაოცარია, მაგრამ ჩვენ ზუსტად ისიც კი არ ვიცით, გარდაიცვალა თუ არა საერთოდ იოანე. ღრმა მოხუცებულობის ასაკამდე მისული ის თავის მოწაფეებთან ერთად ცხოვრობდა კუნძულზე, დანარჩენი მოციქულები (თორმეტიდან) მდევართა მიერ უკვე დიდი ხნის დასჯილები და ნაწამებნი იყვნენ... და აი, იოანე ღვთისმეტყველი უახლოეს მოწაფეებს სთხოვს მისთვის ამოთხარონ ჯვარსახოვანი სასაფლაო. ისინიც ამოთხრიან. მოციქული - ცოცხალი, დააკვირდით, - თვითონვე წვება მასში და მოწაფეებს სთხოვს მიწით დაფარონ. ო, რა ძლიერია მასში რწმენისა და სიყვარულის ძალა! ცრემლმორეული ქრისტიანები მიწას მიაყრინ თავიანთ უსაყვარლეს მოძღვარს, წმიდა იოანეს, ხოლო როცა საქმე პირისახემდე მივა პირსახოცით დაუფარავენ და მიწაში დამარხავენ. დააკვირდით, ამ დროს მოციქული იოანე არ კვდება, ის თითქოსდა ცოცხალია.

როდესაც სხვა მოწაფეებმა შეიტყვეს, თუ რა გააკეთეს პირველებმა, შეძრწუნებულები გაიქცნენ სასაფლაოსკენ, ცოცხლად დამარხული მოციქულისკენ, რათა ამოეთხარათ, მაგრამ ჰოი საოცრებავ... საფლავი ცარიელი დახვდათ.

საკვირველი რამეა საიდუმლოებანი და გამოცანანი... და რამდენია მათი რაოდენობა ქრისტიანობაში? იოანე ღვთისმეტყვლის "გამოცხადებაც" იდუმალებით არის გამსჭვალული ისე, რომ ძნელია მისი გაგება. ეს არის ბიბლიის ყველაზე იდუმალი წიგნი, რომლის განმარტება ძალზედ ძნელია. "იოანეს აპოკალიფსისში იმდენი საიდუმლოა, რამდენიც სიტყვაა"-ო, ბრძანებდა ნეტ. იერონიმე. "მე თუ მასში რამე არ მესმის, მხოლოდ ჩემი უუნარობის გამო", - აღნიშნავდა წმიდა დიონისე ალექსანდრიელი.

თუმცა, ეს სულაც არ გვათავისუფლებს ჩვენ იმ წმიდა მოვალეობისგან, შევისწავლოთ იოანე ღვთისმეტყველის "აპოკალიფსისი". ამ წიგნის უმთავრესი მიზანია აუწყოს ქრისტიანთ სამყაროს აღსასრულის შესახებ, მოამზადოს მომავალ ჭირვებათა გმირულად გადატანისთვის, განმარტოს, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლის წინა პერიოდი უღრუბლო და უშფოთველი როდი იქნება. მართლაც, ბოლო ჟამს კაცობრიობა მაქსიმალურად დაშორდება ღმერთს, რის გამოც მას ადვილად აცთუნებს ანტიქრისტე.

მომავალი ბნელეთის ნიშნები სრულიად მისაწვდომია ჩვენი დღევანდელი თვალსაწიერისთვის. მაგალითად, გერმანიაში ორმ ჰომოსექსუალისტს თავისუფლად შეუძლია მივიდეს პატარა მოსწავლეების საკლასო გაკვეთილზე, მოუყვეს მათ თავიანთ ურთიერთობებზე, დიდი და წმიდა "სიყვარულზე"... ამას დასავლეთში თავისუფლებას უწოდებენ. მიდი ერთი, გაბედე და, არ გაუშვა შენი ბავშვი ასეთ გაკვეთილზე - ბავშვს იქვე წაგართმევენ და შესაძლოა აღსაზრდელად იმავე ერთმანეთის მოყვარულ "მამაკაცებს" გადასცენ.

თუმცა, მოდი, კვლავ აპოკალიფსისს დავუბრუნდეთ. სამწუხაროა, რომ იოანეს "გამოცხადება" სამაგიდო წიგნი გახდა არცთუ ადექვატური მკითხველისთვის, რომელიც ამოფარებულია ეკლესიურობას. ამის შესახებ პირდაპირ ამბობდა თანამედროვე თეოლოგი ალექსანდრე შმემანი:

"არსებობს ქრისტიანული ესქატოლოგიზმი, და არის ქრისტიანობის წმიდა ჭეშმარიტება: "მოვედინ სუფევა შენი!"

"მოვედინ!" - თუნდ ახლა მოვიდეს ან ორი მილიონი წლის შემდეგ - სულერთია. მე ამ მოლოდინის ნათელში ვცხოვრობ. რადგან ეს აღსასრული ქრისტეში მაინც მოვა, რადგან ჭეშმარიტება გამოცხადებულია.

მაგრამ არის ცრუ მაქსიმალიზმი, აპოკალიპტიზმი, არის დაშინება, რომელსაც ყველას თავს ახვევენ და ყოველს რაღაცით ზაფრავენ, ქმნიან ისტერიას და შიშის ატმოსფეროს; ეს მაგონებს როზანოვის გამონათქვამს, რომელიც წერდა, რომ მართლმადიდებლობა - ძალიან ჰარმონიული ტიპის ადამიანებისთვის არისო, და არა ისტერიული ადამიანებისთვის.

ხშირად ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც მოდიან მართლმადიდებლობაში. და არ ვფიქრობთ, ჩვენ, მართლმადიდებლები, როგორ ზიანს ვაყენებთ მათ, როდესაც მოვაქცევთ არა მართლმადიდებლობისკენ, არამედ მართლმადიდებლური ისტერიისკენ! რაღაც უსასრულოდ გადამეტებული საშინელებისკენ, რომელსაც არაფერი აკავშირებს ნათელთან, საღ ქრისტიანულ ლიტერატურასთან, რომელიც ნაშობია ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის მიერ.

აი ასეთი სულიერი განწყობისა უნდა გვეშინოდეს და თავს ყოველთვის ვამოწმებდეთ, ხომ არ გადავიხარეთ "მართლმადიდებლური ისტერიისკენ". რადგან იგივე პრობლემა სამი ექვსიანითა და ანტიქრისტეს ბეჭდით შეიძლება გავიგოთ არამართლმადიდებლური სულისკვეთებითაც. როდესაც ეკლესია გამოთქვამს სამართლიან შიშს ეკონომიკის დაციფრულობის გამო, ან ქაღალდისა და მეტალის ფულის ამოღების გამო, რომელსაც ელექტრონულ-კომპიუტერული "ფულითა" და მომსახურეობით ანაცვლებენ - ეს ნორმალური, საღი შიში და საღი მიდგომაა. მაგრამ როდესაც ვიღაც გამოსცემს ბროშურებს პირადი ნომრების "საშინელებებზე" და "ანტიქრისტეს ბეჭედზე" - აი აქ გვმართებს დაფიქრება, საიდან გვიტევენ.

მღვდელი ალექსანდრე შმემანი ამბბოდა: "უნდა ვიცოდეთ, რაოდენ სულიერ ზიანს ვაყენებთ ჩვენ, მართლმადიდებლები იმ ადამიანებს, რომლებსაც მოვაქცევთ არა მართლმადიდებლური ჭეშმარიტებისკენ, არამედ, მომიტევეთ და, მართლმადიდებლური ისტერიისკენ!"

იოანე ღვთისმეტყველი თავის "გამოცხადებაში" უამრავ ხილვას აღწერს. ჩვენ ყველას ვურჩევთ ეს წიგნი დიდი ყურადღებით და აუჩქარებლად წაიკითხონ, გაეცნონ წმიდა მამათა განმარტებებს და ყურადღებით განსაჯონ წაკითხულის შინაარსი. ეს, მართლაც, ძალიან საინტერესოა - აღგამაღლებს და დაგაბრძენებს. ამჯერად კი ჩვენს მოკლე პუბლიკაციას დავასრულებთ აპოკალიფსისის სიხარულევანი ნაწყვეტით, რომელიც ცათა სასუფეველში მდებარე ზეციურ იერუსალიმს აღწერს.

"და მან (ერთ-ერთმა ანგელოზმა) ამიყვანა სულით დიდსა და მაღალ მთაზე, და მიჩვენა დიდი ქალაქი, წმიდა იერუსალიმი, ღვთისაგან რომ ჩამოდიოდა ზეცით, და ჰქონდა დიდება ღვთისა, ხოლო მისი მნათობი პატიოსან თვალსა ჰგავდა, ბროლივით გამჭვირვალე იასპის ქვას. ვრცელი და მაღალი გალავნით შემოზღუდულს თორმეტი ბჭე ჰქონდა, ბჭეებზე - თორმეტი ანგელოზი... თვით გალავანი იასპით იყო ნაგები, ქალაქი კი წმიდა მინის მსგავსი ბაჯაღლო ოქროთი...

ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, რადგანაც მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი ღმერთია და კრავი. ქალაქს არც მზე სჭირდება მანათობლად და არც მთვარე, რადგანაც ღვთის დიდებამ გაანათა იგი, ხოლო მისი სანთელი არის კრავი. ხალხები ივლიან მის ნათელში და მიწიერი მეფენი თავიანთ დიდებასა და პატივს შეიტანენ მასში. მისი ბჭენი არ დაიხშვიან დღისით, ღამე კი არასოდეს იქნება იქ. და მიიტანენ მასში ხალხთა დიდებასა და პატივს. ვერ შევა მასში ვერავითარი უწმინდური, ვერცერთი ცრუ და ბილწი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ჩაწერილია კრავის სიცოცხლის წიგნში.




და მიჩვენა (ანგელოზმა) სიცოცხლის წყლის მდინარე, კამკამა, როგორც ბროლი, რომელიც მოედინებოდა ღვთისა და კრავის ტახტიდან. მისი მოედნის შუაში და მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეა, ყოველთვიურად რომ გამოაქვს თორმეტი ნაყოფი, ხის ფოთლები კი კურნავენ ხალხებს. აღარაფერი დარჩება დაწყევლილი, ღვთისა და კრავის ტახტი იქნება იქ, და მისი მონები მოემსახურებიან მას. იხილავენ მის სახეს და მათ შუბლზე იქნება მისი სახელი. ღამე აღარ იქნება იქ, ასე რომ, აღარც სანთელი დასჭირდებათ და არც მზის ნათელი, რადგანაც ღმერთი გაანათლებს მათ, და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე".

აი რისთვის უნდა მოვემზადოთ, მეგობრებო, რაზე უნდა ვიფიქროთ და საიდუმლოდ რა უნდა გვიხაროდეს. შეისწავლეთ აპოკალიფსისი განმარტებებითურთ, ევედრეთ უფალს მოგცეთ გულისხმიერება, ევედრეთ წმიდა იოანე ღვთისმეტყველს გიშუამდგომლოთ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს წინაშე როგორც ახლა, ასევე მომავალი საუკუნო სამსჯავროს დროსაც.

წყარო: zen.yandex.ru/

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню