პუბლიკაციები - მხეცის საიდუმლო 0 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

მღვდელი ანდრია გორბუნოვი

მხეცის საიდუმლო

აპოკალიფსისის წინასწარმეტყველების გახსნის მცდელობა
(მე-4, შესწორებული და შევსებული გამოცემის მიხედვით)

მხეცის რიცხვი

"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: წინამდებარე თხზულების ამ თავის გამოქვეყნებით ჩვენი რედაქცია მოვალეა მკითხველის წინაშე გააცხადოს, რომ ყველაფერში როდი ეთანხმება ავტორის კერძო შეხედულებას. რადგან აპოკალიფსისის მკვლევართა და კომენტატორთა შორის არსებობს სხვადასხვა აზრი ანტიქრისტეს ბეჭდის რაობასთან, მხეცის რიცხვთან და მის გამოსახულებასთან დაკავშირებით, სრულ უპასუხისმგებლობად მიგვაჩნია მხოლოდ ერთი რომელიმე მკვლევარის აზრის გაზიარება და სხვათა უგულებელყოფა. სადავოა, მაგალითად, ნამდვილად ჩვენს დროებას გულისხმობდა წმ. იოანე ღვთისმეტყველი აპოკალიფსისში თუ ახლო ან შორეულ მომავალს, რადგან არავინ იცის მომავალში ანტიქრისტეანული ძალები რას შემოგვთავაზებენ. და საერთოდ, იქნება თუ არა მომავალში ელექტრონული ბარათების სისტემა. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ჭეშმარიტებაც, რომ აპოკალიფსისის მიხედვით ანტიქრისტეს ბეჭედს ადამიანებს აძლევენ "მარჯვენა ხელსა და შუბლზე" ("და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე" (გამოცხ. 13:16-18)). ამიტომაც, მკითხველმა უნდა გაითვალისწინოს, ეს ნაშრომი (და საერთოდ, ყველაფერი რაც ანტიქრისტეს და მომავლის ეპოქას უკავშირდება) თვით თხზულების ავტორის კერძო შეხედულებაა და არა ჩვენი რედაქციისა. წინამდებარე ნაშრომის ჩვენს საიტზე გამოქვეყნება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ავტომატურად ვეთანხმებით წიგნის ავტორის ყველა შეხედულებას, მაგრამ რადგან საკითი მრავალწახნაგოვანი და ბუნდოვანია, შესაძლებლად მივიჩნევთ სხვადასხვა ავტორთა ცალკეული შეხედულებების გამოქვეყნებას, მათი შედარებისა და შესწავლის მიზნით.


შინაარსი



წინასიტყვაობა


დღეს მიმდინარე გლობალიზაციის პროცესმა მრავალი დაარწმუნა - ეს სხვა არაფერია თუ არა მსოფლიოს მომზადება ანტიქრისტეს მისაღებად.

"გლობალიზაციის დღევანდელი პროცესი, - აღნიშნავს ოდესისა და იზმაილის მიტროპოლიტი აგათანგელოზი, - უეჭველად, ანტიქრისტეს გამეფებამდე და სამყაროს აღსასრულამდე მიგვიყვანს... ეს პროცესი არის "უსჯულოების საიდუმლოს" რეალიზაცია... უდიდესი შეცდომაა მტკიცება, თითქოსდა გარეგანი ნიშნების, სიმბოლოებისა და ქცევის წესების მიღება, რომელსაც ახალი დროება გვთავაზობს, არ არის საშიში და ვერავითარ ზიანს ვერ მოგვაყენებს. მაშინ, როდესაც ისინი შექმნილია ეშმაკის შთაგონებით, იმისთვის, რათა, მათი მეშვეობით "აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც" (მათე 24:24).

გლობალიზაციის მიერ შემოთავაზებული ცხოვრების წესი და სიმბოლიკა მხოლოდ მაშინ იქნება უვნებელი, როდესაც მას სრულიად უარვყოფთ, ან, დაუფიქრებელი მიღების შემდეგ, იმწამსვე იქნება უარყოფილი. ამჯერად მიმდინარეობს მსოფლიო კომპიუტერიზაცია, უსწრაფესად ვითარდება ინტერნეტის - ამ ელექტრონული ობობას გლობალური "მსოფლიო ქსელი". იქმნება უმძლავრესი ბიოტექნოლოგიები, რომლებითაც შესაძლებელი გახდება ადამიანის ფსიქიკის მართვა და ადამიანთა უზარმაზარი მასების ცნობიერებით მანიპულირება. მთელს მსოფლიოში შემოდის მოსახლეობის ციფრული აღრიცხვა საიდენტიფიკაციო კოდების მინიჭების გზით. ამ სისტემაში იქმნება შესაძლებლობა გააკონტროლონ და მართონ თითოეული ადამიანი" (Доклад Высокопреосвященнейшего Агафангела, Митрополита Одесского и Измаильского, на Всемирном Русском Народном Соборе, посвященном теме «Россия и православный мир». Москва, 3-4 февраля 2004 г. // «Первый и Последний». 2004, № 3 (19)).

სადღეისოდ უკვე იკვეთება გარკვეული ესქატოლოგიური ნიშნები...

თანამედროვე ცხოვრება თითოეული ჩვენგანისგან ითხოვს მიმდინარე მოვლენებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას, სულიერ სიფხიზლეს, რათა დავიცვათ თავი სიყალბისგან და სიცრუე სიმართლედ არ შევრაცხოთ რაც, თავის მხრივ, საჭიროა მცდარი ნაბიჯებისა და სულის წარმწყმედელი გადაწყვეტილებებისგან თავდასაცავად.

ამიტომაც, დღეს უკვე აუცილებელია გავაძლიეროთ ჩვენი ყურადღება წმიდა მოციქულ იოანეს გამოცხადების წინასწარმეტყველებებისადმი (აპოკალიფსისი). ეს ახალაღთქმისეული წიგნი საიდუმლო სიმბოლოებითა და ნიშნებით გამოხატავს მთელს მსოფლიო ისტორიას, როგორც უდიდეს ტრაგედიას. აპოკალიფსისი იხსნება ისტორიის მსვლელობაში, და ჯერაც კიდევ გაიხსნება ვიდრე დადგება საშინელი სამსჯავრო.

დიახ, აპოკალიფსისი - ეს არის უსაიდუმლესი წიგნი, იმდენად დაფარული, რომ ქრისტეს ეკლესიის წმიდა მამათაგან ყველა როდი ბედავდა მის განმარტებას, რადგან ძალიან ძნელია სულ მცირედი სწორი განმარტების მოცემაც კი იმ წინასწარმეტყველებისა, რომლებიც შორეულ მომავალში უნდა აღსრულდნენ.

აპოკალიფსისის განმარტებისას წმიდა მამები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ამ სიმბოლოების სრული გახსნა შესაძლებელი გახდება მაშინ, როდესაც დაიწყება იმ მოვლენათა აღსრულება, რომლებზეც ლაპარაკია აპოკალიფსისში. საიდუმლოს ბეჭედი, ანუ წინასწარმეტყველებათა გაშიფრვა, ბოლო ჟამს საბოლოოდ მოიხსნება. თვით დრო და ისტორიული მოვლენები გახსნიან ამ წინასწარმეტყველებებს, მაგრამ გაეხსნებათ მხოლოდ იმათ, ვინც არა მარტო წაიკითხავს ამ ბოლოჟამინდელ მოვლენებს, არამედ ჩაუფიქრდება, შეისწავლის, დააკვირდება, გულისხმაყოფს და ამ ისტორიულ მოვლენებს: ომებს, სახელმწიფოებსა და მათ მმართველებს, შეადარებს ყოველივე იმასთან რაც აპოკალიფსისშია ნათქვამი.

აპოკალიფსისში ნათქვამია: "ნეტარია, ვინც კითხულობს და ისმენს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს და იმარხავს მასში დაწერილს, რადგანაც ახლოა ჟამი" (გამოცხ. 1:3). და ჭეშმარიტია ის რაც დაიწერა, რადგან წმიდა წერილის სიტყვა - სულიწმიდის სიტყვაა. მაგრამ რაში მდგომარეობს ეს ნეტარება? ის, ვინც წაიკითხავს აპოკალიფსისს სამყაროს აღსასრულის წინ, ჭეშმარიტად ნეტარი აღმოჩნდება, რადგან გაიგებს ყოველივეს რაც მოხდება მის დროს. ხოლო რაკიღა გაიგებს, დაიწყებს მომზადებას. როდესაც წაიკითხავს, დაინახავს მის თანამედროვე იმ მოვლენებს, რომელიც აღწერილია აპოკალიფსისში".

აპოკალიფსისის შესრულება უკვე დაწყებულია, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა როდი ხედავს ამას. მიუხედავად იმისა, რომ მოციქულმა მოგვცა მომავალი მოვლენების დეტალური აღწერა, მრავალი მაინც უგულისხმო რჩება. შესაძლებელიაო, ამბობდა მხცოვანი პაისი, ჩვენ მოგვიწიოს მრავალი იმ ამბის გადატანამ, რომელიც აღწერილია აპოკალიფსისში. აპოსტასია უკვე დადგა... მხოლოდ "წარწყმედის ძის" (2 თესალონიკ. 2:3) შემოსვლაღა დარჩა... რაღა დღევანდელი გაზეთები წაგიკითხავს და რაღა აპოკალიფსისი, იმდენად ნათლად არის ყველაფერი აღწერილი".

მაგალითისთვის მას მოჰყავდა "ვარსკვლავი აფსინთი", რომელმაც, როდესაც ჩამოვარდა, "წყლის მესამედი აფსინთად აქცია" და "...ურიცხვი ხალხი ამოწყდა წყალთაგან, რადგანაც მწარენი გახდნენ" (გამოცხ. 8:10, 11). ეს წინასწარმეტყველება, მცხოვანის აზრით, უკვე აღსრულდა ჩერნობილის ტრაგედიით 1986 წელს (აფსინთი, უკრ. "полынь" რუსულად არის "чернобыльник"), ამიტომაცო, ბრძანებდა ის, "ღრმად სცდებიან ისინი, ვინც ელოდებიან ციდან ვარსკვლავის ჩამოვარდნას და ვერაფრით ვერ გებულობენ, რომ ეს უკვე აღსრულდა" («Отче, помоги!» Наш современник афонский старец Паисий. – Сост. О. Казаков. СПб., 2002. С. 94).

იგივე ითქმის აპოკალიფსისის სხვა სიმბოლოებზეც. ჩვენს დღევანდელობაშიც შეგვიძლია დავინახოთ მრავალ სხვა წინასწარმეტყველებათა აღსრულება, რომელიც სამყაროს უკანასკნელ ჟამთან არის დაკავშირებული. ასეთი წინასწარმეტყველებანი უხვად არის წმიდა წერილში და არა მარტო აპოკალიფსისში, არამედ დანიელისა და ეზრას წინასწარმეტყველებებში. ყველა ეს წინასწარმეტყველება ავსებს ერთურთს. მათი სრული გახსნა, როგორც ჩანს, ისტორიული სინამდვილიდან გამომდინარე, წილად ხვდა სწორედ ჩვენს დროებას.

ამიტომაც, აპოკალიფსისის განმარტების ამ გამოცდილებაში ავტორი ამბობს იმის შესახებ, რაც წარმოაჩინა ჩვენმა დროებამ, რაც ხდება ჩვენს თვალწინ. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეგნებული აქვს რა თავისი უძლურება და უღირსება, ავტორი არავის აიძულებს აბსოლუტურ ჭეშმარიტებად იქნას მიღებული მისი განმარტება. აღიარებს რა თავისი ნაშრომის არასრულყოფილებას ავტორი ითხოვს, როგორც ითხოვდნენ ადრე: "უკეთუ ვინმემ რაიმე ცდომილება აღმოაჩინოს ამ თხზულებაში, მოწყალე მექმენით, ძმანო, და ნუ განსჯით ჩემი გონების უძლურებასა და უღირსებას, და უკუეთუ გქონდეთ მეტი მადლი და წყალობა ღვთისა, ჩემს მიერ დაშვებული შეცდომები თქვენ შეასწორეთ". და კვლავ: "უკეთუ სადმე იპოვო ცდომილება, სიყვარულით გვედრებთ, გულითადად გაასწორე".

ნეტარი ავგუსტინე "სამების შესახებ" თავისი ტრაქტატის ბოლოში წერდა: "უფალო, ერთო ღმერთო, წმიდაო სამებაო, ის რაც მე ვთქვი ამ წიგნში სწორად და შენებურად, დე მიღებულ იქნეს, როგორც შენი; ხოლო თუ რამე ვთქვი ჩემგან და არასწორად, შენც მომიტევე უფალო და მათაც მომიტევონ ვინც შენია". ასეთი ლოცვით მიმართავს წინამდებარე წიგნის "მხეცის რიცხვი" ავტორიც ჩვენს მაცხოვარსა და მკითხველს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თვით გამოთქმა "მხეცის საიდუმლო", რომელიც წიგნის სათაურად არის არჩეული, აღებულია აპოკალიფსისის ტექსტიდან: "მაშინ ანგელოზმა მითხრა: - ბრძანებს იდუმალთმხილველი, - რად გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ქალისას და მისი მტვირთველი მხეცისას, რომელსაც აქვს შვიდი თავი და ათი რქა" (გამოცხ. 17:7).

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню