პუბლიკაციები_იოანე ღვთისმეტყველის საიდუმლო - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

იოანე ღვთისმეტყველის საიდუმლო

ანუ

ანუ ქრისტეს მეორედ მოსვლის მესამე წინამორბედი


მართლმადიდებელ წმიდა მამათა სწავლება იოანე ღვთისმეტყველის მოწოდებაზე საუკუნის აღსასრულის წინ მაცხოვრის მეორედ მოსვლისთვის მოამზადოს ეკლესია

წმ. იოანე ღვთისმეტყველი

იოანეს სახარება

თავი 21


"უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო? ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია" (იოანე 21:22-24).

ექვთიმე ზიგაბენი († 1118).

________________

ექვთიმე ზიგაბენი. ბერი, ბიზანტიელი ღვთისმეტყველი. ბერად აღკვეცამდე იყო სამეფო სასახლის ბრწყინვალე კარისკაცი.

დაწერა ყველა მწვალებლობის ისტორია (πανοπλία δογματική), დაწყებული სიმონ-მოგვიდან ვიდრე ისლამამდე, მათი მოკლე უარყოფითურთ, რომელიც აიღო წმიდა მამათა თხზულებებიდან. ამ ნაწარმოების ხასიათი კომპილატიურია. ზიგაბენის განმარტებებს ოთხივე სახარებაზე, ფსალმუნსა და ქებათა ქებაზე, საღვთისმეტყველო კრიტიკა საკმაოდ მაღალ შეფასებებს აძლევს. მისი ყველა თხზულება შეკრიბა აბატმა ჟაკ მინმა და მოათავსა თავის "Patrologiae cursus completus ser. graeca" (т. CXXXV და შემდგ.).


________________

"ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა?" (იოანე 21:21)

"ეს არ გამოგყვება? არ წამოვა ჩვენთან ერთად მოწამეობრივ გზაზე? ჩვენსავით არ დაექვემდებარება სიკვდილს? პეტრე მიხვდა მაცხოვრის სიტყვის მნიშვნელობას: "შენ მე გამომყევ" (იოანე 21:22) და რადგან ძლიერ უყვარდა იოანე, სურდა, რომ ისიც გამხდარიყო მოწამეობრივი სიკვდილის ღირსი; მაგრამ რადგან თვით იოანე ვერ ბედავდა ეკითხა მაცხოვრისთვის, თვით პეტრემ ეკითხება (ქრისტეს)და ასე უხდის იოანეს სანაცვლოს მის მიერ გაწეული ამაგისთვის. და რას პასუხობს იესუ? არ აქცევს რა ყურადღებას მათ კერძო ურთიერთსიყვარულს და ასწავლის რა არ გამოიჩინონ რაც ეუწყათ იმაზე მეტი ცნობისმოყვარეობა, ქრისტე აჩვენებს, რომ მათ განესაზღვრათ განსხვავებული ხვედრი. როდესაც პეტრეს ესმა (განმარტავენ ზოგიერთნი), რომ მოუწევდა თავდადება იესუ ქრისტესთვის, იკითხა: "უფალო, ამას (იოანეს) რა?" განა ის არ მოკვდება? იესუ ქრისტეს, რა თქმა უნდა, არ უარუყვია ეს, რამეთუ ყოველი დაბადებული კვდება, არამედ მხოლოდ თქვა: "თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა?" (იოანე 21:22). ამ სიტყვების საფუძველზე ზოგიერთი ამბობს, რომ იოანე ცოცხალია, და ანტიქრისტეს დროს ილიასთან და ენოქთან ერთად მოკლულ იქნება იესუ ქრისტეს სახარების ქადაგებისთვის. ხოლო თუ აჩვენებენ მის საფლავს, მერე რა? ის ცოცხალი გამოვიდა იქიდან და ილიასა და ენოქის მსგავსად აყვანილ იქნა. მახარობელი უარყოფს იმათ ცრუ შეხედულებას, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ქრისტეს ეს მოწაფე არ მოკვდება, რადგან მართლაც ცრუ და ყალბია შეხედულება, თითქოსდა იოანე უკვდავი იყოს. ენოქი და ილია, მართალია არ მომკვდარან, მაგრამ ისინი მოკვდავნი არიან; ასევეა ეს მოწაფეც, მართალია არც ის მოკვდა, მაგრამ მომავალში მოკვდება. არასწორია, ანუ არ ის, რომ იოანე არ მომკვდარა, არამედ არასწორია და ცრუ ის ვარაუდი, რომ ის უკვდავია. სხვები კი ამტკიცებენ, რომ იოანე მოკვდა, და გამოთქმა: "თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს" ესმით იმ აზრით, რომ იოანე უნდა დარჩენილიყო იუდეაში იმ დრომდე, სანამ იესუ ქრისტე მოვა იუდეველთა სამხილებლად, რათა დაემარცხებინა ისინი რომაელთა ხელით, - და რომ, ამიტომაც, პეტრე უნდა განშორებოდა იოანეს, რათა უმეტესი სარგებლობის მოსატანად ექადაგა სხვადასხვა ადგილებში.

ამრიგად, ჩვენ აქ დავიმოწმეთ ყველა შეხედულება, რათა ამ საგნით დაინტერესებულთ ყველაფერი ცოდნოდათ. გარდა ამისა, ისინი, ვინც ამბობენ, რომ იოანე მოკვდა, ასე გადმოგვცემენ ამ ამბავს: ამოუთხრიათ ორმო და მის ირგვლივ ქვები შემოულაგებიათ; შემდეგ იოანეს ცხედარი ჩაუსვენებიათ და დაუფარავთ. რამოდენიმე დღის შემდეგ, როდესაც იოანეს მოწაფეები მივიდნენ ამ ორმოსთან ის ვერ იპოვეს; მაგრამ, რადგან ის მაინც იქ მოათავსეს, ამბობენ კიდევაც, რომ მოკვდა.

"და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის"... რომელი სიტყვა?

"რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა"...
სავარაუდოდ, სხვებმაც ისმინეს, რა უთხრა იესუმ პეტრეს. და მაშინ გავრცელდა ძმებს შორის სიტყვა, რომ იოანე არ მოკვდებოდა, - თუმცა ისინი ცდებოდნენ, რადგან ვერ გაიგეს ამ სიტყვების მნიშვნელობა. შემდეგ თვით მახარობელი ასწორებს ამგვარ მცდარ მოსაზრებას.

"მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო?".
ეს სიტყვები, იმას კი არ ნიშნავს, რომ იოანე არ მოკვდება, არამედ სულ სხვა მიზანი გააჩნია, როგორც ეს უკვე ზემოთ ითქვა. მაშ რა საფუძველი რჩებათ მათ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ იოანე არ მომკვდარა, როდესაც თვითონვე ნათლად ამბობს, რომ ვინც ასე ვარაუდობს ცდება.


ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი (XI ს.).

________________

ნეტ. თეოფილაქტე (ინფესტი) ბულგარელი († დაახლ. 1126), ოხრიდის არქიეპისკოპოსი, ნეტარ მამა. ბიზანტიელი ღვთისმეტყველი და მწერალი. ხს. 31 დეკ. დაიბადა 1050-1060 წლების პერიოდში. ქ. ხალკისში ევბეის კუნძულზე. ატარებდა გვარს ინფესტი.

________________


"იხილე მახარობელის თავმდაბლობა, როგორ ასწორებს მრავალთა ცთომილ შეხედულებას, რომლებმაც ვერ გაიგეს მის შესახებ უფლის ნათქვამი, და ეგონათ, რომ იოანე არ მოკვდებოდა. ეს არ ყოფილა, უფალმა ის კი არ თქვა, არ მოკვდებაო, არამედ არ იქადაგებს პეტრესთან ერთდროულადო, არამედ მის მერეც დარჩებაო. "ჩემს მოსვლამდე", ანუ სანამ მე არ ვისურვებ გამოვიყვანო იგი საქადაგებლად. ახლა მე შენ გავალებ იზრუნო ქვეყანაზე, და შენ მე გამომყევ, ხოლო ის აქ დარჩეს, სანამ ისევ მოვიდოდე და გამოვიყვანდე მას, როგორც შენ გამოგიყვანე საქადაგებლად.

მაგრამ ზოგიერთები ასე ამბობენ: პეტრემ, როცა გაიგო, რომ ის (იოანე) ქრისტესთვის არ მოკვდება, თქვა: "უფალო, ამას რა?" განა ის არ მოკვდება? ქრისტეს ეს არ უარუყვია, რადგან ყოველი, ვინც კი დაბადებულა აუცილებლად მოკვდება, არამედ თქვა: "თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს", ანუ იცოცხლებს სამყაროს აღსასრულამდე და მაშინ მოკვდება ჩემთვის მოწამეობრივად. ამიტომაც ამბობენ, რომ ის ცოცხალია, და მას ანტიქრისტე მოკლავს, როდესაც ილიასთან ერთად დაიწყებს ქრისტეს ქადაგებას. და თუკი მის საფლავზე უთითებენ, მერე რა? ის საფლავში ცოცხალი შევიდა, და შემდეგ უფლის წინაშე წარსდგა, ვითარც ენოქი და ილია.

ამრიგად, მახარობელი უარყოფს იმ მოწაფეთა მცდარ აზრს, რომლებსაც ეგონათ, რომ იოანე არ მოკვდება, არამედ უკვდავი იქნება: ადამიანის უკვდავობა სიცრუეა. მართალია, ილია და ენოქი არ მომკვდარან, მაგრამ ისინიც მოკვდავნი არიან. ასვე იოანეც, მართალია არ მომკვდარა, მაგრამ მოკვდება. ამიტომაც სიტყვების: "არ მოკვდება" იმ აზრით გაგება, რომ იოანე უკვდავია, არასწორია.

სხვები კი ამტკიცებენ, რომ იოანე მოკვდა, ხოლო სიტყვები: "თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს" ისე ესმით, როგორც ზემოთ განვმარტეთ. ჩვენ გადმოვეცით ყველა შეხედულება, რათა არცერთი მათგანი არ ყოფილიყო უცნობი. თუმცა, ჩვენი აზრით, სიტყვებში: "თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს" უკეთესია ვიგულისხმოთ არა იოანეს სიცოცხლე, არამედ მისი განშორება პეტრესთან, როგორც ეს ქებულ იოანე ოქროპირს ესმოდა".

წმ. ფოტი კონსტანტინოპოლელი (IX ს.): "სიტყვები: "და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა" და შემდგ. - არა მარტო არ ეწინააღმდეგება წინა სიტყვებს, არამედ მათი თანხმიერია. რამეთუ მას არ უთქვამს, იოანე უკვდავიაო, არამედ თქვა, რომ იცოცხლებსო ენოქთან და ილიასთან ერთად მის მეორედ მოსვლამდე. რაც თვით მოწაფემაც დაადასტურა, როცა ბრძანა: "მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო?" (წმ. ეფრემ ანტიოქიელის წიგნის მიხედვით).

ამრიგად, თუ შევაჯამებთ წმიდა მამათა განმარტებებს და იმ თქმულებებს, რაც მათ გადმოგვეს წმ. იოანე ღვთისმეტყველის შესახებ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მახარობელმა ორჯერ გაიმეორა მისდამი ღმრთის მოცემული აღთქმა, რომ დარჩებოდა თავის მეორედ მოსვლამდე, და ამასთან შეასწორა სხვა მოწაფეთა მიერ არასწორად გაგებული სიტყვა თითქოსდა იოანე არ მოკვდებოდა. იოანე მოკვდა, მაგრამ უფალმა ის აღადგინა მკვდრეთით (როგორც ლაზარე), და ღმრთის სიტყვა, მიცემული იოანესთვის, მისი მეშვეობით კი მთელი კაცობრიობისთვის, აუცილებლად აღსრულდება. 24-ე მუხლში იოანე ამ უმნიშვნელოვანესი წინასწარმეტყველების შესახებ წერს, რომ "ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია" (იოანე 21:24).


იოანეს გამოცხადება

თ. 10


"ხოლო მან მითხრა: კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის" (გამოცხ. 10:11)

ძვ. ქართ.: "და მრქუა მე: ჯერ-არს შენდა კუალად წინაწარმეტყუელებაჲ ერთა ზედა და წარმართთა და ენათა და მეფეთა ქუეყანისათა".

წმ. ანდრია კესარიელი (VI-VIIსს.):

________________

წმ. ანდრია კესარია-კაპადოკიის არქიეპისკოპოსი, იოანეს "გამოცხადების" პირველი დაცული განმარტების ავტორი (აპოკალიფსისის განმარტება მან სავარაუდოდ დაწერა 563 - 614 წლებში). ამ ნაშრომს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია აპოკალიფსისის და მისი ადრინდელი განმარტებების შესწავლის საქმეში, რადგან ის შეიცავს უფრო ადრინდელ მამათა და ეკლესიის მოძღვართა (წმ. პაპიუს იერაპოლელის, ირინეოს ლიონელის, მეთოდე ოლიმპიელის და სხვ.) განმარტებებს, ასევე პოლემიკას ეკუმენიოსთან, ბერძენ ეგზეგეტთან, აპოკალიფსისის კომენტარების ავტორთან (F. Diekamp). თავის ნაშრომში წმ. ანდრია ცდილობდა გაეხსნა აპოკალიფსისის სამმაგი აზრი: ბუკვალური, ტროპოლოგიური და ანაგოგიური. კესარიელი მღვდელმთავრის შრომით უფრო გვიანდელი ბიზანტიელი ეგზეგეტებიც სარგებლობდნენ, მაგალითად, არეთა კესარიელი (IX ს.). ანდრია კესარიელის განმარტება გადათარგმნილ იქნა ქართულ ენაზე (X ს.), სომხურზე ((XI ს.) და ბერძნ. ხალხურ ენაზე (ღვთისმეტყვ. მაქსიმე პელოპონესელი, XVI ს.). განმარტების სლავური თარგმანი განხორციელებულია აპოკალიფსისის თარგმანთან ერთად არ აუგვიანეს X საუკუნისა., სავარაუდოდ ბულგარეთში. სლავებს აპოკალიფსისი გააჩნდათ მხოლოდ განმარტებით ვარიანტში. ახალი თარგმანი შეასრულა ლავრენტი ზიზანიმ (ტუსტანევსკი) (XVI ს.).

________________


""მან მითხრა", ანუ იმან, ვინც სულ ახლახან ელაპარაკა იოანეს, მას კი ანგელოზი ელაპარაკებოდა, გახსნილი წიგნი რომ ეჭირა ხელში. ეს არის ძლიერი ანგელოზი, ღმრთის ნების განსაკუთრებული მაუწყებელი, რომელიც იოანეს ეუბნება: "კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება".

იოანემ კვლავ უნდა იწინასწარმეტყველოს, ანუ მიიღოს წინასწარმეტყველება მთელი სამყაროს მომავლის შესახებ; მას არ მოუწდებენ, როგორც ეზეკიელს, ადგეს და იწინასწარმეტყველოს, არამედ ჯერ მხოლოდ მიიღოს წინასწარმეტყველება.

იოანემ კვლავ უნდა განჭვრიტოს მის მიერ სიმბოლოთა სახით მიღებული გამოცხადება, რომელიც ეხება მთელი სამყაროსა და კაცობრიობის მომავალს, - "ყველა ხალხს და ერებს, ენათა და მეფეთ".

ამგვარად, ეს არის არა კერძო წინასწარმეტყველება ისრაელი ერისა და იერუსალიმის დანგრევის შესახებ (როგორც ფიქრობდა ამას ზოგიერთი), და არც მხოლოდ იმის შესახებ როგორ დაისჯებიან უკეთურნი ან განიხარებენ მართალნი, ეს წიგნი ერთდროულად ყველაფერზე წინასწარმეტყველებს და იმასაც გვამცნობს, რა ბედი ეწევათ მართალთ და როგორი იქნება უკეთურთა ხვედრი.

ამით მითითებულია ის, რომ ყოველივე, საღმრთო გამოცხადებით ნაუწყები, მყისვე კი არ აღსრულდება, არამედ სახარების ქადაგებით და მოუწევს ნეტარს სოფლის აღსასრულადმდე გამოცხადების წინასწარმეტყველება მათთვის, ვინც კითხულობს ამ წიგნს; ან კიდევ ეს ნიშნავს, რომ ის არ იგემებს სიკვდილს და სამყაროს აღსასრულის წინ კვლავ გამოჩნდება, რათა წინ აღუდგეს ანტიქრისტეს საცთურთ".

წმ. მოციქულისა და მახარებლის იოანე ღვთისმეტყველის ცხოვრება "Жития Святых, изложенные по руководству Четьих-Миней св. Димитрия Ростовского", месяц Сентябрь, Москва, 1902 г., Синодальная Типография, стр. 590).

"როდესაც მოციქულს ას წელზე მეტი შეუსრულდა, დილაადრიან გამოვიდა ის თავისი სახლიდან შვიდ მოწაფესთან ერთად და მივიდა რა განსაზღვრულ ადგილას, მოწაფეები ერთ ადგილას დასვა. შემდეგ დაშორდა მათ ქვის სროლის მანძილზე და ლოცვა დაიწყო. შემდეგ, როდესაც მისმა მოწაფეებმა, მისი ნების მიხედვით, ამოუთხარეს მას ჯვარსახოვანი საფლავი, პროხორეს მოუწოდა წასულიყო იერუსალიმში და იქ თავის აღსასრულამდე დარჩენილიყო. მოწაფეებს მან სხვა დარიგებებიც მისცა, ეამბორა მათ და უთხრა: "აიღეთ მიწა, დედა ჩემი, და მისით დამფარეთ". შემდეგ მოწაფეებიც ეამბორნენ მას და დაჰფარეს ის მუხლებამდე, იოანე კვლავ ეამბორა მათ, და როდესაც კისრამდე დაჰფარეს მიწით სახეზე ტილო დააფარეს, კვლავ ეამბორნენ მას დიდი გოდებით და სრულიად დაჰფარეს.

ეს რომ სხვა ძმებმა გაიგეს გამოვიდნენ ქალაქიდან და გათხარეს ის საფლავი, სადაც იოანე იყო დამარხული, მაგრამ ვერაფერი იპოვეს, რამაც ძრწოლა მოჰგვარა მათ; შემდეგ, ილოცეს და ისევ ქალაქში დაბრუნდნენ. ამ დროიდან, ყოველწლიურად, მაისის თვის მერვე რიცხვში, იოანეს საფლავიდან ამოდიოდა კეთილსურნელოვანი მირონი და წმიდა მოციქულის მეოხებით, წმიდა სამების სადიდებლად სნეულთ კურნავთა.
ამ სასწაულებრივი მოვლენის მოსაგონებლად ყოველწლიურად, 8 მაისს (ახ. სტ. 21 მაისს) დაწესებულია წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენება".
სიტყვა ხსენებისათვის წმიდისა, ქებულისა, მოციქულისა და მახარებლისა იოანე ღვთისმეტყველისა ("Великая книга Минеи-Четьи" св. Макария Митрополита Всероссийского, Сентябрь, дни 1-30. Москва, 1889-1894 г., Синодальная Типография, стр. 1681).

"ღრმად მოხუცმა იოანემ სთხოვა თავის მოწაფეებს ამოეთხარათ მისთვის თავის სხეულის სიგრძის ორმო, რომელშიც ჩავიდა; შემდეგ კი უბრძანა მოწაფეებს დაეფარათ იგი და წასულიყვნენ. ორი დღის შემდეგ მოწაფეებმა მას კვლავ მოაკითხეს, რადგან მისი ნახვა სურდათ და თუ გარდაცვლილი დახვდებოდათ დაეკრძალათ; მაგრამ, როდესაც საფლავი გახსნეს, ვერაფერი იპოვეს: მოციქული აყვანილ იქნა იმ ადგილას, რომელიც მხოლოდ ერთმა ღმერთმა უწყის".

ძველსლავური წიგნი "ალფა და ომეგა"
: თუ მისი (ე. ი. ქრისტეს - არქიეპ. პ.) პირველი მოსვლის წინ წინამორბედი იოანე ნათლისმცემელი იყო, მეორედ მოსვლის წინაჟამს ილიას, ენოქის და იოანე ღვთისმეტყველის მოვლინება ნებავს" ("ალფა და ომეგა", თ. 66, ფურც. 210).

ნეტარი იერონიმე: "ღვთისმეტყველი იოანე წინასწარმეტყველ ილიას მსგავსად ხორციელად მოვა" (Творения, часть 15, стр. 170).

წმიდა იოანე მახარობლის ხსენების დღეს ეკლესია გალობს
: "... რომელი მიწიდან აღებულ იქმენ, არა მოჰკვდი, არამედ ღმერთში ცოცხლობ და უხრწნელად ჰგიებ" ("Минея Праздничная, содержащая службы Господским и Богородичным праздником и святым избранным", Москва, 1901 г., Синодальная Типография, стр. 57).

P. S. იოანეს გარდაცვალების ხსენებას ეკლესია აღნიშნავს 26 სექტემბერს (ახ. სტ. 9 ოქტომბერს).

წმ. მოწამე ერმიონიას ცხოვრება († 117): "წმ. მოციქულ ფილიპეს, რომელმაც ეთიოპიელი დედოფლის კანდაკიას საჭურისი მონათლა (საქმე 8:26-40), ოთხი ქალიშვილი ჰყავდა, რომელთა შესახებაც მოციქული ლუკა აღნიშნავს, რომ ისინი ქალწულები და წინასწარმეტყველები იყვნენ (საქმე 21:9). მათგან ერმიონია და ევტიქია ასიაში გაემგზავრნენ
(ასია პროვინცია რომის იმპერიაში, მცირე აზიის ნახევარკუნძულზე. მისი მთავარი ქალაქი გახლდათ ეფესო - რედ.) წმ. იოანე ღვთისმეტყველის საძებნელად, მაგრამ ვერ იპოვეს, რამეთუ უფალმა აღიღო იგი ამქვეყნიდან (ანუ ცოცხლად აიყვანა ზეცად), როგორც თავის დროზე ენოქი (დაბ. 5:24) და ილია (4 მეფ. 2:11)" ("Жития Святых, изложенные по руководству Четьих-Миней св. Димитрия Ростовского", месяц Сентябрь, Москва, 1902 г., Синодальная Типография, стр. 113).

წმ. მღვდელმოწამე იპოლიტე რომაელი († 236): "ქრისტეს ორი მოსვლის შესახებ გვასწავლის წმიდა წერილი. პირველი მოსვლა უფლის განკაცებითა და თავმდაბლობით აღესრულა; ხოლო მეორედ მოსვლა იქნება დიდებით, რადგან მამის ძალით მოვა; პირველი მოსვლის წინამორბედი იოანე ნათლისმცემელი იყო; ხოლო მეორედ, დიდებით მოსვლის უწინარეს ენოქს, ილიასა და იოანეს მოუვლენს ქვეყნიერებას" (წიგნიდან: "Сборник статей по истолковательному и назидательному чтению Апокалипсиса", Москва, 1902 г., издание книгопродавца А.Д. Ступина), гл.XI, стр.158-159).

მისივე: "იხილე კაცთმოყვარება ღვთისა, თუ ვითარ მფარველობს კაცთა მოდგმას, რამეთუ წინასწარმეტყველთაც კი მოავლენს ჩვენდა დასამოძღვრად, მოსაქცევად და ანტიქრისტეს გამოჩენის საუწყებლად, დანიელის სიტყვისამებრ და იქნება იმ ჟამს, რომ შვიდეულის ნახევარს აიღებენ ორივე წინასწარმეტყველნი (ილია და ენოქი) იოანესთან ერთად, რაც არის ათას ორას სამოცი დღე, და ანტიქრისტეს გამოჩენას აუწყებენ მსოფლიოს" (Слово блаж. Ипполита Римского в неделю мясопустную, о скончании мира, об антихристе и о втором пришестви Господа нашего Исуса Христа) (იხ. ასევე ა. დ. სტუპინის მიერ გამოცემული ზემოთდასახელებული წყარო).

წმ. გრიგოლ საკვირველთმოქმედის (ნეოკესარიელის) († 270) ცხოვრება: "იმ დროს საბელიოზისა და პავლე სამოსატელის მწვალებლობები ვრცელდებოდა. წმიდა გრიგოლი მათ გამო გულდასმით ევედრებოდა ღმერთსა და ღვთისმშობელს, რათა გაეხსნათ მისთვის ჭეშმარიტი სარწმუნოება. ერთხელ ღამით, როდესაც განსაკუთრებული სიძლიერით ლოცულობდა, მზესავით მბრწყინავი მარადის ქალწული მარიამი გამოეცხადა, სამღვდელმთავრო სამოსით შემოსილი ოანე ღვთისმეტყველთან ერთად. მიუთითა რა ხელით წმიდა გრიგოლზე, ყოვლადწმიდა ქალწულმა იოანე ღვთისმეტყველს უთხრა ესწავლებინა მისთვის, როგორ უნდა გაეგო წმიდა სამების საიდუმლო. და ღმრთისმშობლის თხოვნით, მცირე ჟამის განმავლობაში, წმიდა გრიგოლი განსწავლულ იქნა წმიდა იოანე ღვთისმეტყველის მიერ, რომელმაც გრიგოლს საღმრთო საიდუმლონი აუწყა და ღმრთის მიუწვდომელი სიბრძნის საგანძურს აზიარა... ამ ხილვის შემდეგ წმიდა გრიგოლმა საკუთარი ხელით ჩაწერა სიტყვები, რომელიც მას თვით იოანე ღვთისმეტყველმა უთხრა, და ეს ნაწერი, ნეოკესარიის ეკლესიაში მრავალი წელი ინახებოდა".

______________

წმ. გრიგოლ ნოსელი, რომელიც ჰყვება სარწმუნოების ამ სიმბოლოს სასწაულებრივი წარმომავლობის შესახებ, ამატებს: "ვისაც ამაში დარწმუნება სურს, დე ისმინოს ეკლესიის, რომელშიც ის ქადაგებდა და სადაც დღემდე ინახება მისი ნეტარი ხელით დაწერილი დედანი...". წმ. გრიგოლ საკვირველთმოქმედის სიმბოლო ძველი ეკლესიის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ძეგლს წარმოადგენს ("Жития Святых, изложенные по руководству Четьих-Миней св. Димитрия Ростовского", месяц Ноябрь, Москва, 1902 г., Синодальная Типография, стр. 449).

______________

წმ. გრიგოლ ნეოკესარიელის ცხოვრებიდან ამოწერილი ეს ნაწყვეტი მოციქულ იოანე ღვთისმეტყველთან დაკავშირებით ნათლად აჩვენებს, რომ წმიდა მოციქული ცოცხალია და ეკლესიის მოქმედი მღვდელმთავარია, რაზეც მეტყველებს მითითება, რომ ის წმ. გრიგოლს გამოეცხადა "სამღვდელმთავრო შესამოსელში". ის ცოცხლად და ქმედითად მონაწილეობს ეკლესიის ეპისკოპოსად ხელდასასხმელი კანდიდატის განსწავლაში (პირველ მსოფლიო კრებამდე დიდი ხნით ადრე). მოციქულმა იოანემ მას აუხსნა წმიდა სამების უზენაესი დოგმატი. ეს ყველაფერი ნათლად მოწმობს მის უდავოდ უდიდეს მნიშვნელობაზე მიწიერი, იგივე მებრძოლი ეკლესიის ცხოვრებაში. მოციქულ იოანეს მონაწილეობას მებრძოლი ეკლესიის ცხოვრებაში შეიძლება თვალი მივადევნოთ სხვა წმინდანთა ცხოვრებათა მიხედვითაც, სადაც აღწერილია როგორ ეწვია მათ იოანე ღვთისმეტყველი. და ეს მსახურება თუ გრძელდებოდა ეკლესიის არსებობის პირველი საუკუნის განმავლობაში, ვინ აუკრძალავს მას ან ვინ შეეწინააღმდეგება მას აღასრულოს იგი ბოლო ჟამს, როდესაც, უფალ იესუ ქრისტეს თქმით (იოანე 21:22), მის მეორედ მოსვლამდე გაგრძელდება. იოანე ღვთისმეტყველის სამღვდელმთავრო შესამოსელში ხილვას კიდევ ის მნიშვნელობა აქვს, რომ მას შეუძლია კანონიერად შეასრულოს ყველა სამღვდელმთავრო მოქმედებანი (ვინ იქნება ეპისკოპოსთაგან მასზე უმეტესი და უპირველესი? - არავინ!), შეასრულოს ლიტურგია და სხვა მსახურებანი, ხელი დაასხას მღვდლებსა და ეპისკოპოსებს ეკლესიისთვის.

წმ. ეპიფანე კვიპროსელი († 403): "ეპიფანე კვიპროსელი გვამცნებს, რომ იოანე ღვთისმეტყველმა მონათლა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი" ("Синаксарь на Вознесение Господа Бога и Спаса нашего Иисуса Христа". Триодь Цветная, Москва, 1992 г., лист 191 (оборотная сторона)).

განმარტება: ამასთან დაკავშირებით არსებობს აზრი, რომ ეს ფაქტი ეკლესიაში იოანე ღვთისმეტყველის განსაკუთრებულ ადგილზე მიანიშნებს.

ნეტარი ავგუსტინე († 430): "დასასრულ, მიაბარა რა თავისი სამწყსო მის მოყვარულ და ერთგულ პეტრეს, რომელმაც სამჯერ აღუარა სიყვარული უფალს, ამბობს, რომ ეს იოანე ღვთის ნებით შეიძლება მის მოსვლამდე დარჩეს (იოაენ 21:15-25), რითაც, ჩემის აზრით, გვაუწყა უდიდესი საიდუმლო, კერძოდ: იოანეს სახარებისეული მსახურება, რომელიც სიტყვის უწმიდესი ნათლისკენ იყო აღპყრობილი, სადაც გონების მზერას სამების ერთობა და უცვალებლობა წარუდგება, საკმაოდ განასხვავებს მას როგორც დანარჩენი ადამიანებისგან, რომელთათვისაც სიტყვა ხორციელ იქნა, - (ეს მსახურება) ზუსტად მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნას შეცნობილი, როდესაც უფალი თვითონ მობრძანდება; ამიტომაც, იოანე ასე დარჩება, მის მოსვლამდე; და დარჩება იგი ქრისტეანთა რწმენაში, შემდეგ კი პირისპირ ჭვრეტისთვის გამოცხადდება, როდესაც მოვა ჩვენი სიცოცხლე (ქრისტე) და ჩვენც დიდებაში გამოვჩნდებით მასთან ერთად" ("О согласии Евангелистов". Книга четвертая, Глава X 20).

განმარტება: ამასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღვთისმსახური ფიქრობს, რომ მოციქული იოანე ღმრთის ნებით დატოვებულია ქრისტეს მეორედ მოსვლამდე იმისთვის, რათა ყველა დროებაში, მისი პირველი მოსვლიდან მეორედ მოსვლამდე, ქრისტეს დედამიწაზე ჰყავდეს თავისი ერთგული მოწმე, მოციქული და მახარობელი იოანე. ასეთი უნიკალური მდგომარეობა შესაძლებლობას აძლევს ეკლესიას გააჩნდეს მოწმობა ცოცხალი ადამიანისგან, რომელიც თვითონ იყო დაახლოვებული იესუ ქრისტეს, რომელსაც იგი ძლიერ უყვარდა და უფლის მიერვე არის განდობილი განკაცებული ღმერთის ყველა საქმესა და საიდუმლოს.
მაგრამ უფლისთვის უსაყვარლეს იოანეს შეუძლია არა მარტო ჭეშმარიტების დამოწმება, არამედ მოციქულთა მსახურების გაგრძელებაც, რითაც ის დედამიწაზე შეაერთებს ეკლესიის დასაბამს ამა ცხოვრების დასასრულთან, შეცვლის ყავლგასულ და უვარგის, განდგომილ ეპისკოპატს. ასე, რომ ეკლესიას დედამიწაზე ყოველთვის ჰყავდა და ახლაც ჰყავს, უკიდურეს შემთხვევაში, ერთი ჭეშმარიტი და მადლმოსილი, დრომდე გაუმხელელი პირველიერარქი ქრისტეს პირველმოციქულთაგან! ამას ადასტურებს ეკლესიის ცხოველუნარიანობა და მისი სახელწოდების დაკავშირება სამოციქულო წარმომავლობასთან, და არა საეპისკოპოსოსთან (რომლებიც მოციქულთა მემკვიდრეები არიან), რამეთუ ხორციელად ცოცხალი მოციქული ყოველთვის იყო, არის და მეორედ მოსვლამდე იქნება ეკლესიაში! მაშინ მამათა ცნობილი გამონათქვამი, რომ "ეკლესია არ შეიძლება იყოს ეპისკოპოსის გარეშე", შეიძლება დაკონკრეტდეს და ითქვას: "მოციქულთა გარეშე არ არსებობს ეკლესია".

სიტყვა "ასე იქნება" აჩვენებს, რომ ის მოვა ცოცხალი, ხორციელად, ოღონდ არავინ უთითებს თუ როგორ და რა მეთოდით იქნება შენარჩუნებული იოანეს სიცოცხლე, უკვდავობით თუ მკვდრეთით აღდგომით. თვით მოციქულმა უარყო ხმები მისი უკვდავობის შესახებ. მაშინ მთელი საკითხი იმაში ინაცვლებს, რომ ის უკვე მოკვდა (მაშასადამე, ღმრთის მიერ აღსდგა), ან ჯერ კიდევ მოუწევს გარდაცვალება (როგორც ზემოთ ვნახეთ, ზოგიერთი ძველი წმიდა მამის აზრით, მას ანტიქრისტე მოკლავს ილიასთან და ენოქთან ერთად).

წმიდა მამის სიტყვები "იქნება (იოანე ღვთისმეტყველი) ქრისტეანთა სარწმუნოებაში" ნიშნავს, რომ ქრისტეს პირველი მოსვლიდან მეორედ მოსვლამდე მისი სიცოცხლისა და მსახურების ეს საიდუმლო, ბოლო ჟამამდე დაფარული იქნება, და მორწმუნე ადამიანები მას მხოლოდ თავიანთი რწმენის ძალით მიიღებენ.

სიტყვები "შემდეგ კი პირისპირ გამოჩნდება" ნიშნავს, რომ ანტიქრისტეს დროების დადგომის შემდეგ იოანე ღვთისმეტყველი ღიად გამოვა მსახურებაზე და გაქადაგდება, მას ყველა იხილავს და ყველა იცნობს. მათი აზრით, ვინც იზიარებს შეხედულებას, რომ იოანე ერთხელ უკვე მოკვდა, მაგრამ მკვდრეთით აღსდგა, მეორედ მოსვლამდე უკვე აღარ მოკვდება განსხვავებით ილიასა და ენოქისგან, როდესაც გამოჩნდება ჩვენი სიცოცხლე (ანუ იქნება მეორედ მოსვლა). მაშასადამე, წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი, ნეტ. ავგუსტინეს სიტყვებიდან გამომდინარე, აღმდგარია მკვდრეთით, ცხოვრობს განახლებულ სხეულში მისთვის დამახასიათებელი მიუწვდომელი შესაძლებლობებით. თუმცა, ამ ვერსიას ყველა როდი იზიარებს. ასეა თუ ისე, ბოლო ჟამს, ანტიქრისტეს სამხილებლად და ეკლესიის გასაძლიერებლად იოანე ღვთისმეტყველის გამოჩენას მრავალი წმიდა მამა ვარაუდობს.

ეპისკოპოსი თეოდოტე ანკვირელი († V ს.): ამგვარად, განკაცებულმა მაცხოვარმა ყველანი შეირიგა. მან მოძღვრად დაგვიყენა იოანე, ძე ქუხილისა, რომელიც წარმოადგენს ამ მიტროპოლიის ნიჭს და მსოფლიო საგანძურს, და რომელიც ერთ მუხლში გამოხატავს არსს სარწმუნოებისა: "და სიტყვა ხორციელ იქმნა" (იოანე 1:14) ("Беседа Феодота, епископа Анкирского, говоренная в Ефесе против Нестория, в день святого евангелиста Иоанна". Деяния Вселенских Соборов. Том 2. Cобор Ефесский, Вселенский Третий (продолжение), стр.104-107)

პატრიარქი ღირ. ეფრემ ანტიოქიელი († 546): "რადგან ის (უფალი) არ ამბობს, რომ იოანე უკვდავია, არამედ ენოქთან და ილიასთან ერთად დარჩება მეორედ მოსვლამდე. რაც დაადასტურა თვით მოწაფემაც, როდესაც თქვა: "იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო? (იოანე 21:23). და გასაგებია, რომ მან უარყო ჭორი მის უკვდავობაზე, და დაადასტურა, რომ დარჩება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე" ("Греческая патрология". PG.103, Bibliotheca. – cod. CCXXIX, 986A).


წმ. ანდრია კესარიელი († 565): "ხოლო მან მითხრა: კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის" (გამოცხ. 10:11). ამით მითითებულია ის, რომ ყოველივე, საღმრთო გამოცხადებით ნაუწყები, მყისვე კი არ აღსრულდება, არამედ სახარების ქადაგებით და მოუწევს ნეტარს სოფლის აღსასრულადმდე გამოცხადების წინასწარმეტყველება მათთვის, ვინც კითხულობს ამ წიგნს; ან კიდევ ეს ნიშნავს, რომ ის არ იგემებს სიკვდილს და სამყაროს აღსასრულის წინ კვლავ გამოჩნდება, რათა წინ აღუდგეს ანტიქრისტეს საცთურთ" ("Толкование на Апокалипсис". Слово 10, Глава 29).

ღირ. თევდორე სტოდიელი († 826): ჭეშმარიტად, სადაც არ არის ერთი სჯული ყველასთვის, როგორ უნდა არსებობდეს მშვიდობა, თუკი მეფე ერთს მოისურვებს, მაგალითად, მრუშობას ან მწვალებლობას, ხოლო ქვეშევრდომთ ნამცნები აქვთ არ მიიღონ მონაწილეობა მრუშობასა და მწვალებლობებში, და არ დაარღვიონ იოტაც კი რაც ქრისტესგან და მოციქულთაგან გადმოგვეცა? განა აქედან ცხადი არ არის, რომ ანტიქრისტე უკვე კარებთან დგას? მრუშები ხომ ვერ გაბედავენ თქმას: ნუთუ მეფეს არ შეუძლია გააკეთოს ისე, რომ გასცეს განკარგულება, რათა ერი დაემორჩილოს მის უსჯულოებას? ამ სიტყვებში კი ნათლად გამოსჭვივის ანტიქრისტე. რამეთუ, როგორც კი გამეფდება, მოითხოვს მხოლოდ იმას, რაც თვითონ სურს და რა განკარგულებებსაც გასცემს; და არავითარი სხვაობა არ იქნება მასა და მის წინამორბედებს შორის, გარდა იმისა, რომ ის მოისურვებს და მოითხოვს არა იმას, რასაც წინამორბედნი, თუმცა მოისურვებდნენ ახლა რომ ყოფილიყვნენ.

ასეთივე თვითნებობა აჩვენეს კრებაზე ეპისკოპოსებმა. განა ნებისმიერი საღად მოაზროვნე და თავმდაბალი არ დაგვეთანხმება, რომ ეს ნამდვილად ასეა? შეიძლება ამგვარ მწვალებლობაზე უარესი რამ თვით ანტიქრისტეს გამოჩენამდე? არა ვფიქრობ, რომ ის უკვე მოვიდა: მაგრამ, დაიწყო რა მისი უსჯულოება დაწყებულია... და ისინი, ვინც ახლა დაეცნენ, მაშინაც დაეცემოდნენ, ანტიქრისტეს დროს რომ ეცხოვრათ, ხოლო ისინი, ვინც ღვთის ძალით გაუძლებენ წინააღმდგომთ, ანტქრისტეს დროშიც ქრისტეს ერთგულნი იქნებოდნენ და ქრისტეს მადლით გაუძლებდნენ მის ძალმომრეობას.

მაგრამ, ვაი ადამიანთა ჭირვებავ! ბევრმა დღესვე შეაქცია ზურგი უფალს! რითაც ნათლად ვაჩვენებთ, რანი ვიქნებით! ამტომაც, მცირედნი არიან ისინი, ვინც გაუძლებენ ანტიქრისტეს მზაკვარებას; ამიტომაც მოვლენ ილია და ენოქი (არ ვიცით, მოვა თუ არა ღვთისმეტყველი და მახარობელი) ადამიანთა უძლურების შესაწევნად და ძლევამოსილნი იქნებიან ქრისტეს აღსარებაში; ამიტომაც ქრისტეს მოსვლით შეწყდება იმჟამინდელი უბედურება" (Творения преп. Феодора Студита, часть I, стр. 235—236. "Послание 36. К Евпрепиану и находящимся с ним").

განმარტება: აღსანიშნავია, რომ ღირ. თევდორე სტოდიელი გადმოგვცემს მის დროს არსებულ გადმოცემას იოანე ღვთისმეტყველის ქადაგებაზე ილიასა და ენოქის დროს. მართალია, წმიდა მამა ამის შესახებ თავდაჯერებით კი არ ლაპარაკობს, არამედ ამბობს, რომ ზუსტად არ იცის ასე იქნება თუ არა, რამეთუ ეს საიდუმლო ყველა წმიდა მამას როდი ემცნო და გაემხილა. თუმცა, წმიდა მამა მაინც იოანე ღვთისმეტყველზე მსჯელობს და არა პეტრეზე, პავლეზე ან სხვა რომელიმე მოციქულსა და წინასწარმეტყველზე.

წმიდა ფოტიოსი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი († 891): "ამის შესახებ მოწმობენ ენოქი და ილია, ასევე ძე ქუხილისა იოანე, რომელიც ჯერ კიდევ ხორციელადაა. რამეთუ აიყვანა რა ისინი ვითარც ყოველი მიწიერი საგნის საწყისად, შემოქმედმა აჩვენა, რომ თუმც კი შესცოდა ადამმა, მაინც ხორცში დარჩა. შემდეგ იცხოვრა მრავალი წელი და ბოლოს თვალის დახამხამებაში აღესრულა. შეხედე მათ რწმენას, რომელიც მომდინარეობს სამი მოდგმიდან: მათგან, ვინც ვინც მოსეს სჯულამდე იყო, აყვანილ იქნა ენოქი; მათგან, ვინც სჯულის შემდეგ - ილია, ხოლო მათგან, ვინც მადლის პერიოდში (ანუ ახალ აღთქმაში) - მოციქულთა მშვენება.

ამრიგად, ადამიც, რომ არ შეეცოდა, მათთან ერთად უხრწნელად იცხოვრებდა. იმაზედ, რომ ქალწული იოანე არ მომკვდავარ, ისევე როგორც ენოქი და ილია, მოწმობს გადმოცემა. და ისიც, რომ რაც მის შესახებ არის ნათქვამი სახარებაში იპყრობს ჩვენს ყურადღებას. რამეთუ ქრისტემ ბრძანა სიკვილის იმ სახეობაზე, რომლითაც უნდა მომკვდარიყო პეტრე. პეტრემ კი ისმინა რა თავისი სიკვდილის შესახებ, იქვე იოანე მახარობელზეც იკითხა. როგორც ჩანს, ის სხვა არაფერზე კითხულობდა, თუ არა იმაზე, როგორ მოკვდებოდა იოანე. მაშინ მაცხოვარმა უთხრა: "თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა?" (იოანე 21:22). რა გვაუწყა უფალმა, თუ არა ის, რომ იოანე დარჩება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე? მაშინ "გავრცელდა სიტყვა სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა" (იოანე 21:23). მაგრამ ეს სულაც არ ეწინააღმდეგება ნათქვამს, რადგან კი არ ბრძანა იოანე უკვდავიაო, არამედ მეორედ მოსვლამდე იქნებაო ილიასთან და ენოქთან ერთად. რაც მოწაფემაც (ანუ იოანემ - რედ.) დაადასტურა, როცა თქვა: "იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო?" (იოანე 21:23). აქედან კი სრულიად გასაგებია, რომ მან უარყო თავისი უკვდავება, მაგრამ დაადასტურა, რომ უფლის მეორედ მოსვლამდე დარჩებოდა" (J.-P. Migne, Patrologiae Graecae. PG 103: Photius of Constantinople, cod. CCXXIX).

ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი († 1107): "უფალმა ის კი არ ბრძანა, რომ იოანე არ მოკვდებაო, არამედ არ იქადაგებსო პეტრესთან ერთად, არამედ მის მერეც დარჩებაო. "სანამ მოვალ", ანუ სანამ მოვუწოდებ მას საქადაგებლად. შენ (პეტრე) ახლა მოგიწოდებ მსოფლიოზე საზრუნველად, და ამიტომაც მე გამომყევ, ხოლო ის (იოანე) დარჩეს, სანამ მე კვლავ მოვალ და გამოვიყვან მას, როგორც ახლა შენ, საქადაგებლად.

ამრიგად, მახარობელი უარყოფს იმათ ცრუ შეხედულებას, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ეს მოწაფე (ანუ იოანე - რედ.) არ მოკვდებოდა, არამედ უკვდავი იქნებოდა. ეს სიცრუეა, რამეთუ შეუძლებელია ძეხორციელი ადამიანი უკვდავი იყოს. მართალია, ილია და ენოქიც არ მომკვდარან, მაგრამ ისინიც მოკდვავნი არიან. ასევე იოანეც, მართალია არ მომკვდარა, მაგრამ მოკვდება. ამიტომაც, სიტყვების "არ მოკვდება" იმ აზრით გაგება, თითქოსდა იოანე უკვდავია, არასწორია" ("Толкование на Евангелие от Иоанна". Глава 21).


ხატმწერლობითი მოწმობანი





დანილოვის მონასტრის სამების ტაძრის ფრესკის ფრაგმენტი




17-ე საუკუნის ხელნაწერი. დაცულია რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკის ხელნაწერტა განყოფილებაში (ф.173, п.14). XVII ს.




იოანე




ილია და ენოქი




ჯოტო დი ბონდონეს ფრესკა. Peruzzi Chapel, Santa Croce, Florence 1320 წ.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню