პუბლიკაციები - ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ 1 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

"ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!"

აპოკალიფსისის განმარტება

კერძო აზრი

აპოკალიფსისის მხედრები

რედაქციისგან: წინამდებარე განმარტება სამი წლის წინ, 2013 წელს ინეტერნეტში გამოქვეყნებულ პუბლიკაციათა და მოვლენათა კომენტარების კრებულს წარმოადგენს. სტატიათა ავტორები ცდილობდნენ წმიდა მამათა სწავლებებსა და საკუთარ მოსაზრებებზე დაყრდნობით, რომელიც მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ მოვლენებს ეფუძნება, მოეცათ იოანეს გამოცხადების (აპოკალიფსისი) გააზრება თანამედროვე მოვლენათა გადასახედიდან. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს პრეტენზია იმისა, რომ ქვემოთ მოცემული პუბლიკაცია უზუსტესად ასახავდეს ან გამარტავდეს იმ მოვლენებს, რომლებიც იოანეს გამოცხადებაშია აღწერილი. მეტიც, საკმაოდ ფრთხილად ვეკიდებით მსგავს პუბლიკაციებს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სრული უგულებელყოფაც არ იქნებოდა გამართლებული, რადგან ზოგიერთი მოვლენაზე დაკვირვება ნამდვილად საყურადღებოა. ჩვენ არ ვცდილობთ იოანეს გამოცხადების ესა თუ ის მოვლენა მექანიკურად მივუყენოთ თანამედროვე მსოფლიო პროცესებს. ეს დიდი შეცდომა იქნებოდა. მაგრამ, დაკვირვებები და შედარება წმიდა წერილის ზოგიერთ წინასწარმეტყველებასთან ვფიქრობთ სასარგებლოა. წინამდებარე პუბლიკაციაში განსაკუთრებით იპყრობს ყურადღებას ის გარემოება, რომ ჩვენს მიერ ნათარგმნი მასალები გამოქვეყნებული იყო სამი წლის წინ. ამიტომაც, საინტერესოა იმის ნახვა, თუ როგორ წარიმართა ამ სამი წლის წინ ნავარაუდევი პოლიტიკურ-სოციალური მოვლენები და როგორ შეიძლება მათი შეფასება აპოკალიფსურ პრიზმაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ უცთომელობის პრეტენზია არავის აქვს, უბრალოდ, მოდი, შევხედოთ მოვლენებს, იქნებ ვპოვოთ რაიმე საყურადღებო და სასარგებლო, რომელსაც ადრე ყურადღებით არ დავკვირვებივართ.

შინაარსი:

I

აპოკალიფსისის მხედრები

ნაწილი 1

"და, აჰა, თეთრი ცხენი, და ზედ მჯდომარე მხედარი მშვილდოსანი" (გამოცხ. 6:2)


წმ. იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადებაში" აღწერილია ღმრთის სასჯელთა მოწევნა განდგომილ კაცობრიობაზე, რომელიც სამყაროს აღსასრულის წინ მოხდება და კაცობრიობის ისტორიის დასასრულს მოასწავებს. ეს აღწერა იწყება ბეჭდების ახსნით, რომლითაც დაბეჭდილი იყო სიცოცხლის წიგნი (და რომელშიც იწერებიან ისინი, ვინც საბოლოოდ გადარჩება: "და ვიხილე ტახტის წინ მდგომარე მკვდრები, დიდნი თუ მცირენი, და გადაშლილი წიგნები. გადაიშალა სხვა წიგნიც, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი, და, თანახმად იმისა, რაც წიგნებში წერია, მათი საქმისამებრ განკითხულ იქნენ მკვდრები. ზღვამ, სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს თავიანთი მკვდრები, და, თანახმად მისი საქმისა, განკითხულ იქნა თვითეული") და ოთხი სიმბოლური მხედრის აღწერით, რომლებიც ჩნდებიან ოთხი ბეჭედის ახსნისას:

"კვლავ ვიხილე, რომ კრავმა ახსნა ერთი შვიდ ბეჭედთაგანი, და მომესმა ოთხ ცხოველთაგან ერთ-ერთის მგრგვინავი ხმა: მოდი! და, აჰა, თეთრი ცხენი, და ზედ მჯდომარე მხედარი მშვილდოსანი, რომელსაც მიეცა გვირგვინი, და გამოვიდა მძლეველი, რათა სძლიოს.

და როცა ახსნა მეორე ბეჭედი, მომესმა ხმა მეორე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი!

გამოვიდა მეორე ცხენი, წითელი, და მასზე მჯდომს მიეცა მიწიდან მშვიდობის აღხოცის ძალა, რათა მუსრს ავლებდნენ ერთმანეთს: და მიეცა მას მახვილი დიდი.

და როცა ახსნა მესამე ბეჭედი, მომესმა ხმა მესამე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! გავიხედე და, აჰა, შავი ცხენი, და მასზე მჯდომს ხელთ ეპყრა სასწორი.

და მომესმა ხმა ოთხ ცხოველს შორის, რომელმაც თქვა: საწყაო პური დინარად და სამი საწყაო ქერი დინარად, ხოლო ღვინოსა და ზეთს ნუ ავნებ.

და როცა ახსნა მეოთხე ბეჭედი, მომესმა ხმა მეოთხე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი!

შევხედე და, აჰა, ჩალისფერი ცხენი, ხოლო სახელი მისი მხედრისა - სიკვდილი; ჯოჯოხეთი მოსდევდა მხედარს და მიეცა მას ხელმწიფება მეოთხედზე დედამიწისა, რათა მუსრი გაავლოს მახვილითა და შიმშილით, სიკვდილითა და მიწიერ მხეცთა პირით" (გამოცხ. 6:1-8).

იმის შესახებ, თუ რაზე მიანიშნებენ ეს მხედრები, მრავალი განსხვავებული განმარტება არსებობს, დაწყებული სიმბოლურ-სულიერი მნიშნვნელობიდან დამთავრებული ისტორიული გააზრებით. კომენტატორთა შორის ყველაზე მეტი კითხვა ჩნდება პირველ მხედართან დაკავშირებით, რადგან დანარჩენ მხედართა მნიშვნელობა მეტ-ნაკლებად გასაგებია.



კითხვები ჩნდება იმიტომ, რომ ეს მხედარი ამხედრებულია თეთრ ცხენზე (ხოლო თეთრი ცხენი წმიდა წერილში ნიშნავს სისპეტაკეს, უბიწოებას, სიმართლეს), თავზე ადგას გვირგვინი, ხელში უპყრია მშვილდი და ასევე ნათქვამია, რომ ის არის "მძლეველი".

გამომდინარე აქედან, ზოგიერთი წმიდა მამა ამ სიმბოლოში ხედავდა ქრისტეს და ქრისტეანობის გამარჯვებას ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში (შესაბამისად, დანარჩენ მხედრებში ამ ქადაგების ნელ-ნელა ჩაცხრობის სიმბოლოებს ვარაუდობდნენ). მითუმეტეს, რომ ქრისტე იოანეს "გამოცხადების" სხვა ადგილას ასევე თეთრ ცხენზე ამხედრებულად არის ნაჩვენები.

მაგრამ რადგან ეს მხედარი (თეთრი) სხვა მხედართა ჯგუფში გვევლინება, რომელთაც აშკარად სადამსჯელო მნიშვნელობა გააჩნიათ, სხვა კომენტატორები მათ ნეგატიურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, კერძოდ, ეს არისო: სნეულება, ქრისტეანთა დევნულება და თვით ანტიქრისტეც კი.

დიახ, ანტიქრისტე, რადგან ზოგიერთებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ მართალია, ეს მხედარი თეთრ ცხენზეა ამხედრებული, მაგრამ სხვაგვარად გამოიყურება, ვიდრე ქრისტე, რომელიც იოანეს "გამოცხადების" სხვა ადგილას ასევე თეთრ ცხენზე ამხედრებულად არის აღწერილი: "ვიხილე გახსნილი ცა და, აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, რომელიც იწოდება სარწმუნოდ და ჭეშმარიტად, რადგანაც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის. თვალები ცეცხლის ალს მიუგავდა, მრავალი გვირგვინი ედგა თავზე და ზედ ეწერა სახელი, რომელიც არავინ იცის მის გარდა. სისხლით ნაღები სამოსით იყო მოსილი, და სახელი მისი - ღვთისა სიტყვა. ციური ლაშქარი მისდევდა, თეთრ ცხენებზე ამხედრებული და სპეტაკი და წმიდა ბისონით მოსილი. მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი მახვილი, რათა მოესრა წარმართნი, რკინის კვერთხით ემწყემსა ისინი და დაეწურა ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარე ღვინის საწნახელი. ხოლო სამოსსა და თეძოზე აწერია მისი სახელი: მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი" (გამოცხ. 19:11-16).

ძნელი არ არის იმის შენიშვნა, რომ აღწერები ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისგან. მხედარი, რომელიც გამოვიდა როგორც "მძლეველი", უფრო მიწიერ მხედართმთავარს წააგავს, რომელსაც ხელში უპყრია იარაღი და ვითარც ტრიუმფატორი ამხედრებულია თეთრ ცხენზე გამარჯვებულის გვირგვინით. აპოკალიფსისის დაწერის კონტექსტში, ეს მხედარი მხოლოდ ერთი პიროვნების - რომის იმპერატორის სიმბოლოს თუ შეიძლება წარმოადგენდეს. ტრიუმფი, თეთრი ცხენი, გვირგვინი - ეს ყოველივე რომაელ კეისართა ატრიბუტიკა გახლდათ, რომლებიც მორიგი გამარჯვების შემდეგ ცხენზე ამხედრებულნი შემოდიოდნენ იმპერიის დედაქალაქში.

ნერონიდან მოყოლებული, რომაელი იმპერატორები გამუდმებით დევნიდნენ ქრისტეანთ. დევნულებანი ზღვის ტალღებივით ერთი მეორის მიყოლებით ატყდებოდა თავს ეკლესიას. იმპერატორები დომიციანე, ტრაიანე, ადრიანე, ანტონინ პიუსი, მარკუს ავრელიუსი, სეპტიმუს სევეროსი, დეციუსი, ვალერიანი და დიოკლეტიანე ქრისტეანთა დაუძინებელი მადევარნი იყვნენ. რა თქმა უნდა, მოგვიანებით რომის იმპერია ქრისტეანული გახდა (ზოგიერთი განდგომილის გარდა, როგორიც იყო ივლიანე განდგომილი ან ხატმებრძოლი იმპერატორები), მაგრამ ბოლო ჟამისა და მასობრივი აპოსტასიის კონტექსტში, ალბათ უფრო მდევნელი იმპერატორები წარმოგვიდგებიან თვალწინ, რომლებიც ანტიქრისტეს წინასახეებს წარმოადგენდნენ (და რომელიც, როგორც ცნობილია, აღადგენს რომის იმპერიას და ქრისტეანთა საშინელი მდევნელი იქნება).

ვფიქრობთ, რომ სხვა განმარტებებთან შედარებით, პირველი მხედრის ანტიქრისტეანული მნიშვნელობა მაინც უფრო ლოგიკური ჩანს. ე. ი. "ანტი"- არა მხოლოდ როგორც მოწინააღმდეგე, არამედ, ამავე დროს როგორც "ცრუ". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პირველი მხედარი ეს არის ანტიქრისტე. თუმცა, არა ჯერ კიდევ არა თვით მტარვალი, როგორც კონკრეტული პიროვნება, არამედ როგორც იდეა, ანტიქრისტეანობის სული. ეს იდეები მიზანმიმართულად ("მშვილდი") და შორს გამიზნულად ვრცელდება ("ისარი"), იმარჯვებს ("მძლეველი") და იწყებს ბატონობას ("გვირგვინი") მსოფლიოში, რადგან კიდევ უფრო მეტ გამარჯვებაზე ოცნებობს (ანტიქრისტეს, როგორც პიროვნების გამოჩენა მსოფლიოში). ბუნებრივია, რომ ამ დროს დაიწყება მართლმორწმუნე ქრისტეანთა საშინელი დევნა სახელმწიფო ხელისუფლების დახმარებით.

მსოფლიოს თანამედროვე სულიერ მდგომარეობას თუ შევხედავთ, შეიძლება ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ქრსიტეანობა არა უბრალოდ დაცემულ მდგომარეობაში იმყოფება, არამედ პრაქტიკულად გაქრა კიდეც. ყველა თანამედროვე და ჩვენთვის ხილული ქრისტეანული იურისდიქციები (ეკლესიები) არა მარტო დაპყრობილია განდგომილთა მიერ, არამედ უკვე აღარც წარმოადგენენ ქრისტეს მიწიერ (მებრძოლ) ეკლესიას, რამეთუ შესვრიმულ არიან მწვალებლობებით (ლათინობა, პროტესტანტიზმი, ცრუმართლმადიდებლობა, ეკუმენიზმი, სხვა ცრუსწავლებანი), განხეთქილებებით, სექტებით და საერო ანტიქრისტეანული სულით. დარჩა მხოლოდ გარეგანი გარსი, რიტუალური მხარე, შიგნით კი ანტიქრისტეს სულია დაბუდებული. ჯერ კიდევ ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული ამბობდა: "ქრისტეანთა სახელი ყველგან იქნება გავრცელებული, და ყველგან იქნება ტაძრები და საეკლესიო წეს-განგებები, მაგრამ ეს ყველაფერი - მხოლოდ გარეგნულად, შინაგანად კი ჭეშმარიტი განდგომილება დაისადგურებს" (Толкование на Послание к Солунянам).

ნუთუ თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედარი უკვე აქ არის? შეიძლება ასეც ვიფიქროთ, მაგრამ იქნებ ჯერ ხილული სახით შემუსვრილ იქნას მართლმადიდებლური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები და ეს ჩაითვლება მხედრის გამარჯვებად?

ცნობილია, რომ მიმდინარეობს მზადება "სრულიად მართლმადიდებლური კრებისადმი" (თუ არაფერი შეიცვალა, მისი ჩატარება დაგეგმილია 2013 წლის ზაფხულს შამბეზში, შვეციარია) (შეგახსენებთ, რომ ეს პუბლიკაცია გამოქვეყნებული იყო ინტერნეტში 2013 წელს. ვითარება ნამდვილად შეიცვალა და ამ კრების ჩატარება გადმოიტანეს 2016 წლისთვის. ამჯერად ჩვენ მას ამა წლის ივლისის თვეში ველოდებით, რომელიც კუნძულ კრეტაზე ჩატარდება - რედ.). სწორედ მასზე იგეგმება სარიტუალო და საწესჩვეულებო მხარის მრავალი ცვლილება: კალენდრისა და დღესასწაულების შეცვლა, სურთ დაამკვიდრონ ეპისკოპოსთა ცოლიანობა, კლერიკოსთა ორცოლიანობა, მსახურებათა შემოკლება, გადასვლა საერო საღვთისმსახურებო ენაზე და სხვა). დღესვე მიმდინარეობს პროცესი, რომლის შედეგად ლამის ოფიციალურად აღიარონ რომის პაპის ძალაუფლება ყველა "ქრისტეანზე" (ნახევრადოფიციალურად ეს უკვე მოხდა კიდეც) (აქაც შევნიშნავთ, რომ მართლაც, კონსტანტინოპოლის პატრიარქთა და დღეს უკვე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს მოქმედებები ამისი ნათელი დასტურია. ეს იუდები მართლმადიდებლობას ნელ-ნელა უქვემდებარებენ იეზუიტების პოლიტიკას და ახალი ტიპის უნიონალურ კავშირებს ქმნიან - რედ.). ანუ ცრუმართლმადიდებლობა გარეგნულადაც კი განიძარცვება მართლმადიდებლობის გარსისგან. ხოლო ვინც არ დაეთანხმება ამ პროცესს დევნას დაუწყებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს იქნება ნამდვილად აშკარა გამარჯვება, "ძლევა" და ანტიქრისტეს სულის მიზანსწრაფული გავრცელება ქრისტეანობის მოჩვენებითი სახით.

აპოკალიპტური მოვლენების დაწყების კიდევ ერთი დეტონატორი გახდება ბოლო დროს სოდომიის ძალდატანებითი თავსმოხვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უკვე არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ სოდომიას ნერგავენ სასწავლო დაწესებულებებშიც კი. სოდომიტებს უფლებას აძლევენ დაქორწინდნენ, და მათ შორის ე. წ. "ეკლესიებშიც". და ეს არის არა ლოკალური, არამედ გლობალური პროცესი, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას და ყველა კონტინენტს შეეხო.



პირველი მხედრის შემდეგ ჩნდებიან მომდევნო მხედრები, რომელთაც მოაქვთ დანარჩენი მასშტაბური უბედურებები და ღმრთის სასჯელები. დიდი ომი (მეორე მხედარი), შიმშილი (მესამე და მეოთხე მხედრები), მცირე ომები ადგილ-ადგილ, არეულობანი, უწესივრობანი და სნეულებანი. საქმე იქამდეც კი მივა, რომ მხეცები უკვე აღარ დაემორჩილებიან ადამიანებს (მეოთხე მხედარი).

მეორე მხედარი ყურადღებას იპყრობს იმით, რომ "მასზე მჯდომს მიეცა მიწიდან მშვიდობის აღხოცის ძალა, რათა მუსრს ავლებდნენ ერთმანეთს: და მიეცა მას მახვილი დიდი". ანუ, ახლა უკვე ისე აღარ იქნება, როგორც ადრე - სადღაც ომია და შემდეგ მშვიდობის პერიოდი. ახლა ომი (ამა თუ იმ ფორმით) ყოველთვის იქნება, მუდმივად და შეეხება იგი მთელს დედამიწას.

ეს სამი მხედარი ჩნდება პირველის შემდეგ. სწორედ ანტიქრისტეანობის გამარჯვება გამოიწვევს ყველა დანარჩენ უბედურებას, თანაც მსოფლიო მასშტაბით. ჟამი ახლოს არის.

ასევე შეიძლება ყურადღება მივაპყროთ წმიდა წერილის სხვა სიტყვებს, კერძოდ ლუკას სახარებას, სადაც ნათქვამია: "და ჰკითხეს მას (ქრისტეს - რედ.) მოწაფეებმა: მოძღვარო, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი იმისა, რომ ეს უნდა მოხდეს? ხოლო მან თქვა: ფხიზლად იყავით, რათა არ შეცდეთ; ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით, და იტყვიან: მე ვარ; და: მოახლოვდა ჟამი; ნუ შეუდგებით მათ კვალს. როდესაც გაიგებთ ომებისა და აშლილობების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ჯერ ეს უნდა მოხდეს, მაგრამ მაშინვე როდი დადგება აღსასრული. მაშინ უთხრა მათ: აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ; და იქნება დიდი მიწისძვრანი, აქა-იქ - შიმშილობა და ჟამიანობა, საშინელებანი და დიადი სასწაულნი ზეცით. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული" (ლუკა 21:7-19).

თავი 2-

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню