ფსი-ფაქტორი - კინო, როგორც საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის საშუალება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > ფსი-ფაქტორი

კინო, როგორც საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის საშუალება

საინფორმაციო ომი

ავტორი: ვიქტორ სოროჩენკო. პროპაგანდისტულ მეთოდთა ენციკლოპედია.

"ფიქრი იმაზე, რომ კინოინდუსტრიის პროდუქცია ემსახურება მხოლოდ გართობას და არ ატარებს იდეოლოგიურ დატვირთვას, ნიშნავს შეგნებულად უგულებელჰყო კულტურული იმპერიალიზმის ერთ-ერთი მოქმედი ფორმა" (გ. შილერი. "მასმედია და კულტურული ბატონობა").



კინოს, როგორც პროპაგანდის საშუალებას, შეუძლია უდიდესი ემოციური ზემოქმედება მოახდინოს მაყურებელზე. ის აქტიურად ნერგავს მაყურებლის წარმოსახვაში სამყაროს ილუზორულ და ძალზედ იდეალიზირებულ სურათს. ავტორის ჩანაფიქრის მიხედვით კინოს შეუძლია მაყურებელში შექმნას "სამართლიანობის" შეგრძნება და ამა თუ იმ პერსონაჟის მორალური სიმართლის ილუზია, მიუხედავად იმისა, თუ რა როლი შეიძლება ეპყრას ისტორიაში ამ პერსონაჟს. ამასთან ადამიანზე პროპაგანდისტული ზეგავლენა მიმდინარეობს ფარულად, ემოციურ დონეზე, მისგან გაუცნობიერებლად.

ამ დროს არანაირი რაციონალური კონტრარგუმენტი არ მოქმედებს. უბრალო მაგალითი: რაციონალურ დონეზე ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ვინ იყო ადოლფ ჰიტლერი და ვიცით მისი ქმედებები. მაგრამ დახელოვნებული მსახიობების თამაშით და სპეციალური დრამატული ხერხებით, კინორეჟისორს შეუძლია საქმე ისე წაიყვანოს, რომ მაყურებელთა სიმპათიები ცალსახად ჰიტლერის მხარეზე აღმოჩნდეს. გამომდინარე აქედან, მაყურებელს ჰიტლერის ამაზრზენი დანაშაულობანი სულაც არ მოეჩვენება ამაზრზენად, პირიქით - კეთილშობილურ საქმედაც კი, რადგან თვით მსხვერპლი შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც ბოროტმოქმედი, რომელიც დასჯას იმსახურებს. ამიტომაც, კინოთეატრში მსხდომი მაყურებელი შეიძლება გულწრფელად აქვითინდეს, როდესაც ხედავს როგორც იკლავს თავს 1945 წლის აპრილში პატიოსანი და კეთილშობილი ფიურერი...



ამა თუ იმ პერსონაჟის "სამართლიანობის" შეგრძნებით მანიპულირება აქტიურად გამოიყენება ჰოლივუდში. ყველას უნახავს ამერიკული ბოევიკები "რემბო" და "რემბო - 2", და იციან, რომ ამერიკამ, რომელმაც სამარცხვინოდ წააგო ომი ვიეტნამში, მოიგო ის კინოეკრანებზე. ასეთი ფილმები დასავლეთში ათასობით არის წარმოებული და მათით სავსეა მთელი მსოფლიოს კინოთეატრები და კინოგაქირავების პუნქტები. თუ არ ჩავთვლით მიხეილ თუმანიშვილის ფილმს "განმარტოვებული ცურვა" (Одиночное плавание) (1984), საბჭოთა კავშირმა (შემდეგ კი რუსეთმა) ამ ფილმებს ვერაფერი დაუპირისპირეს.

ამავე დროს ძნელია არ აღიარო საზოგადოდ დასავლური მას-კულტურის, კონკრეტულად კი დასავლური კინოხელოვნების როლი საბჭოთა სისტემის დაშლის საქმეში. მიზანმიმართულად თუ სპონტანურად საზოგადოებაში ჩანერგილ იქნა მსოფლიოს დასავლური სურათი და ცხოვრების დასავლური სტანდარტები. საერთოდ კი, უნდა ითქვას, რომ ცივ ომში საბჭოთა კავშირის დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი გახდა მისი დამარცხება მას-კულტურის დონეზე.



საბჭოურმა პროპაგანდისტულმა მანქანამ ვერ შესძლო შეექმნა მომხიბლველი ვირტუალური სამყარო, რომელიც მასობრივი აუდიტორიისთვის იქნებოდა სანახაობრივი, შთამბეჭდავი, საინტერესო და ამავდროულად "სამართლიანიც"; რომელიც "მართებულად" წარმოაჩენდა მსოფლიო ისტორიას, პროპაგანდას გაუწევდა საბჭოთა ღირებულებებს და ცხოვრების წესს (ცალკეული შედევრები, როგორიცაა "ყუბანელი კაზაკები" მხედველობაში არ მიიღება, რადგან ეს არის გამონაკლისი). მაშინ როდესაც დასავლეთმა უდიდეს წარმატებებს მიაღწია "გემრიელი" ილუზიების პროდუცირებაში.

მას-კულტურის სფეროში, მიუხედავად მისი პრიმიტიულობისა, აშშ დღეს ისეთი მიმზიდველობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობაში, რომელსაც ბადალი არ ჰყავს დედამიწაზე. ზბიგნევ ბჟეჟინსკის აზრით, მას-კულტურა (სამხედრო და ეკონომიკურ ძლიერებასთან ერთად), უზრუნველყოფს აშშ-ს პოლიტიკურ ზეგავლენას, რომლის მსგავსი არ გააჩნია მსოფლიოს არცერთ ქვეყანას.

ინფორმაცია განსჯისათვის: 1994 წელს ერთ-ერთ ჰოლივუდურ სტუდიაში გადაიღეს ბოევიკი "ტყვია პეკინისკენ" მაიკლ კეინით მთავარ როლში. მას იღებდნენ სანკტ-პეტერბურგში, ხოლო მისი გმირები ებრძოდნენ ჩეჩნურ მაფიას. როდესაც ფილმი თითქმის მზად იყო, დაიწყო ომი ჩეჩნეთთან. მთელი მსოფლიო ჩეჩნეთს თანაუგრძნობდა, ამიტომაც "ცუდი ჩეჩნების" ჩვენება პოლიტიკურად არამომგებიანი იყო. კინოსურათი აკრძალა... ამერიკულმა ცენზურამ. ფილმი თაროზე შემოდეს მიუხედავად იმისა, რომ მასზე მილიონები იყო დახარჯული. ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს, როგორი მნიშვნელობა აქვს პროპაგანდისტულ ფაქტორს აშშ-სთვის გართობის თანამედროვე ინდუსტრიაში.



მიაქციეთ ყურადღება: "ცუდი ბიჭები" ამერიკულ ბოევიკებში ყოველთვის მკაცრად შეესაბამებიან აშშ-ს საგარეო პოლიტიკის კურსს. თუ ადრეულ ათწლეულებში რემბოს ან ჯეიმს ბონდის ტიპის სუპერმენები მამაცურად იბრძოდნენ მზაკვარ საბჭოთა აგენტების და КГБ-ს სადისტი-პოლკოვნიკების წინააღმდეგ, 2002 წელს გამოსული ფილმის სიუჟეტის მიხედვით, აგენტი 007 ტყვედ უკვე ჩრდილოკორეელებს უვარდება (თანამედროვე წარმოდგენით "ბოროტების მსოფლიო ღერძი" დღეს ჩრდილოეთ კორეაა) და იქ საშინელ ტანჯვა წამებას განიცდის. ტვინების ჩარეცხვის დახვეწილი ხერხები, პერსპექტივის ეფექტზეა გათვლილი.

სადღეისოდ კიდევ ერთ პოპულარულ თემას წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის ისტორიის გადაწერა. ამერიკულ ბლოკბასტერებს თუ ნახავთ, ალბათ, მიხვდებით, რომ ნაციზმის ხერხემალი გადატყდა არა სტალინგრადში და კურსკთან, არამედ რიგითი ამერიკელი რაიანის გადარჩენის დროს. ხოლო სუპერფილმ "სტალინგრადში" (1994) და ფილმში "კარსმომდგარი მტერი" (2001) ნახავთ, როგორ ებრძვიან ველურ რუსებს (შესაბამისი გარეგნობით) ცივილიზებული და კეთილშობილი გერმანელები.

თანაც, გერმანელები, როგორც აღმოჩნდა, თურმე ყველანი ანტიფაშისტები ყოფილან, "უბრალოდ ისინი პატიოსნად ასრულებდნენ თავიანთ სამხედრო მოვალეობას". კ. ლოხმა, ინგლისელმა კინორეჟისორმა, ერთხელ განაცხადა: "მნიშვნელოვანია, რათა ისტორია ჩვენ ვწეროთ, რადგან ის, ვინც ისტორიას წერს, აწმყოს აკონტროლებს".

შედეგი სახეზეა - დასავლეთის საშუალო სტატისტიკური მცხოვრებისთვის მეორე მსოფლიო ომის დღევანდელ შემეცნებას კარგად წარმოაჩენს შემდეგი დიალოგი:

კითხვა: "იცით თუ არა, რამდენი ამერიკელი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში?"

პასუხი: "დიახ, ძალიან ბევრი. მე ვიტყოდი... ორმოცდაათი ათასი... ალბათ..."

კითხვა: - ხოლო რუსი?

პასუხი: - არ ვიცი... ალბათ, არა იმდენი, რამდენიც ამერიკელი.

კითხვა: - რატომ ფიქრობთ ასე?

პასუხი: - ისინი ხომ ჩვენ ომის მიწურულს შემოგვიერთდნენ... განა არა? ნუთუ ადრე? აი, ხრიკი!



დასავლეთის კინოპროპაგანდის წარმატებები ამ სარბიელზე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას წესით დიდი ხნის წინათ უნდა შეეშფოთებინა კულტურის "არადასავლური" ტიპის მიმდევარი სახელმწიფოები. ასე, მაგალითად, კითხვებზე, ვინ შექმნა პირველად ატომური ელექტროსადგური, ატომური ყინულმჭრელი, დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი, ყველაზე მძლავრი რაკეტა-ქობინი, ხომალდები წყალქვეშა ფრთებით და საჰაერო ბალიშებით, პიველად ვინ გაიყვანა ადამიანი კოსმოსში, ვინ მოიპოვა გადამწყვეტი გამარჯვება მეორე მსოფლიო ომში, რუსეთის ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი პასუხობს... ამერიკის შეერთებული შტატები (ალბათ სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, თუნდაც იმის შემდეგ, რაც რუსეთის კინოეკრანებზე უდიდესი წარმატებით ჩაიარა ჰოლივუდის ბლოკბასტერმა "არმაგედონი" (1999). სადაც რუსი კოსმონავტი გამოსახულია როგორც უკანასკნელი მაწანწალა და ლოთი, რომელიც თავის "უშანკაში" დაეხეტება ორბიტალურ სადგურზე და საბორტო კომპიუტერებს არემონტებს უროს დახმარებით).

დასავლეთის ასეთი ფსევდო მიღწევების სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. ამავე დროს, აშშ-ს ზოგიერთი საკუთარი "მიღწევა" დასავლეთში რატომღაც არ აფიშირდება. მაგალითად, ატომური ბომბის გამოგონების პრიორიტეტი, შემდეგ კი მისი გამოყენება ხიროშიმასა და ნაგასაკის მშვიდობიან მოსახლეობაზე (სხვათა შორის, დღეისთვის იაპონელი ახალგაზრდების 30% გულწრფელად მიიჩნევს, რომ ეს ქალაქები და მათი მოსახლეობა მოსპეს რუსებმა, რომლებმაც მათზე ჩამოაგდეს ატომური ბომბები, ხოლო ამერიკელები აქ დაზარალებულთა გადარჩენით იყვნენ დასაქმებულნი).

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს რუსეთშიც ცდილობენ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებით. უპირველეს ყოვლისა ისინი დაკავშირებულია დადებითი საზოგადოებრივი აზრის გამომუშავებასთან ჩეჩნეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. კერძოდ, აქტიურად გამოიყენება მას-კულტურაც. სანიმუშოდ გამოგვადგება რუსეთის სპეცპროპაგანდისტული ორგანოების შეკვეთით გადაღებული ტელესერიალი სპეცგანყოფილებაზე, მილიცელებზე, და საერთოდ - "ჩვენს ბიჭებზე", უბრალოებზე და სამართლიანებზე, რომლებიც მამაცურად იბრძვიან ჩეჩნეთში "ჩვენთვის". "სამართლიანობით მანიპულირების" საზოგადო მიმართულებას მოცემულ შემთხვევაში კარგად წარმოაჩენს ციტატა ფილმიდან "ომი" (2002 წ. რეჟ. ალექსეი ბალაბანოვი):

- რამდენი უნდა იყიდო? (მძევალი გამოსასყიდის მისაღებად)

- ჩეჩნეთში არსებობს ბირჟა: იყიდი ერთს, შეუკვეთავს მეორეს...

- როგორ შეუკვეთავ?

- როგორ უკვეთავან მკვლელობებს? თქვენ მთვარიდან ხომ არ ხართ ჩამობრძანებული...?

- მაშ, ესენი ბანდიტები არიან... ?

- დიახ, ჩეჩნები არიან ბანდიტები!

- ყველანი?

- დიახ, ყველანი! (და ა. შ.)

რუსეთის ჰიტ-აღლუმების ლიდერის, ჯგუფ "ლუბე"-ს სიმღერები ("Батяня комбат", "Давай за..." და ა. შ. ) - იმავე ოპერის არიებს წარმოადენენ...

____________________

მსგავსი პუბლიკაცია: კინოხელოვნება, როგორც მასობრივი ფსიქიკური პროცესების მანიპულირების თანამედროვე ფორმა

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню