პროპაგანდა - ნაპოლეონი-ანტიქრისტე - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > პროპაგანდა

"ნაპოლეონი-ანტიქრისტე": როგორ მუშაობდა რუსული პროპაგანდა 1812 წელს

ნაპოლეონ ბონაპარტე

"ანტიქრისტეს" რუსეთში დიდი ხანი ელოდნენ. ფრანგი იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტე, რომელმაც XVIII და XIX საუკუნეების მიჯნაზე მსოფლიოს დაპყრობა მოინდომა, იდეალური სამიზნე გახდა მართლმადიდებელი, ლათინური ( ე. წ. კათოლიკური) და პროტესტანტული ეკლესიებისთვის.


"უწმინდესი" სინოდი: "ნაპოლეონი - ცრუმესია"


ყველაფერი უღმერთობაში ნაპოლეონის მხილებიდან დაიწყო, რომელიც რუსმა იდეოლოგებმა წამოაყენეს და მთელმა ოფიციალურმა რუსულმა ეკლესიამ ერთხმად მიიღო. აქედან გამოიტანეს ის დასკვნა, რომ სწორედ ნაპოლეონია "ბოროტ ძალთა განხორციელება" და "ანტიქრისტე".  

რუსეთისა და საფრანგეთის დაპირისპირებას პროპაგანდა განმარტავდა როგორც "წმიდა ომს", როგორც ქრისტეანთა ბრძოლას ქრისტიანობისა და ქრისტეს სახელის დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ. 1806 წელს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უწმიდესმა სინოდმა გამოსცა მანიფესტი. მასში ნაპოლეონს "მსოფლიოსა და კურთხეული მშვიდობის დაუძინებელ მტერს" უწოდებდნენ და საშინელ მკრეხელობებში ადანაშაულებდნენ: "ეგვიპტეში ის თანაეზიარა ქრისტეს ეკლესიის მდევნელებს. საბოლოოდ, მისდა სამარცხვინოდ, მან საფრანგეთში მოიწვია იუდეველთა სინაგოგები, გასცა განკარგულება პატივი მიეგოთ რაბინებისთვის და დააწესა ახალი ებრაული სინედრიონი, სწორედ ის ღმრთისსაძულველი საკრებულო, რომელმაც ოდესღაც გაბედა ჯვარზე გაეკრა ჩვენი  უფალი და მაცხოვარი იესუ ქრისტე".

სინოდმა ბონაპარტეს სხვა მიუტევებელი ბოროტმოქმედებანიც აღნიშნა: "ახლა ის ფიქრობს იუდეველთა გაერთიანებაზე, რომლებიც ღმრთის მსჯავრით განთესილნი არიან მთელ დედამიწაზე, და დარაზმოს ისინი ქრისტეს ეკლესიის დასამხობად, ასევე ცრუმესიის გამოსაცხადებლად, რომელიც არის თვით ნაპოლეონი".


რიცხვ 42-ის საიდუმლო


რუსეთში ნაპოლეონის შეჭრის შემდეგ ხშირად იხსენებდნენ იოანეს "გამოცხადების" ("აპოკალიფსისის") მე-13 თავის მე-5 მუხლს: "და მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე". ბოლო რიცხვში ზოგჯერ ნაპოლეონის ასაკსაც გულისხმობდნენ. 1812 წელს მას უკვე 43 წელი უსრულდებოდა, ამიტომაც კომენტატორთაგან ერთნი მას მსწრაფლ დაცემას უწინასწარმეტყველებდნენ, ხოლოდ მეორენი 42 თვედ მისი სამხედრო წარმატებების ჟამად მიიჩნევდნენ, და მიანიშნებდნენ მის წარუმატებელ ომზე ესპანეთთან.



ნაპოლეონის სატანური საწყისები


1808 წელს სევილიაში გამოჩნდა ე. წ. "სამოქალაქო კატეხიზმო", რომელიც რუსულ ენაზეც გადაითარგმნა და 1812 წელს გამოქვეყნდა ჟურნალში "
Сын Отечества" ("მამულიშვილი"). მასში მოცემული იყო ბონაპარტეს საკმაოდ არატრივიალური დახასიათებები. კატეხიზმოს ავტორები ლაპარაკობდნენ ნაპოლეონის ორ საწყისსა და ორ "დასაბამზე": "სატანურსა და კაცობრივზე", ასევე იმაზე, რომ დიდი მხედართმთავარი წარმოსდგებოდა "ცოდვისა და ჯოჯოხეთისგან". შესაძლოა ესპანელ ავტორს წაკითხული ჰქონოდა სინოდალური მიმართვა, მაგრამ აზრთა წყობა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თუმცა ერთნაირად აღიქვამდა ნაპოლეონს და უკავშირებდა მას მმართველის ზოგადქრისტეანულ აღქმას, რომელმაც მსოფლიოს დაპყრობა განიზრახა.


პროტესტანტთა დამოკიდებულება


პროტესტანტები, განსაკუთრებით ისინი, ვინც რუსეთში ცხოვრობდნენ, ასევე აქტიურად უჭერდნენ მხარს მითს, რომლის მიხედვითაც ნაპოლეონი იყო ანტიქრისტე. ბიბლიური ეგზეგეტიკისა და აღმოსავლური ენების
პროფესორ ვილჰელმ ჰეცელს მოჰყავდა თავისი ჩამონათვალი, რომელთა თანახმადაც იმპერატორ ნაპოლეონის სახელში (ფრანგულუად - L'empereur Napoleon) მოიაზრებოდა აპოკალიფსური მხეცის რიცხვი - 666: "აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი" (გამოცხ. 13":18).



აპოკალიფსისის სიტყვები წითელ მხეცზე, ათრქიანსა და შვიდთავიანზე, რომლის რქებს ედგა ათი გვირგვინი, თავებზე კი ეწერა გმობის სახელნი (გამოცხ. 13:1), ესმოდათ როგორც მინიშნება შვიდ მეფეზე, რომლებიც ნაპოლეონმა დანიშნა (ნეაპოლში, ვესტფალიაში, ვიურტემბერგში, საქსონიაში, ჰოლანდიაში, ესპანეთსა და ბავარიაში). ათი რქა, ჰეცელის აზრით, იყვნენ იმ ხალხთა სიმბოლონი, რომლებიც ნაპოლეონის ძალაუფლების ქვეშ მოექცნენ, კერძოდ: ავსტრიელები, პრუსიელები, საქსონელები, ბავარიელები, ვიურტემბერგელები, ვესტფალიელები, იტალიელები, ესპანელები, პორტუგალიელები და პოლონელები.

წყარო: http://russian7.ru/post/napoleon-antikhrist-kak-rabotala-ru-2/


 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню