ანტიქრისტე - წმ. იპოლიტე რომაელი - ქრისტე და ანტიქრისტე - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
დღეს იძლევიან თუ არა "ანტიქრისტეს ბეჭედს"?

რამოდენიმე შეკითხვა ისნ-ის შესახებ
ანტიქრისტეს შესახებ
"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: დღეს მართლმადიდებელ ქრისტიანთაგან მრავალს აღელვებს ისეთი საკითხები, როგორიცაა შტრიხ-კოდები, ჩიპიანი პასპორტები, საგადასახადო ნომრები და სხვა. ამ თემას მრავალი სტატია და წიგნი მიეძღვნა, რომლებშიც გადმოცემულია ავტორთა განსხვავებული ხედვები. რადგან მოცემული პრობლემა არსებობს საქართველოშიც, გადავწყვიტეთ შეგვერჩია ჩვენი აზრით ყველაზე საინტერესო ნაშრომები და მკითხველისთვის მიგვეწოდებინა. ქვემოთ გთავაზობთ ცნობილი დიაკვნის, ანდრია კურაევის ნაშრომის "იძლევიან თუ არა დღეს "ანტიქრისტეს ბეჭედს"?" პირველ თავს, რომელიც ჩვენთვის და მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის საინტერესო საკითხებს ეხება. ა. კურაევის წიგნიდან გთავაზობთ პირველი თავის შემდეგ ქვეთავებს:


 
 
1. რაში მდგომარეობს პრობლემის არსი?

 
 
2. არის თუ არა "მხეცის რიცხვი" შტრიხ-კოდში?

 
 
3. არის თუ არა "მხეცის რიცხვი" საგადასახადო ნომერში?

 
 
4. ართმევს თუ არა "ნომერი" სახელს?

 
 
5. ვნებს თუ არა მართლმადიდებელ ქრისტიანს "შემოგდებული" უწმინდურობანი?

 
 
6. როგორ ვიცნოთ ანტიქრისტე?

 
 
7. ვინ და ვის მისცემს "მხეცის ბეჭედს"?

 
 
8. რა არის "მხეცის ბეჭედი"?

 
 
9. ნიშნავს თუ არა ისნ-ის მიღება ანტიქრისტეს რწმენასთან დათანხმებას?

 
 
10. რატომ არ კითხულობენ ტაძარში აპოკალიფსისს?

 
 
11. ართმევს თუ არა კომპიუტერი თავისუფლებას?

 
 
12. არის თუ არ ცოდვა ისნ-ის მიღება?
ავტორი: დიაკვანი ანდრია კურაევი.

ისნ (ინდივიდუალური საგადასახადო ნომერი. რუს. ИНН – "აპოკ." რედ.) - არის აბრევიატურა, რომელიც აღნიშნავს საგადასახადო სამსახურის ერთ-ერთ სიახლეს და, რომელიც მრავალი მითქმა-მოთქმის საგანი გახდა, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭება - გააფთრებულ დისკუსიებს იწვევს; ამ თემას ჰყავს მრავალი მომხრეც და მოწინააღმდეგეც, მან ძლიერი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია, განსაკუთრებით მართლმადიდებელ მორწმუნეთა შორის. ყოველდღიური სამსახურეობრივი სფეროებიდან ისნ-ის თემა სულიერი ცხოვრების რეალიებში გადავიდა და ავისმომასწავებელი აზრი მიიღო.

• არის თუ არა "მხეცის რიცხვი" შტრიხ-კოდებსა და საგადასახადო ნომრებში?

• არის თუ არა საშიში ქრისტიანთათვის სახელმწიფო რეგისტრაცია?

• არის თუ არა ცოდვა ისნ-ის მიღება?

ამ და სხვა კითხვებს პასუხობს წიგნი, რომელიც წმიდა წერილსა და წმიდა მამათა თხზულებებზე დაყრდნობით წარმოადგენს სერიოზულ საღვთისმეტყველო დასკვნებს.

ღმერთმა აკურთხოს ყველა ისმინოს და მართებულად შეაფასოს წიგნში მოცემული ყველა არგუმენტი, მოიპოვოს სულიერი სიმშვიდე, მოიხვეჭოს მორჩილების სული ერთ, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიასთან ერთად.


1. რაში მდგომარეობს პრობლემის არსი?

რომელიღაც სახელმწიფომ გადაწყვიტა მკაცრად გააკონტროლოს თავისი მოქალაქეების ცხოვრება. მიანიჭა რა საკუთარ თავს სასტიკი მბრძანებლის სახე, რომელსაც სურს მკაცრი აღრიცხვისა და კონტროლის შემოღება თავის სამფლობელოებში, მან თავისი მოქალაქეების "დათვლა და სახელების შერქმევა" დაიწყო.

აიღებს სახელმწიფო ვინმე მოქალაქე პეტრე ლისენკოს (სახელი და გვარი პირობითია - "აპოკ." რედ.), რომელიც აღრიცხული ჰყავს და ამცნებს: "დღეიდან მე შენ გიწოდებ: "საიდენტიფიკაციო ნომერს 482794456719". და დღეიდან, ყოველთვის, როდესაც ის, ვინც ოდესღაც იყო პეტრე ლისენკო, რაიმე ურთიერთობაში შესვლას დააპირებს მშობლიურ სახელმწიფოსთან, ვალდებული იქნება ახსენოს ნომერი, რომელიც მას სახელმწიფომ უბოძა, და სანამ შენ სრულად არ წარდგები მის წინაშე და არ ამცნებ შენს ციფრულ ზედწოდებას, სახელმწიფო გამორთული ვიდეოკამერის უქმე თვალივით ზედაც არ შემოგხედავს.  ამიერიდან სახელმწიფოსთვის სულაც არა აქვს მნიშვნელობა რა შეგარქვა საკუთარმა დედამ; მას სულაც არ აინტერესებს რა სახელი გიწოდა ეკლესიამ ნათლისღების საიდუმლოში; დღეიდან სახელმწიფოსთვის შეფუთული ხარ ისე, როგორც ეს მოხერხებულია კომპიუტერული მანქანისთვის.

მრავალმა იგრძნო როგორი ახალი და შემაძრწუნებელი სიცივე შემოიჭრა მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ურთიერთობაში. ყურადღებას ძაბავს ცნობა იმის შესახებაც, რომ ადამიანს ამიერიდან მიანიჭებენ არა 12 ციფრიან, არამედ 15 ციფრიან ნომერს. თურმე, კომპიუტერული შტრიხ-კოდის სახით ამ საგადასახადო ნომრის (საიდენტიფიკაციო კოდის) ჩაწერის დროს ეს 12 ციფრი სამი ხაზის დახმარებით იყოფა სამ ჯგუფად, სადაც ყოველი ჯგუფის გამყოფი ხაზი ისეა დახაზული, რომ გრაფიკულად არაფრით განსხვავდება იმ ჯგუფის ხაზისგან, რომლის რიცხვი აღნიშნავს ექვსს. მაშასადამე, ყოველი კოდი თავის თავში შეიცავს სამმაგ მინიშნებას ციფრ 6-ზე. ციფრების ამგვარი შეხამება კი უკვე ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალო კომპიუტერულ-მათემატიკური პირობითობა. შედგენილი ექვსიანები (666) მიეკუთვნება არა მარტო და არა იმდენად მათემატიკას, რამდენადაც რელიგიას. უკვე ორი ათასი წელია ადამიანები ელიან, როდის შემოვა მათ ისტორიაში სწორედ ეს რიცხვი ("ანტიქრისტეს ბეჭედი"), რომელიც ისტორიის უკანასკნელი ჟამის დადგომის ნიშანი აღმოჩნდება.

და აი, აღმოჩნდა, რომ თითქოსდა დამოუკიდებელ პოსტსაბჭოურ სახელმწიფოებში პრაქტიკულად ერთდროულად გაიღვიძა ერთმა და იმავე სურვილმა: მოლდავეთმა, ყაზახეთმა, უკრაინამ, ბელორუსიამ, რუსეთმა ისურვეს თავიანთი მოქალაქეები გადაეყვანათ კომპიუტერულ ენაზე. თანაც ისე, რომ ამ სახელს თითქოსდა მიემატება სამი ექვსიანი.

ადამიანების სინდისი შეშფოთდა: "სახელმწიფო ანტიქრისტეს ბეჭდის მიღებას გვაიძულებს!" ზოგიერთმა მღვდელმსახურმა განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც საგადასახადო ნომრიან სახელმწიფო დოკუმენტებს აიღებს, მით უარყოფს ქრისტეს და ამიტომაც ვეღარ ჩაითვლება ქრისტიანად, მაშასადამე, შეუძლებელია მისი დაშვება საეკლესიო საიდუმლოებებზე. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოჩნდნენ სხვა მქადაგებლებიც, რომლებმაც თქვეს, რომ არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება და ამიტომაც შეიძლება "სამი ექვსიანის" მქონე დოკუმენტების მიღება ყოველგვარი შეშფოთების გარეშე.

მაშ, როგორი შეიძლება იყოს სინამდვილეში საგადასახადო ნომრის გავლენა ადამიანის სულზე? მოდი ვცადოთ ამ საკითხში გარკვევა რაც შეიძლება მშვიდად.

უცნაური სიჯიუტე გადახაზო და დააუჯრედო ჩვენი ცხოვრება (თანაც სიმბოლოების დახმარებით, რომლებიც ექვსიანებს წააგავს), რა თქმა უნდა, დაბნეულობას და ქრისტიანთა წინააღმდეგობას იწვევს. მაგრამ ნებისმიერ წინააღმდეგობაში აუცილებელია მკაფიოთ იქნას განსაზღვრული: საიდან მომდინარეობს საშიშროება, რაში მდგომარეობს იგი, ასევე განისაზღვროს საშიშროების თავიდან აცილების თანმიმდევრობა, თუ ის რამოდენიმე წყაროდან მოდის.


ჩვენი არგუმენტების მოსმენა თუ არ სურთ - მითუმეტეს უფრო ფრთხილნი და აწონ-დაწონილნი უნდა ვიყოთ არგუმენტების შერჩევისას, რათა არავინ შეძლოს მათი დაცინვა (1), ჩვენ კი მათ გამო პანიკიორები გვიწოდონ.


__________

1. სასაცილოა არგუმენტი, რომ თითქოსდა "საიდენტიფიკაციო კოდი - ეს არის ფიზიკური პირის ნომერი, ხოლო ფიზიკური პირი - ეს არის უსულო სხეული!" (გაზეთ "Жизнь вечная" მასალებისგან შედგენილი ფურცლებიდან). თუკი ამ სიტყვათშეხამებას იურიდიული ენიდან საღვთისმეტყველო ენაზე გადავთარგმნით, ზუსტად არავითარი მკრეხელობა აქ არ აღმოჩნდება: სიტყვა "ფიზიკური" - მომდინარეობს ბერძნულიდან "ფიუსის" - ბუნება; ხოლო "პირი" - ბერძნულად გამოითქმის როგორც პროსოპონ ან იპოსტასი. ასე რომ, ბუკვალურად სიტყვათშეხამება "ფიზიკური პირი", ნიშნავს პირს, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ არსებას ან ატარებს რაიმე ბუნებას. მამა, ძე და სულიწმიდა არიან საღმრთო ბუნების პირნი, ხოლო ადამიანები - ადამიანური ბუნების პირნი...

__________

ამიტომც ღირს გავერკვეთ იმ არგუმენტებში, რომლებიც უკვე გამოთქმულია სრულიად ბუნებრივი ქრისტიანული დაპირისპირების პროცეში ტოტალური "კოდიფიკაციის" წინააღმდეგ, და ვნახოთ, რამდენი მათგანია აღმოცენებული შეცბუნებულობისგან, მიკერძოებულობისგან ან დაბნეულობისგან, და რამდენი არგუმენტია მართლაც შინაარსიანი და კარგი, რომელიც უფრო გასაგებს ხდის ჩვენს პოზიციას "გარეშეთათვის", და უფრო შეესაბამება თვით მართლმადიდებლური ეკლესიის ტრადიციას.

"ნომრების" ირგვლივ ატეხილი პოლემიკა საკმაოდ ჭკუის სასწავლია. თავიდან ყველა საეკლესიო ადამიანის დამოკიდებულება საკმაოდ ნეგატიური იყო. მაგრამ პირველივე მცდელობა შეგნებულ ყოფილიყო მიმდინარე პროცესი და გამომუშავებულ ყოფილიყო მოფიქრებული რეაქცია პირდაპირ გაქელილ იქნა ლოზუნგებით "ანტიქრისტეს ბეჭდის" შესახებ. არავინ უწყის საიდან წარმოიშვა ეს ვარაუდი, რომელიც თავიდან დასანან პოლემიკურ გადაჭარბებად ჩანდა და, რომელზეც არ ღირდა ყურადღების გამახვილება. მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს შეძახილები საერთოდ ბლოკავენ ხელისუფლებასთან საღი დიალოგის ყოველგვარ შესაძლებლობას (ან შეურაცხადი ხულიგნების იარლიყს გვაკერებენ). მეტიც, "ნომრების" ისტერიულმა გაიგივებამ "ანტიქრისტეს ბეჭედთან" სწრაფად დაიწყო შიდასაეკლესიო ერთობის ღრღნა და ადამიანები განხეთქილებისკენ წააქეზა. და აი უკვე პატრიარქ ალექსი II-ის ბოლო მიმართვაში ისნ-თან, "გლობალიზაციასთან" და "ხელისუფლებასთან" დაპირისპირების თემა საერთო არ ისმის, სამაგიეროდ "ნომრების" წინააღმდეგ გამოსულ მებრძოლთა მიმართ მძაფრი სიტყვები გაისმის...

დიალოგებმა "საგადასახადო ნომრების" გარშემო აჩვენა, რომ საეკლესიო გარემოშიც კი იქმნება ზოგჯერ ისეთი ვითარება, რომელიც ჩვენთვის ცნობილია საერო ყოფიერებიდან და ისტორიიდან. იყვნენ თუ არა ბოლშევიკები სახალხო განწყობის გამომხატველნი თვით რევოლუციის დაწყების წინ? - არა. მაგრამ, ისინი ბევრს ხმაურობდნენ და სხვაზე უფრო მეტად იყვნენ მონდომებულები. მათი ოპონენტები საკმაოდ კარგად ერკვეოდნენ საშუალებებში და საკმაოდ დარწმუნებულნი იყვნენ ცხოვრების ტრადიციული წესის საფუძვლიანობასა და შეურყეველობაში იმისთვის, რომ კომუნისტ აგიტატორებთან შესულიყვნენ სერიოზულ პოლემიკაში. დღეს იგივეს ვხედავთ ვინმე ფომენკოს "აღმოჩენებთან" დაკავშირებით. მისი წიგნები "ახალ ქრონოლოგიებზე" უზარმაზარი ტირაჟებით გამოდის და ყოველი ქუჩის კუთხეში იყიდება. მაგრამ მთელი წლის განმავლობაში მეცნიერება მათზე არანაირად რეაგირებდა. სერიოზული ისტორიკოსები თავიანთი ღირსების დაკნინებად მიიჩნევდნენ ბულვარული "მეცნიერების" კრიტიკას. მაგრამ ობივატელის ცნობიერებაში ეს ნიშნავდა, რომ ფომენკომ ყველას ხმა გააკმენდინა, რომ თვით მეცნიერებათა აკადემიასაც კი არაფერი აქვს სათქმელი მისი არგუმენტების საპასუხოდ... მოკლედ, ხულიგანი ყოველთვის ხმაურობს და ჩვეულებრივ ინტელიგენტ ადამიანზე უფრო შესამჩნევია.

ერთი, "საკუთარი იდეით" შეპყრობილი ადამიანი, ყოველთვის უფრო აქტიურია ტრადიციული აზროვნებისა და ცხოვრების წესის მიმდევარ ას ადამიანზე; და აი, ისინიც, ვინც საგადასახადო ნომერში და შტრიხ-კოდში "ანტიქრისტეს ბეჭედი" მოიაზრა, ისე მიზანსწრაფულად მოწყდნენ თავიანთ ადგილებს და გადაეშვნენ პრესისა და ინტერნეტის ვირტუალურ სამყაროში, რომ ყველას მოეჩვენა, თითქოსდა მათი შეხედულება ერთადერთი შესაძლო აზრია ქრისტიანისთვის.

ჩემს მოგზაურობებში ეპარქიებს შორის, სასულიერო პირებთან და საეკლესიო ადამიანებთან შეხვედრებში ყოველთვის გაკვირვებული ვრჩებოდი: როგორ არ წააგავს რეალური საეკლესიო რუსეთი მის იმ სახეს, რომელსაც ქმნის მოსკოვის ვითომ რელიგიური პრესა და ინტერნეტი. ამ უკანასკნელთ თუ დავუჯერებთ, ინდივიდუალური საგადასახადო ნომრის გარდა, სხვა პრობლემები საერთოდ არ გვაქვს. ამ უკანასკნელთ თუ ვენდობით, მთელი "ეკლესია" (პატრიარქიდან მოყოლებული მხცოვნებით დამთავრებული) - გადაჭრით მოუწოდებს თითიც კი არ შეახონ ინდივიდუალურ საგადასახადო ნომრებს, ხოლო დიაკვანი ანდრია კურაევი კადნიერად ირწმუნება საწინააღმდეგოს.

მაგრამ სასულიერო პირთა ეპარქიალურ შეკრებებზე სურათი სულ სხვანაირი იყო: ერთი-ორი აქტივისტი, რომელიც კოპებშეკრული ებრძოდა "ანტიქრისტეს ბეჭედს" დაშტამპულ დოკუმენტებში, უფრო ხშირად იწვევდა არა იმდენად პოლემიკას ყველა დანარჩენ მღვდელთაგან, არამედ დაღლილობას და გაღიზიანებას... მღვდელმთავართა, მღვდელთა და ბერ-მონაზონთა რეალური შეხედულებები საკმაოდ განსხვავებული იყო იმისგან, რაც შეიძლებოდა გვეფიქრა, მოსკოვის ორიოდ გაზეთი ერთადერთი წყარო რომ ყოფილიყო ეკლესიის განწყობის შესახებ.

და მაინც, დისპროპორცია აშკარა იყო: ოფიციალური საეკლესიო გამოცემები უბრალოდ გაურბოდნენ ამ თემას და შემოიფარგლებოდნენ 2000 წლის 7 მარტის სინოდის ეპისტოლეთი (იხ. თავი "ოფიციალური საეკლესიო წყაროები ისნ-ის შესახებ"). საღად მოაზროვნე ადამიანს ყოველთვის ეჩვენება, რომ საკმარისია ჭეშარიტება ითქვას ერთხელ და შემდეგ უკვე აღარ არის საჭირო ღია კარების მტვრევა. სულ სხვა განწყობა აქვს "პროპაგანდისტს". საერთო ჯამში საეკლესიო ცხოვრება მივიდა იმ ზღვრამდე, რომლის იქით ამოძრავდნენ განხეთქილების აჩრდილები.

მინდა აღვნიშნო, რომ წინამდებარე გამოკვლევაში არგუმენტები მოძიებულია ჩემს მიერ, მაგრამ დასკვნები - ზოგადეკლესიურია. ის, რომ მე გავბედე დამეწერა წიგნი ესოდენ პოლემიკურ თემაზე, არ ნიშნავს, თითქოსდა მე ისეთი დიდი წარმოდგენისა ვარ საკუთარ თავზე, რომ არ შემიძლია არ გამოვთქვა საკუთარი სიტყვა გახურებულ დისკუსიაში. პირიქით, სწორედ იმიტომ, რომ არ ვენდობი საკუთარ თავს და საკუთარ შედებულებებს, - მუდმივად ვადარებდი ჩემს "რეაქციებს" მრავალთა რჩევებთან (განსაკუთრებით წინა საუკუნეების წმიდა მამებთან და ასევე დღევანდელი ეკლესიური ადამიანების შეხედულებებთან)...

დავამ "ნომრების" გარშემო კვლავ დააყენა საეკლესიო ცხოვრების მნიშვნელოვანი პრობლემა: ადამიანებს არ ესმით - რა მიიჩნიონ "ეკლესიის ხმად". პატრიარქის და ეპისკოპატის მსჯელობა? კანონიკური გადმოცემა ამტკიცებს, რომ დიახ. მაგრამ, რაც უნდა უცნაური იყოს, სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც საეკლესიო გადმოცემების დამცველებად მოაქვთ თავი, საჭიროდ თვლიან უარყონ საეკლესიო გადმოცემის ეს კანონიკური ნაწილი. მხცოვანთა ხმა? - ამ საკითხში მათი აზრი გაიყო.

მაშ, რატომ მიმაჩნია, რომ ის დასკვნები, რომლებიც დასაბუთებულია ამ წიგნში, წარმოადგენს სწორედ ეკლესიის მსჯელობას?

დიახ, მე ვიცი, რომ ზოგიერთ პატივსაცემ სასულიერო პირს და მოძღვარს უფრო საგანგაშო დამოკიდებულება აქვს "ნომრებთან" (თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თავიანთ ამ განგაშს ისინი გამოთქვამენ მხოლოდ ზოგიერთ სულიერ შვილთან საუბარში, და არანაირად საჯაროდ). მაგრამ მათი შეხედულება არ შეიძლება არქიმანდრიტ იოანეს (კრესტიანკინი) მსჯელობაზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს. პლიუს ამას კიდევ ის, რომ იოანეს მხარეს არის პატრიარქისა და სინოდის, ასევე ეპისკოპოსთა უმრავლესობის ხმა. ამავე თეფშზე დებენ თავიანთ ხმას სასულიერო სკოლები და ღვთისმეტყველები (როგორც ეს აჩვენა სინოდალური საღვთისმეტყველო კომისიის პლენუმმა, რომელზეც არავინ ღვთისმეტყველთაგან არ ამტკიცებდა "კოდების" სულიერ მავნეობას). ასე რომ ის დასკვნა, რომელსაც მე ამ წიგნში ვასაბუთებ (ნომრების მიღება არანაირად არ არის ცოდვა), - სწორედ საეკლესიო დასკვნაა, და არა მხოლოდ ჩემი კერძო შეხედულება.

ეს წიგნი, რაც გინდ უცნაური იყოს, ბევრ ადამიანს დაამწუხრებს. მე ხომ იმის დამტკიცებას ვაპირებ, რომ ინდივიდუალური საგადასახადო ნომერი (რუს.: ИНН – "აპოკ". რედ.) – არ არის "მხეცის ბეჭედი", რომ პუტინი - სულაც არ არის ანტიქრისტე და, რომ დღეს ჯერ კიდევ არ დამდგარა ბოლო დროება... თითქოსდა ადამიანებს უნდა უხაროდეთ, როდესაც ესმით, რომ უკანასკნელი შიშის საგანი ჯერაც შორსაა. მაგრამ არც ისე იშვიათად ვხედავ, თუ როგორ მუქდება ისნ-ის მავნეობის მიმღებ ადამიანთა პირისახე, როდესაც ეს ესმით. მათ ხომ საყვარელ ჩხრიალას ართმევენ...

არადა, საკუთარ თავზე მახსოვს, როდესაც პირველად მესმა "შტრიხ-კოდებისდა" და "მიკროჩიპების" შესახებ (ბუნებრივია, აპოკალიპტური მსჯელობების კონტექსტში) - რაც გინდ უცნაური იყოს, გამიხარდა. აქ უცებ რამოდენიმე კომპლექსი ამოქმედდა.

პირველი, ეს არის საერო ბიჭუნას კომპლექსი: "ეჰ, გვიან დავიბადეთ! უკვე არც ომებია, არც რევოლუციები! ვერსად ჩაიდენ გმირობას!". შენ კი გეუბნებიან: აი ახლა, შენს დროში, შენი თანდასწრებით გათამაშდება მსოფლიო ისტორიის უმთავრესი მოვლენები. შენ, პირადად ნახავ ანტიქრისტესაც და ქრისტესაც, ილიასაც და ენოქსაც...

მეორე, ნეოფიტის კომპლექსი, რომელიც თვითონ ჯერაც მუდმივად დავობს თავის ძველ ურწმუნო მეგობრებთან და თავის ადრინდელ რწმენებთანაც: აი, ახლა ყველანი იხილავენ, რომ მართალი ვიყავი, ყველა დაინახავს ჩემი ახალი რწმენის დადასტურებას - ის მოვლენები, ის სასწაულები, რომლებზეც მსჯელობს ბიბლიის ბოლო ფურცლები.

მესამე, ტელემაყურებლის კომპლექსი: ნახავ საშინელებას, მაგრამ არ დაზიანდები.

და, გეჩვენება, რომ კვლავ ხორციელდება ის, რაც დიდი ხანია შემჩნეული აქვთ ფილოსოფოსებს: რუსი კაცისთვის უფრო ადვილია კარგად მოკვდეს, ვიდრე კარგად იცხოვროს. ადვილია ერთხელ და ბოლომდე შეასრულო შენი მოვალეობა, ვიდრე ასრულო იგი ყოველდღიურ ღვაწლში... და აი, რაოდენ ხელსაყრელი შემთხვევა გეძლევა: თამამად მიაფურთხე სახეში ანტიქრისტეს (იმ საქონლის გაყიდვის გაპროტესტებით, რომლებზეც შტრიხ-კოდებია) და აგარაკზე რამოდენიმე თვიანი ცხოვრების შემდეგ პირდაპირ სამოთხეში ახვალ...

მოკლედ, - მრავალი "გრძნობა" იყო ჩადებული "შტრიხ-კოდებზე" ამგვარი ადამიანების რეაქციაში. ახლა კი მოდი ვცადოთ გავიხსენოთ, რომ სიტყვებს "თეოლოგია" და "ლოგიკა" ერთი ფუძე გააჩნიათ. მოდი ვცადოთ ჩვენი ემოციები შევათანხმოთ წმიდა წერილის სიტყვებთან, საეკლესიო გადმოცემასთან, იმ ადამიანების მსჯელობასთან, ვისაც უფალმა მიანდო მისი ეკლესიის გაძღოლა ათასწლეულების საზღვრებს მიღმა, და ასევე გონიერების ხმასთან.

გაგრძელება: არის თუ არა "მხეცის რიცხვი" შტრიხ-კოდში?



TOP. GE
Назад к содержимому