ოკულტიზმი - რატომ არ ეშინიათ ქრისტიანთ გათვალვის? - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

რატომ არ ეშინიათ ქრისტეანთ "გათვალვის"?

შავი მაგია

თავები დიაკვან ა. კურაევის წიგნიდან: "რატომ არიან მართლმადიდებელნი ასეთნი"? (Почему православные такие?..)

რისკენ არის მიმართული ჩვენი მზერა, რას უფრო მძაფრად განვიცდით: ჩვენი მტრის თუ ჩვენი უფლის ძლიერებას? რწმენა "წახდენისა" თუ "გათვალვისადმი" და მისდამი შიში არის სწორედ ბოროტების შეხედულებისადმი მიდრეკილება. მაგრამ თუ ღმერთი არ არის ჩვენს თვალსაწიერში, - მაშასადამე, ჩვენ თვითონ არ ვართ მასთან ახლოს და მით უფრო დაუცველნი ვართ დაცემული სამყაროს შემოტევებისგან. შედეგად, რაც უფრო ინტერესდებ ადამიანი "წახდენებით" და "გათვალვებით", მით უფრო ეშინია მათი - რითაც კიდევ უფრო შორდება ღმერთს და უფრო ხელმისაწვდომი ხდება თავისი შიშის საგნისათვის. ამიტომაც ჯადოქრებს კი არ უნდა ვეძებდეთ, არამედ ღმერთს, და "წახდენის" შიშით კი არ უნდა ვიმზერდეთ აქეთ-იქით, არამედ ღმერთს ვეძიებდეთ...

ტერმინები "გათვალვა" და "წახდენა" ("გაფუჭება") არ არსებობს საღვთისმეტყველო ლექსიკონებსა და ენციკლოპედიებში. ეს სიტყვები შემოვიდნენ არა საეკლესიო მეტყველებიდან, არამედ წარმართობიდან, ფოლკლორიდან. წუთისოფლის თქმულებათა და ჭორთაგან, ლეგენდათა და ზღაპართაგან არიან ისინი წარმოშობილნი ახლაც, როდესაც გაძლიერდა ინტერესი მაგიისა და ოკულტიზმისადმი. აქედანვე აღწევენ ისინი ლიტერატურაშიც.



რადგან "წახდენის" შესახებ საღვთისმეტყველო და საეკლესიო აზროვნების ისტორიიდან ვერაფერს შევიტყობთ, უნდა მივმართოთ ისტორიკოსებს, რომლებიც სწავლობენ ხალხურ ფოლკორსა და ადათ-წესებს.

აი რას წერს ამგვარ ხალხურ რწმენაზე ნიკოლაი კოსტომაროვი: "წახდენაში" (რუს. порча), ამ სიტყვის ფართე მნიშვნელობით, იგულისხმებოდა ადამიანის ჯანმრთელობის ბოროტგანზრახვითი დაზიანება უწმინდურ ძალთა მონაწილეობით; მაგრამ ვიწრო გაგებით ამასვე განეკუთვნებოდა უპირატესად ის ნერვიული დაავადებები, რომლებიც თავისი საშინელი შეტევების მოულოდნელობითა და განსაკუთრებულობით აოგნებს წარმოსახვას და იმთავითვე განაწყობს იდუმალი გააზრებისკენ...

"წახდენა" ადამიანებს ევლინებოდათ სხვადასხვა საგნების, ქარის და კვალის მეშვეობითაც კი. ჯადოქრები თავიანთ ბოროტმოსურვებას უმთავრესად აგზავნიდნენ სხვადასხვა ნივთების მეშვეობით, რომელთაც შეიძლებოდა შემთხვევით შეხებოდა ის, ვის წინააღმდეგაც მიმართული იყო ბოროტი მოქმედება.

ადამიანებს არა მარტო სჯეროდათ, არამედ ეჭვიც კი არ ეპარებოდათ იმაშ, რომ მსგავს მოვლენათა მიზეზნი იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ ბოროტი სულები და არა ჩვეულებრივი ბუნებრივი დაავადებანი. ძალზედ ხშირად ჩნდებოდნენ შეპყრობილები და მყივანები (кликуши). მყივანებად ისინი იწოდებოდნენ იმიტომ, რომ შეჰყივლებდნენ ვინმეს, ანუ უთითებდნენ, რომ მავანმა ისინი "წაახდინა". ამგვარ შეპყრობილებზე დადიოდა ძალზედ პირქუში და ამავე დროს ძალზედ უცნაური წერილობითი და ზეპირი გადმოცემები. XVII საუკუნის ერთ-ერთ კრებულში არის მოთხრობა ერთი მღვდლის ქალიშვილზე, რომელიც თავისი ქორწინების პირველსავე ღამეს დაქვემდებარებია დემონთა ძალმომრეობას, რადგან თურმე გარეთ გასულ მის ქმარს დაუფიქრებლად ღიად დარჩენია კარი ისე, რომ ჯვარი არ გადაუწერია მისთვის. დემონები მას ჭაობ-ჭაობ დაათრევდნენ, აწამებდნენ და ტანჯავდნენ. ის დაორსულდა და ჰშვა გველთა მსგავსი ურჩხულები, რომლებიც მას სისხლს სწოვდნენ...

მყივანების გამოჩენა ქალაქებში ნამდვილი სასჯელი იყო მთელი საზოგადოებისთვის; მათ მითითებებს ხშირად ღებულობდა და მისდევდა სასამართლო. შეპყრობილი დედაკაცის ერთი შეყივლება საკმარისი იყო იმისთვის, რათა მის მიერ ბრალდებული ადამიანი შეეპყროთ და მიეცათ სატანჯველისთვის. ზოგჯერ თვალთმაქცი მყივანები ხელსაყრელ იარაღად იქცეოდნენ ხარბი ვოევოდებისა და დიაკვნების ხელში; ეს უკანასკნელნი სპეციალურად შთააგონებდნენ მათ დაედანაშაულებინათ მდიდარი ბატონები, რათა შემდეგ ბრალი წაეყენებინათ მათთვის და გაეძარცვათ ისინი. ხოლო თუ ვინმე ტანჯვით გათანგული საკუთარ თავზე იტყოდა, რომ ჯადოქარია, პირდაპირ ცოცხლად წვავდნენ.

ამ დროს, მთავრობა, მიიღებდა რა შეტყობინებას, რომ "წახდენები" და "მყივანები" გამოჩნდნენ რომელიმე მხარეში, დაუყოვნებლივ აგზავნიდა იქ გამომძიებლებს, რათა გამოევლინათ ჯადოქრები და დაესაჯათ ისინი; საზოგადო ბოროტება ორმაგდებოდა. ხშირად ადამიანის ჩვეულებრივი სნეულება ჯადოქრობაში მისი დადანაშაულებისა და საქმის წარმოების საფუძველი ხდებოდა. ავადმყოფური წარმოსახვა ეძებდა სნეულების მიზეზებს და იმწამსვე აწყდებოდა აზრს, რომ სნეულება მომდინარეობს სუპოსტატისგან.

გულის უკმარისობა აქვს ადამიანს, ან წყლის დალევა არ სურს, ან ფერმკრთალია? - უეჭველად წახდენილია ქარის ან ნაკვალევის მეშვეობით, შეიძლება "შეწამლეს", რაც ჯადოქარმა შეკრიბა კუპალას ღამეს. შინაურები კი ფიქრობდნენ, თუ ვისგან შეიძლებოდა ამგვარი წახდენა მოსულიყო. ზოგნი ჯადოქრებზე უთითებდნენ და გამოძიებას ითხოვდნენ; საკმარისი იყო იოტისოდენა ეჭვიც კი მიეტანათ ვინმეს ჯადოქრობაზე, რომ უბედურს სატანჯველი არ ასცდებოდა.

ყველაზე უმცირესი ფაქტიც კი, თუკი მას ვერ უძებნიდნენ ახსნას, საკმარისი იყო, რათა ადამიანი დაედანაშაულებინათ ჯადოქრობაში... ომის დროს ეშინოდათ უცხო თავადებს არ მოეგზავნათ ჯადოქრები, რათა არ "წაეხდინათ" მეფის ოჯახი. შიში იმისა, რომ მკვირცხლ და მარჯვე ადამიანებს "წახდენით" ზიანი არ მიეყენებინათ მეფისა და მისი ოჯახისთვის, უსაზღვრო გახლდათ. მეფის ან მისი ოჯახის წევრის ოდნავი გაციებაც კი საკმარისი იყო ეფიქრათ, რომ ისინი "წაახდინეს", "გათვალეს" ან რაიმე ჭირი მიუვლინეს. თუკი მეფის საშინაო ცხოვრებაში გაჩნდებოდა რაიმე სადავო მეუღლეებს შორის - ამის მიზეზსაც ჯადოქრობასა და წახდენაში ეძებდნენ. მეფის ყრმების ავადმყოფობა მიეწერებოდა "გათვალვასა" და "წახდენას"" (Костомаров Н. Очерк домашней жизни и нравов великорусско¬го народа в XVI иXVII вв. // Костомаров Н., Забелин И. О жизни, быте и нравах русского народа. М., 1996. С. 157-160).

"ძველად არც ერთი საქმე არ ჩაივლიდა ჯადოქრობაში ბრალდების გარეშე", - წერს რუსული ფოლკლორის მკვლევარი ალექსანდრე აფანასიევი (Афанасьев А. Поэтические воззрения славян на природу… Т. 3. С. 305). "დღემდე უბრალო ხალხი ფიქრობს, რომ ყველა კოჭლი, უძლური და სნეული დასახიჩრებულია ჯადოქრებისა და უწმინდური ძალების მიერ; ყოველგვარი სხეულებრივი ტანჯვა და ყოველგვარი შიშის მომგვრელი გრძნობა მიეწერებოდა "წახდენას", "ბოროტ ადამიანებს" და მათ შურიან აზრებს, შეფუცვებსა და "გათვალვებს" და იწოდებოდა არაბუნებრივ (ვიღაცის მიერ მოვლენილ) სევდად; ნერვული დაავადებები - მყივანობა, სლოკინი, ავი ზნე (ბნედა), ასევე გრიჟა, სიმჭლევე (გალეულობა) და ჭვალი სოფლელების მიერ აღიარებული იყო ბოროტ სულთა მოქმედების გამოვლინებად, რომელიც ადამიანებს ბოროტმა ჯადოქრებმა ან დროებით ან კიდევ სამუდამოდ მოუვლინეს. თვით ავადმყოფნი, რომლებიც იზიარებდნენ ამგვარ შეხედულებას, შეტევების დროს წამოიყივლებდნენ ხოლმე თავიანთი მტრების სახელებს, რომლებზეც ეჭვი ჰქონდათ სნეულების მოვლინებაში და ბრალს დებდნენ მათ ამ მოჩვენებით დანაშაულობებში" (Там же. С. 36).



ამგვარი რწმენის წინააღმდეგ გამოსულ საეკლესიო მქადაგებელთა პირდაპირი წინააღმდეგობაც კი ცრუმორწმუნეთა სასარგებლოდ განიმარტებოდა. ასე მაგალითად, როდესაც XIX საუკუნეში მღვდელი შეეცადა აეხსნა გლეხებისთვის, რომ მათ მიერ ეჭვმიტანილი ქალბატონი არ არის დამნაშავე "წახდენაში", ანუ იმაში, რომ სოფელში გამრავლდა ისტერიული-მყივანები, გლეხებმა გადაწყვიტეს, რომ ჯადოქარმა მამაოც "გააფუჭა", რადგან მღვდელი ერთხელ მისი (ანუ "ჯადოქრის") ქოხშიც უნახავთ სტუმრად, რომელიც ჯადოქართან ერთად ჩაის სვამდა. "გავრცელდა ათასგვარი ჭორი და მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ თითქოსდა მსახურების დროს მამაოს ავიწყდება წმიდა ძღვენით გამოსვლა, არ შეუძლია ჯვრის გამოტანა, რადგან თვითონაც "წამხდარია". ეს ყველაფერი აღმოჩნდა წარმოსახვის თამაში, რომელიც ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული და აჩვენებს ნერვული აღტყინების რაოდენ მაღალ ხარისხს მიაღწია მთელმა მოსახლეობამ, რომელიც ლამის მასობრივ ჰალუცინაციაში იყო შთავარდნილი" (Краинский Н. Порча, кликуши и бесноватые… С. 163).

რუსული ენისა და ხალხური კულტურის ცნობილი მკვლევარი ვლადიმირ დალი წუხილით წერს იმავე ცრურწმენის შესახებ: "ვერსად გაიგებთ იმდენ "წახდენასა" და "გათვალვაზე", რამდენსაც ჩვენს ჩრდილოეთში... ეს სნეულება ერთი დედაბრიდან გადაეცემა მეორეს, რადგან ისინი შეხარბებით უყურებენ ხალხის სიბრალულს, რომლითაც გარემოცულნი არიან მყივანები, და რომლებიც თანაგრძნობის გამო არც თუ იშვიათად ფულითაც კი ეხმარებიან უბედურს... სანამ სოფელში ერთი მყივანაა, კიდევ შეიძლება დუმილი, რადგან ეს არის ავი ზნით (ბნედით) შეპყრობილი ადამიანი, მაგრამ როგორც კი ჩნდება მეორე და მესამე, აუცილებელია მათი თავშეყრა შაბათობით, დღესასწაულის წინ და გაროზგვა. ორჯერადმა გამოცდილებამ დამარწმუნა ამ საშუალების განსაკუთრებულ მოქმედებაში: თითქოსდა ერთი ხელის მოსმით ქრება ამგვარი დაავადებანი" (Даль В. О поверьях, суевериях и предрассудках русского народа. СПб., 1880. С. 5).

ოფიციალური და საეკლესიო მიდგომა ამ რწმენისადმი იყო ორგვარი. უეჭველად, ჯადოქრობა მიიჩნეოდა ცოდვად. მაგრამ აღიარებული იყო თუ არა ჯადოს მოქმედება?

ევროპაში "სახალხო რწმენა ჯადოქრებისა და მათი უნარებისადმი მოაჯადოვონ ადამიანები, XII-XIII საუკუნეებამდე "ცრურწმენად" მიაჩნდათ. აღსარების სახელმძღვანელოთა, ე. წ. პენიტენციარიების ანუ "სინანულის წიგნთა" შემდგენლები, რომლებიც ევროპაში VII საუკუნიდან ვრცელდება, მსგავს ცრურწმენებს განიხილავდა როგორც "წარმწყმედელ სენს" და "ჭეშმარიტი რწმენის" დაკარგვის უეჭველ მოწმობას, ხოლო ამდაგვარ ურწმუნოებაში შემჩნეულს ეკისრებოდა 2 წლიანი ეპითემია...

დასავლური ეკლესია არასოდეს ყოფილა შემჩნეული ჯადოქრობაში მხილებულთა გაროზგვასა ან სიკვდილით დასჯაში. მომაკვდინებელი ჯადოქრობისთვისაც კი აქ დაწესებული იყო, ყველაზე დიდი შვიდწლიანი სინანული პურითა და წყლით. საკუთრივ განიკითხებოდა არა იმდენად ჯადოქრული მოქმედებების შესაძლო წარმატება, რომელიც ეკლესიის თვალში საეჭვოდ ჩანდა, რამდენადაც თვით რწმენა მათი ეფექტურობისადმი, რომელიც ამავდროულად კერპთაყვანისმცემლობად იყო მიჩნეული.

სხვა საქმეა - საერო ხელისუფალთა რეაქცია. ჯადოქარს სჯიდნენ არა ჭეშმარიტი რწმენის არქონისთვის, არამედ მიყენებული ზიანისთვის... კიდევ გავიმეორებ: IX საუკუნემდე საერო კანონმდებლობა ჯიუტად აკეთებდა აქცენტს არა თვით ჯადოქრობის ფაქტზე, არამედ იმ ზიანის ხარისხზე, რომელსაც საზოგადოებას აყენებდა ჯადოქარი...



ოფიციალური ეკლესიის დამოკიდებულება ხალხური რწმენისადმი ადრეულ შუასაუკუნეებში გაურკვეველი რჩება, რადგან სახარებიდან უცნობია, სწამდა თუ არა მისი თვით იესუ ქრისტეს, და თეოლოგები სახალხო რმწენის ამ ასპექტს არანაირად არ განმარტავენ. მაგრამ ხალხში "ავი თვალისადმი" რწმენა შენარჩუნდა მთელი შუასაკუნეების განმავლობაში, რაც დასტურდება იმ საკითხების ჩამონათვალით, რომლებიც სამრევლოს მღვდელმა უნდა დაუსვას მრევლს სინანული საიდუმლოში. "სინანულის წიგნები" არაფერს გვამცნობენ სნეულებებსა და უბედურებებზე, რომლებიც მომდინარეობენ "გათვალვებისგან", სამაგიეროდ კიცხავენ "ზოგიერთ დედაკაცთა" რწმენას, რომლის მიხედვითაც თითქოსდა შესაძლოა ადამიანის დაზიანება შეხედვით ან შეფუცვით, ასევე მსგავსი ქმედებებით თითქოსდა შესაძლოა მეზობლის ქათმების, იხვების, წიწილებისა და სხვა ცხოველების მოჯადოვება" (Арнаутова Ю. Колдуны и святые: Антропология болезни в Сред¬ние века. СПб., 2004. С. 51-52, 84).

მხოლოდ XIV საუკუნისთვის ეთანხმებიან კათოლიკე ღვთისმეტყველები "გათვალვის" შესაძლებლობას - თანაც თომა აკვინელი ამ დროს ეყრდნობა არისტოტელესა და ავიცენას თხზულებებს, საიდანაც მას გამოჰყავს აზრი, რომ მოხუცი ქალის სული ყველაზე უფრო მეტად ივსება ბოროტებით, რის გამოც მისი მზერა შეიძლება იყოს მავნე და საშინელი, განსაკუთრებით ბავშვებისთვის (იხ.: Фома Аквинский. Сумма теологии. 1, 92, 4).

გაგრძელება იქნება.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню