ოკულტიზმი და მაგია - ელენა ბლავატსკაია - რუსი კუდიანი, რომელმაც მსოფლიო მოატყუა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ელენა ბლავატსკაია: "რუსი კუდიანი", რომელმაც მსოფლიო მოატყუა

ოკულტიზმი

ელენა ბლავატსკაია შესაძლოა იყო მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალბატონი. მას "რუს სფინქსს" უწოდებდნენ; მან აღმოუჩინა მსოფლიოს ტიბეტი დადასავლური ინტელიგენცია "მოხიბლა" ოკულტური მეცნიერებებითა და აღმოსავლური ფილოსოფიით.


აზნაური რიურიკოვიჩთა მოდგმიდან


ბლავატსკაიას ნამდვილი გვარია - ფონ განი. მისი მამა ეკუთვნოდა გან ფონ როტენშტერნ-განთა მაკლენბურგელი პრინცების მოდგმას. ბებიის ხაზით ბლავატსკაიას მოდგმა რიურიკოვიჩების სათავადოს უკავშირდება.

ბლავატსკაიას დედას, რომანისტს ელენა ანდრიას ასული განს, ბესარიონ ბელინსკი "რუს ჟორჟ სანდს" უწოდებდა. მომავალი "თანამედროვე იზიდა" დაიბადა ქ. ეკატერინოსლავში (დნეპროპეტროვსკი) 1831 წლის 30-31 ივლისის ღამეს (ძვ. სტილით). თავის ბავშვობის მოგონებებზე ის ცოტას წერდა: "ჩემი ბავშვობა? მასში ერთის მხრივ ბევრია ნებივრობა და ანცობა, მეორეს მხრივ კი სასჯელები და სისასტიკე. უსასრულო დაავადებები შვიდ-რვა წლამდე... მყავდა ორი გუვერნანტი - ფრანგი მადამ პენიე და მის ავგუსტა სოფია ჯეფრისი, გადაბერებული და გაუთხოვარი ქალი იორკშირიდან. რამოდენიმე მომვლელი... მამის ჯარისკაცები ზრუნავდნენ ჩემზე. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი დედა რომ მოკვდა".

ბლავატსკაიამ მიიღო ბრწყინვალე საშინაო განათლება. ჯერ კიდევ ბავშვობაში ისწავლა რამოდენიმე ენა, სწავლობდა მუსიკას ლონდონსა და პარიზსში, იყო კარგი მოჯირითე, კარგად ხატავდა. ყველა ეს უნარი მოგვიანებით მას თავის მოგზაურობებში გამოადგა: ის ატარებდა კონცერტებს ფორტეპიანოზე, მუშაობდა ცირკში, ამზადებდა საღებავებს და აკეთებდა ხელოვნურ ყვავილებს.

ბლავატსკაია და მოჩვენებები


ჯერ კიდევ ბავშვობაში ბლავატსკაია გამოირჩეოდა თავისი თანატოლებისგან. ის ხშირად ეუბნებოდა შინაურებს, რომ ხედავდა სხვადასხვა უცნაურ არსებებს, ესმოდა იდუმალი ზანზალაკების ხმა. მასზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა დიდებულმა ინდუსმა, რომელსაც სხვები ვერ ამჩნევდნენ. იგივე ინდუსი, ბლავატსკაიას თქმით, მას სიზმრებშიც ეცხადებოდა. ინდუსს ის "მცველს" უწოდებდა და ამბობდა, რომ იხსნიდა მას ყოველგვარი უბედურებისგან. როგორც მოგვიანებით დაწერს ელენა პეტროვნა, ეს იყო მაჰატმა მორია, ერთ-ერთი მისი სულიერი მოძღვარი, რომელსაც 1852 წელს ლონდონის ჰაიდ-პარკში "ცოცხლად" შეხვდა. შვედეთის ელჩის ქვრივმა, კონსტანს ვახტმეისტერმა, ბლავატსკაიას გადმოცემითვე, დეტალურად აღწერა ამ საუბრის წვრილმანები, რომელშიც მოძღვარმა მას უთხრა, რომ "საქმე ითხოვს მის მონაწილეობას სამუშაოში, რომლის განხორციელებას გეგმავს", ასევე ის, რომ "მას (ანუ ბლავატსკაიას) მოუწევს სამი წელი ტიბეტში ცხოვრება, რათა მოემზადოს ამ მნიშვნელოვანი მისიის განსახორციელებლად".


მოგზაური


მოგზაურობის ჩვევა ელენა ბლავატსკაიაში ჯერ კიდევ მისი ბავშვობის წლებში ჩამოყალიბდა. სამსახურებრივი მდგომარეობის გამო საცხოვრებელ ადგილს ოჯახი ხშირად იცვლიდა. დედის სიკვდილის შემდეგ, რომელიც 1842 წელს ჭლექით გარდაიცვალა, ელენას და მისი დების აღზრდა ბებიამ და ბაბუამ ითავეს.



18 წლის ასაკში ელენა პეტრეს ასული ბლავატსკაია ერივანის გუბერნიის 40 წლის ვიცე-გუბერნატორ ნიკიფორ ბასილის ძე ბლავატსკიზე დაიწინდა, თუმცა ქორწინებიდან 3 თვის შემდეგ ბლავატსკაია ქმარს გაექცა. ორ თანხმლებ პირთან ერთად ბაბუამ ის მამასთან გააგზავნა, მაგრამ ბლავატსკაიამ მათგან გაქცევაც შეძლო. ოდესიდან ბლავატსკაია ინგლისური იალქნიანი გემით "კომოდორი" ქერჩში გაემგზავრა, შემდეგ კი კონსტანტინოპოლში გადავიდა. თავის ქორწინებაზე ბლავატსკაია წერდა: "მე დავიწინდე, რათა შური მეძია ჩემი გუვერნანტისთვის, და არ ვფიქრობდი იმაზე, რომ ვერ შევძლებდი ამ წინდობის დარღვევას, კარმა მუდმივ მომდევდა მე ჩემი შეცდომის გამო".

ქმრისგან გაქცევის შემდეგ დაიწყო ელენე ბლავატსკაიას მოგზაურობების ისტორია. მათი ქრონოლოგია ძნელი აღსადგენია, რადგან თავად ბლავატსკაია დღიურებს არ აწარმოებდა და მის გვერდით ახლობელთაგანაც არავინ იმყოფებოდა. თავისი ცხოვრების განმავლობაში ბლავატსკაიამ ორჯერ განახორციელა მოგზაურობა დედამიწის გარშემო, იყო ეგვიპტეშიც, ევროპაშიც, ტიბეტშიც, ინდოეთშიც და სამხრეთ ამერიკაშიც. 1873 წელს ის გახდა პირველი რუსი ქალი, რომელმაც მიიღო ამერიკის მოქალაქეობა.


თეოსოფიური საზოგადოება


1875 წლის 17 ნოემბერს ნიუ-იორკში ელენა პეტრეს ასული ბლავატსკაიამ და პოლკოვნიკმა ჰენრი ოლკოტმა დააფუძნეს "თეოსოფიური საზოგადოება". ბლავატსკაია უკვე დაბრუნდა ტიბეტიდან, სადაც, როგორც ის ამტკიცებდა, მაჰატმებისგან და ლამებისგან მიიღო კურთხევა მსოფლიოსთვის სულიერი სწავლებების გადაეცა.




მისი შექმნის ამოცანებად გამოცხადებულ იქნა შემდეგი პუნქტები: 1. კაცობრიობის მსოფლიო საძმოს ბირთვის შექმნა რასის, სარწმუნოების, სქესის, კასტისა და კანის ფერის მიუხედავად. 2. შედარებითი რელიგიის, ფილოსოფიისა და მეცნიერების შესწავლის ხელშეწყობა. 3. ბუნებისა და ადამიანში დაფარუი  ამოუცნობი ძალებისა და კანონების გამოკვლევა. იმ დღეს ბლავატსკაიამ თავის დღიურში ჩაწერა: "ყრმა იშვა. ოსანა!".

ელენა ბლავატსკაია წერდა, რომ "საზოგადოების წევრები იცავენ რელიგიურ შეხედულებათა სრულ თავისუფლებას და, შემოდიან რა საზოგადოებაში, ასევე პირობას დებენ, რომ ტოლერანტულნი იქნებიან ყველა სხვა შეხედულებისა და სარწმუნოებისადმი. მათი კავშირი გამოიხატება არა საერთო სარწმუნოებრივ ნიშანში, არამედ ჭეშმარიტებისადმი საერთო სწრაფვაში.

1877 წლის სექტემბერში, ნიუ-იორკის J.W. Bouton'-ის გამომცელობაში გამოიცა ე. ბლავატსკაიას პირველი მონუმენტური ნაშრომი "მხილებული ისიდა", და პირველივე ტირაჟი (ათასი ეგზემპლარი) ორ დღეში გაიყიდა.

ბლავატსკაიას წიგნმა სხვადასხვაგვარი შეფასება მიიღო. The Republican-მა ბლავატსკაიას ნაშრომს "ნამუსრევთა დიდი საალაფო", ხოლო The Sun-მა მას "გადაგდებული ნაგავი" უწოდა. New York Tribune წერდა: "ბლავატსკაიას ცოდნა უხეში და გადაუმუშავებელია, ბრაჰმანიზმისა და ბუდიზმის მისი ძნელად გასაგები გადამღერება უფრო ვარადუებს ეფუძნება, ვიდრე ავტორის ინფორმირებულობას".

მაგრამ თეოსოფიური საზოგადოება მაინც ფართოვდებოდა, 1882 წელს მისმა შტაბ-ბინამ ინდოეთში გადაინაცვლა. 1879 წელს ინდოეთში გამოვიდა ჟურნალ The Theosophist-ის პირველი ნომერი. 1887 წელს ლონდონში დაიწყეს ჟურნალ Lucifer-ის გამოცემა, ხოლო 10 წლის შემდეგ ის The Theosophical Review-დ გადააკეთეს.




ბლავატსკაიას სიკვდილის მომენტისთვის თეოსოფიური საზოგადოება უკვე 60 000-მდე ადამიანს ითვლიდა. ეს ორგანიზაცია უდიდეს ზეგავლენას ახდენდა საზოგადოებრივ აზროვნებაზე, მას ეკუთვნოდნენ თავისი დროის გამოჩენილი ადამიანები, გამომგონებელ თომას ედისონიდან დაწყებული პოეტ უილიამ იეიტსის ჩათვლით. ბლავატსკაიას იდეის მრავალმნიშვნელოვნებისდა მიუხედავად, 1975 წელს ინდოეთის მთავრობამ გამოსცა სამახსოვრო მარკა, რომელიც თეოსოფიური საზოგადოების დაფუძნების 100 წლისთავს მიეძღვნა. მარკაზე გამოსახულია საზოგადოების ბეჭედი და მისი დევიზი: "არ არსებობს ჭეშმარიტებაზე უმაღლესი რელიგია".

ბლავატსკაია და რასული თეორია


ერთ-ერთი სადავო და წინააღმდეგობრივი იდეა ბლავატსკაიას შემოქმედებაში გახლავთ რასების ევოლუციური ციკლის კონცეფცია, რომლის ნაწილი გადმოცემულია "საიდუმლო დოქტრინის" მეორე ნაწილში.

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ რასების თეორია "ბლავატსკაიადან" ისესხეს მესამე რეიხის იდეოლოგებმა.

ამის შესახებ წერდნენ ამერიკელი ისტორიკოსები ჯეკსონ სპეილვოგელი და დევიდ რეიდლსი ნაშრომში "ჰიტლერის რასული იდეოლგია: შინაარსი და ოკულტური ფესვები".
"საიდუმლო დოქტრინის" მეორე ტომში ბლავატსკაია წერდა: "კაცობრიობა იყოფა ღვთითშთაგონებულ კაცებად და უდაბლეს არსებებად. განსხვავება არიულ და სხვა ცივილიზებულ ერთა და ისეთ ველურთა შორის, როგორებიც არიან, მაგალითად, სამხრეთი ზღვის კუნძულელები, სხვა მიზეზებით ვერანაირად აიხსნება. ... მათში არ არსებობს "საღმრთო ნაპერწკალი", და ისინი დღეისთვის მხოლოდ ერთადერთ უდაბლეს რასას წარმოადგენენ დედამიწაზე, და საბედნიეროდ, - ბუნების ბრძნული გამაწონასწორებელი ძალით, რომელიც მუდმივად მუშაობს ამ მიმართულებით, - ისინი სწრაფად იხოცებიან". თუმცა, თვით თეოსოფები ირწმუნებინა, რომ ბლავატსკაიას თავის ნაშრომებში მხედველობაში ჰქონდა არა ანთროპოლოგიური ტიპები, არამედ განვითარების საფეხურები, რომელსაც ადამიანთა სულები გადიან.

ბლავატსკაია, შარლატანობა და პლაგიატი


თავისი ნამუშევრისადმი ყურადღება რომ მიეზიდა, ელენა ბლავატსკაია ხშირად ახდენდა თავისი ზეუნარების დემონსტრირებას: მისი ოთახის ჭერიდან ცვივოდნენ მეგობართა და და მოძღვრის კუტა ხუმის წერილები; საგნები, რომლებიც მას ხელში ეჭირა, უეცრად ქრებოდა, შემდეგ კი ჩნდებოდა იმ ადგილებში, სადაც ის საერთოდ არ იმყოფებოდა.




მისი უნარების შესამოწმებლად მას მიუგზავნეს კომისია. 1885 წელს, ლონდონის ფსიქიკურ მოვლენათა კვლევის საზოგადოების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ ბლავატსკაია არის "ყველაზე განათლებული, მახვილგონიერი და საინტერესო მატყუარა, რომელიც ისტორიას ოდესმე ცოდნია". მხილების შემდეგ ბლავატსკაიას პოპულარობა დაეცა, თეოსოფიური საზოგადოებაც ბევრმა დატოვა.

ე. ბლავატსკაიას ბიძაშვილი, სერგეი ვიტე, მის შესახებ თავის მოგონებებში წერდა: "ჰყვებოდა რა არნახულ არაკებს და სიცრუეს, ის, როგორც ჩანს, თვითონაც დარწმუნებული იყო იმაში, რომ ის, რასაც ამბობდა, სიმართლეა, - ამიტომაც ვერ ვიტყვი, იყო თუ არა მასში რაიმე დემონური, თუმცა, არსებითად ის იყო უბოროტო, კეთილი ადამიანი".

რომანისტმა ვსევოლოდ სოლოვიოვმა 1892-1893 წლებში ჟურნალში "Русский вестник" გამოაქვეყნა ბლავატსკაიასთან შეხვედრების ნარკვევთა სერია საერთო სათაურით "Современная жрица Изиды" ("იზიდას თანამედროვე მოგვი"). "ადამიანები რომ დაიპყრო, აუცილებელია მათი მოტყუება, - ურჩევდა მას პეტრეს ასული ელენა. - მე უკვე დიდი ხანია გავიგე ადამიანთა სულიკები, და მათი სიბრიყვე ზოგჯერ უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს... რაც უფრო მარტივი, სულელური და უხეშია ფენომენი, მით უფრო წარმატებულად გემორჩილება". სოლოვიოვმა ამ ქალს "სულების შემპყრობელი" უწოდა და უმოწყალოდ ამხილა იგი თავის წიგნში. მისი ძალისხმევის შედეგად არსებობა შეწყვიტა თეოსოფიური საზოგადოების პარიზის განყოფილებამ.

ელენა პეტრეს ასული ბლავატსკაია გარდაიცვალა 1891 წლის 8 მნაისს. მის ჯანმრთლობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა მუდმივმა მოწევამ - ის დღეში 200-მდე სიგარეტს ეწეოდა. სიკვდილის შემდეგ მისი გვამი დაწვეს, ხოლო ფერფლი სამ ნაწილად დაჰყვეს: ერთი ნაწილი დარჩა ლონდონში, მეორე - ნიუ-იორკში, ხოლო მესამე ადიარში. ბლავატსკაიას ხსენების დღეს თეთრი ლოტოსის დღე ეწოდება.


წყარო:  russian7.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню