ოკულტიზმი - არა შევარდეთ საფრხესა ეშმაკისასა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

"არა  შევარდეთ  საფრხესა  ეშმაკისასა"

შავი მაგია

ჭეშმარიტი, მართლმადიდებელი სიყრმიდანვე უნდა იზრდებოდეს ღვთის მცნებათა შესაბამისად. ასე იყო ძველად! ყრმას დაბადებიდანვე ნათლავდნენ, აზიარებდნენ წმ. ევქარისტიას, დაჰყავდათ ტაძარში, ასწრებდნენ ღმრთისმსახურებას, მოძღვრავდნენ ქრისტეს სწავლებით და საღმრთო მცნებათა დაცვით წვრთნიდნენ. ამგვარი ცხოვრებით მადლშემოსილი ქრისტიანისათვის მიუღებელი იყო ყოველგვარი უცხო გატაცება, რაც ასე მოეძალა დღევანდელობას.

ბოროტ ძალას ქრისტეანეთა შორის არა აქვს გასაქანი, ამიტომაც იყო, რომ ადრე უდაბნოებში, უღრან ტყეებში, მიუვალ ადგილებსა და ჭაობებში სახლობდა უკეთური, დღეს კი, სააშკარაოზეა გამოსული და ქრისტესაგან განდგომილ უსჯულოთა შორის ცდილობს დამკვიდრებას.

წმიდა წერილთაგან ვიცით, რომ სამყაროს აღსასრულის წინაჟამს საშინლად გაირყვნება კაცთა მოდგმა; ადამიანები განუდგებიან ჭეშმარიტ რწმენას და დიდი გასაქანი მიეცემა დემონურ ძალებს: "ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას ცრუმეტყველთა თვალთმაქცობით, რომელთაც დადაღეს თავიანთი სინიდისი" (1 ტიმ. 4:1, 2) წმ. მახარობელი იოანე გვამცნობს, რომ დადგება ჟამი განსაცდელისა, რომელიც მოიწევა მთელს დედამიწაზე მიწის მკვიდრთა გამოსაცდელად.

ასე რომ, "ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია" (1იოანე 2:18), "ესენი არიან ეშმაკთა სულები, რომლებიც ახდენენ სასწაულებს..." (გამოცხ. 16:14) "მრავალთა ქრისტემტყუვართა და ანტიქრისტეთა" გააქტიურება წინ უძღვის დიდი ანტიქრისტეს, მსოფლიო იმპერატორის გამოჩენას, "მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით, ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით - წარწყმედილთათვის, რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი. ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე, და განკითხული იქნეს ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა შეიტკბო" (2თესალონიკ. 2:9-12).

ასეთ ვითარებაში ვართ დღეს, გარყვნილებამ წალეკა კაცთა ცნობიერება, სიბილწის ჭაობში ეფლობა ახალგაზრდობა. მისი ცხოვრება ყოველგვარ სულიერებას მოკლებულია და დაფუძნებულია უზნეობას. გამუდმებულად გართობის მაძიებელნი ვნებათა დაკმაყოფილებას ელტვიან. ურწმუნოება და უზნეობა, აი, სად არის უწმინდურ ძალთა საპარპაშო ნიადაგი. რამეთუ ის, ვინც ქრისტეანულ, სჯულმოსილ ცხოვრებას გაურბის, უმწეოა დაცემულ ანგელოზთა წინაშე, რომლებიც გააფთრებულნი ცდილობენ სატანიზმის ბადეში ადამიანთა სულების შეპყრობას.

ძველი საუკუნეებისაგან განსხვავებით, დღეს ჯადოქრები და გრძნეულნი ადამიანთა საზოგადოებას კი არ ემალებიან, არამედ სრულიად აშკარად ეწევიან თავიანთ საქმიანობას. ზოგიერთ მათგანს წინაპართაგან მიუღია გრძნეულების საიდუმლონი და შთამომავლობითი ჯადოქრობით იქებს თავს. ეშმაკის მსახურნი პრესის, ტელევიზიისა და რადიოს მეოხებით საქვეყნოდ ქადაგებენ გრძნეულებას. "დემოკრატიზაციის" ჟამს მათ დიდი უფლებები მიენიჭათ. ჯადოქრები, მოგვები, ექსტრასენსები, ასტროლოგები და მათი მსგავსი ეშმაკეულნი სხვადასხვა სახის ორგანიზაციებში ერთიანდებიან, აფუძნებენ სკოლებს, გამოსცემენ დემონურ ლიტერატურას ისეთი ტირაჟით, რომ მათი მოძალებით წიგნის მაღაზიები, სავაჭრო ჯიხურები და ქუჩაც კი წარყვნილია.

დღეს დემონიზმი მეცნიერების თანხმიერი სახელწოდებებით გამოდის, რათა რაციონალისტური აზროვნებით შეპყრობილი ცნობიერება ადვილად წამოაგოს თავის სატყუარას; რას არ უწოდებს იგი თავის ეშმაკობას: ტელეკინეზი, ექსტრასენსორიკა, დიანეტიკა... კაცობრივი სიბრძნით მოხიბლული ობივატელი ადვილად ეგება ამ ანკესზე. იციან დემონებმა რომ მოახლოებულია მათი ჟამი, - ჟამი ანტიქრისტეს გამეფებისა და ხელსაყრელ მომენტს არ უშვებენ ხელიდან.



თეთრი მაგია - ფარული ჯადოქრობა



თეთრი მაგიის მიმდევრები ირწმუნებიან, თითქოსდა მათი ძალისხმევა ბოროტი ძალის საწინააღმდეგოდ იყოს მიმართული, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. თეთრი მაგია, ისევე როგორც შავი, მსახურებაა ეშმაკისა, ადამიანთა თანაზიარობაა დემონთა სამყაროსთან, რომელსაც მიზნად კაცთა სულების წარწყმედა დაუსახავს. შავი მაგია რომ ჯადოქრობაა, არავისთვის არის საეჭვო. ყველა ჯურის ჯადოქრები, მოგვნი, მსახვრალნი, გრძნეულები, ასტროლოგები, იოგები, ჰიპნოზიორნი, ექსტრასენსნი, პარაფსიქოლოგნი, ქირომანტები, თეოსოფები და უწმინდურ ძალთა სხვა მსახურნი, შავ მაგიას განეკუთვნებიან. ისინი წყევლიან ადამიანს, მოუვლენენ მას დემონს, შეუძლიათ ადამიანის გათვალვა და წახდენა, მათთან მისული პაციენტის ორგანიზმის დასახიჩრება ე. წ. "ბიოველებით", მკითხაობენ, "წინასწარმეტყველებენ" ბედ-იღბალს და მრავალი სხვა.

თეთრი მაგია, რომელიც შავი მაგიის მოწინააღმდეგედ აცხადებს თავს, მრავალს აცთუნებს. თეთრი მაგია, ისევე როგორც შავი, არის ჯადოქრობა, ოღონდაც დაფარული, მზაკვრული ჯადოქრობა.

მისი მიმდევრების თქმით, მათ ძალუძთ თურმე დემონის განდევნა, ადმიანის განკოდირება, განზომბირება, ან განპროგრამირება, შეუძლიათ მოხსნან გათვალვა, ჯადო, წყევლა, შელოცვა, შიში, წახდენა, "დადებითი" ბიოველით "განკურნონ" ესა თუ ის დაავადება, გაახალგაზრდაონ ორგანიზმი, შეცვალონ წონა და სიმაღლე, შეეწიონ ოჯახის სიმტკიცეს და ერთგულებას მეუღლეთა შორის, დაგეგმონ შეუღლება, იწინასწარმეტყველონ მომავალი. ისინი ირწმუნებიან, რომ შეუძლიათ კონტაქტი დაამყარონ არამიწიერ "ცივილიზაციებთან", "კოსმიურ გონთან", "ჰუმანოიდებთან", "უცხოპლანეტელებთან"... თითქოსდა ძალუძთ შეუერთონ თავიანთი პაციენტი "კოსმიურ ენერგიას", "კოსმიური ინფორმაციის ბანკს" და ა.შ. თეთრ მაგიასვე განეკუთვნება ქრისტიანობის სახელს ამოფარებული ე.წ. "ქრისტეანული იოგა", "ქრისტეანული მედიტაცია", განვეშოროთ ამ სიყალბეს და დემონთა მზაკვარებისაგან თავი დავიცვათ!
ჯადოსნური შეფუცვებისას, თეთრი მაგები ხშირად მიმართავენ ლოცვის იმიტაციას. აქვთ ბიბლია. მათთან მისულთ სთხოვენ ეკლესიიდან მოიტანონ წმ. წყალი (აიაზმა), სანთლები ან აგზავნიან მათ ტაძარში სანთლების დასანთებად და ზიარების მისაღებადაც კი; არ ღებულობენ მოუნათლავებს მანამ, სანამ ნათლობის ბეჭდით არ აღიბეჭდებიან (დემონიც ხომ ყველაზე მეტად ნათელღებულისა და ზიარებულის მოხელთვას ცდილობს). თეთრი მაგიის ჯადოქარნი თავიანთ კლიენტებს შეაგონებენ სინანულის საიდუმლოში დაჰფარონ და მათთან ურთიერთობის შესახებ არაფერი გაუმხილონ სულიერ მოძღვართ. ირწმუნებიან, მრავალი საიდუმლო მოძღვრება დაფარულია სამღვდელოთაგან და ისინი ვერ შესძლებენო ამის გაგებას. თეთრი მაგია ისევე როგორც შავი, სულისწამწყმედელი ქმედებაა და ადამიანის სულსა და სხეულს ასახიჩრებს.



შელოცვა მახეა სულისა




მრავალი ადამიანი მიიმართავს შელოცვებს ალკოჰოლიზმის, კბილის ტკივილის, თიაქრის, სახსრების ტკივილის და სხვა დაავადებათა წინააღმდეგ. შესაძლებელია ამ დროს ადამიანის სასოება ღმრთის, ყოვლლადწმიდა ღმრთისმშობლისა და წმინდანთადმი იყოს მიმართული, როგორც ხშირად ხდება ხოლმე შელოცვისას, მაგრამ გამოუცდელ ადამიანს ყურადღების არედან ეპარება ის გარემოება, რომ ყოველ შელოცვებში შგნებულად ამახინჯებენ ქრისტეანულ სწავლებას და ამიტომაც, ამგვარი ქმედება თავისი არსით ღვთის გმობა და მკრეხელობაა. ხშირად იგმობა საღმრთო სიწმინდენიც. ნებისმიერი შელოცვის დროს ადამიანი უფლებას აძლევს ეშმაკს დაეუფლოს მას, რომელიც ყოველ ღონეს იხმარს, რათა თავის მორჩილებაში ამყოფოს მისი სული და საუკუნოდ წარწყმიდოს.


კვეთებულთა, ანუ ეშმაკეულთა შესახებ



კვეთებულნი არიან ადამიანები, რომელთა სულებში ეშმაკები სახლობენ. სხვაგვარად მათ ეშმაკეულთ ან ბორგნეულთაც უწოდებენ. ბოროტი სულები ადამიანში შესახლდებიან ამ ადამიანის უკიდურესი ცოდვილიანობის გამო ან წახდენის (გათვალის) მეშვეობით, რომელიც ბოროტმსახურ ადამიანთა დამსახურებაა. ასევე უწმინდურ ძალებთან ადამიანის კონტაქტის შედეგად, როდესაც მიმართავენ მოგვებს, მწამვლელებს, მჩხიბავებს, ექსტრასენსებს, შემლოცველებს და მათდაგვარ ბოროტმსახურთ, რის შემდეგაც აუცილებლად ისვრიმებიან. თუ ადამიანი შემწეობისათვის მიმართავს მოგვებს, ჯადოქრებს გრძნეულებს, თილისმისმკეთებელთ და სხვა, ის შეიძლება ბორგნეული გახდეს ან რამოდენიმე ხნის შემდეგ დაეუფლოს ეშმაკი. ამიტომაც, თითოეული, ვისაც კი ოდესმე მიუმართავს დემონური ზეგავლენით მოქმედ "მკურნალთათვის", უცილობლივ უნდა ეახლოს თავის სულიერ მოძღვარს და დაუყოვნებლივ შეინანოს ამგვარი მოქმედება, რათა დემონმა არ შეიპყროს.

შესახლდება რა კაცში, დაცემული სული განსაკუთრებული მძვინვარებითა და ძლიერებით ზემოქმედებს მასზე და ყოველმხრივ ცდილობს მის წარწყმედას. ეშმაკნი საშინლად ამასხარავებენ იმ ადამიანებს, რომლებშიაც მკვიდრობენ. ცალკეულ შეპყრობილთ ესმით ბოროტი სულისაგან გამომავალი ხმები, რომლებიც ყოველგვარ სიწმინდეს გმობენ. იგივე ხმები არწმუნებენ ადამიანს, მოიკლას თავი. ზოგიერთ ეშმაკეულს ისეთი სიძულვილი აქვს ყოველივე ეკლესიურისადმი, რომ ტაძართან ახლოს მიკარებასაც ვერ ბედავს. ისეც ხდება, რომ ეშმაკეულთა მუცლიდან ისმის ხოლმე საოცარი ღრუტუნი, ღრენა, ხვიხვინი, ჭიხვინი, მამლის ყივილი და ბაყაყის ყიყინიც კი.

ეშმაკეულნი არ არიან ფსიქიურად დაავადებულნი, ამიტომაც მათ ვერავითარი ფსიქიატრი ან სამედიცინო საშუალებანი ვერ შველით. მხოლოდ ღმრთის ძალა დევნის ეშმაკთ კაცის სულიდან. ამიტომაც, ასეთ დაავადებულთათვის არსებობს მხოლოდ ერთადერთი სამკურნალო ადგილი - ეკლესია!

ბორგნეულთა განსაკურნავად არსებობს განსაკუთრებული ლოცვები, რომლის აღსრულების უფლება მხოლოდ რჯულიერად ხელდასხმულ ეპისკოპოსსა და მღვდელმსახურსა აქვთ. ამ ლოცვით მღვდელმოქმედებას ეწოდება: "ლოცვა და შერისხვა ეშმაკთა მიერ ვნებულისა და სულთაგან არაწმიდათა კვეთებულისა".

ლოცვითი ზემოქმედებით ეშმაკეულთაგან ბოროტ სულთა განდევნას თან ახლავს მოვლენები, რომლებიც იქ დამსწრეთა გაკვირვებას იწვევს: ეშმაკეულნი იწყებენ ბორგვას, ყვირიან აუტანლად, ძაღლებივით ყეფენ, ანთხევენ ყოველგვარ სისაძაგლეს, ბილწსიტყვაობენ, არაადამიანურად ტირიან, საშინლად გმინავენ, ემართებათ ისტერიკა, კრუნჩხვა, დედაკაცნი ღმუიან უხეში, მამაკაცური ხმით, ეცემიან მიწაზე, ისტერიულად გორაობენ იატაკზე, გადმოსდით დორბლი, ზოგიერთი გრძნობასაც კი ჰკარგავს. არის შემთხვევები, როდესაც შეპყრობილს ლოცვის დროს ეშმაკის ზემოქმედებით გაეპარება შარდი, რათა ამ სახით შერცხვენილმა მღვდელთან მეორედ მისვლა ვერ გაბედოს, და სირცხვილის გამო თავი აარიდოს ლოცვას. ყოველივე ეს დემონთა ზემოქმედებით ხდება, რომლებიც გააფთრებით ეწინაღმდეგებიან ადამიანის სულისგან მათ განდევნას.

სხეულიდან ეშმაკის გასვლისას ბორგნეული გრძნობს ძლიერ ტკივილებს მთელს ტანში, ორგანიზმის დაუძლურებას იმ დონემდე, რომ არ შეუძლია ფეხზე დგომა. ეშმაკეულთაგან ზოგს ეჩვენება, რომ მღვდელი მათ ლანძღავს, როდესაც, სინამდვილეში სულიდან ეშმაკის განსასხმელ ლოცვას უკითხავს, ხოლო სხვები ამ დროს დემონისაგან გამოსულ მძაფრ სიმყრალეს გრძნობენ.

სულისაგან ეშმაკის განსადევნელი ლოცვის წაკითხვის შემდეგ დემონით შეპყრობილი გრძნობს სულიერ და ხორციელ შვებას. ამასთანავე, ზოგიერთებს ღმერთი მყის ათავისუფლებს ბოროტ სულთა ზემოქმედებისაგან, ხოლო ზოგი ღვთის ნებით წლობით იტანჯება დემონთაგან, რათა ეს ტანჯვა სულიერი განწმედის საწინდარი შეიქმნას მისთვის.


სულის კოდირება და მისი დამღუპველი ზემოქმედება ადამიანზე




მრავალი ადამიანი ალკოჰოლიზმის, სიგარეტის წევის, გასუქების და სხვა დაავადებათაგან განსაკურნავად კოდირებით მკურნალობას მიმართავს და არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორი დამღუპველი სიძლიერით მოქმედებს სულზე კოდირება და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას. კოდით მკურნალი, თავის მხრივ, არასოდეს აგიხსნით "განკურნების" მექანიზმს და ამტკიცებს, თითქოსდა მისი მკურნალობა - უსაიდუმლოესი რამ იყოს, რომელიც მცირედითაა შესწავლილი და მეცნიერება მხოლოდ მომავალში თუ შეძლებს მისი იდუმალების წვდომას. სინამდვილეში კი კოდით მკურნალი უწმინდური ძალის შემწეობით მოქმედებს და არავითარი კავშირი არა აქვს მეცნიერებასთან. ამის გაგება მხოლოდ იმათთვის არის ძნელი, ვინც გაუცხოებულია ქრისტეანობისგან.

კოდირების რამდენიმე ხერხი არსებობს: სეანსის დროს კოდით მკურნალი ჰიპნოზის მეშვეობით თრგუნავს პაციენტის თავისუფალ ნებას და შთააგონებს: "დე იყოს ნება ჩემი".

ჰიპნოზის მეშვეობითვე უნერგავს მას საკუთარი ავტორიტეტის უზენაესობას და აზრს, თითქოსდა განსაკუთრებული ნებისყოფით ძალუძს ალკოჰოლიზმისაგან პაციენტის განკურნება, ამის შემდეგ პაციენტი სრულიად მიენდობა "მკურნალს" - რაოდენ უგუნურად იქცევიან ისინი, რომლებიც, ვინ უწყის, ვის სათარეშოდ იმეტებენ საკუთარ ნებას.
კოდირების დროს "მკურნალი" აღასრულებს ქმედებებს, რომლებიც წარმართულ სარიტუალო ცეკვებს მოგვაგონებს: ხმამაღალი შეძახილები (შეფუცვები) მაგიური შინაარსით დატვირთული ჟესტიკულაცია (მაგალითად, გაშლილ ხელებს ნარნარად სწევენ ზემოთ, ხელებით გადაჰკვეთავენ ჰაერს ჯვრის სახედ; პაციენტის ფსიქიკაში "კოდის შესაყვანად" კეფაზე მიადებენ ხელებს და ა.შ.), აბაკუნებენ ფეხებს, ხტუნაობენ შენობაში, სადაც კოდირება ხდება, სინათლე ხან ქრება, ხანაც ინთება. ციმციმებენ სხვადასხვა ფერის ნათურები, განუწყვეტლივ ისმის საეკლესიო გალობათა ჩანაწერები, უკრავენ საერო სიმღერებსაც; იკითხება შინარსობრივად დამახინჯებული ან სრულიად უაზრო "ლოცვები" და ტექსტები სახარებიდან.

ქრისტეანული ცხოვრების არსში გაუთვითცნობიერებელ ადამიანს კოდით მკურნალნი უნერგავენ აზრს, თითქოსდა მათი ხელობა, ანუ "მკურნალობის" მეთოდი სათნო იყოს ღმრთისთვის. სინამდვილეში კი საეკლესიო საგალობელთა და სახარებისეულ ტექსტთა გამოყენება კოდირების (ანუ დაშამანების) ჟამს არის სატანისადმი მსახურება. სატანისტებიც თავიანთ დემონთმსახურებაში წარმოთქვამენ შინაარსობრივად დამახინჯებულ ლოცვებს, გადმოყირავებულ ხატებზე ლოცულობენ; სხვათა შორის კოდირების დროს შეიძლება გამოიყენონ ხატებიც, მაგრამ კოდით მკურნალნი ლოცვებს ხატებისკენ ზურგშექცეულნი წარმოთქვამენ.

ზოგიერთი კოდით მკურნალს შუბლზე ნემსის ჩხვლეტით შეჰყავს კოდი პაციენტში - ანუ საიდუმლო შიფროგრამა, რიცხვთა გამოსახულება რომელიც უხილავია თვალთათვის. კოდით მკურნალთა აღიარებით, კოდირების მიზანია "შემწეთა" (ქრისტეანული გაგებით დემონთა) გარდამოწვევა, რომლებიც "დაეხმარებიან" მას თავი დაანებოს ალკოჰოლურ სასმელს, სიგარეტს, დაიკლოს წონაში და ა.შ. კოდით მკურნალნი დემონს არ უწოდებენ ბოროტ ძალას ან ეშმაკს, არამედ - "ადამიანში მობინადრეს", რომელიც ალკოჰოლისაგან ანუ სპირტიანი სასმელის მიღებისგან თავშეკავებაში "ეხმარება" კოდირებულს.

კოდით მკურნალთა განმარტებით, კოდი მოქმედებს ყველა ადამიანზე მიუხედავად რელიგიისა და იმისა, ნათელღებულია ის თუ არა, და ამით ცდილობენ პაციენტი კოდირების ყოვლისშემძლეობაში დაარწმუნონ, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესიის მადლმოსილებასა და ძლიერებაში დააეჭვონ.

კოდირების პროცესში "ლოცვით" "ღვთის მონებზე" გარდამოიწევა "კურნება", ხოლო ისინი "ღვთის მონებად" მხოლოდ თავიანთ პაციენტებს მიიჩნევენ, თუნდაც სრულად ურწმუნო იყოს ამდაგვარი.

კოდით მკურნალები ავრცელებენ "სამკურნალო" ფირფიტებს და საკუთარი ხმის მაგნიტურ ჩანაწერებს, საკუთარ ფოტოსურათებს, წერილებს, რათა მათი მეშვეობით (და, რა თქმა უნდა, უწმინდურ სულთა შემწეობით) "დამუხტონ" პაციენტი (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის კოდირებისთვის სხვა ხერხებსაც მიმართავენ, მაგალითად გავრცელებულია ვინმე ილონა დავიდოვას მეოდი, რომლის მიხედვითაც მაგნიტოფირზე ჩაწერილი კოდით მსმენელს ინგლისურს "ასწავლიან". ადამიანის ცნობიერებაში შეჰყავთ კოდი, სულს ეუფლება დემონი, რომელიც მას უცხო ენების შესწავლაში "ეხმარება". დამუხტული ჟურნალ-გაზეთებისა და კასეტებისა თუ ფირფიტების გარდა კოდირების უმძლავრესი საშუალებაა რადიო და ტელევიზია. ექსტრასენსთა აღიარებით, ცოცხალ სეანსთან შედარებით 30000-ჯერ აძლიერებს "ექსტრასენსორულ" მუხტებს). უსულო საგანთა მეშვეობით წარმოებულმა "მკურნალობამ" თუ "განათლებამ’ უნდა მიგვახვედროს, რომ საქმე გვაქვს ჯადოქრობასთან, გრძნეულებასთან, რომლებიც ჩვენზე ბოროტ სულთა შემწეობით ზემოქმედებენ.

კოდირების დროს პაციენტებს არც თუ ხშირად კრუნჩხვითი შეტევები მოსდით; მრავალი კოდირებული გამუდმებით გრძნობს, როგორ ზემოქმედებს მასზე კოდი და შემაძრწუნებელი შიშით თრგუნავს მის სულს; კოდირებულებს უხილავ არსებათა ხმები და ბრძანებები ესმით; არც თუ იშვიათად სიცოცხლეს ამთავრებენ თვითმკვლელობით ან ჰკლავენ საკუთარ ახლობლებსა თუ ნათესავებს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ეშმაკეული, ან ღვთისმგმობელი, უკიდურესი სიძულვილით ექცევა ტაძრებს, სახლში ხატებს ამტვრევს და ა.შ.

კოდირების შემდეგ, მედიცინისთვის გაურკვეველი მიზეზებით ავადმყოფს უეცრად საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პარალიჩი ემართება, დაუდამბლავდება ხოლმე ხელები ან ფეხები; კოდირებულთა შორის გახშირებულია უეცარი სიკვდილის შემთხვევები. მაგრამ ყველაზე საშინელი, რაც კოდირებას მოაქვს ადამიანისათვის ეს სულის სამარადისო წარწყმედაა თუ იგი სასწრაფოდ არ განიწმიდება ამ დემონური მწიკვლისაგან წმ. ნათლისღებით, ხოლო თუ ნათელღებულია, მაშინ სინანულისა და ევქარისტიის წმიდა საიდუმლოებებით. არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ კოდით მკურნალთ, რათა არ მოაკლდეთ მარადიულ ცხოვრებას.


როგორ ვებრძოლოთ სახლში დაბუდებულ ბოროტ ძალას



თითქმის ყველგან, სახლებში, უცნაური და შემაძრწუნებელი მოვლენები ხდება, სადღაც, ვაღაცასთან ჭურჭელი ფრენას იწყებს, ან კიდევ კარადა ან სკამი წაიქცევა თავისთავად. ოთახში დადის მოჩვენება, ისმის ფეხების ბაკუნი, სიცილი და ხარხარი როდესაც შინ არავინაა. ამგვარი და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელსაც პოლტერგეისტი (გერმ. "სულების ამბოხი") შეარქვეს, - დემონთა მზაკვარობაა. დემონიზმის გამოვლინებაა ადამიანის საცხოვრისში ეშმაკის დამკვიდრება, რომელსაც უბრალო ხალხში "სახლის ბინადარს" (რუს. "დომოვოი") უწოდებენ. ადამიანებს ხშირად არც კი ესმით თუ რა უბედურება შეიძლება შეამთხვიოთ ამ "ბინადარმა" და აი, რატომ: შორეულ წარსულში, როდესაც ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლები ანუ წარმართები იყვნენ, ეშმაკის შთაგონებით ყოველგვარ დემონურ გამოვლინებებს მოწიწებით ეპყრობოდნენ. მათვე შთააგონეს ადამიანს "სახლის ბინადართა", "ფუძის ანგელოზთა" თუ "ადგილის დედათა" თაყვანისცემა, თითქოსდა ისინი კეთილი სულები იყვნენ. ქრისტეანმა უნდა უწყოდეს, რომ "ე.წ. სახლის ბინადარი" (გნებავთ "ფუძის ანგელოზი" თუ "ადგილის დედა") - ბოროტი არსებაა, - მზაკვარი დემონია. არავითარი ადგილისა თუ სახლის მფარველი ის არ არის და მხოლოდ უკიდურესად გარყვნილ, უღვთო და გრძნეულ ადამიანებთან ცხოვრობს.

როდესაც რომელიმე სახლში დაიბუდებს, ეშმაკი ყოველგვარ სისაძაგლესა და უბედურებას მოაწევს მათ მკვიდრთ, რამეთუ ის ბოროტი სულია და არა კეთილი. "სახლის ბინადარი", ანუ ეშმაკი, ფარულად მოქმედებს და სახლში მცხოვრებთა წარწყმედას ცდილობს.

ის ყოველთვის უხილავია მათთვის, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც თავის მუნმყოფობას აჩენს. ღამით სიბნელეში, "ბინადარი" შიშის ზარს სცემს სახლში მცხოვრებთ, დადის ოჯახებში, აბაკუნებს ფეხებს, აჭრაჭუნებს კარებზე, ერთი ადგილიდან მეორეზე გადააქვს ავეჯი და ა.შ. ეს უწმინდური სული ადამიანს საწოლშიაც კი ესხმის (გამოჩნდება ბანჯგვლიანი ან სხვა საზარელი სახით). მაგალითად: ერთი მხცოვანი ქალბატონის საწოლიდან ყოველ ღამე ძვრებოდნენ საშინელი კატები და თავს ესხმოდნენ მძინარეს. ბოროტ ძალთა სტუმრობა მხოლოდ მაშინ შეწყდა, როდესაც დედაკაცმა ბოროტი სულის განსადევნად მღვდელს მიმართა.

სახლის ბინადარი ადამიანის გამასხარავებას ესწრაფვის: მიაჭერს მას საწოლზე, ბწკენს ან ახრჩობს. ამის შემდეგ ადამიანს ტანზე ემჩნევა ლები (ჩალურჯება) და უწმინდურის ჩაწითლებული ნათითარიც კი ეტყობა. ზოგჯერ იმდაგვარად დაუწნავს და აურევს თმებს დედაკაცებს, რომ მათს დავარცხნას შეუძლებელს ხდის.

ხალხში დამკვიდრებულია აზრი, რომ "ბინადარი" არ უნდა გავანაწყენოთ, თორემ რაიმე უბედურებას შეგვამთხვევვს. არიან ისეთებიც, რომლებიც ახალი სახლის აშენებისთანავე თანამოსახლედ შემოიწვევს ხოლმე დემონს ("ბინადარს") ან სხვა ბინაში საცხოვრებლად გადასვლისას თავისკენ უხმობენ. როგორი წინდაუხედავნი და უგუნურნი არიან ამდაგვარნი! განა შესაძლებელია ეშმაკთან მშვიდობით თანაარსებობა, როომელიც მტერია ჩვენი ცხოვრებისა? როგორ შეიძლება საკუთარ სახლში ეპატიჟებოდე დემონს? ვესაუბრებოდეთ ჭინკას? ეს ხომ უგუნურებაა!

გონიერი კაცი შინ კი არ უნდა ეპატიჟებოდეს ეშმაკს, არამედ დევნიდეს; თუ ვინმეს ეწვევა "ბინადარი" გააგდეთ იგი, გამოისახეთ პირჯვარი და თქვით: "უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" და წაიკითხეთ ლოცვა: "აღდეგინ ღმერთი..." დემონნი ძრწიან, როდესაც ამ ლოცვას ისმენენ და მყის განქრებიან. არასოდეს დაივიწყოთ მისი წარმოთქმა ძილის წინ, რათა ღამე დემონმა არ შეგაწუხოთ.

რამდენად დამღუპველია ადამიანისათვის უჩინარ, ბოროტ სულთა შემოწვევა ჩანს შემდეგი მაგალითიდან: ერთმა დედაკაცმა ახალ საცხოვრებელ ბინაში გადასვლისას თან "გაიყოლია" "ბინადარი", რომელიც სახლის სანაცვლოდ თვით ამ დედაკაცში შესახლდა და აგერ უკვე ათეულობით წელიწადია სტანჯავს უბედურს. ჩვენთვის ცნობილია ქართველი მწერალი, რომლის სახლში მკვიდრობს "ბინადარი", ჰკარნახობს აზრებს, აწვდის "სიბრძნეს", რომელსაც ეს მწერალი შემდგომ პრესაში "აფრქვევს". ესმის მისი ფეხის ხმა და ა.შ.

ერთ ოჯახში "ბინადარი" "უცხოპლანეტელის" სახელით ცხოვრობს, სტუმრებს უმასპინძლდება კამფეტებით (ოღონდაც "ზრდილობა" აკლია, - კამფეტებს ისვრის... ზოგჯერ კი კამფეტების ნაცვლად ქვის სროლასაც არ ერიდება). გამოჩნდნენ გაბრიყვებულნი, რომლებმაც ამ მოვლენის "მენიერული" კვლევა წამოიწყეს, "უცხოპლანეტელთან" კონტაქტი დაამყარეს და ცხოვრების მეგობრად გაიხადეს... ცნობილია შემთხვევა, როდესაც "უცხო პლანეტიდან" ჩამოფრენილმა ჰუმანოიდმა" ოჯახში დაამტვრია ჯამ-ჭურჭელი (!). თქვენს მეგობრად ნუ ჩათვლით ამ არსებებს! ესენი ღვთისგან შერისხული უწმინდური სულები არიან.

ის, ვინც სახლის მეპატრონედ, ან კეთილ და უწყინარ არსებად მიიჩნევს დემონს, დიდად სცოდავს. გულწრფელად შეინანეთ ეს ცოდვა ღვთისმსახურთა წინაშე და ამ მომენტიდან მაინც ნუ მიაგებთ მას ნურავითარ პატივს. ნუ გეშინიათ "ბინადართა" და ნუ დაგაბრკოლებთ აზრი, თითქოსდა მასთან მტრობა ზიანს მოგიტანთ. გქონდეთ ღვთის შიში და არა დემონისა! რამეთუ მხოლოდ ღვთის ძლიერებას ძალუძს დაგაძლევინოთ ბოროტ სულთა ამხედრება და თუნდაც გაილაშქროს უწმინდურმა თქვენს წინააღმდეგ იმის გამო, რომ მას განუდექით, უკან ნუ დაიხევთ, არამედ მარხვით, ლოცვითა და ცოდვათაგან განწმენდით გამოუცხადეთ მას სულიერი ბრძოლა! "დაემორჩილეთ ღმერთსა და წინა აღუდექით ეშმაკსა და ილტვოდეს თქუენგან" (იაკობ. 4:7). არასოდეს დაუბრუნდეთ თქვენს ცდომილებებს დემონებთან დაკავშირებით და ღმრთის შემწეობით სძლევთ სატანას.

დემონი უამრავი სხვადასხვა სახით მოქმედებს კაცზე. ცნობილია მასთან კონტაქტის დამყარების მრავალი ხერხი, რომელსაც თვითონვე ასწავლის ადამიანს. ამ ბოლო ჟამს გამოჩნდნენ "მოლაპარაკე" მაგიდები, თეფშები, წიგნები და სხვა. სულმოკლე ადამიანები მათი მეშვეობით შეკითხვებს აძლევენ "გარდაცვლილთა სულებს" (ანუ დემონებს) ან პატივისცემით მიმართავენ ამ საგნებს (მაგ. მაგიდას), რომლებიც მათ კაკუნით პასუხობს. ქრისტეანნი არ უნდა იყვნენ ძლეულნი ცონიბისწადილით და მისთვის საჭირბოროტო საკითხებზე პასუხებს ეშმაკთან არ უნდა ეძიებდნენ.

ისიც ხდება, რომ ზოგჯერ ადამიანებს ეცხადებათ გარდაცვლილ ნათესავთა სულები, შემოდიან კონტაქტში, უხმობენ მათ თავისკენ, დამახინჯებულად აღწერენ იმქვეყნიურ ცხოვრებას და ა. შ. სინამდვილეში ასეთ ადამიანებს გარდაცვლილ ნათესავთა სახით ეცხადებიან დემონები. მაგალითად ერთ დედაკაცს ყოველ ღამე ეცხადებოდა გარდაცვლილი ქმარი, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. სახლში ის არ შედიოდა, არამედ გარეთ იწვევდა "მეუღლეს", რასაც იმით ხსნიდა, რომ ჯვარი, რომელიც მეუღლის საწოლის თავზე ეკიდა, შემოსვლაში ხელს უშლიდა.

ზოგჯერ დემონი ჯკუასაც კი არიგებს თავის მსხვერპლს, მოუწოდებს იაროს ეკლესიაში, ხშირად ილოცოს, ეზიაროს, რამეთუ გამორჩეულ ცხვართა მირთმევას ესწრაფვის. თუ ეკლესია ბუტაფორიადაა ქცეული და მადლგაცლილია (ასეთია ყველა საკრებულო და მათ შორის გაბატონებული ე.წ. ქართული "მართლმადიდებელი" ეკლესიაც, სადაც ყალბი, წყალპკურებითი "ნათლობის" გამო მღვდლობა გაუქმებულია), ეშმაკიც დიდის მონდომებით მოუწოდებს ხოლმე იქითკენ თავის მსხვერპლს. ქართულ პრესაში ხშირად იბეჭდება მსგავსი მასალები: მაგალითად, ერთ-ერთ გამოცემაში ახალგაზრდა გოგონა ჰყვება თუ როგორ ეცხადება ღამით გარდაცვლილი "ძმა", რომელიც მას არწმუნებს: "მე ნახევრად სახლში ვარ, ყველაფერს ვხედავ და ყველაფერი მესმის, მაგრამ თქვენ ვერ მხედავთ". კორესპონდენტის შკითხვაზე, როგორ გრძნობს ოჯახი გარდაცვალებულის სულის იქ ყოფნას, გოგონა პასუხობს: "ვგრძნობთ იმით, რომ როცა ჩავფიქრდები მოწყენილი, ყოველთვის ან რაღაც ჩამოვარდება ან ყვავილები დაიწყებენ გარედან შრაშუნს..."

"მიცვალებული" ერთხელაც "გაბრაზებულა": "...ამდენ ხანს როგორ ვერ იყიდეთ ტანსაცმლის კარადა. მოკიდა ხელი თავის ტანსაცმელს და ლურსმნიანად გამოქაჩა... ლურსმნიანად გამოგლეჯილი მთელი ტანისამოსი ძირს ეყარა..." ჰყვება გოგონა. ოთახში დაბრუნებული "მიცვალებული" ხშირად მოუწოდებს ოჯახის წევრებს, იარონ ეკლესიაში, ილოცონ. ოჯახმაც მოუხშირა გაბატონებულ, ბუტაფორულ ეკლესიაში სიარულს, მაგრამ არავინ აუხსნა მათ შეუძლებელი რომაა მიცვალებული "ნახევრად სახლში იყოს"... ძმის დაღუპვის დროიდან გოგონას ყელზე წითელი ლაქა გამოაჩნდა, რომელიც ყოველთვის როგორც კი გაიგებს ცუდს ან საწყენს რაიმეს, წინასწარ ყელზე გამოჩნდება ხოლმე ("ეს საინტერესოა" 5(49) 1997 წ. სტ. "იქ ყველას ლოცვა ისმის და იწერება"). მსგავსი შემთხვევები საკმაოდ მრავლადაა.

მცირე სჯულისკანონში დასმულია კითხვა: "თუ გამოჩნდება გარდაცვლილი ან როგორც იტყვიან საიქიოდან გამოცხადებული, რა უნდა მოვიმოქმედოთ?" და იქვე ასეთი პასუხია მოცემული: "არაფერი ამდაგვარი არ ხდება, - დაიჯერეთ! არამედ ადამიანის შეცდენას ცდილობს ეშმაკი და კაცთ საცდუნებლად და ღვთის განსარისხებლად იქმს ამგვარ ცრუ ჩვენებას. ზოგს ღამე გამოეცხადება ნაცნობის სახით, გაესაუბრება და უწინასწარმეტყველებს. ზოგჯერ კი უკვე გარდაცვალებულსაც იხილავენ... უწმინდური დემონის თვისებაა მრავალსახე მოჩვენებათა წარმოქმნა და მით ადამიანთა ცდუნება. ამგვარი დემონი იმ ფუტკარივითაა, რომელიც ყოველგვარი წინააღმდეგობისა და სიძნელის გარეშე შეფრინდება ცარიელ სკაში და იქ დაიბუდებს; ეშმაკიც როდესაც უდარდელი და სულიერად ცარიელი კაცის სხეულს მოიპოვებს, შიგ შესახლდება და ათასგვარ ოცნებებსა და წარმოდგენებს აღძრავს მასში, რითაც აცდუნებს კიდეც. თუ აღმოჩნდება ასეთი დემონი, მოუწოდე მღვდელს, რათა ჩაატაროს პარაკლისი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და აკურთხოს წყალი. ჩაატაროს ლიტურგია ილოცონ სამწმინდაო და მოსახსენებელი წანდილით, შემდგომ წაიკითხონ ორი შეფუცვა წმ. ნათლისღებიდან. ნაკურთხი წყალი მიაპკურონ სხეულზე ბორგნეულს და ქრისტეს მადლით გამოვა დემონი მისგან. ასე მოიქცა წმ. მაკარი, რომელმაც ლოცვით განკურნა დედაკაცი, რომელიც ჭაკად ექცია დემონს თავისი ეშმაკობით" (Потребник изд. При патр. Филарете. Номоканон, ст. 172-173).

მაშ ასე, თუ ამდაგვარი რამ შეგემთხვევათ, იცოდეთ - თქვენ გეწვიათ დემონი, რომელიც მოტყუებით ცდილობს თქვენი სულის მისაკუთრებას. ამიტომაც ასეთ დროს დაუყოვნებლივ მოუხმეთ ღვთისმსახურთ, რათა მათ ლოცვით განდევნონ უწმინდური სული თქვენგან. განეშორეთ ცოდვას, ხშირად ეზიარეთ უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს ქრისტესი, დაესწარით ღვთისმსახურებას ტაძარში, რეგულარულად ილოცეთ სახლში; თუ ახალ ბინაში ან ახალ სახლში გიწევთ ცხოვრება, გახსოვდეთ, რომ თავიდანვე მღვდელმა უნდა აკურთხოს იგი. ასევე უნდა მოიქცეს ის, ვინც ძველ, მაგრამ უკურთხებელ სახლში ცხოვრობს.



მკითხაობის შესახებ



ზოგიერთი ადამიანი მკითხავთა შემწეობით ცდილობს თავის მომავალში წვდომას, რითაც უმძიმეს ცოდვას სჩადის. ასეთი ადამიანები ჯოჯოხეთს დაიმკვიდრებენ თუ გონს არ მოეგებიან და არ შეინანებენ, რამეთუ მკითხავნი სატანას ემსახურებიან. ამტკიცებენ თითქოსდა ეს საქმიანობა უვნებელია, ძველადაც ხომ იყვნენ მკითხავნი. ის ფაქტი, რომ მკითხაობა უძველესი დროიდან იღებს სათავეს უეჭველია, მაგრამ ღმერთმა ჯერ კიდევ ძველ აღთქმაშივე აკრძალა მათთან ურთიერთობა: "ნუ იქნება შენს შორის თავისი ვაჟისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი, ჯადოქარი, მომნუსხველი, მარჩიელი, მსახვრალი, გრძნებით შემკვრელი, მესულთანე, მჩხიბავი და მკვდართა გამომკითხველი, რადგან საძაგელია უფლისათვის ყოველივე ამის გამკეთებელი და ამ სისაძაგლის გამო დევნის მათ შენგან უფალი, შენი ღმერთი" (მეორე სჯული. 18:10-12). ქრისტეს ეკლესიის სწავლებით მკითხაობა იგივე დემონთმსახურებაა. უსიამოვნებისა და უბედურების გარდა მას არაფერი მოაქვს. მკითხაობით გატაცება ცუდ ზეგავლენას ახდენს ოჯახზე, უარყოფითად აისახება შთამომავლობაზე. ისიც ხდება, რომ მკითხაობის დროს ადამიანი სარკეში ან წყალში ზედაპირზე (ჭიქაში) ხედავს იმგვარ რასმეს, რისგანაც ძლიერ სულიერ ტრამვას ღებულობს და შეიძლება ჭკუიდანაც შეიშალოს.

ასტროლოგიის მეშვეობითაც მკითხაობენ, ფართოდაა გავრცელებული ქირომანტია, ბანქოთი მკითხაობა და ა.შ. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ყოველივე ეს დაცემულ სულებთან კავშირია და მათთან კონტაქტს ამყარებენ არა მხოლოდ ასტროლოგები, ქირომანტები ან მკითხავები, არამედ ისინიც, ვინც გამოსცემს მათს ლიტერატურას, ავრცელებს და რეკლამას უწევს მათ. ქრისტეანის ვალია ყველას აუწყოს მკითხაობის და ამგვარი მოღვაწეობის მავნებლობაზე. ჭეშმარიტი ქრისტეანი არასოდეს დაიწყებს საკუთარი მომავალის ჩხრეკას, არამედ უპირველესად ყოვლისა უფლისადმი სასოებით განიმსჭვალება, დაიცავს მის მცნებებს, დარწმუნებულია, რომ ღვთის წყალობას არ მოაკლდება.



კომპიუტერული თამაშობანი



ამ ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში პერსონალურ კომპიუტერებთან ერთად სულ უფრო და უფრო მეტად ვრცელდება სხვადასხვა კომპიუტერული თამაშობები. კასეტები და დისკები ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება. ახალგაზრდები, ბავშვები, და თვით მოზარდნიც კი საათობით სხედან ტელევიზორის ან კომპიუტერული მონიტორის წინ და ერთობიან თამაშებით, რომელთაც აშკარად დემონური ხასიათი აქვს (სახელმწიფო გამომცემლობა "სამშობლო"-ს ერთ-ერთ განყოფილებაში გვინახავს სათამაშო კომპიუტერი, რომელზედაც ეშმაკთან მოთამაშე ადამიანია გამოხატული). კომპიუტერულ თამაშობათა უმეტესობა ჩაფიქრებულია და დაპროგრამებულია ისე, რომ მოთამაშემ აუცილებლად უნდა ინადიროს, მოჰკლას, სდევნოს ან დაასახიჩროს. ამ თამაშობებით გართული ბავშვები ფერად ეკრანებზე გათამაშებული სცენების ზეგავლენით პირდაპირ თრთიან ვნებათაგან.

ადამიანის ჯანმრთელობა ღებულობს უძლიერეს დარტყმას; ქვეითდება მხედველობა, იქანცება ნერვული სისტემა, სისხლი ღებულობს სისტემატურ და უარყოფით დასხივებას. ამგვარი თამაშობების შემდეგ ადამიანს აწუხებს უძილობა, თავის ტკივილი, ძილში საშინელი სიზმრები ეჩვენება...

კომპიუტერულ თამაშობებში ადამიანი ეხება დემონთა სამყაროს, განიცდის მათ ზეგავლენას და არცთუ იშვიათად ეშმაკეულიც ხდება. განსაკუთრებით საშიშია ეს გართობა მოზარდთათვის, გაუფრთხილდით ბავშვებს და, თუ თქვენთვის ძვირფასია მათი სულიერი და ხორციელი სიჯანსაღე, ამ დახვეწილ ბოროტებასა და ეშმაკის ამ მზაკვრულ ხრიკებს განაშორეთ.


ადამიანის წარწყმედა ეშმაკის ერთადერთი მიზანია

(თავი შედგენილია ტერტულიანეს (II-III ს.) "აპოლოგიის" (თ.22-23) მიხედვით)




ამრიგად, ჩვენ ბოროტ სულთა არსებობას ვადასტურებთ. მათი ვინაობა არ არის უცხო. იცნობდნენ დემონთ ფილოსოფოსები. სოკრატე თვითონ ელოდა გადაწყვეტილებებს მისგან, და რატომაც არა?! სიყრმიდანვე ჰქონდა ურთიერთობა დემონებთან, რომლებიც, ბუნებრივია, კარგს არაფერს ასწავლიდნენ. იცნობდნენ მათ პოეტებიც; ხოლო ადამიანთა ფართო მასა წყევლა-კრულვისას იხსენებს მათ სახელს.

სატანას, ამ ბოროტი მოდგმის მეთაურს, სულის ბუნებრივი აღძვრით სწყევლის ადამიანი. ბოროტის საქმიანობა ადამიანთა შეცდენაა. ამ ავი სულების მთელი ღვარძლი ადამის მოდგმის განადგურებისაკენ არის მიმართული. ისინი ათასგვარი დაავადებებით სწყლავენ ადამიანის სხეულს, სულს კი უეცარი და საშინელი თავდასხმებით აწუხებენ.

თავიანთი ბუნების ჰაეროვნებისა და სიფაქიზის მეოხებით მოქმედებენ ისინი ადამიანის სულიერ და ხორციელ ბუნებაზე. არ არსებობს მათთვის იმაზე უფრო სანუკვარი ლუკმა, ვიდრე ყალბი ხრიკებით, ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნებისაგან განმდგარი ადამიანი.

მთელი სამყარო მათთვის ერთი ადგილია, რამეთუ თვალისდახამხამებაში ძალუძთ გადაინაცვლონ ერთი ადგილიდან მეორეზე. სამყაროში მომხდარ ამბებს მყისვე გებულობენ და დაუყოვნებლივ იუწყებიან მის შესახებ. სისწრაფის ეს ბუნება მიუწდომელია. ისინი ყოველთვის მზად არიან ბოროტის საქმნელად და არასოდეს მოიმოქმედებენ კეთილს. უფლის გადაწყვეტილებებს ხალხისათვის გაცხადებული წინასწარმეტყველებიდან გებულობენ. ხოლო ამჟამად წმ. წერილიდან იღებენ, რომელსაც ტაძრებში ხმამაღლა კითხულობენ. და ამგვარად, თუკი შეიტყობენ რაიმეს სამომავლო მოვლენის შესახებ, თვითონვე იწინასწარმეტყველებენ და მით ღმერთთან პაექრობენ.

თუკი ჯადოქრები უხმობენ მოჩვენებებს და ბილწავენ გარდაცვლილთა სულებს, თუკი მომავლის შესაცნობად მსხვერპლად სწირავენ ბავშვებს და მოხეტიალე ოინბაზთა მსგავსად ხალხს ატყუებენ, მოავლენენ სიზმრებს და ბოროტ დემონთა დახმარებით მაგიდებსა და თხებს აწინასწარმეტყველებენ (იგულისხმება ონეირომანტიკა, ანუ სამსხვერპლო ცხოველთა შიგნეულობით მკითხაობა - არქიეპ. პ.). მაშინ, რა თქმა უნდა, საკუთარი ინტერესებისა და ზრახვების განსახორციელებლად მიუშვებენ იმ ძალებს, რომელთა სარგებლობასაც არც სხვებს უშლიდნენ...

რასაც გავიფიქრებდი იმას აკეთებდნენ, - წერს ერთი გრძნეული, - მაგალითად მასწავლებელზე თუ გავიფიქრებდი, რომ სკამს მაგიდაზე შემოდგამდა, ასეც ხდებოდა ხოლმე. ჩემს ამხანაგს თუ გადავცემდი, რომ ამდგარიყო და გაკვეთილის დროს "ვივა მარია" დაეყვირა, ის ამას გააკეთებდა. იყო ერთი განსჯა და სასამართლოები, მაგრამ საქმის ნამდვილი არსი არავინ იცოდა. საიდუმლო არავისთვის გამინდვია... შემეძლო ნებისმიერი გოგოსთვის თავბრუსდახვევა, ნებისმიერი ბანკის გატეხვა... უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გოგონა დავინახე... გადავცემდი ბრძანებას: "მე ვარ ის, ვისაც ეძებდი", "მე შემიძლია შენი დაცვა", "მე ძლიერი ვარ", ჩემი ბრძანებები თითქოსდა უხილავ კედელს აწყობდა... ვერ გამეგო, რა ხდებოდა... ვუღებდი სურათებს, მაგრამ ფირი არ გამჟღავნდა! ისევ პირისპირ დავუდექი და მოულოდნელად გადავუღე რამდენიმე კადრი, რითაც კიდევ უფრო გავაღრმავე მისი უნდობლობა ჩემდამი. არც ის ფირი გამჟღავნდა! დავასკვენი, რომ ზეგარდმო ძალები მფარველობდნენ... გოგონა ვერ მიტანდა... "კვალიფიკაციის ასამაღლებლად" წავედი და მჯეროდა, რომ იგი ამჯერად მაინც ვეღარ გაუძლებდა ჩემს იერიშებს. როცა დავბრუნდი, გოგონა გათხოვილი დამხვდა. ვაღიარებ, რომ მცირე ბრძოლას კვლავ ვაგრძელებდი, რათა ან გოგონას დაეტოვებინა ქმარი ან პირიქით. ქმარს ძილში გადავცემდი ბრძანებას: "თავი დაანებე"! ბრძოლა მაშინ შევწყვიტე, როცა ყველა იმედი გადამეწურა. ეს წლები სრული იდიოტივით გავატარე...

გადავწყვიტე აღსარება მეთქვა და შემეცვალა ჩემი ცხოვრება. ვაპირებ ბერად შედგომას" (გაზეთი "ასავალ- დასავალი" 1996 წ. 6-12 აგვისტო 12(104).

სხვადასხვაგვარი არიან მათგან გამოწვეული სიგიჟენი: ერთნი გამწარებულნი დაძრწიან წმიდა საყდრის ირგვლივ, სხვები ერთი სახურავიდან ახტებიან მეორეს, ვიღაც, ამ იდუმალი და უხილავი ძალის შთაგონებით ისახიჩრებს თავს, სასქესო ორგანოებს და ხელებს; მათი შთაგონებით ყელსაც კი იჭრის ზოგიერთი. ამგვარია ამ სიგიჟის საბოლოო შედეგი და ბოროტი ძალა აქეზებს ადამიანის ამგვარ ქმედებისკენ.

მაშ იფხიზლეთ საყვარელნო, რათა "არა შევარდეთ საფრხესა ეშმაკისასა" (შეად. I ტიმ. 317, 2 ტიმ. 2:26), და იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით... ხოლო ღმერთი ყოველი მადლისა, თავისდა სადიდებლად რომ გიხმოთ იესო ქრისტეს მიერ, თქვენი ხანმოკლე ტანჯვის შემდეგ თვითონვე სრულგყოფთ, დაგამკვიდრებთ, გაგაძლიერებთ და განგამტკიცებთ. დიდება მას და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ" (1 პეტრე. 5:8,10,11).


"აპოკალიფსისის" რედაქცია - სხვადასხვა მართლმადიდებლური მასალების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню