ოკულტიზმი და მაგია - ანენერბე 3 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ვლადიმირ ბროვკო


ანენერბე

ანენერბესა და მისი სტრუქტურების შექმნის ისტორია

ოკულტური რეიხი

სარჩევი


ნაწილი 3

"ყველაფერს კადრები წყვეტენ"


გამოთქმა "კადრები წყვეტენ ყველაფერს" ეკუთვნის ი. სტალინს, მაგრამ მთელი სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ სინამდვილეში მან ასე თქვა: "კადრები წყვეტენ ყველაფერს, და არა ხარები და მანქანები" (სტალინის სიტყვა სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულთა წინაშე 1935 წლის 4 მაისს).

კითხულობდნენ თუ არა სტალინის გამოსვლებს გერმანიაში, ავტორისთვის უცნობია, იქ ხომ ორატორობის თავიანთი ფანატი ა. ჰიტლერი ჰყავდათ, მაგრამ ჰიტლერი, ჰიმლერი და მისდამი დაქვემდებარებული თანამშრომლები ორგანიზაცია "ანენერბედან" ზუსტად "სტალინურად" რომ მოქმედებდნენ უეჭველია.

1937 წლიდან მოყოლებული, როდესაც ორგანიზაცია "ანენერბე" ოფიციალურად და სრულიად, მთელი თავისი განყოფილებებითა და ფილიალებით, SS-ში შევიდა, მისი ბერლინური შტაბ-ბინა საკმაოდ ვიწრო აღმოჩნდა. თვით ბერლინიც კი, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქი იყო, ნაკლებად გამოსადეგი გახლდათ ამ მკაცრად გასაიდუმლოებული ორგანიზაციისთვის, რამეთუ გატენილი იყო აგენტებით მთელი მსოფლიოდან.

მარტო ფონ შტირლიცი (НКВД-ს აგენტი მ. მ. ისაევი) რად ღირს! მან ხომ საკმაოდ სერიოზულად შეუშალა ხელი "ანენერბეს": ატომური ბომბი გერმანელებმა ვერ მოასწრეს, რაკეტა ფაუ-2 პოლონეთში მოიპარა, ხოლო თვით ჰიმლერი და ფოლფი თითზე დაიხვია...!

ამიტომაც, უმეტესი გასაიდუმლოებისთვის და უკვე განშტოებული "ანენერბეს" ხელმძღვანელობის ოპტიმიზაციისთვის, ჰ. ჰიმლერის გადაწყვეტილებით მთელი მისი ხელმძღვანელობა და მნიშვნელოვანი განყოფილებები გერმანულ ციხე-სიმაგრე ვეველსბურგში გადაბარგდა.







მანამ, SS-ს უკვე მეთვალყურეობის ქვეშ ჰქონდა აყვანილი ეს ნაგებობა, რადგან SS-ის სასამართლო და SS-ის რეისხფიურერის ჰ. ჰიმლერის პირადი შტაბი სწორედ იქ მდებარეობდა. და აი, სწორედ ამ მოშორებულ, ძველ და მისტიკური წარსულის მქონე ნაგებობაში შესახლდა "ანენერბეს" განყოფილებები. კერძოდ:

ოკულტიზმის ბიბლიოთეკა,

ძველი ისტორიის ინსტიტუტი,

არქეოლოგიური მუზეუმი,


რამოდენიმე ათეული ლაბორატორია რომელთა უმთავრესი დანიშნულება ახალი "ზეკაცის" შექმნა გახლდათ, რომელიც თავისი ძალით ღმერთს გაუტოლდებოდა, გარდა ამისა ა. ჰიტლერისა და ჰ. ჰიმლერის ერთობლივი გადაწყვეტილებით ვეველსბურგის ციხე-სიმაგრეში ასევე განთავსდა:
SS-ის ნორდული აკადემია

მისი კურსდამთავრებულების შესახებ ცალკე გვექნება საუბარი. ჯერ-ჯერობით კი თვით ციხე-სიმაგრეზე გავაგრძელოთ მსჯელობა. თან შევნიშნავ, რომ ახალი დანიშნულების გათვალისწინებით, ციხე-სიმაგრისა და მისი შემოგარენის რეკონსტრუქციაზე, მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც იქ იმყოფებოდა "ანენერბე", სულ დაიხარჯა 250 მლნ. რაისხმარკა, ანუ 1 მლრდ. აშშ-ს დოლარი იმდროინდელი კურსით.


ვეველსბურგის ციხე-სიმაგრის ისტორია


ეს იყო რენესანსული ციხე-სიმაგრე ბიურენის (გერმანია, ჩრდილოეთ რეინის, ვესტფალიის მიწა) სამხრეთით, პადერბორნთან ახლოს. დღეს არსებული და აღორძინების ხანის სტილის ვეველსბურგის ციხე-სიმაგრე აშენებულია 1603-1609 წლებში. მისი მშენებელი გახლავთ პადერბორნის თავადი და ეპისკოპოსი დიტრიხ ფონ ფიურშტენბერგი (მართავდა 1585-1618 წლებში).

ოცდაათწლიან ომში ციხე-სიმაგრე ძლიერ დაზიანდა, ხოლო 1815 წელს ელვამ ჩრდილოეთი კოშკი მთლიანად დაწვა.

1945 წელს ციხე-სიმაგრის აფეთქებას ცდილობდნენ SS-ის შენაერთები, მაგრამ გაუგებარი მიზეზით ნაგებობის უდიდესი ნაწილი გადარჩა. დღეს ის რესტავრირებულია და მოქმედებს როგორც მუზეუმი.


1934-1945 წლებში ვეველსბურგი ესესელთა ერთგვარი მონასტერი გახლდათ, რომელშიც წელიწადში ერთხელ ორდენის გენერალი (ჰ. ჰიმლერი) საიდუმლო კონსისტორიის სხდომებს მართავდა.



აქ უნდა ყოფილიყვნენ ყველანი, ვინც კი ორდენის უმაღლეს წოდებას მიეკუთვნებოდა, აქ უნდა ეწვრთნა მას თავისი სული კონცენტრაციის ხელოვნებაში.

ციხე-სიმაგრის გადაკეთებას ხელმძღვანელობდა ჰერმან ბარტელსი (Hermann Bartels), რომელმაც 1940-იან წლებში მოამზადა ციხეს-სიმაგრის ირგვლივ არსებული ტერიტორიის მოწყობის გრანდიოზული პროექტი.





პროექტის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ჰ. ჰიმლერი ვეველსბურგს მსოფლიოს ცენტრად მიიჩნევდა და მის ირგვლივ მთელი ქალაქის გაშენებას აპირებდა, რომლის უბნები წარმოქმნიდნენ კონცენტრირებულ წრეებს და გაიმეორებდნენ "მკვდარი თავის" მითოლოგიურ ნიშანს.

და ეს ოდენ ჰ. ჰიმლერის უბრალო ახირება როდი გახლდატ, რამეთუ მთელი პროექტი დაფუძნებული იყო "ანენერბეს" სპეციალისტების მთელ რიგ დასკვნებზე, რომლებმაც შესძლეს ძველი გერმანელების მიერ შექმნილი ქვის ლაბირინთების შესწავლა და საიდუმლო ცოდნის გაშიფრვა, რომელიც მათ სიფრიფანა მატერიალური ველების წარმოსაქმნელად შექმნეს.

სწორედ ეს ნაგებობები ააფეთქეს SS-ის ჯარისკაცებმა 1945 წელს. გადარჩა მხოლოდ ცალკეული ნახაზები სამშენებლო პროექტიდან. ხოლო დაცული ფოტოსურათების მიხედვით შექმნეს მაკეტი, რომლისგანაც უნდა მიეღოთ უფრო გრანდიოზული პროექტი, ვიდრე ვატიკანია.

ვეველსბურგის ციხე-სიმაგრეს "SS"-ის დოკუმენტებში კიდევ "SS-ვალჰალლას ციხეს" უწოდებდნენ და სამკუთხა ფორმისა გახლდათ. "ანენერბეს" სპეციალისტების აზრით ის თავის მხრივ ეკუთვნოდა მისტიკურ სამკუთხედს, რომლის პირველი წვერი იყო ძველ გერმანელთა ქვები ეკსტერნშტაინეში, მეორე წვერი გერმანელებისა და რომაელების ბრძოლის ველი ტოვტენბურგის ტყეში და მესამე წვეერი - ძველი ქალაქის არმაბეგის ნანგრევები, რომელიც, იმავე სპეციალისტების აზრით, უფრო ძველი იყო, ვიდრე იუდაური ქალაქი იერიქონი.

როდესაც ვეველსბურგის ციხე-სიმაგრეზე ვლაპარაკობთ, ასეთი რამეც უნდა ვთქვათ. ძვირფასო მკითხველო, თუ გითამაშიათ კომპიუტერული თამაში "Return to Castle Wolfenstein" ყველა მისი გაგრძელებითურთ, მაშინ თქვენ პირადად, ვირტუალურად უკვე ყოფილხართ ამ ციხე-სიმაგრეში და თვითონ გიბრძოლიათ გერმანელებისა და იმ მონსტრების წინააღმდეგ, რომლებიც მათ ამ ციხე-სიმაგრეში გააჩინეს!

"ანენერბეში" თავმოყრილი გერმანელი მეცნიერები სრული სერიზულობით მიიჩნევდნენ, რომ ველვესბერგის სიმაგრე და მისი გარემო ტერიტორია გახდებოდა მომავალი ბრძოლის ველის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჯარებს შორის! ამ იდეას აქტიურად უჭერდა მხარს ანენერბეს ერთ-ერთი ხელმძღვანელი კ. მ. ვლლინგუტი.

რადგან, სწორედ ეს ციხე-სიმაგრე უნდა გადარჩენილიყო უკანასკნელ ბრძოლაში ერებს შორის, ყოველი საგანძური, რასაც კი გერმანელები იპყრობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ ციხე-სიმაგრეში მოჰქონდათ. უპირველეს ყოვლისა ეს იყო ნივთები, რომლებიც დიდ ინტერესს წარმოადგენდნენ ოკულტისტებისთვის.

თვით ციხე-სიმაგრეში, თუ მის ღირსშესანიშნაობებზე ვილაპარაკებთ, უმთავრეს კოშკში იმყოფებოდა ორდენის (ბარონის) დარბაზი. მის შესასვლელში ამოტვიფრულია წარწერა: "Domus mea domus orationis vocabitur", რომელიც ასე ითარგმნება: "ჩემი სახლი ლოცვის სახლად იწოდება". მას კიდევ უწოდებდნენ "მიგრადს", ანუ "ცოცხალთა სამყაროს", სადაც 19445 წლამდე მუდმივად იკრიბებოდა SS-ის 12 უმაღლესი ფუნქციონერი ჰ. ჰიმლერის მეთაურობით.



ყოველ მონაწილეს თავისი სპეციალური გერბი ჰქონდა. აი თვითმხილველის ცნობა: "ვესფალია 1939 წელს. ცამეტი ადამიანი შეიკრიბა ვეველსბურგის სიმაგრის ბარონის დარბაზში. ყველა ერთნაირად არის ჩაცმული. ყოველ მათგანს სარიტუალო ხმალი უპყრია. ყოველი მათგანი ატარებს ვერცხლის ბეჭედს. საზეიმოდ იკავებენ ისინი თავიანთ ადგილს მუხის უზარმაზარი მრგვალი მაგიდის ირგვლივ, რომელიც ნახევრად ლეგენდარული მეფე არტურის მრგვალ მაგიდას მოგაგონებს.

სკამებს მაღალი საზურგეები აქვთ და ღორის ტყავითაა დაფარული, ყოველ საზურგეზე ვერცხლის დაფაა, რომელზეც სახელია ამოტვიფრული.

ციხე-სიმაგრეში ისინი თავიან შტაბ-ბინაში არიან. შენობა სხვადასხვა ისტორიულ სტილშია გამშვენებული და სხვადასხვა ისტორიულ პიროვნებებს ეძღვნება, რომელთაგანაც შეკრებილნი შთაგონებას ღებულობენ. როდესაც ცამეტმა წევრმა თავისი ადგილები დაიკავა, დიდი მაგისტრის ხელმძღვანელობით მედიტირება დაიწყეს".

მიცვალებულთა დარბაზში ყოველი წევრისთვის მომზადებული იყო საკუთარი ნიშა, სადაც ისინი უნდა დაკრძალულიყვნენ. ეს დარბაზი ორდენის დარბაზის ქვემოთ მდებარეობდა.



"მიცვალებულთა დარბაზის" შუაში, სპეციალური 12 საწმისისგან შეკრულ წრეში "მარადიული ცეცხლი" ან როგორც მას გერმანელები უწოდებენ "შავი მზე" აინთო.

აქ ჯეროვანია შეკითხვა. ხომ არ გადმოიღეს საბჭოთა იდეოლოგებმა 1945 წლის შემდეგ SS-ის ორდენიდან
"მარადიული ცეცხლის" იდეა, რომელიც შემდეგ წითელი არმიის დაღუპულთა პოსტამენტებზე აანთეს?

თვით ცეცხლთან სამი საფეხური ადიოდა, რაც ტიბეტური ლხასის მომლოცველთა სამ წრეზე მიანიშნებს. თვით სამსხვერპლოს სპეციალური სახელი გააჩნდა - "ნიფლჰაიმი", ანუ ცოცხალთა და მიცვალებულთა სამყაროების შეერთება.

მარადიული ცეცხლის, ანუ ნიფლჰაიმის ირგვლივ მდებარეობდა 12 სპეციალურადგილი საზეიმო ცერემონიალის მონაწილეთათვის.

ამავე აკლდამაში ჰიმლერი აგროვებდა "მკვდარი თავის" ბეჭდებს, რომელთა მფლობელები ომში დაიღუპნენ. ეს იყო ვერცხლის ბეჭდები, რომლებზეც ამოტვიფრული იყო თავის ქალა და ძველბი, სვასტიკა, რუნი "ჰაგალაზი" (hagalaz) (ძმობის სიმბოლო) და ორი რუნი "სოვილო" (Sowilo) (გამარჯვების სიმბოლო). შიდა მხარეს ამოტვიფრული იყო მფლობელის სახელი, გვარი, მინიჭების წელიწადი, ჰიმლერის ხელმოწერა და აბრევიატურა "S Lb", რომელიც შეიძლება გაიშიფროს როგორც "მისთვის საყვარელს".





ასეთ ბეჭდებს მხოლოდ საუკეთესო ესესელებს აძლევდნენ. დიზაინი ჰიმლერმა და ვილიგუთმა მოიფიქრეს. მორთულობას მარცხენა ხელის არათითზე ატარებდნენ თავის ქალით პირისახისკენ.

ციხე-სიმაგრის ჩრდილოეთ კოშკში არსებობდა გრაალის სპეციალური დარბაზი, მასში 48 ფანჯარა იყო, რომლებიც ასგარდის სამყაროს ძველგერმანული ღმერთების სიმბოლურ რიცხვს წარმოადგენდნე.

ამავე დარბაზში იმყოფებოდა გრაალის სახელგანთქმული თასის პოსტამენტი, რადგან გერმანელები იმედოვნებდნენ, რომ გრაალს იპოვიდნენ.

ვეველსბურგის ციხე-სიმაგრეში გამართულ ყველა საზეიმო ღონისძიებაში SS-ის მხოლოდ 30 გენერალი დაუშვეს.

შეკრების დროს, ორდენის დარბაზში იქმნებოდა სპეციალური განათება, რომელიც აძლიერებდა შეკრებილთა გონებრივ საქმიანობას. მაგრამ განათება იყო არა მკაფიო, არამედ ნახევრადჩაბნელებული. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი რიტუალი, რომელიც იქ აღესრულებოდა, იყო ვაშლის გარშემო შეკრებილთა მედიტაცია.

ვეველსბურგის ციხე-სიმაგრის ძირითად ღირებულებას წარმოადგენდა "ბედის შუბი", ანუ რომაელი ლეგიონერის, გაი კასიუს ლონგინოზის შუბი, რომლითაც, ისტორიული ლეგენდის თანახმად მან ფერდი გაუგმირა იესუ ქრისტეს, რათა დაესრულებინა მისი წამება ჯვარზე. თვით შუბი წვერით აღმოსავლეთისკენ იყო მიმართული. "ბედის შუბზე" არსებობს კარგი მოთხრობა, რომელსაც აქ მთლიანად დავიმოწმებთ.



"ვენის ჰოფბურგში, ჰაბსბურგების სასახლის საგანძურში, თავმოყრილია მრავალი ქრისტეანული რელიქვია. მათ შორის სამართლიანად იკავებს პირველ ადგილს საგანი, რომელიც ფლობს არაჩვეულებრი9ვ, ზღაპრულ და ამიტომაც, არამიწიერ ენერგეტიკას. ეს არის შუბი, რომელმაც შეწყვიტა მაცხოვრის სიცოცხლე ჯვარზე. საუკუნეთა განმავლობაში ის წარმოადგენდა ძალისა და ძლიერების სიმბოლოს, და მას მრავალი სახელი ჰქონდა - ბედ-იღბლის შუბი, ძალაუფლების შუბი, წმიდა შუბი, ლონგინოზის შუბი, წმიდა მავრიკიუსის შუბი... ბევრწილად განაპირობებდა რა თავისი, გვირგვინმოსილი პატრონების ბიოგრაფიულ სარჩულს, მას კიდევ გააჩნდა ერთადერთი, მაგრამ კონკრეტული დანიშნულება - კაცობრიობის ისტორიის აღსრულება. გადმოცემით, ვინც ამ შუბის მფლობელი გახდებოდა, ის მსოფლიოს მპყრობელიც უნდა გამხდარიყო.

ამისი მიღწევა შესაძლებელი ხდებოდა იმის წყალობით, რომ შუბში საოცრად იყო შერწყმული ორი შეუთავსებელი პოლუსი: სიკეთე და ბოროტება. მაგრამ ეს ძალა ბრმა იყო. და ზნეობრივი არჩევანი მთლიანად შუბის მფლობელზე იყო დამოკიდებული.

ამბობენ, რომ ეს შუბი თავისი საიდუმლო მიზნებისთვის გამოჭვრითა იუდეველთა მღვდელმთავარმა, მღვდელმთავარ ელეაზარის შვილმა და აარონის შვილიშვილმა, მოგვმა და კაბალისტმა ფინესმა. აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწე - მხედართმთავარი, რომელიც არ ერიდებოდა საკუთარი ხელით დაესაჯა განდგომილნი, ფინესი არაერთხელ შესულა კონტაქტში ძალასთან, რომელსაც იმ დროს ღმერთს უწოდებდნენ, და აუწყებდა მას თავისი ხალხის ნებას. შუბი მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში ეხმარებოდა მას მიზნის მიღწევაში, რომელიც უბრალო მოკვდავთათვის მიუღწეველი იყო. წლითი წლამდე რელიქვიის ძლიერება მხოლოდ მატულობდა, და კიდევ უფრო იზრდებოდა მისი დაუფლების პრეტენდენტთა რაოდენობაც.

ის ხელთ ეპყრა იესუ ნავეს, როდესაც იერიქონის კედლების ნგრევას შეჰყურებდა. მეფე საულმა ეს მაგიური თილისმა ესროლა ჯერ კიდევ ყმაწვილ დავითს (შემდგომში მეფეს, ფსალმუნთმგალობელსა და წინასწარმეტყველს). ამ შუბზე დაყრდნობილმა ჰეროდე დიდმა, უდანაშაულო ყრმათა ამოჟლეტის ბრძანება გასცა. შემდეგ განგებით ის რომაელი ცენტურიონის გაიუს კასიუსის ხელში გადაიყვანა და მისით მოკლულმა ქრისტემ სამარადისო ცხოვრება მოიპოვა".

შემდეგ, ლეგენდის მიხედვით, ძლევამოსილი შუბის მფლობელები იყვნენ: რომის კეისარი დიოკლეტიანე და კონსტანტინე (III-IVსს); ვესტჰუთების ენერგიული მეფეები, რომის იმპერიის დამანგრეველები, ისეთები, როგორებიც იყვნენ ოდოაკრი (V ს.); იდუმალი, ზარმაცი და გრძელთმება მეროვინგები (სრულიად სერიოზულად ამტკიცებდნენ, რომ მეროვინგთა დინასტიის დამფუძნებელი მეროვეუსი დაიბადაო ქალისა და ზღვის ურჩხულის სქესობრივი კონტაქტისგან), რომელთა შორის განსაკუთრებულად გამოირჩევა საფრანგეთის განმანათლებელი (496 წ.), სასტიკი და საშუალებებში განურჩეველი ჰლოდვიგი, იმავე მეროვეუსის შვილიშვილი; ასევე უკანასკნელი ნაყოფიერი ლიდერი ამ დინასტიისა, რომელსაც გამჭრიახობისა და წინდახედულობის გამო სოლომონი შეარქვეს, - დაგობერგ I (629-639) იყო; პიპინ ჰერისტალელი (VII ს. მეორე ნახევარი) ზედმეტსახელად "მეომარი ურო", კარლოს დიდის პაპა, რომელიც ლომბარდთა (774 წლიდან) და დასავლეთის იმპერიის განმაახლებელი იყო. მისი ორმაგი როლი, როგორც იმპერატორისა და ფრანკთა მეფისა ისტორიულად აკავშირებს რომის იმპერიულ კლანს, ფრანკთა სამეფოებსა და გვიანდელ გერმანიას. ამჟამად ფრანგებიც და გერმანელებიც კარლოს დიდს მათი ქვეყნების დამფუძნებელ ფიგურად მიიჩნევენ.

მაგრამ აქ რაღაც მაინც ბუნდოვანია. სავარაუდოდ მითი შუბის შესახებ იმდენად მყარი იყო, რომ არსებობდა სხვა შუბებიც, რომლებსაც მხოლოდ საერთო იდეა აერთიანებდა. თუმცა, რაც შეეხება კარლოს დიდს, ბევრი რამ მეტყველებს იმის შესახებ, რომ სწორედ მას შეეძლო ენახა და ხელში სჭეროდა ნამდვილი შუბი.

799-800 წლებში იერუსალემის პატრიარქი, რომელსაც, როგორც ჩანს, სურდა იმ საქმის წამოწყება ორასი წლის შემდეგ ჯვაროსნულ ომებს რომ უწოდებენ, აგზავნიდა მასთან თავის მალემსრბოლებს კურთხევით და წმიდა რელიქვიებით, რომელთა შორის იყო უფლის საფლავის გასაღები და გასაღები თვით იერუსალემისა. კარლოსი მოქრთამვაზე არ წავიდა, არ წამოეგო ავანტიურს და მხოლოდ ძვირფასი საჩუქრებით შემოიფარგლა, ასევე დიდი ფინანსური შემოწირულობებითაც.

უკანასკნელ მცდელობას სიონის მთის ბერებმა მიმართეს 803 წელს. შარლემანთან საიდუმლო მისიით ზალცბურგში ჩამოვიდა ორი ბერი. არსებობს ვერსია, რომ დაყოლიების დროს უკანასკნელ არგუმენტად ბერებმა შარლემანს აჩვენეს წმიდა შუბის ძლიერება. მაგრამ ეს ლეგენდის გაგრძელებაა.

ჩვენთვის, შუბის რეალური ისტორია 1098 წლის 14 ივნისიდან, ანტიოქიიდან იწყება. ცნობებმა ჩვენამდე მოაღწია იმ მოვლენათა უშუალო თვითმხილველის, მემატიანისა და კანონისტის რაიმონდ აგილიელის წყალობით. კერძოდ, ჯვაროსნული ლაშრობის მონაწილეს, პროვანსალელ გლეხს პეტრე ბართლომეოსს რამოდენიმეჯერ გამოეცხადა წმ. ანდრია და მიუთითა ადგილი, სადაც დაფლული იყო შუბი ბედისწერისა.

ის ასევე ითხოვდა ამის შესახებ დაუყოვნებლივ მამაცი რაინდისა და ტულუზის გრაფ რაიმონდისადმი ეუწყებინათ. მაგრამ გრაფამდე მისვლა დიდი ხანი ვერ ხერხდებოდა, რამეთუ დისტანცია საზოგადოების ფენებს შორის იმ დროს კატასტროფულად დიდი და გადაულახავი გახლდათ.

ბოლოს და ბოლოს, დასძლია რა ყველა არსებული წინაღობა და შეასრულა მრავალრიცხოვანი, მაგრამ აუცილებელი პირობები, დაინტერესებულ პირთა ჯგუფი, ლოცვით მიეახლა წმიდა პეტრეს ტაძრის გათხრებს. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ნაწინასწარმეტყველევი იყო. ყველაფერი უფლის სადიდებლად მოხდა - ნაპოვნმა შუბმა დაუყოვნებლივ აჩვენა თავისი სასწაულთმოქმედი ძალა: მტრის ციხე-სიმაგრეები ერთი-მეორის მიყოლებით ეცემოდა. ღმრთის შეწევნით მალე თვით იერუსალემიც დაეცა.

მაგრამ იმავე დროს ფართოვდებოდა შურით აღვსილთა და სკეპტიკოსთა რაოდენობაც. მთავარი მათ შორის იყო არნულფი, ნორმანდიის საგრაფოს კაპელანი. ჯარისკაცთა შორის ხმა დაირხა, რომ შუბს არავითარი სასწაულთმოქმედი ძალა არ გააჩნია და ესოდენ მრავალრიცხოვანი გამოცხადებები, რომელიც გაუთლელ ქრისტეან გლეხს ჰქონდა, უბრალო გამონაგონია. აქ დაღონებულ ბართლომეოსს ისევ წმიდა ანდრია ევლინება და სთავაზობს ყველა ურწმუნოს შერცხვენას, თანაც სრულიად განსაზღვრული სახით.

მემატიანე ამის შესახებ წერს: " პეტრე ბართლომეოსმა, გულისწყრომით აღსავსემ, როგორც უბრალომ და ჭეშმარიტების კარგად მცოდნემ, თქვა: "მე მინდა და გთხოვთ, რათა დაანთოთ დიდი კოცონი, რათა გავიარო მასში უფლის შუბთან ერთად. თუ ეს უფლის შუბია, მე ცოცხალი და საღ-სალამათი გამოვალ; ხოლო თუ ტყუილია დავიწვები..." ეს ხდებოდა დიდ პარასკევამდე (ანუ 1099 წლის აპრილს, არკის ალყისას)... ამ განცხადებამ მრავალი ხალხი მიიზიდა. დაახლოებით 40 ათასამდე უბრალო ადამიანი და ასევე თავადები შეიკრიბნენ, რათა სასწაული ენახათ... გამხმარი ზეთისხილისგან ცეცხლი ააგიზგიზეს, რომელიც სიგრძეში 14 ფუტს აღწევდა... თვით ტოტების გროვა კი 4 ფუტამდე იყო... ყოველგვარი შიშის გარეშე, მტკიცედ შეაბიჯა ცეცხლში პეტრე ბართლომეოსმა, რომელსაც ხელში ლონგინოზის შუბი ეჭირა; გარკვეულ ადგილას, ცეცხლის შუაგულში ის შეჩერდა და ამის შემდეგ, ღმრთის წყალობით ბოლოში გავიდა... მისი ტანისამოსი არც კი შეიტრუსა და იოტისოდენა ნაკვალევიც კი არ დარჩა ცეცხლისგან უფაქიზეს მატერიაზე, რომელშიც გახვეული იყო შუბი უფლისა... ერი ბართლომეოსს მიაწყდა...

გადარეულმა ბრბომ ბართლომეოსს სამ თუ ოთხ ადგილას ფეხი გადაუტეხა, ამოაგლიჯეს ხორცის ნაჭერი, გადაუმტვრიეს ხერხემალი და დაბრიცეს..." პეტრეს ადგილზე მოკლავდნენ, რადგან ახლა ღმრთის მადლი მასზეც ვრცელდებოდა, ის თვითონ იყო დიდი ტანის წმიდა რელიქვია. მის წმიდა ნაწილებს შეეძლებოდა განკურნება, მოწყვეტილ ხელებსა და ფეხებს შეეძლოთ სასწაულთა აღსრულება. მაგრამ, რამოდენიმე კეთილშობილმა რაინდმა, რისკის ფასად, ბართლომეოსის დახმარება გადაწყვიტა. მათ შესძლეს ბრბოსთვის გამოეტაცნათ ადამიანის დასახიჩრებული სხეული, თუმცა პროვანსალელი გლეხი მიღებული ჭრილობებისგან მესამე დღეს გარდაიცვალა.

ევროპაში, უფრო ზუსტად პარიზში, ლონგინოზის შუბი წმიდა მიწინდა ლუდოვიკ წმინდამ (1214-1270) ჩამოიტანა. ამ მომენტიდან ამ შუბს თითქმის ყველა ცნობილი იმპერატორი ფლობდა. ნაპოლეონმა, რომელმაც აუსტერლიცში გამარჯვება მოიპოვა, იქვე მოითხოვა, რათა მოეტანათ მისთვის სახელგანთქმული თილისმა. ის ამ შუბს არ შორდებოდა, სანამ რუსეთზე არ გაილაშქრა. ამ დროს შუბი უცნაურად დაიკარგა. შედეგი კი ყველასთვის ცნობილია. თუმცა, ამ მრისხანე იარაღის მთავარი ჟამი სწორედ XX საუკუნეში დადგა.

1808-1909 წლებში თითქმის ერთდროულად, ყველასთვის უცნობ და წარუმატებელ მხატვარმა ადოლფ ჰიტლერთან ერთად ძალაუფლების შუბის მოპოვება გერმანიის კაიზერმა ვილჰელმმაც განიზრახა. სანამ მომავალი ფიურერი, რომელიც თითქმის ყოველდღე დადიოდა ვენის სამეფო მუზეუმში, და შიმშილის ზღვარზე მყოფი, მაგრამ მისტიკურად გაბრწყინვებული, საკრალურ ძალასთან სიახლოვით დამტკბარიყო, კულისებსმიღმა პოლიტიკაში გამოცდილი მონარქი თავისი გენშტაბის წიაღში მსოფლიოს დაპყრობას გეგმავდა და ამავდროულად შუბის მოპარვის ბანალურ გეგმასაც ადგენდა.

მას რომ ეს შესძლებოდა, პირველი მსოფლიო ომი შესაძლოა უფრო ადრე დაწყებულიყო.

ჰიტლერს სიკვდილამდე ვერ მოსცილდა ის ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რაც მას ლონგინოზის შუბთან აკავშირებდა.

პირველი მსოფლიო ომის შემაძრწუნებელ ხოცვა-ჟლეტაში მას თითქმის მუდმივად ჰქონდა ხილვები. მან ამის შესახებ ლექსიც კი დაწერა, სადაც არის ასეთი სიტყვები:

"უეცრად, მწარე ღამით, ვხედავ ვოტანის ნიშანს, მუნჯი ნათებით გარშემორტყმულს. ტვიფრავს რა კავშირს იდუმალ ძალებთან, მთვარე მაგიურ რუნებს ხატავს. ყოველივე, რაც დღის განმავლობაში ივსება სიბინძურით, მაგიურ ფორმულასთან უფერულდება. ასე გამოეყო ნაყალბევი სინამდვილეს, მე კი მახვილთა კონის წინაშე ვდგავარ".

როდესაც გერმანიაში ლეგიტიმურ ხელისუფლებაში მოვიდა, ფიურერმა ავსტრიის ანშლუსი ჩაიფიქრა, უპირველეს ყოვლისა შუბის დაპყრობის მიზნით. არ ჩამორჩებოდა მას არც ჰენრიხ ჰიმლერი. პადენბორნში, ქალაქში, სადაც თავის დროზე ერთ ერთი რეზიდენცია ჰქონდა კარლოს დიდს, 1935 წელს მან აღადგინა ვეველსბურგის ძველი ციხე-სიმაგრე, რომელიც შემდეგ "ნაცისტური რელიგიის" ცენტრად გადააქცია. ის იმედოვნებდა, რომ მომავალში მას თავისებურ "SS-ის ვატიკანად" გადააქცევდა.

ციხე-სიმაგრის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაგებობას შუბის ოთახი ერქვა, და იქ ყველაზე თვალსაჩინო ადგილას გამოტანილი იყო მისი უზადო ასლი. დაეუფლნენ რა წმიდა შუბს, ნაცისტები გულმოდგინედ იცავდნენ მას ნიურნბერგში სხვა საგანძურთან ერთად, და ამისთვის სპეციალური ნაგებობაც კი ააშენეს დამცავი სიგნალიზაციის რთული სისტემით. არსებობს ვერსია, რომლის თანახმადაც დამარცხების შემდეგ გერმანელი ერის ნაღები თავისი წმიდა რელიკვიებით (მათ შორის ძალაუფლების შუბითურთ) რამოდენიმე წყალქვეშა ნავით ანტარქტიდაში გაუჩინარდნენ, სადაც დედოფალ მოდის მიწაზე წინასწარ გამზადებული ჰქონდათ მიწისქვეშა ქალაქი. და ყველა მფრინავი თეფში, რომელთაც 1947 წლის შემდეგ იწყეს გამოჩენა, სხვა არაფერია, თუ არა იქ მცხოვრებ ადამიანთა ტექნიკა, რომლებიც ჩვენთვის მიუწვდომელ და უცნობ ტექნოლოგიებს ფლობენ.

რეალურად კი ოსტატურად ჩატარებული ოპერაციის შედეგად (გერმანელები შეეცადნენ შუბი და კიდევ ორი წმიდა საგანი გაეტანათ სწორედ ნიურნბერგის დაცემამდე, მაგრამ უცნაური გარემოებების გამო სწორედ "წმ. მავრიკიუსის შუბი", თავიანთი პედანტურობის გამო, "წმ. მავრიკიუსის ხმალში" აერიათ) გენერალ პეტჩიზის არმიამ ქალაქიც აიღო და საგანძურსაც დაეუფლა.

როდესაც ლონგინოზის შუბის შესახებ შეიტყვეს, აქ დაუყოვნებლივ ჩამოვიდა აშშ-ს ლეგენდარული და ყველაზე უცნაური გენერალი - პატონი. მას სწამდა რეინკარნაციისა და მაგიისა და რამოდენიმე წელიწადი წმიდა გრაალსაც კი ეძებდა, თუმცა კარგად ესმოდა, რა ეპყრა ხელთ, რამეთუ მის თანმხლებ ოფიცრებს კაცობრიობისთვის მძიმე პერიოდის დადგომა აუწყა. იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომ აშშ-მ ზუსტად დააფიქსირა დრო, როდესაც მათ ხელში ჩაიგდეს ძალაუფლების შუბი - 1945 წლის 30 აპრილი, 14 საათი და 10 წუთი, - და იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორ მიმდინარეობს დღეს მსოფლიო მოვლენები, არსებობს ვარაუდი, რომლის მიხედვითაც ნამდვილი რელიქვია დღესაც მათ ხელშია... "

თუმცა, სომხეთის ეკლესიას ბედის საკუთარი შუბი გააჩნია და ადოლფ ჰიტლერი სხვა რომელიმე შუბს ხომ არ ფლობდა?

მაგრამ, მოდი, ისევ ვეველსბურგის ციხე-სიმაგრეს დავუბრუნდეთ.

კაბინეტში, რომლის სიგრძე 50 მეტრზე ოდნავ ნაკლებია, იდგა ჰენრიხ I-ის უზარმაზარი ტახტი, რომელშიც SS-ის ფიქრებს მიცემული რეიხსფიურერი ისვენებდა ხოლმე.

ამბობენ, რომ ჰიმლერთან დაახლოებული პირებს, რომლებმაც გაბედეს და მის კაბინეტში შეიხედეს, უნახავთ, როგორ გარდაისახებოდა უცებ ჰიმლერი. ის სიმაღლეში და სიგანეში მატულობდა, თითქოსდა მეფედ გარდაისახებოდა!

ციხე-სიმაგრის ყოველ ოთახს თავისი გაფორმება ჰქონდა და ამშვებენდა სხვადასხვა ეპოქების ნამდვილი ნივთები: სურათბი, ქანდაკებები, მახვილები, ფარები, აბჯარი, ძვირფასი ქვები და ტანისამოსი, რომელიც ცნობილ ისტორიულ პირებს ეკუთვნოდა.

ოთახები წარმოადგენდნენ არიელთა ტრადიციების, ცხოვრების წესისა და რწმენის გამოხატულებას.

მაგრამ, ვეველსბურგის ციხე-სიმაგრე, ერთადერთი როდი იყო, სადაც განთავსდა SS-ის ცენტრები. ნაცისტებმა ააშენეს ამგვარი ციხე-სიმაგრეების მთელი ქსელი, რომელთა საერთო სახელწოდება იყო "ორდენსბურგენი".

ორდენსბურგენი (Ordensburgen – "რაინდთა ციხე-სიმაგრენი), დახურული ტიპის ნახევრად გასამხედროებული სასწავლო დაწესებულებები იყო, რომელთა მიზანი ნაცისტური ელიტის მომზადება შეადგენდა.

ნაცისტურ რეფორმის დროს, ჰიტლერის ინიციატივით, გერმანიის საგანმანათლებლო სისტემამ დააფუძნა სამი კატეგორიის სკოლა, რომლებიც განიხილებოდა როგორც ნაცისტური პარტიის საკადრო რეზერვი: ადოლფ ჰიტლერის სკოლები, ნაპოლასი (ნაციონალურ-სოციალისტური აღმზრდელობითი დაწესებულება) და ორდენსბურგენი. სკოლების უკანასკნელ ორ ტიპს მკაცრად აკონტროლებდა თვით ნაცისტური პარტია.

მრავალი ახალგაზრდის სანუკვარი ოცნება იყო "რაინდთა ციხე-სიმაგრენი", რომლებშიც სასწავლო პროცესი შუა საუკუნეების ძმობის მისტიკური პრინციპებით იყო შეფერადებული. შერჩეული კანდიდატები ერთდროულად ხვდებოდნენ ნაცისტური პარტიული უნივერსიტეტისა და რაინდთა ორდენის განსაკუთრებულ ატმოსფეროში.

თავისი სახელწოდება ამ სასწავლო დაწესებულებებმა მიიღეს შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ ტევტონელი რაინდების მიერ იყო აგებული. დაწესდა სულ "რაინდთა 4 ციხე-სიმაგრე": გროსინზეეში, ზონტხოფენში, ფოგელზანგესა და მარიენბურგში.

ყოველ მათგანში 1000-მდე მოსწავლე სწავლობდა, რომლებიც იუნკერებად იწოდებოდნენ. ზედამხედველობა და სწავლება ხორციელდებოდა 500 ინსტრუქტორის, მასწავლებლის, ადმინისტრაციისა და მეჯინიბის მეთვალყურეობით.

ეს სტანდარტები შეიმუშავა და დაამკვიდრა რობერტ ლეიმ, რომელიც ამბობდა: "აუცილებელია დიდი ყურადღება დავუთმოთ ცხენოსნობას, რადგან ეს იუნკერებს ცოცხალ არსებაზე სრული ბატონობის შეგრძნებას აძლევს".

ამ სასწავლო დაწესებულებებში მოხვედრა შეეძლოთ მხოლოდ იმათ, ვინც "ადოლფ ჰიტლერის სკოლების" ექვსწლიანი კურსი გაიარა (ესენი იყვნენ დაახლოებით 12-დან 18 წლის ასაკამდე მოზარდები) და ორი წელი იმუშვეს "რეიხის შრომის სამსახურში", ან კიდევ ოთხი წელი ეწეოდნენ პარტიულ სამუშაოს. ამგვარად, აბიტურიენტთა ასაკი აღწევდა 21-23 წელს.

რაინდთა ყოველ ციხე-სიმაგრეში მოსწავლეები ატარებდნენ ერთ წელიწადს. გროსინზეეში ისინი კრივს, ცხენოსნობას და პლანერიზმს ეუფლებოდნენ. ზონტჰოფენში ძირითადი საგანები იყო კლდეზე ცოცვა და თხილამურები. ფოგელზანგეში - საერთო ფიზიკური მომზადება, ხოლო მარიენბურგში - საბოლოო იდეოლოგიური დამუშვება ნაციონალ-სოციალიზმის სულისკვეთებით. იუნკერებისთვის აუცილებელი იყო მკაცრი დისციპლინა, მორჩილება და თავაზიანობა.

უმცირესი დარღვევისთვის უმკაცრესი სასჯელები იყო დაწესებული. სამხედრო გაკვეთილებზე გამოიყენებოდა საბრძოლო იარაღი. პარტიული ჩინოვნიკების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ "რაინდთა ციხე-სიმაგრეებში" არჩეული კანდიდატები უმაღლესი პატივის ღირსად მიიჩნეოდნენ.

მაგრამ იუნკერთა ინტელექტუალური დონე დაბალი იყო: მხოლოდ ათიდან ერთს თუ შეეძლო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება და ისიც, ასიდან ერთი თუ დაამთავრებდა მას. სოლიდური დაფინანსებისდა მიუხედავად, ზოჯგერ აბიტურიენტთა უკმარობაც იგრძნობოდა. "რაინდთა ციხე-სიმაგრეების" კურსდამთავრებულები უმაღლეს პარტიულ თანამდებობებზე იგზავნებოდნენ, მრავალი მათგანი მიდიოდა არმიაში, ლუფტვაფეში, ან კიდევ სამხედრო-საზღვაო ფლოტში.

ამ სასწავლო დაწესებულებებზე ბევრი რამის თქმა შეგვეძლო, მაგრამ ეს ამ ნაშრომის ფორმატს აღემატება და ამიტომაც აქ შევჩერდებით.
ანენერბეს ყველა ნაწილი.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню