ისტორია - მართლმადიდებლურ ეკლესიაში მწვალებელთა მიღების წესები 1 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

მართლმადიდებლურ ეკლესიაში არამართლმადიდებელ ქრისტიანთა მიღების წეს-განგებანი

yrmata daxocva herodes brdzanebit

საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციისგან


მართლმადიდებლურ ეკლესიაში სხვადასხვა ტიპის მწვალებელთა მიღების თემა დღემდე აქტუალურია და ალბათ, სამყაროს აღსასრულამდე აქტუალური იქნება. სამწუხაროდ, ამ საგანზე საქართველოში მრავალ არათუ ერისკაცს, არამედ სასულიერო პირსაც კი ჯეროვანი წარმოდგენა არ გააჩნია. არ არსებობს ერთიანი პრაქტიკა ერთი და იგივე მწვალებლობიდან თუ სქიზმიდან მოქცეულთა მიღების საკითხში და ხშირად მათ სხვადასხვაგვარად, ურთიერთგამომრიცხავი წესებით იღებენ. მსგავსი მდგომარეობა შეიძლება ვნახოთ სხვა მართლმადიდებლურ კონფესიებშიც. ანუ, როგორც ოფიციალურ, ასევე არაოფიციალურ ეკლესიურ თემებში არ არსებობს ერთიანი და სწორი წარმოდგენა ამ საგანზე. არადა ის დიდი ხანია, რაც გარკვეულია და ჩამოყალიბებულია, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიისგან მოქცეულ მწვალებელთა მიღების საფუძველი. სწორედ მასზე დაყრდნობით იღებს ეკლესია მწვალებლებსა და სქიზმატიკოსებს საკუთარ წიაღში.

მოცემულ საგანზე მრავალი საინტერესო ნაშრომი არსებობს და ჩვენ მათ მომავალში აუცილებლად შევეხებით. ხსენებულ თემას კი დავიწყებთ გასული საუკუნის დასაწყისში, რუსეთის ოფიციალური ეკლესიის ეპისკოპოსის, სერგი სერაფიმოვის წიგნის (О правилах и чинопоследованиях принятия неправославных христиан в Православную Церковь - 1904) ნაწილობრივი გამოქვეყნებით. ნაწილობრივით იმიტომ, რომ ხშირად მწვალებელთა მიღების თემას რეფორმატორული და მოდერნისტული ეკლესიები უდგებიან მათთვის ხელსაყრელი პირობებიდან და ვითარებებიდან გამომდინარე. ამიტომაც, მათში ზოგიერთი ფაქტი ან მიჩქმალულია ან საერთოდ გამოტოვებულია. ჩვენ მიზნად არ დაგვისახავს წინამდებარე ნაშრომის მეცნიერული კრიტიკა. მოდი, ეს სხვებმა გააკეთონ. ჩვენ ამ წიგნიდან ავიღეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად სასარგებლოდ ჩავთვალეთ. ეს არის ძველი, მსოფლიო კრებათა ეპოქის ეკლესიის მიერ პირველი საუკუნიდან ვიდრე მერვე საუკუნემდე პერიოდში ჩატარებული უდიდესი სამუშაო, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მწვალებლობათა კატეგორიები და ისიც, თუ ამა თუ იმ კატეგორიიდან გადმოსული მწვალებელი როგორ უნდა შეეწყნარებინათ ეკლესიაში. ამიტომაც, ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა სწორედ ძველი ეკლესიის ეპოქა. ამონაწერებიც სწორედ ამ ეპოქას ეხება, სადაც კარგად არის ნაჩვენები ეკლესიაში მწვალებელთა მიღების წეს-განგებების ჩამოყალიბების პრინციპები.


2018 წ. 23 ოქტომბერი.

ავტორი: ეპისკოპოსი სერგი სერაფიმოვი. О правилах и чинопоследованиях принятия неправославных христиан в Православную Церковь. 1904.

შინაარსი:

ნაწილი I

წინათქმა

(უმნიშვნელო შემოკლებით)

ქრისტეს ეკლესიაში ოდითგანვე გაჩნდნენ ცრუწინასწარმეტყველები და მაცთურები, რომელთა შესახებაც უფალი მაცხოვარი ეუბნებოდა თავის მოწაფეებს და, რომელთა საცთურთაგან ამცნებდა მათ თავის დაცვას (მათე 24:4, 5, 11). ესენი იყვნენ ყალბი ძმები, რომლებმიც განიდრიკნენ ერთი სარწმუნოებისგან და სულიწმიდისგან; ესენი იყვნენ ღმრთის ეპისკოპოსთა და მღვდელთა მოძულენი, რომლებმაც გაბედეს სხვა საკურთხევლის აღმართვა და სხვა ლოცვების აღვლენა, - რომელთაგანაც თავიანთ მოწაფეებს უკვე წმიდა მოციქულებიც აფრთხილებდნენ (გალატ. 2:4; 1 კორ. 3; იუდა 19 და სხვა). მაგრამ, ამავდროულად, ამ მწვალებელთა გაჩენისთანავე აღმოცენდა აკლესიაში საკითხი თუ როგორ მიეღოთ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ის არამართლმადიდებელნი, რომლებიც გულწრფელი სინანულით ეძიებდნენ დაბრუნებას დედა-ეკლესიასთან.

სხვადასხვა ჯურის არამართლმადიდებელთა გამოჩენა მოციქულთა დროებამდე მიდის, და მართლმადიდებლურ ეკლესიაში მათი მიღების პირველი კანონები სწორედ მოციქულებს ეკუთვნით. მაგრამ, რადგან მოციქულთა კანონები არ მოიცავდნენ ყველა სახეობის არამართლმადიდებელთ, ხოლო, რადგან, დროთა განმავლობაში არამართლმადიდებელნი სულ უფრო და უფრო მრავლდებოდნენ და პარალელურად სხვადასხვა მრავალგვარ მწვალებლობებსაც ავრცელებდნენ, აუცილებელი გახდა ახალი კანონები, რომლებიც უფრო მეტი სიზუსტით და სიმკვეთრით განსაზღვრავდა ეკლესიაში სხვადასხვა სახეობის არამართლმადიდებელთა მიღებას.

ამგვარი განმსაზღვრელი კანონები გახდა IV ს-იდან, რომლებიც მიიღეს მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე, ასევე მოცემულია წმიდა მამათა თხზულებებში და, რომლებიც ყალიბდებოდა ოთხი შემდგომი საუკუნის განმავლობაში; ასე, რომ VII მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, როდესაც მსჯელობდნენ თუ როგორ უნდა მიეღოთ ხატმებრძოლი კლერიკოსები, ეკლესიის მამები უკვე მზა კანონებითა და ეკლესიის მზა მაგალითებით აპელირებდნენ.

ამ კანონებში მწვალებელთა ერთი სახეობა გარკვეულად არის განცალკევებული სხვა სახეობებისგან, და ამა თუ იმ არამართლმადიდებლურ სწავლებათა არსისა და ხასიათის მიხედვით განისაზღვრება მართლმადიდებლურ ეკლესიაში მათი მიღების მეთოდებიც; კერძოდ, ზოგს ეკლესია იღებდა სრული ნათლისღებით; სხვებს - მირონცხებით; დანარჩენებს კი - მხოლოდ თავზე ხელის დადებით, ნიშნად იმისა, რომ ეკლესიისკენ მოქცეული მწვალებელი ინანიებდა თავის ცოდვას და საჯაროდ უარყოფდა, როგორც საკუთარ, ასევე სხვა მწვალებლობებსაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესია, მისკენ მოქცეულ ამ სხვადასხვა კატეგორიის მწვალებელთაგან, ვისაც გააჩნდა საეკლესიო მსახურების ხარისხი, რომელიც მართლმადიდებლობისკენ მოქცევამდე მიეღოთ, ზოგს თავისსავე ხარისხში იღებდა, ხოლო ზოგს კი - უბრალოდ ერისკაცად შეიწყნარებდა.

ასე რომ, მართლმადიდებლურ ეკლესიაში არამართლმადიდებელ კლერიკოსთა და ერისკაცთა მიღების საკითხი VIII ს-ის მიწურულისთვის უკვე სრულიად გადაწყვეტილი იყო. მაგრამ აღმოსავლეთის ეკლესიისგან დასავლეთის ეკლესიის გამოყოფის დროიდან (XI ს.) ჩნდება არამართლმადიდებელთა ახალი სახეობა - რომაელი კათოლიკეები და მათგან გამოყოფილი მრავალი სახეობის პროტესტანტი. საკითხი, თუ როგორ უნდა მიეღოთ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მათგან მოქცეული მწვალებელი ასევე ითხოვდა გადაწყვეტას და, მართლაც, როგორც ბერძნულ, ასევე რუსულ ეკლესიაში, როგორც ერთი (კათოლიკეები), ასევე მეორენი (პროტესტანტები) მიზეზნი გახდნენ იმისა, რომ ეკლესიას მათთან დაკავშირებითაც დასჭირდა განსაკუთრებული განწესებების მიღება, რათა გარკვეული ყოფილიყო, თუ როგორ უნდა მიეღოთ მათგან მოქცეული მწვალებლები.

უნდა აღინიშნოს, რომ 18-ე საუკუნის მეორე ნახევრამდე დასავლელ ქრისტიანთა მიღების პრაქტიკა ძირითადად ერთნაირი იყო, ზოგიერთი შემთხვევის გამოკლებით.

18-ე საუკუნის მეორე ნახევრიდან კი ეს თანხმიერება დაირღვა და დღემდე ამგვარ მდგომარეობაშია. რუსეთში, ძველ კანონებსა და მსოფლიო ეკლესიის საუკუნეობრივი პრაქტიკიდან გამომდინარე, ასევე დასავლელ ქრისტიანთა ცთომილების ხასიათის შესაბამისად, მათ იღებდნენ ნათლისღების გარეშე, მაგრამ ან მირონცხებით, ან მხოლოდ სინანულით, ხოლო რომაულ-კათოლიკური ეკლესიის კლერიკოსებს უნარჩუნდებოდათ თავიანთი ხარისხები (*)
.

_______________

*
ავტორის მიერ აღწერილი ვითარება, რომელიც ეხება დასავლელ ქრისტიანთა მართლმადიდებლობაში მიღების საკითხს, არაზუსტად არის გადმოცემული. თუ ადრე მართლმადიდებლობისკენ გადმოსულ ლათინებს იღებდნენ მირონცხებით, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ისინი მაშინ ჯერაც არ არღვევდნენ ნათლისღების საიდუმლოს და ნათლავდნენ წყალში სრული სამგზისი შთაფლვით. მაგრამ, 17-18 საუკუნეებში ლათინებმა თავიანთ წიაღში წყალპკურებითი ნათლობა საყოველთაოდ დაამკვიდრეს, რამაც მართლმადიდებლობაში მათი მიღების პრაქტიკა შეცვალა. ამ პერიოდიდან მათ უკვე იღებდნენ ნათლისღებით და არა მირონცხებით. ეს კარგად არის ასახული ამ პერიოდის რუსულ და ბერძნულ, ასევე ქართულ საეკლესიო დადგენილებებსა და ცალკეულ სასულიერო პირთა თხზულებებში. "აპოკ." რედ.).

_______________

ბერძნულ ეკლესიაში, კონსტანტინოპოლის 1756 წლის კრებიდან მოყოლებული, ძალაში რჩება წესი - რომაელი კათოლიკეები და პროტესტანტები მართლმადიდებლობისკენ მოქცევის შემთხვევაში მიიღონ სრული ნათლისღებით, ხოლო კლერიკოსები თავიანთი ხარისხების გარეშე, როგორც ერისკაცნი.

ეს და სხვა ვითრებები უთითებს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საეკლესიო კანონთა გამოკვლევა და მართლმადიდებლობისკენ მოქცეულ არამართლმადიდებელთა მიღების საკითხში ეკლესიის პრაქტიკის ცოდნა, რათა ეკლესიის სჯულიერება და პრაქტიკის კანონიერება შეუსაბამო არ აღმოჩნდეს დიდ სჯულისკანონთან და საყოველთაო ეკლესიის პრინციპებთან.

წინამდებარე ნაშრომში შევეცადეთ, შეძლებისდაგვარად, საეკლესიო კანონთა და დადგენილებათა არსის განმარტებასთნ ერთად, რომლებიც განსაზღვრავენ არამართლმადიდებელ ქრისტიანთა განსხვავებული მეთოდებით მიღების მეთოდებს, გვეჩვენებინა ის საძირკვლებიც, რომლებსაც დროთა განმავლობაში ეფუძნებოდა ეს დადგენილებები; ასევე გვეჩვენებინა ის მიზეზები, რომელთა გამოც ზოგიერთ ადგილობრივ ეკლესიაში არსებობდა გადახრა საზოგადოდ მიღებული წესისგან.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню