იდუმალი სამყარო - სიზმრების შესახებ 1 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > იდუმალი სამყარო

სიზმრების შესახებ

ანუ

როგორი დამოუკიდებულება უნდა ჰქონდეს სიზმრებთან მართლმადიდებელ ქრისტიანს

სიზმრების ახსნა

„აპოკალიფსისის“ რედაქციისგან: ძნელია დღეს იპოვო ადამიანი, რომელიც სიზმრებით არ იყოს დაინტერესებული ან იოტისოდენა გავლენას მაინც არ ახდენდეს მასზე ძილში დასიზმრებული მოვლენები და სიმბოლოები. რა არის სიზმარი, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მასთან მართლმადიდებელ ქრისტიანს? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად გადავწყვიტეთ გვეთარგმნა და გამოგვექვეყნებინა პუბლიკაციების სერია, რომლებიც ამომწურავ პასუხს გასცემ ქრისტიანებს მათთვის საინტერესო ამ მოვლენასთან დაკავშირებით.

წერილი პირველი

სიზმართა ხასიათის შესახებ

ავტორი: ნ. ე. პესტოვი.

ადამიანის სულიერი ცხოვრება ძილშიც არ წყდება. დიახ ის შეუძლებელია შეწყდეს, რადგან სული უკვდავია
, ოღონდ ძილში ადამიანს სხეულთან მიმართებაში ერთმევა ნება და ჩვეულებრივი ცნობიერების ნაცვლად გონების სიღრმეებიდან ამოტივტივდება ე. წ. ქვეცნობიერი.

სულის ცხოვრება რომ არასოდეს წყდება დასტურდება სიზმრებით. უნდა აღვნიშნოთ, რომ ძილის დროს არ არსებობს მომენტი, როდესაც ადამიანს თავისი შინაგანი მზერით არ შეუძლია ნახოს რაიმე სახე და არ განიცადოს ესა თუ ის აზრობრივი შეგრძნება.

ვისაც ამისი შემოწმება სურს, მან
სცადოს ძილის შეწყვეტისას გონებით დაიჭიროს ძილის ბოლო მომენტი. მხოლოდ ნების განსაკუთრებული დაძაბვისას თუ ხერხდება ამგვარი რამ.

ამრიგად, სულის ცხოვრება ძილშიც არ წყდება, ის მხოლოდ სხვა ფორმებს ღებულობს.

სულის ცხოვრება ძილში თავისებურია: ასე მაგალითად, ძილში აღქმული სიტყვები - ეს სიტყვები კი არა აზრებია, რომლებიც საიდანღაც მოდიან.

რითი შეიძლება აიხსნას სიზმრების უაზრობა და საჭიროა თუ არა სიზმრებისადმი რაიმე მნიშვნელობის მინიჭება?

წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი წერს: „რითიც არის დაკავებული სული და რაზეც მსჯელობს სიფხიზლეში, იმაზე ოცნებობს ან ფილოსოფოსობს სიზმარში: თუ წუთისოფლის საქმეებზე ზრუნავს, მაშინ სიზმარშიც იმაზევე მშფოთვარებს, ხოლო თუ საღმრთო და ზეციერ საგნებზე ფიქრობს, ძილის დროსაც მათვე დაჰფარფატებს და ხილვები ეჩვენება“.

ალექსანდრე ელჩანინოვი წერდა: „სიზმარში, როდესაც ქრება ჩვენი ნორმალური ცნობიერება, საკუთარ თავზე კონტროლიც ქრება; მაშინ ჩვენ სრულიად გულწრფელნი ვართ და არაფრის გვრცხვენია - მაშინ ამოტივტივდება ქვეცნობიერის სიღრმეებიდან ჩვენი არსების პირველდაწყებითი საფუძვლები, შიშვლდება სულის ყველაზე ღრმა პლასტები, და მაშინ, ჩვენ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, წარმოვადგენთ საკუთარ თავს. ჩვენი სიზმრებისთვის ტიპიური სახეები, ხილვები და სულიერი მდგომარეობა - ჩვენი პიროვნების ყველაზე ნაღდი და სრულიად დაუფარავი გამოვლინებაა.

რა თქმა უნდა, აქ უნდა განვასხვავოთ წმიდად ფსიქოლოგიური ფენომენებიც (როგორიც არის ლოცვა და გალობა ხანგრძლივი საეკლესიო მსახურების შემდეგ), ასევე - უბრალოდ ჩვენი ფიზიოლოგიის გავლენა, რომლისადმი ასე ვართ დაქვემდებარებულნი, მაგალითად, კოშმარული სიზმრები თირკმლების დაავადების დროს. მაგრამ საკმაოდ ობიექტური და სწორი შეფასებით ჩვენი სიზმრების არსი და ხასიათი შეიძლება დაგვეხმაროს საკუთარი თავის შეცნობაში და თვალი გავუსწოროთ ჩვენში არსებულ მრავალ მანკიერებას“.




ამგვარად, სიზმრები გარკვეულწილად წარმოაჩენენ ჩვენი სულის სიწმიდეს.
სრულიად ბუნებრივად, ცხადში შესაძლოა რაიმე სიბინძურე ან ცოდვა გვეზიზღებოდეს. მაგრამ დიდი გაკვირვებით ვამჩნევთ ხოლმე, რომ სიზმრებში შეგვიძლია შევცოდოთ იმავე ცოდვებით, რომლებიც ცხადში გვეზიზღება და მათით არ ვცოდავთ. ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ჩვენი სულის განწმენდა ჯერ კიდევ ზედაპირულია და მის სიღრმეში ჯერ კიდევ ბუდობს ვნება და ცოდვა.

წმიდა მამები ამბობენ, რომ მხოლოდ გულის სრული განწმენდისას გვეძლევა წმიდა და ნათელი სიზმრები.

ამრიგად, სიზმრების ხასიათი ადამიანის მღვიძარებაში არსებულ მდგომარეობას პასუხობს.

ადამიანი თუ ღმერთით არ ცხოვრობს და საკუთარ თავ
ში მის წმიდა სულს არ ამკვიდრებს, ის მღვიძარე ცხოვრებაში ვნებების ტყვეობაში იმყოფება, არის მშფოთვარე და წუთისოფლის ამაოების მოყვარე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის მზაკვარი სულის ტყვეობაშია, რომელიც განუწყვეტლივ თესავს მასში აზრებსა და შეგრძნებებს.

იგივეს აგრძელებს ბოროტი სული ადამიანში ძილის დროსაც. აქ მისთვის კიდევ უფრო ადვილია სულის დაუფლება, რადგან ადამიანის ნება შესუსტებულია. ის თითქოსდა დასცინის უბადრუკ, მისდამი დამონებულ სულს და აიძულებს მას განიცადოს უაზრო, ზოგჯერ ბინძური ცოდვები და მდგომარეობები, იმ ბინძური აზრებისა და გრძნობების შესატყვისად, რომელსაც სული დასაშვებად მიიჩნევდა ცხადში და ფიქრობდა სიფხიზლეში.

აი რატომ კრძალავენ წმიდა მამები სიზმართმორწმუნეობას და ზოგად კანონად გვიწესებენ არავითარი ყურადღება არ მივაქციოთ სიზმრებს და მითუმეტეს არ მოვუყვეთ ის სხვებს, და ჩვენი განცდები, სიზმრებში რომ გველანდებიან
, საიქიო გამოცხადებებად არ ჩავთვალოთ.

მაგრამ სულ სხვა აზრი ექნება სიზმრებს იმ ადამიანებისთვის, ვინც ცოცხალი რწმენით ცხოვრობს და სულის მღვიძარებით ელტვის სულიწმიდის მადლის დაცვას საკუთარ თავში.

როდესაც წმ. მოციქული პეტრე
სულთმოფენობის დროს თავის პირველ საჯარო ქადაგებას წარმოთქვამდა ქრისტეს შესახებ, მან ქრისტეს მორწმუნის სულიერი მდგომარეობა წინასწარმეტყველ იოველის წიგნის სიტყვებით დაახასიათა: „მივაფენ ჩემი სულისაგან ყველა ხორცს, და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი; თქვენი ჭაბუკები იხილავენ ხილვას და თქვენი მხცოვანნი ნახავენ სიზმრებს“ (საქმე 2:17; იოველი 2:28-32).

ამიტომაც სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი სულიერად ამაღლებული ადამიანების სიზმრებს ჭეშმარიტ ხილვას და საღმრთო გამოცხადებებს ადარებს.

წმ. ნიკიტა სტითათი (ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის მოწაფე) სიზმრებს სამ ნაწილად ჰყოფს: 1) უბრალო სიზმრები, 2) „ხილვები“ და 3) „გამოცხადებები“

1. უბრალო სიზმრები ესიზმრებათ ჩვეულებრივ, ვნებებს დაქვემდებარებულ ადამიანებს; როგორც უკვე ზემოთ ითქვა, ამ სიზმრებში ბევრია უწმინდური და შეცდომაში შემყვანი. ამგვარი სიზმრები უნდა მოვიძაგოთ.

აი რას ამბობენ თანამედროვე ღვთისმეტყველები სულიერად დაცემული „გარეგანი“ ადამიანის სიზმრებზე: „თავისი სიზმრებით ადამიანი შეიძლება დარწმუნდეს, თუ როგორი სიცარიელე და უაზრობა ცხოვრობს მის სულში. იგივე ამაოება ავსებს ადამიანთა რეალობას... ისინი ვერც კი ეჭვობენ თავიანთი სურვილების, განწყობის, პროექტებისა და აზრობრივი კომბინაციების სრულ უმადლობას“.

2. „ხილვები“ აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც ელტვიან თავიანთი სულიერი თვისებების განწმენდას. ამ ადამიანებს უფალი სიზმრებს უვლენს იმისთვის, რათა სიზმარში დანახულით უკეთ ჩაწვდნენ ღმრთის ნებას და სულიერ აღმავლობას ესწრაფონ.

3. „გამოცხადებები“ კი აქვთ სრულყოფილ, სულიწმიდით აღვსილ მორწმუნეებს, რომლებმაც თავიანთი უკიდურესი თავშეკავებით ღმრთის წინასწარმეტყველთა ხარისხს მიაღწიეს. ამასთან უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი ქრისტიანების სიზმრები უკვე აღარ წააგავს ჩვენს ჩვეულებრივ სიზმრებს. ასე მაგალითად, ღირ. ბარსონუფი დიდი და იოანე წერენ: „ვინც სამწყსოს ინახავს იაკობის მსგავად, ანუ ყურადღებას იჩენს თავისი გრძნობებისა და აზრებისადმი, მას შორდება ძილი“ (დაბ. 31:40 „განყენებულ იყო ძილი თუალთაგან ჩემთა“). ხოლო როდესაც ის მცირედით წაუძინებს, მისი ძილი უფრო მღვიძარებას წააგავს; რადგან გულითადი სიმხურვალე არ აძლევს მას შესაძლებლობას ჩაიძიროს ძილში, და დავითთან ერთად ღმერთს ასე უგალობს: „განანათლენ თუალნი ჩემნი, ნუუკუე დავიძინო მე სიკუდიდ“ (ფსალმ. 12:4). ვინც ასეთ რწმენას აღწევს და მის სიტკბოებას შეიგრძნობს, ადვილად შეიმეცნებს ნათქვამს; ასეთი ადამიანი არ თვრება გრძნობითი ძილით, არამედ მხოლოდ ბუნებრივით სარგებლობს“.

მაგრამ ჩვენ, რომლებიც ჯერ კიდევ მზაკვარი სულების ზეგავლენის ქვეშ ვიმყოფებით, წმიდა მამათა ზემოთხსენებული კანონით უნდა
ვსარგებლობდეთ და ჩვეულებრივ სიზმრებს მნიშვნელობა არ ვანიჭებდეთ.

თუმცა, რადგან, ღმრთის წყალობით, ხშირად ვხედავთ და ზოგჯერ ცხადადაც ვგრძნობთ ღვთიურ შეგონებებს, ზოგიერთ სიზმარზე დაფიქრება მაინც გვმართებს და უნდა ვცადოთ გავრკვევა: ხომ არ გვამხელს უფალი ამ სიზმრით რაიმე ცოდვაში, მიდრეკილებასა და ნაკლოვანებაში; ხომ არ სურს უფალს რაღაცით მაინც შეგვაგონოს და რაიმე განსაცდელი აგვარიდოს?

რა თქმა უინდა, ყველა ჩვენი სიზმრები საიდუმლოდ უნდა შევინახოთ
. მხოლოდ სულიერ მამას ან გამოცდილ ბერებს თუ შეიძლება ის გავუმხილოთ, თანაც მხოლოდ იმიტომ, რომ მივიღოთ იმ სიზმრების ჭეშმარიტი განმარტება, რომლებშიც განსაკუთრებულ შეგონებას ან გაფრთხილებას ვხედავთ.

სწორედ ასე ითხოვდნენ თავიანთი სიზმრების განმარტებას მართალი იოსებისგან ეგვიპტელი ფარაონი, ხოლო წინასწარმეტყველ დანიელისგან - მეფე ნაბუქოდონოსორი (დაბ. 41, დან. 4).

როგორც სიზმრებზე მსჯელობისას
, - არიან ისინი მადლისმიერნი თუ მზაკვრისეულნი, - ასევე საერთოდ ყველა ზებუნებრივი მოვლენის მიმართ ძველ ათონელ ბერებს ჰქონდათ ასეთი წესი: „არ მიიღო, მაგრამ არც უარყო“.

ეს ბრძნული წესი ადამიანს
დაიცავს სიამაყისა და მედიდურობისგან, თუკი ასეთ მოვლენას ის მიაწერს ღვთის მადლს; ამგვარი მიდგომა ასევე დაიცავს მადლის გმობისგან, თუკი ასეთ შემთხვევაში მართლაც ადგილი ჰქონდა მადლის გამოვლენას.

წყარო: azbyka.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню